არ გადადო, აიცერი!

გააზიარე:

საუკუნეების განმავლობაში ჯანმრთელობის მთავარი მტრები მიკრობები იყვნენ: ყვავილი, გრიპი, შავი ჭირი, ტუბერკულოზი... ინფექციური დაავადებების შედეგად რუკიდან ზოგჯერ მთელი ქალაქები ქრებოდა. ვინ მოთვლის, რამდენი დედა ამაოდ ნატრობდა წამალს მომაკვდავი შვილის სარეცელთან... დღეს სხვა ვითარებაა – ყვავილი ისტორიის კუთვნილებაა, აღარც ტეტანუსისა გვეშინია, აღარც პოლიომიელიტის, აღარც ცოფის, რადგან არსებობს მათი პრევენციის მეტად ეფექტური საშუალება – ვაქცინაცია. თუმცა ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. ალბათ, ვერც ლუი პასტერი, ვერც ედუარდ ჯენერი და ვერც ის დედები, რომლებსაც შვილები ინფექციურმა დაავადებებმა წაართვა, ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მედიცინის ამ უდიდეს მონაპოვარს ადამიანი დაფასების ნაცვლად ბრძოლას გამოუცხადებდა.

სწორედ ამ ბრძოლის შედეგია ბოლო დროს საქართველოში წითელას გახშირება. ქვეყანა ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას. შეშფოთებულმა სამედიცინო საზოგადოებამ აქტიური კამპანიაც კი წამოიწყო სლოგანით – “არ გადადო, აიცერი”.

ვის სჭირდება ვაქცინაცია, საერთოდ, რატომ უნდა ჩავიტაროთ ის და რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა? ამ კითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს მივმართეთ.

 

– რატომ დაიწყო კამპანია “არ გადადო, აიცერი” ახლა და რა მიზანს ემსახურება ის?

– თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად შორიდან დაწყება მომიწევს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ წითელას თავისებურება – ის ძალზე იოლად ვრცელდება. წითელასთვის არ არსებობს დახურული კარი – ვერ მოახერხებთ ავადმყოფის იზოლაციას. ძალიან მცირეა მაინფიცირებელი დოზაც – დაავადების განვითარებისთვის საკმარისია, ორგანიზმში ვირუსების სულ მცირე რაოდენობა მოხვდეს. წითელა აავადებს ყველას, ვისაც არ აქვს ამ ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ეს უკანასკნელი კი ორი გზით შეიძლება გამომუშავდეს – ინფექციის გადატანით ან ვაქცინაციით. ინფექცია, ბუნებრივია, საფრთხეს შეიცავს. შესაბამისად, წითელას პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად იმუნიზაცია მიიჩნევა.

წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია საქართველოში 1960-იანი წლებიდან დაიწყო. პროცესი საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობდა – იცრებოდა სამიზნე მოსახლეობის დიდი ნაწილი. შედეგად საგრძნობლად იკლო წითელათი ავადობამ და გართულების მაჩვენებელმა. ვაქცინაციის დანერგვამდე წითელა ბავშვების ძალზე საშიშ დაავადებად მიიჩნეოდა, 2-3 წელიწადში ერთხელ იწვევდა ეპიდემიურ აფეთქებებს, მიმდინარეობდა მძიმედ, თან ახლდა მრავალი გართულება, არცთუ იშვიათად მთავრდებოდა სიკვდილით. იმუნიზაციის დაწყებასთან ერთად ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა და დაახლოებით 90-იანი წლებისთვის წითელას გავრცელებამ სიმწვავე და აგრესიულობა დაკარგა. მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენები ჯანდაცვის სფეროზეც აისახა – ქვეყანაში ვაქცინების საყოველთაო დეფიციტი დაიწყო. ძალიან ბევრი დარჩა აუცრელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ გარდაუვალი იყო ეპიდემია, რომლის დროსაც დაავადდებოდა ყველა, ვისაც არ ჰქონდა გადატანილი წითელა ან გაკეთებული – აცრა.

მომდევნო წლებში იმუნიზაციის საკითხი შედარებით მოწესრიგდა, 2004 წლიდან კი ქვეყანაში სამკომპონენტიანი წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა შემოვიდა, რომლითაც წლისა და ხუთი წლის ბავშვებს ცრიან. ორჯერადი იმუნიზაციის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი სამუდამოდ დაიცვას ამ დაავადებებისგან. პრობლემა თითქოს მარტივად უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. როგორც მოგახსენეთ, წითელას უვნებელსაყოფად საჭიროა აიცრას წლისა და ხუთი წლის ყველა ბავშვი. რა ხდება სინამდვილეში? რა თქმა უნდა, ყველა არ იცრება. ზოგიერთ მშობელს ძალზე უცნაური არგუმენტი აქვს – სხვები აიცრან და თუ ჩემი შვილის გარშემო ყველა ბავშვი აცრილი იქნება, აღარც ინფექცია გავრცელდება, შესბამისად, აღარც ჩემი შვილის ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხეო. ასეთი ფენომენი – როდესაც აცრილები აუცრელს იცავენ – მართლაც არსებობს და მას კოლექტიური იმუნიტეტი ჰქვია. თუმცა, წესით, კოლექტიური იმუნიტეტით უნდა დავიცვათ არა ჯანმრთელი ბავშვები, არამედ ისინი, ვინც მიზეზთა გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ – წლამდე ასაკის პატარები, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულები, იმუნიტეტდაქვეითებული პირები, ორსულები... ჩამოთვლილ შემთხვევებში ვაქცინაცია უკუნაჩვენებია, ამიტომ მოსახლეობის ეს არაიმუნური ფენა სწორედ ჩვენს იმედზეა – თუ ჩვენ ვიქნებით დაზღვეულნი, მათაც დავიცავთ. მედიცინაში ამ მოვლენას, როგორც მოგახსენეთ, კოლექტიური იმუნიტეტი ეწოდება. არასამედიცინო ენაზე კი ეს სოციალური პასუხისმგებლობაა. დიახ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, ავიცრათ, ავცრათ ჩვენი შვილები და ასე დავიცვათ ისინი, ვისაც ნამდვილად სჭირდება დაცვა და არა ჯანსაღი ბავშვები, რომლებიც თვითონვე უნდა იყვნენ დამცველები და რომელთა მშობლები ამ უპასუხისმგებლო საქციელით საკუთარი და სხვისი შვილების ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნიან.

 

ძალა ერთობისა

– თუ კოლექტიური იმუნიტეტი არსებობს, რატომ ვერ დაიცავს ის მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც არა უკუჩვენების, არამედ პირადი შეხედულებების ან მრწამსის გამო ამბობს უარს ვაქცინაციაზე?

– საქმე ის არის, რომ კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა აცრილია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 95-97%. ასეთ დროს დარჩენილ 5-3%-ს აცრილები მართლაც იცავენ. მაგრამ დღეს იცრება მხოლოდ 90-93%. ამას ემატება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელმაც 90-იან წლებში ვაქცინაცია ვერ ჩაიტარა. ამგვარად გროვდება მიმღებ ორგანიზმთა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება თივის ზვინს შევადაროთ – ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ეპიდემიამ იფეთქოს. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენს ქვეყანაში პერიოდულად წითელას შემოტევა. ასე მოხდა 2004-2005 წლებში, როდესაც ეპიდემიის შედეგად აღირიცხა 9 ლეტალური შემთხვევა, 2013-2014 წლებში, როდესაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილები უმეტესად ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სწორედ საზოგადოებას უნდა დაეცვა... მახსოვს თვეების პატარა, რომელიც არაიმუნური უნდა ყოფილიყო კიდეც, ვინაიდან ვაქცინაცია ერთი წლიდან იწყება, მახსოვს 19 წლის ბიჭი, რომელსაც თირკმელი გადაუნერგეს და იმუნოსუპრესიულ თერაპიას იტარებდა... სხვათა შორის, მახსოვს ბავშვიც, რომელიც მშობლებმა უბრალოდ არ აცრეს. მათ ორი შვილი ჰყავდათ და არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. წითელა ორივეს შეხვდა, მაგრამ ერთისთვის ის საბედისწერო აღმოჩნდა... როდესაც ასეთ ისტორიებს ვაწყდები, მიკვირს, როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანი ვაქცინაციაზე უარს ამბობდეს. რა უნდა უღირდეს საზოგადოებას ადამიანის სიცოცხლედ?! ადამიანისა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ჩვენი არასოლიდარულობის გამო იღუპება...

 

სოციალური პასუხისმგებლობა

– გამოდის, რომ თუნდაც წლისა და ხუთი წლის ყველა ბავშვი აიცრას, 90-იან წლებში იმუნიზაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაინც საფრთხეს წარმოადგენს...

– ამიტომაც ვატარებთ მასობრივ იმუნიზაციას. ეს პროცესი ახლა არ დაგვიწყია. ერთ საყურადღებო ისტორიას მინდა მოგიყვეთ: მოსალოდნელი ეპიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით 2008 წელსაც დაიგეგმა მასობრივი კამპანია. გამოიყო თანხა. ყველა დეტალი წინასწარ გახლდათ გათვლილი. იმუნიზაცია წარმატებით დაიწყო, მაგრამ ერთი შემთხვევის წყალობით პროცესები სულ სხვა სცენარით განვითარდა. იმუნიზაციის პროცესს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებთან, ახლავს მომეტებული შიში. რეალურად საშიში არაფერია – ინექცია ტარდება ავტოდესტრუქციული ნემსით, რომელსაც ერთი გაკეთების შემდეგ უბრალოდ ვეღარ გამოიყენებთ. შესაბამისად, ინფექციის გადაცემა გამორიცხულია. ნემსის წვერი საკმაოდ პატარაა – ძალიანაც რომ მოინდომოთ, ინექცია ძალიან მტკივნეული ვერ იქნება. შესაყვანი დოზაც მცირეა, რაც ასევე გამორიცხავს შეყვანის პროცესში ტკივილს. მაგრამ მოზარდებთან ცნობილი ფენომენია ყველაფრის მაქსიმალიზაცია. ასე მოხდა მაშინაც – სკოლაში რამდენიმე გოგონა ერთდროულად იტარებდა იმუნიზაციას, ისინი მეტისმეტად აჰყვნენ ემოციებს, მერე კი ეს ფაქტი ძალზე ნეგატიურად გააშუქა ერთმა სატელევიზიო არხმა. ითქვა ბევრი ტყუილი, გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს იმუნიზაცია ტარდებოდა საშიში ვაქცინით, მოსალოდნელი იყო გართულება და ა.შ. ამ სიუჟეტის შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვაქცინაციაზე უარი თქვა. კამპანია ძალზე ცუდი შედეგით დამთავრდა – თბილისში აიცრა დაგეგმილის რაოდენობის მხოლოდ 16% (!), მთელ საქართველოში კი – 50%. სწორედ ამ ჩავარდნილი კამპანიის შედეგები მოვიმკეთ 2013 წელს.

როგორც ხედავთ, ერთმა დაუკვირვებელმა ნაბიჯმაც კი შეიძლება საბედისწერო შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ საზოგადოებას, განსაკუთრებით – მასმედიას, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია – 2013-ში გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლე სწორედ მათ უპასუხისმგებლობას ემსხვერპლა.

 

ნამდვილად საშიშია?

– ალბათ, ბევრს გააკვირვებს, რომ წითელას ადამიანის მოკვლა შეუძლია...

– ვფიქრობ, ეს რამდენიმე სიცოცხლეც საკმარისი უნდა იყოს იმის დასტურად, რომ წითელა სულაც არ არის უწყინარი დაავადება. მინდა მივმართო მათ, ვისაც მიაჩნია, რომ წითელა ბატონებია და შელოცვა შველის. ძველად ასეთი გამოთქმა არსებობდა – შვილები მას შემდეგ უნდა დაითვალო, რაც წითელას მოიხდიანო. მაშინ ხალხს ამ საშიშ დაავადებაზე ზემოქმედების არავითარი საშუალება არ ჰქონდა. ის მთელ ოჯახებს ანადგურებდა... პირადად მინახავს სნოს ხეობის საეკლესიო ჩანაწერების წიგნი. წარმოიდგინეთ პატარა მთის სოფლის საეკლესიო ჩანაწერები, სადაც რეგისტრირებულია დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, ნათლობა... 1800-იანი წლებია. თვალნათლივ ჩანს, ორ–სამ წელიწადში ერთხელ რა ხდებოდა იმ სოფელში წითელას გამო – უამრავი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაა აღრიცხული გვერდით მიწერილი დიაგნოზით – "წითელა". დღეს თუ დაავადებამ შედარებით (!) დაკარგა სიმწვავე, მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციის დამსახურებით. როგორც კი ვაქცინაციის პროცესი შეფერხდება, წითელა უწინდებურად მკვლელად მოგვევლინება. ახლაც კი ორგანიზებული სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყნებში წითელას ათას შემთხვევაზე ერთი გარდაცვალება მოდის. იქ, სადაც სამედიცინო მომსახურება მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, სიკვდილიანობა კიდევ უფრო მაღალია. საბედნიეროდ, არსებობს მისგან თავის დასაცავი ეფექტური, უსაფრთხო და უფასო საშუალება. ამ ფონზე სასიკვდილო საფრთხის პირისპირ დააყენო ადამიანი – შვილი თუ სხვა, დამეთანხმებით, რბილად რომ ვთქვათ, უგუნურებაა.

– ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ერთ–ერთი არგუმენტი ასეთია – ჯობს, ბავშვმა წითელა მოიხადოს და ბუნებრივად გამოუმუშავდეს იმუნიტეტი, ვიდრე ეს ხელოვნური გზით – ვაქცინაციით მოხდესო...

– დავიწყოთ იმით, რომ ვაქცინაციის შედეგად ჩამოყალიბებული “ხელოვნური” იმუნიტეტი არაფრით ჩამოუვარდება “ბუნებრივს”. მეტიც – უფრო საიმედოდ იცავს ადამიანს. გარდა ამისა, წითელა, როგორც მოგახსენეთ, საშიში დაავადებაა და არავინაა დაზღვეული სავალალო გართულებებისგან. მძიმე გართულებები ზოგჯერ წლების შემდეგ იჩენს თავს, ამიტომ მოსახლეობა მათ წითელასთან არ აკავშირებს, მაგრამ ფაქტია, ისინი წითელას შორეული შედეგებია. დღესდღეობით უცნობია, რატომ ვითარდება ეს გართულებები, რატომ არ ემართება ისინი ყველას, ვინც წითელას გადაიტანს; არ ვიცით, ვის ემუქრება რისკი და ამიტომ ვერც ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ვიქნებით. ერთადერთი საიმედო გზა, თავიდან ავიცილოთ დაავადებაც და მისი გართულებებიც, ვაქცინაციაა.

 

კიდევ ერთი მითი

– ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზად ხშირად იქცევა აუტიზმის შიში. ამ დაავადების განვითარებას ზოგიერთი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებს.

– ეს გახლავთ მითი, რომელმაც, სამწუხაროდ, ძლიერად მოიკიდა ფეხი. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ერთადერთი (!) პუბლიკაცია, სადაც აუტიზმსა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე იყო ლაპარაკი. ამ პუბლიკაციის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა უამრავი სხვა კვლევა სხვადასხვა ვაქცინით აცრილთა შორის. ამ კვლევებმა და მათმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ წითელას ვაქცინასა და აუტიზმს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. მინდა, ყველას ვთხოვო, გამოგონილი საფრთხის შიშით რეალური საფრთხის წინაშე არ დააყენონ შვილები და, საზოგადოდ, მოსახლეობა,

 

არ გადადო, აიცერი!

– დღევანდელობას დავუბრუნდეთ. რას ემსახურება კამპანიაა "არ გადადო, აიცერი"?

– ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია შესაძლო ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით. ეპიდემია კი მოსალოდნელია, ვინაიდან 2017 წლის ბოლოდან გურია-აჭარაში წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა. ჯერჯერობით ეს ლოკალური ეპიდაფეთქებაა. ვიცავთ ყველა საერთაშორისო რეკომენდაციას და ვცდილობთ შემოვსაზღვროთ დაავადების გავრცელება, მაგრამ წითელას დაჭერა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ უკვე სხვა რეგიონებშიც აღირიცხა ერთეული შემთხვევები. საინტერესოა, რომ ზემოხსენებული მოვლენების შედეგად წითელა ბავშვთა ინფექციიდან გარკვეულწილად მოზრდილთა ინფექციად იქცა. ავადდებიან ისინი, ვინც 90-იან წლებში ვერ აიცრა, ავადდებიან მათი წლამდე ასაკის შვილები, ვინაიდან აუცრელი დედებისგან ბავშვებს იმუნიტეტი არ დაჰყვებათ, ჩვილ ასაკში კი წითელათი დაავადება სარისკოა. ინფექციის შეჩერების ერთადერთი საშუალება ისევ და ისევ იმუნიზაციაა. გურია-აჭარიდან ინფექცია მთელ საქართველოზე გავრცელდება და სავალალო შედეგს უნდა ველოდეთ, თუ არ აიცრა ყველა, ვისაც ეს ეკუთვნის.

– სახელდობრ, ვინ?

– უფასო ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ:

* წლისა და ხუთი წლის ბავშვებმა, რომლებსაც ასაკობრივად ეკუთვნით იმუნიზაცია. როგორც კი ბავშვი ამ ასაკს მიაღწევს, არ გადადოთ – აცერით.

* ბავშვებმა, რომლებიც წლის ან ხუთი წლის ასაკში არ აცრილან. გადაამოწმეთ ბავშვის იმუნიზაციის სტატუსი და თუ ვაქცინაცია გამოტოვებული აქვს, არ გადადოთ – აცერით.

* 41 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქემ, რომელსაც არ ჩაუტარებია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არ ახსოვს (არ იცის), ჩაუტარდა თუ არა. არ გადადოთ – აიცერით!

– ვისაც გადატანილი აქვს წითელა, აცრა მასაც სჭირდება?

– მართალია, წითელა მყარ იმუნიტეტს ტოვებს, მაგრამ ძნელი დასადგენია, ოდესღაც გადატანილი ინფექციური დაავადება ნამდვილად წითელა იყო თუ არა. ჩვენ ზედამხედველობას ვაწესებთ ყველა შემთხვევაზე, რომელზეც ექიმი წითელას ეჭვობს – ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ყველას წითელა არ უდასტურდება. მაშასადამე, ცდომილების ალბათობა არცთუ უმნიშვნელოა. არა მგონია, 90-იან წლებში ვინმეს წითელას დიაგნოზი ლაბორატორიულად დაედასტურებინა. მაშინდელი დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმის შეფასებას ეყრდნობოდა. ასე რომ, დიდია შანსი, წითელად მონათლულიყო სხვა ინფექციური დაავადება. რისკის გაწევა არ ღირს. მით უმეტეს, ადამიანს მართლაც რომ ჰქონდეს გადატანილი წითელა, ვაქცინაცია მისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯობს, აიცრას ყველა, ვინც დანამდვილებით არ იცის, რომ აცრილია. და კიდევ ერთი გარემოება – ახლა იმუნიზაცია ტარდება არა მხოლოდ წითელას, არამედ წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგოდ. მცირეა შანსი, ადამიანს სამივე ეს ინფექცია მოხდილი ჰქონდეს. არადა, არანაკლებ საშიშია ყბაყურაც (მეტადრე – რეპროდუქციულ ასაკში) და წითურაც (განსაკუთრებით – ორსულებთან). ასე რომ, არ გადადოთ – აიცერით.

– როდის არის უკუნაჩვენები იმუნიზაცია და ვის მივმართოთ აცრისთვის?

– ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც იმუნიზაცია ტარდება. აცრა ყველგან უფასოდ ჩაგიტარდებათ. იმუნიზაციისგან თავის შეკავება რეკომენდებულია, თუ უახლოესი 3 თვის განმავლობაში ქალი დაორსულებას აპირებს ან უკვე ორსულადაა. ვაქცინაციის ზოგად უკუჩვენებებს კი მიეკუთვნება მწვავე დაავადება, ონკოლოგიური დაავადება, იმუნოსუპრესიული თერაპია, იმუნოსუპრესიით მიმდინარე სხვა მდგომარეობები.

– რამდენჯერ კეთდება ვაქცინა?

– საუკეთესო ვარიანტია ორი ვაქცინაციის ჩატარება ერთთვიანი ინტერვალით. თუ ეს ვერ მოხერხდა, ერთხელ მაინც ყველა უნდა აიცრას.

 

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: