ნატრიუმი – სიჭარბე, დეფიციტი და მათი შედეგები

გააზიარე:

ნატრიუმი ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს. მისი ბალანსის დარღვევა – დაქვეითება ან სიჭარბე – სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება, ხელს უწყობს ახალი დაავადებების წარმოშობას და უკვე არსებულთა გამწვავებას. 

რა უნდა ვიცოდეთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალის შესახებ და როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპონატრიემია და ჰიპერნატრიემია? ამის გასარკვევად ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ენდოკრინოლოგს ანა ჭოხონელიძეს ვესტუმრეთ.

რა არის

– ნატრიუმი (Na) ელექტრული მუხტის მატარებელი მაკრომინერალია. ქლორსა და კალიუმთან ერთად ის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროლიტია. მისი მთელი მარაგის დაახლოებით 90% სისხლში, შარდსა და უჯრედგარე სითხეებშია გახსნილი, დანარჩენი კი თავმოყრილია ძვლებში, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში სისხლში გადადის.

ნატრიუმს უმთავრესად საკვებიდან იღებს ორგანიზმი, ჩვეულებრივ, ქლორთან ერთად. ამ ნაერთს ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) ეწოდება და სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სუფრის მარილი.

70-კილოგრამიანი ადამიანის სხეულში დაახლოებით 100 გრამი ნატრიუმია.

– რა ევალება ნატრიუმს?

– ნატრიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქლორსა და კალიუმთან ერთად ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებაა – ის აკავებს წყალს, უჯრედების ნორმალური ფუნქციობისთვის კი ორგანიზმში წყლის რაოდენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან ერთად:

* არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს;

* დიდ როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, რაც აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის, შესაბამისად, მოძრაობისა და გულისცემისთვის;

* მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში;

* ამაგრებს უჯრედთა კედლებს და ძვლებს;

* მონაწილეობს გლუკოზის ტრანსპორტირებაში.

– როგორ განისაზღვრება ორგანიზმში ნატრიუმის ოდენობა და როგორია მისი ნორმა?

– ნატრიუმის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ თუ მის დარღვევას ვეჭვობთ, აუცილებლად უნდა გაიზომოს სხეულში ნატრიუმის კონცენტრაცია. ამისთვის მოწმდება სისხლი, შარდი და ოფლი.

სისხლში ნატრიუმის დონის საზომი ერთეულია მილიმოლი ლიტრზე (მმოლ`ლ). ნორმად მიიჩნევა:

* ერთიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 134-143 მმოლ`ლ;

* მოზარდებისთვის 13 წლიდან და ზრდასრულებისთვის – 135-145 მმოლ`ლ.

24-საათიან შარდში ნატრიუმის ნორმალური მაჩვენებელი 50-200 მმოლ-ია.

– რამდენი ნატრიუმი უნდა მივიღოთ დღე-ღამის განმავლობაში?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, არ გადავაჭარბოთ დღე-ღამეში 1,96 გრამ ნატრიუმს, რაც დაახლოებით 5 გ მარილია. ეს რეკომენდაცია უმთავრესად შემუშავებულია 25-დან < 51 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. იგივე ეხება ორსულებს და მეძუძურ დედებს.

– როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი ნატრიუმის მუდმივ დონეს?

– ორგანიზმი ნატრიუმს საკვებიდან და სასმლიდან იღებს და უმთავრესად ოფლისა და შარდის საშუალებით გამოყოფს. ჯანსაღი თირკმელები ნატრიუმის მუდმივ დონეს შარდში მისი ექსკრეციის კონტროლით ინარჩუნებს. როდესაც ნატრიუმის მიღება და გამოყოფა დაბალანსებული არ არის, ორგანიზმში არსებული საერთო ნატრიუმის ნორმალური კონცენტრაცია იცვლება – იკლებს (ჰიპონატრიემია) ან იმატებს (ჰიპერნატრიემია).

ორგანიზმში ნატრიუმის საერთო რაოდენობა გავლენას ახდენს სისხლისა და უჯრედშორისი ნივთიერებების მოცულობაზე. სისხლის მოცულობას და ნატრიუმის კონცენტრაციას ორგანიზმი მუდმივად აკონტროლებს. თუ ამ ორი ფაქტორიდან ერთ-ერთმა მეტისმეტად მოიმატა, თირკმელები იწყებს ნატრიუმის გაძლიერებულ გამოყოფას, რის შედეგადაც სისხლის მოცულობა ნორმას უბრუნდება, ხოლო როდესაც სისხლის მოცულობა ან ნატრიუმის დონე იკლებს, მას ორგანიზმი ორი მექანიზმით არეგულირებს:

1. თირკმელები ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვალს, რათა მან გააძლიეროს ჰორმონ ალდოსტერონის გამოყოფა. ალდოსტერონი, თავის მხრივ, თირკმელებში აკავებს ნატრიუმს და აძლიერებს კალიუმის გამოყოფას. ნატრიუმის შეკავების გამო ნაკლები შარდი წარმოიქმნება, რაც საბოლოოდ სისხლის მოცულობის ზრდას უზრუნველყოფს.

2. ჰიპოფიზი, თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალი, გამოყოფს ანტიდიურეზულ ჰორმონს (ADH), რომელიც შარდის წარმოქმნას ამცირებს, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სისხლის მოცულობის ზრდას.

– როდის გვემუქრება ნატრიუმის დეფიციტი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

– ნატრიუმის დეფიციტი, ჰიპონატრიემია, ძალიან იშვიათია, რადგან ამ ელემენტს თითქმის ყოველგვარი საკვები შეიცავს. მისი მთავარი მიზეზია ნატრიუმის გაძლიერებული კარგვა სითხის ჭარბ მიღებასთან ერთად. როცა ორგანიზმში სითხის ოდენობა იმატებს, ხოლო ნატრიუმისა იგივე რჩება, ეს უკანასკნელი განზავდება, მაშასადამე, მისი კონცენტრაცია იკლებს. ასეა, მაგალითად, ჭარბი ოფლიანობის, ღებინებისა და ხანგრძლივი დიარეის, კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთების, ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვის დროს.

ნატრიუმის დეფიციტის განვითარების რისკს ზრდის კიბო, ციროზი, ინსულტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ფსიქიკური დაავადებები, გულის ან თირკმლის უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები, მაგალითად, მინერალკორტიკოიდების უკმარისობა.

ნატრიუმის დეფიციტის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, როგორებიცაა შარდმდენები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიდეპრესანტები და ანტიეპილეფსიური საშუალებები.

ნატრიუმის დეფიციტის სიმპტომებია:

. არტერიული წნევის დაქვეითება;

. თავბრუხვევა;

. თავის ტკივილი;

. გულისრევა, ღებინება;

. სისუსტის შეგრძნება;

. წონასწორობის დარღვევა და დეზორიენტაცია;

. კუნთების კრამპი;

. გულის რიტმის დარღვევა, ტაქიკარდია;

. სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;

. უკიდურეს შემთხვევაში – კომა.

სისხლში ნატრიუმის დონის ცვლილებებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტვინი: შესაძლოა, თავი იჩინოს მისმა ფუნქციურმა დარღვევებმა, რაც გონებრივი სისუსტით და დაბნეულობით გამოიხატება. ნატრიუმის დონის სწრაფი ვარდნით გამოწვეული სიმპტომები უფრო სწრაფად პროგრესირებს და უფრო მძიმეა.

ნატრიუმის დეფიციტი ხანდაზმულებთანაც მძიმე კლინიკური სურათით ვლინდება: ფსიქოლოგიურ დარღვევებს თან ახლავს მოძრაობის შენელება. ამ დროს იმატებს დაცემის რისკი, რასაც შეცდომით სიბერეს მიაწერენ ხოლმე.

ნატრიუმის დეფიციტის სიმპტომები ხშირად ერევათ დემენციის საწყის სტადიაში, ამიტომ დიაგნოზი მეტისმეტად გვიან ისმება.

მსუბუქი ჰიპონატრიემიის დროს ხშირად საკმარისია სითხის შეზღუდვა, გამომწვევი მიზეზის (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ანთების, დიარეის, ოფლიანობის) მკურნალობა, არასასურველი ეფექტის მქონე მედიკამენტების შეწყვეტა. ამ დროს დაბალანსებული, მარილიანი საკვებით და ელექტროლიტებით გაჯერებული სასმლით ნატრიუმის დეფიციტი სწრაფად ნაზღაურდება.

მძიმე ჰიპონატრიემიის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ნატრიუმის დონე ნელ-ნელა უნდა აღდგეს ნატრიუმიანი სითხეებისა და ტაბლეტების საშუალებით.

– როდის იმატებს ნატრიუმის დონე?

– სისხლში ნატრიუმის დონის მატებას არაერთი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს პროცესი ძლიერი დეჰიდრატაცით არის გამოწვეული. მაგალითად, მაშინ, როდესაც მივირთმევთ ნატრიუმის შემცველ საკვებს, მაგრამ არ ვსვამთ სათანადო ოდენობის წყალს, გვაქვს ძლიერი ღებინება, ხანგრძლივი დიარეა, გაძლიერებული ოფლიანობა, დიდი ხანია ვიღებთ შარდმდენებს. ჰიპერნატრიემიის რისკფაქტორია ზოგიერთი დაავადებაც, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით – მისი ცუდად კონტროლირებადი ფორმა. უშაქრო დიაბეტს და თირკმლის ზოგიერთ დაავადებას კი შესაძლოა თან ახლდეს შარდის ჭარბი გამოყოფა, რაც დეჰიდრატაციამდე მიგვიყვანს.

სისხლში ნატრიუმის დონის მატება ვლინდება:

* გაძლიერებული წყურვილით;

* გაღიზიანებით;

* მოუსვენრობით;

* გაძლიერებული დაღლილობითა და ენერგიის დაქვეითებით;

* თავბრუხვევით.

მძიმე ჰიპერნატრიემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება და კუნთების კრუნჩხვები, უარეს შემთხვევაში – კომა.

ჭარბი ნატრიუმის შემცველი საკვები შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის. ამ დროს იმატებს ჰიპერტენზიის – მაღალი წნევის – განვითარების რისკი. როცა ორგანიზმში ნატრიუმის კონცენტრაცია იმატებს, გაძლიერებულად ვიღებთ სითხეს, რაც წნევის აწევას უწყობს ხელს, მაღალი წნევა კი შეიძლება იქცეს ინსულტის, ინფარქტის მიზეზად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს სხვა რისკფაქტორებიც, მაგალითად, სიმსუქნე, ცხოვრების პასიური წესი, შაქრიანი დიაბეტი.

თუმცა ნატრიუმის სიჭარბე მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემას არ აზიანებს – ის, ამასთან ერთად, საფრთხეს უქმნის თირკმლის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს წონის მატებას, აზიანებს ნაწლავურ ფლორას და იმუნურ სისტემას.

სითხისა და ნატრიუმის ბალანსი ხანდაზმულ ასაკში

– ასაკის მატებასთან ერთად სხეულს უჭირს სითხისა და ნატრიუმის ბალანსის შეინარჩუნება. მიზეზი შესაძლოა იყოს:

* წყურვილის შეგრძნების დაქვეითება – ასაკის მატებასთან ერთად იკლებს წყურვილის ინტენსივობა და იმატებს ინტერვალი, ამიტომ იმ დროს, როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, შესაძლოა, წყურვილი ვერ ვიგრძნოთ;

* ცვლილებები თირკმელებში – ასაკთან ერთად, ქრონიკული დაავადებების პარალელურად, შესაძლოა დაქვეითდეს თირკმლის გამომყოფი ფუნქცია;

* ნაკლები სითხე – ხანდაზმულის ორგანიზმში ნაკლები სითხეა. თუ ახალგაზრდის ორგანიზმში 60%-მდე წყალია, მოხუცის სხეულში ის 45%-ს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სითხის ან ნატრიუმის მცირე დანაკარგსაც კი – მაგალითად, ცხელების დროს ან არასაკმარისი კვების შედეგად – ხანდაზმულებთან შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს;

* წყლის არაადეკვატური მიღება – ზოგიერთი ხანდაზმული ამა თუ იმ მიზეზით, მაგალითად, დემენციის ან ფიზიკური პრობლემების გამო, სხვის დაუხმარებლად ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს;

* მედიკამენტები – ბევრი ხანდაზმული მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის ან გულის დაავადებების სამკურნალოდ იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ასტიმულირებს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოძევებას.

ყველაფერმა ამან შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიოს. ასე რომ, ხანდაზმულებთან ჰიპერნატრიემია ძალიან ხშირია.

– სად ვიპოვოთ ნატრიუმი?

– ამ ელემენტს მცირე რაოდენობით შეიცავს უმი ბოსტნეული, ხილი, თხილეული, საზოგადოდ, გადაუმუშავებელი საკვები.

ნატრიუმის 75%-ს ორგანიზმი სწორედ ინდუსტრიულად წარმოებული საკვებიდან იღებს. მისი მნიშვნელოვანი წყარო მარილია და, შესაბამისად, ის ყველა მზა საკვებში გვხვდება. განსაკუთრებით უხვად შეიცავს მას ძეხვეული, ყველი, სოუსები, ჩიფსები და კრეკერები, კონსერვები, გაყინული საკვები, პური.

– როგორ შევამციროთ მარილის მოხმარება?

– მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა. მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ნორმაზე ორ-სამჯერ მეტ სუფრის მარილს მოიხმარს. ჯანმრთელობის სასიკეთოდ კი მარილის ოდენობის კონტროლი აუცილებელია. ჯანმრთელი ადამიანისთვის მისი დღიური ნორმა, როგორც გითხარით, 5-6 გრამია, რაც ერთ ჩაის კოვზს შეესაბამება. მარილის კონტროლი ადვილია, როდესაც საკვებს შინ ამზადებთ, გაცილებით ძნელი – როდესაც მზა პროდუქტებით იკვებებით. ასე რომ:

* ერიდეთ მზა საკვებსა და ნახევარფაბრიკატებს, უკიდურეს შემთხვევაში, ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი, რომელზეც მარილის ოდენობაა მითითებული.

* საკვებს მარილი ხელით მოაყარეთ – როცა სამარილიდან ვაყრით, მისი ოდენობის კონტროლი უფრო ძნელია.

* ნუ დადებთ სამარილეს თვალში მოსახვედრ ადგილას – კერძისთვის მარილის დამატება შესაძლოა ჩვევად გექცეთ. ალბათ ყველას ჰყავს თუნდაც ერთი მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც გაუსინჯავად აყრის კერძს მარილს.

* ეცადეთ, საჭმელი შინ მოამზადოთ, მარილი კი უმჯობესია ბოლოს მოაყაროთ, რადგან ზოგიერთ საკაზმს ის უკვე აქვს.

მარილის შეზღუდვას ხშირად გირჩევთ ექიმი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, თუმცა რაციონიდან მისი მთლიანად ამოღება არ არის რეკომენდებული. პაციენტმა, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, უმჯობესია, დღე-ღამეში მისაღები წყლისა და მარილის რაოდენობა ინდივიდუალურად შეუთანხმოს ნუტრიციოლოგს თავისი ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციის და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: