პალიკო კინტრაია – ქართული მეანობა-გინეკოლოგიის ბერმუხა

გააზიარე:

ქართული მედიცინის სხვადასხვა დარგის ფუძემდებელთა შორის საპატიო ადგილი უკავია პროფესორ პალიკო კინტრაიას. ჟურნალი “ავერსი” დიდ მადლობას უხდის მის ოჯახს გულთბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი მოგონებების გაზიარებისთვის.

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პალიკო კინტრაია 1933 წლის 8 დეკემბერს თბილისში, იასონ კინტრაიასა და ოლია ხურცილავას ოჯახში დაიბადა. ჰყავდა უმცროსი ძმა რეზო და და – ნუნუ. მათთან იზრდებოდა მიხეილ ურიდიაც, რომელიც კინტრაიებს დიდხანს ღვიძლ ძმად მიაჩნდათ და უკვე მოწაფეობისას შეიტყვეს, რომ მიშა სინამდვილეში კინტრაიების დაობლებული დეიდაშვილი იყო, რომლის აღზრდა იასონმა და ოლიამ იტვირთეს. მიუხედავად ამისა, ბატონი პალიკო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ორი ძმა და ერთი და ჰყავდა. სამწუხაროდ, დღეს არცერთი აღარ არის ცოცხალი.

მედიცინა ბავშვობიდანვე აინტერესებდა. სხვები ეზოში რომ ბურთაობდნენ, პალიკო შინ იჯდა და კითხულობდა. უკვე მაშინ ჰქონია მიზნად, ავადმყოფებისთვის უანგაროდ ემკურნალა. ამ სულისკვეთებით ჩააბარა უმაღლესში და 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუდამ განსაკუთრებული პატივისცემით იგონებდა მასწავლებლებს: აკადემიკოს დიმიტრი გედევანიშვილს – ფიზიოლოგიის კათედრის გამგეს, პროფესორ თამარ დეკანოსიძეს – პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგეს, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილს – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორს, აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას – პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს.

მკვლევარი და ნოვატორი

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სამი წელი თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში, სამეანო განყოფილების გამგედ გაატარა. ღიმილით იხსენებდა იმ წლებს. როგორც თავად ამბობდა, ეს ის დრო იყო, როცა თიანეთში ქალი თუ უცხო მამაკაცს დაინახავდა, გზის მეორე მხარეს გადადიოდა.

თიანეთიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა ექიმმა მალევე მიიპყრო აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას ყურადღება. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიარა პალიკო კინტრაიამ 1961-1963 წლებში კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე, სადაც თანაავტორებთან ერთად პირველმა შეიმუშავა მშობიარობის დროს ნაყოფის პირდაპირი ელექტროკარდიოგრაფიის მეთოდი (1961 წ.). ეს იყო საეტაპო ნაშრომი მეანობაში, რადგან მანამდე ნაყოფის ფუნქციურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში დედის მუცლის წინა კედლიდან სტეთოსკოპით გულისცემის მოსმენით აფასებდნენ. ახალმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა ნაყოფის შესახებ პირდაპირი ინფორმაციის მიღება, რასაც პირდაპირი ელექტროენცეფალოგრაფიისა და რეოენცეფალოგრაფიის მეთოდების შემუშავება მოჰყვა.

1963-1966 წლებში პალიკო კინტრაია მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი იყო. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები ვაკუუმექსტრაქტორისა და სამეანო მაშების გამოყენებით”.

1968 წელს შემუშავდა ნაყოფისა და ახალშობილის კრანიოცერებრალური ჰიპოთერმიის მეთოდი, რამაც შესაძლებელი გახადა ჟანგბადის მწვავე უკმარისობის პირობებში ნაყოფის თავის ტვინის გამძლეობის მნიშვნელოვნად გაზრდა – ნაყოფის ჰიპოქსიის მკურნალობის მანამდე არსებული ყველა მეთოდი უეფექტო იყო, ვინაიდან ეყრდნობოდა ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას პლაცენტური სისხლის მიმოქცევის გზით, ეს გზა კი, როგორც ცნობილია, მძიმე ასფიქსიის დროს, ფაქტობრივად, გადაკეტილია. ჰიპოთერმია საგრძნობლად აქვეითებს ჟანგბადზე თავის ტვინის მოთხოვნას, რითაც ზრდის ამ ორგანოს გამძლეობას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. ამ საკითხის ღრმა კვლევის შემდეგ, 1971 წელს, პალიკო კინტრაიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ნაყოფის თავის ტვინის ჰიპოთერმია მშობიარობის დროს”.

1980 წელს დაინიშნა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, 2002 წლიდან გარდაცვალებამდე კი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

1977-1986 და 1997-2005 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი.

უკეთესი მომავლისთვის

მეანობა-გინეკოლოგიაში მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში პალიკო კინტრაიამ არაერთი მდგომარეობის მართვის ახალი, ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა და დანერგა. უამრავი დრო დაუთმო უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფისა და ახალგაზრდა სპეციალიტების მომზადების საკითხებს.

1966-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადების აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე – ასისტენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ. როგორც ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, ჩართული იყო ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში, როგორიცაა რეზიდენტურის პროგრამების შემუშავება, დანერგვა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება. მან სწორად შეაფასა ამ რეფორმების მნიშვნელობა, გვერდით დაუდგა ჯანდაცვის სამინისტროს დაბრკოლებების გადალახვაში, იყო შუამავალი და ფასილიტატორი ექიმებსა და სამინისტროს შორის ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებისას.

მონაწილეობდა გამოცდისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, იყო ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო-სასერტიფიკაციო სახელმწიფო კომისიის პირველი თავმჯდომარე მეანობა-გინეკოლოგიაში და ხარისხების მიმნიჭებელი საატესტაციო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით (1997-2003 წ.წ.). პირველად საქართველოში ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების მეორე საფეხურის ფორმირება – რეზიდენტურის კურსის დაარსება და პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება სპეციალობაში “მეანობა-გინეკოლოგია” პალიკო კინტრაიას სახელს უკავშირდება.

მეცნიერული ღვაწლი

პალიკო კინტრაიას სამეცნიერო კვლევის ძირითადი საკითხები იყო ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების გამოყენება მეანობასა და გინეკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, ნაყოფისა და ახალშობილის დაავადებათა პათოგენეზის შესწავლა, ნაყოფისა და ახალშობილის ადაპტაციის ცენტრალური სარეგულაციო მექანიზმების შესწავლა, ნაყოფი და ტკივილის პრობლემა, გარემო ფაქტორების გავლენა ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე, სტრესი და ორსულობა.

1961-1970 წლებში შემუშავდა მშობიარობის დროს ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ელექტროფიზიოლოგიური კრიტერიუმები. პირველად პალიკო კინტრაიას ძალისხმევით დადგინდა, რომ მშობიარობის დროს ნაყოფს ტკივილის შეგრძნების ავტონომიური რეგულაციის უნარი აქვს და შემოღებულ იქნა ნაყოფის აუტოჰიბერნაციის მცნება. ამან შესაძლებელი გახადა მძიმე მშობიარობის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებში დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ასფიქსიასა და პათოლოგიურ აუტოჰიბერნაციას შორის, რადგან ამ ორ მდგომარეობას სრულიად სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება.

პალიკო კინტრაიამ თანაავტორებთან ერთად დაადგინა ნაყოფის ძილ-ღვიძილის ბიორიტმის არსებობა და მასთან დაკავშირებული გულის მოქმედების თავისებურებანი (1981 წ.). მისსივე დამსახურებით პირველად შეიქმნა ნაყოფის თავის ტვინის პეპტიდური რუკა, გამოვლინდა 15 ნეიროპეპტიდი და დადგინდა, რომ ანტენატალური პერიოდის დასასრულს ნაყოფის თავის ტვინის პეპტიდერგული სისტემა იმყოფება ფუნქციური აქტივობის მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის შეგუებას ახალ პირობებთან. ასევე პირველად იქნა შესწავლილი ნაყოფის ნეიროპეპტიდების როლი სამშობიარო მოქმედების აღძვრასა და რეგულაციაში.

სამეცნიერო პრობლემა, რომელზეც მუშაობდნენ პროფესორი პალიკო კინტრაია და მისი ხელმძღვანელობით – პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი, იყო:

1. სტრესი და ორსულობა;

2. ორსულობის დრომდე მიუტანლობის პათოგენეზი და პათოგენეზური მკურნალობის მეთოდების შემუშავება.

გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ავტორია 14 გამოგონებისა, მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია და დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.

არის საქართველოს სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ნამდვილი წევრი.

1983 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1985 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია სამეანო-გინეკოლოგიური სეფსისის საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომებისთვის.

1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

1998 წელს აირჩიეს უნგრეთის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრად, 1988 წელს – ევროპის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრად, 1988 წელს – ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიის საზღვარგარეთელ წევრად. იყო ასევე რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.

2002 წელს არჩეულ იქნა რუსეთის ფედერაციის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრად.

სხვადასხვა დროს იყო საბჭოთა კავშირის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს წევრი მეანობა-გინეკოლოგიაში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საპრობლემო კომისიის წევრი და სხვა.

1980 წლიდან იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების (შემდგომ – მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის) უცვლელი ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა და მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებამ დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. მათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ იაპონიის დოკიოს უნივერსიტეტის, ინგლისის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებთან. ამ ხელშეკრულებათა ფარგლებში ერთობლივად შესრულებული ნაშრომები შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციებზე განიხილებოდა. 1980-2003 წლებში გაიმართა 23 ასეთი კონფერენცია და გამოიცა ნაშრომთა 23 კრებული საქართველოში, უნგრეთსა და იაპონიაში.

ასევე ნაყოფიერია პალიკო კინტრაიას ხანგრძლივი მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ მეან-გინეკოლოგად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში წელიწადში 150 000 ბავშვი იბადებოდა, დედათა სიკვდილიანობა 3,5-ჯერ შემცირდა და ეს მთელ საბჭოთა კავშირში სამაგალითო მაჩვენებელი იყო.

არანაკლები წვლილი მიუძღვის საქართველოში მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო თუ პრაქტიკულ მომზადებაში. დღეს ქვეყნის ყოველ კუთხეში მის მიერ აღზრდილი მეან-გინეკოლოგები უძღვებიან ამ ურთულეს საქმეს. 

პიროვნული თვისებები

პალიკო კინტრაია ბევრ დროს უთმობდა ახალგაზრდებთან მუშაობას. სამსახურში მიღებამდე ახალბედა სპეციალისტებს მკაცრ გასაუბრებას უწყობდა, მაგრამ თუ შეატყობდა, რომ ექიმი გონიერი და საზრიანი იყო, მასთან დაუღალავად იწყებდა მუშაობას, აძლევდა დავალებებს და დაწვრილებით ეკითხებოდა მასალას. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ენერგიას და მხნეობას მმატებსო, ამბობდა. ერთი შეხედვით, მკაცრი და შეუვალი ჩანდა, თუმცა სინამდვილეში უაღრესად ყურადღებიანი და გულისხმიერი იყო და დაყვავებაც იცოდა. თავმდაბალი, მორიდებული და მოკრძალებული, უდრეკი ხდებოდა, როდესაც ინსტიტუტის კეთილდღეობას ემუქრებოდა საფრთხე. იმავდროულად, იყო უაღრესად განათლებული, შესანიშნავი მოსაუბრე, მეცნიერი, მეგობარი და კოლეგა, კარგი ორატორი და დახვეწილი იუმორის პატრონი.

ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ახსოვთ როგორც მზრუნველი მეუღლე, მამა და ბაბუა. მისი ცხოვრების თანამგზავრი, ქალბატონი ნუცა ჩხაიძე, 47-ე საშუალო სკოლის დამსახურებული პედაგოგი, ამბობს, რომ მეუღლე მისთვის საიმედო საყრდენი იყო. მათი ღირსეული შვილები მამის კვალს გაჰყვნენ. ნინო ექიმი პედიატრია, თუმცა აქტიურ საექიმო პრაქტიკას აღარ ეწევა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: ნიკა და ნუცა ქურხულები. ნიკოლოზ კინტრაია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეანობა-გინეკოლოგიაში თსსუ სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი გახლავთ, ჰყავს მეუღლე, პროფესიით ექიმი ფატი ცაავა და სამი შვილი – ნინი, ლუკა და ანასტასია კინტრაიები.

პალიკო კინტრაია 2019 წლის 28 ოქტომბერს, 85 წლისა გარდაიცვალა. მიუხედავად ასაკისა, მას ბევრი გეგმა დარჩა განუხორციელებელი. გარდაცვალებამდე მუშაობდა ნაშრომზე, რომელიც ნაყოფის კვლევას ეხებოდა, კვლევის მთავარი კითხვა კი ასეთი იყო: “გრძნობს თუ არა ნაყოფი ტკივილს?” ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეანობაში ბევრ, ჯერაც აუხსნელ ფენომენს მოჰფენდა ნათელს...

მარი მარღანია

გააზიარე: