მიხეილ შენგელია – ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებთან

გააზიარე:

XX საუკუნის 40-იანი წლების დასასრულს და 50-იანების დასაწყისში ქართული მედიცინის ისტორიის კვლევას ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა მეცნიერმა მიხეილ შენგელიამ. დღეს, როდესაც ის უკვე თავადაა ისტორიის ნაწილი, გვინდა, ჩვენს უცვლელ კონსულტანტთან, ბატონ ხუტა პაჭკორიასთან ერთად თვალი გავადევნოთ ამ დიდებული ადამიანის ცხოვრების გზას და მის მიერ მეცნიერებაში დატოვებულ წარუშლელ ნაკვალევს. მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მიხეილ შენგელიას შვილებს – გიორგი და რამაზ შენგელიებს.

მიხეილ სოფრომის ძე შენგელია 1915 წლის 25 დეკემბერს დაიბადა ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ხაბუმეში. მამამისი წარმატებული კომერსანტი და თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება ყოფილა. სენაკის მაზრაში განათლების დარგის მეურვედაც კი აურჩევიათ. ცარიზმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო სოფრომ შენგელია ორჯერ ყოფილა დაპატიმრებული; 1929 წელს, როგორც იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ციმბირში გადაუსახლებიათ, საიდანაც 1934 წელს დაბრუნებულა, 1937 წლის რეპრესიებს კი ვეღარ გადარჩენია.

სოფრომის მეუღლემ, დომინიკა გეგელიამ, სიცოცხლე შვილების აღზრდას მიუძღვნა. უფროსი ვაჟი ვალერიანი გეოგრაფიისა და ხატვის მასწავლებელი გახდა (სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა). მომდევნო იყო პოეტი ალეკო შენგელია, შუათანა – მიხეილი. მიხეილის მომდევნო, ილია, მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილა და გაუჩინარებულა. ნაბოლარა, გიორგი, გერმანიაში, ტყვეთა ბანაკში შეხვედრია ძმას და ომის ჯოჯოხეთი მასთან ერთად გამოუვლია.

ადრეული წლები

მიხეილის ბავშვობამ სამეგრელოში გაიარა. 1924 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, შავსიელის ვაჟები სენაკს გაერიდნენ, თბილისს მიაშურეს. ალეკომ მამის სახელი შეიცვალა, მიხეილი კი ცოტა ხანს “შენგელაიად” წარადგენდა თავს. სოფრომმა, რომელსაც ბოლშევიკურმა მთავრობამ ყველაფერი ჩამოართვა, მოახერხა ერთი ოთახის გადარჩენა მაშინდელი სამრეცხაოს (ახლანდელი რიწის) ქუჩის ოც ნომერში, სადაც თითქმის სამი წელი იცხოვრეს ერთად ალეკომ, მიხეილმა და ლადო ასათიანმა. ფული არცერთს არ ჰქონდა და 1931 წელს, თბილისის მეორე შრომის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მიხეილმა  გადაწყვიტა, ბუღალტრად დაეწყო მუშაობა ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხის ღვინის ქარხნაში, სადაც 1933 წლის ბოლომდე იმსახურა.

დედაქალაქში გატარებულმა წლებმა თბილისი გამორჩევით შეაყვარა მიხეილ შენგელიას. მან ზეპირად იცოდა ყველა ქუჩის ძველი თუ ახალი სახელი, ისტორია, ხშირად ჰყვებოდა კინტოებზე, ყარაჩოხელებზე, იხსენებდა თბილისურ ჟარგონს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1939-დან 1941 წლამდე, განაწილებით მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში, ალავერდის ცენტრალური პოლიკლინიკის თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კაბინეტის გამგე-ექიმად. ამ წლებს თავისი ბიოგრაფიის ნაყოფიერ პერიოდად მიიჩნევდა და სიამაყით იგონებდა, როგორ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პრაქტიკოს ექიმად. შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ სომხური ენის ცოდნა გამოემჟღავნებინა.

ომში და ომის შემდეგ

დიდმა სამამულო ომმა ალავერდში მოუსწრო. დეფიციტური სპეციალობის, ოფთალმოლოგობის გამო მიხეილს ჯავშანი ჰქონდა, მაგრამ კომისარი მანამდე არ მოასვენა, სანამ ფრონტზე არ ამოყო თავი. დაშავებულთა გადამრჩენელი, თავად ორჯერ დაიჭრა. პირველი შემთხვევის შემდეგ კვლავ ფრონტზე დაბრუნდა. მეორედ, 1943 წელს, კომისიის გადაწყვეტილებით, სამხედრო-საექიმო სამსახურში გადაიყვანეს.

არ უყვარდა ომზე საუბარი, არც ვეტერანობით იწონებდა თავს. ომი ცივილიზებული კაცობრიობის უდიდეს სირცხვილად მიაჩნდა.

1945 წელს სენაკში დაბრუნებულმა მიხეილმა ექიმ-სტომატოლოგ ზინა ქილიფთარზე იქორწინა. შემდგომ არაერთხელ უთქვამს, რომ მეუღლის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ზინა სამი ათეული წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა მიხეილის მიერ საქართველოს რაიონებში ხალხური მედიცინის მასალების შესაგროვებლად გმართულ სამეცნიერო ექსპედიციებში და ნაშრომიც კი უძღვნა ხალხური სტომატოლოგიის შესწავლას.

ცოლ-ქმარმა ორი ვაჟი აღზარდა: გიორგი (გიზო) – ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, და რამაზი – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. დღეს რამაზ შენგელია მამის საქმეს აგრძელებს – თსსუ სამედიცინო-ჰუმანიტარული მიმართულებისა და მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

მეცნიერული ღვაწლი

1946-1954 წლებში მიხეილ შენგელია სენაკის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე და შეთავსებით ოტორინოლარინგოლოგი იყო. სწორედ იქ, პრაქტიკული საექიმო საქმიანობის პარალელურად, დაიწერა მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომები კლინიკურ მედიცინაში, ოფთალმოლოგიასა და ნეიროოფთალმოლოგიაში. იქვე, დედაქალაქისგან მოშორებით, ახალგაზრდა მკვლევარმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი ქართული მედიცინის ისტორიის წყაროების კვლევას, რაც საკანდიდატო დისერტაციით დაგვირგვინდა. “ოფთალმოლოგიის ისტორიის ნარკვევები საქართველოში” ქართული ოფთალმოლოგიის ისტორიაში პირველ, ხოლო მთლიანად მედიცინის დარგობრივ ისტორიაში ერთ-ერთ პირველ დისერტაციად აღიარეს. მასზე მუშაობისას მიხეილ შენგელიამ შეისწავლა საარქივო თუ უძველესი წერილობითი ძეგლები და ოფთალმოლოგიური მეცნიერების კვლევის ჩარჩოები ძვ. წ. II ათასწლეულამდე გააფართოვა. პირველად მის დისერტაციაში იქნა განხილული მითოსური მასალა მედიცინის ისტორიის კვლევისთვის სერიოზულ წყაროდ. უხვად იყო მოყვანილი მაგალითები ქართული სამედიცინო ლიტერატურიდან: “უსწორო კარაბადინიდან”, “იადიგარ დაუდიდან”... პირველმა მიმოიხილა თვალის ანატომიისა და ფიზიოლოგიის, თვალის ქირურგიული ოპერაციების საკითხები, მეფე ვახტანგ VI-ის ნაშრომი “ოპტიკური პარაგრაფები”, XIX საუკუნის II ნახევრის ოფთალმოლოგიური სამსახურის მასალები და სხვ.

1954 წელს პროფესორ კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანის მიწვევით მიხეილ შენგელია გახდა საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი ნეიროოფთალმოლოგიის განხრით. იქ მან მხოლოდ სამი წელი დაყო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაშრომები შესძინა დარგს.

1956 წელს თბილისში ჩამოყალიბდა საქართველოში მედიცინის ისტორიის შესწავლის საორგანიზაციო და მეთოდური კომისია, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და შემდგომ – აქტიური წევრი მიხეილ შენგელიაც იყო. ვიდრე საქართველოში მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება დაარსებოდა, კომისია ერთგვარ კოორდინირებას უწევდა ქართული მედიცინის ისტორიის დარგში მომუშავე მეცნიერთა საქმიანობას, აყალიბებდა კვლევის სტრატეგიასა და ტაქტიკას.

1959 წელს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიხეილ შენგელიას თაოსნობით შეიქმნა ქართული მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, რომელმაც დარგის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. ბატონი მიხეილი მთელი სიცოცხლე ემადლიერებოდა თავის მეგობარს, აკადემიკოს გიორგი მარუაშვილს, იმდროინდელ ჯანდაცვის მინისტრსა და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში თანადგომისა და მუდმივი ხელშეწყობისთვის. სწორედ ზემოხსენებული სამეცნიერო სტრუქტურის ძალისხმევით დაიწყო მთელ საქართველოში ექსპედიციების გზით ხალხური მედიცინის შეგროვება-შესწავლა და ქართული სამედიცინო ხელნაწერების მოძიება და აღწერა. ამ საშვილიშვილო საქმეში მიხეილ შენგელიას გვერდით ედგნენ ნანი ხელაია, ნია მატაბელი, ქეთი ძაძამია, ჯუმბერ ქორჩილავა, ციური გეგეშიძე, თამარ გვაზავა და სხვები.

1961 წლის მარტში მიხეილ შენგელიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “უძველესი ქართული მედიცინის ზოგიერთი ძირითადი საკითხი და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნი”. დაცვის პროცესი ჭეშმარიტ მეცნიერულ პაექრობად იქცა. სამეცნიერო საბჭომ ერთხმად მიანიჭა მეცნიერს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ეროვნული საგანძური

და მაინც, ყველაზე ფასეული, რაც მეცნიერმა ერსა და ქვეყანას დაუტოვა, ალბათ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმია.  დიდძალი საარქივო მასალა, სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები, მდიდარი სამედიცინო ბიბლიოთეკა, სხვადასხვა სახის სამუზეუმო ექსპონატები, ხალხური მედიცინის ნიმუშების კოლექცია, მხატვრული ტილოები, რომლებიც მიხეილ შენგელიას ჯერ რაიონში, მერე კი დედაქალაქში მუშაობის დროს განყოფილების თანამშრომლებთან ერთად შეეგროვებინა, თავშესაფარს ითხოვდა. 1963 წელს მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნა, ხოლო 1968-ში რესპუბლიკურის სტატუსი მიიღო. მედიცინის ისტორიის პირველი მუზეუმი ვერაზე, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე, თამარ მეფის დროინდელ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის, ე.წ. ლურჯ მონასტრის შენობაში განთავსდა. სავალალო მდგომარეობაში მყოფი ნაგებობის კედლები მიხეილმა საკუთარი სახსრებით გაამაგრა და ძეგლი განადგურებისგან იხსნა. დროთა განმავლობაში მონასტერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა, მუზეუმს კი 1986 წელს უზნაძის 51-ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი პირველი კორპუსი გადაეცა (საფერშლო სკოლისთვის გამიზნული ეს შენობა 1872 წელს, სავარაუდოდ, თბილისელი არქიტექტორის ა. ზალცმანის მიერ არის აგებული და კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული).

90-იანი წლების შემდეგ ეს დიდი ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი განადგურების პირას აღმოჩნდა. მიხეილის ვაჟის, პროფესორ რამაზ შენგელიას ბრძოლამ ჯერ გადასარჩენად, მერე კი საერთაშორისო სტანდარტების დაწესებულებად მისი ქცევისთვის შედეგი გამოიღო: დღეს ექსპონატებით გამდიდრებული და გემოვნებით მოწყობილი მუზეუმის კარი ყველასთვის ღიაა.

პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა

1974 წელს პროფესორი მიხეილ შენგელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის კათედრის გამგედ აირჩიეს. უყვარდა სტუდენტებთან საუბარი, ლექციებზე ერთადერთი მიზანი ჰქონდა – რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება მოესწრო. სხვა საკითხების შემჭიდროების ხარჯზე ქართული მედიცინის ისტორიის სწავლების საათების რაოდენობაც კი გაზარდა, რაც ისედაც დატვირთული პროგრამის ფარგლებში ადვილი არ ყოფილა, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვა და საწადელს მიაღწია კიდეც. დიდი პრობლემა იყო ქართული სახელმძღვანელოს არარსებობა, რის გამოც სტუდენტები რუსულ გამოცემებს იყენებდნენ. მიხეილ შენგელიამ ეს სირთულეც დაძლია: 1988 წელს გამოსცა სახელმძღვანელო “მედიცინის ისტორია”, რომელიც დღემდე უცვლელი პოპულარობით სარგებლობს.

1974 წელს მიხეილ შენგელია სათავეში ჩაუდგა ქართული მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილებას, რომელიც მან თსსი ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის შემადგენლობაში გადაიტანა. გახდა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორიც. ამ სამი მნიშვნელოვანი სტრუქტურის ერთ ფუნქციურ ცენტრად გაერთიანებამ ხელი შეუწყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის უკეთ კოორდინაციას და სამეცნიერო ხარისხის ამაღლებას.

1979 წელს მიხეილ შენგელია მედიცინის ისტორიკოსთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს, მანამდე კი ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიკოსთა საბჭოს ბიოლოგიისა და მედიცინის ისტორიის სექციას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისივე ინიციატივით 1970 წელს ჩამოყალიბდა. პარალელურად, 1974 წლიდან სათავეში ედგა თბილისის მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოებას.

მიხეილ შენგელია მონაწილეობდა საკავშირო თუ ცალკეული რესპუბლიკების თითქმის ყველა სიმპოზიუმში, ყრილობასა და კონფერენციაში, რომელიც კი მედიცინის და, საზოგადოდ, მეცნიერების ისტორიას ეძღვნებოდა. მას ხშირად იწვევდნენ ცალკეული სპეციალობების სამეცნიერო ფორუმებზეც. უკანასკნელი სტატია სათაურით “ქართული ენა და ძველი სამედიცინო ძეგლები” 1991 წელს გამოაქვეყნა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. ასე გამოეთხოვა თავის კალამს.

ბატონი ხუტა იხსენებს, როგორ მოუყვა უკვე ხანში შესულ პროფესორს არეთა კაბადოკიელზე, რომლის შესახებ ინფორმაცია ლონდონში გამოცემულ მედიცინის ისტორიის წიგნში აღმოაჩინა. პირველ საუკუნეში რომაელებს ტყვედ ჩაუგდიათ ახალგაზრდა ექიმი არეთა, რომელსაც მალე ყველა გაუოცებია თავისი ცოდნით. მისთვის რომაელთა ჰიპოკრატეც კი შეურქმევიათ. ის მიიჩნევა ოცამდე დაავადების (ეპილეფსია, დიაბეტი, დიარეა) “ნათლიად”. მიხეილს მწუხარედ უთქვამს, ათი-თხუთმეტი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, არეთა კაბადოკიელის მოღვაწეობას ძირფესვიანად შევისწავლიდიო.

პროფესორი მიხეილ შენგელია 1999 წლის 18 აგვისტოს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მარი მარღანია

გააზიარე: