დალაგება – აუცილებლობა, თავს მოხვეული მოვალეობა თუ ცხოვრების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი გზა?

გააზიარე:

ცოტა ხნის წინ ერთი წიგნი შემომეყიდა. “ბედნიერების პროექტი” ერქვა. წიგნის ავტორმა გადაწყვიტა, თავისი ცხოვრების ხარისხი აემაღლებინა. შეისწავლა ბედნიერების შესახებ არსებული ლიტერატურა – ანტიკური ფილოსოფიით დაწყებული, რუსული კლასიკით დამთავრებული – და გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე თითო მიზანი დაესახა. ეს მიზნები მის მიერ ჩატარებულ სამაგიდო კვლევას ეფუძნებოდა.

პირველ მიზანს ავტორმა “ენერგიის მომატება” უწოდა და მისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ქვეპუნქტი გამოყო: ადრე დაძინება, ვარჯიში, არეული გარემოს მოწესრიგება, დაგროვილი საქმეების მოგვარება.

ამის წაკითხვისთანავე შინაგანი პროტესტი გამიჩნდა – იდეალურად დალაგებულ-დაწკრიალებული სახლები არ მიყვარს (გულის სიღრმეში მეამაყებოდა კიდეც ჩემს ბინაში არსებული “ბოჰემური არეულობა”), ზედმეტი ნივთების გადაყრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე მაქსიმალისტი ვარ – ყველაფერი ბევრი, დიდი და ფერადი მირჩევნია. მინიმალიზმი – მხოლოდ აუცილებელი ნივთებით (ავეჯით, ტანსაცმლით, ჭურჭლით) დაკმაყოფილება – ჩემს ხასიათში არ ჯდება. მეტსაც გეტყვით: ფიზიკურ დისკომფორტს განვიცდი ისეთ გარემოში, სადაც ყველა ნივთს “თავისი ადგილი” აქვს, ავეჯი კი ისე გამოიყურება, გეგონება, მტვერი არასოდეს ედებაო. ასეთი სახლი, ჩემი გადმოსახედიდან, სტერილურია, უსიცოცხლო. მუზეუმს მაგონებს და მასში ზედმეტად განძრევის მეშინია, ვაითუ ჩემი მოუქნელი სხეულით ეს იდეალური წესრიგი დავარღვიო.

ამავე დროს, წიგნის ავტორი ირწმუნება, რომ, კვლევების თანახმად, ნივთებით გადატვირთული სახლის დალაგება 40%-ით მეტ დროს, მაშასადამე, 40%-ით ძალისხმევას მოითხოვს.

გეშტალტთერაპია გვასწავლის, კარგად დავაკვირდეთ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენში პროტესტს იწვევს – დიდი შანსია, ეს სწორედ ის მტკივნეული საკითხი იყოს, რომელსაც გადაწყვეტის ნაცვლად გავურბივართ, ვემალებით.

მოკლედ, კითხვა დავასრულე, დავფიქრდი და გადავწყვიტე, სირაქლემის პოზიციიდან გამოვსულიყავი. ოღონდ ამისთვის საკუთარი მოკვლევა ჩავატარე – ამხელა ნაბიჯს სხვისი ნათქვამით ხომ ვერ გადავდგამდი!

მოგიყვებით, რა აღმოვაჩინე.

არეულობა და გაფანტული გონება, დაბნეულობა და დაძაბულობა

პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოუწესრიგებელ გარემოში მუშაობა ამოცანაზე კონცენტრირებას ართულებს. თავის ტვინის ქერქის მხედველობაზე პასუხისმგებელი ნაწილი გადატვირთულია ამოცანასთან დაუკავშირებელი სტიმულებით, რაც ხელს უშლის ამოცანის დროულად და ენერგოეფექტურად შესრულებას.

არეულობას ხშირად უკავშირებენ ისეთ უარყოფით განცდებს, როგორიცაა დაბნეულობა, დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, რადგან არეული სახლი დაუმთავრებელი ამოცანაა, დაუმთავრებელი ამოცანა კი სტრესის წყაროა ზოგიერთი ადამიანისთვის. მოუწესრიგებელი გარემო ჩვენს გონებას ზედმეტ საფიქრალს უჩენს, რაც საბოლოო ჯამში ენერგიას გვაცლის.

გარემოს კონტროლი

სტრესულ, არაწინასწარმეტყველებად დროში (მაგალითად, პანდემიისას) უმწეობის განცდა გვეუფლება. ეს ადეკვატური რეაქციაა საშიშ სიტუაციაზე, რომლის კონტროლი არ შეგვიძლია – დამოკიდებული ვართ გარეგან ფაქტორებზე, ვირუსის მახასიათებლებით დაწყებული, ეპიდემიის მართვის პოლიტიკით დამთავრებული.

ასეთ პირობებში ცხოვრება, განსაკუთრებით კი ქრონიკულად ასეთ პირობებში ცხოვრება, სტრესის ძლიერ წყაროს წარმოადგენს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, ნაცვლად იმაზე შფოთვისა, რასაც ვერ ვცვლით, შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. გარემოს მოწესრიგება და ზედმეტი ნივთების თავიდან მოცილება კონტროლისა და ძალაუფლების განცდას გვიბრუნებს, რაც არაერთი კვლევით დასტურდება.

შესაბამისად, თუ სტრესის დროს დალაგების სურვილი გიჩნდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სხეული გარემოში წესრიგის დამყარებას და მკაფიო საზღვრების დადგენას ითხოვს.

კონცენტრაციის გაუმჯობესება

როდესაც თქვენი სახლი არეულია, ქაოსი თქვენს ყურადღებაზეც მოქმედებს. მოწესრიგებული გარემო უფრო ნაყოფიერი მუშაობის საწინდარია. მეც შემიმჩნევია: როდესაც რთულ საქმეს ვეჭიდები, სამუშაო მაგიდის დალაგებას და კომპიუტერის გასუფთავებას ვიწყებ. ამგვარად თავიდან ვიცილებ ნივთებს, რომლებზეც უნებლიეთ გადამაქვს ყურადღება. ეცადეთ, აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანოთ სამუშაო სივრცეში არსებული ნივთების რაოდენობა – თქვენი ტვინი ისედაც ინფორმაციის უწყვეტი ნაკადით არის გადატვირთული, ისედაც ციფრული ტექნოლოგიები “ბომბავენ”; ზედმეტი ვიზუალური სტიმულები მას უფრო მეტად ღლის.

ჰორდინგი: როდესაც არეულობა აშლილობაში გადაიზრდება

არეულობასთან დაკავშირებული განცდები, სტრესი, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის სირთულე ჩვეულებრივი მოვლენაა და ვაღიარებ, რომ მეც ხშირად გავმხდარვარ მისი მსხვერპლი, თუმცა მეც, ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობას, მაქვს არეულობის ზღვარი, რომელსაც არ გადავდივარ. ჩემთვის ეს ზღვარი ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე გადის. ერთია, საწერ მაგიდაზე გეწყოს უამრავი წიგნი, ბლოკნოტი, ლარნაკი, საკალმე და სამშვენისი და მეორეა, სამუშაო ზედაპირზე პურის ნამცეცები გეყაროს; ერთია, ვერ შეელიო ბავშვობისდროინდელ საყვარელ მაისურს და მეორეა, არც ერთი გახეული ფეხსაცმელი არ გადააგდო. არსებობს მდგომარეობა, როდესაც არეულობა პიროვნული აშლილობის ნაწილი ხდება. ამ მდგომარეობას ჰორდინგს უწოდებენ.

ჰორდინგის დროს ადამიანი ვერ ელევა ნივთებს, განურჩევლად მათი მცირე ემოციური თუ ფუნქციური მნიშვნელობისა. ასეთი ქცევა ემოციურად, ფიზიკურად, ფინანსურად სახიფათოა როგორც თავად ჰორდერისთვის (ადამიანისთვის, რომელიც ნივთებს ვერ ელევა), ისე მისი ოჯახისთვისაც.

ჰორდერის სახლში იპოვით უამრავ გამოუსადეგარ ნივთს, ძველ ჟურნალ-გაზეთებს, ქაღალდისა თუ ცელულოიდის პარკებს, მუყაოს კოლოფებს, კონსერვებს, ძველ ტანსაცმელს... ჰორდინგს ხშირად თან სდევს კომპულსიური, უკონტროლო ყიდვა ან უფასო ნივთების (მაგალითად, ქუჩაში დარიგებული ფლაიერების) შეგროვება.

როგორ ამოვიცნოთ.

. ნივთის გადაგდებისას ჰორდერი თითქმის დაუძლეველ შფოთვას განიცდის.

. ჰორდერს არ შეუძლია ნივთების ორგანიზება და კატეგორიზაცია.

. ვერ გადაუწყვეტია, სად რა მოათავსოს; მის სახლში ნივთებს არ აქვს თავ-თავისი ადგილი.

. რცხვენია თავისი მდგომარეობის.

. შფოთავს, როდესაც მის ნივთებს ეხებიან.

. ეშინია, რომ გადაგდების შემდეგ ეს ნივთი დასჭირდება.

. ამოწმებს ნაგავს, რომ შემთხვევით რამე არ გააყოლოს.

. გადატვირთულობის გამო ჰორდერის საცხოვრებელი სახლი ფუნქციურობას კარგავს. ნივთებით გამოტენილ ოთახებში ჭირს გადაადგილება, საქმიანობა, ძილი.

. გადატვირთულობის გამო ირღვევა ჰიგიენის საბაზისო ნორმები, რაც საფრთხეს უქმნის ჰორდერისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობას.

. უსარგებლო ნივთების შესაძენად იხარჯება უამრავი ფული.

ჰორდინგი განსხვავდება კოლექციონერობისგან. კოლექციონერებს, როგორც წესი, ეამაყებათ თავიანთი შეგროვებული ნივთები, რომლებსაც განსაზღვრული მახასიათებლებით ირჩევენ. ამ ნივთებს ისინი აწესრიგებენ, ახდენენ მათ კატეგორიზაციას, ამაყად აჩვენებენ სხვებს. ჰორდერები, როგორც უკვე ვთქვით, განიცდიან თავიანთ მდგომარეობას, რცხვენიათ და არ უნდათ, რომ სხვებმა დაინახონ, როგორ პირობებში ცხოვრობენ, ამიტომ ხშირად წყვეტენ ხალხთან ურთიერთობას, შინ არავის ეპატიჟებიან.

ჰორდინგი სერიოზული პრობლემაა და ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის ჩარევას მოითხოვს.

როდესაც დალაგება კომპულსიად იქცევა

არაფერია იმაში დასაძრახი, თუ ადამიანს წესრიგი უყვარს და სახლში იდელური სისუფთავე აქვს, თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი რამ, დალაგების მოთხოვნილებაც შეიძლება იქცეს პრობლემად. მეტიც – ის შესაძლოა აშლილობის სიმპტომი იყოს.

მაგალითად, თუ უარს ვამბობთ ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვა აქტივობებზე, სრულფასოვნად ვერ ვმუშაობთ და ვერ ვისვენებთ, არ გვყავს მეგობრები, რადგან მთელ თავისუფალ დროს დალაგებას ვუთმობთ, თუ დალაგების გადადება შფოთვას იწვევს – ეს კომპულსიის მანიშნებელია.

კომპულსია შესაძლოა თან ახლდეს დეპრესიას, სტრესს ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ნაწილი იყოს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დროს ადამიანს აწუხებს განმეორებადი აზრები – ობსესიები. მათ ჩასაქრობად ის იძულებულია, გამუდმებით შეასრულოს განსაზღვრული მოქმედებები – კომპულსიები. სახლის ლაგება ერთ-ერთი გავრცელებული კომპულსიაა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზს ფსიქიატრი სვამს და ინტერვენციისთვისაც ფსიქიატრისა და თერაპევტის ძალისხმევაა აუცილებელი.

როგორ დავიწყოთ დალაგება

“ეს ყველაფერი კარგი, – გავიფიქრე მე, – ენერგიის დონის მომატება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება საკმარისი სტიმულია ჩემთვის, რომ საცხოვრებელი გარემო მეტად მოვაწესრიგო. მაგრამ როგორ გამოვიმუშაო ეს ახალი ჩვევა?”

დავიწყოთ მცირეთი

“არეული” ადამიანების უმრავლესობას გვიჭირს დალაგების დაწყება, რადგან ეს ამოცანა მეტისმეტად დიდი და დაუძლეველი გვეჩვენება. ნაცვლად იმისა, რომ უქმე დღეები დილიდან საღამომდე დალაგებას შევალიოთ, ჯობია, ყოველდღე ცოტა-ცოტა დავალაგოთ. მეც ასე მოვიქეცი, სახლი სექციებად დავყავი და ყოველდღე თითო სექციას ვალაგებდი. ახლა პროცესის სადღაც შუაში ვარ (რადგან დალაგება მხოლოდ ზედაპირის დასუფთავებას კი არა, უჯრებში არსებული ქაოსის მოწესრიგებას და, მაგალითად, კარადის უკან ჩაცვენილი ნივთების ამოღებასაც გულისხმობს), მაგრამ თუ ტემპი არ დავაგდე, თვის ბოლოსთვის მთელი სახლი უფრო მოწესრიგებული და ზედმეტი ნივთებისგან თავისუფალი იქნება.

დავინიშნოთ დრო

კარგი იქნება, დალაგებისთვის გამოვყოთ განსაზღვრული დრო, მაგალითად, დღეში 15 ან 20 წუთი. როდესაც ეს დრო გავა, სხვა ამოცანაზე გადავერთოთ. ამ მეთოდით გამოვიმუშავებთ ყოველდღიური ლაგების ჩვევას.

დავიხმაროთ სხვები

მიუხედავად ჩემი ხუთი წლის შვილის პროტესტისა, ერთ დღეს სააბაზანო ერთად დავალაგეთ. თავიდან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ როდესაც დალაგებას თამაშის სახე მივეცი, ჩაერთო. მჯერა, რომ დალაგება ოჯახის მხოლოდ ერთი წევრის მოვალეობა არ უნდა იყოს – არეულობას ყველა ვიწვევთ, ამიტომ სამართლიანი იქნება, დალაგებაშიც ყველამ შეიტანოს თუნდაც მინიმალური წვლილი და გააკეთოს, რაც შეუძლია და გამოსდის.

თუ ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, აიყვანეთ დამხმარე საქმის იმ ნაწილის შესასრულებლად, რომელიც განსაკუთრებით გერთულებათ. არ არის აუცილებელი, ყველაფერი თავად აკეთოთ, თუ საამისოდ დრო არ გყოფნით.

ბოლოსიტყვაობა

ის, თუ როგორ ვაწესრიგებთ და წარვადგენთ ჩვენს გარემოს, ისევე ინდივიდუალურია, როგორც ჩაცმის სტილი ან ლიტერატურული გემოვნება. ზოგს იდეალური წესრიგი უყვარს, ზოგი კი ქაოსში უფრო ლაღად გრძნობს თავს.

თუ დალაგება სტრესს ამცირებს და განწყობას ამაღლებს, გამოიყენეთ ეს რესურსი. უბრალოდ, ეცადეთ, არ დაეყრდნოთ მას როგორც ერთადერთ ყავარჯენს, რადგან ცხოვრების მოსაწესრიგებლად გარემოს დასუფთავება საკმარისი არ არის.

თუ ორგანიზებულობა სულს გიხუთავთ, გახსოვდეთ, რომ მიშვებული ქაოსი უფრო დიდ ქაოსად გადაიქცევა. გამოდით კომფორტის ზონიდან და დაიცავით ტვინი სტიმულების ზედოზირებისგან. მოაწესრიგეთ გარემო იმდენად, რომ ამან არ შეგბოჭოთ, მაგრამ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე აწესრიგებდით.

იქნება შემთხვევები, როდესაც გეგმას ასცდებით, დრო არ გეყოფათ, ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები ხელს შეგიშლით... არ დაიდანაშაულოთ თავი ამის გამო. დალაგების მიზანი ცხოვრების გამარტივებაა და არა გართულება.

თუ დეპრესია გაქვთ, რომელიც ენერგიას გაცლით და ამის გამო ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა გიჭირთ, არ შეგეშინდეთ – თქვენს მდგომარეობაში ეს ბუნებრივია. უპირველეს ყოვლისა, ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიხედეთ, მერე კი ნელ-ნელა დაიწყეთ დალაგება, რამდენადაც ენერგია გეყოფათ.

ახლა, როდესაც ამ თვის მიზნის (ენერგიის დონის მომატება) შუაში გავედი, ვხედავ, როგორ გაუმჯობესდა ჩემი ცხოვრება. თუნდაც იმით, რომ უჯრაში ათწუთიანი ქექვის ნაცვლად საჭირო ნივთს მაშინვე ვპოულობ. ამას თვითკმაყოფილებც დაემატა – იმის გამო, რომ ჩემთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას შევეჭიდე. ახლა სახლში მხოლოდ საყვარელი და აუცილებელი ნივთები დამრჩა (რაც მაინც ძალიან, ძალიან ბევრია). ეს ნივთები, ძველი ნაცნობებივით, ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც მიყვარს და სიხარულს მგვრის. ის, რაც ჯერ კიდევ ვარგისი იყო, მაგრამ რასაც თავად დიდი ხანია აღარ ვიყენებდი, გავაჩუქე. ამით სახლში ზედმეტი ნივთების რაოდენობაც შევამცირე და საჩუქრის მიმღებიც გავახარე.

გამოდის, რომ გარემოს მოწესრიგება ვალდებულება კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებელი ნაწილია.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: