რკინა – სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარი

გააზიარე:

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს გრამის მეათასედიც ჰყოფნის, მის გარეშე ადვილად ვიღლებით, შრომის უნარს ვკარგავთ, სისუსტე გვეუფლება, ყურადღება გვეფანტება, მეხსიერება გვიუარესდება.

რა საჭიროა რკინა და როგორ შევუწყოთ ხელი მის ათვისებას? ამ და სხვა კითხვებზე "ავერსის კლინიკის" ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში გვიპასუხებს:

– რა არის და როგორ ნაწილდება რკინა ორგანიზმში?

– რკინა სასიცოცხლოდ აუცილებელი ელმენტია. მართალია, ზრდასრული ადამიანის სხეულში ის უმნიშვნელო რაოდენობითაა, – დაახლოებით 3-5 გრამი, – მაგრამ ცოტაც რომ დაგვაკლდეს, მთელ ორგანიზმს საფრთხე დაემუქრება.

ორგანიზმი რკინას ყოველდღე ხარჯავს სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად, თავად კი ვერ წარმოქმნის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ელემენტის ადეკვატურ მიღებას.

რკინის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 60-70%, სისხლშია, ხოლო დანარჩენი – ღვიძლში, ელენთაში, კუნთოვან ქსოვილსა და ძვლებში.

სისხლში ის უმთავრესად ჰემოგლობინის, წითელი პიგმენტის შემადგენლობაში შედის. ამიტომ არის, რომ სისხლის წვეთს მეტალის გემო აქვს და მისი ლაქები გაშრობისას ჟანგისფერი ხდება. რკინის ძალიან მცირე ნაწილი თავისუფლად დაცურავს შრატში, სისხლის თხევად ნაწილში. მთელი რკინის 1 პროცენტზე ნაკლები გვხვდება ტრანსფერინში – ცილაში, რომელიც უზრუნველყოფს რკინის ტრანსპორტირებას, უპირველეს ყოვლისა, ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების სინთეზისთვის.

რკინის 4-10% კუნთებშია, მიოგლობინის შემადგენლობაში. სწორედ მისი წყალობით შეაქვს მიოგლობინს კუნთებში ჟანგბადი და მცირე ხანს ინახავს, რათა საჭიროების შემთხვევაში კუნთების მუშაობა უზრუნველყოს.

რკინის მარაგი ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით კი ღვიძლში ინახება.

– რა ევალება რკინას ორგანიზმში?

– განსაკუთრებული თვისება, რომელიც რკინას შეუცვლელს ხდის მეტაბოლიზმისთვის, ჟანგბადის მიერთების უნარია, ამიტომ ორგანიზმი მას, უპირველეს ყოვლისა, იყენებს ჟანგბადის გადასატანად, რომელიც ყველა ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს სჭირდება. ჩასუნთქულ ჟანგბადს ფილტვებში სწორედ რკინის დახმარებით იკავშირებს ჰემოგლობინი და მთელ სხეულში ანაწილებს, ხოლო მიოგლობინი, როგორც გითხარით, ჟანგბადის მცირე მარაგს კუნთში ინახავს.

* რკინა აუცილებელია ჰემოგლობინისა და მიოგლობინის წარმოსაქმნელად.

* რკინა საჭიროა ჟანგვის პროცესებისთვის და, შესაბამისად, უჯრედში ენერგიის წარმოებისთვის.

* მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომლებსაც ფუნქციათა ფართო სპექტრი აქვთ.

* ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. ფერიტინი, რომელშიც რკინა ინახება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოგენების წინააღმდეგ თავდაცვით რეაქციებში.

* დიდ როლს ასრულებს დნმ-ს სინთეზში.

* მონაწილეობს მიელინიზაციის, ნერვული ბოჭკოების დამცავი გარსის, წარმოქმნის პროცესში. ამრიგად, ახალგაზრდობაში რკინის ადეკვატური მარაგი გავლენას ახდენს ხანდაზმულ ასაკში კოგნიტიურ ფუნქციებზე.

როგორ შეიწოვება

– საკვებში რკინა სხვადასხვა ფორმით შედის. მცენარეულ საკვებში უმთავრესად სამვალენტიანი, ეგრეთ წოდებული არაჰემური რკინა (Fe3+) გვხვდება, ცხოველურში კი ორვალენტიანი, ჰემის რკინა (Fe2+). ორგანიზმმა რომ შეიწოვოს, რკინა ჯერ ჰემის რკინად უნდა გარდაიქმნას. აქედან გამომდინარე, ხორცსა და თევზში შემავალ რკინას უფრო ეფექტურად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე მცენარეულ საკვებში შემავალს.

რკინის შეწოვაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ხელს უშლის შავ ჩაიში შემავალი პოლიფენოლები, ყავაში შემავალი ქლოროგენის მჟავა, ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ანტაციდების  – პეპტიკური წყლულისა და რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატების – დოზის გადაჭარბება, კალციუმის შემცველი საკვები (მაგალითად, რძის ნაწარმი), სოიის პროდუქტები. ხელის შემშლელი თვისებები აქვს ასევე მაგნიუმს, ფიტინის მჟავას, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს პარკოსნები, მარცვლეულს, ოქსილის მჟავათი მდიდარ მცენარეებს, მაგალითად, რევანდს, წითელ ჭარხალს, ასევე ფოსფატიან საჭმელსა და სასმელს, მაგალითად, კოლას. ასე რომ, უმჯობესია ერიდოთ ზემოთ ჩამოთვლილი საკვების რკინის შემცველთან ერთად მიღებას.

თუმცა არაჰემური რკინის შეწოვა შესაძლოა გააუმჯობესოს ჰემური რკინის შემცველმა საკვებმა. თუ ერთად მივიღებთ, მაგალითად, ხორცს და რკინის ან ჩ ვიტამინის შემცველ მცენარეულ საკვებს (პაპრიკა, ბროკოლი, პომიდორი, კარტოფილი, მარწყვი და სხვა), ორგანიზმი რკინას უფრო უკეთესად შეიწოვს.

აბსორბციის შემდეგ რკინა ან ინახება როგორც შესანახი მოლეკულა ფერიტინი, ან ცილა ტრანსფერინის მეშვეობით მიდის იმ უჯრედებამდე, რომლებსაც ის სჭირდება (ესენი უმთავრესად ძვლის ტვინში სისხლის წარმომქმნელი და ღვიძლის ცილოვანი უჯრედებია), ამიტომ რკინის დონის გასარკვევად მნიშვნელოვანია სისხლში ტრანსფერინისა და ფერიტინის დონის განსაზღვრა.

რკინა ბუნებრივად გამოიყოფა განავლის, შარდის, ოფლის საშუალებით, კანის აქერცვლის შედეგად, ქალებში კი ამ ყველაფერს მენსტრუაციის დროს სისხლის კარგვაც ემატება.

რკინის რეკომენდებული დღიური დოზა

– ორგანიზმი დღეში 1-2 მგ რკინას მოიხმარს, თუმცა დღეში 2 მგ-ის მიღება არ გახლავთ საკმარისი. საქმე ის არის, რომ საკვებში შემავალი რკინა 100%-ით არც გამოთავისუფლდება და არც შეიწოვება. საკვებიდან ორგანიზმს მხოლოდ 10-20%-ის ათვისება შეუძლია.

ორგანიზმს შესწევს უნარი, გარკვეულწილად მოერგოს საკუთარ საჭიროებებს: როდესაც რკინის მოთხოვნილება იზრდება, ორგანიზმი ზრდის მის ათვისებას, – მაგალითად, ორსულები 10%-დან 40%-მდე რკინას ითვისებენ, – ხოლო როდესაც რკინის მარაგი შევსებულია, ორგანიზმს შეუძლია, მისი შეწოვა შეანელოს.

რკინის რეკომენდებული დღიური ოდენობა ზრდასრული მამაკაცისთვის 10 მილიგრამია, ხოლო ქალისთვის – 15 მილიგრამი. ასაკის მიხედვით რეკომენდებულია:

. 1-დან 7 წლამდე: ქალებისთვის – 8 მგ , კაცებისთვის – 8 მგ

. 7-დან 10 წლამდე: ქალებისთვის – 10 მგ , კაცებისთვის – 10 მგ

. 10-დან 19 წლამდე: ქალებისთვის  – 15 მგ , კაცებისთვის – 12 მგ

. 19-დან 51 წლამდე: ქალებისთვის – 15 მგ, კაცებისთვის 10 მგ

. 51 წლიდან: ქალებისთვის – 10 მგ, კაცებისთვის – 10 მგ

. ორსულებისთვის – 30 მგ

. ლაქტაციის პერიოდში – 20 მგ

ოთხ თვემდე ჩვილებს 0,5 მილიგრამი რკინა სჭირდებათ, თორმეტ თვემდე კი 8 მილიგრამი.

როგორ განისაზღვრება

– რკინის ნაკლებობასა თუ სიჭარბეზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში მისი დონის განსაზღვრა. ერითროციტების, ჰემოგლობინის ან ორივე მათგანის დაქვეითება რკინის ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა რკინის დეფიციტის გამოსავლენად უნდა განისაზღვროს ფერიტინისა და ტრანსფირინის დონეც. ფერიტინის ოდენობის დაქვეითება რკინადეფიციტური ანემიის ტიპური ნიშანია.

რკინის დეფიციტი და მისი შედეგები

– რკინა, რომელსაც ყოველდღიურად იღებს საკვებიდან, ჯანმრთელ ადამიანს უმეტესად ჰყოფნის, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ორგანიზმში ამ ელემენტის მარაგი იწურება:

*რკინის მოთხოვნილება იზრდება – მაგალითად, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რკინაზე მოთხოვნა იმატებს და საკვებით ვერ კმაყოფილდება. რკინის მოთხოვნილება იმატებს ორგანიზმის ზრდის ფაზაშიც, ზრდის ტემპის მატების პერიოდში და პუბერტატულ ასაკში.

*რკინა ჭარბად იკარგება – გახანგრძლივებული მენსტრუალური ან სხვა ტიპის (წყლულებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბუასილიდან) სისხლდენის დროს, დიდი ფიზიკური დატვირთვის, თირკმელების დისფუნქციის, ჭარბი ოფლიანობის, სისხლის დონაციის დროს. რკინის კარგვას შესაძლოა ხელი შეუწყოს ზოგიერთმა მედიკამენტმაც, მაგალითად, ზოგიერთმა ტკივილგამაყუჩებელმა, კუჭის მჟავას ინჰიბიტორებმა, კორტიზონის შემცველმა პრეპარატებმა.

*ვერ ვიღებთ საკმარის რკინას – ასეა კვებითი დარღვევების დროს. რკინის დაბალი დონე ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებიც ცხოველურ საკვებს არ ჭამენ ან ცოტას ჭამენ.

*ორგანიზმი რკინას ცუდად იწოვს – თირკმელების ქრონიკული დაავადებების, ცისტური ფიბროზის (მუკოვისციდოზის) ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების (კრონის დაავადება, კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება ან ცელიაკია) დროს დაქვეითებულია რკინის შეწოვა (ან მომატებულია მისი გამოყოფა). რკინის შეწოვა დაქვეითებული აქვთ ონკოლოგიურ პაციენტებსაც.

სიმპტომები

– რკინის დეფიციტის კომპენსირება გარკვეული ხნით შეუძლია ორგანიზმს, თუმცა შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმა, როგორიცაა:

* თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა;

* კანის სიმშრალე;

* კუთხოვანი ჰეილიტი – ტუჩის კუთხეების დაზიანება და დახეთქვა;

* პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ცვლილებები, აფთები პირის ღრუს ლორწოვანზე;

* წვის შეგრძნება ენაზე.

მიუხედავად ამისა, სისხლის საერთო ანალიზმა შესაძლოა არ აჩვენოს რკინის ნაკლებობა, რადგან ორგანიზმი ჰემოგლობინის სინთეზისთვის საკუთარ მარაგს იყენებს. მას შემდეგ, რაც ეს მარაგიც ამოიწურება, რკინის გაცემას იწყებენ ქსოვილები, რაც საბოლოოდ ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობაზეც აისახება. თუ რკინის დეფიციტი თავის დროზე ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლოა, რკინადეფიციტური ანემია განვითარდეს. ამ დროს თავს იჩენს:

* მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;

* გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება;

* სწრაფი დაღლა და ქოშინი, გულისცემის აჩქარება;

* კონცენტრაციის დაქვეითება, გულმავიწყობა;

* შინაგანი მოუსვენრობა, აგზნებულობა, გაღიზიანება;

* სიფერმკრთალე;

* თავბრუხვევა;

*თავის ტკივილი;

* ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;

* ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ

ანემიის დროს ორგანიზმი ავადმყოფობის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. მძიმე რკინადეფიციტურ ანემიას შესაძლოა თან ახლდეს ყურების შუილი, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა. შესაძლოა, მენსტრუაციის გაქრობამდე მიგვიყვანოს. ხანგრძლივმა ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა და უარეს შემთხვევაში ფატალურად დასრულდეს.

სიჭარბე

– მავნეა თუ არა რკინის სიჭარბე?

– თუ ადამიანი ჯანმრთელია, პრაქტიკულად შეუძლებელია, საკვებიდან მავნე რაოდენობის რკინა მიიღოს – როგორც აღვნიშნე, ორგანიზმში არსებობს მარეგულირებელი მექანიზმები, რომელიც ხელს უშლის მის ჭარბად დაგროვებას. თუმცა, მემკვიდრეობითი დაავადების – ჰემოქრომატოზის დროს, ირღვევა რკინის მეტაბოლიზმი და ორგანიზში ჭარბი რკინა გროვდება.

რკინის სიჭარბის გამომწვევი სხვა მიზეზებია:

* ღვიძლის მძიმე დაზიანება, მაგალითად, ჭარბი ალკოჰოლის მიღების ან ჰეპატიტის გამო;

* ანემიის განსაზღვრული ფორმები: აპლაზიური – ძვლის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული – ანემია და ჰემოლიზური (ერითროციტების გაძლიერებული დაშლით მიმდინარე) ანემია. ერთ-ერთი შესაძლო გამომწვევია ლეიკემიაც.

* რკინის დანამატების უკონტროლო მიღება. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი თვითნებურად გამოყენება.

* ერთბაშად დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმა.

რაც შეეხება ორსულობას, ამ დროს რკინის ზომიერი მომატება ნორმალურია და, როგორც წესი, შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.

სიმპტომები

– რკინის სიჭარბე ყოველთვის არ გამოიხატება სპეციფიკური სიმპტომებით. ზოგიერთ შემთხვევაში მასზე მიგვანიშნებს მუცლის კუნთების კრუნჩხვა, სახსრების ტკივილი, მჩხვლეტი ტკივილი მკერდის არეში. გახანგრძლივებულ პერიოდში ამ ნიშნებს შესაძლოა დაერთოს დაღლილობა და კონცენტრაციის დაქვეითება, კანის ბრინჯაოსფრად შეფერვა.

ჭარბი რკინა გროვდება, უპირველეს ყოვლისა, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში, რასაც, უარეს შემთხვევებში, შესაძლოა ამ ორგანოთა დაზიანება მოჰყვეს.

რკინით მოწამვლისას, – მაგალითად, რკინის დანამატების დოზის გადაჭარბების გამო – რამდენიმე საათში შესაძლოა დაიწყოს ღებინება, დიარეა, ცხელება, კუჭის ტკივილი, სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, განავალში გაჩნდეს სისხლი, დაირღვეს  სისხლის შედედება, დაზიანდეს თირკმელები და ღვიძლი, განვითარდეს გულის არითმია, მძიმე შემთხვევებში კი მოსალოდნელია სიკვდილი.

საკვებში

– რკინა გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებშიც. ამ ელემენტით განსაკუთრებით მდიდარია ხორცი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული. ხორცსა და თევზში შემავალ რკინას, როგორც გითხარით, უკეთესი ბიოშეღწევადობა აქვს.

ყველაზე მეტი რკინა ღვიძლშია. გამოირჩევა იხვის (30 მგ), ღორისა (22-23 მგ) და ხბოს (7-8 მგ) ღვიძლი.

რკინით მდიდარი საკვების ჩამონათვალი ასეთია (მოცემულია შემცველობა 100 გრამში):

ხორბლის ქატო – 15-16 მგ

გოგრის თესლი – 12-13 მგ

სეზამი – 9-10 მგ

პარკოსნები: ოსპი – 6-7 მგ, თეთრი ლობიო – 5-6 მგ, ბარდა – 4-5 მგ

სელი – 7-8 მგ

კინოა და ამარანტი – 7-9 მგ

ფისტა – 6-7 მგ

კვერცხის გული – 6-7 მგ, თუმცა ცილა გარკვეულწილად აფერხებს რკინის შეწოვას

მიქლიო – 5-7 მგ

მზესუმზირას გული – 4-5 მგ

ნუში და თხილი – 3-4 მგ

რკინით მდიდარი სანელებლებია ილი, დარიჩინი, ბაზილიკი, კამა, ოხრახუში, პიტნა, ჭინჭარი.

მცირე რაოდენობით გვხვდება კომბოსტოში, ჭარხალში, შვრიაში, წიწიბურაში, ჩირში.

ადეკვატური ოდენობის რკინის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ საკვების სწორ კომბინაციას, რათა ორგანიზმმა ეს ელემენტი აითვისოს.

 ***

მენიუს ნიმუში დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად:

საუზმე: ხილის სალათა – 100 გ კენკრა, 200 გ სხვა ხილი, მაგალითად, ვაშლი, ფორთოხალი, ატამი, კივი ან ბროწეული;

სადილი: სალათა (50 გ სალათის ფოთოლი, 10 გ წიწმატი, 20 გ გოგრის თესლი), ერთი ულუფა ბოსტნეულის (ბარდა, სატაცური, პომიდორი) გასპაჩო, 50 გ მოხარშული კინოა;

ხემსი: 25 გ გოგრის გული;

ვახშამი: 150 გ საქონლის ხორცი ბოსტნეულის გარნირით.

რა უნდა ვიცოდეთ რკინის დანამატების შესახებ

– რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად კვების მოწესრიგება ყოველთვის არ კმარა, ზოგჯერ რკინის დანამატების მიღებაც საჭიროა.

დოზა, რომელსაც ექიმი განსაზღვრავს, ანემიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. რკინის პრეპარატის მიღებისას განავალმა შესაძლოა შავი ფერი მიიღოს. ეს საშიში არ არის. მაგრამ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, კიდევ რომელ მედიკამენტებს იღებდით ან იღებთ, რადგან ზოგიერთ წამალს შეუძლია, ხელი შეუშალოს რკინის ათვისებას, ზოგიერთის მოქმედებას კი თავად რკინა ასუსტებს.

რკინის უკეთ ასათვისებლად სასურველია, პრეპარატი მშიერ კუჭზე, საუზმემდე ერთი საათით ადრე მიიღოთ. თუ საღამოს იღებთ, ჭამიდან ორი საათი მაინც უნდა იყოს გასული, მერე კი ერთი საათი არაფერი შეჭამოთ. კარგი იქნება, დააყოლოთ ფორთოხლის წვენი ან C ვიტამინის შემცველი სხვა სასმელი – ეს რკინის შეწოვას გააუმჯობესებს. მოერიდეთ ჩაის, ყავის, რძის, კოლას და ათვისების შემაფერხებელი სხვა საკვების დაყოლებას.

მკურნალობას ზოგჯერ თან ახლავს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები, მაგალითად, ფაღარათი, ყაბზობა, კუჭის გაღიზიანება, გულძმარვა. ამ შემთხვევაში გამოსავალია მიღება ყოველ მეორე დღეს ორმაგი დოზით, ერთი დოზის უფრო პატარა ულუფებად განაწილება ან პრეპარატის შეცვლა. მაგალითად, კაფსულებს კუჭი უკეთ ითვისებს, ვიდრე აბებს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე ასეთი დანამატების მიღებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: