კონსტანტინე ვირსალაძე – ბრწყინვალე პედაგოგი, დიდებული ექიმი და პრინციპული ადამიანი

გააზიარე:

დიდი მეცნიერის, საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებლის სპირიდონ ვირსალაძის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ასეთი ადამიანების შთამომავლები ხშირად წინაპართა დიდების ჩრდილში იკარგებიან, თუმცა არსებობს ბედნიერი გამონაკლისებიც... ქართული მედიცინის მკვლევარს ხუტა პაჭკორიას ამჯერად დიდი მეცნიერის შვილზე, გასტროენტეროლოგ კონსტანტინე ვირსალაძეზე სასაუბროდ ვეწვიეთ. სტატიის მომზადებაში კონსტანტინეს ვაჟის დავით ვირსალაძის მეუღლე, ენდოკრინოლოგი ქეთევან ხითარიშვილიც დაგვეხმარა.

 

ბავშვობა

სპირიდონ ვირსალაძე ჯერ კიდევ პეტერბურგში ცხოვრებისას მოეკიდა ოჯახს. ანასტასია აბდუშელიშვილმა, უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე პირველმა ქართველმა ქალმა, 1909 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. იმ დროს უკვე სპირიდონის მეუღლე იყო და პირველი შვილიც – დავითიც ჰყავდა.

მალე ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სპირიდონი წმინდა მიქაელის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ დანიშნეს. ახალგაზრდა ექიმი ცოლშვილითურთ საავადმყოფოს კომპლექსშივე ცხოვრობდა, საგანგებოდ მისი და გრიგოლ მუხაძის ოჯახებისთვის აშენებულ სახლში. 1914 წლის 28 იანვარს იქვე დაიბადა კონსტანტინე.

ვირსალაძეების ოჯახი თბილისის ელიტას ეკუთვნოდა. სპირიდონი რევოლუციურ საქმიანობაში არ ყოფილა ჩართული, მაგრამ თანაუგრძნობდა სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს. რამდენიმეჯერ დამალა კიდეც, როცა პოლიციას გაურბოდნენ, ჟანდარმებმა კი მისი სახლის გაჩხრეკა ვერ გაბედეს... ამიტომ, როდესაც ქვეყნის მმართველობა ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, სპირიდონის ოჯახს არაფერი დამუქრებია.

დავითმა და კოტემ გერმანული სკოლა დაამთავრეს. ამ ენაზე ვირსალაძეების ოჯახში მშობლიურივით ლაპარაკობდნენ. სპირიდონს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ გერმანელ ექიმებთან. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას, კოტეც წაიყვანა შარიტეს კლინიკაში და დიდ თერაპევტს ფრიდრიხ კრაუსს გაასინჯა. ამ შეხვედრის ამბავს კოტე ხშირად ჰყვებოდა.

სამოცდაორი წლის სპირიდონი უკვე აღიარებული ექიმი და მეცნიერი იყო – თერაპევტი, მალარიოლოგი, ტროპიკოლოგი. ეს ძლიერი, მაგრამ გულჩვილი პიროვნება უფროს შვილზე დარდმა გადაიყოლა.

დავითი მიუნხენის უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის კათედრის ახალბედა თანამშრომელი იყო, როდესაც გერმანიას ეკონომიკური კრიზისი დაატყდა თავს. იმხანად საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ ევროპას შორის მიმოსვლაც გართულდა. გზავნილები აიკრძალა... სპირდონი ერთბაშად გატეხა შვილზე დარდმა და 1930 წლის მარტის ერთ ღამეს გულმა საბოლოოდ უმტყუნა.

თექვსმეტი წლის კოტე დაობლდა. ანასტასია უკვე ცნობილი პიანისტი და პედაგოგი იყო, კონცერტებზეც გამოდიოდა, მოწაფეებიც ჰყავდა, ასე რომ, ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, თუმცა მოზარდს მაინც სჭირდებოდა მამაკაცის მხარში დგომა. მოგვიანებით გერმანიიდან დავითი დაბრუნდა და ძმის იმედად იქცა.

კოტეს სპირიდონის საყვარელი მოწაფეებიც პატრონობდნენ: ნიკოლოზ ყიფშიძე, გოგი მხეიძე და ლევან ანჯაფარიძე.

 

ოცდაჩვიდმეტი

გასაკვირი იქნებოდა, სპირიდონ ვირსალაძის ვაჟს, ესოდენ დიდი ექიმების აღზრდილს, მედიცინა არ აერჩია. კოტემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1936 წელს დაამთავრა. სულ მალე კი ოჯახს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს...

დავითი იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. განათლებული, პიროვნული ღირსებებით შემკული ახალგაზრდა კაცი გარეგნობითაც გამოირჩეოდა. უყვარდა სპორტი. შესანიშნავად თამაშობდა ჩოგბურთს. მანვე გააცნო თანამემამულეებს სპორტული ბრიჯი...

მაგრამ დადგა ავად სახსენებელი ოცდაჩვიდმეტი წელი და დავითი დააპატიმრეს. ბრალად დასდეს კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ჯაშუშური საქმიანობა. დავითი შინსახკომის სამეულმა გაასამართლა და დახვრიტა.

ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი, რომელიც გერმანიიდან ნაციზმს გამოექცა, სამშობლოში ბოლშევიკურმა რეჟიმმა იმსხვერპლა.

ანასტასია სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ელოდა შვილის დაბრუნებას – სჯეროდა, რომ დავითი მიმოწერის უფლების გარეშე იყო გადასახლებული...

დავითის დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა მისი ვაჟი მიხეილი, შემდგომში – ცნობილი ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი და კლინიკური ელექტროფიზიოლოგი.

კოტემ ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა, შეისწავლა სიფილისის დროს გულისა და ფილტვების დაზიანების შემთხვევები და ამ თემაზე ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მოგვიანებით ოჯახითურთ მოსკოვში წავიდა და კვების ინსტიტუტის დოქტორანტურაში, პროფესორ ოსიპ გორდონთან გააგრძელა მეცნიერული მუშაობა. სადოქტორო დისერტაციაც მისი ხელმძღვანელობით დაიცვა. კონსტანტინე ვირსალაძის ნაშრომი კუჭის წყლულის დროს მოტორიკის დაქვეითებისა და სტენოზის შესახებ იმ დროისთვის ახალი სიტყვა იყო გასტროენტეროლოგიაში.

 

კათედრაზე

1954 წელს თბილისში დაბრუნებული კოტე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანიტარიის ფაკულტეტის თერაპიის კათედრის გამგედ დანიშნეს, 1957 წელს კი – ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი მიხეილ წინამძღვრიშვილის ადგილას.

ეს თანამდებობა კონსტანტინე ვირსალაძეს ოცდაათ წელზე მეტხანს ეკავა. მისი კათედრა მიღწევებით არ ჩამოუვარდებოდა მოსკოვის, ლენინგრადის და სხვა ცნობილი ინსტიტუტების კათედრებს. კოტე გამორჩეული პედაგოგიც იყო.

“ძალიან ჰგავდა ნიკოლო პაგანინის, – იხსენებს ხუტა პაჭკორია, მისი ყოფილი ასპირანტი, – მაღალი იყო, გრძელთითება... მკაცრი გარეგნობის, თუმცა როგორც გამომცდელი – საკმაოდ ლმობიერი. თვეში ერთხელ კონფერენციას მართავდა. სოფლის ექიმი ვიყავი, როდესაც მისი თვალთახედვის არეში მოვხვდი. ჩემმა მასწავლებელმა ოქროპირ გოგიბერიძემ უთხრა, რომ საინტერესო შემთხვევები მქონდა აღწერილი. მაშინვე შემომთავაზა თერაპევტთა საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოსვლა. უყვარდა მონდომებული ახალგაზრდების წახალისება. გრძნობდა სიახლეების მნიშვნელობას, მეყსეულად სწვდებოდა მათ არსს. ერთადაც გამოვეცით წიგნები უიპლისა და კრონის დაავადებების შესახებ.

კონფერენციებსა და კონგრესებზე კოტეს მოსმენას არაფერი სჯობდა. ლექციებსაც პოეტივით კითხულობდა. არაორდინარული პიროვნება იყო, ბუნებით – ლიდერი. წინააღმდეგობრივი ხასიათი ჰქონდა – ერთბაშად იფეთქებდა ხოლმე, მაგრამ მალევე მშვიდდებოდა. უწესრიგობას და გულგრილობას ვერ იტანდა. პაციენტების ისტორიებს ყოველთვის გულდასმით ამოწმებდა და მცირე შეცდომასაც არ გვაპატიებდა. უამრავი პაციენტი ჰყავდა და ყველასთან პოულობდა სასაუბრო თემას. მის საფუძვლიან მუსიკალურ განათლებას კი მუსიკოსი პაციენტები განსაკუთრებით აფასებდნენ”.

 

შტრიხები პორტრეტისათვის

კოტემ ბრწყინვალედ იცოდა რამდენიმე ენა: რუსული, გერმანული, ფრანგული (დედას ამ ენაზე ესაუბრებოდა ხოლმე), ინგლისური... მისი ნიჭი შვილებსაც გამოჰყვათ. დათომ იცოდა რუსული, ფრანგული, ინგლისური და გერმანული, ელისო კი ცხრა ენაზე ლაპარაკობს.

კოტე შვილიშვილებს ხშირად უკითხავდა კლასიკურ ლიტერატურას, ყველაზე ხშირად – ვაჟა-ფშაველას ლექსებსა და პოემებს. უცხოელი მწერლებიდან განსაკუთრებით უყვარდა შტეფან ცვაიგი.

გიჟდებოდა მანქანებსა და სისწრაფეზე. ელისო ხშირად უგზავნიდა მამას და ძმას ჟურნალებს ავტომობილების შესახებ... გურმანიც იყო, თუმცა ზომიერება არასოდეს ღალატობდა.

ვერ იტანდა ზერელე დამოკიდებულებას, ვერ ეგუებოდა არაპროფესიონალიზმს. ამის გამო ზოგს ეშინოდა მისი, თუმცა გულწრფელ ადამიანებს ყველაფერს პატიობდა. ყველას ტოლივით ელაპარაკებოდა. არ იცოდა, რა იყო შური...

 

საქმეები

კონსტანტინე ვირსალაძემ დიდი ძალისხმევა შეალია მედიცინის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას. 1960 წელს რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში დააარსა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნალო კვების განყოფილებები; ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები საქართველოს რეგიონებში და შეიმუშავა ამ დაავადებათა პროფილაქტიკის გზები. მისი თაოსნობით რაიონებში იმართებოდა ექსპედიციები, რომლებიც ხალხს სწორი კვების პრინციპებს აცნობდა. კოტეს ნაშრომებიდან ციტატები ხშირად მოჰყავდა პროფესორ ვლადიმერ ვასილენკოს, გასტროენტეროლოგიის ინსტიტუტის დირექტორს და მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკის კათედრის გამგეს.

მანვე დანერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში, ენდოსკოპიური მეთოდით პირველმა გამოიკვლია კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი ნაწლავი, ჩაატარა კოლონოსკოპია.

იყო უამრავი ნაშრომის ავტორი, თერაპევტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1978 წლიდან თავმჯდომარეობდა საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებას.

 

ოჯახი

კოტე ოცდახუთი წლისა დაოჯახდა. მისი მეუღლე დარეჯან კავკასიძე, ახლობლებისთვის – ცაცა, ბიოლოგი იყო. ჯერ ელისო შეეძინათ, მალე – დათოც. ახალგაზრდა ოჯახი ანასტასიასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ბებიამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ელისოს არჩევანში.

დედასთან კოტეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. საზოგადოდ, ვირსალაძეების ოჯახში მიღებული იყო ერთმანეთის პროფესიის პატივისცემა. ოჯახის წევრები ასეთ ამბავს იხსენებენ: ერთხელ შინ დაბრუნებულმა სპირიდონმა ყური მოჰკრა, რომ ანასტასია მეგობრებს მედიცინაზე ესაუბრებოდა. მიუჯდა სპირიდონი როიალს და კლავიშებზე ხელების ტყაპუნი დაიწყო. გამოვარდა მეორე ოთახიდან ანასტასია: რას შვრებიო?! იმავეს, რასაც შენო, – უპასუხა ქმარმა.

ცაცა ორმოცდაჩვიდმეტი წლისა გარდაიცვალა ოპერაციის გართულებით. კოტეს მეორე ოჯახი აღარ შეუქმნია. მალე დედაც გამოეცალა ხელიდან. ელისო და დავითი იმ დროს მოსკოვში სწავლობდნენ. კოტეს მარტოობა საქმემ გადაატანინა.

 

დაუწერელი კანონები

1975-დან 1985 წლამდე კოტე ვირსალაძე სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი იყო. თავად უპატიოსნესი, სხვებისგანაც იმავეს ითხოვდა. ერთხელ მისაღები გამოცდების წინა დღეს შეიტყო, რომ ფიზიკის გამოცდის საკითხები ვიღაცას ინსტიტუტიდან გაეტანა და გაევრცელებინა. მაშინვე გამოაყვანინა დათოს მოტოციკლეტი, თბილისში გავარდა (სულ არ გახსენებია, რომ ხშირად საყვედურობდა შვილს მოტოციკლეტით თავზე ხელაღებული სიარულის გამო) და ერთ ღამეში შეცვალა ბილეთებიც და მისაღები კომისიაც. ამიტომ იყო, რომ მისი რექტორობის წლებში ინსტიტუში ყველა დამსახურებისამებრ ირიცხებოდა.

ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ივზირა ანდღულაძემ გარდაცვალების წინ დათო თავის მემკვიდრედ დაასახელა და სამართლიანადაც: იმ დროს საქართველოში ენდოკრინოლოგია როგორც დამოუკიდებელი დარგი არ იყო განვითარებული, დავით ვირსალაძეს კი უკვე დისერტაცია ჰქონდა დაცული ენდოკრინოლოგიის გრიფით, ცნობილი პათოფიზიოლოგის სამუელ ლეიტესის ხელმძღვანელობით. კოტეს ძალიან გაუჭირდა კათედრის ხელმძღვანელად საკუთარი შვილის დასახელება. რამდენიმე ღამე არ ეძინა, ოთახში ბოლთას სცემდა... დათოს უთქვამს, თუ ამ ამბის გამო ნერვიულობ, ნუ დამნიშნავო. მართლაც, მეორე დღეს კოტემ კათედრის ხელმძღვანელად სხვისი კანდიდატურა წამოაყენა. დათომ ეს თანამდებობა მხოლოდ მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩაიბარა.

ერთი კურიოზიც გადახდა: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყბა-სახის ოპერაცია გაიკეთა. ერთ საღამოს თავის კაბინეტში შეიარა. უცბად აზერბაიჯანელების დიდი ჯგუფი დაინახა, რომელიც პაციენტის სანახავად მიდიოდა, თუმცა ნახვის საათები უკვე დამთავრებულიყო. ეს რას ჰგავს, აქ რა გინდათო, აყვირდა კოტე. აზერბაიჯანელებს სპორტულად ჩაცმული გაბრაზებული მამაკაცი კარისკაცი ეგონათ და... ჯიბეში მანეთიანი ჩაუკუჭეს.

კოტე ვირსალაძისთვის არ არსებობდა გამორჩეული პაციენტი – ყველას ერთნაირი ყურადღებით ეპყრობოდა და პროტექცია სძულდა. ერთხელ ერთი თანამდებობის პირის ცოლის თაობაზე დაურეკეს, თქვენთან წევს და ყურადღება მიაქციეთო. შევიდა პალატაში; ხედავს, ქალს საწოლთან ლამაზი ბეწვიანი ქოშები უწყვია, საფირმო ნიშნით “ვიოლეტა”. “ქალბატონო ვიოლეტა”, – მიმართა კოტემ. შეუსწორეს: “ლალი, ბატონო კოტე”. “ქალბატონო ვიოლეტა”, – არ იშლიდა კოტე... მერეღა მიხვდნენ, რომ ეს მისი პროტესტი იყო.

1975 და 1984 წლებში კოტე სსრკ-ს IX და X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სამედიცინო კომისიის თავმჯდომარეობა –  იმ დროს ძალიან დიდი თანამდებობა – ორივეჯერ მას ხვდა წილად.

კოტე სამოცდათოთხმეტი წლისაც საკმაოდ ენერგიული და აქტიური იყო, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო კათედრას ჩამოაშორეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები სახლში გაატარა. 1992 წელს, სამოცდათვრამეტი წლისამ, საყვარელი მასწავლებლის გოგი მხეიძის ინსულტის ამბავი გაიგო და ძალიან განიცადა. გოგი მასზე მხოლოდ ათი წლით იყო უფროსი... თვითონ ჯანმრთელობას თითქოს არ უჩიოდა... ერთ საღამოს დასაძინებლად მიწვა და შვილიშვილს სთხოვა, ფილმის საყურებლად გაეღვიძებინა, მაგრამ ვეღარ გააღვიძეს...

კოტეს შთამომავლობამ ღირსეულად ატარა ვირსალაძეების გვარი. ელისო მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსია. ცნობილი ენდოკრინოლოგი დავით ვირსალაძე ორი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მის ოჯახში გვარის კიდევ ერთი გამგრძელებელი – ბაბუის სეხნია, უმცროსი კოტე ვირსალაძე იზრდება.

 

მარი აშუღაშვილი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: