ნიკოლოზ კურტანიძე – 80

გააზიარე:

ივნისში კომპანია "ავერსის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, გამორჩეულ ქართველს, საუკეთესო ხელმძღვანელს, სანიმუშო ადამიანს, პოეტს, საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი პრემიების ლაურეატს და არაერთი სხვა ჯილდოს მფლობელს, ბატონ ნიკოლოზ კურტანიძეს, 80 წელი შეუსრულდება.

მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და საიუბილეო სამზადისმა (სამუშაო პროცესში ბევრ საინტერესო და საგულისხმო საკითხზე ვისაუბრეთ) მასთან დიალოგის თქვენთვის გაზიარება მომანდომა.

ბატონი ნიკოლოზი ჩვეული ღიმილით დამთანხმდა საუბრის გასაჯაროებაზე.

უცვლელად გთავაზობთ ჩვენს საუბარს. ჩემი აზრით, ასე გულწრფელად ბევრი ვერ (არ) ლაპარაკობს საკუთარ თავზე. სწორედ ეს მართალი სიტყვა და საქმეა ბატონი ნიკოლოზის შემოქმედებითი და პროფესიული გზის მთავარი საყრდენიც.

– როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებენ ადამიანები დღეს? წლების შემდეგ? 

ბატონმა ნიკოლოზმა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. გამიღიმა და მითხრა, ალბათ უმჯობესია, ეს მათ ჰკითხოთო.

მეც ერთი მათგანი ვარ, ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ჩემი შეფასება გაგიზიაროთ.

ნიკოლოზ კურტანიძე მართალი, ზნეკეთილი, გულისხმიერი ადამიანია. მისი ცხოვრების მიზანი ყოველთვის წინ სიარულია. ოპტიმისტური შემართებით გაუმკლავდა ცხოვრებისეულ სირთულეებს. მაშინაც კი, როდესაც 43 წლისას გულის ურთულესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციის წარმატებით დასრულების თითქმის არავის სჯეროდა, ოპტიმიზმით იყო სავსე, თითქოს დანამდვილებით იცოდა, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლიდა. ერთხელ სიტყვამ მოიტანა და მითხრა: "ერთდროულად ორ ადამიანს დაგვისვეს რთული დიაგნოზი. ოპერაციისთვის ერთი კვირის შემდეგ დაგვიბარეს. მას ჩემზე უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ძალიან განიცდიდა. სამწუხაროდ, ოპერაციამდე გარდაიცვალა".

ოპერაციის შემდეგაც იმედიანი შემართებით გააგრძელა ცხოვრება: "ახალი გული" მქონდა, რატომ უნდა შევშინებოდი ცხოვრებასთან ბრძოლასო, – და დაიწყო ახალი გზა: შეიცვალა სამოქმედო არეალი და კარი გაუღო გულში ნაფერებ სტრიქონებს. ოპერაციის შემდეგ მისთვის უფრო ნათელი გახდა, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ერთი წამია, სიცოცხლე კი წუთია, წუთისოფელი. ამიტომ არ დაუზოგავს თავი არც საქმით, არც სიტყვით. არც სიკეთეს დაგიკარგავს და შენიშვნასაც სიფრთხილით, მაგრამ მაინც გეტყვის, რათა სწორი გზით სიარულში დაგეხმაროს.

რთულია ცხოვრების გზა, უამრავი აღმართ-დაღმართი, უამრავი დაბრკოლება შეგხვდება. ბატონი ნიკოლოზი სულ ცდილობს, ამ გზაზე თავად იყოს მოყვასისთვის გზის მანათობელი სანთელი.

სამაგალითოა მისი წარსულიც და აწმყოც. დარწმუნებული ვარ, მომავალი უფრო თამამად შეაფასებს. მრავლად გაიხსენებენ მის მიერ გაცემულ სიკეთეს, გაწვდილ ხელს, ხმამაღლა ისაუბრებენ იმაზე, როგორ შეცვალა მათი ცხოვრება, როგორ გახდა მათი გადამრჩენელი ჩუმი, უხმაურო, მტკიცე ნაბიჯებით მოსიარულე თავმდაბალი კაცი. ისაუბრებენ მის სიყვარულით სავსე შემოქმედებაზე, იდეებსა და მიზნებზე, რომლებიც ყოველთვის პასუხობდა და ზოგჯერ უსწრებდა კიდეც დროს.

ასეთია ჩემი თვალით დანახული ნიკოლოზ კურტანიძე – ჩემი საუკეთესო ხელმძღვანელი, ადამიანი, რომლის ცხოვრებისეული მაგალითის წყალობით სირთულეების აღარ მეშინია. მისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, გზა ყოველთვის მოიძებნება.

დღევანდელ დღეს უკეთესი ხვალინდელი დღე უნდა შეაქმნევინოთ – ასეთია ჩემ მიერ ერთი წინადადებით დახასიათებული ნიკოლოზ კურტანიძე.

დანარჩენს კი თავად გვეტყვის.

– რომელია თქვენი ბავშვობის საუკეთესო მოგონება? რა გენატრებათ ყველაზე მეტად იმ დროიდან?

– ჩემი ბავშვობის სახლი. ეზოში ვდგავარ პატარა ბიჭი, ფეხშიშველი. ბაღის ბოლოში ტყემალი ყვავილობს. თითქოს უზარმაზარი მზეა გაჭედილი ხეში და უამრავი თეთრი პეპელა ეხვევა მის სინათლეს.

ბავშვობის მოგონებებმა ჩემს შემოქმედებაშიც დაიდო ბინა. ჩემს ლექსებშიც ბევრჯერ გაცოცხლდა გარდასული წლები. ახლა უცებ გამახსენდა ლექსები: "ბავშვობის საქართველოდან" და "მტკიცედ, სუფთად, უცვლელად". ორივე პასუხობს თქვენს კითხვას.

 

ბავშვობის საქართველოდან

 

ის გაზაფხული სხვა იყო,

ის ცრემლი ვაზის ღეროდან,

ჩემი სიცოცხლე დაიწყო

ბავშვობის საქართველოდან.

 

ის მზის ამოსვლა სხვა იყო -

ოქროსფერვარაყიანი,

ბალახზე – მთვარის ცრემლები,

შარაგზა ტალახიანი,

 

ღობეზე – თეთრი ტყემლები,

პატარძლის საკაბიანი

ბიბინი ატმის ყვავილის,

ვარდის ფერბადახშიანის.

 

დილის სიმღერა ნიავის

ტყის პირზე მწვანე მდელოდან,

ჩემი სიმღერა დაიწყო

ბავშვობის საქართველოდან.

 

ის აღმაფრენა სხვა იყო

სიცოცხლის აყვავილება,

პირველი გულის ფრთხიალი,

პირველი გახალისება,

ნაკადულების ლიკლიკი,

ღელეში მათი დინება,

 

ლურჯთვალა იის ღიმილი,

თოვლი რომ თავს ადნებოდა,

მისი ღიმილი მომყვება

ბავშვობის საქართველოდან.

 

ის გაზაფხული სხვა იყო

ის ცრემლი ვაზის ღეროდან

სიყვარულიც იქ დაიწყო,

ბავშვობის საქართველოდან.

 

მტკიცედ, სუფთად, უცვლელად

 

არაფერი აღარ მახსოვს,

სხვაგან როდის რა მოხდა,

მახსოვს, მხოლოდ ბავშვობაში

რომ მოვრბოდი კალოდან.

 

ტყემლებში გახლართულიყო

ჩვენს შარაზე დიდი მზე,

შაშვი იჯდა და გალობდა

იმ ერთადერთ ტირიფზე.

 

ლაჩხაურში რომ იდგა და

მარტოდმარტო ხარობდა,

წითელმა ხბომ რომ ისკუპა,

ნაკადულზე გადმოხტა.

 

აღარ მახსოვს, სად მსმენია

მასზე უფრო ტკბილი ხმა,

ყანაში რომ მღეროდნენ და

აიტაცა ტირიფმა.

 

ბავშვობაში რომ მეგონა,

თითქოს ვუსმენ წამიერს,

რა ვიცოდი, რომ ვუსმენდი,

თურმე მრავალჟამიერს.

 

რომ მღეროდა, მამა-ბიძა

სუფთა ქართულს მღეროდა,

ვუსმენდი და ვღიღინებდი

მეც ტირიფის ჩეროდან...

 

ახლაც ვუსმენ, რაღაც გრძნობა

მეუფლება წარსულის,

მოკრძალება მეუფლება

სიმღერების – ქართულის.

 

ის სიმღერა მახალისებს

დღესაც ყანის პირთანა.

არაფერი არ მსმენია

იმის მერე მისთანა.

 

ო, რამდენი მირბენია,

დიდი მზისგან გატრუსულს...

ბავშვობა თუ შეინახავს,

ხალხო, ისევ ქართულ სულს!

 

გთხოვთ, ნუ დაანაგვიანებთ

ბავშვის სუფთა გონებას

უცნაური მანჭვა-გრეხით,

უცნაური ჰანგებით,

თორემ მითქვამს: ქართველობა

მომავალში წავხდებით.

 

გადაშალეთ თქვენი ბავშვის

წლები სუფთა ფურცლებად

და ჩაწერეთ შიგ ქართული...

მტკიცედ, სუფთად, უცვლელად.

– მშობლებზე მოგვიყევით.

– კარგი მშობლები მყავდა. რაც დრო გადის, ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები. ორივე ძალიან სუფთა, კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, ღირსეული, პატიოსანი, მშრომელი და კაცთმოყვარე.

მახსოვს, ერთხელ სკოლიდან ვბრუნდებოდი. ფიზკულტურის გაკვეთილზე კარგად გავერთეთ. მეც მომინდა, შინ სავარჯიშოდ ძელი გამეკეთებინა. გზად მეზობლის ვენახში კარგი სარები შევამჩნიე. სწორედ ისეთი, ჩემი ჭკუით, მე რომ გამომადგებოდა. დაუფიქრებლად გადავხტი და ექვსი ცალი ამოვაძრე.

საღამოს, ჩვენს ეზოში პლატონა კურტანიძე რომ დავინახე, გული ამიფრთხიალდა. მამას ელაპარაკებოდა. მამამ დამიძახა და ყური ამიწია, როგორ გაბედე და შემარცხვინეო. მაშინვე ჩემი ხელით ჩამაგებინა ყველა სარი. დღემდე მახსოვს ის სირცხვილი. მამას თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი დანაშაული. იქვე დავუდე პირობა საკუთარ თავს, რომ ჩემს მშობლებს არასოდეს შერცხვებოდათ ჩემ გამო. მას შემდეგ ისინი უმეტესად ამაყობდნენ ჩემით (იღიმის).

ბავშვობაში სულ მიკვირდა, რატომ არ მუშაობდა მამაჩემი სტალინის ადგილზე. ის იყო ჩემთვის უკონკურენტო ლიდერი.

– თავად როგორი შვილი იყავით?

– ვფიქრობ, ჩემს მშობლებსაც არ ჰყოლიათ ცუდი შვილი (იღიმის). ძალიან თბილი ოჯახი გვქონდა. ერთმანეთს დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვეპყრობოდით. ძმებს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენს მეუღლეებს, შვილებს... მშობლებს ყველაზე მეტად ეს უხაროდათ.

დედა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ჩემს ფინანსურ წარმატებას, თუმცა ძალიან უხაროდა, როდესაც ჩემი სტიპენდიით შეძენილ პურის ფქვილს მივიტანდი ხოლმე შინ. მწვანე ოქროს მეძახდა –  ფერი არ გაქვს ოქროსი, მაგრამ ბუნებით ოქრო ხარო. არც ახლა გამოვირჩევი დიდი ფეროვნებით, მაგრამ მაშინ უფრო უფერული, მწვანე ბავშვი ვიყავი (იცინის).

ძმებსაც არასოდეს არაფერი დაგვნანებია ერთმანეთისთვის. მახსოვს, ერთხელ ოთარი სტუმრად მიიწვიეს. პერანგი არ ჰქონდა და ბიძაშვილს სთხოვა. პერანგი დაჭმუჭნული იყო. ჩემმა ძმამ დაუთოება გადაწყვიტა. ბიძაშვილმა აივნიდან დაინახა, ოთარი უთოს რომ ახურებდა, მოირბინა და პერანგი გამოართვა: გაფუჭდება, თუ გინდა, ისე ჩაიცვიო. ოთარმა პერანგი უკან გაატანა. მე ძალიან განვიცადე ძმის გამო. იმხანად მეზობლის, ლიზა გელბახიანის ძროხას ვმწყემსავდი. თვის ბოლოს ასი მანეთი უნდა მოეცა. გავიქეცი და ვთხოვე, თუ შეგიძლია, საფასური წინასწარ მომეცი-მეთქი. მეზობელმა მაშინვე გამომიტანა ფული. გახარებული დავბრუნდი შინ. ოთარი მაშინვე წავიდა და პერანგი შეიძინა. ზუსტად ასი მანეთი ღირდა.

ასეთი ძმობა გვაქვს დღემდე.

– ვინ არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენს პიროვნებაზე?

– ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ეკისრება პედაგოგს, კარგ მასწავლებელს. დღემდე მახსოვს ბაბუცა მოცრაძის, ჩემი პირველი მასწავლებლის, გაკვეთილები. საოცარი სიფაქიზით გვექცეოდა. გვიფრთხილდებოდა, გვზოგავდა ბავშვებს. იმავდროულად, პასუხისმგებლობის გრძნობას გვიღვივებდა. ფეხშიშველები, მშივრები დავდიოდით სკოლაში. განათლების დიდი მნიშვნელობა მშობლებმა და ბაბუცა მასწავლებელმა დამანახეს.

სისუფთავით და ლამაზად ჩაცმით ჩემთვის მაგალითები იყვნენ მასწავლებელი პრიმენ გრძელიშვილი და სკოლის სასწავლო ნაწილი შოთა ჭიხორია.

– რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

– მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი. ძალიან მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკური სირთულეების დაძლევა. საერთოდაც მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება, ახალი გზის პოვნა. მეშვიდე კლასს ვასრულებდი, მეგობარმა ბიჭმა რომ მითხრა, ქუთაისში, სამთო ტექნიკუმში, მერვე კლასიდან იღებენ, კარგ მოსწავლეებს თურმე 287 მანეთი სტიპენდია ერიცხებათ, თუ სულ ხუთიანები გექნება, 360 მანეთს მოგცემენო. ამ ამბავმა მოსვენება დამაკარგვინა. ვისწავლიდი და თან ფულს მომცემდნენ! ჩვენი ოჯახისთვის ეს თანხა დიდი შეღავათი იქნებოდა.

სურვილი მშობლებს რომ გავუმხილე, იუარეს – ახლა შენი გასამგზავრებელი არც ფული გვაქვს და შენც ძალიან პატარა ხარ, უცხო ქალაქში როგორ იქნებიო?! ძმამ, ჯუმბერმა დამიჭირა მხარი: ფული ვისესხოთ, როგორმე გავისტუმრებთ; წავიდეს, ისწავლოს. ყოჩაღია, თავს არავის დააჩაგვრინებსო.

მეზობელმა ოჯახმა გვასესხა გასამგზავრებელი თანხა. ტანსაცმელი ბიძაშვილის ცოლმა – გოგუცამ შემიკერა.

მეგონა, ოჯახს დავეხმარებოდი, მაგრამ გავწბილდი. მხოლოდ ივლისში მოვახერხე ერთი ტომარა პურის ფქვილის ყიდვა.

ასეთი იყო ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი პირველი ნაბიჯი.

ინსტიტუტში ჩაბარებისას კი უკვე იმ დროისთვის "პრესტიჟული" პროფესია – ავტომატიკა-ტელემექანიკა ავირჩიე.

– რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

– არაფერს. ვერაფერს გავიმეტებდი. განვლილი გზა, თავისი ტკბილ-მწარე დღეებით, გამარჯვებებით და ტკივილებით ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ამ გზაზე სულ ვფრთხილობ, ადამიანებს გული არ ვატკინო. პირიქით, წავახალისო, რომ მიზნები დაისახონ – გზა ყოველთვის გამოჩნდება. გამარჯვება არ არის ძნელი, თუ შენი თავის და შენ გვერდით მყოფი ადამიანების გჯერა.

– რით ამაყობთ?

– ყოველ ადამიანს ბევრი რამ აქვს საამაყო, მათ შორის მეც. ადამიანი უნდა ამაყობდეს თავისი ცხოვრებით, თავისი გაკეთებული საქმით. თავად თუ არ მოგწონს, რასაც აკეთებ, სხვა როგორ მოიწონებს?!

მთავარია, ამპარტავნებაში, უგუნურებაში არ გადაიზარდოს შენი სიამაყე.

მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, შვილებით, ჩემი შთამომავლებით. ვამაყობ ჩემი მეგობრებით. ვამაყობ ჩემი სამშობლოს ლამაზი მთა-ბარით, ქართული მრავალჟამიერით. ყველა იმ სიკეთით, რაც კი მომეცა.

ვამაყობ "ჩემი მერცხლებით" – მოსწავლე ახალგაზრდობის ლიტერატურული სალონით, რომელიც ქუთაისში გაიხსნა და ჩემი სახელობისაა. უკვე თოთხმეტი წელია, ამ სალონს ალექსანდრე მესხორაძე და ნანა დიაკონიძე უძღვებიან, ისინი ბავშვებთან ერთად ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, ხელს უწყობენ ქართული ენის სიწმინდის დაცვას, ქართული მწერლობისა და პოეზიის პოპულარიზაციას.

– როგორია თქვენი ერთი დღე?

– წლები გავიდა, ჩემი სამუშაოს სპეციფიკა შეიცვალა. ახლა სხვაგვარია ჩემი სამუშაო დღე. წინათ თუ დღის განმავლობაში რამდენიმე ქალაქს ვსტუმრობდი, ახლა ძირითადად ოფისში ვმუშაობ, ჩემი განვლილი გზის, გაკეთებული საქმის თუ შემოქმედების ანალიზით ვარ დაკავებული, თუმცა არ ვჩერდები. ოპტიმისტი ვარ, სიახლის მაძიებელი, ამიტომ ახალ პროექტებსაც სიამოვნებით ვეჭიდები.

სამუშაო დღეს უწინდებურად 9 საათზე ვიწყებ და გვიან საღამოს ვასრულებ.

ცოცხალი არქივივით ვარ. ძველი ამბებიდან რამის გახსენება თუ დასჭირდათ, მეკითხებიან.

დიდად არ მტვირთავენ, ვგრძნობ, რომ მიფრთხილდებიან.

– რომელი ადგილი მიგაჩნიათ საუკეთესოდ მოგზაურობისთვის?

– ერთხელ ნახვას ყველა ადგილი იმსახურებს. წინათ ბევრს ვმოგზაურობდი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ახლა იმდენს ვეღარ დავდივარ, წლები თავისას შვრება. შვილები და შვილიშვილები აუმჯობესებენ ჩემს რეკორდებს, ღმერთმა მშვიდობით ატაროს.

ახლა ჩემთვის საუკეთესო ადგილები საირხე და ქუთაისია. იქ სხვაგვარია ყველაფერი. იქ სულ სხვანაირად ვსუნთქავ. ისე, როგორც ყველა ადამიანში, ჩემშიც გამორჩეულ ემოციებს იწვევს ჩემი ბავშვობის ველ-მინდვრები, სახლ-კარი. ბოჰემური ყოფა არასოდეს მიტაცებდა.

–  რა გიხარიათ, რა აღგაფრთოვანებთ?

_ მიხარია ადამიანების წარმატება, მიღწევები. მომავალ თაობას დიდი იმედით შევყურებ. დღეს ბევრი ახალგაზრდა მიდის უცხოეთში კარგი განათლების მისაღებად. მე მათ ძალიან ვგულშემატკივრობ, თუმცა ეს პროცესი მაფიქრიანებს კიდეც – ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, აქ უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ნიჭიერი, წარმატებული თაობის ქვეყნიდან წასვლის მაგალითი – 1921 წლის შემდეგ ერის გამორჩეული, პროგრესულად მოაზროვნე შვილები იძულებული გახდნენ, უცხოეთში გადახვეწილიყვნენ. ჩვენმა ქვეყანამ ეს გადაიტანა, თუმცა დღემდე გვატყვია მაშინდელი ემიგრანტობის კვალი. ამიტომ თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულიც კია, კარგი განათლება მიიღოს და დაბრუნდეს. ახლანდელი მასობრივი ემიგრაცია ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ამასაც გაუძლებს. საქართველო ბევრჯერ წამოდგა ფეხზე, ახლაც გავიმარჯვებთ!

– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

– შიშით არაფრის მეშინია, თუმცა საშიშად მიმაჩნია ძალაუფლების მქონე გაუნათლებელი, ბოროტი ადამიანები.

– თავისუფლება, სამშობლო, სიყვარული – რას ნიშნავს ეს სიტყვები თქვენთვის?

– თავისუფლება ჩემთვის, პირველ რიგში, კანონმორჩილებაა – როცა კანონის აღსრულება ხდება ერთმაგი სტანდარტით, როცა კანონი ყველასთვის სავალდებულოა. ყველაზე მეტად სწორედ თავისუფალი ადამიანები ემორჩილებიან კანონს, საზოგადოებრივ წესრიგს. თავისუფლება ზნეობრივი, მართალი ცხოვრების წესია. თავისუფლება სხვისი აზრის პატივისცემაა.

– თქვენ ავერსელი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის "ავერსის" ოცდაათწლიანი ისტორია?

– ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი განვლილი გზა, რომლის შედეგიც თვალნათლივ ჩანს. ჩვენი, ერთი ოჯახის, დიდი შრომის შედეგია, რომელიც დღეს საქვეყნო საქმედ იქცა.

ორი ადამიანის მუშაობასაც კი სჭირდება ხელმძღვანელი. ათიათასკაციანი კოლექტივის ხელმძღვანელობა მით უმეტეს არ არის ადვილი. ამაში ყველას გაგვიმართლა – პაატას აქვს გამორჩეული ლიდერის უნარები. ჩემი შვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ – სხვები ამბობენ.

ერთხელ ოზურგეთის კლინიკაში ერთმა პაციენტმა ჩემი ვინაობა რომ გაიგო, მოვიდა, ორივე ხელი ჩამომართვა და ვიდრე რამეს მოვახერხებდი, ხელებზე დამიწყო კოცნა. ძალიან დავიბენი და შევწუხდი. მითხრა: შენმა შვილმა თვალის ოპერაცია დამიფინანსა, მისი წყალობითაა, დღეს ჩემს შვილიშვილებს რომ ვხედავო. ამ ამბის გახსენება ახლაც საოცარ ემოციას იწვევს ჩემში. ვარ ამაყი მამა, ამაყი ავერსელი.

ვამაყობ ჩემი შვილიშვილებით, შვილებით, ჩემი მეუღლით. ჩვენ, უამრავ ავერსელთან ერთად, შევქმენით ქართული საქმის ოცდაათწლიანი ისტორია. მინდა, ასწლეულებს გასწვდეს "ავერსის" წარმატებული საქმე. მადლიერი ხალხის სიმრავლეს ვუსურვებ.

ისე, ალბათ ჯობია, "ავერსზეც" სხვებმა ისაუბრონ (იღიმის).

– 80 წელი... რა განცდებს იწვევს ეს რიცხვი თქვენში?

– ბედნიერების ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ! ეს ორი ადამიანის დამსახურებაა: ექიმის, პროფესორ ზორინის, და ჩემი მეუღლის – ნუნუ კურტანიძის.

მადლობა მათ.

მადლობა ღმერთს.

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ნიკოლოზ!

გილოცავთ მტკიცე და მართალი ნაბიჯით გავლილ რვა ათეულ წელს.

დაგილოცავთ სიცოცხლისა და მოყვასის სიყვარულით, რწმენით, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით გავლილ ცხოვრების გზას.

თქვენს შემთხვევაში ასაკი ნამდვილად მხოლოდ ციფრებია. თქვენი შემართება, მახვილგონიერება, შრომისმოყვარეობა სამაგალითოა თითოეული ავერსელისთვის, და არამხოლოდ.

მინდა, კიდევ მრავალჯერ მოგილოცოთ დაბადების დღე, მოგილოცოთ ავერსულად: გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

მაკა ქემაშვილი

რედაქციისგან:

ჩვენც, ჟურნალ “ავერსის” რედაქცია, უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ ბატონ ნიკოლოზს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებთ წელთა სიმრავლეს, ჯანმრთელობას, მრავალი საინტერესო იდეის დაბადებას და ხორცშესხმას. კიდევ დიდხანს ყოფილიყოს მისი მშვიდი, გულწრფელი ღიმილი ირგვლივ მყოფთათვის იმედისა და სიხარულის მომტანი.

გააზიარე: