ჭორფლი – რას ამბობენ ყავისფერი წერტილები ჩვენი კანის ჯანმრთელობაზე

გააზიარე:

ჭორფლს ზოგი მაკიაჟით მალავს, ზოგი კი განგებ იხატავს სახეზე. ბევრს მიაჩნია, რომ ეს პატარა ყავისფერი წერტილები ონავარ და საყვარელ გამომეტყველებას სძენს სახეს, ბევრი კი მას სინორჩესა და ბუნებრიობასთან აკავშირებს.

რა არის ჭორფლი და საშიშია თუ არა ის? შეგვიძლია თუ არა, თავიდან ავიცილოთ ან, პირიქით, ხელი შევუწყოთ მის გაჩენას?

რა არის

ჭორფლი, მედიცინის ენაზე – ეფელიდები, პატარა პიგმენტური ლაქებია, რომლებიც მელანინის სიჭარბის დროს ჩნდება კანზე. მელანინი ერთგვარი ბუნებრივი საღებავია, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ კანის, არამედ თმისა და თვალების ფერზეც. ის მელანოციტებში – მელანინის წარმომქნელ სპეციალურ უჯრედებში გამომუშავდება და, ჩვეულებრივ, კანზე თანაბრად ნაწილდება. მელანინის გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი სხივები. როცა მზის სხივები კანს ინტენსიურად ხვდება, მელანინიც ინტენსიურად წარმოიქმნება. განსაზღვრულ ფაქტორთა გავლენით ეს პროცესი შესაძლოა დაირღვეს და ზოგიერთმა მელანოციტმა ჭარბად დაიწყოს პიგმენტის წარმოქმნა. ჭარბი მელანინი კანზე გროვდება და ყავისფერ ლაქებს აჩენს.

ამრიგად, ჭორფლი მზის სხივების კანთან კონტაქტის დროს ჩნდება, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც სხივები ყველაზე ხშირად ხვდება: ცხვირზე, ლოყებზე, შუბლზე, დეკოლტეზე, მკლავებსა და მხრებზე. ხალებისგან განსხვავებით, ჭორფლი ამობურცული არ არის. რაც შეეხება ფერს, ის ბაცი ყავისფრიდან მოწითალო ყავისფრამდე ვარირებს.

დღემოკლე და ცივ სეზონზე ჭორფლი ფერმკრთალდება და იშვიათდება, თუმცა არ ქრება, გაზაფხულზე კი ისევ მკვეთრდება.

ჭორფლი, წესისამებრ, უვნებელია, თუმცა, ისევე როგორც კანის ნებისმიერი დაზიანება, უმჯობესია, რეგულარულად ვაკონტროლოთ.

ვის უჩნდება

ჭორფლი ყველას არ უჩნდება. ის გენეტიკურად არის განსაზღვრული. გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანების მელანოციტები არათანაბრად გამოიმუშავებენ მელანინს. ჭორფლის წარმოქმნისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ბაცკანიანებს, მოცისფრო-მომწვანოთვალებიანებს, ჟღალთმიანებს და ქერებს, თუმცა ის შესაძლოა ნებისმიერი სხვა ტიპის კანზეც გაჩნდეს.

როგორც უკვე ვთქვით, ჭორფლის გამომწვევი მთავარი  ფაქტორი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ამიტომ ის განსაკუთრებით მრავლდება და უფრო შესამჩნევი ხდება ზაფხულობით, როცა მზეზე მეტ დროს ვატარებთ და მზის სხივებიც კანის უფრო დიდ უბნებს ხვდება.

ჭორფლის წარმოქმნას ხელს უწყობს ჰორმონული ცვლილებებიც. მაგალითად, ის შესაძლოა გაჩნდეს სქესობრივი მომწიფების, ორსულობის, მენოპაუზის დროს. მედიკამენტებმა, რომლებიც არღვევს ჰორმონულ ბალანსს, – მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, – ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს კანის პიგმენტაციაზე.

ჭორფლი დაბადებიდან არავის დაჰყვება. პირველად ის დაახლოებით შვიდი წლისთვის ხდება შესამჩნევი, ხოლო ხანდაზმულ ასაკში ხშირად ქრება. 

საშიშია თუ არა

მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ჰიპერპიგმენტაცია საშიში არ არის. როდესაც მზის სხივების ზემოქმედება მოიკლებს, ლაქებიც გაბაცდება. ჭორფლი, ხალებისგან განსხვავებით, ავთვისებიან უჯრედებს არ ვერ წარმოქმნის.

ასე რომ, ჭორფლის წარმოქმნისკენ მიდრეკილება თუ ასეთი მიდრეკილების უქონლობა ადამიანის საერთო ჯანმრთელობის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა, თუმცა თავად მზემ, უფრო ზუსტად, ულტრაიისფერი სხივების სიჭარბემ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს კანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ კანი ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული ულტრაიისფერი სხივებისგან.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ჭორფლის მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ის, როგორც გითხარით, უწყინარია. ამასთან, მისი გაქრობა შეუძლებელია. თუ არ მოგწონთ, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მისი წარმოქმნა. ამისთვის სათანადოდ უნდა დაიცვათ თავი მზის სხივებისგან.

ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაცი კანის მქონე ადამიანებისთვის, ვინაიდან კანის ეს ტიპი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

უსაფრთხოების წესები

  • რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ გარეთ ულტრაიისფერი გამოსხივების პიკზე – დილის 10-11-დან ნაშუადღევის 4 საათამდე).
  • ერიდეთ მზის დამწვრობას. ნუ ივლით სოლარიუმში.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი (30-50) SPF-ით, ღრუბლიან და ზამთრის დღეებშიც კი.
  • თუ დიდხანს აპირებთ მზეზე ყოფნას, დაიხურეთ ქუდი, გაიკეთეთ მზის სათვალე (ულტრაიისფერი დაცვით), ჩაიცვით გრძელსახელოებიანი მაისური და გრძელტოტებიანი შარვალი. არსებობს ტანსაცმელიც UV დაცვის ფაქტორით.

ამგვარად თავიდან აიცილებთ არა მხოლოდ ჭორფლს, არამედ ულტრაიისფერი დასხივების სხვა უსიამოვნო შედეგებსაც: დაწვას, გამოშრობას, დამუწუკებას, ნადრევ დაბერებას, ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში – კანის კიბოს.

სწორი მოვლა

კანი საკმარისად უნდა იყოს დანოტივებული, განსაკუთრებით – მზეზე რამდენიმე საათის გატარების შემდეგ. საუკეთესო არჩევანია ალოე ვერასა და ჰიალურონის მჟავას შემცველი სახისა და ტანის დამატენიანებელი საშუალებები. გამწმენდი უნდა იყოს რბილი, უალკოჰოლო, რათა მზისგან გამომშრალი კანი უფრო მეტად არ გამოაშროს. სასურველია პილინგის ჩატარება კვირაში ორჯერ – პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და ერთგვაროვნებას შესძენს. ოღონდ სკრაბი არ უნდა იყოს უხეში. შეარჩიეთ ის, რომელიც მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი.

როგორ დავიხატოთ

თუ გენეტიკური მიდრეკილება არ გაქვთ, რამდენ ხანსაც არ უნდა დარჩეთ მზეზე, ჭორფლი ბუნებრივად არ გაგიჩნდებათ, ხანგრძლივმა დასხივებამ კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კანის ჯანმრთელობას.

სამაგიეროდ, კოსმეტიკური ინდუსტრია გვთავაზობს სპეციალურ ფანქარს სახეზე პაწაწინა წერტილების დასახატად. ის დეკორატიული კოსმეტიკის განყოფილებაში იყიდება. თუ ვერ იპოვეთ, ყავისფერი ლაინერიც გამოგადგებათ. ზოგან ინითაც იხატავენ, ოღონდ გამოყენებამდე კანის პატარა ნაწილზე მონაკვეთზე მოსინჯეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ პროდუქტზე ალერგია არ გაქვთ. შეარჩიეთ ინის ის ელფერი, რომელიც თქვენს კანს მიესადაგება, და მიჰყევით ინსტრუქციას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: