იოველ ქუთათელაძე – მეცნიერული ფარმაციის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ქართული ფარმაციის ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც მითი არგონავტების შესახებ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ მეფე აიეტის დროს კოლხეთში სამკურნალო მცენარეთა ბაღები ყოფილა გაშენებული. თუმცა უმაღლესი ფარმაცევტული განათლების, ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობისა და ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარება საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებას და დიდი მეცნიერის იოველ ქუთათელაძის სახელს უკავშირდება.

იოველ ქუთათელაძე 1887 წლის 2 ოქტომბერს ხონში დაიბადა. მომავალ მეცნიერს ორი ძმა და ერთი და ჰყავდა. გრიგოლი, მათი მამა, ნაადრევად გარდაიცვალა და მინადორა ქელბაქიანმა მარტომ გაზარდა ოთხი შვილი. მოგვიანებით უფროსი ვაჟი თბილისის ერთ-ერთ აფთიაქს განაგებდა, შუათანა მხატვარი გახდა, ამერიკაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. იოველის და სტომატოლოგი იყო. თავად იოველმა ფარმაცია აირჩია.

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ოთხი კლასის წარჩინებით დასრულების შემდეგ მომავალმა აკადემიკოსმა აფთიაქარის მოწაფედ დაიწყო მუშაობა. 1903 წელს პროვიზორის თანაშემწის სპეციალობაზე ჩააბარა გამოცდები, კიდევ ორი წლის შემდეგ სიმწიფის მოწმობა აიღო და ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ოდესური ქარტეხილები

ნიჭიერ და შრომისმოყვარე იოველს უნივერსიტეტის კათედრაზე დარჩენაც კი შესთავაზეს, მაგრამ მან აფთიაქის ხელმძღვანელობა არჩია, რადგან ასე უფრო დაეხმარებოდა ოჯახს. მოკლე ხანში დედასთან ერთად და-ძმებიც ოდესაში წაიყვანა და სამივეს მისცა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება.

სტაბილური შემოსავლის გაჩენისთანავე იოველ ქუთათელაძემ ნოვოროსიის უნივერსიტეტში  ფარმაციის მაგისტრის წოდების მოსაპოვებელი გამოცდები ჩააბარა და იმავე წელს პროფესორ  მაგნუს ბლაუბერგის მიწვევით ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად  დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ გადადგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები როგორც მეცნიერმა და პედაგოგმა.

ორი წლის შემდეგ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე გადავიდა სამუშაოდ, სადაც გეოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პროფესორ პიოტრ ბორისოვის ხელმძღვანელობით სადისერტაციო თემის – “მასალები გვაიაკოლის ფარმაკოლოგიისათვის” – დამუშავებას მიჰყო ხელი.

1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო საბჭომ იოველ ქუთათელაძე ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ აირჩია, ხოლო 1919 წელს, დისერტაცის დაცვის შემდეგ – პროზექტორად.

პირველი მსოფლიო ომის დროს იოველ ქუთათელაძის წამოწყებითა და ხელმძღვანელობით არაერთი ღონისძიება გატარდა ფრონტის დასახმარებლად. მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო საბრძოლო მომწამლავ ნივთიერებათა საწინააღმდეგო სითხის დამზადება და ფრონტისთვის მისი მიწოდება.

ომის პერიოდში ოდესაში ინტელიგენციას განსაკუთრებით უჭირდა. შეიქმნა მეცნიერ თანამშრომელთა დახმარების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ იოველ ქუთათელაძე აირჩიეს. ცნობილი პათოფიზიოლოგი, პროფესორი ვლადიმირ ვორონინი, მოგვიანებით იგონებდა, რომ კომიტეტმა დიდი დახმარება გაუწია მეცნიერთა ოჯახებს და მრავალი მათგანი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან.

ომის დასრულების შემდეგ იოველ ქუთათელაძეს ჯერ პრივატ-დოცენტის, მერე კი პროფესორის წოდება მიენიჭა. 1920 წელს, მას შემდეგ, რაც ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ ინსტიტუტად, მერე კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა, ახალგაზრდა მეცნიერი ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს.

1921 წლის იანვარში, პროფესორ მაგნუს ბლაუბერგის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო აკადემიის საბჭომ იოველ ქუთათელაძეს ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგის თანამდებობა შესთავაზა და პროფესორის წოდება მიანიჭა. ამავე პერიოდში ის დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ოდესაში ქუთათელაძეების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს: ახალგაზრდა მუშას იოველის და - ბარბარე შეუყვარდა. ხელის სათხოვნელად მისული ბიჭი ოჯახმა უარით გაისტუმრა. სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ ბარბარე მოკლა, მერე კი თავი მოიკლა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: პირველი წლები, პირველი წარმატებები

ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ პეტერბურგში დაინტერესდა იოველ ქუთათელაძის სამეცნიერო მოღვაწეობით და  სახელმოხვეჭილ თანამემამულეს ასეთი წერილი მისწერა: "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიერ თქვენ არჩეული ბრძანდებით უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად. გთხოვთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დაჩქარებით გამოემგზავროთ საქართველოში და შეუდგეთ კათედრის ხელმძღვანელობას". მეცნიერმა სიამოვნებით მიიღო მიწვევა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ის ჩვეული ენერგიით შეუდგა პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ახალი დარგის აღორძინებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მაღალკვალიფიციური კადრები იყო საჭირო. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით, 1922 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებელი ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილების სახელწოდებით. თავდაპირველად მისი სასწავლო ბაზა  ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრა იყო, ხოლო 1924 წლიდან განყოფილებამ პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარე სახლში დაიდო ბინა. დიდი მეცნიერის სტუდენტი და შემდგომ მისი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, დოცენტი ლიდა რამიშვილი, იგონებდა, რომ ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებას მეტად მწირი ბიუჯეტი ჰქონდა, არც აპარატურა გააჩნდა, არც ქიმიური ლაბორატორია. 1923 წელს იოველ ქუთათელაძემ გამოსცა ფარმაცევტული რეცეპტურის პირველი სახელმძღვანელო და ამ წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანად განყოფილების გაფართოებასა და მოწყობას მოახმარა.

ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებაზე ისწავლებოდა არაორგანული, ორგანული, ფიზიკური, სასურსათო და ტექნიკური ქიმია, ფიზიკა, ბოტანიკა, მინერალოგია კრისტალოგრაფია, გეოლოგია, ადამიანის ანატომია, ჰისტოლოგია, ბიოლოგია-პარაზიტოლოგია, ფიზიოლოგია, ფარმაკოლოგია, ჰიგიენა, ბაქტერიოლოგია, ლათინური ენა. სპეციალური ფარმაცევტული განათლების ყველა ძირითად საგანს (ფარმაცევტულ, ანალიზურ, სასამართლო, ფიზიოლოგიურ და მომწამვლელ ნივთიერებათა ქიმიას, ფარმაკოგნოზიას, ფარმაცევტულ პრეპარატთა ტექნოლოგიას, ფარმაცევტულ რეცეპტურას, სამკურნალწამლო მცენარეთა მოშენებას) პროფესორი თავად ასწავლიდა.

1924 წლიდან იოველ ქუთათელაძე უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს განაგებდა, ხოლო პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1927-1930 წლებში, ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც ედგა სათავეში და ლექციებს კითხულობდა შესაბამის დისციპლინებში.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილება სახსრების უქონლობის გამო 1928 წელს დაიხურა. ორი წლის შემდეგ ის ფარმაცევტული ფაკულტეტის სახით აღდგა, მერე კი ფარმაკოქიმიურ ფაკულტეტად გადაკეთდა.

ჯერ კიდევ 1923 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებაში სტუდენტებისთვის გალენური პრეპარატების ტექნოლოგიის შემსწავლელი ნახევრად ქარხნული ლაბორატორია მოეწყო. აქ დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატს აწვდიდნენ. ეს გახლდათ ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების პირველი ნაპერწკალი.

იოველ ქუთათელაძემ მრავალწლიანი კვლევის შედეგად შეადგინა ადგილობრივი მდიდარი ბუნებრივი რესურსების ბაზაზე საქართველოში სამედიცინო მრეწველობის განვითარების პროგრამა, დასახა მისი პერსპექტივები და დაასაბუთა ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმოს გახსნის აუცილებლობა. მალევე თბილისში, კამოს ქუჩაზე, მართლაც აშენდა ქარხანა, სადაც ფარმაკოქიმიური ინსტიტუტის მიერ მიწოდებული სამკურნალო პრეპარატების წარმოება დაიწყო. 1936 წელს, იოველ ქუთათელაძის ძალისხმევით, გაიხსნა ბათუმის კოფეინის ქარხანაც, რომლის ორგანიზაციასაც ფარმაკოქიმიური ინსტიტუტის გამოკვლევები დაედო საფუძვლად.

სამედიცინო ინსტიტუტში

1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 1937 წელს მისი ფარმაკოქიმიური ფაკულტეტი დამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მის დირექტორად  ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი იოველ ქუთათელაძე დაინიშნა. 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი კვლავ სამედიცინო ინსტიტუტს შეუერთდა, ხოლო პროფესორს სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრების ხელმძღვანელობა მიანდეს.

იოველ ქუთათელაძეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. შექმნა სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისათვის: “ფარმაცევტული რეცეპტურა”, “სამკურნალწამლო ფორმათა ტექნოლოგია”, “ფარმაცევტული ანალიზი”. “ფარმაკოქიმიის სახელმძღვანელო”, “ქართული ფარმაკოპეია”, “ფარმაცევტული ტერმინოლოგია”, “ანალიზური ქიმია”, “ნივთიერებათა სინონიმები”. ამ წიგნებზე ექიმთა, პროვიზორთა და ბიოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა.

პროფესორს საინტერესო, მდიდარი მასალით გაჯერებული ლექციები ჰქონდა. თეორიის სწავლებას თან ახლდა სადემონსტრაციო ცდები, რომლებსაც იოველ ქუთათელაძე თვითონ  ატარებდა. ლექციებზე აუდიტორია სმენად იყო ქცეული. პათანატომი, პროფესორი ვლადიმერ ჟღენტი წერდა: “იოველ ქუთათელაძის მეცნიერულ მოღვაწეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მისი პედაგოგიური საქმიანობა. მისი ლექციები სანიმუშოა ფორმით და შინაარსით, გამოირჩევა გადმოცემის განუზომელი სიცხადით. იგი ბრწყინვალე პედაგოგია, რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის თავისი ნათლად და სწორად განსაზღვრული პრინციპები აქვს”.

დიდი მეცნიერი თავის მისიად მიიჩნევდა არა მარტო მცოდნე სპეციალისტების მომზადებას, არამედ პასუხისმგებლობიანი, პატიოსანი, პრინციპული, საქმის ერთგული მოქალაქეების აღზრდას. ბევრ დროს უთმობდა სტუდენტებსა და თანამშრომლებთან მუშაობას: ესწრებოდა სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, კითხულობდა ზოგადსაგანმანათლებლო ლექციებს, ფრთხილად და ტაქტიანად ამოწმებდა პედაგოგებს, ზერელე ცოდნას, სტუდენტისადმი არაპედაგოგიურ მიდგომას, საქმისადმი გულგრილობას არავის აპატიებდა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტთა, ასპირანტთა თუ ხარისხის მაძიებელთა გამოცდას. იყო მომთხოვნი, მაგრამ ზედმიწევნით ობიექტური და გულისხმიერი. სიამოვნებით უზიარებდა ცოდნას ყველას, ვისაც მეცნიერებისადმი ჭეშმარიტ მისწრაფებას შეამჩნევდა.

სამეცნიერო მუშაობა თბილისში იოველ ქუთათელაძემ იმ დონემდე აიყვანა, რომ დედაქალაქში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაარსება გახდა შესაძლებელი. 1932 წელს, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, გაიხსნა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ფარმაკოქიმიური ინსტიტუტი, რომელიც 1946 წელს – სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო 1961 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში გადავიდა. ამჟამად ინსტიტუტი თავისი დამაარსებლისა და შეუცვლელი დირექტორის სახელს ატარებს.

ინსტიტუტის ჩამოყალიბებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარებას, იოველ ქუთათელაძემ დაიწყო მცენარეული და მინერალური რესურსების შესწავლა და მედიცინაში მათი გამოყენება.

ოჯახი და მეგობრები

სამედიცინო წრეების წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერს დიდი მეგობრობა აკავშირებდა საქართველოში ფილოლოგიის ფუძემდებლებთან: სიმონ ყაუხჩიშვილთან,  არნოლდ ჩიქობავასთან, გიორგი ახვლედიანთან, შალვა ნუცუბიძესთან, აკაკი შანიძესთან...

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იოველ ქუთათელაძისა და ივანე ჯავახიშვილის მეგობრობა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დაარსების პირველი (1932-1936) წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ყველა თანამდებობიდან გათავისუფლეს. ელენე ქუთათელაძე იხსენებდა, როგორი აღშფოთებული იყო მისი მეუღლე ამ ამბით  და გულისწყრომას საზოგადოებაშიც არ მალავდა. ახალდაარსებულ ფარმაკოქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მან საგანგებოდ შექმნა სატერმინოლოგიო განყოფილება, რომლის გამგედაც ივანე ჯავახიშვილი მიიწვია. ფარმაკოქიმიურ ინსტიტუტში ჯავახიშვილი 1936 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა, სანამ კვლავ არ აღადგინეს ძველ თანამდებობებზე.

საქართველოში ფარმაციის მამამთავარს თავის უდიდეს საუნჯედ ოჯახი მიაჩნდა. მეუღლე, ქალბატონი ელენე, მთელი ცხოვრება ერთგულად ედგა მხარში. ცოლ-ქმარი ერთად უმკლავდებოდა ტრაგედიას – მათი ერთადერთი ვაჟი, გიგა, 28 წლის ასაკში უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა.

იოველ ქუთათელაძე 1963 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იოველ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

იოველ ქუთათელაძის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით დიდი ექიმის შვილიშვილებს ელიკო მჭედლიშვილს და ნანა ქუთათელაძეს.

მარი მარღანია

გააზიარე: