პატარა “მაბეზღარები”

გააზიარე:

ყოველთვის ცუდია თუ არა ენის მიტანა? როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ენატანიაობა და გონივრული სიფრთხილე?

ენის მიტანა ყველაზე მეტად უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს სჩვევიათ. მათ შესაძლოა დააბეზღონ თანაკლასელი, მეგობარი, მშობელიც კი. მართალია, დაბეზღება ულამაზო საქციელია, მაგრამ ეს ბავშვის განვითარების ეტაპია – ამ დროს ის სწავლობს სოციალურ ნორმებს და სამართლიანობა-უსამართლობის ცნებებს ეცნობა.

ენატანიაობა ამა თუ იმ დოზით ყველა ბავშვს ახასიათებს, მაგრამ ზოგი ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს. რამდენად საყურადღებოა ეს ფაქტი? როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი დაბეზღებას? საერთოდ, უნდა გადავაჩვიოთ თუ არა? როგორ ვასწავლოთ დაბეზღებასა და ამბის მოყოლას შორის განსხვავება? როგორ ავუხსნათ, როდის მისაღებია და როდის არა უფროსისთვის (მშობლისთვის, მასწავლებლისთვის) სხვა ბავშვის ქცევის შეტყობინება?

რა არის დაბეზღება

დაბეზღება არის ქცევა, როდესაც ერთი ადამიანი მეორის შესახებ უარყოფით კონტექსტში ჰყვება, რათა ეს უკანასკნელი დაისაჯოს ან სხვანაირად აგოს პასუხი თავისი საქციელისთვის.

რა არის შეტყობინება

მაშინ, როდესაც დაბეზღების მოტივი სხვის ფონზე საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაა, ამბის შეტყობინებისას ბავშვი შესაძლოა გულწრფელად ღელავდეს, მისთვის მიუღებელ ქცევაში სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის საშიშ ნიშნებს ხედავდეს.

მაგალითად, დაბეზღებაა, როდესაც ბავშვი ამბობს: “ის ჩემს წიგნს შეეხო!“, ხოლო შეტყობინება – “მან წიგნი დამიხია!”; დაბეზღებაა: “მან ის კუბი აიღო, რომლის გამოყენებაც მე მინდოდა”, შეტყობინება – “მან კუბები თავზე დამაყარა!”. დაბეზღების მაგალითებში არცერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო შეტყობინების მაგალითებში ერთი მათგანი არასასიამოვნო, სახიფათო სიტუაციაში ხვდება.

საკუთარი ძალებით

მეგობართან უთანხმოება ზოგჯერ მშობლების ჩარევის გარეშეც შეიძლება მოგვარდეს. მთავარია, სწორად აუხსნათ ბავშვს, როგორ სიტუაციებში არ არის საჭირო თქვენთვის ენის მოტანა და ასწავლოთ, რომ ჯერ საკუთარი ძალებით სცადოს პრობლემის მოგვარება. მაგალითად, თუ კლასელმა ცუდი სიტყვით მიმართა, მოსთხოვოს, ეს სიტყვა აღარ გაიმეოროს, რადგან ცუდი სიტყვაა და სწყინს, მერე კი თავად გადაწყვიტოს, გააგრძოს თუ არა მასთან თამაში. ასე ბავშვი დაინახავს, რომ არჩევანის თავისუფლება აქვს (მისი ასარჩევია, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა და ვისთან – არა) და დამოუკიდებლადაც შეუძლია ზოგიერთი დაბრკოლების გადალახვა.

რატომ მიაქვთ ენა ბავშვებს

რა აღუძრავს ბავშვს დაბეზღების სურვილს?

სანამ ბავშვი იმ ასაკს მიაღწევს, რომ თვითონვე ხვდებოდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ ნაბიჯს, საჭიროა მკაფიო წესების ჩამოყალიბება. მცირეწლოვანი ბავშვები მეტწილად ეგოცენტრულები არიან და იშვიათად ითვალისწინებენ სხვების გრძნობებს, არ უფიქრდებიან, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მათ ქცევას გარშემო მყოფებზე. მაგალითად, გაცილებით ადვილია, უთხრა სამი წლის პატარას, რომ ათხოვოს სათამაშო მეგობარს, რადგან სათამაშოს თხოვება წესია, რომელსაც ყველა ემორჩილება, ვიდრე აუხსნა, რომ თუ სათამაშოს არ ათხოვებს, შესაძლოა აწყენინოს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემპათიის გაღვივებაზე ზრუნვა ამ ასაკში ნაადრევია. პირიქით, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ეცადეთ, ბავშვს თანაგრძნობისკენ, სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენისკენ უბიძგოთ.

ბავშვები აბეზღებენ მას, ვისი ქცევაც მათთვის მიუღებელია, ვინც, მათი თვალთახედვით, “წესებს არღვევს”. აუხსენით, რომ შესაძლოა, სხვა ოჯახში სხვანაირი წესები იყოს, ამიტომ სანამ მეგობარს დააბეზღებდეს, კარგად დაფიქრდეს – მართლა ვნებს ის თავისი საქციელით საკუთარ თავს ან გარშემო მყოფებს?

ვასწავლით განსხვავებას

ცოტა მოზრდილი ბავშვი აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც უფროსის საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელია და ისეთიც, როდესაც ენის მიტანა არ შეიძლება. ნამდვილად დიდი გამოწვევაა ბავშვისთვის ამ განსხვავების იმგვარად ახსნა, რომ ზუსტად ჩასწვდეს აზრს, არ იფიქროს, რომ ენის მიტანა ყველა შემთხვევაში სამარცხვინო საქციელია და რამე მნიშვნელოვანი არ დაგიმალოთ. ასე რომ, სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საკითხს.

უპირველეს ყოვლისა, ასწავლეთ ბავშვს, როდესაც ხედავს, რომ ვისიმე ქცევა ან ლაპარაკი ზიანის მომტანია პირადად მისთვის ან სხვისთვის, აუცილებლად ჩააყენოს საქმის კურსში მშობელი ან სხვა სანდო ადამიანი. აუხსენით, რა არის ჩაგვრა, მოუყვანეთ მაგალითები და უთხარით, რომ არანაირი ჩაგვრა არ უნდა დამალოს. ეს ენის მიტანა არ იქნება.

ბავშვი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თავისი საქციელით დაეხმარება ადამიანს, ვისზეც გული შესტკივა, თუ ზიანს მიაყენებს; მარტივად რომ ვთქვათ, უნდა აუხსნათ განსხვავება ენის მიტანასა და ამბის შეტყობინებას შორის. ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლის იმედი, უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მოუსმენთ, არ განსჯით და სწორ გზაზე დააყენებთ, რა აბსურდულიც უნდა იყოს მისი მონაყოლი.

იყავით მომთმენი

თუ ბავშვმა ენა მოგიტანათ, ნუ გაუბრაზდებით – შესაძლოა ისე შეშინდეს, რომ უკვე სერიოზულ შემთხვევებშიც აღარ მოისურვოს თქვენთვის რამის მოყოლა. მოუსმინეთ, ხოლო თუ მისი საქციელი მაბეზღარობად მიგაჩნიათ, აუხსენით, რატომ. მოუყვანეთ მაგალითები, როდის და როგორ სიტუაციებს უნდა გაუმკლავდეს უთქვენოდ.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ბავშვს პრობლემების მოგვარების გზები ვასწავლოთ, რაც მას მთელი სიცოცხლე გამოადგება.

ლოკა ქათამაძე

გააზიარე: