სიზმარი – სამყაროს საჩუქარი

გააზიარე:

სიზმარი ალბათ ყველაზე მისტიკური რამაა, ჩვენ კი მას ისე მივეჩვიეთ, ვერც კი ვხვდებით, რამხელა რამ ხდება ჩვენს თავს: ყოველღამ, თვალებს დავხუჭავთ თუ არა, ყოველგვარი ძალისხმევის, მომზადების, ნივთიერების გარეშე სხვა სამყაროში მივემგზავრებით. ამ მოგზაურობას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, არ გვასუსტებს, არ გვძირავს. პირიქით, გვაძლიერებს, ენერგიას გვიბრუნებს. ძილი და სიზმარი სამყაროს საჩუქარია.

რა არის სიზმარი

სიზმარი განცდების, ემოციების, იდეებისა და ხატების მონაცვლეობაა, რომელსაც ადამიანი ძილის განსაზღვრულ ფაზაში უნებურად გადის. ჩვენ არ ვიცით სიზმრების მიზანი, არ გვესმის მათი შინაარსი, თუმცა სიზმრები ყოველთვის იწვევდა ხელოვანთა თუ მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს.

როდის ვხედავთ სიზმრებს

ადამიანი ძილის რამდენიმე ფაზას გადის. ერთი მათგანია REM ანუ თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა. ამ დროს სხეულის კუნთები მაქსიმალურადაა მოდუნებული, თუმცა ტვინის აქტივობა მაღალია და ყველაზე მეტად ჰგავს მის აქტივობას სიფხიზლის დროს. თუ ძილის ციკლის ამ ფაზაში გაგვაღვიძეს, სიზმარი დეტალურად გაგვახსენდება.

სიზმრების ხანგრძლივობა

სიზმრები სხვადასხვაა ხანგრძლივობისაა: ზოგი სულ რამდენიმე წამს გრძელდება, ზოგი კი – 20-30 წუთს. ადამიანი ღამის განმავლობაში საშუალოდ სამ-ხუთ სიზმარს ხედავს, ზოგი – შვიდსაც კი. თუმცა მათ უმეტესობას მალევე ვივიწყებთ. რვასაათიანი ძილის განმავლობაში დაახლოებით ორი საათი ვხედავთ სიზმრებს – ჯამში ამდენ ხანს გრძელდება თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა.

სიზმრების ახსნა

დღეს მივიჩნევთ, რომ სიზმარი არაცნობიერთან გვაკავშირებს. ის შეიძლება იყოს ამაღელვებელი, საშიში, მელანქოლიური, მაგიური, თავგადასავლებით აღსავსე, აღწერდეს ყოფით სიტუაციას ან სრულიად არარეალურ, ჯადოსნურ ამბავს. სიზმრების შინაარსს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ მესოპოტამიაში სიზმრებს თიხის ფირფიტებზე იწერდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში სჯეროდათ, რომ სიზმრების მეშვეობით ღმერთები და გარდაცვლილები გვესაუბრებიან. უამრავ კულტურაში სიზმრებს წინასწარმეტყველურ ბუნებასაც კი მიაწერდნენ.

ფროიდი და სიზმრები

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ზიგმუნდ ფროიდმა სკანდალური წიგნი “სიზმრების ახსნა” გამოსცა. მას მიაჩნდა, რომ სიზმრები ჩვენი ყველაზე ღრმა და დათრგუნული სურვილების გამოხატულებას წარმოადგენს, რომლებიც ბავშვობაში განცდილ და დამალულ ემოციებს უკავშირდება. ფროიდის აზრით, სიზმრის ყოველი თემა თუ ხატი, განურჩევლად მისი შინაარსისა, სექსუალური დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება. ავსტრიელმა ფსიქოლოგმა სიზმრების ახსნის მთელი ტექნიკა შეიმუშავა –  უხეშად რომ ვთქვათ, “გაიდლაინი” შექმნა, რომელშიც გაწერილია, რისი სიმბოლოა სიზმარში ნანახი ესა თუ ის ხატი. ასეთ სწორხაზოვან ახსნას თანამედროვე ფსიქოლოგია, რასაკვირველია, არ იზიარებს, თუმცა მოსაზრება, რომ სიზმრები რეალობაში განცდილ და არაცნობიერში მოთავსებულ მოვლენებს ეხება, დღესაც აქტუალურია.

საბოლოო ჯამში, ჩვენ დღესაც არ ვიცით, რატომ ვხედავთ სიზმრებს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ სიზმრის დროს მოგონებები მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიანი მეხსიერების საცავში გადადის. შესაბამისად, თუ ახალ ინფორმაციას დავისწავლით, მერე კი დავიძინებთ, მომავალში მას უფრო ადვილად გავიხსენებთ, ვიდრე ინფორმაციას, რომელსაც ძილის გარეშე გადაამუშავებს ჩვენი გონება. ეს ეხება როგორც შემეცნებით, ისე ემოციურ ინფორმაციას, ამიტომ, თუ სტრესის მომგვრელი ემოციები დაძინებამდე განვიხილეთ და ამოვხსენით, ისინი ნაკლებ გავლენას მოახდენენ ჩვენზე და უფრო მალე დაგვავიწყდება.

ზუსტად არ ვიცით, როგორ ზემოქმედებს სიზმრები მოგონებების შენახვასა და გახსენებაზე, თუმცა არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ ხარისხიანი, უწყვეტი REM ძილი მეხსიერებას საგრძნობლად აუმჯობესებს.

მეორე თეორიის თანახმად, სიზმარი გუნება-განწყობის რეგულირებაში გვეხმარება, ასე ვთქვათ, ღამის უფასო თერაპიაა. მაგალითად, შესაძლოა სიზმარში გადავწყვიტოთ მნიშვნელოვანი ამოცანა, გადავლახოთ ემოციური სირთულე, ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის შემოქმედებითი გზა. ყველას გაგვიგონია, რომ მენდელეევმა ქიმიური ელემენტების პერიოდული ტაბულა პირველად სიზმარში ნახა. სწორედ ამ ფენომენს აღწერს სხვადასხვა ხალხის ფოლკლორში შემორჩენილი ანდაზები, რომლებიც გვეუბნება, რომ გამოსავლის ძებნა დილით ჯობია. თუმცა ამ საჩუქრით ყველა ერთნაირად არ სარგებლობს. მას, ვისაც ძილი აკლია, სიზმარიც აკლია. რაც უფრო ნაკლებ ხანს გვძინავს, მით უფრო ხანმოკლეა ძილის ღEM ფაზა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ღამის კოშმარები

ღამის კოშმარი შფოთვის უდიდესი წყაროა. კოშმარები პატარა ბავშვებს უფრო ხშირად ესიზმრებათ, რადგან მათ ნამდვილისა და არარეალურის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ, თუმცა დროთა განმავლობაში “ცუდი სიზმარი” ძალას კარგავს.

ზრდასრულ ასაკში კი კოშმარები განსაკუთრებით მძლავრია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფონზე. ამ დროს სიზმარში ხდება უკვე განცდილი ტრავმული გამოცდილების თავიდან განცდა. სიზმრად ნანახს ხელახლა მოსდევს შფოთვა, დეპრესია, ემოციური დისტრესი. მაშინაც კი, როდესაც სიზმარი ზუსტად არ იმეორებს ტრავმულ მოვლენას, რჩება ძლიერი ემოციური კავშირი სიმბოლოებისა და ხატების სახით.

ფხიზელი სიზმრები

პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად წერენ სიზმრების ცნობიერ მდგომარეობაში ნახვის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომელსაც ბევრი უჭერს მხარს, რომ სიზმრების კონტროლი შესაძლებელია. ფხიზელი სიზმარი REM ფაზის დასასრულს დგება, როდესაც ადამიანმა იცის, რომ სძინავს, მაგრამ გარკვეულწილად შეუძლია სიზმრის მართვა. ფხიზელი სიზმრების მიმდევრები წერენ, რომ ძილში შეუძლიათ სურვილისამებრ იფრინონ და საერთოდ, ნებისმიერ ფანტაზიას შეასხან ხორცი. არსებობს მოსაზრება, რომ ყველას შეუძლია, საკუთარი თავი ისე გაწვრთნას, რომ გაზარდოს ფხიზელი სიზმრის ხანგრძლივობა და მთლიანად მართოს საკუთარი სიზმარი. ამ მოძრაობას ბევრი მიმდევარი ჰყავს, თუმცა ფხიზელი სიზმრების არსებობის არც დამადასტურებელი, არც უარმყოფელი სამეცნიერო დასკვნები არ არსებობს.

ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მოპოვებული მონაცემების თანახმად, ფხიზელი სიზმრის დროს აქტივირდება ტვინის განსაზღვრული უბნები, რომლებიც თითქმის იდენტურია დღის განმავლობაში, სიფხიზლის დროს აქტიური უბნებისა. რამდენად ექვემდებარება ეს პროცესი ცნობიერ მართვას, ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ვერც ამ ჰიპოთეზის უარყოფა ხერხდება.

სიზმრები გეშტალტთერაპიაში

გეშტალტთერაპევტებს გვჯერა, რომ ყოველი მნიშვნელოვანი ხატი, რომელსაც სიზმარში ვხედავთ, სინამდვილეში ჩვენივე პროექციაა. ეს ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, სიზმარში ვხედავთ, როგორ შლით ნაძვის ხეს და როგორ აწყობთ მოსართავებს მუყაოს ყუთში, ნაძვის ხეც, მოსართავებიც და ყუთიც თქვენ თვითონ ხართ. შესაბამისად, როდესაც მათ ახასიათებთ, საკუთარ თავზე საუბრობთ. თუმცა ამ მოხდენილი თეორიის დამამტკიცებელი არც ერთი კვლევა არ გვაქვს ხელთ: საზოგადოდ, სიზმრებთან მომუშავე არც ერთ თერაპიულ სკოლას არ გააჩნია კვლევით დამტკიცებული სიზმრების ახსნის მეთოდი. სიზმრებთან დაკავშირებული მოსაზრებები და ახსნები თერაპიული სკოლის თეორიულ ჩარჩოში ჯდება და მის ზოგად ლოგიკას მიჰყვება.

თუმცა პირადი პრაქტიკის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა რამ თუ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც სიზმართან პირადი პროექციების მეთოდით მუშაობა. ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ სიზმრის გეშტალტური გარჩევის შემდეგ კლიენტს საკუთარი თავის შესახებ ახალი, სიღრმისეული და ფასეული დასკვნები არ გამოეტანოს.

ამიტომაც მჯერა, რომ სიზმარი სამყაროს საჩუქარია.

გავუფრთხილდეთ ამ საჩუქარს. ვეცადოთ, არ დავარღვიოთ ძილის ბუნებრივი რიტმი გაჯეტებით თუ ნივთიერებებით სტიმულაციით. სიზმარი მხოლოდ მაშინ არის სიზმარი, როდესაც ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

და კიდევ: გაღვიძებისთანავე ჩაიწერეთ სიზმრები – მერე დაგავიწყდებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რომლებიც მეორდება. თუ ფსიქოთერაპევტები არ ვცდებით, ეს არის თქვენი ქვეცნობიერის მუდმივი მცდელობა, განსაზღვრული გზავნილი ცნობიერში ამოიტანოს. ამის კვლევა ღირს.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: