მორყეული კბილები – მიზეზები და მკურნალობა

გააზიარე:

ერთი შეხედვით უწყინარ სიმპტომებს, ღრძილების შეწითლებას და კბილების მომატებულ მგრძნობელობას, შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციოთ, მაგრამ ჯანმრთელი კბილის მორყევა უთუოდ გაიძულებთ სტომატოლოგთან მისვლას იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა კბილის შენარჩუნების რაიმე გზა. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა "ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიური სამსახურის უფროსი ქეთევან დავლაძე.

–  პაროდონტის ანთების საწყისი ნიშნები, რომლებსაც თან ახლავს ღრძილებიდან სისხლდენა, 6-7 წლის ასაკიდან გვხვდება. ასაკთან ერთად პაროდონტის დაავადების გავრცელება და ინტენსივობაც იმატებს და ვითარდება დაზიანების უფრო მძიმე ფორმები, რომლებსაც თან სდევს პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბება. დღეისთვის პაროდონტის  დაავადება კბილების დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა.

– რა არის პაროდონტი?

– პაროდონტი ერთმანეთთან გენეტიკურად, ფუნქციურად და მორფოლოგიურად დაკავშირებულ ქსოვოლთა კომპლექსია, რომელიც გარს აკრავს და ყბის ძვალში აფიქსირებს კბილს. მის შემადგენლობაში შედის ღრძილი, კბილის დუღაბი, პერიოდონტი და ალვეოლური მორჩის ძვლოვანი ქსოვილი. მათ სისხლმომარაგების და ინერვაციის საერთო სისტემა აქვთ.

პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილღრძილოვან ნაპრალს. ის 0,5 მმ სიღრმისაა, გარს არტყია კბილს და მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით არის ამოფენილი. ეს სტრატეგიული ზონაა, აქ გამოვლინდება პაროდონტის პათოლოგიის პირველი სიმპტომები. სწორედ ამ უბანში იწყება ჯიბის ჩამოყალიბება.

პაროდონტოლოგიაში რამდენიმე სახის ჯიბეს განასხვავებენ: ღრძილოვანს, პაროდონტულს, ძვლოვანს და ცრუს.

ღრძილოვანი ჯიბე ანთების შედეგად წარმოიქმნება. ის ღრძილის საზღვრებში მდებარეობს და წარმოადგენს სივრცეს ანთებად ღრძილსა და კბილს შორის. კბილღრძილოვანი შეერთება ამ დროს დარღვეული არ არის.

პაროდონტული ჯიბის გაჩენა პაროდონტის ქსოვილის რღვევის შედეგია. ამ დროს კბილღრძილოვანი შეერთება დარღვეულია.

ძვლოვანი ჯიბე ძვალში ღრმა რღვევითი პროცესების შედეგად ვითარდება. ეს არის სივრცე კბილის ფესვსა და ძვლოვან ქსოვილს შორის.

ცრუ ჯიბე ჰიპერტროფიული გინგივიტის (ღრძილების ანთების) დროს ყალიბდება. კბილღრძილოვანი შეერთება არც ამ შემთხვევაშია დარღვეული.

ასაკობრივი ცვლილებები

– ღრძილის ქსოვილში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია ორგანიზმის დაბერებასთან. ამ დროს  ღრძილში შეინიშნება ეპითელური უჯრედების ატროფია, სისხლძარღვების გაფართოება და მათი კედლის გათხელება, ღრძილის ქსოვილებში ლიზოციმის (ბაქტერიების დამშლელი ფერმენტის) შემცველობის კლება.

60 წლის შემდეგ ვითარდება ღრძილის ატროფია, ფესვი შიშვლდება, წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბეები, ვითარდება ოსტეოპოროზი, პერიოდონტული ნაპრალი ვიწროვდება.

ასაკთან ერთად იმატებს სისტემური დაავადებების მკურნალობის მიზნით გამოყენებული პრეპარატების რაოდენობა. ეს პრეპარატები იწვევს ორგანიზმის დამცავი მექანიზმების დასუსტებას. ამის გამო ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ასაკი პაროდონტიტის განვითარების ერთ-ერთი ეტიოლოგიური ფაქტორია.

– კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს პაროდონტის დაავადება?

– პაროდონტის დაავადებების განვითარებაზე გავლენას ახდენს არაერთი ფაქტორი:

* სოციალური (ასაკი, სქესი, რასა, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა);

* ადგილობრივი (მიკრობული ყაეთანი, ტრავმა და სხვა);

* იატროგენული (დაბჟენის, პროთეზირების და ორთოდონტიული მკურნალობის დეფექტები);

* სისტემური (პუბერტატულ ასაკში, ორსულობისა და მენოპაუზის დროს პაროდონტში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები);

* მავნე ჩვევები (მწეველობა, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა);

* სხვადასხვა მედიკამენტის (სტეროიდული პრეპარატები, იმუნოდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები და სხვა) მიღებით გამოწვეული ცვლილებები.

პაროდონტიტი

– პაროდონტიტი პაროდონტის ქრონიკული მულტიფაქტორული ანთებითი დაავადებაა, რომელიც უკავშირდება ნადებში მიკროორგანიზმების ნორმალური ბალანსის რღვევას და კბილის საყრდენ-მაფიქსირებელი აპარატის პროგრესული დესტრუქცია ახასიათებს. დაავადებისთვის ტიპობრივია ღრძილების მკვეთრი სიწითლე და ხშირად სისხლდენაც, რაც ანთებით პროცესზე მიუთითებს. ღრძილების განლევა, კბილების პათოლოგიური მორყევა და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან (ჰალიტოზი) ასევე პაროდონტიტის სიმპტომებია.

– როგორ ხდება დიაგნოზის დადასტურება?

– გამოკვლევის მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა: ძირითად და დამხმარე მეთოდებად. ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება ანამნეზის შეკრება, ყბა-სახის მიდამოს გარეგანი დათვალიერება, პირის ღრუს დათვალიერება, ღრძილის, ალვეოლური მორჩისა და რეგიონული ლიმფური კვანძების პალპაცია. დამხმარეა კლინიკური, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული და ფუნქციური მეთოდები. მიღებული პასუხების საფუძველზე ექიმი სვამს დიაგნოზს და სახავს მკურნალობის გეგმას.

– როგორ მკურნალობენ პაროდონტის დაავადებას?

–  მკურნალობის გეგმა წარმოადგენს თავისებურ მარშრუტს, რომელსაც პაციენტი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს. მკურნალობა ხანგრძლივია და ექიმ პაროდონტოლოგისა და პაციენტის თანამშრომლობას მოითხოვს. ექიმის ამოცანაა არა მხოლოდ ცალკეული კბილის გადარჩენა, არამედ ჯანმრთელი პაროდონტის დიდხანს შენარჩუნებაც.

მკურნალობის გეგმა ისახავს შემდეგ ამოცანებს:

* ეტიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შემცირებას;

* პაროდონტული ჯიბეების სიღრმის შემცირებას და გაქრობას;

* ღრძილებისა და ყბის ძვლების ფიზიოლოგიური აგებულების აღდგენას;

* კბილების რესტავრაციით და შერჩევითი მოქლიბვით მათი ნორმალური შეთანასოვნების აღდგენას;

* ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენის საშუალებებით პაროდონტის მოვლას.

მკურნალობის საწყის, ნულოვან ეტაპზე ექიმმა პაციენტს უნდა შეასწავლოს პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის წესები და გაუჩინოს მოტივაცია, რომ რეგულარულად იაროს ექიმთან და მზად იყოს მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩასატარებლად.

პირველი ფაზაა ეტიოლოგიური, ანტიმიკრობული, ინფექციის საწინააღმდეგო, კონსერვატული მკურნალობა. ამ დროს ხდება კბილის მაგარი და რბილი ნადებების პროფესიული მოშორება (დახურული კიურეტაჟი). მკურნალობის ამ ფაზაში პროცედურები ყველა პაციენტისთვის ერთი და იგივეა, მაგრამ მათი თანმიმდევრობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს. კერძოდ, ზოგჯერ საკმარისია დახურული კიურეტაჟი მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ზოგჯერ კი დახურული კიურეტაჟის შემდეგ საჭიროა პირდაპირ ქირურგიული მეთოდების გამოყენება.

მეორე ფაზა ქირურგიული მკურნალობაა. ღრმა პაროდონტული ჯიბეების არსებობისას და ფესვების მთელ სიგრძეზე ან გაორკაპების მიდამოში დაზიანების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

მკურნალობის მესამე ფაზა პრევენციულ  ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს მოიცავს. ზემოთ აღწერილი მკურნალობიდან 2-3 თვის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი საკონტროლო დათვალიერება. თუ შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ექიმი პაციენტს მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩასატარებლად 3 ან 6 თვის შემდეგ იბარებს, ხოლო თუ ცალკეულ უბნებზე ისევ შეინიშნება პრობლემა (დარჩენილია ჯიბე, ღრძილებიდან დის სისხლი), იმეორებენ მკურნალობას დახურული კიურეტაჟის ან ქირურგიული მეთოდებით. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ანთების საწინააღმდეგო აპლიკაციური პრეპარატების დანიშვნა.

კბილების შინირება

– პაროდონტის დაავადებათა დროს კბილთა მორყევას ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქცია განაპირობებს. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა არტაშანის დადება ანუ შინირება, რომელიც, შერჩევით მოქლიბვასთან ერთად, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს პაროდონტის ფუნქციური გადატვირთვის შემცირებისა თუ მოხსნისთვის. ეს, თავის მხრივ, ქმნის პათოლოგიური პროცესის შეჩერების წინაპირობას, ხელს უწყობს პაროდონტის ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის კომპლექსური მკურნალობის ეფექტიანობას.

– რა უპირატესობა აქვს შინირებას?

– პაროდონტული არტაშანი ეწოდება კონსტრუქციას, რომელიც გვერდიგვერდ მდგომ კბილებს ერთ ბლოკში აერთიანებს, თანაბრად ანაწილებს კბილებზე მოქმედ ღეჭვით ძალას და აღმოფხვრის ტრავმულ ოკლუზიას. შინირება ამცირებს იმობილიზებული კბილების მორყევას, ახდენს ფუნქციური დატვირთვის გადანაწილებას და ჰორიზონტალური დატვირთვის ამორტიზაციას. მისი ჩატარების ჩვენებაა: პაროდონტიტის გამო კბილის საყრდენ-მამოძრავებელი სტრუქტურის რღვევა, ოკლუზიური ტრავმის გამო კბილის საყრდენ-მამოძრავებელი სტრუქტურის ცვლილება, მკურნალობის პროცესში პაროდონტის ქსოვილების ხანმოკლე ტრავმა, ავტოსაგზაო შემთხვევის ან სხვა მიზეზით მიღებული მწვავე ტრავმა, ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა.

კბილების იმობილიზაცია წარმოადგენს კბილების მკურნალობის ერთ-ერთ უძველეს მეთოდს. ორთოპედიული შინირებისთვის გამოყენებულ კონსტრუქციებს არაერთი ხარვეზი აქვა: კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირების აუცილებლობა, არასაკმარისი ესთეტიკურობა, დამზადების სირთულე, კონსტრუქციის სიძვირე, მომზადების პროცესის ხანგრძლივობა და სხვა. თერაპიურლი შინირება ყოველთვის ორთოპედიულის პარალელურად ვითარდებოდა. მასალათმცოდნეობის განვითარების შედეგად დაიხვეწა შინირებისთვის გამოყენებული მასალების ხარისხი.

– რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის ჩატარებამდე?

– მოქმედების ვადის მიხედვით შინირებისთვის გამოყენებული კონსტრუქციები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად, რომელთა მოხსნა მხოლოდ საჭიროებისამებრ არის ნებადართული:

1. დროებითი კონსტრუქცია – გამოიყენება ერთიდან რამდენიმე თვემდე;

2. ნახევრად მუდმივი – გამოიყენება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. შინირების ეს სახე დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება;

3. მუდმივი – ასეთი შინირება წლობით გრძელდება და ყბა-სახის მიდამოს რეაბილიტაციის ნაწილს წარმოადგენს.

ყოველგვარი სახის არტაშანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: კბილებისგან უნდა შეიქმნას ერთიანი ბლოკი და უნდა შეიზღუდოს კბილების მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით, არტაშანს უნდა ჰქონდეს კარგი ფიქსცია, არ უნდა აღიზიანებდეს ღრძილებს, არ უნდა აჩენდეს უბნებს, სადაც საკვები გაიჭედება, უნდა აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ მოთხოვნებს, მათი ფიქსაციისთვის არ უნდა იყოს საჭირო კბილების ძლიერი დამუშავება, გამოყენების პერიოდში არ უნდა იცვლიბოდეს მეტყველება.

ჩვეულებრივ, შინირება ტარდება შერჩევითი მოქლიბვის შემდეგ, განსაკუთრებით კარგი შედეგი მიიღება, როდესაც მას წინ უძღვის ქირურგიული ჩარევა – ძვლის ან მისი შემცვლელის გადანერგვა.

შინირების დროს აუცილებელია ინდივიდუალური ჰიგიენის წესების დაცვა, ინტერდენტალური ჯაგრისის, ე. წ. ზღარბუნა, და პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლების გამოყენება. როგორც მოგახსენეთ, დადებითი შედეგი ექიმისა და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

გზავნილი პაციენტებს: ფორმათა  მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველგვარი გინგივიტი არ გადადის პაროდონტიტში. დღეისთვის არ არსებობს მეცნიერული დასკვნა იმის შესახებ, გინგივიტის რომელი ფორმა შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტის ანთებაში. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ გინგივიტისგან გათავისუფლებისა და პაროდონტიტის პრევენციის ერთადერთი გზა თერაპიული მკურნალობაა.

მარი მარღანი

გააზიარე: