კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანი – ნეიროქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

1938 წელს საქართველოში ახალგახსნილ ნეიროქირურგიულ განყოფილებას ოცდაათი წლის ბონდო ჩიქოვანი ჩაუდგა სათავეში. იმ დროის ცნობილი ქირურგები სკეპტიკურად შეხვდნენ ლენინგრადის ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში დახელოვნებულ ახალგაზრდა კოლეგას, მაგრამ მალე შეეცვალათ აზრი, ბონდოს პროფესიონალიზმი დაუფასეს, მის მიმართ პატივისცემით განეწყვნენ და საქართველოში ნეიროქირურგიული მიმართულების ფუძემდებლად აღიარეს.

გასტროენტეროლოგმა, მედიცინის ისტორიის მკვლევარმა ხუტა პაჭკორიამ ბევრი რამ გვიამბო კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანზე და მის ძმისშვილთან, კარდიოლოგ მარინა ჯიჭონაიასთან დაგვაკავშირა. ქალბატონმა მარინამ სიხარულით გაიხსენა საყვარელი ბიძა და მის შესახებ ახლობელთა მოგონებებიც გაგვიზიარა.

ზუგდიდელ შეძლებულ თავადს ყამურზა ჩიქოვანს სამი ქალიშვილი ჰყავდა. ორი მათგანი ღირსეულად დააბინავა და შინ მხოლოდ ულამაზესი მელანია (ძეკვე) დარჩა. უძეო ყამურზას არ უნდოდა, მისი მამული სხვა გვარის ადამიანებს დარჩენოდათ, ამიტომ გადაწყვიტა, ძეკვე თავისსავე მოგვარეზე – პლატონ (გრიგოლ) ჩიქოვანზე გაეთხოვებინა.

1908 წლის 13 (ახ. სტ. 26) ივნისს ჩიქოვანებს, რომლებსაც უკვე ჰყავდათ ორი ქალიშვილი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში ვაჟი შეეძინათ და, მაშინდელი ჩვეულების მიხედვით, 13 დღისა გააძიძავეს.

ასე მოხვდა ბონდო ზუგდიდში, მიხა ჯიჭონაიას და მიტა სიორდიას ოჯახში. ცოლ-ქმარი დიდ ტკივილს ატარებდა – ოთხი შვილი ჩვილობაშივე გარდაცვლოდათ. ნაბოლარას გარდაცვალების შემდეგ მიტას ჯერ რძეც არ გაშრობოდა... ბონდო იმედით და სიხარულით მიიღეს და ღვიძლი შვილივით შეიყვარეს. მოწამეთაში მონათლეს და წმინდა კონსტანტინე მხეიძის სახელი დაარქვეს.

ბონდო ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჯიჭონაიებისთვის – ხუთი წლის შემდეგ ცოლ-ქმარს დავითი შეეძინა, კიდევ სამი წლის შემდეგ – კონსტანტინე. დავითს (ჟორჟს) 36 წლის განმავლობაში აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, კონსტანტინე (ტოტოშა) კი ინჟინერი გახდა. ბონდოსთვის ისინი მთელი სიცოცხლე ძმებად დარჩნენ, ბონდო კი – ამ ოჯახის პირველ და უსაყვარლეს შვილად.

რევოლუციის შემდეგ, როცა თავად-აზნაურთა დევნა დაიწყო, ბიოლოგიურმა მშობლებმა ბონდოსთვის ძიძის ოჯახში დარჩენა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნიეს, თუმცა ბონდოს ბებიამ მიხას პირობა ჩამოართვა, ბავშვისთვის გვარი არ შეეცვალა. ერთხელ ბონდოს უკითხავს მამობილისთვის, შენი გვარი რატომ არ მომეციო. მიხას უთქვამს – სად ჩემი გვარი და სად შენიო, თანაც ვფიქრობდი, იქნებ ოდესმე ჩამორთმეული საგვარეულო ქონება დაგებრუნებინაო.

ბონდო მკვირცხლი, მოქნილი, სხარტი, გამჭრიახი ბავშვი ყოფილა, გამზრდელი მამა თურმე ვერცხლისწყალს ეძახდა. 16 წლისა ეროვნულ მოძრაობაში ჩაება.

ხუტა პაჭკორია:

– მამაჩემი ბონდოს კლასელი იყო და მისგან ვიცი, რომ ბონდო 1924 წლის სახალხო აჯანყებაში მონაწილეობდა. აჯანყების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს ილარიონ ხუბუტიას რომ დაუნახავს, მათი საქმე ცუდად იყო, ბონდოსთვის უბრძანებია, ფეხზე გაეხადა და თოფი გადაეგდო – კომუნისტებს თუ ჩაუვარდი ხელში და გაიგეს, რომ ჩვენთან ერთად ხარ, ადგილზე დაგხვრეტენო. ასე გადარჩენია ბონდო უეჭველ სიკვდილს.

ამ ამბის შემდეგ ბონდოს, მორდუს დაჟინებული თხოვნით, საბრძოლო იარაღი ხელში აღარ აუღია.

დაახლოებით იმავე პერიოდში მისი ღვიძლი მამა, პლატონი, ნაწლავთა გაუვალობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მიხას დაუბარა: ბონდო თუ ცუდი ადამიანი დადგა, დიდი ცოდვა დაგაწვება, თუ ღირსეული – შენზე ბედნიერი ამქვეყნად კაცი არ იქნებაო.

მიხა არც მანამდე აკლებდა შვილობილს მზრუნველობას, მაგრამ პლატონის სიკვდილის შემდეგ ბონდოს მომავალზე მთელი პასუხისმგებლობა მას დააწვა. სკოლიდან დაბრუნებული თავისი ვაჟები თუ ყანაში სამუშაოდ მიჰყავდა, შვილობილს შინ ტოვებდა სამეცადინოდ. წლების შემდეგ კი უკვე ბონდო ამოუდგა ძმებს მხარში.

საოცნებო მასწავლებელები

1926 წელს ბონდო ჩიქოვანმა ზუგდიდის საშუალო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მესამეკურსელს, სკალპელი ქართული ქირურგიის მეფედ წოდებულმა, მასზე ათი წლით უფროსმა ეგნატე ფიფიამ ააღებინა ხელში. ზაფხულობით ხშირად ერთად ჩადიოდნენ სამეგრელოში და ერთად ატარებდნენ ოპერაციებს. ეგნატეს მხარდამხარ მუშაობა კი ნებისმიერი სტუდენტის ოცნება იყო...

ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ბონდომ გრიგოლ მუხაძესა და ნიკოლოზ კახიანთან ერთად საქართველოში კლინიკური და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებლის, სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანის ყურადღება მიიპყრო. მაჭავარიანმა ძალიან შეიყვარა ნიჭიერი და ბეჯითი სტუდენტი.

1931 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბონდო ჩიქოვანი ბორჩალოს რაიონის ჯანმრთელობის პუნქტის ექიმად გაანაწილეს, მაგრამ მალევე დაბრუნდა თბილისში, რადგან სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტურაში ჩაირიცხა. მისი ხელმძღვანელი სწორედ ალექსანდრე მაჭავარიანი იყო.

ბონდო ალექსანდრეს შვილებსაც – ლევანს (მომავალ ოფთალმოლოგს) და გიორგის (მომავალ ქირურგს) დაუახლოვდა. სხვათა შორის, ბორჩალოში ყოფნისას მან, საქართველოს ექიმებს შორის პირველმა, აღწერა სოდოკუ – ვირთაგვის ნაკბენით გადამდები დაავადება.

ნეიროქირურგია

ალექსანდრე მაჭავარიანი თავს არ ზოგავდა საქართველოში ნეიროქირურგიული მიმართულების განსავითარებლად. ამ დარგის ცალკე დისციპლინად გამოყოფა ჯერ კიდევ 1931 წელს მოითხოვა. 1934 წელს მისი ინიციატივით ბონდო ჩიქოვანი ლენინგრადის ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში ცნობილ ნეიროქირურგ ალექსეი მოლოტკოვთან მიავლინეს. ალექსანდრემ წერილიც შეაშველა საყვარელ მოწაფეს: ბონდო ჩიქოვანის ნეიროქირურგიაში მომზადებით საქართველოსთვის დიდ საქმეს გააკეთებთო.

ლენინგრადში გატარებული სამი წლის განმავლობაში ბონდო ერთ-ერთ საუკეთესო ნეიროქირურგად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდშივე დაოჯახდა. მისი რჩეული გახდა ტატიანა ნემჩინსკაია, ცნობილი ქირურგის, პროფესორ იუსტინე ჯანელიძის მოწაფე და ასისტენტი. იქვე შეეძინათ პირველი შვილი, იური. 1937 წელს ბონდომ ასპირანტურა დაამთავრა და ქრონიკულ სპინალურ მენინგიტებზე დისერტაცია დაიცვა.

თბილისში დაბრუნებულმა, მუშაობა დაიწყო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტად და საგანგებოდ მისთვის შექმნილი ოცსაწოლიანი ნეიროქირურგიული განყოფილების გამგედ. იმავდროულად, სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხეკურსელებს ნეიროქირურგიის კურსს უკითხავდა.

იმ წლებში საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას ეფრემ ზაქარაია ხელმძღვანელობდა. სწორედ მასთან, ალადაშვილის კლინიკაში, დაიწყო მუშაობა და ქალბატონმა ტატიანამ მომავალში ბევრი ცნობილი ქართველი ქირურგი აღზარდა.

ბონდომ კონსულტანტებად მიიწვია ნევროლოგები, ცნობილი მეცნიერები – პეტრე სარაჯიშვილი და გრიგოლ ჟვანია. მათი და ალექსანდრე მაჭავარიანის დახმარებით ატარებდა ურთულეს ოპერაციებს: სიმსივნეებზე, თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვებზე. საქართველოში პირველმა ამოკვეთა მრავლობითი პარასაგიტალური მენინგიომა, რის შედეგადაც პაციენტი სავსებით განიკურნა.

1939 წელს ალექსანდრე მაჭავარიანის შუამდგომლობით ბონდოს პრივატდოცენტის წოდება მიანიჭეს. მან ახალგაზრდა კადრების აღზრდაც დაიწყო. მისი მოწაფეები იყვნენ ოთარ სიგუა, ლევან თევდორაძე, შოთა ხევსურიანი... ის-ის იყო, საქართველოში ნეიროქირურგიულმა მიმართულებამ ფრთები გაშალა, რომ ომიც დაიწყო...

მეცნიერული მიგნება

ბონდო წითელი არმიის სამედიცინო ნაწილის ნეიროქირურგიული ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნეს, თუმცა მალე ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულმა სამმართველომ თბილისში გადმოიყვანა და ნეიროქირურგიული საევაკუაციო ჰოსპიტლის ორგანიზება დაავალა. პეტრე სარაჯიშვილთან ერთად ბონდომ უმოკლეს დროში ჩამოაყალიბა ჰოსპიტალი, სადაც წამყვანი ქირურგი გახდა.

ბონდოს სულის მოსათქმელადაც არ ეცალა. მკურნალობდა დაჭრილებს, ამზადებდა ნეიროქირურგებს არმიისა და საევაკუაციო ჰოსპიტლებისთვის... პარალელურად მეცნიერულ მუშაობასაც აგრძელებდა. მიაგნო პერიფერიული ნერვული დაზიანების მძიმე გართულების, კაუზალგიის, მკურნალობის ორიგინალურ ეფექტურ მეთოდს. კაუზალგიის მქონე პაციენტებს აწუხებთ მუდმივი მწველი ტკივილი, რომელიც ძლიერდება შეხებისას, გახურებისას. მკურნალობის ამ მეთოდს, ნერვული ღეროების აშრევებას, ბონდომ “განბოჭკოება” უწოდა. ამ თემაზე მონოგრაფიაც დაწერა, რომელიც 1945 წელს სადოქტორო დისერტაციად წარუდგინა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს. 1947 წელს პროფესორის წოდება მიიღო.

ხუტა პაჭკორია:

– სადოქტორო დისერტაცია ბონდომ ტრიუმფით დაიცვა. დაცვის შემდეგ გამართულ ბანკეტზე ქართული ცეკვის შესრულება სთხოვეს. ბონდოს, რომელსაც ცეკვაც და სიმღერაც შესანიშნავად ეხერხებოდა, უარი არ უთქვამს, მაგრამ შუა ცეკვის დროს ინფარქტი დაემართა. გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ სტენოკარდიული შეტევები დასჩემდა.

ახალი გუნდი

1946 წელს საქართველოში მეცნიერული ორთოპედიის ფუძემდებელმა, პროფესორმა მიხეილ ცხაკაიამ, ერთ-ერთი საევაკუაციო ჰოსპიტლის ბაზაზე დააარსა ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც შემდეგ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდა. ნეიროქირურგიული განყოფილების ორგანიზება ცხაკაიამ ბონდოს მიანდო. მანაც გარს შემოიკრიბა პერსპექტიული ექიმები და ნეიროქირურგიული მიმართულების აღორძინება დაიწყო.

ხუტა პაჭკორია:

– 1946 წლის ნოემბერში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, მოსკოვის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლაი ბურდენკო. იმ პერიოდში ბონდო ჩიქოვანს იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ნეიროქირურგიის ინსტიტუტის დირექტორად მისი დანიშვნის საკითხიც კი დაისვა, მაგრამ ბონდომ ახლად დაწყებული საქმე ვერ მიატოვა.

ჩიქოვანები ია კარგარეთელის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ტრავმატოლოგის ინსტიტუტიდან არც ისე შორს. ბონდო სამსახურში ფეხით დადიოდა, ხშირად ღამღამობითაც აკითხავდა მძიმე ავადმყოფებს. გამიგონია, რომ ზაფხულობით, როცა ზუგდიდში ჩადიოდა, თითქმის ყოველგვარ ოპერაციას ატარებდა: კუჭისას, გინეკოლოგიურს თუ სხვას.

იმ დროს გერმანული და ფრანგული ენების ცოდნა უფრო ფასობდა, ინგლისურის მცოდნე არც ისე ბევრი იყო, ბონდომ კი ზუგდიდში მის მეზობლად მცხოვრები მეცნიერის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის აკაკი ჭანტურიას დამსახურებით ბრწყინვალედ იცოდა ეს ენა და ინგლისურ სამედიცინო ლიტერატურას დედანში ეცნობოდა.

მარინა ჯიჭონაია:

– მამაჩემი კონსტანტინე (ტოტოშა) სტუდენტობის დროს ბონდოსთან ცხოვრობდა კარგარეთელის ქუჩაზე. მისი ოთახი ბონდოს კაბინეტის გვერდით იყო. ერთხელ მამას დილაადრიან გაეღვიძა და დაინახა, რომ ბონდო უკვე ახალ სამედიცინო ლიტერატურას ეცნობოდა. გაოცდა, შენ კიდევ სწავლა და მეცადინეობა გჭირდებაო? ბონდომ უპასუხა: ექიმი ყოველდღე თუ არ მუშაობს თავის თავზე, ჩათვალე, რომ ის უკვე ჩამორჩა დროს; ადამიანში სამი რამ უნდა იყოს შერწყმული: ნიჭი, შრომა და მიზანსწრაფვა. თუ ერთი მაინც დააკლდა, წარმატების იმედი ნუ ექნებაო.

ერთ დღეს ბინის კარზე ზარი დაირეკა – რამდენიმე მუშამ წიგნებით სავსე ყუთები მოიტანა. გაირკვა, რომ ივანე ბერიტაშვილს გამოეგზავნა. საქმე ის გახლავთ, რომ მცირე ხნით ადრე ბერიტაშვილმა გამოაქვეყნა ნაშრომი “როგორ აგნებს მერცხალი ბუდეს”, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ივან პავლოვის - აღიარებული და საბჭოთა კავშირში უდიდეს ავტორიტეტად მიჩნეული ფიზიოლოგის - მოძღვრებას. ბერიტაშვილის ნაშრომი ანტიმატერიალისტურად და “ბურჟუაზიულად” შერაცხეს, რაც იმ დროს ფაქტობრივად განაჩენი იყო მეცნიერისთვის. საბედნიეროდ, ბერიტაშვილს ბევრმა ქართველმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი. მათ შორის გახლდათ ბონდოც, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბერიტაშვილის ნაშრომი მატერიალისტური იყო. დიდმა მეცნიერმა მადლიერება მართლაც რომ ძვირფასი საჩუქრით – წიგნებით გამოხატა.

შვებულებას ბონდო ოჯახითურთ მიხასთან ატარებდა. იქაურობა მიაჩნდა თავის ნამდვილ სახლად. ჩვენი ეზო დილიდანვე სავსე იყო პაციენტებით. ხელმოკლეებს ბონდო გასამრჯელოს არ ართმევდა, ის კი არა, ხშირად რეცეპტთან ერთად წამლის ფულსაც აძლევდა. აპენდექტომიას, ტონზილექტომიას, თიაქარკვეთას ბინაზე ატარებდა. ასისტენტობას მეუღლე უწევდა, სანიტრობას – მამაჩემი, ნაოპერაციები პაციენტებისთვის საწოლები მეზობლებთან ედგათ. არცერთი ოპერაცია არ გართულებია.

ბავშვებთან თამაში უყვარდა. თავისუფალ დროს როგორც კი მოიხელთებდა, წაგვიძღვებოდა ტყეში, ბავშვობის ამბებს გვიყვებოდა, გვეთამაშებოდა, მერე გასაშლელ საწოლზე წამოწვებოდა ხოლმე და კითხულობდა.

სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოზე, გიტარაზე, მღეროდა, ცეკვავდა, საქართველოში ერთ-ერთი პირველი მიუჯდა ავტომობილის საჭეს.

ბონდოს გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ ახლობლების მოგონებები ჩავიწერე, მათ შორის – მეუღლისაც. ქალბატონი ტატიანას გადმოცემით, ბონდო ახალგაზრდობიდანვე მიზანსწრაფული იყო და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა, უყვარდა და ეცოდებოდა ავადმყოფი, თავის ტვინზე რვასაათიანი ოპერაციის შემდეგაც კი არ მოშორდებოდა გვერდიდან, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა. უყვარდა შრომისმოყვარე ახალგაზრდები და რითაც შეეძლო, უწყობდა ხელს. გამოცდების პერიოდში ხშირად ამეცადინებდა უმცროსი ვაჟის, ოლეგის, მეგობრებს. ბოლო წლებში ამბობდა, ოპერაციებს აღარ გავაკეთებ, ახალგაზრდებს გასაქანი სჭირდებათო.

1960 წლის ზაფხულში ბონდო ჩიქოვანი ოქროყანაში ისვენებდა. ერთ დღეს ახალგაზრდა პაციენტის მამამ მიაკითხა და სთხოვა, მისი ქალიშვილისთვის პირადად გაეკეთებინა ოპერაცია. ბონდომ უარი ვერ უთხრა და თბილისში დაბრუნდა... საოპერაციოში შესასვლელად რომ ემზადებოდა, გული ასტკივდა. სასწრაფოდ გადაიყვანეს მისივე კაბინეტში და ექიმები დაახვიეს, მაგრამ ვეღარ უშველეს... ბონდო 52 წლის იყო.

ბაბუას ოჯახში ამბის მიტანა ეგნატე ფიფიას დაეკისრა. მიტა აღარ იყო ცოცხალი, მიხამ კი ძლივს გადაიტანა შვილობილის სიკვდილი. თითქოს არც აღიარებდა, რომ ბონდო ცოცხალი აღარ იყო. ისიც და მისი ოჯახიც ცოცხალივით ფიცულობდნენ ბონდოს სახელს: “ბონდო ნუ მომიკვდებაო”.

ბონდოს უფროსი ვაჟი იური (1937-2018) მოჭადრაკე იყო, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ერთგზის და თბილისის ოთხგზის ჩემპიონი, ეროვნული და FIDE-ს ოსტატი, საერთაშორისო არბიტრი. სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ გენეალოგიურ საზოგადოებას. იყო საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, 14 წიგნის ავტორი.

უმცროსი ვაჟი, ოლეგი (1941წ), აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, წარმატებული ნეიროქირურგია.

სამეცნიერო მემკვიდრეობა

ნეიროქირურგიის პარალელურად ბონდო ჩიქოვანი სხვა დარგებშიც მუშაობდა: თანამშრომლობდა დიდ ფიზიოლოგთან, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან, უღრმავდებოდა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მოქმედების მექნიზმებს, რაც დიდად ეხმარებოდა პრაქტიკაში. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტშის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე. მიაკვლია ექსპერიმენტული არტერიული ჰიპერტენზიის გამოწვევის ახალ მეთოდს. ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ნაწილს, კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ განყოფილებას... მის კალამს ეკუთვნის ოთხმოცზე მეტი ნაშრომი, მათ შორის – შვიდი სახელმძღვანელო. ავტორია ქირურგიული თუ სხვა სახის მკურნალობის არაერთი მეთოდისა. მისი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა 250-ზე მეტი ნაშრომი, დაიწერა 17 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია.

დიდ ყურადღებას უთმობდა დაავადებების დაჯგუფებასა და სისტემატიზაციას. შეიმუშვა თავის ტვინის აბსცესებისა და ჩირქოვანი პროცესების, ზურგისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების, სუბდურული ჰემატომების ორიგინალური კლასიფიკაციები.

1955 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: