ამარანტი – სიცოცხლის მარცვალი ანდებიდან

გააზიარე:

ამჯერად საუკუნეების წინ მივიწყებულ კიდევ ერთ მცენარეზე გიამბობთ, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სუპერმარკეტებისა თუ ბიომარკეტების თაროებზე აღმოაჩენთ. მის ციცქნა, თითქმის შეუმჩნეველ მარცვლებში ნუტრიენტების მთელი პალიტრაა თავმოყრილი, მათი მთავარი ღირსება კი ის გახლავთ, რომ ესენციური ამინმჟავების მნიშვნელოვანი მცენარეული წყაროა.

ამარანტი, რომელსაც საქართველოში ჯიჯლაყას სახელით უფრო იცნობენ, დედამიწის უმნიშვნელოვანესი მცენარეების ჩამონათვალში შედის. ინკები და აცტეკები მას უმადლოდნენ ჯანმრთელობას და წმინდა მცენარედ აღიარებდნენ.

 

ინდიელების განძი

ამარანტის კულტივირება ჯერ კიდევ ინკებისა და აცტეკების წინაპრებმა დაიწყეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ის მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები იყო. კარგად იცნობდნენ მისი თესლის სიცოცხლის გამახანგრძლივებელ მოქმედებას და მას მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ, რადგან სწამდათ, რომ ამარანტის მარცვალი წმინდა ფრინველმა მოუტანა ადგილობრივ ხალხს როგორც ზეციური საჩუქარი. ის ჯან-ღონით ავსებდა მოხუცებს, ავადმყოფებს, ბავშვებს. მისი ნახარშით ჭრილობებს მკურნალობდნენ. როცა კონკისტადორები მიხვდნენ, რომ ამარანტის პატარა თესლი ინდიელებს დიდ ძალასა და მხნეობას აძლევდა, მისი მოყვანა აკრძალეს. მას შემდეგ ამარანტი დავიწყებას მიეცა. დავიწყების ბურუსიდან კი ის XX საუკუნეში გამოვიდა, როცა ერთმა ავსტრალიელმა მეცნიერმა ამარანტის მარცვლებში ლიზინის (ესენციური ამინმჟავას) დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. მცენარით დაინტერესდნენ ამერიკელი მეცნიერებიც, რომლებიც აღფრთოვანდნენ იყვნენ მისი შემადგენლობით. მალე მისი მოყვანა მსოფლიოს მრავალ ქვეყანში დაიწყეს. დღეს ამარანტის მთავარი მწარმოებლები სამხრეთი ამერიკის სახელმწიფოები, ჩინეთი და რუსეთი არიან.

ამარანტი ველურად ხარობს საქართველოს მთა-ველებზეც, თუმცა მისი სასოფლო-სამეურნეო კულტურად წარმოება ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ დაუწყიათ.

 

რა არის ამარანტი

ამარანტი (amàranthos ) ბერძნული სიტყვაა და უჭკნობს ნიშნავს. ანტიკურ ეპოქასა და შუა საუკუნეებში ის უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ამარანტი ფსევდომარცვლეული კულტურაა. მის სახეობათა უმეტესობა ერთწლოვანია. აქვს თავთავისებრი ყვავილედი, რომელიც შესაძლოა ერთ მეტრამდეც კი გაიზარდოს. თესლი ძალიან პატარა და მსუბუქია. ერთი ძირი 50 000-მდე მარცვალს იძლევა. საკვებად ამარანტის ნორჩ ფოთლებსაც იყენებენ.

ზოგიერთ სახეობას დეკორატიულ მცენარედაც აშენებენ.

არ აგერიოთ მცენარე ამარანტი წითელი ფერის ხელოვნურ საკვებ დანამატში – E123-ში, რომელსაც იგივე სახელი აქვს.

 

სად იზრდება

ამარანტი თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე ხარობს, თუმცა უყვარს მზიანი ადგილები. მის თესვას აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებენ, მოსავალს კი სექტემბერსა და ოქტომბერში იღებენ.

 

კვებითი ღირებულება

მინერალები და ვიტამინები

უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამარანტი ძალზე ფასეული საკვებია. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი.

100 გ ამარანტის (მოუხარშავი) ენერგეტიკული ღირებულება 370 კილოკალორიაა. ის შეიცავს:

* 7-15 მგ რკინას (დღიური ნორმის 50-107%-ს);

* 250-330 მგ მაგნიუმს (დღიური ნორმის 70-88%-ს);

* 555 მგ ფოსფორს (დღიური ნორმის 80%-ს);

* 159 -250 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 15-31%-ს);

* 2,7 მგ თუთიას (დღიური ნორმის 27%-ს).

* 0,1 მგ ვიტამინ ბ 1-ს (დღიური ნორმის 10%-ს);

* 0,2 მგ ვიტამინ ბ2-ს (დღიური ნორმის 13-15%-ს);

 

ნაკლები ნახშირწყლები

ამარანტში ნახშირწყლები შედარებით ნაკლებია, ვიდრე სხვა მარცვლეულში, ამიტომ მისწრებაა მათთვის, ვინც ნახშირწყლებით ღარიბ დოეტას იცავს. იმავდროულად, მის შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლები ადვილად ასათვისებელია, სწრაფად მიეწოდება ორგანიზმს და დიდხანს უნარჩუნებს ენერგიას. დაბალი გლიკემიური ინდექსის წყალობით ამარანტი შესანიშნავი საკვებია დიაბეტიანებისთვის.

ამარანტი მდიდარია ბოჭკოთი, ამიტომ დიდი ხანით ანაყრებს და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

 

მეტი ცილა

ამარანტი მხოლოდ იმით კი არ გამოირჩევა, რომ მასში ცილების შემცველობა საკმაოდ მაღალია (დაახლოებით 14-16%), არამედ იმითაც, რომ ამ ცილებს განსაკუთრებული ბიოლოგიური ღირებულება აქვს. მათ შეამდგენლობაში შედის ცხრავე ესენციური ამინმჟავა, რომელთა წარმოქმნაც ორგანიზმს არ შეუძლია, თანაც იმ თანაფარდობით, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნებს.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ: ქათმის კვერცხის შემადგენლობაში შემავალი ცილის ბიოლოგიური ღირებულება თითქმის 100%-ია, საქონლის ხორცში შემავალი ცილისა – 83%, ხოლო ამარანტში – 75%.

ასე რომ, ამარანტი ძალიან ფასეული საკვებია დიდისა თუ პატარისთვის, განსაკუთრებით კი ვეგეტარიანელებისთვის.

ამარანტის კიდევ ერთი ღირსებაა ესენციური ამინმჟავა ლიზინის უხვი შემცველობა.

 

ლიზინი

ამინმჟავები – ცილების საშენი მასალა – შეიძლება ანბანის ასოებს შევადაროთ: რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტი სიტყვის, მით უფრო მდიდარი და დახვეწილი ტექსტის შედგენა შეიძლება მათგან. ლიზინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ესენციური ამინმჟავაა. ის შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია. ლიზინი დიდ როლს ასრულებს ნივთიერება L-კარნიტინის წარმოქმნაში, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის ნორმალური წარმართვისთვის. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს ცხიმების წვას.

ლიზინი მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაშიც, რომელიც, როგორც ვიცით, ორგანიზმის სტრუქტურისა და სტაბილურობის განმაპირობებელი მოლეკულაა და მთელი სხეულის ცილების თითქმის ნახევარს შეადგენს. კოლაგენის ნაკლებობისას ნაოჭდება კანი, ეშვება შემაერთებელი ქსოვილი, მყიფდება ძვლები.

მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ლიზინი სიმსივნის დროს აფერხებს მეტასტაზების წარმოქმნას და ხელს უშლის კიბოს გავრცელებას.

ლიზინის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება, ქორინიკული დაღლილობა, თავბრუხვევა, კონცენტრაციის დაქვეითება, კანის გამოშრობა, ფრჩხილების დაზიანება, ბავშვებში – ზრდის შეფერხება.

მარცვლეულში ლიზინი იშვიათად გვხვდება, რაც ნიშნავს, რომ მარცვლეულის ცილებს დაბალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს, ამარანტში კი, როგორც გითხარით, ის დიდი რაოდენობითაა – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ხორბალში.

 

ესენციური ცხიმოვანი მჟავები

ცხიმის წილი ამარანტში დაახლოებით 7,5-10%-ია (შედარებისთვის: ხორბალში ის 3%-ს არ აღემატება). ამ ცხიმის 70% ჯანსაღი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. მაგალითად, ალფა ლინოლენმჟავა (ომეგა-3) და ლინოლმჟავა (ომეგა-6). ორგანიზმს თვითონ არ შეუძლია მათი წარმოქმნა, საკვებიდან უნდა მიიღოს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი რაოდენ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, მრავალმა თქვენგანმა უკვე იცის: ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლოს დონეს, ელასტიკურობას უნარჩუნებს უჯრედის კედლებს, ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციობას.

გარდა ამისა, ამარანტი შეიცავს ლეციტინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს როგორც ცხიმის მონელებაში (წმენდს ღვიძლს), ისე ტვინისა და ნერვული უჯრედების შენებაშიც. მისი არსებობა აძლიერებს ტვინს და აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.

 

ჯანმრთელობის გასაკაჟებლად

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამარანტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. ასე რომ, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს თეფშზე, თუ:

 

მისდევთ სპორტს

სპორტული აქტივობის დროს ორგანიზმი მეტ მაგნიუმს ითხოვს. ეს უკანასკნელი ზრდის ჟანგბადის გამოყენებას და აუმჯობესებს გულის მუშაობას. როცა ქსოვილებისთვის მეტი ჟანგბადია ხელმისაწვდომი, ენერგიაც მეტია.

თუ აქტიურად ვარჯიშობთ, ორგანიზმი აუცილებლად უნდა მოამარაგოთ მაღალი ხარისხის ცილით, განსაკუთრებით კი ამინმჟავა ლიზინით, რადგან ცილა კუნთების საშენი მასალაა.

ამარანტი ორივე ნივთიერებას ოპტიმალური რაოდენობით შეიცავს. იმავდროულად, კარგად ანაყრებს.

 

გჭირდებათ მეტი მაგნიუმი

თუ განიცდით სტრესს, გაქვთ მაგნიუმის დეფიციტი ან უჩივით კუნთების ტკივილს, ძალიან მოგიხდებათ ამარანტი. იმავეს ვურჩევთ მათაც, ვისაც მიზეზთა გამო ჩვეულებრივზე მეტი მაგნიუმი სჭირდება: ორსულებს, მეძუძურ დედებს, ბავშვებს, მოზარდებს.

 

ხართ ვეგეტარიანელი.

ცილებისა და რკინის უნიკალური შემცველობის წყალობით ამარანტი ხორცის კარგი ალტერნატივაა.

 

ასრულებთ რთულ გონებრივ სამუშაოს.

ლიზინი და ლეციტინი ტვინის კარგი საკვებია, მაგნიუმი კი, როგორც გითხარით, ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს კონცენტრაციის ამაღლებას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

 

ხანდაზმული ბრძანდებით

ესე იგი გჭირდებათ მეტი კალციუმი და, რაღა თქმა უნდა, კოლაგენიც. ამ უკანასკნელის შენებისთვის აუცილებელია ლიზინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ამარანტი.

 

ალერგიული ხართ გლუტენის მიმართ.

 

კვლევებმა დაადასტურა, რომ ამარანტი ძალიან კარგია რკინის ნაკლებობის, ქრონიკული დაღლილობის, ნევროზის, თავის ტკივილის, შაკიკის, ძილის დარღვევის დროს. ანელებს დაბერების პროცესს.

ამარანტს აქვს სისხლმბადი, სისხლის გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი ეს თვისება მასში დიდი რაოდენობით რკინის დამსახურებაა. ამიტომ საუკეთესოა სისხლის დაკარგვის დროს.

 

ამარანტის ფოთლები

უკვე გითხარით, რომ საკვებად ამარანტის ფოთლებსაც იყენებენ. ისინი ძალიან უყვართ აზიაში და კრეტაზე. ამარანტის ფოთლები ისპანახის კარგი ალტერნატივაა და ისევე მზადდება, როგორც ისპანახი, გემოთი კი რუკოლასა და მანგოლდს წააგავს. ჯავზი, ხახვი და ნიორი ძალიან უხდება ამარანტის ფოთლების მხალს.

მოსამზადებლად რაც შეიძლება ნორჩი ფოთლები გამოიყენეთ, რადგან მოზრდილებს მომწარო გემო დაჰკრავს. 10-15 წუთზე მეტხანს არ ხარშოთ, ბოლოს კარგად გაწურეთ და შეაგემეთ. ასე მომზადებული შეგიძლიათ ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად მიირთვათ. კარგია ღვეზლის შიგთავსადაც.

ბერძნების საყვარელი კერძი კი ვლიტაა (Vlita): ამარანტის ნორჩი ფოთლები და ყლორტები ისე მოამზადეთ, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ბოლოს კი ზეითუნის ზეთით, ნივრით, მარილით, პილპილითა და ლიმონის წვენით შეაზავეთ. ძალიან უხდება პომიდორი და ყველი ფეტა.

ძალიან სასარგებლოა ამარანტის ჩაიც.

 

ამარანტის ზეთი

ამარანტის არა მარტო თესლს, არამედ მისგან გამოხდილ ზეთსაც დიდი სამედიცინო პოტენციალი აქვს. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების მთელი სპექტრის, E ვიტამინის და, რაც მთავარია, ნახშირწყალბად სკვალენის წყალობით, რომელიც ამარანტის ზეთში 6-8%-ამდეა შედარებისთვის: ზეითუნის ზეთში 1%-ია) ის იცავს ორგანიზმს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან, ულტრაიისფერი გამოხივებისგან, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. უხდება კანის დაავადებებს (მაგალითად, ფსორიაზს, ნეიროდერმატიტს) დროს. კარგად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას და ხელს უწყობს აღდგენას. ის კოსმეტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთი ფასეული ინგრედიენტია.

 

როგორ მოვამზადოთ

ამარანტის მარცვლებით უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. მას იყენებენ გარნირად, ამატებენ წვნიანს, ბოსტნეულის მობრაწულას, ხილისა თუ ბოსტნეულის სალათებს. მისი ნაზი თხილისებური არომატი ბევრ კერძს უხდება. ამარანტს ხშირად ურევენ მიუსლიში. ის ძალიან უხდება ხილის სალათებსა და ტკბილ კერძებს.

 

მომზადებისას გაითვალისწინეთ

უპირველეს ყოვლისა, თესლი საწურზე დაყარეთ და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, მერე ორი წილი წყალი დაასხით, წამოადუღეთ და 20-25 წუთი ნელ ცეცხლზე ხარშეთ. ქურიდან რომ გადმოდგამთ, 5-10 წუთი თავდახურული გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. მარცვლები რბილი უნდა იყოს.

დაფქული ამარანტი შეგიძლიათ შეურიოთ ნამცხვრებისა თუ მაჭკატების ცომს, დაამატოთ პურს (1 წილი ამარანტი 2 წილ პურის ფქვილზე).

 

ამარანტის ბატიბუტი

ქვაბი კარგად გააცხელეთ და იმდენი ამარანტის მარცვალი ჩაყარეთ, რომ ძირი მთლიანად დაიფაროს. თავზე დაახურეთ, შეანჯღრიეთ და მაშინვე გადადგით ქურიდან, რადგან მარცვლები ძალიან მალე იწვება. მარცვლები რომ დასკდება, ბატიბუტი მზად არის.

თუ ტკბილი ბატიბუტი გირჩევნიათ, გაალღვეთ ცოტაოდენი კარაქი, დაამატეთ თაფლი და დახეთქილი მარცვლები შიგ ჩაყარეთ. რომ გაგრილდება, სამზარეულოს ქაღალდზე გადმოყარეთ ზედმეტი ცხიმის შესაშრობად და გემრიელად მიირთვით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: