კალიუმი – გულისცემაზე პასუხისმგებელი ელემენტი

გააზიარე:

ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს გამართული მუშაობისთვის კალიუმიც სჭირდება. იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ეს მინერალი სასიცოცხლო პროცესებზე, როგორ ავითვისოთ ის უკეთ და რა არის ჰიპერკალიემია თუ ჰიპოკალიემია, “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირინა ლომთაძე გვესაუბრა.

– რა არის კალიუმი და რა ევალება მას ჩვენს ორგანიზმში?

– კალიუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის მაკროელემენტია, რომელიც ყველა ორგანიზმის უჯრედის შემადგენლობაში შედის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს. ნატრიუმთან ერთად კალიუმი წარმოადგენს უჯრედთა მემბრანის საბაზისო ელემენტს, მონაწილეობს მემბრანული პოტენციალის წარმოქმნაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ-კუნთოვანი იმპულსის გატარებაში. ორგანიზმში კალიუმის დონის ცვლილება უჯრედთა ნორმალური მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს, რაც, უპირველეს ყოვლისა,  გულის რიტმისა და ნერვკუნთოვანი იმპულსის გადაცემის დარღვევით ვლინდება.

კალიუმი ნატრიუმთან ერთად (რომელიც მის ანტაგონისტად მოიაზრება) ცენტრალურ როლს ასრულებს მეტაბოლიზმის  ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობა, სისხლის ოსმოსური წნევისა და არტერიული წნევის შენარჩუნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის არასაკმარისი მიღება ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ კვების რაციონში კალიუმის შემცველობის 1.64 გრამით გაზრდამ 21%-ით შეამცირა ინსულტის რისკი და დააქვეითა არტერიული წნევის მაჩვენებლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, არტერიული წნევის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად გაიზარდოს რაციონში კალიუმის შემცველობა. კერძოდ, მოზრდილებისთვის რეკომენდებულია არანაკლებ 3,51 გრამისა დღე-ღამეში. არსებობს მონაცემები, რომ ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში  მოსახლეობა არ იღებს საკმარისი რაოდენობის კალიუმს – აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობა ამ მაკროელემენტს დღე-ღამეში 3 გრამზე ნაკლებს  მოიხმარს.

ამასთან, მნიშვნელოვანია მიღებული კალიუმის არა მხოლოდ აბსოლუტური რაოდენობა, არამედ მისი თანაფარდობაც ანტაგონისტ ნატრიუმთან – სუფრის მარილთან. ის 1:1 უნდა იყოს, მაშინ როდესაც ქვეყნების უმეტესობაში სუფრის მარილის  მოხმარება, სამწუხაროდ, 2-ჯერ აღემატება კალიუმისას, ეს კი კარდიოვასკულური დაავადებების ერთ-ერთი ძლიერი რისკფაქტორია.

გარდა გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე დადებითი გავლენისა, კალიუმით რაციონის გამდიდრება  ამცირებს თირკმელკენჭოვანი დაავადებების რისკს (ვინაიდან კალიუმი  აქვეითებს შარდით კალციუმის ექსკრეციას). ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი DASH (Dietary Approaches ti Stop Hypertension) დიეტის ფონზე იკლებს შარდში კალციუმის დონე და მასთან ერთად – თირკმელში კონკრემენტის წარმოქმნის რისკიც.

ასეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალიუმი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაშიც. ის, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის კალციუმის კარგვას შარდით, ძვლის რეზორბციის (გაწოვის) პროცესსაც ანელებს, რითაც ძვლოვანი მასის მატებას უწყობს ხელს.

– რამდენი კალიუმი მივიღოთ?

– სხვადასხვა ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოზრდილებისთვის კალიუმის სადღეღამისო ნორმა 3.51-დან 4,7 გ-მდეა. თუმცა ამ ელემენტზე ყოველდღიური მოთხოვნა იცვლება ფიზიოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. მაგალითად, ორსულებსა და მეძუძურებს დღე-ღამეში 5 გრამზე მეტი კალიუმი სჭირდებათ. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის ნორმასთან შედარებით მეტის მიღებაა რეკომენდებული. სამაგიეროდ, კალიუმი უნდა შეიზღუდოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

– როგორ დავიკმაყოფილოთ კალიუმის მოთხოვნილება და როდის არის რეკომენდებული ამ ელემენტის შემცველი საკვები დანამატები?

– სხვა მინერალებისგან განსხვავებით, ორგანიზმში კალიუმის დეპო არ არსებობს, ამიტომ მისი ყოველდღიური მიღება, თანაც ადეკვატური რაოდენობით, აუცილებელია. კალიუმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია სწორი და დაბალანსებული კვებით.   კალიუმის ძირითადი წყარო ხილი და ბოსტნეულია. განსაკუთრებით მაღალი შემცველობით გამოირჩევა ბანანი (450 მგ ერთ საშუალო ზომის ნაყოფში),  ფორთოხალი (300 მგ), გარგარი, კივი, ნესვი, ავოკადო, ხილის ჩირი, კარტოფილი (850 მგ ერთ საშუალო ზომის ნაყოფში; მეტი კალიუმია თავმოყრილი კარტოფილის ქერქში), სტაფილო, პომიდორი, ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო, სოკო, მწვანილი, ბოლოკი, ისპანახი, ჭარხალი... ასევე საკმაო რაოდენობის კალიუმს შეიცავს თხილეული, ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი (500 მგ 1 ჭიქა იოგურტში), პარკოსნები (თეთრი ლობიო), მთლიანი მარცვლეული, წიწიბურა, გოგრა, კაკაო.

კალიუმის შემცველი დანამატები გვჭირდება უმთავრესად იმ პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას, რომლებიც კალიუმს ორგანიზმიდან გამოდევნის. ასეთებია მარყუჟის შარდმდენები (ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი...). ამ დანამატების გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან კალიუმის სიჭარბე ისევე სახიფათოა ორგანიზმისთვის, როგორც მისი დეფიციტი. კალიუმის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით შეიძლება.

უკეთ ასათვისებლად

– დაუმუშავებელ საკვებში კალიუმის შემცველობა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე თერმულად დამუშავებულში ან გაყინულში. მაგალითად, ბოსტნეულის მოხარშვისას კალიუმი წყალში გადადის და 50%-მდე იკარგება. ამიტომ სასურველია, ნაკლებ წყალში მოვხარშოთ, საუკეთესო შემთხვევაში მოვხარშოთ ორთქლში ან სულაც ღუმელში გამოვაცხოთ.

ზეითუნის ზეთი კალიუმის შეწოვას ზრდის, ამიტომ სასურველია, უმი თუ თერმულად დამუშავებული  ბოსტნეული ამ ზეთთან ერთად მივირთვათ.

– როგორ განისაზღვრება ორგანიზმში კალიუმის დონე?

– კალიუმის განსაზღვრა მარტივია – მისი შემცველობა იზომება სისხლში როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ელექტროლიტებთან ერთადაც (ნატრიუმთან, იონიზებულ კალციუმთან და მაგნიუმთან).

ჰიპოკალიემია

– რა იწვევს კალიუმის დეფიციტს და როგორ ამოვიცნოთ ის?

– კალიუმის დეფიციტის ყველაზე საყურადღებო სიმპტომებია გულის რიტმის დარღვევა (ზოგჯერ  – პარკუჭოვან ფიბრილაციამდეც კი),  კუნთოვანი სისუსტე (ზოგჯერ – დამბლაც), ყლაპვის გაძნელება, შეკრულობა (ფუნქციურ გაუვალობამდე), შარდვის გახშირება, წყურვილის გაძლიერება, დაღლილობა. კლინიკური სიმპტომატიკის სიმძიმეს კალიუმის დონესთან პირდაპირი კორელაცია არ აქვს. როცა კალიუმის დონე ნელა იცვლება, ორგანიზმი ეგუება ამას და  შესაძლოა პროცესი უსიმპტომოდაც წარიმართოს, თუმცა ჯანმრთელობას ნებისმიერ შემთხვევაში უქმნის  საფრთხეს.

სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას (ჰიპოკალიემიას) იწვევს:

*ზოგიერთი პრეპარატი: მარყუჟოვანი შარდმდენები (ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი), ვიტამინი B 12, ინსულინი;

*გახანგრძლივებული დიარეა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა;

*ენდოკრინული დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება (ჰიპერალდოსტერონიზმი, კუშინგის დაავადება);

*ალკალოზი – მჟავატუტოვანი წონასწორობის გადახრა ტუტე მხარეს, რაც იწვევს უჯრედგარეთა სივრციდან კალიუმის გადასვლას უჯრედის შიგნით;

* სუფრის მარილის, ალკოჰოლის, კოფეინიანი სასმელების ჭარბი მიღება;

*არასწორად დაბალანსებული კვება, უმი (თერმულად დაუმუშავებელი) ბოსტნეულისა და ხილის წილის შემცირება საკვებ რაციონში, გაყინული და გალღობილი ნახევარფაბრიკატებით კვება.

ჰიპერკალიემია

– რა იწვევს კალიუმის სიჭარბეს და როგორ ვლინდება?

– ჰიპოკალიემიის მსგავსად, ჰიპერკალიემიაც ვლინდება არითმიით, სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი ფიბრილაციით. კალიუმის დონის მკვეთრმა მატებამ შესაძლოა გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. კალიუმის მატებას ასევე ახასიათებს კუნთოვანი სისუსტე (დამბლამდე), პარესთეზია, კუნთების დაბუჟება, შფოთვა, სისუსტე, სხეულში წყლის შეკავება და შედეგად – შეშუპება.

სისხლში კალიუმის დონის მატებას იწვევს:

*წამლები: ალდოსტერონის რეცეპტორის ინჰიბიტორები (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი), ფართოდ გამოყენებული აგფ-ინჰიბიტორები (ენალაპრილი), არბ (ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერები),  ბეტა ბლოკერები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (დიკლოფენაკი, იბუპროფენი), ჰეპარინი, დიგოქსინი, ციტოსტატიკური პრეპარატები;

*თირკმლის უკმარისობა;

*ენდოკრინული დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ადისონის დაავადება), დიაბეტური კეტოაციდოზი ინსულინის დეფიციტით.

*ჰიპერკალიემია შეიძლება კალიუმის ჭარბმა მიღებამაც გამოიწვიოს (მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი კალიუმი ჯანმრთელი თირკმლის საშუალებით გამოიყოფა);

*აციდოზი – მჟავატუტოვანი წონასწორობის გადახრა მჟავას მხარეს, რასაც თან სდევს კალიუმის გადასვლა უჯრედშიდა სივრციდან უჯრედგარეთა სივრცეში;

*კალიუმის ჭარბი გადასვლა სისხლის პლაზმაში  უჯრედთა რღვევის დროს – ჰემოლიზი, მიოლიზი, დამწვრობა,  სიმსივნის რღვევის სინდრომი და სხვ.

– რას ურჩევდით მკითხველს?

– იკვებეთ სწორად, მიირთვით ხილი და ბოსტნეული (სულ მცირე, 400-500 გრამი დღეში), უპირატესობა მიანიჭეთ სეზონურ, ახალ და თერმულად დაუმუშავებელ ხილ-ბოსტნეულს. აუცილებლად ჩართეთ რაციონში რძის ნაწარმი, თევზეული, თხილეული. შეზღუდეთ სუფრის მარილი, ალკოჰოლი და კოფეინიანი სასმელები  (დღეში ორ ჭიქას არ გადააჭარბოთ). სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომ საჭირო კვლევები ჩაგიტარონ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: