კანი პირბადის ქვეშ – ცვლილებები მოვლის რუტინაში

გააზიარე:

სამედიცინო პირბადე, გადამდები დაავადებისგან ადამიანის დასაცავად განკუთვნილი ეს უბრალო ნივთი, ბოლო ხანს ყველაზე მოდურ აქსესუარად იქცა. ბევრმა ის მოდის ტენდენციებს შეუხამა და საკუთარ სტილს მოარგო.

მაგრამ რა ორიგინალურიც უნდა იყოს პირბადე, მისი მუდმივი ტარება მაინც სტრესია კანისთვის – ის წითლდება, იქერცლება, მუწუკდება...

რას გვირჩევენ ექსპერტები? მათი თქმით, სტრესის შესამსუბუქებლად კანის მოვლის რუტინა უნდა შევცვალოთ.

რა ზიანს აყენებს პირბადე კანს

პირბადის ხანგრძლივი ტარება რომ მავნებელია, ინტერნეტში გავრცელებული ექიმებისა და ექთნების ფოტოებიც მოწმობს. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ პირბადე არა მხოლოდ ამძიმებს აკნეს და დერმატიტს, არამედ მათ განვითარებასაც კი უწყობს ხელს.

ლაპარაკის დროს პირბადე სახეს ეხახუნება, რაც კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და ქავილს იწვევს. ამას  ემატება პირბადის ქვეშ დაგროვილი ცხიმის, ოფლის, ჭუჭყის, მაკიაჟის ნაწილაკების მავნე გავლენა.

კანის მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი პირბადის ქვეშ ჭარბად დაგროვილი ტენია. ის სუნთქვისას ჩნდება და ხელსაყრელ გარემოს ქმნის მიკრობებისთვის, რომლებიც კანში იჭრებიან და ანთებას იწვევენ.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ მათ უმთავრესად სამი ტიპის პაციენტები აკითხავენ:

1. მგრძნობიარე, ატოპიური დერმატიტისადმი მიდრეკილი კანის პატრონებს სახეზე უჩნდებათ ეგზემური უბნები (ეგზემას ახასიათებს გამონაყარი ან მშრალი, გასქელებული, აქერცლილი არეები).

2. მას, ვისაც გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი აქვს, ერთი მუწუკიც კი შეიძლება აკნემდე გაურთულდეს.

3. მესამე ტიპს როზაცეით დაავადებულები მიეკუთვნებიან (როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც სიწითლე, სიმხურვალე, ქავილი, შესივება, წითელი გამონაყარი ახასიათებს). პირბადე ამძიმებს პროცესს.

პირბადის ხანგრძლივი ტარება კანის პრობლემებს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. მაგალითად, მშრალი კანი უფრო მეტად შრება, ცხიმიანს კი გამონაყარი უჩნდება.

იმისთვის, რომ არასწორი და ზედმეტი მოვლით კანი უფრო მეტად არ დაიზიანოთ, სპეციალისტები გირჩევენ:

1. ხშირად განიავდეთ. ეცადეთ, პირბადე ორ საათზე მეტხანს არ გეკეთოთ მოუხსნელად. ამ ხნის შემდეგ აუცილებლად მოიხსენით და კანი ასუნთქეთ (რასაკვირველია, უსაფრთხო ადგილას). პირბადე  მოიხსენით მაშინაც, როცა შეამჩნევთ, რომ კანი მეტისმეტად დაგინოტივდათ ან ხახუნმა გაგიღიზიანათ.

2. სინთეტიკის ნაცვლად ბამბა გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირბადის ტარების ხანგრძლივობა, არამედ მასალის ტიპიც. ბამბის ქსოვილი გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ხელოვნური. ის კარგად იწოვს ტენს და ადვილად შრება. ასე რომ, მის ქვეშ ტენი ნაკლებად გროვდება. შეიძინეთ თქვენი ზომის პირბადე, მეტისმეტად მჭიდროდ რომ არ ეკვროდეს სახეს.

3. პირბადე ცვალოთ ხშირად, საუკეთესო შემთხვევაში – ორ საათში ერთხელ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემური კანი გაქვთ. შინიდან გასვლისას რამდენიმე ცალი მარაგად წაიყოლეთ. ასე კანზე ნაკლები მიკრობი მოხვდება და მდგომარეობის გაუარესებასაც თავიდან აიცილებთ.

4. საღამოს, პირბადის მოხსნისთანავე, საფუძვლიანად გაიწმინდოთ კანი, ოღონდ ფაქიზად, მსუბუქი გამწმენდი საშუალებით, რომ უფრო მეტად არ გააღიზიანოთ. მაგალითად, მიცელარული წყლით. მერე კი, კანის მოთხოვნების შესაბამისად, გადადით მოვლის მომდევნო ეტაპზე. მაგალითად, თუ გამონაყარი ან აკნე გაწუხებთ, გაიწმინდეთ ბენზოლის პეროქსიდით, რომელსაც ნაზი ამქერცლავი ეფექტი აქვს და ცხიმის გამოყოფას არეგულირებს.

სიწითლისა და შეშუპების დროს საუკეთესოა ყინულის კუბები, კანის მწვავე გაღიზიანების დროს კი გაღიზიანებულ ადგილებზე 10-15 წუთით დაიდეთ შავი ჩაის ან გვირილის ნაყენის საფენი. ხშირად ისხურეთ თერმული წყალი.

გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად კვირაში ერთხელ ან ორჯერ მცირე პროცედურებიც ჩაიტარეთ: მიიღეთ ორთქლის აბაზანა, გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი.

პანდემიის პერიოდში ხელ-პირის ნევროზული ბანა კარგს არაფერს მოგიტანთ. მით უმეტეს, თუ მშრალი კანი გაქვთ.

ცოტაც კი ბევრია

კანმა პირბადის ქვეშ თავისუფლად რომ ისუნთქოს, რაც შეიძლება ნაკლები კოსმეტიკა გამოიყენეთ. დაიტენიანეთ მსუბუქად, უმჯობესია, შრატით და არა დამატენიანებელი საცხით. ერიდეთ ცხიმიან კრემებს. მაკიაჟს საერთოდ ნუ გაიკეთებთ – ტონალური კრემი ფორებს უფრო მეტად დაახშობს და გამონაყარს გამოიწვევს. თუ მაინცდამაინც, მოსინჯეთ მსუბუქი ტექსტურის მქონე ტონალური, რომელიც ზეთს არ შეიცავს.

სახის იმ ნაწილს, რომელსაც პირბადე არ ფარავს, ჩვეულებრივ მოუარეთ.

მოერიდეთ პილინგსაც –ის უფრო მეტად გააღიზიანებს ხახუნისგან ისედაც გაღიზიანებულ კანს.

კანის საცხი უმჯობესია დამამშვიდებელ კომპონენტს, მაგალითად, ჰიალურონის მჟავას,  ალოეს ან ნიაცინამიდს შეიცავდეს.

თუ მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ, გახეხვისგან მის დასაცავად დილის მოვლის რიტუალში ნურაფერს შეცვლით, ოღონდ კრემი პირბადის გაკეთებამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით, რომ კანმა კარგად შეწოვა მოასწროს.

თუ საღამოს შინიდან აღარ გადიხართ, შეგიძლიათ, კანს ჩვეულებისამებრ მოუაროთ. თავდაპირველად საფუძვლიანად გაიწმინდეთ. არ დაგავიწყდეთ შრატი. საუკეთესოა ხილის მჟავას შემცველი შრატი, რომელსაც ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. თუ არ გაქვთ, ნებისმიერი ხილი გახეხეთ და ფაფა 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე. ბოლოს მკვებავით ან ცხიმიანი დამატენიანებლით კარგად დაინოტივეთ.

თუ აკნეს ან მსუბუქ გამონაყარს უჩივით, უმჯობესია, არც საღამოს გადატვირთოთ კანი ზედმეტი მოვლით.

სხვა პრობლემები

ატოპიური დერმატიტის დროს კანი მშრალი და მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ პირბადის ქვეშ შესაძლოა ადვილად გაღიზიანდეს – მსუბუქი წვა, ქავილი და სიწითლე განვითარდეს. ამ შეთხვევაში სპეციალისტები ცხიმიან, ჰიალურონის მჟავას ან შარდოვანას შემცველ დამატენიანებელ კრემებს გირჩევენ, რათა კანი გახეხვისგან დაიცვათ.

აკნეს დროს გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო მოქმედება აქვს. სასურველია, მათ შემადგენლობაში შედიოდეს სალიცილის მჟავა, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, გლიკოლის მჟავა, რომელიც დახშობისგან იცავს ფორებს, პანთენოლი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები და ცხიმის გამოყოფასაც არეგულირებს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ჰერპესის დროს. ჰერპესის ბუშტუკები პირბადის ქვეშ ადვილად არ შრება,  ხახუნის დროს შესაძლოა გასკდეს და სითხე პირბადეზე, იქიდან კი სახის სხვა ნაწილზე მოხვდეს, ამიტომ ჰერპესის დროს პირბადე განსაკუთრებით ფრთხილად მოიხსენით.

მას, ვისაც როზაცეა აწუხებს, დერმატოლოგები ბამბის პირბადის ტარებას ურჩევენ, რომელიც მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, გაწითლებული და გახურებული უბნების დასაამებლად კი – ცივ საფენებს. ამ პერიოდში ერიდეთ მაკიაჟს. შესაძლოა, მან პერიორალური დერმატიტიც კი გამოიწვიოს.

როცა ფოკუსში სახის ზედა ნაწილია მოქცეული, ხაზი გაუსვით მოვლილ წარბებს, გრძელ წამწამებს და მკვეთრად გამოხატულ თვალებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: