როგორ ვიზრუნოთ ჰიპერმზრუნველობის გარეშე?

გააზიარე:

დღეს ჩემი ორი წლის შვილი პარკში გავიყვანე. შუა მარტია. დამცხა და ქურთუკი გავიხადე და რადგან პატარასაც იგივე მზე აცხუნებს და ოფლი და დისკომფორტიც ჩემსავით აწუხებს, – ჩემზე უარეს დღეშიც კია: ბავშვებს ხომ აჩქარებული მეტაბოლიზმი აქვთ, თანაც სულ მოძრაობაში არიან, შესაბამისად, ჩვენზე მეტადაც სცხელათ, – მასაც გავხადე. გაიქცა-გამოიქცა, ბალახში ჩაჯდა, ქვებით ითამაშა, გორაკიდან ჩამოსრიალდა, შინ კმაყოფილი დაბრუნდა და დღისით კარგად ეძინა.

პარკში შევამჩნიე, რომ მშობლების, ბებიებისა და ძიძების ნაწილი ბავშვს ენდობა: აძლევს საშუალებას, სურვილისამებრ ითამაშოს, როდესაც სცხელა – გაიხადოს, როდესაც იღლება – იქვე ჩამოჯდეს, სხვადასხვა ფაქტურის, ფერისა და სუნის ნივთებს (ქვას, ქვიშას, ფოთოლს, ბალახს) შეეხოს და სამყარო და საკუთარი სხეული თუ ფსიქიკა შეიცნოს. ნაწილი კი პატარებს ყველანაირად ზღუდავს: მიუთითებს, რომ კიბეზე ასვლა შეიძლება მხოლოდ ასე და არა სხვანაირად, რომ, მზეა თუ ცხელა, ქუდი უნდა ეხუროს, რომ ქვიშაში ჩაჯდომა ენით აუწერელი დანაშაულია – შარვალი ხომ დაისვრება!

ჰიპერმზრუნველობას საფუძვლად მზრუნველობა უდევს: ყველას უნდა, მისი პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს – არ შეხვდეს მიკრობები, არ ჩამოვარდეს კიბიდან, არ განიცადოს სტრესი... მაგრამ, რა პარადოქსულიც უნდა მოგვეჩვენოს, ჰიპერმზრუნველობა ბავშვს კი არ იცავს, ვნებს. მას უსუსტდება იმუნური სისტემა, ვერ გამოიმუშავებს გარემოში არსებული გამოწვევების შეფასებისა და მათთან გამკლავების უნარს და, საერთოდ, მზად არ არის სირთულეებთან შესახვედრად. არადა, როგორც არ უნდა დავიცვათ ბავშვი, აუცილებლად შეხვდება მიკრობიც, საფრთხეც და უსიამოვნებაც!

 

ჰიპერჩაფუთვნა

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედმეტად ჩაფუთვნა ბავშვის იმუნურ სისტემას ასუსტებს. როგორ უნდა ჩავაცვათ პატარას? ისევე, როგორც ჩვენ თვითონ ვიცვამთ! თუ სულ თოთოა და ფეხი ჯერ არ აუდგამს – მხოლოდ ერთი ფენით მეტი. ამას არა მხოლოდ დასავლელი, არამედ წამყვანი ქართველი პედიატრებიც გვირჩევენ. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვხვდები ფენა-ფენა ტანსაცმელში შეფუთულ პატარა კომბოსტუნებს, რომლებიც წამდაუწუმ ცივდებიან.

არადა, ამინდის შესაბამისად ჩაცმა გაკაჟებაც არ არის – გაკაჟება არსებულზე რთულ პირობებთან ნელ-ნელა შეგუებას გულისხმობს. არა, ეს არის ბავშვის ნდობა, რომ, თუ სცხელა, სცხელა, მიუხედავად იმისა, რომ ბებია გვასწავლიდა, პირველ აპრილამდე ყველას ქუდი უნდა ეხუროსო. ბავშვს თუ არ ვენდობით, კვლევებსა და გამოცდილ პედიატრებს მაინც ვენდოთ!

 

ჰიპერდაცვა

"არ დაეცე! ფრთხილად! ხელი მომკიდე!" – ეს ყველაფერი ბავშვებისთვის დაგებულ სპეციალურ რბილ საფენზე ისმის, სადაც სწორედ რომ თამამად შეუძლია დაეცეს! დაეცეს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი დაინახოს, ადგომა ისწავლოს და მიხვდეს – ამით ქვეყანა არ იქცევა. რა თქმა უნდა, იქ, სადაც სერიოზულად დაშავების საფრთხეა, ბავშვს ხელი უნდა შევაშველოთ, მაგრამ სათამაშო მოედნის რბილ ზედაპირზე, ხალიჩაზე, ბალახზე პატარას წაქცევისა არ უნდა გვეშინოდეს. დიახ, სინამდვილეში მას კი არა, ჩვენ გვეშინია და ჩვენს შიშს ბავშვსაც გადავცემთ. ეს უსამართლობაა. ჩვენი შიში ჩვენი პრობლემაა და ბავშვისთვის მისი აკიდება მისთვის არადამახასიათებელი, ხელოვნური შიშის ჩანერგვას ნიშნავს. შედეგად კი იზრდება ფრთხილი და, ამავე დროს, შფოთვის მაღალი ხარისხის მქონე ადამიანი, რომელიც ხშირად ვეღარ უმკლავდება ამ შფოთვას (ზრდასრულ ადამიანსაც ხომ დედა ვერ დაიცავს). ჩემს პრაქტიკაში ვხვდები ძალიან, ძალიან ბევრ შემთხვევას, როდესაც ადამიანს შფოთვა აწუხებს და საუბრისას ირკვევა, რომ ბავშვობაში ყველაფრისგან იცავდნენ. სწორედ ისე, როგორც ზედმეტად ჩაფუთნული პატარას იმუნური სისტემა ვერ სწავლობს ბაქტერიებსა და ვირუსებთან გამკლავებას, იმ ბავშვის ფსიქიკა და სხეულიც, რომელსაც, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, დაცემისა და ადგომის არც ერთი შანსი არ ჰქონია, ზრდასრულობაში ვეღარ უმკლავდება სტრესს.

ნუ დავუმატებთ ბავშვებს ჩვენს შიშებს, საკუთარიც ეყოფათ.

 

შეცდომის დაშვების უფლება

კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ვაცადოთ ბავშვებს, გააკეთონ, რაც შეუძლიათ და როგორც შეუძლიათ. ნუ გავაკეთებთ ამას მათ ნაცვლად, თორემ ისე გამოვა, რომ ვასწავლით: ვინმე მოვა და ლუკმას პირში ჩაუდებს, ტანსაცმელს ჩააცმევს, ჩანთას ჩაულაგებს, მათ მაგივრად ჩააბარებს უნივერსიტეტში, მათ მაგივრად იშოვის სამსხურს, მათ მაგივრად მოაწონებს თავს პარტნიორს და მათ მაგივრად ააწყობს ცხოვრებას. ასე არ ხდება. ასე გაზრდილი ბავშვი უბრალოდ ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. გაიდლაინების მიხედვით, მაგალითად, ტიპური განვითარების ერთი წლის ბავშვი უნდა ჭამდეს ხელით, წლინახევრისა დამოუკიდებლად იყენებდეს კოვზსა და ჩანგალს, ხოლო ოთხი წლისა ამ ნივთებს უფროსებივით კარგად ხმარობდეს. ცხადია, წლინახევრის პატარა წვნიანს დაღვრის. მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს სწავლის პროცესია. რომელი ზრდასრული სწავლობს მანქანის მართვას საჭესთან პირველი დაჯდომისთანავე ან უცხო ენას პირველივე გაკვეთილზე? ასევე რთულია ბავშვისთვის დამოუკიდებლად ჭამა. მაგრამ, როგორც ჩვენ გვაქვს უცხო ენის სწავლის პოტენციალი, რომელსაც ვერ გამოვავლენთ, თუ ყველზე რთული პირველი გაკვეთილები ვერ გადავლახეთ და ერთი-ორი სიტყვა შეცდომით არ ვთქვით, ვერც პატარები ისწავლიან დამოუკიდებლად ჭამას, თუ თავიდან არ დაღვარეს, არ დაებნათ, არ მოითხვარნენ! მათ დაახლოებით სამი წელი აქვთ, რომ ჭამის პროცესი დახვეწონ.

და ასეა ყველგან. ეს რთული ოქროს შუალედია – მივცეთ ბავშვს საშუალება, გააკეთოს, რაც გამოსდის, მაგრამ არ მოვთხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია. მთავარი ამ დროს უსაფრთხო სივრცის შექმნაა, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლება, დამოუკიდებლობა წახალისებულია, ხოლო მხარდაჭერა – გარანტირებული.

 

როგორ ვიზრუნოთ ჰიპერმზრუნველობის გარეშე

უპირველეს ყოვლისა, გავეცნოთ თანამედროვე კვლევებს, გავიაროთ კონსულტაცია პროფესიონალ პედიატრებთან და თავი დავანებოთ ბავშვების ჩაფუთვნას. არ არის საჭირო, მზეში მორბენალი და მოთამაშე პატარა თბილი ქურთუკის ქვეშ ოფლიანდებოდეს. ადეკვატურად ჩაცმულს არაფერი მოუვა, ისევე როგორც არაფერი მოსდის იმ ათასობით ბავშვს, რომლებზე დაკვირვებითაც შემუშავდა რეკომენდაციები ბავშვების ჩაცმა-დახურვის შესახებ. გახსოვდეთ, ნორმის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის პატარები წელიწადში საშუალოდ რვაჯერ ცივდებიან, უმცროსი სასკოლო ასაკისა – წელიწადში ექვსჯერ, ხოლო მოზარდები და ზრდასრულები – ოთხჯერ. მით უმეტეს არ უნდა გვიკვირდეს გაციება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც სხეული ტემპერატურის ცვლილებას ეგუება.

ავადმყოფობას იწვევს არა სიცივე, არამედ ვირუსი, ხოლო ვირუსთან გასამკლავებლად საუკეთესო საშუალება ძლიერი იმუნური სისტემაა და არა ტანსაცმლის დაუსრულებელი ფენები. რა აძლიერებს იმუნურ სისტემას? ხილი, ბოსტნეული, კანის თავისუფალი სუნთქვა (ანუ ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი და ადეკვატურად ჩაცმა), ოთახის ხშირი განიავება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ავადაა და ყოველ დახველებაზე ჰაერში მიკრობების არმიას ფანტავს), სუფთა ჰაერზე თამაში და ფიზიკური დატვირთვა.

გინდათ, ბავშვი ვირუსების სეზონისთვის მოამზადოთ? წაიყვანეთ წიწვოვან ტყეში, მიეცით გამონაბოლქვის გარეშე სუნთქვის საშუალება, გაუძლიერეთ ფილტვები. რამდენჯერ გამხარებია, რომ საქართველოში ვცხოვრობ, სადაც არსებობს, მაგალითად, ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკი. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაისში, ჰოდა, იჩქარეთ, დაჯავშნეთ ადგილები. გაციების ლოდინს და წამლებში ფულის ხარჯვას ქალაქგარეთ დასვენების დაფინანსება სჯობია.

მიეცით ზაფხულობით ზღვაში თუ მდინარეში ბანაობის საშუალება – დაე, ჩაყონ ფეხები გრილ წყალში, იწუწაონ, გაერთონ; ზამთრობით – იგუნდაონ, თოვლში იკოტრიალონ; ჭამონ სეზონური ხილი და ბოსტნეული. ბუნება თავად გვთავაზობს გამოსავალს, ჩვენ კი ჯიუტად ვცდილობთ სინთეტიკური ქსოვილებით, ქიმიური ნივთიერებებით ჩარევას, სხეულისა და გარემოს ურთიერთობაში შეჭრას.

ნურც მსუბუქი სტრესის განცდის საშუალებას წაართმევთ. წაიქცა? არ დაშავდა? – აცადეთ, ადგეს. სასრიალო გორაკზე მიძვრება? – ამის ნებაც დართეთ, მაგრამ დაუდექით გვერდით, აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ და თუ დასჭირდა, დაეხმარებით. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ეცდება რაღაცეების კეთებას, მაგრამ ეცოდინება – თუ გაუჭირდა, ახლობელი ადამიანები დაეხმარებიან. ეს მიდგომა სცდება ჭამას, ჩაცმას, გორაკზე აძვრომასა და იქიდან ჩამოსრიალებას, წაქცევა-ადგომას და ფსიქოლოგიურ ლაიტმოტივად გასდევს ადამიანის ცხოვრებას.

როგორ ბავშვს ვზრდით, როგორს ვახვედრებთ თანამედროვე სამყაროს, რომელიც აფასებს ინიციატივას, კონკურენციას, დამოუკიდებლობას? მუდმივად შეშინებულს და მშფოთვარეს თუ ისეთს, რომელიც დაეცემა, ადგება, ტანსაცმელს დაიფერთხავს, მერე კი უშიშრად და ცნობისმოყვარედ გააგრძელებს სამყაროს კვლევას და ეს უშიშრობა და ცნობისმოყვარეობა მთელი ცხოვრება გაჰყვება?

ვენდოთ პატარებს. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე გვგონია.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

 

გააზიარე: