ჰიპერტენზია – მაღალი არტერიული წნევა

გააზიარე:

  

 

 

ორსულობამდე და ორსულობის დროს

წნევა და ბავშვები

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

 

არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი არტერიების კედლებს აწვება. ამ სისხლძარღვებს სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებისკენ მიაქვს. დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან იკლებს. თუ მან ზედმეტად მოიმატა და დიდხანს დარჩა მაღალი, შესაძლოა, ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. მაღალ წნევას ჰიპერტენზია ეწოდება.

რატომ იმატებს არტერიული წნევა, როგორ შევამციროთ მისი მომატების საფრთხე და როგორ გავუმკლავდეთ ჰიპერტენზიას?

გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს, – მას სისტოლური წნევა ეწოდება (ე. წ. ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში კი ყველაზე დაბალს – ეს დიასტოლური წნევაა (ე.წ. ქვედა წნევა). მაგალითად, 120`80 მმ ვწყ. სვ. ნიშნავს რომ სისტოლური წნევა 120 მმ-ია,  ხოლო დიასტოლური – 80.

როდის არის მაღალი

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის არტერიული წნევა 120`80 მმ ვწყ სვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაღალი წნევის კრიტერიუმები კი ასეთია: 2017 წლის გაიდლაინის მიხედვით, ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება, თუ არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი მუდმივად 130 მმ-ზე მაღალია, ხოლო ქვედა – 80 მმ-ზე მაღალი; პრეჰიპერტენზიად, მაღალი არტერიული წნევის წინარე მდგომარეობად, მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 120-129 მმ-ია, ხოლო დიასტოლური – 80 მმ ან ნაკლები.

დაიმახსოვრეთ: 180`120 მმ ვწყ. სვ. და მეტი საშიში მაჩვენებლებია და მყისიერ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ჰიპერტენზია, წესისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვიდრე სერიოზულ პრობლემებს არ გამოიწვევს. არადიაგნოსტირებული ან დაურეგულირებელი მაღალი წნევა შესაძლოა სისხლძარღვთა ანევრიზმის, ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, თვალის დაზიანების, პერიფერიული ან საძილე არტერიის დაავადების, სისხლძარღვოვანი დემენციის მიზეზად იქცეს.

რა უწყობს ხელს

ჰიპერტენზიის მთავარი რისკფაქტორებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი და ოჯახური ისტორია. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, ასაკს ან დაავადების ოჯახურ ისტორიას, ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია შევიცვალოთ ცხოვრების წესი. მაგრამ მანამდე გავარკვიოთ, რა უწყობს ხელს წნევის მომატებას.

ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია:

* ასაკი – სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებების გამო არტერიული წნევა ასაკთან ერთად იმატებს, თუმცა ჰიპერტენზიის შემთხვევები ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც გახშირდა, სავარაუდოდ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო;

* ოჯახური ისტორია და გენეტიკა – მაღალი წნევა ხშირად ოჯახური პრობლემაა, რაც გენებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მარილის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასაც ზოგჯერ ოჯახური ხასიათი აქვს;

* ცხოვრების წესი – არაჯანსაღი საკვების ხშირი მიღება, განსაკუთრებით – ნატრიუმით (სუფრის მარილით) მდიდარი და კალიუმით ღარიბი საკვებისა (მარილის სიჭარბისადმი მეტად მგრძნობიარეები არიან ხანდაზმულები, თირკმელების ქრონიკული დაავადების, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანები), ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება, მოძრაობის დეფიციტი, მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება, არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი;

* წამლები – ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაართულოს არტერიული წნევის კონტროლი. წნევის მომატება შესაძლოა გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა, დეკონგესტანტებმა (ცხვირის გაჭედვისას გამოსაყენებელი წამლები), ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულმა აბებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა (ასპირინი, იბუპროფენი);

* სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა დროსაც იცვლება სხეულში სითხეების, ნატრიუმისა და ჰორმონების დონე. ასეთია ზოგიერთი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ძილის აპნოე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

* რასა და ეთნოსი – მაღალი არტერიული წნევა უფრო ხშირია აფროამერიკული და რომანული წარმოშობის ხალხში, ვიდრე თეთრკანიანსა და აზიურში;

* სქესი – საშუალო ასაკში მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ მაღალი არტერიული წნევა, ვიდრე ქალებს, მაგრამ ხანდაზმულობაში ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ჰიპერტენზია. გარდა ამისა, ქალებს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა ჰქონდათ ორსულობის დროს, ხანში შესვლისას უფრო ხშირად აღენიშნებათ მაღალი წნევა;

* სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები – ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემოსავალი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაოც ახდენს გავლენას ჰიპერტენზიის განვითარებაზე. მაგალითად, რისკს ზრდის ღამის ცვლაში მუშაობა, ბავშვობაში საფრთხის ან რაიმე ტრავმის გადატანა.

დიაგნოზი

ვინაიდან ჰიპერტენზიას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს, ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ მაღალ წნევას ატარებს. ამის დადგენის ერთადერთი გზაა წნევის გაზომვა, თუნდაც წელიწადში ერთხელ. ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად მაღალია. ამ შემთხვევაში ცდილობენ მიაგნონ წნევის მატების მიზეზს. ექიმი გამოიკითხავს კვების რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის დონეს, გაითვალისწინებს ოჯახის ჯანმრთელობის ისტორიას.

ლაბორატორიული გამოკვლევებიდან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზები, რომლებითაც შეფასდება თირკმელების მდგომარეობა, სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის შემცველობა, დიაბეტის მაჩვენებლები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. საჭიროა არტერიული წნევის ყოველდღიური მონიტორინგი შინ.

შესაძლოა, ექიმის მიერ გაზომილი წნევის მაჩვენებელი არ იყოს ზუსტი. საქმე ის არის, რომ არსებობს “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია” – ექიმის კაბინეტში ადამიანი თავისდა უნებურად ნერვიულობს და არტერიული წნევის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე შინ გაზომვისას. სამიდან ერთ ადამიანს სწორედ ასე მოსდის. არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც – შენიღბული წნევა, როდესაც ექიმის კაბინეტში გაზომვისას მაჩვენებლები დაბალია, რეალურად კი  – მაღალი.

წნევის მაღალი მაჩვენებლების მიზეზი შესაძლოა მისი არასწორი გაზომვაც იყოს.

ვიზომავთ სწორად

სამი წლიდან მოყოლებული, ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს არტერიული წნევა. სასურველია, ის ექიმმა გაზომოს, თუმცა ამის გაკეთება შინაც შეიძლება. ზოგიერთს ყოველდღე სჭირდება წნევის გაზომვა, ხანდახან – დღეში რამდენჯერმეც კი.

სწორი მაჩვენებლები რომ მივიღოთ, წნევის გაზომვისას აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

* წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არ ივარჯიშოთ, არ ჭამოთ, არაფერი დალიოთ, მით უმეტეს – ყავა ან სხვა კოფეინიანი სასმელი, ალკოჰოლური სასმელი, არ მოწიოთ სიგარეტი.

* ეცადეთ, სავსე არ გქონდეთ ნაწლავები და შარდის ბუშტი.

* წნევის გაზომვამდე, სულ ცოტა, ხუთი წუთით ადრე დაჯექით კომფორტულ, მყარზურგიან სკამზე და მოდუნდით.

* ტერფები იატაკზე დადგით, არ გადააჯვარედინოთ.

* არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს.

* გაითავისუფლეთ მკლავი მანჟეტისთვის – ის შიშველ კანზე უნდა გაიკეთოთ და არა ტანსაცმელზე.

* მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც ზედმეტად მჭიდროდ და არც ხალვათად.

* ხელი დაბლა არ დაუშვათ – მკერდის სიმაღლეზე მაგიდაზე დადეთ ისე, რომ მანჟეტი გულის დონეზე მოხვდეს.

* სასურველია, წნევა ორივე მკლავზე გაიზომოთ, შემდეგისთვის კი ის ამოირჩიოთ, რომელზეც უფრო მაღალი აჩვენა.

* არტერიული წნევა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიზომეთ.

* გაიზომეთ მინიმუმ ორჯერ 1-2-წუთიანი ინტერვალით.

ჰიპერტენზიული კრიზი

ჰიპერტენზიული კრიზი არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი მომატებაა, როდესაც სისტოლური წნევა 180 მმ ვწყ. სვ. ან მეტია, ხოლო დიასტოლური – 120 მმ ვწყ. სვ. ან მეტი. კრიზის დროს შესაძლოა სისხლძარღვებიდან სისხლმა ან სითხემ გაჟონოს და განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, დაზიანდეს თირკმელები, თვალები, განშრევდეს აორტა...

სიმპტომების მიხედვით განასხვავებენ ჰიპერტენზიული კრიზის ორ ვარიანტს: სასწრაფოს და გადაუდებელს. პირველ შემთხვევაში არტერიული წნევა მაღალია, მაგრამ ექიმს არაფერი აფიქრებინებს სამიზნე ორგანოების დაზიანებას. მეორე შემთხვევაში მაღალ წნევას თან ახლავს ორგანოთა დაზიანების ნიშნები.

მოქმედების ტაქტიკა ასეთია: თუ არტერიული წნევა 180`120 მმ ვწყ. სვ. ან ამაზე მაღალია, დაელოდეთ დაახლოებით ხუთი წუთი და კიდევ ერთხელ გაიზომეთ. თუ მაჩვენებელი ამჯერადაც მაღალია, მაგრამ თან არ ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, ზურგის ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, მხედველობის ცვლილება ან მეტყველების გაძნელება, ექიმს დაუკავშირდით. ის გირჩევთ, მიიღოთ თუ არა წამალი. შესაძლოა, შეგიცვალოთ ან გაგიზარდოთ ყოველდღიურად მისაღები დოზა. ეს სასწრაფო მდგომარეობაა და იშვიათად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.

თუ წნევის მომატებას თან ახლავს გულმკერდის ძლიერი  ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, ბუნდოვანი ხედვა, ქოშინი, ზურგის ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე, მხედველობის ცვლილება, მეტყველების გაძნელება, გულისრევა ან ღებინება, ძლიერი შფოთვა, კრუნჩხვები და სხვა, ნუ დაელოდებით, რომ წნევა თავისით დაიწევს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ეს უკვე გადაუდებელი მდგომარეობაა და შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

როგორ დავწიოთ

მაღალი წნევის სწრაფად დასაწევად:

* მიიღეთ, სულ მცირე, თხუთმეტწუთიანი თბილი აბაზანა ან შხაპი და ეცადეთ, ისიამოვნოთ თბილი წყლით.

* შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიში – მუცლით ღრმად ჩაისუნთქეთ, დაახლოებით ორი წამით შეიკავეთ სუნთქვა, მერე ნელა ამოისუნთქეთ. ცოტა ხანს გაჩერდით და გაიმეორეთ.

* დამშვიდდით. სტრესი არტერიული წნევის უეცარი მომატების მთავარი ხელშემწყობია, ამიტომ გააკეთეთ ნებისმიერ რამ, რაც დაგამშვიდებთ: რამდენიმე წუთი სიწყნარეში იჯექით, რამდენიმე გაჭიმვითი ვარჯიში შეასრულეთ, მედიტაცია ჩაატარეთ...

ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით წნევის სწრაფად დაქვეითება შესაძლებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის ისევ აიწევს. წნევა ყოველთვის წესრიგში რომ გქონდეთ, გრძელვადიანი გეგმა უნდა დასახოთ და განახორციელოთ. ამ გეგმის პირველი პუნქტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა.

სწორი კვება

ჯანსაღი კვება არტერიული წნევის ჯანსაღი დიაპაზონის შენარჩუნებასა და მაღალი წნევის გართულებების (ინსულტი, ინფარქტი) თავიდან აცილებაში გვეხმარება. არტერიული წნევის დაქვეითებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს DASH (Dietary Approaches to Stop Hypertension – დიეტური მიდგომები ჰიპერტენზიის შესაჩერებლად) კვების გეგმა, რომელიც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) შეიმუშავა 1990 -იან წლებში და პერიოდულად აახლებს.

DASH გეგმა სპეციალურ კვებას არ მოითხოვს. ის გულისხმობს:

*ბოსტნეულის, ხილის, მთლიანი მარცვლეულის, ნაკლებცხიმიანი და უცხიმო რძის ნაწარმის, თევზის, ფრინველის ხორცის, ლობიოს, თხილეულის, მცენარეული ზეთების, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ბოჭკოთი და ცილით მდიდარი საკვების მიღებას;

*ნაჯერი ცხიმებით (ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსის, პალმის ზეთი), ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების, შაქრით დამტკბარი სასმელების, ტკბილეულის, ნატრიუმის შეზღუდვას.

DASH კვების რეკომენდაციების თანახმად, დღეში 2000 კკალ-ზე გათვლით

ყოველდღიური რაციონი უნდა მოიცავდეს:

*6-8 ულუფა მარცვლეულს (ერთი ულუფაა: ერთი ნაჭერი პური; 120 გრამამდე ანუ ნახევარი ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა, მაკარონი ან ბრინჯი; 30 გრამი კრეკერი);

*6 ულუფას ან უფრო ნაკლებ ხორცს, ფრინველის ხორცს, თევზს (ერთი ულუფაა: 65 გრამი მოხარშული მჭლე საქონლის, ცხვრის, ხბოს, ღორის ან თხის ხორცი;  80 გრამი მოხარშული მჭლე ფრინველის ხორცი, 100 გრამი თევზი);

*4-5 ულუფა ბოსტნეულს (ერთი ულუფაა დაახლოებით 75 გ ანუ ნახევარი ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ისპანახი, სტაფილო, გოგრა,  1 ჭიქა მწვანეფოთლოვანი ან უმი ბოსტნეულის სალათა, ნახევარი საშუალო ზომის კარტოფილი ან ერთი საშუალო ზომის პომიდორი);

*4-5 ულუფა ხილს (ერთი ულუფაა დაახლოებით 150 გ ხილი – ერთი საშუალო ზომის ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ორი პატარა გარგარი, კივი, ქლიავი, 30 გრამი ჩირი);

*2-3 ულუფა უცხიმო ან დაბალცხიმიან რძის ნაწარმს (ერთი ულუფაა: 1 ჭიქა (250 მლ) რძე, 40 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი იოგურტი);

*2-3 ულუფა ცხიმს (ერთი ულუფაა ერთი სუფრის კოვზი ცხიმი)

*2,300 მგ ნატრიუმს.

ყოველკვირეული რაციონი უნდა მოიცავდეს:

* 4-5 ულუფა თხილეულს, თესლეულს, ლობიოს, ბარდას (ერთი ულუფაა: 30 გრამი თხილეული ან თესლეული, ნახევარი ჭიქა ლობიო, ოსპი, ბარდა);

* 5 ულუფა ან ნაკლებ ტკბილეულს (ერთი ულუფაა: 1ან 2 ჩაის კოვზი შაქარი);

* კვერცხს – არა უმეტეს ოთხისა. გაითვალისწინეთ, რომ ცილის შემცველობით ორი კვერცხი ერთი ულუფა ხორცის ტოლფასია.

კვების მოწესრიგებასთან ერთად უნდა შეამციროთ ან შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.

ფიზიკური დატვირთვა

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა წნევასთან ბრძოლის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობაც კი აქვეითებს და აწესრიგებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ვარჯიშის მოაქვს სხვა სარგებლობაც: წონის დაკლება, გულის დაავადების რისკფაქტორების შემცირება (აქვეითებს “ცუდი” და მაღლა სწევს “კარგი” ქოლესტეროლის დონეს), სტრესის შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დიაბეტი ტიპი 2-ის, დეპრესიისა და კიბოს რისკის შემცირება.

განსაკუთრებით კარგია აერობული ვარჯიში – დატვირთვა, რომლის დროსაც გული ჩქარდება. აერობული ვარჯიშია სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა, ცეკვა, ჩოგბურთი, კალათბურთი...

კვირის განმავლობაში რეკომენდებულია:

* ორსაათ-ნახევრიანი ზომიერი ინტენსივობის აერობული აქტივობა (მაგალითად, 30 წუთი კვირაში 5-ჯერ)

* ან საათი და 15-წუთიანი მაღალი ინტენსივობის აერობული აქტივობა (მაგალითად, 25 წუთი კვირაში 3 დღე)

* ან ზომიერი და მაღალი ინტენსივობის აქტივობათა კომბინაცია.

ამასთან ერთად, ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ (მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად წამოდექით), მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით გააჩეროთ, კიბეზე ფეხით იაროთ და სხვა.

ჯანსაღი წონა

წნევასთან ბრძოლისას მიზნად უნდა დავისახოთ ჯანსაღი წონის მიღწევა. ჯანსაღად მიიჩნევა წონა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი, BMI) 18.5-დან 24.9-მდეა. მისი გამოთვლა ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ ნებისმიერ ინტერნეტგვერდზე შეგიძლიათ სიმაღლისა და წონის მითითებით (მიიღება წონის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე). თუ ჭარბი წონა გაქვთ (სმი – 25-30) ან მსუქანი ხართ (სმი – 30-ზე მეტი), შანსია, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში  წონის 5-10%-ით დაკლებამ მთლიანად გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო 3-დან 5%-მდე დაკლებამ – არტერიული წნევის მაჩვენებლები მაინც.

უძილობა და მავნე ჩვევები

თუ მწეველი ხართ, ეს მავნე ჩვევა როგორმე უნდა დაძლიოთ. მართეთ სტრესი, სათანადო დრო დაუთმეთ ძილს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი. შეიმუშავეთ ჯანსაღი ძილის ჩვევები: ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, ძილის წინ დამამშვიდებელი რუტინის დაცვა, გრილ და ბნელ ოთახში ძილი.

მედიკამენტები

თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი საკმარისი არ აღმოჩნდა წნევის დასარეგულირებლად, წამლებს გამოწერენ. მათი გამოწერისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, გადატანილ დაავადებებს, გულის, თირკმელების სიჯანსაღეს.

წამლების მიღება ცხოვრების ჯანსაღ წესზე უარის თქმას არ ნიშნავს. მედიკამენტები ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად არა მხოლოდ წნევის მოწესრიგებაში, არამედ გულის პრობლემების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.

მაღალი წნევის სამართავად ბევრს ორი ან მეტი წამლის მიღება სჭირდება.

წნევის დამწევ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

* ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვების ძლიერ შევიწროებას;

* ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორები – გამოიყენება სისხლძარღვების შევიწროების თავიდან ასაცილებლად;

* კალციუმის არხის ბლოკატორები – თავიდან გვაცილებს კალციუმის შეღწევას გულისა და სისხლძარღვების კუნთოვან უჯრედებში, რაც სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას აძლევს;

* დიურეტიკები, შარდმდენები – ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ წყალსა და ნატრიუმს (მარილს), რაც სისხლში სითხის ოდენობას ამცირებს. ხშირად შარდმდენი წნევის დამწევი წამლის ერთ-ერთი კომპონენტია;

* ბეტა-ბლოკერები – ამცირებს გულისცემის სიხშირეს და ძალას. შედეგად გული ნაკლებ სისხლს გადატუმბავს სისხლძარღვებში. ბეტა ბლოკერები, წესისამებრ, გამოიყენება როგორც სარეზერვო ვარიანტი ან ჯანმრთელობის ზოგიერთი სხვა პრობლემის არსებობისას.

 ***

ორსულობამდე და ორსულობის დროს

მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით – ორსულობისას, მრავალ გართულებას იწვევს, ამიტომ ქალი მზად უნდა იყოს და აკონტროლოს წნევა დაორსულებამდეც, ორსულობის დროსაც და მის შემდეგაც. მით უმეტეს, ასიდან 5-8 ორსულს მაღალი წნევა აქვს.

კლასიფიკაცია

თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ და დაორსულებას გეგმავთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც აგიხსნით, როგორ დაიქვეითოთ წნევის მაჩვენებელი. ორსულობის დროს არტერიული წნევის სამკურნალო ყველა წამალი არ შეიძლება, ამიტომ თუ წნევის მოსაწესრიგებლად უკვე იღებთ მედიკამენტს, აჯობებს, ექიმთან ეს საკითხიც გაიაროთ.

წნევა უნდა აკონტროლოთ ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგაც, რადგან ხდება ხოლმე, რომ ქალს ორსულობამდე ნორმალური წნევა აქვს, ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ კი უწევს.

წნევის მომატებაზე საუბრობენ, თუ სისტოლური მაჩვენებელი 120-129 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლური 80 მმ-ზე დაბალია. თუ ქალმა ამ ეტაპზე არაფერი გააკეთა წნევის დასარეგულრებლად, ის კიდევ უფრო მოიმატებს.

პირველი სტადიის ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 130-დან 139 მმ-მდე მერყეობს ან დიასტოლურია 80-89 მმ-ის ფარგლებში.

მეორე სტადიის ჰიპერტენზიაზე საუბრობენ, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ სვ. და უფრო მაღალია ან დიასტოლური  –  90 მმ და უფრო მაღალი.

ტერმინი გესტაციური ჰიპერტენზია გულისხმობს მაღალ არტერიულ წნევას – 140`90 მმ ვწყ სვ. ან მეტს – ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ან მშობიარობის წინა პერიოდში. გესტაციური ჰიპერტენზიის დიაგნოზი რომ დაისვას, წნევა მინიმუმ ოთხსაათიანი ინტერვალით ორჯერ ან მეტჯერ უნდა დაფიქსირდეს. ამ დროს შარდში არ უნდა იყოს ცილა და თირკმლის დაზიანების სხვა ნიშნები. გესტაციური ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ ქალს პრეეკლამფსია უვითარდება.

ქრონიკული ჰიპერტენზია კი ის მდგომარეობაა, როდესაც მაღალი არტერიული წნევა ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის მე-20 კვირამდე დადასტურდა, მაგრამ ვინაიდან წნევას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს, შესაძლოა ვერ დაადგინონ, როდის დაიწყო.

ქრონიკული ჰიპერტენზია თანდართული პრეეკლამფსიით ნიშნავს, რომ ქალს ჯერ კიდევ ორსულობამდე ჰქონდა ქრონიკული ჰიპერტენზია, ხოლო ორსულობის დროს არტერიული წნევის მაჩვენებელი გაუარესდა, დაფიქსირდა შარდში ცილა და არტერიული წნევის სხვა გართულებები.

პრეეკლამფსიის დროს ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ განვითარებულ მაღალ წნევას თან ერთვის ისეთი ნიშნები, რომლებიც ორგანოების (თირკმლის, ღვიძლის, სისხლის, ტვინის) არასრულფასოვან მუშაობაზე მიუთითებს. მაგალითად, შარდში ცილის მაღალი დონე, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დროებითი დაკარგვა, დაბურული ხედვა ან სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, – ჩვეულებრივ, ნეკნების ქვეშ, მარჯვენა მხარეს, – გულისრევა ან ღებინება, შარდის შემცირება, სისხლში თრომბოციტების დონის დაქვეითება (თრომბოციტოპენია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოშინი, წონის უეცარი მატება, სხეულის, განსაკუთრებით – სახისა და ხელების შეშუპება (თუმცა შეშუპება ნორმალურად მიმდინარე ორსულობასაც ახასიათებს).

წინათ პრეეკლამფსიის დიაგნოზს მხოლოდ მაშინ სვამდნენ, როდესაც ორსულს ჰქონდა მაღალი წნევა და შარდში ცილა. ამჟამად ცნობილია, რომ პრეეკლამფსია შესაძლოა განვითარდეს შარდში ცილის არსებობის გარეშეც. ქალებს, რომლებსაც პრეეკლამფსია ჰქონდათ, მომატებული აქვთ მოგვიანებით მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბებისა და გულის დაავადებების განვითარების რისკი. რისკი კიდევ უფრო მაღალია, თუ ქალმა პრეეკლამფსია არაერთხელ გადაიტანა ან მაღალი წნევის გამო ნაადრევად ამშობიარეს.

პრეეკლამფსიამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკლამფსია – სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც კრუნჩხვები და კომა ახასიათებს.

HELLP სინდრომი პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის უფრო მძიმე ტიპია, რომელსაც შეუძლია, გაართულოს ორსულობა. მას ახასიათებს ჰემოლიზი (ერითროციტების დაშლა), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და თრომბოციტების დაქვეითება. როგორც წესი, ვითარდება ორსულობის ბოლო სამ თვეს, მაგრამ შესაძლოა, მშობიარობის შემდეგაც დაიწყოს. თუ დიაგნოზი მალევე არ დაისვა და მკურნალობა არ ჩატარდა, HELLP სინდრომმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს დედისთვისაც და შვილისთვისაც.

შესაძლოა, ზოგიერთ ქალს მაღალი არტერიული წნევა, პრეეკლამფსია, ეკლამფსია და HELLP სინდრომი  ბავშვის დაბადების შემდეგაც დარჩეს და უფრო მეტადაც კი აუწიოს წნევამ.

არტერიული წნევის უეცარი მატება (160`110 მმ ვწყ სვ-მდე და მეტად) ასევე მოსალოდნელია ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგ. ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

რატომ გვეშინია

რატომ ვაკონტროლებთ ასე გულდასმით ორსულის წნევას? იმიტომ, რომ ის სახიფათოა. მაგალითად, შეუძლია, დააქვეითოს პლაცენტაში სისხლის ნაკადი, რის გამოც ნაყოფიც ნაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მიიღებს და მის ზრდას ხელი შეეშლება, შესაძლოა, მცირეწონიანი ან ნაადრევად დაიბადოს, რაც, თავის მხრივ, იწვევს სუნთქვის პრობლემებს, ზრდის ინფექციისა და სხვა გართულებების რისკს.

პრეეკლამფსიის დროს პლაცენტის აშრევების რისკიც იმატებს, აშრევებას კი შესაძლოა ძლიერი, ქალისა და ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა მოჰყვეს. მაღალი წნევა აზიანებს ტვინს, გულს, ფილტვებს, თირკმელებს, ღვიძლს და სხვა ძირითად ორგანოებს, ამიტომ არც ორსულობის დროს და არც მის შემდეგ ქალმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს გამაფრთხილებელი ნიშნები: მზარდი თავის ტკივილი, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ან მუცლის ტკივილი, შეშუპება, გულისრევა და თუ გრძნობს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს.

ზოგჯერ ექიმი იძულებულია, ქალი ნაადრევად ამშობიაროს, რათა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები თავიდან აიცილოს.

პრევენცია

ორსულობის ბოლომდე ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია გქონდეთ. დანიშნულებისამებრ მიიღეთ წნევის წამალი, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ. ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტი ოპტიმალური დოზით.

იყავით აქტიური. შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები ფიზიკური დატვირთვის შესახებ, მიირთვით ჯანსაღი საკვები, ერიდეთ თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

თუ წინა ორსულობისას მაღალი წნევა გქონდათ, პირველი ტრიმესტრის დასასრულიდან ექიმმა შესაძლოა ასპირინის მცირე დოზის ყოველდღიური მიღება გირჩიოთ.

წნევის მართვა

ორსულს ყოველი ვიზიტის დროს უზომავენ წნევას. თუ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ექიმი სთხოვს:

* წნევის კონტროლს შინ;

* თვალყურის დევნებას, დღეში რამდენჯერ იძრა ბავშვი;

* ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას (დეტალები ექიმთან არის გასავლელი);

* ექიმთან უფრო ხშირად მისვლას საკუთარი თუ ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად (ნაყოფის ზრდის, გულისცემის მონიტორინგისთვის). შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლისა და შარდის დამატებითი ანალიზები.

რაც შეეხება წნევის დამწევ პრეარატებს, ისინი შესაძლოა შეიცავდნენ კალციუმის არხის ბლოკატორებს, ბეტა-ბლოკატორებს ან ვაზოდილატატორებს (ჰიდრალაზინი).

მეორე ტრიმესტრში პრეეკლამფსიის რისკის შემთხვევაში ინიშნება ასპირინი.

ორსულმა წამალი ზუსტად ისე უნდა მიიღოს, როგორც გამოწერილი აქვს. არ შეწყვიტოს მისი მიღება და თვითნებურად არ შეცვალოს დოზა.

თუ ექიმმა ქალის ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებლად მიიჩნია, გართულების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა ნაადრევად – 39-ე კვირამდე – მშობიარობა ურჩიოს. მშობიარობის დრო იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად არის გაკონტროლებული არტერიული წნევა, დაზიანებული ხომ არ არის რომლიმე ორგანო, აქვს თუ არა ნაყოფს გართულებები. ქალს საავადმყოფოში ტოვებენ და მედიკამენტების დახმარებით ამწიფებენ ნაყოფის ფილტვებს.

ძუძუთი კვება

მაღალი წნევის მქონე ქალების უმეტესობისთვის ძუძუთი კვება ნებადართულია, მათთვისაც კი, ვინც წამლებს იღებს, თუმცა შესაძლოა, ბავშვის დაბადებამდე საჭირო გახდეს წამლის შეცვლა.

***

წნევა და ბავშვები

ბევრს ჰგონია, ჰიპერტენზია მხოლოდ ზრდასრულთა ან ასაკოვანთა პრობლემაა. სინამდვილეში მაღალი წნევა შესაძლოა მცირეწლოვან ბავშვებსაც ჰქონდეთ. ბავშვს ჰიპერტენზიის დიაგნოზი ესმება, როდესაც მისი არტერიული წნევა აღემატება იმავე სქესის, ასაკისა და სიმაღლის მქონე ბავშვთა 95%-ის მაჩვენებელს.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, წნევაც მით უფრო დაბალი აქვს. მაგალითად, ექვსი თვის ჩვილისთვის სისტოლური წნევის ნორმალური დიაპაზონი 87-105 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლურისა –  53-66 მმ; ორი წლის ასაკში სისტოლურისა – 95-105 მმ, დიასტოლურისა –  53-66 მმ; შვიდი წლისთვის, შესაბამისად, 97-112 მმ და 57-71 მმ, ხოლო 15 წლისთვის – 112-128 მმ და 66-88 მმ.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სავარაუდოა, მაღალი წნევა კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობით იყოს გამოწვეული, უფროსი ასაკის ბავშვებთან კი არტერიული წნევის მომატებაში შესაძლოა იმავე მიზეზებს მიუძღოდეთ ბრალი, რასაც ზრდასრულებთან: ჭარბ წონას, არასწორ კვებას და ნაკლებ მოძრაობას.

სიმპტომები

მაღალი წნევა არც ბავშვებთან იწვევს სიმპტომებს, თუმცა მის ძლიერ მომატებაზე, ჰიპერტენზიულ კრიზზე, შესაძლოა მიგვანიშნოს თავის ტკივილმა, კრუნჩხვამ, ღებინებამ, გულმკერდის ტკივილმა, სწრაფმა, მკვეთრმა გულისცემამ ან გულის ფრიალმა, ჰაერის უკმარისობამ. თუ თქვენს შვილს მსგავი მოვლენები განუვითარდა და წნევაც მაღალი აქვს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

როდის მივმართოთ ექიმს

ბავშვს არტერიული წნევა უნდა გაეზომოს ექიმთან ყოველი რუტინული ვიზიტის დროს სამი წლიდან. თუ მაღალი წნევა აღმოაჩნდა – უფრო ხშირადაც. თუ ბავშვს მომატებული აქვს ჰიპერტენზიის რისკი (ნაადრევად არის დაბადებული, აქვს მცირე წონა, თანდაყოლილი გულის დაავადება და თირკმლის პრობლემები), არტერიული წნევის მონიტორინგი დაბადებიდან მალევე იწყება.

მიზეზები და რისკფაქტორები

მცირეწლოვან ბავშვებთან მაღალი არტერიული წნევა, წესისამებრ, მეორეულია და გულის მანკებს, თირკმლის დაავადებებს, გენეტიკურ ცვლილებებს, ჰორმონულ დარღვევებს უკავშირდება, ხოლო მოზრდილ (ექვსი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის) ბავშვებს, განსაკუთრებით – ჭარბწონიანებს, უფრო ხშირად აქვთ პირველადი, ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან  დაუკავშირებელი წნევის მომატება.

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია ჭარბი წონა და სიმსუქნე, მაღალი წნევის ოჯახური ისტორია, დიაბეტი ტიპი 2, უზმოზე შაქრის ნორმაზე მაღალი დონე, მაღალი ქოლესტეროლი, მარილის ჭარბი მოხმარება, მამრობით სქესი, აქტიური ან პასიური მწეველობა, უმოძრაობა.

მეორეულ ჰიპერტენზიას იწვევს თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმელების პოლიცისტოზი, აორტის შევიწროება (კოარქტაცია), თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა (ჰიპერთირეოზი), თირკმლის არტერიის შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი), ძილის დარღვევა, განსაკუთრებით – ძილის ობსტრუქციული აპნოე, ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – სურდოს დროს გამოსაყენებელიც (დეკონგესტანტები), კოფეინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები, კოკაინი, მეტამფეტამინი და მსგავსი ნარკოტიკები.

გართულებები

ბავშვებს, რომლებსაც მაღალი წნევა აქვთ, თუ არ იმკურნალეს, სავარაუდოდ, მაღალი  წნევა ექნებათ ზრდასრულ ასაკშიც, რაც გაზრდის მომავალში გართულებების (ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის, თირკმელების დაავადების) რისკს.

პრევენცია

ბავშვებში მაღალი არტერიული წნევის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესის იმავე ცვლილებებით, რომლებიც ხელს უწყობს მკურნალობას – წონის კონტროლით, მარილის შეზღუდვით, ჯანსაღი დიეტით. სხვა მდგომარეობით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა შეიძლება დარეგულირდეს ან თავიდან იქნეს აცილებული მისი გამომწვევი მდგომარეობის მართვით.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება გასინჯვით მიღებულ მონაცემებს, სამედიცინო ისტორიას, არტერიული წნევის ოჯახურ ისტორიას, კვებისა და აქტივობის დონის შესახებ ინფორმაციას, არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა მისი სწორად გაზომვა სათანადო ტექნიკით, მშვიდ გარემოში. მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზი რომ დაისვას, არტერიული წნევა ნორმაზე მაღალი უნდა იყოს ექიმთან, სულ მცირე, სამი ვიზიტის დროს გაზომვისას. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს, პირველადია ჰიპერტენზია თუ მეორეული, ჩატარდეს სისხლის ანალიზები თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების დონის შესამოწმებლად, შარდის ანალიზი, ექოკარდიოგრამა, თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ამბულატორიული მონიტორინგი გულისხმობს ბავშვისთვის სპეციალური მოწყობილობის მიმაგრებას, რომელიც არტერიულ წნევას ზომავს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ძილისა და აქტივობის პერიოდების ჩათვლით. ამ გზით გამოირიცხება არტერიული წნევის ემოციურ ფონზე მატება (თეთრი ხალათის ჰიპერტენზია).

მკურნალობა

თუ ბავშვს წნევა ოდნავ აქვს მომატებული, მკურნალობა იწყება ცხოვრების წესის შეცვლით, ჯანსაღი დიეტით და ფიზიკური აქტივობის გაზრდით. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რეკომენდებულია წამლების დამატება. თუ წნევა საკმაოდაა მომატებული, წამლები თავიდანვე ინიშნება. წესისამებრ, ესენია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენები.

თუ მაღალი წნევა სიმსუქნით არის გამოწვეული, წონის დაკლების შემდეგ მედიკამენტები შესაძლოა მოიხსნას. საზოგადოდ, როდესაც ჰიპერტენზია სხვა სამედიცინო  პრობლემის  ფონზეა განვითარებული, ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ წნევაც რეგულირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე წნევის წამლების გრძელვადიანი გავლენის შესახებ ცოტა რამ ვიცით, ამ მედიკამენტების უმრავლესობა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ითვლება.

წნევის კონტროლისთვის

რეკომენდაციები ბავშვებისთვისაც ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისთვის. ისინი მაშინაც კი უნდა შესრულდეს, როდესაც ბავშვი წნევის დამწევს იღებს.

* უპირველეს ყოვლისა, აკონტროლეთ ბავშვის წონა.

* წაახალისეთ, ჭამოს  ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, უცხიმო რძის ნაწარმი, უცხიმო ცილოვანი საკვები (თევზი, ლობიო), შეუზღუდეთ ცხიმი, შაქარი, მარილი.

* წაახალისეთ ფიზიკური აქტივობისკენ. ბავშვმა დღეში 60 წუთი მაინც უნდა დაუთმოს ზომიერ ან ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.

* შეუზღუდეთ ტელევიზორთან, კომპიუტერთან თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან გასატარებელი დრო.

* ცხოვრების წესის შეცვლაში მთელი ოჯახი ჩაერთეთ. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, თუ ოჯახის სხვა წევრები სწორად არ იკვებებიან და არ ვარჯიშობენ. მიეცით მაგალითი. ერთად ითამაშეთ აქტიური თამაშები, ირბინეთ, ველოსიპედებით იარეთ.

***

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს წნევა მომატებულია ფილტვის არტერიებში – სისხლძარღვებში, რომლებსაც სისხლი გულიდან ფილტვებისკენ მიაქვს. ის პირველადიც შეიძლება იყოს და სხვა დარღვევით გამოწვეულიც.

რა იწვევს

ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, ცნობილ მიზეზთა ჩამონათვალი კი მოიცავს სამედიცინო მდგომარეობებს, როდესაც ფილტვის არტერიები ზიანდება ან იბლოკება. ესენია:

* მარცხენა გულის დაავადებები – მარცხენა გულის უკმარისობა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მაღალი არტერიული წნევით მთელ სხეულში ან გულის კორონარული დაავადებით;

* გულისა და სისხლძარღვების სხვა დაავადებები, მაგალითად, გულის თანდაყოლილი მანკები, აორტის სტენოზი, ფილტვის არტერიების თანდაყოლილი შევიწროება;

* ფილტვის დაავადებები – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი), ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ემფიზემა, ძილის აპნოე, ფილტვის სიმსივნე;

* სხვა სამედიცინო მდგომარეობები – ღვიძლის დაავადებები (ციროზი), ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ფილტვებში თრომბები, შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები (მაგალითად, სკლეროდერმია), თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, დიდი სიმაღლის ქრონიკული ზემოქმედება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, სარკოიდოზი.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დიაგნოზი, როგორც წესი, ისმება 30-დან 60 წლამდე, უფრო ხშირად – ქალებთან. მისი განვითარების ალბათობას ზრდის ნარკოტიკების მოხმარება, თამბაქოს წევა, ფილტვების აზბესტით დაბინძურება, ზოგიერთი პარაზიტული დაავადება (შისტოსომოზი, ექინოკოკოზი), კიბოს სამკურნალო, დეპრესიისა და შფოთვის საწინააღმდეგო, წონის დასაკლები ზოგიერთი მედიკამენტი.

ნიშნები

ფილტვის ჰიპერტენზიის ნიშნებია:

* ტკივილი გულმკერდის არეში;

* მშრალი ან სისხლიანი ხველა;

* დაღლილობა;

* ხმის ჩახლეჩა;

* თავის სიმსუბუქე, გულის წასვლა ან თავბრუხვევა;

* გულისრევა და ღებინება;

* ქოშინი, ჯერ – ფიზიკური დატვირთვისას, მერე კი, დაავადების გამწვავებისდა კვალად – მის გარეშეც;

* მუცლის და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო;

* სისუსტე;

* ხიხინი.

გართულებები

გულსა და ფილტვებში სისხლი ასე მოძრაობს: გულის მარჯვენა ნაწილში ჩაედინება მთელი სხეულიდან წამოსული ჟანგბადით ღარიბი სისხლი; აქედან ის ფილტვის არტერიებს ფილტვებში მიაქვს, რათა იქ ჟანგბადით გამდიდრდეს და შემდეგ დანარჩენი ორგანიზმი მოამარაგოს. როდესაც ფილტვების არტერიაში წნევა მომატებულია, ფილტვის არტერიები შევიწროებული ან დაბლოკილია, გულსაც მეტი ძალა ადგება ფილტვებში სისხლის გადასატუმბავად. შედეგად შესაძლოა გული და ფილტვები დაზიანდეს.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია შესაძლოა გართულდეს გულის (განსაკუთრებით – მარჯვენა პარკუჭის) უკმარისობით, არითმიით, ფილტვის არტერიებში თრომბების წარმოქმნით, ანემიით, ფილტვებში სისხლდენით, ღვიძლის დაზიანებით, პერიკარდიული გამონაჟონით. მასვე უკავშირდება ორსულობის გართულებები.

როგორ აფასებენ

მდგომარეობის შესაფასებლად ექიმი ჩივილებს გამოჰკითხავს და გასინჯავს პაციენტს, შეუმოწმებს ღვიძლის ზომებს, მოუსმენს მის გულს, ფილტვებს, დააკვირდება, გადიდებული ხომ არ აქვს კისრის ვენები), შეშუპებული ხომ არ აქვს მუცელი და ფეხები, გაუზომავს არტერიულ წნევას, სისხლში ჟანგბადის შემცველობას.

შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი, გულის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი, ექოკარდიოგრაფია, გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაცია.

ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაისმება, თუ ფილტვის არტერიებში წნევა ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. გულის კათეტერიზაცით გაზომვისას ფილტვის არტერიებში ნორმალური წნევაა 11-20 მმ ვწყ. სვ. თუ მოსვენებისას მაჩვენებელი 25 მმ-ს ასცდა, ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზს სვამენ, ექოკარდიოგრაფიულად კი ამავე დიაგნოზის დასასმელად ფილტვის არტერიაში წნევა, სულ მცირე, 35-40 მმ უნდა იყოს.

ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ექოკარდიოგრამაზე ნანახი სხვა შესაბამისი ცვლილებების საფუძველზეც.

ფილტვის ფუნქციის შესაფასებლად ფილტვის ფუნქციური ტესტებიც ტარდება.

მკურნალობა

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია არ იკურნება, მკურნალობენ სიმპტომებს. მკურნალობის გეგმას ექიმი მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით ადგენს (თუ ის ცნობილია). შესაძლოა, ურჩიოს პაციენტს ცხოვრების წესის შეცვლა, გამოუწეროს წამლები ან სხვაგვარი მკურნალობა, რომლის მიზანია სიმპტომების დამძიმების თავიდან აცილება, დატვირთვის უნარის მომატება, გულის ფუნქციის გაუმჯობესება და ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა.

ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს ჯანსაღ კვებას, განსაკუთრებით – მარილის შეზღუდვას, რამაც სხეულის სითხის კონტროლით შესაძლოა გააუმჯობესოს გულის მუშაობა, ასევე – ფიზიკურ დატვირთვას ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით.

წამლებიდან იყენებენ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლებს) თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, დიგოქსინს გულის რიტმის დასარეგულირებლად, ვაზოდილატატორებს სისხლძარღვების მოსადუნებლად და არტერიული წნევის შესამცირებლად.

შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება. ზოგჯერ ტარდება სეპტოსტომია: წინაგულთაშორის ძგიდეზე ედება პატარა ხვრელი, რაც მარჯვენა წინაგულში წნევას ამცირებს, – ფილტვის არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა, ფილტვის არტერიების ენდარტერექტომია, ოპერაცია არტერიებიდან თრომბების მოსაშორებლად და სხვა.

საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება არტერიული წნევის დასარეგულირებელი წამლები, აღადგენენ გულის სარქველებს, მკურნალობენ ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას და სხვა.

თუ ფილტვის ჰიპერტენზია მკაფიოდაა გამოხატული ან მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა, ექიმმა ფილტვის ან გულ-ფილტვის გადანერგვის რეკომენდაცია გასცეს.

პრევენცია

გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმი გირჩევთ, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის ფიზიკურ დატვირთვას. შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოთ სიმაღლეს და ექიმთან ერთად განიხილოთ ფრენისა თუ მთიან რეგიონში მოგზაურობის ყველა გეგმა. კონსულტაცია უნდა გაიაროთ, თუ ორსულობას გეგმავთ. უნდა უმკურნალოთ ფქოდს, გულის დაავადებებს, ძილის აპნოეს, გაიკეთოთ რეკომენდებული ვაქცინები – პნევმოკოკის, გრიპის და სხვა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: