სიმონ ყიფშიძე – ქართული ნევროლოგიური სკოლის ფუძემდებელი

გააზიარე:

ქართული მედიცინის ისტორიამ უამრავი ბრწყინვალე ექიმის სახელი შემოგვინახა. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მართლაც რომ ფასდაუდებელია. ეს ის ხალხია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა მედიცინის სხვადასხვა დარგს. ერთი მათგანია სიმონ ყიფშიძე.

დიდი ნევროლოგი აკადემიკოსმა ნინული ნინუამ და ექიმმა ხუტა პაჭკორიამ გაიხსენეს.

სიმონ ყიფშიძე 1887 წლის 18 ივლისს ჭიათურის რაიონში, სოფელ ბიღაში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამამისს, ნიკიფორეს, როგორც ჩანს, ჰქონდა საშუალება, შვილისთვის კარგი განათლება მიეცა – 1905 წელს სიმონმა წარმატებით დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1907 წელს ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტში (ახლანდელ ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში), მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1912 წელს უნივერსიტეტიც დაამთავრა და ოდესაშივე დაიწყო მუშაობა.

ხუტა პაჭკორია:

– უნივერსიტეტში სიმონ ყიფშიძეს ასწავლიდა დიდი ანატომი ნიკოლაი ბატუევი, რომელსაც ქართველები განსაკუთრებით უყვარდა. თავის დროზე მისი მოწაფე გახლდათ დიდი ქირურგი ნიკოლოზ კახიანიც. სიმონი მეოთხე კურსზე იყო, როცა ბატუევმა თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების მოდელის შექმნა დაავალა ცნობილი რუსი მეცნიერის ვლადიმირ ბეხტერევის იდეების მიხედვით. სიმონმა შექმნა მართლაც უნიკალური მოდელი, რომელმაც თავად ბეხტრევიც კი აღაფრთოვანა. სიმონ ყიფშიძის სახელი რუსეთის მთელმა სამედიცინო საზოგადოებამ გაიგო.

ქალბატონი ნინული ნინუას დამსახურებით ეს მოდელი განადგურებას გადაურჩა და ამჟამად საქართველოს მედიცინის ისტორიის მუზეუმშია დაცული.

ნევროპათოლოგია სიმონმა სწორედ ბატუევის და მისი სეხნიის, დიდი ნევროპათოლოგის ნიკოლაი პოპოვის გავლენით აირჩია. პირველ მსოფლიო ომამდე პოპოვის კათედრაზე მუშაობდა. ომის დროს ფრონტზე გაიწვიეს სამხედრო ქირურგად. ომის შემდეგ კათედრას დაუბრუნდა და პროფესიული დაოსტატება გააგრძელა.

საქართველოში სიმონი უკვე ცნობილ ნევროპათოლოგად დაბრუნდა. 1919 წელს ის თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების გამგედ დანიშნეს და ხუთი წელი ეკავა ეს თანამდებობა.

სიმონს ძალიან აინტერესებდა ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ამიტომ შეთავსებით ფიზიოლოგიის კათედრაზეც მუშაობდა, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილსა და პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილთან. მათთან დიდი მეგობრობაც აკავშირებდა. 1920 წელს ბერიტაშვილის მიერ გამოცემულ ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოში თავი პატარა ტვინის (ნათხემის) შესახებ სწორედ სიმონ ყიფშიძეს ეკუთვნის.

ნინული ნინუა:

– თამამად შეიძლება, სიმონ ყიფშიძეს ქართული ნევროლოგიური აზროვნების ფუძემდებელი ვუწოდოთ. იმ პერიოდში, როდესაც სიმონი საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაერთო, საქართველოში ფსიქიატრია უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ნევროლოგია. ავადმყოფებს, რომელთა დიაგნოზიც ფსიქიკურ დაავადებათა კრიტერიუმებით ვერ ფასდებოდა, თავის ტვინის დაზიანების ზოგად დიაგნოზს უსვამდნენ. მათთვის კლინიკაში მხოლოდ ათი საწოლი იყო გამოყოფილი.

დაარსებიდან ორ წელიწადში, 1920 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნერვულ სნეულებათა კათედრა გაიხსნა. კათედრის გამგედ რუსეთის დამსახურებული პროფესორი, ფსიქონევროლოგი იაკობ ანფიმოვი მოიწვიეს. სიმონ ყიფშიძე, იმ დროს უკვე ცნობილი ნევროპათოლოგი, ანფიმოვის უფროს ასისტენტად დანიშნეს, ხოლო პეტრე სარაჯიშვილი, პეტრე ქავთარაძე და ნიკონ ფოფხაძე, შემდგომში ასევე ცნობილი ნევროლოგები – ორდინატორებად. მათგან მხოლოდ სიმონს ჰქონდა ნევროპათოლოგად მუშაობის გამოცდილება, ასე რომ, კათედრაზე მისულმა ექიმება მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ნევროლოგიის შესწავლა. კათედრის კლინიკური ბაზა, რომელიც 30 საწოლზე იყო გათვლილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში – როგორც მაშინ უწოდებდნენ, მიხეილის საავადმყოფოში – განთავსდა.

ხუტა პაჭკორია:

– იაკობ ანფიმოვი უაღრესად განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის ნევროლოგი და ფსიქიატრი იყო. ეს გახლდათ უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც უშურველად გასცემდა ცოდნას. სიმონის სადისერტაციო ნაშრომსაც – “მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისთვის” – მან უხელმძღვანელა. სხვათა შორის, სიმონის სადოქტორო დისერტაცია მეორე იყო საქართველოში მედიცინის დარგში. პირველი მიხეილ წინამძღვრიშვილმა დაიცვა სამი წლით ადრე, 1921 წელს.

1925 წელს ანფიმოვმა დაუჯერებელი რამ ჩაიდინა: მოიწვია სამეცნიერო საბჭო და მოითხოვა, მის ადგილზე სიმონ ყოფშიძე დაენიშნათ. საბჭომ მიიღო მისი წინადადება და კათედრის ხელმძღვანელობა სიმონს გადააბარა. ამ თანამდებობაზე სიმონ ყიფშიძე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

ფურორი მოახდინა სიმონის პირველმა შესავალმა ლექციამ ტვინის შესახებ, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საუკეთსო შესავალ ლექციად ითვლება ნევროლოგიაში. ლექციას დაესწრნენ ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და უნივერსიტეტის სხვა დამაარსებლები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სიმონის დახვეწილმა ქართულმა – მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ენის ცოდნას და ხელს უწყობდა სხვადასხვა სფეროში ქართული ტერმინოლოგიის შექმნას.

1924-1925 წლებში სიმონ ყიფშიძე უნივერსიტეტმა ბერლინსა და პარიზში მიავლინა. მან მოიარა ცნობილი ნევროლოგიური კლინიკები, საკვალიფიკაციო კურსი გაიარა ჟან მარტენ შარკოს – ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერის – კლინიკაში, დაესწრო შარკოს დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას და თსუ-ს სახელით სიტყვითაც გამოვიდა ფრანგულ ენაზე.

საფრანგეთიდან სიმონმა ჩამოიტანა საუკეთესო აპარატურა, ბევრი წიგნი, შარკოს სახელობის ოქროს მედალი ნევროლოგიაში შეტანილი წვლილისთვის და დიდი მეცნიერის ოჯახის მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთები, რომლებიც წლების განმავლობაში ამშვენებდა მის კაბინეტს.

ნინული ნინუა:

– საფრანგეთში სიმონ ყიფშიძემ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ცნობილ ნევროლოგებთან: ჟოზეფ ბაბინსკისთან, ანრი შარლ კლოდთან და სხვებთან.

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ სიმონმა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მოაწყო კლინიკა – თავისი ლაბორატორიით, ელექტროფიზიოლოგიური კვლევის აპარატით... დანერგა თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევის მეთოდები.

1941-1945 წლებში სიმონ ყიფშიძე ამიერკავკასიის სამხარეო ოლქის მთავარ ნევროპათოლოგად დანიშნეს.

სიმონი ბრწყინვალედ იცნობდა ნევროლოგიის მომიჯნავე დარგებსაც – ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიას. დიმიტრი უზნაძესთან ერთად ხშირად განიხილავდა ამა თუ იმ საკითხს, ზოგჯერ ეკამათებოდა კიდეც.

ხუტა პაჭკორია:

– დღეს ნებისმიერი დაზიანების დიაგნოსტირება ლამის მიკროსკოპულ დონეზე ხდება. საოცარია, როგორ ახერხებდა სიმონ ყიფშიძე უბრალო კლინიკური გამოკვლევებით უზუსტესი დიაგნოზის დასმას. თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტს ყოველგვარი აპარატურის გარეშე გასინჯავდა და დიაგნოზს უსვამდა, ამ დიაგნოზის მიხედვით კი ოპერაციას ატარებდნენ ცნობილი ნეიროქირურგები – ბონდო ჩიქოვანი თბილისში ან ნიკოლაი ბურდენკო, მართლაც რომ მსოფლიო დონის სპეციალისტი, მოსკოვში. სიმონის დიაგნოზი ყოველთვის დასტურდებოდა.

ხშირად სიმონს სულ სხვა მიზეზით აჩვენებდნენ პაციენტს. ის თავიდან ბოლომდე დინჯად გასინჯავდა და ბოლოს ისეთ დიაგნოზს დაუსვამდა, ყველას სახტად დატოვებდა. ყოფილა შემთხვევა, “ნეკნთაშუა ნევრალგიით” მისულისთვის პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვამს.

დიდი თერაპევტი გოგი მხეიძე ამბობდა, გამორიცხული იყო, მისი დიაგნოზისთვის ვინმეს რამე დაემატებინაო.

სიმონ ყიფშიძე მოწაფეებთან ერთად დიდი ინტერესით შეისწავლიდა სხვადასხვა დაავადების დროს ნერვულ სისტემაში მომხდარ ცვლილებებს. იმ პერიოდში აქტუალური იყო სიფილისი (ათაშანგი), რომელიც პენიცილინის აღმოჩენამდე ძალიან მძიმე შედეგებს იწვევდა, ტუბერკულოზი, მალარია, რომელიც მუსრს ავლებდა საქართველოს მოსახლეობას.

ნინული ნინუა:

– სიმონმა ჯერ კიდევ 1919 წელს აღწერა ნათხემის დაზიანების ნადრევი ნიშანი – ნეკის განზიდვა პრონაციის (მტევნის გარედან შიგნით შეტრიალების) დროს, რომელსაც “კუნთების ჯანყი” უწოდა. დღეს ეს სიმპტომი სიმონ ყიფშიძის სახელს ატარებს. ნევროლოგიაში ეს იმავე მნიშვნელობის აღმოჩენა იყო, როგორისაც ბაბინსკის რეფლექსი – ტერფის დიდი თითის გაშლა და დანარჩენი თითების მარაოსებრი გადაშლა ფეხისგულის ხაზოვანი გაღიზიანების დროს. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს რეფლექსი ფიზიოლოგიურია, მოზრდილებთან კი  პირამიდული გზების დაზიანების უტყუარი ნიშანი გახლავთ.

მას შემდეგ სიმონმა კიდევ უამრავი რამ შეისწავლა: ნერვული სისტემის ინფექციები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, ნერვკუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია, ნევროზები... ჩაატარა გამოკვლევები თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების ფუნქციის შესასწავლად, აღწერა ეპიდემიური ენცაფალიტები პეტრე ქავთარაძესთან ერთად.

სხვათა შორის, თავის ტვინის გამტარი გზების მოდელში, რომელიც სტუდენტობისას შეადგინა, კლასიკურ აღმავალ და დაღმავალ გამტარ გზებს შორის გარკვეული ადგილები დატოვა, – ისევე, როგორც მენდელეევმა ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში, – რადგან ივარაუდა, რომ იქ სხვა გზებიც იქნებოდა. მართლაც, მოგვიანებით ამ გზების არსებობა დადასტურდა.

საქართველოში, ნევროლოგიის განვითარების გარიჟრაჟზე სიმონმა შეადგინა ნერვულ სნეულებათა სიმპტომოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე სამ ტომად, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დიდი წვლილი შეიტანა სამედიცინო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მის მიერ 1947 წელს რუსულ ენაზე გამოცემული კლინიკური ლექციების კრებული მთელ საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ვერ იტანდა პლაგიატს. ამის გამო ერთი, შემდგომში სახელმოხვეჭილი მეცნიერიც კი გაუშვა კათედრიდან. ამ პრინციპს ყველა ვიცავდით მის გარშემო. არ არსებობდა, თუნდაც უმნიშვნელო მოსაზრება ისე მოგვეყვანა ნაშრომში, რომ ავტორი არ მიგეთითებინა.

1930 წელს სიმონ ყიფშიძემ დააარსა ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამედიცინო საზოგადოება, რომელსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა.

სიმონის იდეა იყო საქართველოში ნეიროქირურგიული სამსახურის შექმნაც. 1937 წელს გრიგოლ მუხაძემ და ილია ახმეტელმა თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების გამო რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. სწორედ ამან მისცა ბიძგი დარგის შემდგომ განვითარებას: სიმონის ინიციატივით, ბონდო ჩიქოვანი ნეიროქირურგიის შესასწავლად ლენინგრადში, პროფესორ ალექსეი მოლოტკოვთან მიავლინეს, შალვა ყიფშიძე კი მოსკოვში, პროფესორ ნიკოლაი ბურდენკოსთან.

სიმონმა ღირსეული მემკვიდრეებიც აღზარდა. მას მასწავლებლად მიიჩნევდა დიდი ექიმი და მეცნიერი, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე, რომელიც სიმონ ყიფშიძის შემდეგ ხელმძღვანელობდა კათედრას. სიმონის მოწაფეები იყვნენ ნიკონ ფოფხაძე – საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ნევროლოგიის კათედრის გამგე 1963-1966 წლებში, ალექსანდრე (საშა) რუხაძე – სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, ნერვული სისტემის პროპედევტიკის შესანიშნავი სახელმძღვანელოს ავტორი, მიხეილ სააკაშვილი – სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, მედიცინის ისტორიის დიდი მკვლევარი; სოფიო ენუქიძე – ქართველ ექიმებს შორის მეორე მეცნიერებათა დოქტორი ქალი, აფაზიოლოგიის ფუძემდებელი, პედიატრიის, სანჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ნევროლოგიის კათედრის გამგე 1966-1978 წლებში და სხვები: თამარა ღლონტი, კაკო ზოიძე, ნორა მარუაშვილი, შუშანა კიკვიძე, ნელი თოხაძე, სოსო აგლაძე, თინა გელაძე, სოფია ბააზოვა, მარა პარკაძე, გრიგოლ გრიგორაშვილი, გრიგოლ ბახტაძე, ალექსანდრე თედორაძე, მიხეილ თავდიდიშვილი, ლავრენტი ჟვანია, ვლადიმერ ლაბაძე, აკაკი ზოიძე, ნინა ნადირაძე, ელენე ლექვინაძე, შალვა ყიფშიძე, ალექსი მინდაძე, ნოდარ ქავთრაძე, ლილი გაბელაია, რეზო სიგუა, ელიკო ახვლედიანი...

თავს მეც სიმონის მოწაფედ და მეკვიდრედ მივიჩნევ, თუმცა მას არ მოვსწრებივარ. ნევროლოგიის კათედრას, რომელსაც 1994 წლიდან ვხელმძღვანელობდი, დღესაც სიმონისეულს ვეძახი. ჩემამდე კი ეს თანამდებობა ეკავათ ჯერ დიდ მეცნიერსა და პედაგოგს ალექსი მინდაძეს, მერე – ბავშვთა ნევროლოგიის მეცნიერული მიმართულების ფუძემდებელს ავთანდილ ლაჭყეპიანს. ჩემ შემდეგ კათედრა გადაიბარა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ივანე ვერულაშვილმა, ამჟამად კი მას წარმატებით ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ბერიძე.

1997 წელს კათედრის თანამშრომლებმა მასშტაბურად აღვნიშნეთ კათედრის დაარსების 77-ე და სიმონ ყიფშიძის დაბადების 110-ე წლისთავი. ამ დღეს მართლაც თვალნათლივ დაინახა ყველამ, რამხელა დამსახურება მიუძღვის სიმონ ყიფშიძეს ქართული ნევროლოგიის წინაშე.

***

სიმონ ყიფშიძის ოჯახური ცხოვრების შესახებ არც ისე ბევრი რამაა ცნობილი. სენელა პურადაშვილი ოდესაში გაიცნო, სადაც ის კეთილშობილ ქალთა სასწავლებელში სწავლობდა, თუმცა ქუთაისში, ქალის მშობლიურ ქალაქში შეუღლდნენ. ტკბილი ცოლქმრობა ჰქონდათ. ორი შვილი შეეძინათ... სენელა ადრე გარდაიცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ სიმონი ხელახლა დაოჯახდა, მაგრამ მალე თვითონაც იმსხვერპლა ინფარქტმა. გარდაიცვალა 1953 წლის 21 მარტს, 66 წლისა, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: