თუთია – სუპერელემენტი ფართო შესაძლებლობებით

გააზიარე:

თუთია ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. რაში იყენებს მას ჩვენი ორგანიზმი და რა საფრთხეს უქადის მისი დეფიციტი ჯანმრთელობას, ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი ანა ხარჩილავა გვესაუბრა.

– რა არის და რაში გვჭირდება თუთია? 

– თუთია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. ორგანიზმი მას თავად ვერ წარმოქმნის, თუმცა შეუძლია, მცირე ხნით შეინახოს, ისიც – ძალიან ცოტა, ორ მილიგრამამდე, ამიტომ თუთია რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვების საშუალებით.

სასიცოცხლო პროცესების სრულყოფილად წარმართვისთვის თუთია აუცილებელია. ის ორგანიზმში მიმდინარე არაერთ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს,  მაგალითად:

* სამასამდე ფერმენტის სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის;

* დნმ-სა და ცილის სინთეზში;

* ტესტოსტერონისა და ინსულინის სინთეზში;

* ნორმალურ სპერმატოგენეზში, ნაყოფის ზრდასა და ემბრიონის განვითარებაში;

* A ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში.

გარდა ამისა:

* ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;

* ხელს უწყობს ჭრილობების (მათ შორის – პოსტოპერაციულის) შეხორცებას;

* უზრუნველყოფს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას;

* მის გარეშე წარმოუდგენელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობა, კერძოდ, მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობა. თუთიის ადეკვატური მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება, იმავდროულად, ლორწოვანი გარსის სტრუქტურასაც აუმჯობესებს, რითაც ვირუსებს ხელს უშლის მიმაგრებასა და შეღწევაში;

* საჭიროა სმენის, მხედველობის, ყნოსვისა და გემოვნების ჩამოსაყალიბებლად.

– რამდენი თუთია გვჭირდება დღე-ღამეში?

– ეს ასაკზე, სქესსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. 9 წლამდე მოთხოვნა ერთნაირია, ხოლო 9 წლიდან ვაჟებს უფრო მეტი თუთია სჭირდებათ, ვიდრე გოგონებს.

ცხრილში მოცემულია თუთიის ასაკობრივი სადღეღამისო ნორმები აშშ-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით:

საკი                           კაცი          ქალი

6 თვემდე   -                2 მგ           2 მგ

7-დან 12 თვემდე -       3 მგ          3 მგ

1-დან 3 წლამდე -         3 მგ          3 მგ

4-დან 8 წლამდე -         5 მგ          5 მგ

9-დან 13 წლამდე -       8 მგ          8 მგ

14-დან 18 წლამდე -     11 მგ        9 მგ

19 წლიდან -                11 მგ         8 მგ

ორსულებისთვის მეოთხე თვიდან და და მეძუძური დედებისთვის რეკომენდებულია 9-დან 13 მილიგრამამდე თუთია.

თუთიის ადეკვატური მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ზრდისა და განვითარების შეფერხება გამოიწვიოს.

თუთიაზე მოთხოვნას ზრდის დამატებითი ფიზიკური დატვირთვა და სტრესი. ასეთ სიტუაციებში თუთიის მიღება შესაბამისად უნდა გაიზარდოს.

თუთიის ადეკვატური მიღება ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, მოხუცებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ქალებისთვის, რომლებიც ესტროგენის პრეპარატებს იღებენ და ორივე სქესის პირებისთვის, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს.

ძუძუთი კვების დროს ჩვილისთვის საჭირო 2 მგ თუთიის მიწოდებას დედის რძე უზრუნველყოფს. დეფიციტისგან გვაზღვევს დამატებითი კვების დროული დაწყებაც.

– როგორ მივიღოთ საჭირო რაოდენობის თუთია?

– უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, რამდენ თუთიას შეიცავს საკვები, არამედ ამავე საკვებში შემავალი სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ამ ელემენტის შეწოვას აფერხებს ან აძლიერებს.

მაგალითად, ფიტატები იკავშირებს თუთიას და ხელს უშლის მის ათვისებას. ამ ნივთიერებებს უხვად შეიცავს პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, თესლეული, თხილეული.

თუთიის შეწოვას ასევე აფერხებს: ოქსალატები, რომლებიც დიდი რაოდენობით არის ისპანახში, რევანდში, ჭარხალში, კაკაოში, შავ ჩაიში, ნიახურში, თხილში, მარწყვში, ღვიძლში; რძესა და რძის ნაწარმში შემავალი კაზეინი; კალციუმი და ფოსფორი; ტანინები (შეიცავს ჩაი და ყავა); ჭარბი რკინა, სპილენძი და კადმიუმი; ზოგიერთი წამალი, მაგალითად, პენიცილამინი, ნატრიუმის ვალპროაქტი და ეთამბუტოლი.

მეორე მხრივ, თუთიის ათვისებას ხელს უწყობს ცილები და ლიმონმჟავა, C ვიტამინი კი ამ ელემენტის კოფაქტორად მიიჩნევა და მის ეფექტიანობას ზრდის.

ფიტინის რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის. ამისთვის თუთიით მდიდარი მარცვლეული, პარკოსნები და თესლეული მთელი ღამით წყალში უნდა დავტოვოთ.

– სად ვიპოვოთ თუთია?

– თუთია უკეთესად აითვისება ცხოველური საკვებიდან. დღიური მოხმარების ნახევარზე მეტი სწორედ ასეთი საკვების წილად მოდის. ცხოველური საკვებიდან ორგანიზმს – 40 პროცენტამდე, ხოლო მცენარეულიდან 20 პროცენტამდე თუთიის შეწოვა შეუძლია.

ცხოველური საკვებიდან თუთიის საუკეთესო წყაროა: თევზი და ზღვის პროდუქტები, მაგალითად, ხამანწკები (8-9 მგ 100 გრამში), მოლუსკები, კიბორჩხალები, ლობსტერები, საქონლის, ღორისა და  ფრინველის ხორცი (2-5 მგ 100 გრამში), კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი, განსაკუთრებით – ყველი (2-5 მგ 100 გრამში).

მცენარეული საკვებიდან:

* ქერი, ხორბალი;

* კარტოფილი, მწვანე ბარდა, ლობიო, ოსპი, ბროკოლი, გოგრა,   ისპანახი;

* თხილეული და თესლეული, განსაკუთრებით – ნუში, კეშიუ, გოგრის თესლი, სელი.

თუთიის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა შავი შოკოლადი.

შედარებით ნაკლებია თუთია ხილში.

შენახვა თუთიაზე, ვიტამინებისგან განსხვავებით, არც ისე დიდ გავლენას ახდენს, ანუ რაც უნდა დიდხანს შევინახოთ საკვები, ამ ელემენტის შემცველობა მასში თითქმის არ იკლებს. ხარშვისას თუთია ნახარშში გადადის, ამიტომ ეცადეთ, ნახარშიც გამოიყენოთ. თუ წვენი არ გინდათ, ორთქლში მოხარშვა ან ცხიმში მოშუშვა ჯობია.

საკვების ინდუსტრიული დამუშავების (მაგალითად, მთლიანი მარცვლეულისგან თეთრი ფქვილის მიღების) პროცესში თუთიის შემცველობა საგრძნობლად მცირდება. ასე რომ, თუ ხშირად მიირთმევთ თეთრ ფქვილს, სახამებელს, გაპრიალებულ ბრინჯს, ყურადღება მიაქციეთ თუთიის ადეკვატურ მიღებას.

– როგორ განისაზღვრება თუთიის დონე ორგანიზმში?

– თუთიის დონეს სისხლის ანალიზით ადგენენ, თუმცა დეფიციტის დადგენა ძნელია, რადგან სისხლში ეს ელემენტი ძალიან მცირე კონცენტრაციით გვხვდება. სისხლის უჯრედებში თუთიის შემცველობა მხოლოდ წარმოდგენას გვიქმნის ორგანიზმში მისი მარაგის შესახებ.

დეფიციტი

– როდის გვემუქრება და როგორ ვლინდება თუთიის დეფიციტი?

– როგორც ვთქვით, თუთიას არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ მისი დეფიციტის სიმპტომებიც მრავალფეროვანია. თუთიის დეფიციტი შეიძლება ვივარაუდოთ, თუ აღინიშნება:

* დიარეა;

* ალოპეცია, თმის ცვენა;

* კუნთების განლევა;

* დეპრესია, ნერვული აღგზნებადობა;

* დერმატიტი, აკნე, სპეციფიკური გამონაყარი კიდურებზე, სახესა და შორისზე ვეზიკულური და პუსტულური ელემენტებით, რომლებიც ქერქით არის დაფარული და ერითემულია;

* ლორწოვანი გარსის პრობლემები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გემოვნების გაუკუღმართება ან უმადობა, ყნოსვის გაუარესება, აფთები (წყლულები პირის ღრუში);

* იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოიხატება;

* კანსა და ლორწოვან გარსზე ჭრილობების შეხორცების გართულება;

* სპერმის პროდუქციის დაქვეითება;

* ზრდის შეფერხება.

თუ თუთიის დეფიციტი შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით არის გამოწვეული, შესაძლოა, განვითარდეს ეგრეთ წოდებული ენტეროპათიული აკროდერმატიტი. ამ დროს სიცოცხლის პირველ თვეებში მოსალოდნელია:

* სიმეტრიული გამონაყარი თვალებისა და პირის ირგვლივ, ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე;

* ლორწოვანი გარსის ცვლილებები, მაგალითად, ღრძილების ანთება (გინგივიტი);

* ზრდის შეფერხება;

* ინფექციების მიმართ მგრძნობელობის მომატება;

* ნერვული სისტემის დარღვევები.

აღნიშნულ სიმპტომებს შესაძლოა სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, ამიტომ ექიმმა დიაგნოზის დასმისას მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.

– რა იწვევს თუთიის დეფიციტს?

– ყველაზე  გავრცელებული მიზეზებია:

* ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი); თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; შაქრიანი დიაბეტი; პანკრეასის დაავადებები; შეწოვის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (მალაბსორბციის სინდრომი), აივ ინფექცია`შიდსი; ციროზი;

* ალკოჰოლიზმი;

* ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;

* თუთიის შეწოვის თანდაყოლილი დარღვევა;

* არასწორი კვება, ფიტატების დიდი რაოდენობით მიღება.

თუთიის ათვისებაზე გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება. მათ რიცხვშია აგფ ინჰიბიტორები – ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტაციდები – კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებები, ციკლოსპორინი A, კორტიზონი, შარდმდენები, რკინის პრეპარატები, ქოლესტეროლის დამაქვეითებელი საშუალებები, ტეტრაციკლინი.

რისკჯგუფში შედიან სპორტსმენები, რადგან ფიზიკური დატვირთვისას ოფლთან ერთად თუთიაც იკარგება, ვეგეტარიანელები, 6 თვეს გადაცილებული ბავშვები, რომლებიც მხოლოდ დედის რძით იკვებებიან, ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ხანდაზმულები.

შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში თუთიის მძიმე ქრონიკული დეფიციტი ჰიპოგონადიზმისა (სასქესო ფუნქციის აქტივობის დაქვეითება) და ჯუჯიზმის ძირითადი მიზეზია. 

სიჭარბე

– ბევრი თუთიაც მავნებელია, თუმცა ამ ელემენტის სიჭარბე იშვიათია. ის შესაძლოა განვითარდეს დიდი რაოდენობით მჟავე საკვების ან თუთიის შემცველ ჭურჭელში მდგარი სასმლის მიღებისას. თუთიის სიჭარბე იწვევს გულისრევას, მუცლის ტკივილს, უმადობას, მეტალის გემოს პირში, დიარეას, თავის ტკივილს.

გარდა ამისა, თუთიის სიჭარბემ შესაძლოა შეაფერხოს სპილენძის შეწოვა და სპილენძის დეფიციტის მიზეზად იქცეს, რაც, თავის მხრივ, სხვა გართულებების საწინდარია.

– რა უნდა ვიცოდეთ თუთიის დანამატების შესახებ?

– თუთიას მრავალი პოლივიტამინური დანამატი შეიცავს. ის შედის გაციების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალებების შემადგენლობაშიც და ცალკეც გამოდის დანამატის სახით. დანამატებში თუთია სხვადასხვა ფორმით გვხვდება, მაგალითად, თუთიის სულფატის, აცეტატის, გლუკონატის, ოქსიდის. ვინაიდან თუთია ადვილად აითვისება ამინმჟავებთან ერთად, საუკეთესოა თუთიის დანამატი, რომელიც ამ ელემენტის ჰელატურ ფორმას, ეგრეთ წოდებულ თუთია-ჰელატს შეიცავს. აქ თუთია შეკავშირებულია ამინმჟავასთან, – მაგალითად, ამინმჟავა გლიცინთან, – რაც მის ათვისებას აადვილებს. შედარებით უარესად აითვისება თუთიის სულფატი და თუთიის ოქსიდი.

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი (BfR) გვირჩევს, დღე-ღამეში მივიღოთ არა უმეტეს 6,5 მილიგრამი თუთიისა საკვებდანამატების სახით. რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ და ექიმის კონსულტაციის შესაბამისად.

არ არის რეკომენდებული თუთიის პრეპარატების პროფილაქტიკური მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მათი გამოყენება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით შეიძლება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: