ფეტვი – ნაყოფიერების სიმბოლო

გააზიარე:

 

მარცვლეული კვების პირამიდის საფუძველია, რაც ნიშნავს, რომ ის ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს. ასეც არის – ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღე მიირთმევს ხორბლის ან ჭვავის პურს, შვრიის, წიწიბურას ან ბრინჯის ფაფას... აი, ქერი და ფეტვი კი უსამართლოდ მივივიწყეთ.

ჟურნალის წინა ნომერში ქერის სასარგებლო თვისებები გაგაცანით, ამჯერად კი ფეტვზე გესაუბრებით.

სახეობები

ფეტვი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. საკვებად იყენებენ ჩვეულებრივ ფეტვს (Pანიცუმ მილიაცეუმ), რომელსაც წვრილი მარცვლები აქვს.

არსებობს ჩვეულებრივი ფეტვის ყვითელი, თეთრი, წითელი და ყავისფერი სახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფერით, არამედ ნუტრიენტების შემცველობითაც განსხვავდება. მაგალითად, ყვითელი ფეტვი მდიდარია ბეტა-კაროტინით, წითელი და ყავისფერი კი ანიოქსიდანტებით. ყავისფერი ფეტვის ქერქი ისეა შეზრდილი გულთან, რომ მისი მთლიანად მოცილება ვერ ხერხდება, ამიტომ ქერქიანად ფქვავენ სპეციალურ წისქვილში. მისი ნაწარმი გაცილებით სასარგებლოა, რადგან მეტ უჯრედისს აწვდის ორგანიზმს. შეგიძლიათ, ერთი-ორი სუფრის კოვზი ნედლი ყავისფერი ფეტვი მიუსლის ან ნებისმიერ ცივ კერძს შეურიოთ ან სმუზი მოამზადოთ. მოთეთრო ჯიშები შედარებით მეტ ცილას შეიცავს.

ისტორია

ფეტვს ჯერ კიდევ ქვის ხანაში იცნობდნენ. არქეოლოგიური გათხრებისას ჩინეთში აღმოაჩინეს მარცვლები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000-8000 წლებით თარიღდება. ფეტვი ძირითადი საკვები მარცვლეული იყო აზიაში, საიდანაც აბრეშუმის გზით მიაღწია ევროპას.

ფეტვი ძლიერებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტრადიცია, როცა ეკლესიიდან გამოსულ პატარძალს ფეტვის წვიმაში ატარებენ.

XVII საუკუნიდან, კარტოფილისა და სიმინდის გავრცელების შემდეგ, ფეტვის მოყვანა ნელ-ნელა შეწყვიტეს, თუმცა XXI საუკუნეში ამ მარცვლეულმა ევროპაში რენესანსი განიცადა. კარგი კვებითი ღირებულების გამო ის უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

აზიასა და აფრიკაში ფეტვი დღესაც შეუცვლელი საკვებია. მსოფლიო ბაზარზე არსებული მარცვლის 90%-ზე მეტი სწორედ იქ მოჰყავთ. ფეტვის წარმოებით გამოირჩევა ინდოეთი, ნიგერია და ნიგერი.

ფეტვის მოყვანა ადვილია. ის ხარობს ნებისმიერ ნიადაგზე, კარგად უძლებს მშრალ კლიმატს და მოკლე ვეგეტატიური პერიოდი აქვს.

საკვები ფეტვი

ფეტვს, ისევე როგორც შვრიას, ქერსა და ბრინჯს, გარს მაგარი ქერქი აკრავს. საკვებად ვარგისი რომ გახდეს, მას ჩენჩოსთან ერთად ქერქსაც აცლიან. შედეგად მარცვლებში უჯრედისის შემცველობა იკლებს. რაც შეეხება ნუტრიენტებს, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, მათი უდიდესი ნაწილი ქერქში კი არ არის თავმოყრილი, არამედ მთელ მარცვალშია განაწილებული. ასე რომ, გაფცქვნილი ფეტვიც საკმაოდ სასარგებლოა.

მაკრონუტრიენტები

ფეტვი დიდი ხნით ანაყრებს, მაგრამ კალორიულობით არ გამოირჩევა. 100 გ მოხარშული ყვითელი ფეტვის ენერგეტიკული ღირებულება, რაც დაახლოებით 40 გ ნედლისას შეესაბამება, დაახლოებით 114 კილოკალორიაა.

 

100 გ მოხარშული ყვითელი ფეტვი შეიცავს:

* 70 გ წყალს;

* 3,5 გ ცილას;

* 1,4 გ ცხიმს;

* 22 გ ნახშირწყლებს;

* 1,5 გ უჯრედისს;

* 70 მგ მაგნიუმს, რაც სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 23%-ია. ეს ელემენტი აუცილებელია გულის, კუნთების, ნერვების ნორმალური ფუნქციობისთვის. მონაწილეობს ორგანიზმის ენერგოწარმოების პროცესში;

* 3-3,5 მგ რკინას – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 22%-ს. რკინა ჟანგბადით ამარაგებს ორგანიზმს და კუნთებში მისი მარაგის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ფეტვში 2-3-ჯერ მეტი რკინაა, ვიდრე, მაგალითად, ხორბალში. თუ მასთან ერთად ჩ ვიტამინის შემცველ პროდუქტსაც მიიღებთ, რკინის ათვისება საგრძნობლად გაიზრდება.

* 335 მკგ სპილენძს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 22%-ს. სპილენძი ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობს. ის აუცილებელია უჯრედში ენერგიის წარმოსაქმნელად, შემაერთებელი ქსოვილის ცილების – კოლაგენისა და ელასტინის ფორმირებისთვის;

* 85 მკგ ვიტამინ B1-ს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 6%-ს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის წარმართვისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის, აძლიერებს კონცენტრაციას;

* 530 მკგ ვიტამინ B3-ს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 3%-ს. ეს ვიტამინი დაბლა სწევს ცუდი ქოლესტეროლის დონეს, კარგია შფოთვის, ძილის დარღვევისა და დეპრესიის დროს;

* 236 მკგ ვიტამინ B5-ს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 4%-ს. ეგრეთ წოდებული სილამაზის ვიტამინი სილამაზეს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანსა და თმას, ახდენს ანთებების საწინააღმდეგო ეფექტს;

* 162 მკგ ვიტამინ B6-ს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 8%-ს. ეს უკანასკნელი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ზრდის ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს, აძლიერებს იმუნურ სისტემას;

* 0,14 მგ სილიციუმმჟავას (სილიციუმი). ეს ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების, კბილების, თმის, ფრჩხილების, კანის სიჯანსაღისთვის. აუმჯობესებს კანში ნივთიერებათა მიმოქცევას და ხელს უწყობს ტენის შეწოვას. დიდი მნიშვნელობა აქვს შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცისთვის – ამაგრებს მის ბოჭკოებს, რისი წყალობითაც შემაერთებელი ქსოვილი დიდხანს რჩება ელასტიკური. აუმჯობესებს კოლაგენის წარმოქმნას, რაც ძვლების სიმტკიცეს განაპირობებს. თუმცა ქერქთან ერთად ყვითელი ფეტვი სილიციუმმჟავას დიდ ნაწილს კარგავს. ეს ნივთიერება შედარებით მეტია ყავისფერ ფეტვში.

ფეტვი ჯანმრთელობისთვის

ფეტვი უძველესი სამკურნალო მცენარეა, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში დღესაც იყენებენ. კანთან, თმასა და ფრჩხილებთან ერთად ის ძალიან უხდება ნერვულ სისტემას, აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდის გამოძევებას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. საუკეთესოა თმის ცვენის, სისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის – ვენების ვარიკოზული დაავადების), სახსრების დაავადებების, ბუასილის, საჭმლის მონელების დარღვევის, დაღლილობის, გულმავიწყობის დროს.

ფეტვი კარგი არჩევანია სპორტსმენებისთვის, რადგან ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ამარაგებს. ცილისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო საუკეთესო საკვებია ვეგეტარიანელებისთვის.

ფეტვი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლაში ეხმარება. 

დიაბეტის დროს

კანადის ნიუფაუნდლენდის მემორიალური უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, ფეტვი ხელს უშლის ჭამის შემდეგ ჰიპოგლიკემიის განვითარებას და შედეგად აფერხებს ინსულინის ჭარბ გამოყოფას. ინდოელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი ნაწარმი ძალიან კარგია დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულთათვის. ოცდარვადღიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეტვის ყოველდღიური მიღების შედეგად სისხლში შაქრის დონემ დაიკლო, ხოლო კარგი ქოლესტეროლისამ მოიმატა.

გლუტენის აუტანლობისას

ფეტვში თითქმის იმდენივე ცილაა, რამდენიც ხორბალში, მაგრამ მასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აწუხებს.

ანტიოქსიდანტური მოქმედებისთვის

ინდოელ მეცნიერთა კვლევების თანახმად, ფეტვს აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები და ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. კარგია კიბოს პრევენციისთვის. ანტიოქსიდანტური მოქმედებით ფეტვი ხილსა და ბოსტნეულსაც კი უტოლდება. ამ მხრივ საუკეთესოა ყავისფერი ფეტვი.

ორგანიზმის გასაწმენდად

სამკურნალო ეფექტისთვის სასურველია ფეტვი რეგულარულად მიიღოთ.

ტოქსინებისგან ორგანიზმის გასაწმენდად შვიდი დღის განმავლობაში დაიცავით ფეტვისა (70%) და უმი ან ორთქლში მოშუშული ბოსტნეულის (30%) დიეტა. დილით ფეტვის მთელი დღის ულუფა მოამზადეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საკაზმი და ხარისხიანი, ცივად გამოხდილი ზეთი.

არ დაგავიწყდეთ დღე-ღამის განმავლობაში ორი-სამი ლიტრი წყლის მიღება. ორგანიზმის გაწმენდაში ჭინჭრისა და არყის უშაქრო ჩაიც დაგეხმარებათ.

თუ დიეტას მთელი კვირა ვერ დაიცავთ, კვირაში ერთი დღე მხოლოდ ფეტვის კერძები მიირთვით.

სითბოსა და სიცივის თერაპია

ფეტვის მარცვალი ოპტიმალურად ინარჩუნებს სითბოსა და სიცივეს, ამიტომ მისგან ბალიშებს ამზადებენ და სითბოსა და სიცივის თერაპიის დროს იყენებენ. ფეტვის ბალიშს ღუმლის ქვედა განყოფილებაში მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში აცხელებენ 100 გრადუსზე, გასაცივებლად კი საყინულეში დებენ. ამ თერაპიას მიმართავენ კუნთების დაჭიმულობისა  და ტკივილის, სისხლჩაქცევების, მენსტრუალური ტკივილის, თვალების დაღლილობის დროს.

თუ სითბო სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს და დაჭიმულობას ხსნის, სიცივის თერაპიას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. რომელი გჭირდებათ, ექიმს დაეკითხეთ.

რეზინის გამათბობელ საშუალებებთან შედარებით ფეტვის ბალიშს ის უპირატესობა აქვს, რომ ბუნებრივია და მისგან სითბო უფრო ღრმად აღწევს ორგანიზმში.

ვყიდულობთ

გარდა მარცვლებისა, მარკეტებში შეხვდებით:

* ფეტვის ბურღულს;

* ფეტვის ფანტელს – დაპრესილ და ორთქლში გატარებულ მარცვლებს, რომლებიც გლუტენის შემცველი მარცვლეულის ფანტელის საუკეთესო ალტერნატივაა;

* ფეტვის ფქვილს.

როგორ შევინახოთ

ფეტვი მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ. უმჯობესია, პაკეტიდან მინის ან უჟანგავი ფოლადის თავდახურულ ქილაში გადაიღოთ. ფეტვი ცხიმით მდიდარია და დიდხანს არ ინახება, ამიტომ ყიდვისას დააკვირდით შენახვის ვადას. ფეტვის კერძს მაცივარში სამ დღეზე მეტხანს ნუ გააჩერებთ.

როგორ მოვამზადოთ

როგორც უკვე გითხარით, საკვებად გამოყენებამდე ფეტვს ჩენჩოს აცლიან. ამ დროს შესაძლოა მარცვალი დაზიანდეს და ზეთი გამოუვიდეს და გარედან თხლად გადაეკრას. მართალია, ფეტვის ზეთი ხარისხიანია, მაგრამ ძალიან მგრძნობიარეა და ჟანგბადთან ადვილად შედის რეაქციაში, რის შედეგადაც მარცვალი მომწარო გემოს იღებს, ამიტომ უმჯობესია, ფეტვის მარცვლები მომზადებამდე კარგად გაავლოთ ცხელ წყალში, რომ ზეთი მოსცილდეს და სიმწარე დაკარგოს.

მომზადებამდე ფეტვი რამდენიმე საათით ან მთელი ღამით ცივ წყალში ჩაალბეთ, რათა მის შემადგენლობაში შემავალი ფიტინის მჟავა დაიშალოს. კერძის მომზადებისას ეს წყალი აღარ გამოიყენოთ, გადაღვარეთ.

თხილისებური გემოს წყალობით ფეტვისგან მრავალნაირი კერძი მზადდება – ტკბილი, მომჟავო თუ ცხარე. ფეტვი უხდება თითქმის ყოველგვარ ბოსტნეულს და ხილს.

ფეტვი საუკეთესო საუზმეცაა. მაგალითად, შეიძლება მისგან ტკბილი ხილიანი ფაფის მომზადება. ფეტვის გარნირი უხდება როგორც ბოსტნეულს, ისე ხორცსაც. ფეტვის მარცვლები შეგიძლიათ შეურიოთ სალათას, წვნიანს, შეკაზმული ფეტვის გულსართით ამოავსოთ პაპრიკა, ყაბაყი ან ბადრიჯანი და ღუმელში შებრაწოთ. ფეტვის ფქვილი შეგიძლიათ ხორბლისას შეურიოთ (20-30%) პიცის ან ლავაშის გამოსაცხობად. მისგან შეიძლება გემრიელი რიზოტოს მომზადებაც: ხახვი, ნებისმიერი ბოსტნეული და ფეტვი ერთად მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, სამი წილი წყალი ან ბულიონი დაასხით და 30 წუთი თავდახურული ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ხარშვისას არ ამოურიოთ.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

 

 

 

 

 

 

გააზიარე: