ნლპ – ნეიროლინგვისტური პროგრამირება: რა არის და როგორ მუშაობს

გააზიარე:

უმეტესობას, ვისაც ნეიროლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) შესახებ რამე გაუგონია, მიაჩნია, რომ ის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდია. სინამდვილეში ნლპ პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მრავალი ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრა როგორც ორგანიზაციული, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.

რა არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და როდის მიმართავენ მას? ამ კითხვებზე საქართველოს ნლპ-ის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,  ექიმი ფსიქოთერაპევტი, ნლპ-თერაპევტი, ნლპ-ტრენერი მანანა ჯორჯიაშვილი გვიპასუხებს:

– ნლპ ოფიციალურად კალიფორნიაში დაიბადა 1970-იან წლებში, თუმცა, როგორც აზროვნების ყველა სკოლას, უფრო ადრე ჩაეყარა საფუძველი და ისეთი კორიფეების სახელს უკავშირდება, როგორებიც არიან ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი გრეგორი ბეიტსონი და ლინგვისტი ნოამ ჩომსკი.

ნლპ, რომლის ფუძემდებლებზეც დიდი გავლენა მოახდინეს კარლ როჯერსმა და ერიკ ბერნმა, თერაპიულ პროცესებზე დაკვირვებით დაიწყო. ფსიქოლოგი რიჩარდ ბენდლერი დაინტერესდა, რატომ იყო ზოგი თერაპევტი სხვაზე ეფექტური და დაიწყო უდიდესი თერაპევტების, ვირჯინი სატირისა და ფრიც პერლზის, თერაპიული სესიების ჩაწერა, რომ მათი წარმატების გასაღები ეპოვა. ბენდლერს ჩანაწერების გაანალიზებაში ლინგვისტი ჯონ გრინდერი დაეხმარა. სწორედ ამ პროცესში აღმოაჩინეს მათ "ჩარევის" მსგავსი პატერნები და შეიმუშავეს ნლპ-ის პირველი ინსტრუმენტი – ე.წ. ენის მეტა-მოდელი.

იმის შესამოწმებლად, როგორ მუშაობდა მეტა-მოდელი, გრინდერმა და ბენდლერმა მიმართეს ცნობილ ჰიპნოთერაპევტს მილტონ ერიქსონს. შემოწმებამ დაადასტურა მისი ეფექტიანობა და შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნა ნლპ-ის მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც მილტონის მოდელი ეწოდა.

თანამედროვე, მესამე თაობის ნლპ-ის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს რობერტ დილტსმა და ჯუდიტ დელოზიერმა, რომლებიც 70-იანი წლებიდანვე მონაწილეობდნენ პროცესში. მოგვიანებით მათ შეუერთდდნენ რობი სტეინჰაუსი და ჯუდიტ ლოუ – ჩვენი ნლპ სკოლის, NLP Master Practitioner-ის ტრენერები.

ნლპ მრავალი მიმართულებით ვითარდებოდა. მის განვითარებაზე გავლენას ახდენდა მეცნიერების სხვადასხვა დარგი, კიბერნეტიკით დაწყებული, პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპიით დამთავრებული.

ნლპ-მ კრიტიკის ქარცეცხლიც გამოიარა. ეს დაკავშირებული იყო ჰიპნოზის ექსპლუატატორულ სცენურ შოუსა და გაყიდვების გაუკუღმართებულ ტექნიკებთან. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ნლპ გამოიყენება პოზიტიური განზრახვით, ადამიანებმა გააუმჯობესონ საკუთარი და გარშემო მყოფების ცხოვრება. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ამ ტრადიციას.

ნლპ არ არის სისტემა ან მსოფლმხედველობა. ეს არის ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყენებენ. სხვა ფსიქოტექნოლოგიებისგან ნლპ გამოირჩევა მეტი პრაქტიკულობით, ეფექტურობით, პრობლემების გადაჭრის  სისწრაფით და გამოყენების ფართო სპექტრით. ნლპ-ის გამოყენება შესაძლებელია ყველა სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან და სადაც მათი წარმატება, პიროვნული და პროფესიული ზრდა ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ფსიქოთერაპია, მედიცინა, კონსულტირება, ქოუჩინგი, პედაგოგიკა, ბიზნესი, პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი – ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, სადაც წარმატებით გამოიყენება ნლპ.

რა არის ნლპ?

– ზოგი ნლპ-ს მოიხსენიებს როგორც სუბიექტურ გამოცდილებათა შესწავლის მეთოდს, მაგრამ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კვლევის ინსტრუმენტი. ჩვენი შემოთავაზებული განსაზღვრება კი ასეთია: ნლპ არის კონცეფციებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც შემუშავებული და შემოწმებულია როგორც პირადი ეფექტურობის ასამაღლებელი საუკეთესო მეთოდი.

– საიდან მოდის სახელწოდება ნეიროლინგვისტური პროგრამირება?

– ძირი "ნეირო" ნერვულ სისტემასთან კავშირზე მიანიშნებს, ხოლო "ლინგვისტური" იმაზე მიუთითებს, რომ ინფორმაციის დამუშავების ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი საშუალებაა ენა. თუმცა ნლპ არა მხოლოდ ენა და მისი გამოყენება, არამედ კოგნიტიური თერაპიაც არის. ინფორმაციის დამუშავებისთვის კი ის სხვა ხერხებს იყენებს. ესენია ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანო და ინტუიცია.

სიტყვა "პროგრამირება" გულისხმობს, რომ აზრები, რეაქციები, ქცევითი პატერნები "ჩაწერილია" ჩვენს ტვინში და მუშაობს როგორც პროგრამები კომპიუტერში. ზოგი მათგანი სასარგებლოა, ზოგი – პირიქით, ზიანის მომტანი და შემაფერხებელიც კი.

ასეთი პროგრამა კი, სამწუხაროდ, მრავლად აქვს თითოეულ ჩვენგანს. ზოგი დაბადებიდან მოგვყვება, ზოგს სიცოცხლის განმავლობაში ვიძენთ. მაგალითად, როცა ბავშვობაში მშობელი გვეუბნება: "შენ ამას ვერ შეძლებ, მაცადე, მე გავაკეთებ“, – ჩვენი არაცნობიერი იღებს ინფორმაციას ჩვენს შესაძლებლობებზე, რომელიც შემდგომში გენერალიზდება, განზოგადდება ჩვენი საქმიანობისა და უნარების სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ვირწმუნებთ, რომ არ შეგვიძლია რაღაცის კეთება და ის ჩვენ ნაცვლად ვიღაცამ უნდა აკეთოს. წინადადება: "შენ არ შეგიძლია, მე გავაკეთებ", – ბავშვს პასუხისმგებლობის აღების, საკუთარი პატარ-პატარა შეცდომების დაშვების და შემდგომში მათი გამოსწორების საშუალებას ართმევს.

ნლპ პრაქტიკული ფსიქოლოგიის სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ შევცვალოთ უსარგებლო პროგრამები ქცევისა და აზროვნების ახალი, ჩვენთვის მიზანშეწონილი პროგრამებით.

კითხვების დასმის  ხელოვნება

– როცა ადამიანი ამბობს, რომ არ შეუძლია რაღაცის გაკეთება, იქვე ჩანს, სად არის დაბლოკილი. გამოსავლის საპოვნელად შეგვიძლია შევუბრუნოთ კითხვა: რა მოხდებოდა, რომ შეგძლებოდა? რა ზიანი მოგაყენა იმან,  რომ ვერ შეძელი? რამ შეგიშალა ხელი? (ნლპ-ის ტექნიკების წარმატებას უდიდესწილად სწორად დასმული კითხვები განაპირობებს).

ხშირად აღმოჩნდება, რომ მიზნის მიღწევაში ელემენტარული რამ გვიშლის ხელს, წვრილმანი, რომლის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია.

– როგორ მიმდინარეობს ნლპ-თერაპიული სეანსი?

– სეანსი იწყება იმ პრობლემური ვითარების აღწერით, რომლის გამოც კლიენტმა მოგვმართა. ვცდილობთ, მივაგნოთ პრობლემის სათავეს. მაგალითად, თუ ადამიანი ფობიის დასაძლევად მოვიდა ჩვენთან, მნიშვნელოვანია პირველი ფობიური გამოცდილების გახსენება – ასეთი გამოცდილება უმეტესად არ ახსოვთ, ვინაიდან მცირე ასაკში აქვთ მიღებული. გველების ფობიის მქონე ჩემს ერთ კლიენტს ახსოვდა 12 წლის ასაკში მომხდარი ეპიზოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფობიის წყარო ყოფილა მისი პირველადი ფობიური რეაქცია 4 წლის ასაკში. ამ მიგნების შემდეგ უკვე ფობიის სწრაფად მოხსნის ტექნიკაზე გადავდივართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რისი მიღება სურს კლიენტს, როგორ მიხვდება, რომ მიზანი მიღწეულია. შესაძლოა გვიპასუხოს, რომ სიმშვიდე უნდა, თუმცა სიმშვიდე ხშირად მხოლოდ საშუალებაა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაგალითად, ის იძლევა კმაყოფილების შეგრძნებას, თავდაჯერებას, შინაგან რწმენას, კონკრეტული საქმის კეთების საშუალებას... და ასე გრძელდება, სანამ არ მივალთ ძირითად ფასეულობამდე, რომელიც უმეტესად არის ბედნიერება.

ამის შემდეგ ვიწყებთ ჩაშლას, რა არის კლიენტისთვის ბედნიერება, რადგან ბედნიერების შესახებ წარმოდგენა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ წარმოსახვა-შეგრძნებებსა და რწმენა-მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.

ხშირად ადამიანებმა იციან, რა არ უნდათ და ძალიან იშვიათად იციან, რა უნდათ.

ნლპ გვეხმარება, უფრო მეტად გავუგოთ საკუთარ თავსაც, სხვებსაც, ურთიერთობებში უფრო მოქნილები გავხდეთ, დავიცვათ საკუთარი თავისუფლების საზღვრები და პატივისცემით მოვეპყროთ გარშემო მყოფთა თავისუფლების საზღვრებს.

აღქმის მოდელები

– ადამიანებს აღქმისა და გამოხატვის განსხვავებული  სისტემები აქვთ, რის გამოც ისინი თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ გრძნობათა ორგანოების საშუალებით ვიღებთ. ნლპ-ში მათ უწოდებენ სენსორულ რეპრეზენტაციულ სისტემებს, რომელთაგან ძირითადია სამი: ვიზუალური (მხედველობითი), აუდიალური (სმენითი) და კინესთეტიკური (ის აერთიანებს ყნოსვას, გემოვნებას,  შინაგან და გარეგანი  შეგრძნებებს).

ადამიანთა უმეტესობა სამყაროს ძირითადად ერთი ან ორი სისტემის საშუალებით აღიქვამს, მხოლოდ მოსახლეობის 3-5%-ია, რომელსაც ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე აქვს განვითარებული აღქმის სამივე სისტემა. ასეთი პიროვნებები კომუნიკაციის ნიჭით არიან დაჯილდოებულები. ვიზუალური აღქმის ადამიანები სამყაროს აღიქვამენ სურათებად და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეგრძნებებს და ხმას, მაშინ როდესაც შეგრძნებითი აღქმის ადამიანი შეგრძნებებზეა ორიენტირებული და შესაძლოა, სულ არ ახსოვდეს, მაგალითად, რა ფერის კედლები ჰქონდა ოთახს. საკუთარ თავთან ჰარმონიის მისაღწევად, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სასურველია, ადამიანმა გააძლიეროს ის სისტემა, რომელიც შედარებით ნაკლებად მონაწილეობს მისეულ აღქმაში.

ნლპ-ის სწრაფი ეფექტი

– დაახლოებით რამდენი ხანია საჭირო ნლპის მეშვეობით პრობლემის გადასაჭრელად?

–  გააჩნია პრობლემას. უპირველესად, საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა, არსებული ვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და სასურველი შედეგის განსაზღვრა. მხოლოდ ამის შემდეგ ვწყვეტთ, რომელი ტექნიკა გამოვიყენოთ. დიაგნოსტიკისთვის ხშირად მივმართავ ნლპ-ის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ტექნიკას – ნეიროლოგიკური დონეების გასწორებას, რომელიც დიტსის პირამიდის სახელწოდებითაც არის ცნობილი.  ეს ტექნიკა, ერთი მხრივ, დიაგნოსტიკურია თერაპევტისთვის, მეორე მხრივ კი თერაპიულია კლიენტისთვის. მაგალითად, ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. უნდა დავადგინოთ, რომელ ლოგიკურ დონეზეა პრობლემა: გარემოში, ქცევა-მოქმედებაში, უნარებსა და რესურესებში, რწმენა-მტკიცებულებებში, საკუთარი თავის იდენტიფიკაციაში თუ მომავლის ხედვაში. ეს მუშაობის სწორი სტრატეგიის დაგეგმვაში გვეხმარება. სხვადასხვა ლოგიკურ დონეზე ცვლილება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას მოითხოვს.

ნლპ-ს,  სხვა თერაპიული მეთოდებისგან განსხვავებით, პროცესი აინტერესებს და არა შინაარსი. მისი უპირატესობაა სისწრაფე, შინაარსის გარეშე მუშაობის საშუალება (რაც ბევრი კლიენტისთვის მნიშვნელოვანია), სიღრმისეული და გრძელვადიანი ცვლილებები.

ძალიან სწრაფად,  ერთი სეანსის განმავლობაში იხსნება ფობია, ისეთივე ტემპით, როგორითაც ტვინი ქმნის ფობიურ რექციას. მართალია, ინფორმაციის მოპოვებას და პირველადი ფობიური რეაქციის მიგნებას დრო სჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ მისი მოხსნა სულ 30-40 წუთს მოითხოვს. ასევე სწრაფად იხსნება ძლიერი ტრავმით გამოწვეული სტრესიც.

ნლპ-ის სისწრაფეს განაპირობებს არასასურველი ემოციებისა და შეგრძნებების პირველწყაროს ძიება და მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მოვლენების გადაფასება. სწორედ სისწრაფის გამო მივიჩნევ ნლპ-ს 21-ე საუკუნის მეთოდად და ამაში ბევრი ჩემი კლიენტი მეთანხმება. ნლპ ძალიან მდიდარია ტექნიკებით, რომლებიც არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებს ავითარებს, არამედ თერაპიულ შედეგსაც გვაძლევს.

ნლპ-ის ძირითადი დებულებები

– ნლპ ჭეშმარიტებად მიიჩნევს სასარგებლო პრესუპოზიციებს, დებულებებს. მათი რაოდენობა ოცზე მეტია, თუმცა მე გაგაცნობთ იმ 10 ძირითად დებულებას, რომლებიც ნლპ-ის შემქმნელებმა მოგვაწოდეს. მათი გაცნობა მიგვახვედრებს, რა ღირებულებებს ეყრდნობა ნლპ:

1.  ყოველ ქცევას საფუძვლად უდევს დადებითი განზრახვა.

ამ პრესუპოზიციის გაგებისა და გამოყენების გასაღები იმაშია, რომ ქცევის ან აზრის "პოზიტიური განზრახვა" შესაძლოა წარსულში იყოს ფესვგადგმული. შესაძლოა, ბავშვობაში მოგეჩვენათ, რომ ამ გზით სარგებელს მიიღებდით და მას შემდეგ თქვენმა არაცნობიერმა ვერ გაიგო, რომ ეს ქცევა ან აზროვნების პატერნი აღარ არის სასარგებლო (ან სინამდვილეში არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ასეთი გეგონათ).

აშკარად უსარგებლო ან დესტრუქციული ქცევის`აზროვნების მიღმა პოზიტიური განზრახვის აღმოჩენა გვიხსნის გზას ჯანსაღი, უფრო პოზიტიური ალტერნატივების შერჩევისა და ჩვენს თავში მათი ინტეგრაციისკენ.

მაგალითად, თუ ვინმე აგრესიულად იქცევა, შესაძლოა, ამას საფუძვლად ედოს პოზიტიური განზრახვა – თავდაცვა, რაც ალბათ ბავშვობაშია ნასწავლი. ალტერნატიული მიდგომაა საზღვრების ზრდასრულად, ასერტულად დაცვის სწავლა თანამდევი აგრესიისა და მისი უარყოფითი შედეგების გარეშე.

2.  რუკა არ არის ტერიტორია

გონების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას, რომელიც შემოდის ჩვენში, უგულებელვყოფთ მის ზოგიერთ ასპექტს და აქცენტს ვსვამთ სხვაზე. ამგვარად გონებაში ვქმნით რეალობის ჩვენეულ მოდელს. ეს არის ჩვენი "რუკა". სხვა ადამიანები ქმნიან სხვა "რუკებს" (რეალობის საკუთარ მოდელებს) თავიანთ გონებაში. გონივრული იქნება, გავეცნოთ მათ, ვიდრე ავტომატურად ვივარაუდებთ, რომ ჩვენი "რუკა" უკეთესია. ასეთი მიდგომა შესაძლოა დაგვეხმაროს კონფლიქტისთვის თავის არიდებაში, გონების მოქნილობის განვითარებაში.

მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, რომ ის, რაც ჩვენ ვიცით, არსებული ალტერნატივების მხოლოდ მცირე ნაწილია, საკუთარი "რუკიდან" გამოსვლის უნარის გამომუშავება და ჩვეული აზროვნებისა და სენსორული პროცესების შეჩერებაც კი. ჩვენ შეგვიძლია, მოვახდინოთ იმ წარმატებული ადამიანების "რუკების" ასპექტების მოდელირება, რომელთა მიბაძვაც გვინდა და გამოვცადოთ ჩვენი "რუკა" რეალობაში.

3. ადამიანებთან კომუნიკაციის დროს სასურველია, ვიხელმძღვანელოთ სამყაროს მათეული მოდელით ("რუკით").

ნაცვლად იმისა, რომ თავს მოახვიოთ სხვებს თქვენი მოდელი, შეეცადეთ, დაინახოთ მოვლენები ისე, როგორც ისინი ხედავენ (გაიგოთ ის, რაც მათ ესმით; იგრძნოთ ის, რასაც ისინი გრძნობენ). ეს არ ნიშნავს დათმობას, ეს თქვენი თვალსაწიერის გაფართოებისა და გონების მოქნილობის გაზრდის გზაა, რაც სხვების უკეთ გაგებასა და დარწმუნებას შეგვაძლებინებს.

4.   სხეული და გონება ერთიანი სისტემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ენაში ჩვენ განვასხვავებთ "გონებას" "სხეულისგან", რეალობაში მათი განცალკევება ილუზიაა. აზროვნება და სხეული ერთმანეთისგან განუყოფელია. როგორც ვგრძნობთ, ისევე ვლაპარაკობთ და ვიქცევით, ანუ ჩვენი განწყობა განაპირობებს ჩვენს ქცევას, ინტონაციას, ხმის სიმაღლეს.

5.  არ არსებობსმარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი

იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, გამუდმებით უნდა ამოწმოთ, სწორ გზას ადგახართ თუ არა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურსს გადაუხვიეთ, უფრო სასარგებლოა, ვიდრე იმის ცოდნა, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ.  ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც რაღაც გვითქვამს, მაგრამ ამას არ ჰქონია ისეთი ეფექტი, როგორსაც ველოდით. შეგვიძლია, მივიჩნიოთ ეს წარუმატებლობად ან განვიხილოთ უკუკავშირად, ღირებულ ცოდნად, რომელიც მომავალში მსმენელისთვის ჩვენი გზავნილის უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიწოდებაში დაგვეხმარება.

6.  შეუძლებელია, არ გქონდეთ კომუნიკაცია.

ადამიანები მუდმივად ურთიერთობენ სიტყვებით, ჟესტებით, სახის გამომეტყველებით, მედიის საშუალებით. სიჩუმე და უძრაობაც კი გზავნის შეტყობინებას ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ აღგვიქვამენ და გაგვიგებენ სხვები.

7.  ყველა საჭირო რესურსი უკვე ჩვენს ხელთაა.

ფსიქოთერაპევტები და ქოუჩები იმისთვის კი არ არიან, რომ ხალხს უკარნახონ, რა გააკეთონ, არამედ იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მათ, აღმოაჩინონ რესურსები საკუთარ თავში და მათზე დაყრდნობით მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები და შედეგები.

მას, ვისაც არ აქვს მოცემულ ვითარებაში საჭირო რესურსი, ნლპ-ის მიდგომები ეხმარება, იპოვოს ისეთი კონტექსტი, რომელშიც ამ რესურსებს ფლობს და ისინი ახალ სიტუაციაში გადაიტანოს. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა ძალიან თავდაჯერებული იყოს მეგობრების წრეში, მაგრამ ღელავდეს უცხო აუდიტორიის წინაშე. ასეთ ადამიანებს, საზოგადოდ, არ აკლიათ თავდაჯერება, მაგრამ განიცდიან მის ნაკლებობას კონკრეტულ ვითარებაში. ინსტრუმენტები, რომლებსაც ფლობს ნლპ, უზრუნველყოფს ამ რესურსის გადატანას იმგვარად, რომ ის ახალ სიტუაციაში გამოვლინდეს.

8. თუ არ გამოდის ის, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ რამე სხვა!

უამრავი ადამიანი უსასრულოდ იმეორებს ერთსა და იმავეს, იღებს ერთსა და იმავე შედეგს და შემდეგ ამაზე ჩივის.

თუ მცდელობა არ იძლევა სასურველ შედეგს, არ იფიქროთ, რომ უძლური ხართ, არც მიწოლა განაგრძოთ, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ "ეს სწორია". გააკეთეთ რამე სხვა.

9. თუ ერთ ადამიანს შეუძლია რამის გაკეთება, სხვებსაც შეუძლიათ.

ამ განაცხადზე, ჩვეულებრივ, ვიღებთ პასუხს: "სისულელეა! ყველას არ შეუძლია ტაიგერ ვუდსის მსგავსად გოლფის თამაში და როგორც არ უნდა ეცადოს, ვერც ვერასოდეს შეძლებს".

პრაქტიკაში წარმატებული მოდელირებისთვის მთავარია არა იმის ზუსტი კოპირება, რასაც თქვენთვის მისაბაძი ადამიანი აკეთებს, არამედ იმის მიგნება, რასაც გრეგორი ბეიტსონმა უწოდა "განსხვავება, რომელიც ქმნის განსხვავებას" – კრიტიკული ასპექტებისა, იმისა, რაც თქვენს შესრულებას სხვისი შესრულებისგან განასხვავებს.

10. საკუთარი თავის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე სხვისი.

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, როგორ ჩივის პარტნიორი მეორე ნახევრის ჩვევებზე, ღირებულებებზე, გამონათქვამებზე, მეგობრებზე, იმაზე, რომ ცუდად ანაწილებს დროს, ცუდად ამზადებს საჭმელს და ა.შ. ამ პრესუპოზიციის არსის გაცნობიერებამ შესაძლოა რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს. ეს არის პრაქტიკული გზა ერთი შეხედვით გამოუვალ ვითარებაში ცვლილებების შესატანად.

მაჰათმა განდიმ თქვა: “იყავი ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: