მიხეილ გედევანიშვილი – ექიმი და საზოგადო მოღვაწე

გააზიარე:

მიხეილ გედევანიშვილი 1862 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა დაბა მანგლისში, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკ ალექსანდრე გედევანიშვილისა და მელანია მიხაილოვას ოჯახში. ალექსანდრე მცხეთელი გედევანიშვილების შთამომავალი იყო, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აღმოსავლეთი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში – იყვნენ სამცხეთოს საკათალიკოსო  ჯარის სარდლები და მცხეთის მოურავები. სწორედ ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა ელიოზ მცხეთელი, რომელმაც, გადმოცემით, ჩამოიტანა საქართველოში მაცხოვრის კვართი.

მიხეილის დაბადებისას ალექსანდრე ერევნის პოლკის ოფიცრად მსახურობდა. ეს პოლკი დაბა მანგლისსა და მის შემოგარენში იყო დაბინავებული. ოჯახში ხშირად იყრიდა თავს პროგრესულად მოაზროვნე ოფიცერთა ჯგუფი. ამ შეკრებებს ალექსანდრე გედევანიშვილის ექვსივე ვაჟი ესწრებოდა და გულისყურით ისმენდა მამისა და მისი თანამოაზრეების საუბარს.

ყრმობის წლები

დაბა მანგლისში ცხოვრების პერიოდში ძმებს შინ თუ გარეთ მხოლოდ რუსული მეტყველება ესმოდათ. სკოლამდელი განათლებაც ამ ენაზე მიიღეს. 1872 წელს ათი წლის მიხეილი მშობლებმა თბილისში ჩაიყვანეს და ქალაქის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. სწავლის პერიოდში ბიჭი გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში ცხოვრობდა. თორმეტი წლისას დედა გარდაეცვალა. დიდი ოჯახის გაძღოლის მთელი სიმძიმე ალექსანდრეს დააწვა მხრებზე. მიუხედავად მცირე ჯამაგირისა, მან ექვსივე შვილს კარგი განათლება მისცა.

გიმნაზიაში მიხეილმა მუყაითი და ნიჭიერი მოწაფის სახელი მოიხვეჭა, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ 1883 წელს თბილისის გუბერნიის ერთადერთი საუნივერსიტეტო სტიპენდია სწორედ მას მიენიჭა.

მესამე კლასში მიხეილს ქართული ენის დამოუკიდებლად შესწავლა დაუსახავს მიზნად. გიმნაზიაში დედაენა სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა და კვირაში მხოლოდ ორი საათი ეთმობოდა, სხვა დროს კი სასწავლებლის ადმინისტრაცია სასტიკად კრძალავდა ქართულად ლაპარაკს. მიხეილს მამის დანატოვარი წვრილი ფული შეუგროვებია, დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი შეუძენია და მისი დახმარებით ერთ წელიწადში საფუძვლიანად დაუფლებია მშობლიურ ენას.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხეილმა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. შესაძლოა იმიტომაც, რომ დავითი, მისი უფროსი ძმა, ამავე ფაკულტეტზე ირიცხებოდა. მოსკოვში ჩასულ მიხეილს მეხუთეკურსელმა ძმამ თავისი მეგობრები გააცნო და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩააბა. აქვე უნდა ითქვას, რომ გედევანიშვილებს ბავშვობიდან შესაშური ძმობა ჰქონიათ.

იმდენად დიდი ყოფილა უცხო ენებისადმი მიხეილის ინტერესი, რომ, მიუხედავად მატერიალური პრობლემებისა (თავის ერთადერთ საარსებო წყაროს, სტუდენტის მცირე სტიპენდიას, ის უნაწილებდა ჯერ უფროს ძმას დავითს და მერე უმცროს ძმას გილას), დამოუკიდებლად შეუსწავლია გერმანული, ფრანგული და ინგლისური. სტუდენტობის წლებშივე დედანში წაუკითხავს ტილოს, ლებკერისა და ფარადეის ნაშრომები.

სამედიცინო ფაკულტეტის სავალდებულო საგნების პარალელურად მიხეილ გედევანიშვილი ბევრ დროს უთმობდა  პოლიტიკურ-ეკონომიკურ დისციპლინებს. 1887 წლის ბოლოს, როდესაც მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტთა საყოველთაო გაფიცვამ იფეთქა. გაფიცვის მოთავე ცამეტი ახალგაზრდა დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. მათ შორის იყო მიხეილ გედევანიშვილიც. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზატორები მის ბინაში იკრიბებოდნენ, ამიტომ მიხეილიც გაფიცვის ერთ-ერთ ხელმძღვანელად ჩაითვალა.

გადასახლებაში მიხეილი უფროს ძმასთან დასახლდა, რომელიც იმხანად ქალაქ აშხაბადში ექიმად მუშაობდა, და საბუღალტრო საქმის შესწავლას მიჰყო ხელი. გადაწყვეტილი ჰქონდა მეორე სპეციალობის – პროვიზორობის ათვისებაც. მრავალი რჩევის მიუხედავად, არასოდეს უფიქრია იმპერატორისთვის პატიების  თხოვნა.

მიხეილმა თანდათან გაიცნო ადგილობრივი მოსახლეობა და აქტიურად შეუდგა საგანმანათლებლო საქმიანობას, რის გამოც გადასახლებიდან ერთ წელიწადში მისთვის აშხაბადში ცხოვრებაც აუკრძალავთ.

არავინ იცის, რა ელოდა ახალგაზრდა ქართველს, რომ არა პეტერბურგიდან მოულოდნელად მიღებული წერილი – მიხეილს გადასახლებიდან ათავისუფლებდნენ და უნივერსიტეტში აბრუნებდნენ. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებმაც ოფიციალური შუამდგომლობით მიმართეს სახალხო განათლების მაშინდელ მინისტრს გრაფ დელიანოვს, რომ მიხეილ  გედევანიშვილისთვის როგორც ნიჭიერი სტუდენტისთვის უნივერსიტეტის დამთავრების საშუალება მიეცა.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სულ რაღაც ორიოდე თვეში, გედევანიშვილმა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. პერსპექტიულ ახალგაზრდა ექიმს პედაგოგებმა დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა – სამშობლოში უნდა დავბრუნდე და ჩემს ხალხს დავეხმაროო. როცა თბილისში უნივერსიტეტი გვექნება, იქ ვიმუშავებო.

საექიმო პრაქტიკა

1889 წლის 31 მაისს მოსკოვიდან დაბრუნებული გედევანიშვილი ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორი გახდა, რვა თვის შემდეგ კი ის ელისავეტპოლის გუბერნიის (განჯა) ზანგეზურის მაზრის ექიმად დანიშნეს. მას დაევალა სამედიცინო-სანიტარული ზედამხედველობის განხორციელება მაზრაში შემავალ 326 სოფელსა და მაღალმთიან საძოვრებზე. აფთიაქის უქონლობის გამო მან ხელმოწერით შეგროვილი სახსრებით თავად დააარსა აფთიაქი ღარიბებისთვის და წამლებსაც თვითონვე ამზადებდა. 1894 წელს რუსულ ენაზე ნაშრომიც დაწერა ზანგეზურის მაზრის ეთნოგრაფიული, ნიადაგის, ჰავის, სახალხო მედიცინისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ.

სპარსეთის შორეული საზღვრიდან მიხეილი გადაიყვანეს თიანეთის მაზრის ექიმად, სადაც ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცებს და ფშავ-ხევსურეთის შორეული სოფლებიდან ჩამოყვანილ ავადმყოფებს უსასყიდლოდ მკურნალობდა თავის ბინაზე. საექიმო საქმიანობასთან ერთად ახალგაზრდა თიანეთში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწეოდა.

მერე კი სოფლის ექიმის თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაში გამოჩნდა მშვენიერი ანასტასია გედევანიშვილი, რომელიც მიხეილს თავდავიწყებით შეუყვარდა. ახალშეუღლებული წყვილი პარიზში გაემგზავრა.

პარიზი

XIX საუკუნის 90-იანი წლები აღბეჭდილია მნიშვნელოვანი აღმოჩენების სიმრავლით, რომლებმაც მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ახალი, ეფექტური მეთოდებით გაამდიდრა კლინიკური მედიცინა. ეს ის პერიოდია, როდესაც ფრანგმა აკადემიკოსმა არსენ დარსონვალმა ცოცხალ ქსოვილებზე ულტრასიხშირის წყვეტილი დენის გავლენის თავისებურება შეისწავლა და ამგვარად საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ფიზიოთერაპიას, 1895 წელს კი ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა კათოდური ბუნების სხივები, რომლებმაც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში და ახალი დარგების – რენტგენოდიაგნოსტიკისა და რენტგენოთერაპიის – ჩამოყალიბება განაპირობა.

მიხეილ გედევანიშვილის არჩევანი პარიზზე იმიტომ შეჩერდა, რომ იქ უკვე არსებობდა გამოჩენილი ფრანგი მეცნიერისა და კლინიცისტის ჟან მარტენ შარკოს შექმნილი განთქმული ნევროლოგიური სკოლა, რომელსაც სათავეში ედგა შარკოს მოსწავლე ჟიულ დეჟერინი. გარდა ამისა, ქალაქის ცნობილ სამკურნალო დაწესებულებაში, სალპეტრიერში, ფიზიოთერაპიისა და რენტგენოლოგიის შემსწავლელ კურსს ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი ჰიუე უძღვებოდა. პარიზში ამ ორწლიანი ვიზიტის განმავლობაში მიხეილმა სიღრმისეულად შეისწავლა ფიზიოთერაპიის, რენტგენოლოგიის, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის საფუძვლები. სალპეტრიერში მუშაობის პარალელურად ის წმინდა ანტონის საავადმყოფოში გამოჩენილი ფრანგი ნევროლოგებისა და ფსიქიატრების ბრისოს, ბალესა და ჟოფრუას ლექციებს ესწრებოდა, წმინდა ანას ჰოსპიტალში კი ფსიქიატრიას ეუფლებოდა. ახალგაზრდა ქართველმა მალე მიიქცია ევროპელი პროფესორების ყურადღება. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონია პროფესორ დეჟერინთან, რომელსაც დილაობით თურმე თავისი ეტლით მიჰყავდა სამსახურში მიხეილი და საღამოობით შინ აბრუნებდა. იმავე პერიოდში გედევანიშვილები პროფესორის ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ.

თბილისი

1896 წლის პირველ დეკემბერს მიხეილ გედევანიშვილი მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. თან ჩამოიყოლა დარსონვალის ელექტროთერაპიული პროცედურებისა და ერთი წლის წინ შექმნილი რენტგენის აპარატი. მიხეილმა ჩამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა პარიზში ათვისებული ოთხივე სპეციალობით (რენტგენოლოგია, ფიზიოთერაპია, ნევროლოგია და ფსიქიატრია). ის სამართლიანად მიიჩნევა პირველ ქართველ ექიმად, რომელსაც ოთხივე ამ სამედიცინო დისციპლინაში ჰქონდა მიღებული ფართო მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნა. 1998 წელს სოლოლაკში, კოჯრის ქუჩაზე გაიხსნა სულით ავადმყოფთა თავშესაფარი, რომლის დირექტორად მიხეილი დანიშნეს. ოცდახუთწლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში მან შეძლო ახალი, ევროპული, მეცნიერული და ჰუმანური მიდგომების დამკვიდრება ფსიქიატრიული დაავადებების მქონე  პაციენტთა მკურნალობაში.

სამშობლოში დაბრუნებულ ცოლ-ქმარს დიდი დახმარება გაუწია ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც ანასტასია ბავშვობიდან იცნობდა - მამამისი კონსტანტინე ყვარელში ილიას მეზობელი იყო და ბავშვობიდან მეგობრობდა მასთან. ილიას განსაკუთრებით ოჯახის დიასახლისთან, მაშო გიშმყრელთან ჰყვარებია საუბარი, რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართული ენის უბადლო მცოდნე ყოფილა.

როდესაც ანასტასიამ ილიას მეუღლის გეგმები გაანდო, მან სიხარულით გამოუყო გედევანიშვილებს კლინიკისთვის გაზეთ “ივერიის” შენობაში პირველი სართულის ორი ოთახი, საცხოვრებლად კი მეორე სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა შესთავაზა. სწორედ ამ შენობის პირველ სართულზე გაიხსნა 1899 წლის პირველ სექტემბერს ამიერკავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიის კაბინეტი. პროფესიონალ ექიმთა გუნდში, რომელიც ამ კაბინეტში მუშაობდა, ირიცხებოდა პირველი ქართველი პედიატრი ქალი, მწერალ შიო არაგვისპირელის მეუღლე მარიამ ბაქრაძე. აქ ღარიბებს უფასოდ ემსახურებოდნენ. გაზეთი “ივერია” კი პერმანენტულად აქვეყნებდა სარეკლამო განცხადებებს და მკითხველს სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

სახლი

როდესაც გედევანიშვილების სახლის მშენებლობა დასრულდა, ოჯახი საცხოვრებლად ვერაზე, ყორღანოვის 20 ნომერში (ამჟამად ლეო ქიაჩელის ქუჩა) გადავიდა. შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო მიხეილისავე დაარსებული კლინიკა, სადაც მრავალი დაავადების დიაგნოზს სვამდნენ და მკურნალობდნენ. გედევანიშვილების ოჯახურ არქივში დღემდე ინახება იმდროინდელი რენტგენის ფირები.

სახლში, რომელიც 1900 წელს გერმანელი არქიტექტორის – მილერის პროექტით აშენდა, დღეს მიხეილ გედევანიშვილის შვილიშვილი, ქალბატონი მანანა ცხოვრობს. ეს უფრო მუზეუმია, სადაც დაცულია XIX-XX საუკუნეების თბილისური ცხოვრების ამსახველი უამრავი ნივთი თუ ფოტო.

1908 წელს გედევანიშვილებმა თავიანთ სახლში  გახსნეს პირველი ქართული საბავშვო ბაღი, სადაც, მიუხედავად მთავრობის აკრძალვისა, სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. დაწესებულებას მშობელთა კომიტეტი ჰყავდა  და საკუთარი ბეჭედი ჰქონდა. ბაღს 1917 წლამდე ანასტასია გედევანიშვილი ხელმძღვანელობდა. დაწესებულება უფასო იყო, ღარიბი ოჯახების შვილებს კი იაკობ გოგებაშვილის დანიშნული სტიპენდიაც ეძლეოდათ.

ბაღის დაარსებამდე სამი წლით ადრე, 1905 წლის 20 ნოემბერს, გედევანიშვილების სახლში "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის" დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელსაც ყველა სოციალური ფენიდან 150 დელეგატი ესწრებოდა და რომლის თავმჯდომარე ანასტასია გედევანიშვილი გახლდათ. 

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, 1914 წელს, მიხეილმა საკუთარი ხარჯით გამოსცა პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ ილუსტრირებული და მხატვრულად გაფორმებული ილიას თხზულებათა კრებული. დღესდღეობით ეს გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად მიიჩნევა. წიგნზე თავადვე წაუწერია: “ეს წიგნი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების სრული კრებულის 1-ელი ტომი – არის ოცნება საქმედ ქცეული, დიდი ხნის ნაფიქრ-ნააზრევი”. მიხეილ გედევანიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ილიას სახელთან დაკავშირებული მემორიალური ნივთების, ფოტოების, ავტოგრაფების, წერილების, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შეგროვებაშიც. რამდენიმე უნიკალური ნივთი, მათ შორის – ილია ჭავჭავაძის ფაქსიმილე, დღესაც ინახება გედევანიშვილების ოჯახში.

მიხეილ გედევანიშვილი 1922 წლის 29 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

მარი მარღანია

გააზიარე: