ფიზალისი – გახარება, მოვლა, სასარგებლო თვისებები

გააზიარე:

ეგზოტიკური ხილი ჩვენს ბაღებში

ფიზალისი უცხო ხილი არ არის ჩვენთვის – ის საქართველოშიც ხარობს და იმერეთში – ონტკოფას, ხოლო ქართლში დუდღუბოს ეძახიან. მისი კულტურული ჯიშების სამშობლო კი სამხრეთი ამერიკაა. ჰოდა, თუ ექსპერიმენტები გიზიდავთ, ცდას არაფერი უდგას წინ, ოქროსფერი კენკრა ძალიან გაალამაზებს თქვენს ბაღსა თუ აივანს.

წარმოშობა

ფიზალისი მცენარეთა გვარია, რომელიც რამდენიმე სახეობას აერთიანებს (Physalis philadelphica, Physalis minima...). ჩვენ ერთ მათგანს – ანდების კენკრას, იმავე პერუულ ფიზალისს (Physalis peruviana) გაგაცნობთ. ის ანდების რეგიონში – პერუსა და ჩილეში მოჰყავთ. სამხრეთი ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში ევროპელებმა პერუული ფიზალისი სამხრეთ აფრიკაში წაიღეს და კეთილი იმედის კონცხზე მოაშენეს, ამიტომ მას კეთილი იმედის კონცხის კენკრასაც (Cape gooseberry) უწოდებენ.

დღეს ფიზალისის სახელით ცნობილი ეგზოტიკური ხილი ამერიკის სამხრეთ რეგიონებში, ინდოეთში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და გერმანიაშიც კი მოჰყავთ. თუ შესაბამის პირობებს შევუქმნით, თავისუფლად შეიძლება, სამხრეთამერიკულმა კენკრამ ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელშიც იხაროს და ნაყოფიც მოგვცეს.

აღწერილობა

ფიზალისი მრავალწლოვანი მცენარეა, თუმცა ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში ის მხოლოდ ერთი წლით მოჰყავთ. ფიზალისი ერთიდან ორ მეტრამდე სიმაღლისა იზრდება. აქვს გულის ფორმის ხავერდოვანი, ბუსუსებით დაფარული ფოთლები და მოყვითალო-მომწვანო, შავლაქებიანი ყვავილები, რომელთა შუაგულშიც პატარა, მწვანე “ლამპიონები” ჩნდება. ეს ლამპიონები თანდათან იზრდება და ჯერ ფორთოხლისფრად, ბოლოს კი მოყავისფროდ იფერება. სწორედ მათშია დამალული ფიზალისის ნაყოფი – ოქროსფერი კენკრა, რომელიც ძალიან ჰგავს პომიდორ ჩერის.

ფიზალისი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის და მისი ფესვებიც, ამ ოჯახის სხვა მცენარეების მსგავსად, მომწამვლელ ნივთიერებებს – ალკალოიდებს (აზოტოვან ორგანულ ნაერთებს) შეიცავს. მოტკბო-მომჟავო გემოთი ფიზალისი ხურტკმელს (Ribes uva-crispa) წააგავს. ოდესღაც ის მეზღვაურების საყვარელი საკვები იყო – C ვიტამინით გაჯერებული კენკრა მათ სურავანდისგან იცავდა.

ადგილი და ნიადაგი

ვფიქრობ, უკვე მიხვდით, რომ ფიზალისს თბილი, მზიანი, ქარისგან კარგად დაცული ადგილი უნდა შეურჩიოთ. ნიადაგი ფხვიერი უნდა იყოს, მაგრამ ნუტრიენტებით არც ისე მდიდარი. თუ ნიადაგში ორგანული ნივთიერებები ჭარბადაა, მცენარე მთელ ენერგიას სიმაღლეში ზრდას მოახმარს და ცოტა ნაყოფს მოისხამს. საბედნიეროდ, პრეტენზიული არ არის, თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე ხარობს, თუმცა ყველაზე უკეთესად ხრეშიან ან ქვიშიან მიწაზე გრძნობს თავს.

ფიზალისისთვის იდეალური პირობებია იმ რეგიონებში, სადაც კარგად ხარობს ვაზი. ის ძალიან მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. თუ გაზაფხულზე ღამღამობით ყინავს, მცენარე ცოტა ნაყოფს მოისხამს.

ფიზალისი შესანიშნავად ხარობს ქოთანშიც – ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, სახლში გამოაზამთროთ. მისი გახარება სათბურშიც შეიძლება, თუმცა იქ მცენარე შედარებით მეტ ფოთოლს და ნაკლებ ნაყოფს მოისხამს და არც ისეთი ტკბილი და არომატული იქნება, როგორც ღია გრუნტზე მოყვანილი.

ნუ დარგავთ ფიზალისს ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას. არც იმ ადგილს გირჩევთ, სადაც სხვა ძაღლყურძენასებრი გერგოთ – უმჯობესია, ფიზალისის დარგვამდე ასეთი მიწა 2-3 წლით დაასვენოთ.

თესვა

ფიზალისი თესლით მრავლდება. მის შესაძენად ზრუნვა არ მოგიწევთ, თუ მარკეტში რამდენიმე ცალ ნაყოფს იყიდით, შუაზე გაჭრით, რბილობს დანით სამზარეულოს ხელსახოცზე გაანაწილებთ და მზეზე გააშრობთ. რამდენიმე დღეში თესლს ადვილად მოაგროვებთ. ის მინის თავდახურულ ქილაში, გრილ და მშრალ ადგილას, რამდენიმე თვეც ინახება.

მცენარის გაზრდა იანვრის ბოლოს დაიწყეთ. საჩითილე ჭურჭელში ბაღის მიწა ჩაყარეთ. თუ საკმარისად ფხვიერი არ აღმოჩნდება, შეურიეთ ქვიშა 1:1 თანაფარდობით ან სპეციალური საჩითილე მიწა შეიძინეთ. თესლი თანაბრად მოაყარეთ, არც ისე მჭიდროდ, და თითით მიწაში ჩამალეთ. მორწყეთ თანაბრად. უმჯობესია, წყალი ნაკადად კი არ დაასსხათ, პულვერიზატორით დაასხუროთ. ქოთანი დადგით თბილ, კარგად განათებულ ადგილას. გასაღვივებლად იდეალური ტმპერატურა 25 გრადუსია. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, როცა ამონაყარი 2-3 ფოთოლს გამოიტანს, საჩითილე ჭურჭლიდან სათითაოდ გადარგეთ შედარებით დიდ ქოთნებში. ნიადაგი მუდმივად ნოტიო უნდა იყოს, თუმცა განოყიერებას არ ითხოვს. თუ რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ უფრო დიდ ქოთნებში გადარგავთ, ნერგები უფრო მალე გაიზრდება.

დარგვა და მოვლა

თუ გინდათ, ფიზალისმა მხოლოდ ერთ სეზონზე მოგცეთ ნაყოფი, ბაღში გადარგეთ, თუ მრავალწლიანის გახარებას აპირებთ – ქოთანში.

ჩითილი ღია გრუნტზე მხოლოდ მას შემდეგ გადაიტანეთ, რაც დარწმუნდებით, რომ ღამით აღარ მოყინავს – ასე, მაისის შუა რიცხვებიდან. უმჯობესია, ადგილი კედლის ან გალავნის ახლოს შეურჩიოთ, მთელი დღის ნაგროვები სითბოთი ღამით რომ გაათბოს. გადარგვამდე მიწა საფუძვლიანად დაბარეთ და ცოტაოდენი გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი მოაყარეთ (უხვად განოყიერება, როგორც გითხარით, არ სჭირდება). ამოთხარეთ ჩითილის ქოთნებზე 5-10 სმ-ით ფართო და ღრმა ორმოები. ორმოდან ამოღებული მიწა კარგად გააფხვიერეთ (თუ საჭიროა, სილა ან ხრეში შეურიეთ) და ისევ ორმოში ჩაყარეთ. ჩითილი მიწაში ჩარგეთ და კარგად მორწყეთ. ფიზალისი ბუჩქად იზრდება, ამიტომ კვლებიც და ძირებიც 80-100 სმ-ით დააშორეთ ერთმანეთს.

ფიზალისს ბევრი წყალი არ უყვარს, ამიტომ ნარგავები ზომიერად მორწყეთ 4-5 დღეში ერთხელ, ყვავილობისა და მსხმოიარობის პერიოდში კი შედარებით ხშირად. ეცადეთ, ნიადაგი თანაბრად ტენიანი იყოს. ამისთვის, გირჩევთ, ძირებში მულჩი დაუფინოთ – ის წყლის ბალანსს კარგად არეგულირებს.

ვინაიდან ფიზალისის ღერო ადვილად ტყდება, უმჯობესია, ბამბუკის ან ხის ჭიგოზე მიამაგროთ.

თუ მცენარის ქოთანში გაზრდას აპირებთ, დაახლოებით 30 სმ დიამეტრისა და 50 სმ სიღრმისა (10 ლიტრამდე) შეურჩიეთ. ნურც დრენაჟის გაკეთებას დაივიწყებთ. ქოთანში მცენარეს უფრო რეგულარულად სჭირდება მორწყვა, ვიდრე ბაღში და დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ – განოყიერება.

თუ ახალგაზრდა ღეროებს წვერებს წააწყვეტთ (თუ რბილია – ხელით, თუ არადა – მჭრელი მაკრატლით), მცენარე ბუჩქად გაიზრდება. ფოთლების ძირში ამონაყარის რეგულარული მოჭრა არ არის მიზანშეწონილი.

გამოზამთრება

თუ ფიზალისს სახლში კარგად გამოაზამთრებთ, მომდევნო წელსაც ამოიყრის. როგორც გითხარით, მისი გამოზამთრება მხოლოდ ქოთანში შეიძლება. მოსავლის აღების შემდეგ, ასე, ოქტომბრის დასაწყისში, მცენარე ზომიერად მორწყეთ, 2`3-ზე გადაჭერით და ნათელ ადგილას დადგით 10-15 გრადუს სითბოში. ყურადღებით იყავით, მიწა არ გამოუშრეს. მარტიდან, როცა უკვე კარგად დათბება, ქოთანი დროდადრო გარეთ გაიტანეთ, ნელ-ნელა შეაჩვიეთ მცენარე მაღალ ტემპერატურასა და მზეს. ვიდრე მაისის ბოლოს საბოლოოდ გაიტანდეთ გარეთ, კიდევ ერთხელ კარგად მორწყეთ. 

მოსავლის აღება

კენკრა ყვავილობიდან დაახლოებით 8-12 კვირაში იწყებს დამწიფებას. როცა ლამპიონები შეხმება და პერგამენტისებრ მოყავისფრო ელფერს მიიღებს, – ასე, აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში, – კენკრა უკვე მოსაკრეფია. ლამპიონებში შემალული მწიფე ნაყოფი რამდენიმე კვირა გაძლებს 10-15 გრადუსზე, თუ მშრალ ადგილას კარგად გაშლით. თუ ნესტი ოდნავ მაინც იგრძნობა, დაობდება. კენკრა შეგიძლიათ გაახმოთ ან გაყინოთ. მკვახე არ იჭმევა – მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს. ვიდრე კარგად არ დამწიფდება, ნუ დაკრეფთ, რადგან მოკრეფილი დამწიფებას აღარ გააგრძელებს, პირიქით, შესაძლოა გაფუჭდეს. მარკეტში ნაყიდი კენკრა შეფუთვიდან ამოიღეთ და მაცივარში შედეთ.

გამრავლება

ფიზალისი ადვილად მრავლდება კალმით. მოაჭერით ოქტომბრის ბოლოს 8-10 სმ სიგრძის თავიანი კალამი 5-7 ფოთლით და პატარა ქოთანში ჩარგეთ. დადგით კარგად განათებულ ადგილას, 18-20 გრადუსზე. დაახლოებით სამ კვირაში კალამი ფესვებს განივითარებს. ამის შემდეგ შედარებით გრილ (15 გრადუსამდე) ადგილას გადაიტანეთ, მაისის ბოლოს კი ბაღში გადარგეთ.

დაავადებები და მავნებლები

ავადმყოფობა და პარაზიტები ფიზალისს ადვილად ვერ ერევიან, რადგან ნაყოფს ბუნებრივი შალითა იცავს, თუმცა სათბურში მცენარეს ეგრეთ წოდებული ფრთათეთრა ემტერება. თუ მწიფე ნაყოფის დაკრეფა დაგაგვიანდათ, ნესტიან ამინდში შესაძლოა დაობდეს ან დასკდეს.

რა უნდა გახსოვდეთ:

* მწიფე ნაყოფს ტოტზე დიდხანს ნუ გააჩერებთ.

* თუ გვერდებზე ბევრი ყლორტი გამოიტანა, გასხალით.

ნუტრიენტები

ფიზალისს ხშირად დეკორატიული დანიშნულებითაც იყენებენ – დესერტების, ტორტების, კოქტეილების მოსართავად, თუმცა მას გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ფიზალისი C ვიტამინისა და ბეტა კაროტინის მნიშვნელოვანი წყაროა. შეიცავს B ჯგუფის (B1, B2, B6) ვიტამინებს. მდიდარია რკინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, უჯრედისით და უჯრედის დამცავი ანტიოქსიდანტებით. უხვად შეიცავს პროტეინებს, – უფრო მეტსაც კი, ვიდრე გოჯის კენკრა. ძვირფასი შემადგენლობის გამო წინათ მას სამკურნალოდაც იყენებდნენ. მაგალითად, აცტეკები ფიზალისით კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, საშარდე გზების დაავადებებს, მაღალ წნევას მკურნალობდნენ.

რას უხდება:

* აძლიერებს იმუნიტეტს.

* ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს.

* აუმჯობესებს მხედველობას.

* ამსუბუქებს დიაბეტის მავნე გავლენას ორგანიზმზე.

* ააქტიურებს უჯრედების ზრდას.

* ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე.

* აძლიერებს კუნთოვან ქსოვილს.

*ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებას.

ფიზალისის ნაყოფში შემავალი პექტინები არეგულირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს.

სამზარეულოში

იმისთვის, რომ ორგანიზმმა ფიზალისის ნაყოფში შემავალი ყველა ნუტრიენტი აითვისოს, ის ნედლი უნდა მიირთვათ. მაგალითად, დაამატოთ ხილის სალათას, დესერტს, სმუზის. მისი მომჟავო-მოტკბო გემო ძალიან უხდება ზოგიერთ გარნირს და სოუსს. მისგან შეგიძლიათ გემრიელი ჯემი ან ჩირიც მოამზადოთ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ეგზოტიკური პასტა ფიზალისის სოუსით

დაგჭირდებათ: 4 ცალი ლიმეტი ან ლიმონი, 400 გ ფიზალისი, 30 გ კოჭა, 250 გ ნაღები, სპაგეტი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

ლიმეტი კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით და ცედრა მოახეხეთ. რბილობი გაწურეთ. ფიზალისი სათითაოდ გაჭერით ორად. კოჭა გათალეთ და დაკეპეთ. სპაგეტი მარილწყალში მოხარშეთ.

კოჭა მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაასხით ლიმეტის წვენი და ნაღები და 2-3 წუთი შუშეთ ნელ ცეცხლზე. დაამატეთ მოხარშული სპაგეტი, 1-2 ჩაის კოვზი ცედრა და ფიზალისი. შუშეთ კიდევ 1-2 წუთი ძალიან ნელ ცეცხლზე. ბოლოს მარილითა და პილპილით შეაგემეთ, თეფშებზე გაანაწილეთ და ცოტაოდენი ცედრა მოაყარეთ.

მაფინი ფიზალისით

დაგჭირდებათ: 2 კვერცხი, 120 გ შაქრის პუდრი, 1 ჩაის კოვზი ლიმეტის ან ლიმონის ცედრა, 75 გ კარაქი, 75 გ ფორთოხლის წვენი, 50 გ ფქვილი, 1 კოლოფი ვანილის პუდინგის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 200 გ ფიზალისი.

კვერცხი, შაქრის პუდრი და ცედრა კარგად ათქვიფეთ. კარაქი გაადნეთ, გააგრილეთ და კვერცხს შეათქვიფეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფორთოხლის წვენი, ფქვილი, პუდინგის ფხვნილი და გამაფხვიერებელი. ცომი მაფინის ფორმებში ჩაასხით და ზემოდან 150 გ ფიზალისი მოაწყვეთ. წინასწარ გახურებულ ღუმელში 22-25 წუთი აცხვეთ. გააგრილეთ, ცოტაოდენი შაქრის პუდრი მოაყარეთ, 2 სუფრის კოვზი ლიმეტის წვენი მოასხით და სუფრასთან მიტანის წინ გარშემო ნედლი ფიზალისი შემოუწყვეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: