ყავის ავტომატური აპარატი – რა უნდა ვიცოდეთ
გააზიარე:
ყავამანები დამეთანხმებიან, რომ აპარატით მომზადებულ ყავას სულ სხვა გემო აქვს, რადგან მარცვლები უშუალოდ სასმლის მომზადების წინ იფქვება.
პირველი ავტომატური ყავის აპარატი 1985 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ეს მოწყობილობა მრავალი ფუნქციით აღიჭურვა და პატარა რობოტად იქცა.
ვიდრე არჩევანს რომელიმე მოდელზე შეაჩერებდეთ, დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
როგორ მუშაობს
ესპრესოს აპარატისგან განსხვავებით, მთლიანად ავტომატური ყავის აპარატი ამზადებს ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატე მაკიატოს და ამერიკანოს, ასევე – ჩაის და კაკაოს, ხოლო სურვილის შემთხვევაში ცხელ რძესაც ჩამოგისხამთ. ამასთან, თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ყავის საფქვავით, რომელიც მარცვლებს მოხარშვის წინ ფქვავს და რძის ასაქაფებელი ხელის მოწყობილობით ან ინტეგრირებული რძის კონტეინერით.
პროგრამის შერჩევის შემდეგ საფქვავში ზუსტად იმდენი ყავა იფქვება, რამდენიც ერთი ფინჯნისთვის არის საჭირო. დაფქული ყავა ფილტრში იყრება და იპრესება. 95 გრადუსამდე გაცხელებული წყალი მაღალი – 15-18 ბარი წნევით გაივლის ფილტრს და რამდენიმე წამში მუქი, არომატული სასმელი ფინჯანში ჩაედინება.
ყავის გემო და არომატის ინტენსივობა დაფქვის ხარისხზეა დამოკიდებული – რაც უფრო წვრილად არის დაფქული მარცვლები, მით უფრო მაგარია სასმელი და პირიქით. ამასთან ერთად, ყავის არომატზე დიდ გავლენას ახდენს წყლის ტემპერატურა და ყავასთან მისი კონტაქტის ხანგრძლივობა.
ყავის ნალექი ავტომატურად გროვდება მისთვის განკუთვნილ კონტეინერში.
თუ კაპუჩინოს ან ლატეს ამზადებთ, რძის ასაქაფებელი სისტემა დაგჭირდებათ. აპარატი დიდი წნევით უშვებს წყლის ორთქლის ჭავლს, რომელიც რძეში ჩაედინება. წარმოიქმნება რძის ჰაეროვანი ქაფი, რომელიც განსაკუთრებულ, განუმეორებელ გემოს სძენს ყავას.
არსებობს სამი ტიპის ავტომატური აპარატი:
* მანუალური, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყავის მომზადების ყოველი ნაბიჯი – დაფქვა, მოხარშვა, რძის აქაფება – თავად ვაკონტროლოთ და იდეალურად მოვარგოთ საკუთარ გემოვნებას. თუმცა ასეთი აპარატი მოითხოვს წინასწარი ცოდნის გარკვეულ დონეს და ყველასთვის იდეალური არ არის.
* ნახევრად ავტომატური აპარატი მინიმალურ ჩარევას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ვიწყებთ და ვწყვეტთ მომზადების პროცესს.
* მთლიანად ავტომატური აპარატი კი ყველაფერს თავად აკეთებს. დაფქვა, ხარშვა და რძის აქაფება ავტომატურად ენაცვლება ერთმანეთს, რაც ძალიან მოხერხებულია და ბევრ დროსაც გვაზოგვინებს. აპარატები ზომის მიხედვითაც განსხვავდება – კომპაქტური მოდელებიდან, რომლებიც უფრო პატარა სამზარეულოებს შეეფერება, პროფესიონალურ მოწყობილობებამდე. არსებობს ჩასაშენებელი მოდელებიც, რომლებიც კედელში ინტეგრირდება და ადგილს ზოგავს.
მთლიანად ავტომატური ყავის აპარატის შეძენას აზრი აქვს, თუ:
- ყავის მოყვარული ბრძანდებით და დღეში 2-3 ფინჯანს მაინც სვამთ (განსაკუთრებით კომფორტულია დიდი ოჯახებისთვის);
- თქვენთვის მნიშვნელოვანია ყავის არომატი. სპეციფიკური ფუნქციების წყალობით თანამედროვე აპარატები გემოთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
- ამასთან, ყავის მარცვლები უფრო იაფია, ვიდრე დაფქული ყავა.
ძირითადი მახასიათებლები
* ყავის საფქვავი. გემრიელი და არომატული ყავის მოსადუღებლად უმჯობესია, აპარატი აღჭურვილი იყოს ყავის საფქვავით. სასურველია, შეიძლებოდეს დაფქვის დონის რეგულირებას. მოდელების უმეტესობას ათდონიანი პროგრამა აქვს.
საფქვავი, წესისამებრ, ხმაურობს, ამიტომ აპარატის შეძენისას ხმაურის დონესაც მიაქციეთ ყურადღება. 60-მდე დეციბელი დაბალ მაჩვენებლად ითვლება, 70-მდე – საშუალოდ, ხოლო 70-ზე მეტი – მაღლად.
* წნევა. ყავის გემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წნევა. რაც უფრო მაღალი წნევით მიეწოდება წყალი ყავას, მით უფრო არომატული, მაგარი და კრემისებრია სასმელი. იდეალურია 15-19 ბარი, თუმცა 9-10–იც საკმარისია.
* რძის ასაქაფებელი სისტემა. თუ კაპუჩინოს ან ლატე მაკიატოს ამჯობინებთ, თქვენი აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს რძის ასაქაფებელი სისტემით. ამ ფუნქციის მქონე მოდელები ყავის უამრავ ვარიანტს ამზადებს.
რძის ასაქაფებელი სისტემა ორნაირია: ორთქლის მილი, რომლითაც თავად აქაფებთ რძეს და ე. წ. კაპუჩინატო, რომელიც აპარატშია ინტეგრირებული.
ორთქლის მილი რძეში დაახლოებით ერთ სანტიმეტრზე უნდა ჩაყოთ, ოღონდ კიდესთან ახლოს. რძე კარგად რომ აქაფდეს, ჭურჭელი დახრილი გეჭიროთ. აქაფების პროცესის ხანგრძლივობა ყავის არჩეულ ვარიანტზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მაღალი ხარისხის ქაფს მიიღებთ.
კაპუჩინატორის შემთხვევაში აქაფება ავტომატურად ხდება და ქაფი პირდაპირ ფინჯანში ჩაედინება. ამგვარად წარმოქმნილი ქაფი უფრო სქელი და კრემისებურია, ამიტომ ყავასაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
* წყლის ავზი. ყურადღება მიაქციეთ წყლის ავზის მოცულობას. აპარატების უმეტესობას აქვს მინიმუმ 0,5 და მაქსიმუმ 3,5 ლიტრი მოცულობის ავზი.
* წყლის ფილტრი. ფილტრი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყავის არომატისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ აპარატი დიდხანს გემსახუროთ. ფილტრი იცავს მოწყობილობას წყლის ნალექისგან. იდეალურია წყალი, რომლის კარბონატული სიხისტე (კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატების შემცველობა, KH) 6-8°ია. გარდა ამისა, ფილტრი წყალსაც ასუფთავებს – აშორებს ბაქტერიებს და უმცირეს ნარჩენებს, რომლებმაც შესაძლოა გემო შეუცვალოს.
წყლის ფილტრი ყველა მოდელს არ მოჰყვება, თუმცა შეიძლება მისი მოგვიანებით დამონტაჟებაც.
* ყავის სახარში სისტემა. სწორედ აქ მზადდება ყავა და იქმნება შესანიშნავი არომატები. ზოგიერთ მოწყობილობას ყავის სახარში სისტემა ეხსნება, რომ კარგად გავწმინდოთ, ზოგიერთს კი ინტეგრირებული აქვს და დასუფთავების ავტომატური პროგრამით იწმინდება.
* დისპლეი და მართვის პანელი. ჩართვა/გამორთვისა და პროგრამების შერჩევის ფუნქცია მექანიკური გადამრთველით, ღილაკებით ან სენსორებით იმართება. განსაკუთრებით მოხერხებულია სენსორული მართვის პანელი. გარდა იმისა, რომ უფრო ელეგანტურად გამოიყურება, უფრო ადვილადაც იწმინდება. მოდელების უმეტესობას აქვს დისპლეი, რომელზეც ყოველგვარი ინფორმაცია აისახება. ყურადღება მიაქციეთ დისპლეის ფორმასა და ზომას, შეარჩიეთ ისეთი, რომელზეც ტექსტს უფრო ადვილად წაიკითხავთ.
* დამატებითი ფუნქციები. ძვირიან მოდელებს შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი ფუნქციები – ორი ფინჯანი ყავის ერთდროულად მომზადება, ორი ან მეტი საფქვავი სხვადასხვა სახეობის ყავისთვის, დაფქული ყავის განყოფილება, ფინჯნის გამათბობელი, ავტომატური წმენდის ფუნქცია... დღეს უკვე შესაძლებელია ყავის აპარატის მართვა სმარტფონის საშუალებით.
როგორ გავწმინდოთ
აპარატის წმენდა საჭიროა ყოველდღე ან კვირაში ერთხელ – გააჩნია, რა ინტენსივობით იყენებთ. მოწყობილობა სწრაფად და მარტივად რომ გაიწმინდოს, ისეთი მოდელი შეაჩიეთ, რომელსაც ნაწილების უმეტესობა ეხსნება. ზოგიერთ მოდელს თვითწმენდის პროგრამაც აქვს, რომლის საშუალებითაც აპარატის წვრილი სადენები ავტომატურად იწმინდება.
ზოგადი წესია: თუ აპარატს ყოველდღე იყენებთ, ყოველდღე უნდა წმინდოთ. ყოველდღიური მოვლა მოიცავს ყავის ნალექის კონტეინერისა და საწვეთური უჯრის დაცლას, რათა არ გადაივსოს და აპარატს ფუნქციის შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. გარდა ამისა, ყავის ნალექი, რომელიც თბილი და ნესტიანია, საუკეთესო ნიადაგია ობის გასამრავლებლად.
ყოველდღე უნდა წმინდოთ წყლის ავზი და რძის კონტეინერიც. ამ უკანასკნელში ადვილად მრავლდება ბაქტერიები, ხოლო ავზს ხისტი წყლისგან შესაძლოა ნადები მოეკიდოს. წმენდა გაცილებით ადვილია, როცა აპარატს ეს ნაწილები ეხსნება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში იერეცხება. თუ მათ რეგულარულად გარეცხავთ, თბილი წყალი და სარეცხი საშუალებაც გეყოფათ, ხოლო თუ იშვიათად, შესაძლოა ნადების მოასცილებელი საშუალება დაგჭირდეთ.
მტვერსა და მიკრობებთან ერთად საფქვავში შესაძლოა ცხიმის ნარჩენებიც დარჩეს, ამიტომ მისი რეგულარული წმენდა აუცილებელია. შეგიძლიათ, ყოველი დაფქვის შემდეგ კარგად გაწმინდოთ თბილ წყალში დასველებული და გაწურული ტილოთი. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადებამდე კი აუცილებლად გაარკვიეთ, შეიძლება მანქანით რეცხვა თუ არა.
ძალიან მნიშვნელოვანია სახარში სისტემის გასუფთავება. უმჯობესია, ეს პროცედურაც ყოველდღე ჩატარდეს. ყავის მომზადებისას იქ შესაძლოა ნარჩენები მოხვდეს, რაც ხელს შეუწყობს ბაქტერიების გამრავლებას. მისი გარეცხვა თბილი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეიძლება. აგრესიულ საწმენდ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე