ჯანსაღი სუნთქვა

გააზიარე:

ჯანსაღი სუნთქვა

დახშული ფილტვები

ბრონქიტი, ბრონქიოლიტი,ბრონქოექტაზია

კიდევ ერთხელ პნევმონიის შესახებ

ბრონქისმიერი სულხუთვა

სხვაგვარი ასთმა

ხვრინვა და ღამის აპნოე

პანიკური შეტევა

დიაგნოსტიკის პრინციპები

 

 

ჯანსაღი სუნთქვა

ადამიანის ცხოვრება პირველი ჩასუნთქვით იწყება და უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად მთავრდება, შუალედში კი განუწყვეტლივ ვსუნთქავთ. ყოველ ჩასუნთქვაზე სხეულს საჭირო ენერგიით ვამარაგებთ, ამოსუნთქვაზე კი მასში დაგროვილ მავნე ნივთიერებებს ვიცილებთ. ამასთან ერთად, სუნთქვით კავშირს ვინარჩუნებთ გარე სამყაროსთან: ჩავისუნთქავთ მიკროსკოპულ ნაწილაკებსა და ორგანიზმებს, რომლებიც მანამდე გარემოს ნაწილი იყო, და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მცენარეებისთვის.

ალბათ ამიტომ არის, რომ ზოგიერთი რელიგიური და ფილოსოფიური სისტემა სუნთქვას საკრალურ პროცესად მოიაზრებს.

მედიტაციასა და სხვა საკრალურ პრაქტიკებზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ, ამჯერად კი გვინდა, სუნთქვის ფიზიოლოგია და პათოლოგია გაგაცნოთ.

დავიწყოთ ფიზიოლოგიით.

 

ჯანსაღი სუნთქვა

ჯანმრთელი ადამიანი მოსვენებისას 4-5 წამში ერთხელ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, რაც წუთში საშუალოდ 15 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უდრის, თუმცა სუნთქვის სიხშირე ადვილად იცვლება ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობის გავლენით. ცხადია, ავადმყოფობის შედეგადაც.

 

საინტერესო ფაქტები

* ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 22 000-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს.

* ფილტვები 300-დან 500 მილიონამდე ალვეოლას შეიცავს, ხოლო ბრონქებისა და მათი ტოტების საერთო სიგრძე 2400 კმ-ია.

* რომ გავწელოთ, ფილტვების ზედაპირი ჩოგბურთის მოედნის ნახევარს დაფარავს.

 

მთავარი ვენტილატორი

სუნთქვის აქტში მთავარ როლს სასუნთქი სისტემა ასრულებს.

გარემოდან ფილტვებამდე ჰაერი რამდენიმე "სადგურს" გაივლის. პირველი მათგანი ცხვირის (ზოგჯერ – პირის) ღრუა. აქ ჰაერი თბება და იწმინდება. შემდეგ მოდის ხახა, ხორხი, ტრაქეა (სასულე), ბრონქები. ფილტვებში ბრონქები უწვრილეს მილებად – ბრონქიოლებად იყოფა, რომლებიც წვრილი ბუშტუკებით – ალვეოლებით ბოლოვდება. სწორედ ალვეოლებში ხდება აირთა ცვლა: გულისკენ მიმავალი სისხლი აქ ტოვებს ნახშირორჟანგს, რომელსაც მუშაობისას შედეგად გამოყოფს ყველა ორგანო, სანაცვლოდ კი ჟანგბადით მდიდრება და გულისკენ მიედინება.

გული მეორე სადგურია. აქ სისხლი ვენებიდან არტერიებში გადადის და მთელ ორგანიზმში ნაწილდება.

სუნთქვას, ისევე როგორც ორგანიზმის დანარჩენ ფუნქციებს, ნერვული სისტემა აკონტროლებს. მისი ბრძანებისამებრ ხდება სუნთქვის აჩქარება, შენელება და სხვა.

ძილის დროს ფილტვების მუშაობა რამდენადმე ნელდება, მაგრამ არ წყდება – თუ მათაც მოინდომეს "დაძინება", ადამიანი ვეღარც გამოიღვიძებს.

სუნთქვის პროცესში მონაწილეობს დიაფრაგმა და სხვა კუნთებიც: მუცლისა, ნეკნთაშორისი, კისრისა, – ამიტომ გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელ თუ ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესები სუნთქვაზეც ახდენს გავლენას.

 

რა უშლის ხელს ჯანსაღ სუნთქვას

სუნთქვის დარღვევით მიმდინარე დაავადებების გავრცელება წლიდან წლამდე იმატებს. ჯანსაღი სუნთქვა ჩვენს დროში ნამდვილ ფუფუნებად იქცა. რა გასაკვირია – XXI საუკუნე ხომ რესპირატორული სნეულებებისთვის ესოდენ ხელსაყრელ პირობებს ქმნის: მანქანების გამონაბოლქვი, საწარმოო მტვერი, თამბაქოს კვამლი... შინ თუ გარეთ, ქუჩასა თუ პარკში – დაბინძურებულ ჰაერს ვერსად გავექცევით, ვერსად დავემალებით. და აი შედეგიც: 235 მლნ ადამიანი – ასთმას, 250 მლნ-ზე მეტი – ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, 10 მლნ – ტუბერკულოზს, 50 მლნ-ზე მეტი – ფილტვების პროფესიულ დაავადებას ებრძვის. ჯამში, მხოლოდ რესპირატორული დაავადებებით (სუნთქვის დარღვევა შესაძლოა სხვა სისტემის პათოლოგიამაც გამოიწვიოს) მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება.

რა შეგვიძლია ჩვენ? ბევრი არაფერიო, იფიქრებთ. შესაძლოა, მძლავრი ბერკეტები მართლაც არ გვქონდეს, მაგრამ საერთო ტენდეციის გაძლიერებასა თუ შემსუბუქებაში წვლილის შეტანა მაინც შეგვიძლია. უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა ვიცნობდეთ ამ დაავადებებს, რომ ადრევე ამოვიცნოთ; ვიცოდეთ მათი რისკფაქტორები, რათა შეძლებისდაგვარად აღკვეთოთ მათი ზემოქმედება; რაც მთავარია, ვიცოდეთ, როდის მივმართოთ ექიმს, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს. მთავარი თემით სწორედ ამის გაგებაში დაგეხმარებით.

 

 

დახშული ფილტვები

რომელი დაავადებები იწვევს ყველაზე ხშირად სიკვდილს? ამ კითხვაზე დაუფიქრებლად გიპასუხებენ: მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, კიბო... ვინმეს შესაძლოა შაქრიანი დიაბეტიც მოაგონდეს. ეს სნეულებები უდავოდ საპატიო ადგილს იკავებს მთავარ ქილერთა ჩამონათვალში, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პათოლოგია, უფრო სწორად, პათოლოგიათა ჯუფი, რომელზეც მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის. არადა, ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის მიზეზთა ხუთეულშია და წლიდან წლამდე წინაურდება.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფქოდი – ასე ჰქვია სასუნთქი სისტემის უმძიმეს დაზიანებას, რომელიც მსოფლიოს გლობალურ პრობლემად ექცა.

 

რა არის ფქოდი?

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება კრებითი ტერმინია და იმ მდგომარეობებს ასახავს, რომლებიც ფილტვებში ჰაერის ნაკადის ქრონიკულ შეზღუდვას იწვევს.

ფქოდი პროგრესირებადი დაავადებაა ანუ, ნებაზე მიშვებული, უფრო და უფრო მძიმდება. ამასთან, ცვლილებები ნაწილობრივ შექცევადია, რის გამოც ფქოდის დეფინიციის დროს ყოველთვის მიუთითებენ, რომ შესაძლებელია მისი თავიდან აცილება და მართვა.

ფქოდის დიაგნოზი აერთიანებს ქრონიკულ ბრონქიტსა და ემფიზემას, ზოგიერთ შემთხვევაში – ასთმასაც.

 

ნაკლები ჰაერი

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ფილტვებში ნაკლები ჰაერი ხვდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს – სასუნთქი სისტემის ქსოვილები ელასტიკურობას კარგავს, ირღვევა ალვეოლის კედლების მთლიანობა, სასუნთქი გზების კედლები უხეშდება და ანთებადი ხდება, წარმოიქმნება საჭიროზე მეტი ლორწო...

ემფიზემის დროს ალვეოლის კედლები ზიანდება, დეფორმირდება, ზოგჯერ მთლიანობასაც კარგავს, რასაც ჰაეროვანი ტომრების რაოდენობის შემცირება და აირთა ცვლის გაუარესება მოჰყვება. ქრონიკული ბრონქიტის დროს კი სასუნთქი გზების ქრონიკული ანთება ვითარდება, რაც ლორწოს გაძლიერებულ სეკრეციას იწვევს. ფქოდით დაავადებულს უმეტესად ემფიზემაც აქვს და ბრონქიტიც.

მაგრამ რისი ბრალია თავად ის ცვლილებები, რომლებსაც საბოლოოდ ჰაერის ნაკადის შემცირებამდე მივყავართ?

მავნე ფაქტორებს შორის პირველ ადგილს თამბაქო იკავებს, თუმცა ამაზე – მოგვიანებით, მანამდე კი პრობლემის მასშტაბის დასანახად სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი.

 

საგანგაშო ციფრები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ფქოდის საშუალო ან მძიმე ფორმა 2016 წელს დაახლოებით 251 მლნ ადამიანს ჰქონდა. 2015-ში ამ დიაგნოზით 3.17 მლნ კაცი გარდაიცვალა. ეს გლობალური სიკვდილიანობის დაახლოებით 5%-ია. ვარაუდობენ, რომ რეალური ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია უმთავრესად განვითარებული ქვეყნების მონაცემებს ეყრდნობა, შესაბამისად, სრული ეპიდემიოლოგიური სურათი არ ჩანს. ფქოდით სიკვდილიანობის 90% კი საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნების წილად მოდის.

ერთ დროს ფქოდი მამაკაცების დაავადებად მიიჩნეოდა, თუმცა ქალებს შორის მწეველობის გავრცელებამ და არაეკოლოგიური საწვავის გამოყენების მატებამ ის ქალების პრობლემადაც აქცია. პროგნოზი ასეთია: თუ 2002 წელს ფქოდი მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მეხუთე მიზეზი იყო, 2030-ისთვის მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ამ “მიზანს” უკვე “მიაღწია”. მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ფქოდის დიაგნოზი უკვე დაუსვეს დაახლოებით 15.7 მილიონ ამერიკელს. ფაქტობრივი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია.

 

რისკფაქტორები

თუ გგონიათ, მთავარი ზიანი, რომელიც სასუნთქ სისტემას თამბაქოსგან ადგება, ფილტვის კიბოა, ცდებით. ფქოდის უმთავრესი რისკფაქტორიც თამბაქოა, ამ დაავადებას კი, როგორც ითქვა, მაღალი ლეტალობა ახასიათებს. ალბათ მოგისმენიათ მწეველების “არგუმენტი” – ესა და ეს ადამიანი წლობით ეწეოდა, მაგრამ არც ფქოდი დამართნია, არც ინფარქტი და, საერთოდაც, თავს ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებზე ჯანსაღად გრძნობსო. რა შეიძლება ვუპასუხოთ? სხვა თუ არაფერი, სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომ ფქოდი ნამდვილი მკვლელია, თანაც – მწეველების მკვლელი. გარდა ამისა, ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ სიჯანსაღის შეგრძნება ჯანმრთელობას არ ნიშნავს. ამ შეგრძნების ფონზე, სავსებით შესაძლებელია, ორგანიზმში არაერთი პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობდეს, რომლებიც ადრე თუ გვიან ერთიანად დაატყდება თავს “ჯანმრთელ მწეველს”.

მწეველს შესაძლოა მართლაც არ დაემართოს არც ფქოდი და არც თამბაქოსთან ასოცირებული სხვა დაავადება. საქმე ის არის, რომ “რისკფაქტორი” “დაავადების გამომწვევს” არ ნიშნავს. მისი არსებობისას ავად გახდომის ალბათობა იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში – მკვეთრადაც, თუმცა დაავადება ყოველთვის არ ვითარდება. რისკფაქტორების შესწავლასთან ერთად ისიც გაირკვა, რომ მრავალი დაავადება (მათ შორის – ფქოდიც) გარემო და გენეტიკურ ფაქტორებთან მათი ურთიერთქმედების შედეგია. ე.ი. მწეველობის ერთნაირი სტაჟის მქონე ორი ადამიანიდან ერთს შეიძლება განუვითარდეს ფქოდი, მეორეს – არა. მაგრამ ამ იღბლიანთა შორის მოხვედრის იმედად ყოფნა გულუბრყვილობაა. მით უმეტეს, გენეტიკური განწყობის დადგენა დღესდღეობით შეუძლებელია.

რაც შეეხება სიგარეტს, ის ერთმნიშვნელოვნად ზრდის ავად გახდომის რისკს. სიგარისა და ჩიბუხის მწეველებს შორის ავადობა და სიკვდილიანობა არამწეველებზე გაცილებით მაღალია, მაგრამ დაბალია მათთან შედარებით, ვინც სიგარეტს ეწევა. მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოს კვამლის დოზასაც.

ფქოდით გარდაცვალების პროგნოზი მოწევის დაწყების ასაკზე, წელიწადში მოწეული კოლოფების რაოდენობასა და მწეველობის სტატუსზეა დამოკიდებული.

რისკფაქტორებად მიიჩნევა პასიური მწეველობა და თამბაქოს წევა ორსულობის დროს.

ძლიერი რისკფაქტორებია დაბინძურებული ჰაერით სუნთქვა, რესპირატორული ინფექციები, საწარმოო მტვერსა და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი. მოწევის ფონზე ამ ფაქტორებს ნაკლები ყურადღება ექცევა, არადა მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. თავად განსაჯეთ: ფქოდით დაავადებულთა მეოთხედი არასდროს ეწეოდა. საინტერესოა, რომ განვითარებად ქვეყნებში ამ ფაქტორებს უფრო დიდი როლი ენიჭება, ვიდრე განვითარებულში. მაგალითად, აშშ-ში წამყვანი რისკფაქტორი თამბაქოს კვამლია.

ჯერ კიდევ დაუდგენელია, არის თუ არა ასთმა ფქოდის რისკფაქტორი. ერთი ანგარიშგასაწევი კვლევის თანახმად, თამბაქოსთვის თავის დანებების შემდეგ ასთმით დაავადებულ ზრდასრულებს ფქოდის განვითარების რისკი 12-ჯერ მაღალი აღმაოჩნდათ მათთან შედარებით, ვისაც ასთმა არ ჰქონია. სხვა კვლევის მიხედვით, ფქოდის ფუნქციური ნიშნები ასთმით დაავადებულთა მეხუთედს განუვითარდა. ეს საკითხი მეცნიერთა აქტიური შესწავლის საგანია.

რისკის ფაქტორები თავიანთ ბნელ საქმეს თავდაპირველად შეუმჩნევლად აკეთებენ. დაავადებაც ნელა ვითარდება და, წესისამებრ, 40-50 წლის ასაკში ან უფრო გვიან იჩენს თავს.

 

როგორ ამოვიცნოთ

ფქოდის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ქოშინი ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნებაა. პაციენტთა უმეტესობა ექიმს სწორედ ამის გამო მიმართავს. ის უუნარობისა და შფოთვის მთავარი მიზეზია. თავდაპირველად ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს აღმოცენდება, თანდათან ძლიერდება და ადამიანს უკვე ყოველდღიურ საქმიანობაშიც უშლის ხელს. თავდაპირველად, როცა ქოშინი, მაგალითად, მხოლოდ კიბეზე ასვლის დროს იჩენს თავს, გამოსავალს ადვილად პოულობენ – ნაკლებად დადიან ფეხით და თავს იმით იმართლებენ, პატარა ხომ აღარ ვარო, მაგრამ ნელ-ნელა აღმოაჩენენ, რომ მაღაზიიდან სურსათით სავსე ჩანთის ამოტანაც უჭირთ, ჩაცმისა და ბანაობის დროსაც უვარდებათ ქოშინი და აი, უკვე ვეღარც მოსვენებისას სუნთქავენ თავისუფლად.

საბოლოოდ ადამიანი იძულებული ხდება, გარეთ გასვლაზე უარი თქვას და შინაც კი მინიმუმამდე დაიყვანოს მოძრაობა.

დაგვეთანხმებით, ასაკი არაფერ შუაშია – ეს ნამდვილად არ არის აქტივობის ის დონე, რომელიც შუახნის ადამიანს უნდა ჰქონდეს.

ფქოდს ახასიათებს ქრონიკული ხველაც. თავდაპირველად – პერიოდული, მოგვიანებით –მუდმივი ხასიათის. ხველის შემდეგ გამოიყოფა წებოვანი ნახველი.

რეგულარული ხველა ზედიზედ ორი წელი, წელიწადში სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, სხვა მიზეზების არარსებობის ფონზე, ფქოდის ნიშანია. ხველა, წესისამებრ, ნახველიანია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მშრალი იყოს.

 

რა არის მთავარი?

ხველა ფქოდის პირველი სიმპტომია, მაგრამ, წესისამებრ, მას ყურადღებას არ აქცევენ – “მწეველის ხველააო”. ეს მართლაც მწეველის ხველაა და იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს სასუნთქ სისტემას დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, ქრონიკული ნახველიანი ხველა ზოგჯერ წლობით უსწრებს წინ სასუნთქი ნაკადის შეზღუდვას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, დროულად “გამოვიჭიროთ” დაავადება და მანამდე შევაჩეროთ, სანამ ჯანმრთელობას უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიდეს. ასე რომ, თუ მწეველი ხართ ან ფქოდის სხვა რისკფაქტორის ზემოქმედებას  განიცდით და, იმავდროულად, უჩივით ხველას, ექიმს მიმართეთ. მკურნალობა არ გადადოთ.

შესაძლოა, სასუნთქი ნაკადის შეზღუდვა შესამჩნევი იყოს, მაგრამ ავადმყოფი ხველას არ უჩიოდეს. ასეთ დროს დაავადება უკვე შორს წასულ სტადიაზე ვლინდება.

ფქოდს ყოველთვის არ ახლავს თან მსტვენი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა.

ხშირია გამწვავება – სიმპტომების გაძლიერება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, პაციენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდეს.

 

მხოლოდ ფილტვებს ერჩის?

ფქოდით დაავადებულებს ხშირად სხვა დაავადებებიც აქვთ. მათ კომორბიდულ მდგომარეობებს უწოდებენ. ნიდრელანდებში პაციენტების მეოთხედს – ორი, 17%-ს კი სამი კომორბიდული მდგომარეობა უდასტურდება.

ეს დაავადებები, ერთი მხრივ, თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას ან ასაკს უკავშირდება (როგორც ითქვა, ფქოდი შუახნის ასაკში ვლინდება). მეორე მხრივ, თავად ფქოდსაც მნიშვნელოვანი ფილტვგარე ეფექტები ახასიათებს – წონის კლება, ჩონჩხის კუნთების დისფუნქცია, კვებითი დარღვევები. იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტის, სტენოკარდიის, ოსტეოპოროზის, მოტეხილობის, დიაბეტის, ძილის დარღვევის, ანემიის, გლაუკომის, დეპრესიის განვითარების ალბათობა.

კომორბიდულ მდგომარეობათა ფონზე პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და პროგნოზიც კიდევ უფრო არაკეთილსაიმედოა.

 

შესაძლებელია პროფილაქტიკა?

დიახ! ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დეფინიციაში შემთხვევით არ მოხვედრილა სიტყვები “თავიდან აცილებადი დაავადება”. რა გზით შეიძლება მისი თავიდან აცილება? უპირველეს ყოვლისა, რისკფაქტორების აღკვეთით. მოწევისთვის თავის დანებება პაციენტთა უმრავლესობისთვის ერთადერთი ეფექტური და ხარჯეფექტური ჩარევაა ფქოდის ჩამოყალიბებისა თუ პროგრესირების შეჩერების კუთხით. ასე რომ, რეკომენდაცია თამბაქოსთვის თავის დანებების შესახებ აქტუალურია ყველა მწეველთან: მათთანაც, ვისაც ფქოდი მხოლოდ ემუქრება –  დაავადების განვითარების პრევენციისთვის – და მათთანაც, ვინც უკვე დაავადებულია – მდგომარეობის დამძიმებისა და გართულების თავიდან ასაცილებლად.

 

კიდევ რა?

* თუ კერძის მოსამზადებლად ან გასათბობად მყარ საწვავს იყენებთ, ეცადეთ უზრუნველყოთ შენობის ადეკვატური ვენტილაცია.

* სამუშაო ადგილზე ტოქსიკური აირებისა და მავნე ნაწილაკების ზემოქმედების შესამცირებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები.

* ჩაიტარეთ პნევმოკოკური ინფექციისა და გრიპის ვაქცინაცია. გახსოვდეთ, რესპირატორულმა ინფექციამ ფქოდის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

* თუ დაბინძურებულ გარემოში გიწევთ ცხოვრება ან მუშაობა, რეგულარულად გამოიკვლიეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა დროულად აღმოაჩინოთ დაავადება და არ დაიწყოთ სიგარეტის მოწევა, რაც ამ დროს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.

 

იკურნება?

ფქოდის დიაგნოსტიკისთვის სპირომეტრია ტარდება. საჭიროებისამებრ, ექიმი სხვა კვლევებსაც დაგინიშნავთ, მათი შედეგების, გასინჯვის შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ანამნეზის საფუძველზე ფქოდის დიაგნოზს დაადასტურებს ან უარყოფს.

ფქოდი არ იკურნება, თუმცა მკურნალობა ასუსტებს სიმპტომებს, ამსუბუქებს მდომარეობას, ამაღლებს სიცოცხლის ხარისხს, აადვილებს ფიზიკურ აქტიურობას და ამცირებს გართულების რისკს. ერთი სიტყვით, მდგომარეობა კონტროლზე აგვყავს.

მედიკამენტური თერაპია აუცილებელად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ, თქვენ კი ზედმიწევნით შეასრულოთ მისი რეკომენდაციები, მაგრამ გახსოვდეთ, ვერავითარი მკურნალობა ვერ გამოიღებს შედეგს, თუ მავნე ფაქტორის ზემოქმედება არ მოიხსნა. ფქოდი არ არის უბრალოდ “მწეველის ხველა” – ეს მძიმე დაავადებაა და უყურადღებობის შემთხვევაში მძიმე უუნარობისა და სიკვდილის მიზეზად იქცევა.

 

 

ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია

ბრონქების ყველაზე გავრცელებული დაავადება ბრონქიტია. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ბრონქიტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განხილვისას. რაც შეეხება მწვავეს, ის უმეტესად ვირუსული ინფექციის ან მავნე აგენტის ჩასუნთქვის შედეგია. იშვიათად ბაქტერიაც იწვევს.

ინფექცია, წესისამებრ, ცხვირიდან ან ყელიდან იწყება, მერე კი ქვედა სასუნთქ გზებში გადადის. ბრონქების შეშუპების შედეგად სუნთქვა მძიმდება. ვითარდება მშრალი ან სველი ხველა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრონქიტი ათ დღეზე მეტხანს არ გრძელდება, ხველამ შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს.

მწვავე ბრონქიტი არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და არ იწვევს სუნთქვის მუდმივ ან საგანგაშო დარღვევას, თუმცა იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა უფრო მძიმედ წარიმართოს, ფილტვების ანთებით ან სუნთქვის უკმარისობით გართულდეს, განსაკუთრებით – მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან.

დიაგნოზის დასმა დამატებითი გამოკვლევის გარეშეც ხერხდება ანამნეზის შეკრებითა და გასინჯვით. თუ პნევმონიაზე გაჩნდა ეჭვი, დიფერენცირებისთვის რენტგენოლოგიურ კვლევას მიმართავენ.

მწვავე ბრონქიტი უმეტესად თავისთავად გაივლის. ექიმი გირჩევთ დასვენებას, ბევრი სითხის მიღებას, შესაძლოა, ხველის საწინააღმდეგო წამლები ან ტკივილგამაყუჩებლებიც გამოგიწეროთ. დაგეხმარებათ ჰაერის დამატენიანებელი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა ექიმი დარწმუნებულია ავადმყოფობის ბაქტერიულ წარმოშობაში.

 

ბრონქოექტაზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ბრონქები პათოლოგიურად არის გაფართოებული. მას ხანგრძლივი ანთებითი პროცესი იწვევს. ნორმაში სასუნთქი გზების უწვრილესი ჯირკვლები მცირეოდენ ლორწოს გამოიმუშავებს, რომელიც აკავებს ჩასუნთქულ მტვერსა და ჭუჭყს და სასუნთქ გზებს ტენიანობას უნარჩუნებს. ბრონქოექტაზიის დროს ლორწო ჭარბად წარმოიქმნება და სასუნთქი გზების არანორმალურად გაფართოებულ ნაწილებში გროვდება, რასაც საბოლოოდ ინფექციური პროცესის განვითარებამდე მივყავართ.

ავადმყოფობა პერიოდული გამწვავებით მიმდინარეობს. ეს პროცესი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. რაც უფრო ხშირია გამწვავება, მით უფრო სწრაფად უარესდება ფილტვის ფუნქცია. ზოგჯერ საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციაც.

ხშირად ბრონქოექტაზია სხვა დაავადების გამოხატულებაა. მაგალითად, შესაძლოა თან ახლდეს ნაწლავის ანთებას (კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს), ფქოდ-ს, აივ ინფექცია`შიდსს, ბრონქოპულმონურ ალერგიულ ასპერგილოზს.

ბრონქოექტაზიის განვითარების რისკი იმატებს ცისტოფიბროზის, ტუბერკულოზის, ფილტვის სხვა მძიმე ინფექციების დროს.

ბრონქოექტაზიას ახასიათებს:

• ხველა უხვი მწვანე ან ყვითელი ნახველით;

• ქოშინი, რომელიც გამწვავების დროს ძლიერდება;

• დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;

• მსტვენი სუნთქვა;

• ცხელება, განსაკუთრებით – გამწვავებისას;

• სისხლიანი ხველა.

მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომლებიც მხოლოდ ბაქტერიებს კი არ ანადგურებს, არამედ ანთებით პროცესსაც აცხრობს. ზოგჯერ საჭიროა რამდენიმეკვირიანი ანტიბიოტიკოთერაპია, რაც, თავის მხრივ, გვერდით ეფექტებს იწვევს – დიარეას, გულისრევას, თავბრუხვევას, სმენის დაქვეითებას, ბაქტერიათა რეზისტენტობის ჩამოყალიბებას.

მოწოდებულია ნახველის გამათხელებელი საშუალებებიც, რომლებიც ნახველის ამოღებას აადვილებს.

მკურნალობა მოიცავს რეგულარულ ფიზიოთერაპიასაც.

 

განსაკუთრებით მახვილი თვალი არ არის საჭირო იმის დასანახავად, რომ სასუნთქი გზების დაავადებები ხშირად ემართებათ პატარებს. ბრონქიოლიტი, ბრონქების კიდევ ერთი ინფექციური დაავადება, ყველაზე მეტად 2 წლამდე, განსაკუთრებით – 3-დან 6 თვემდე ასაკში გვხვდება. ავადობის პიკი ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მოდის.

ბრონქიოლიტის დროს ყველაზე წვრილი ბრონქები ზიანდება. გამომწვევი უმეტესად ვირუსია, ამიტომ ავადმყოფობის პირველი სიმპტომები გაციებას ჰგავს: სურდო, ხველა, რამდენიმედღიანი ცხელება... ამას მოჰყვება ქოშინი, ხიხინი. სიმპტომები ხანგრძლივდება, მდგომარეობა მძიმდება. ბავშვებს ძალიან ვიწრო ბრონქიოლები აქვთ, ამიტომ ადვილად ეხშობათ. არ არის გამორიცხული, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეც დაემუქროს.

ექიმს მიმართეთ თუ:

* სუნთქვის სიხშირე წუთში 40-ზე მეტია;

* ბავშვი ვერ იღებს სითხეს ან იღებს, მაგრამ აღებინებს;

* ცოტას შარდავს;

* მივარდნილია;

* აქვს იძულებითი მჯდომარე პოზიცია;

* ტუჩები ან თითები გაულურჯდა.

 

ბრონქიოლიტის განვითარების რისკი ერთიორად მაღალი აქვთ დღენაკლულ, ხელოვნურ კვებაზე მყოფ, სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი დაავადებით ან დეფექტით დაბადებულ, იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებს. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

შესაძლებელია თავიდან აცილება?

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (ბრონქიოლიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი) და ზოგი სხვა მიკრობი საკმაოდ მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევიან. მათგან თავის დაცვის საშუალება არც ისე ბევრია, თუმცა განსაზღვრული ღონისძიებები ინფიცირების ალბათობას ამცირებს.

* მოარიდეთ ბავშვი დაავადებულებთან კონტაქტს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

* ხშირად დაბანეთ ხელები.

* სახლი დაალაგეთ სველი წესით. განსაკუთრებით კარგად გაწმინდეთ სათამაშოები და ის ზედაპირები, რომლებსაც პატარა ხშირად ეხება.

* კვებეთ სრულფასოვნად, შეძლებისდაგვარად, 6 თვემდე მხოლოდ ძუძუ აწოვეთ.

 

ბრონქიოლიტს ვირუსი იწვევს, მაშასადამე, მის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები არ გამოდგება. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობა შინაც შეიძლება ჩატარდეს და საავადმყოფოშიც. იქ დამატებით ასუნთქებენ ჟანგბადს. შესაძლოა, ამოტუმბონ ნახველიც. ჰოსპიტალიზებული ბავშვების უმეტესობა რამდენიმე დღეში ეწერება საავადმყოფოდან, თავად ავადმნყოფობა კი 2-3 კვირა გრძელდება.

 

რა გავაკეთოთ სახლში?

* ასვით ბავშვს ბევრი სითხე, არ იდარდოთ, თუ მადა დაუქვეითდა. მთავარია, სითხე მიიღოს, ვინაიდან სუნთქვის გახშირების გამო ორგანიზმი ბევრ წყალს კარგავს.

* ცხვირით კარგად რომ ისუნთქოს, ჩააწვეთეთ ჰიპერტონული ხსნარი.

* დაატენიანეთ ოთახი.

* დაიცავით ჰიგიენა.

 

 

კიდევ ერთხელ პნევმონიის შესახებ

პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. ანთებითი პროცესის შედეგად ალვეოლები სითხით ან ჩირქით ივსება, ირღვევა აირთა ცვლა, ძნელდება სუნთქვა.

იყო დრო, როდესაც ფილტვების ანთება სიკვდილს მოასწავებდა. ანტიბიოტიკების გამოგონებამ შესაძლებელი გახადა მისი მკურნალობა. დღეს პნევმონიისა ძველებურად აღარ გვეშინია, თუმცა ის მაინც ხშირად იქცევა მძიმე გართულებისა და სიკვდილის მიზეზად. მაგალითად, 2015 წელს ამ დაავადებით 5 წლამდე ასაკის 920 136 ბავშვი გარდაიცვალა.

ფილტვების ანთება განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით იმუნიტეტი აქვს დასუსტებული. პნევმონიის რისკი იმატებს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ. საქმე ის არის, რომ სასუნთქი გზებიდან პათოგენური აგენტების – ქიმიურ ნივთიერებათა ნაწილაკებისა და მიკროორგანიზმების – მოშორების ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ხველაა, მასშტაბური ოპერაციები და მძიმე ტრავმები კი ამოხველებას აძნელებს და პნევმონიის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. გარდა ამისა, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი სითხის შეგუბებას იწვევს, რაც ასევე კარგი ნიადაგია მიკრობების გასამრავლებლად. ისედაც დაუძლურებულ ორგანიზმს კი ახალი ინფექცია ზოგჯერ ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

 

რა იწვევს?

ყველაზე ხშირად – ბაქტერია ან ვირუსი, ზოგჯერ – სოკო ან მავნე ქიმიური ნივთიერება. გამომწვევის მიხედვით ინიშნება მკურნალობაც. ეტიოლოგიური ფაქტორი ხშირად ინფიცირიების ადგილსა და პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საზოგადოებაში    შეძენილი პნევმონია (ფილტვების ანთების ყველაზე გავრცელებული ტიპი) უმეტესად streptococcus pneumoniae-ს ბრალია. ეს არის პნევმონია, რომელიც გრიპის ან გაციების შედეგად ვითარდება. ფართო გავრცელების გათვალისწინებით, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში, ამ ტიპის პნევმონიის თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკური ვაქცინაცია ტარდება.

ცალკე გამოყოფენ საავადმყოფოში შეძენილ პნევმონიას. ის ჰოსპიტალიზაციიდან 48-72 საათში ვითარდება. მისი გამომწვევია სააავადმყოფოში მობინადრე მიკრობი. ასეთი მიკრობები, წესისამებრ, ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ არიან რეზისტენტულნი. შესაბამისად, ამ ტიპის პნევმონია ძნელი სამკურნალოა. არც ის არის გამორიცხული, ინფექცია მიკრობთა ასოციაციის შედეგი იყოს, რაც მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ამ მიზეზთა გამო ინტრაჰოსპიტალური პნევმონია მედიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია.

პნევმონიას, რომელიც უცხო სხეულის ან ნივთიერების ფილტვებში მოხვედრის შედეგია, ასპირაციული ეწოდება.

არსებობს კიდევ ერთი ტიპი – ოპორტუნისტული პნევმონია, რომელიც იმუნიტეტის დასუსტების ფონზე ვითარდება, მაგალითად, ფქოდის, შიდსის დროს, ტრანსპლანტაციის შემდეგ...

 

სიმპტომები

პნევმონიის წამყვანი სიმპტომებია ნახველიანი ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი. შესაძლოა თავი იჩინოს სისუსტემ, ოფლიანობამ, თავის ტკივილმა, გადაღლილობამ. სიმპტომები მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც.

ფილტვების ანთების დიაგნოსტიკისთვის რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება. ის ადასტურებს პნევმონიის არსებობას, აჩვენებს მის მასშტაბს – გავრცელებას. სისხლის ანალიზით ანთების გამომწვევს ადგენენ. შესაძლოა, სხვა კვლევებიც დაგჭირდეთ.

 

როგორ მკურნალობენ

პნევმონიის მკურნალობა გამომწვევზე, დაავადების სიმძიმეზე, ავადმყოფის მდგომარეობაზე, ასაკსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიები, მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა, სრულიად სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. ბაქტერიული პნევმონიის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება. სიმპტომების უმეტესობა რამდენიმე დღეში გაივლის, მაგრამ ხველა შესაძლოა რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

ზედმიწევნით შეასრულეთ დანიშნულება! არ შეიძლება ანტიბიოტიკის თვითნებური შეწყვეტა, ისევე როგორც მიღება უექიმოდ.

გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციაზე არ მოქმედებს. ვირუსს ისინი ვერაფერს აკლებს, სამაგიეროდ, შესაძლოა გვერდითი ეფექტებით მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და რეზისტენტობაც კი გამოიწვიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როცა ანტიბიოტიკი მართლა დაგჭირდებათ, ის აღარ იმოქმედებს.

ავადმყოფი თავად ვერ მიხვდება, ფილტვების ანთება ვირუსული ბუნებისაა თუ ბაქტერიულის, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოს და მისი რეკომენდაციები შეასრულოს.

ვირუსული პნევმონიის მკურნალობის მთავარი მიზანი სიმპტომების მოხსნაა. წამლები დააქვეითებს ტემპერატურას, შეასუსტებს ტკივილს, შეამსუბუქებს ხველას. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ხველა განსაზღვრულ დონემდე სასარგებლოა – ფილტვებს ნახველის მოცილებაში ეხმარება, ამიტომ მისი დათრგუნვა ყოველთვის არ არის რეკომენდებული. ამის საჭიროებაც ექიმმა უნდა შეაფასოს.

სოკოვანი პნევმონიის დროს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ინიშნება.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა პაციენტის ჰოსპიტალიზებაც გახდეს საჭირო.

ერთი სიტყვით, პნევმონია ის შემთხვევაა, როდესაც ექიმმა უნდა შეაფასოს ვითარება და დანიშნოს მკურნალობა. ყოველგვარი თვითშემოქმედება ამ დროს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

 

რა გავაკეთოთ თავად?

* დაისვენეთ. შეძლებისდაგვარად, დაიცავით წოლითი რეჟიმი. ძალ–ღონის დაზოგვა გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

* მიიღეთ ბევრი სითხე. ის ნახველს დაარბილებს და ორგანიზმის გამოფიტვასაც ხელს შეუშლის.

* თავი დაანებეთ მოწევას. თუ ოჯახის წევრი ეწევა, ერიდეთ კვამლს.

* გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან მიიღეთ ცხელი აბაზანა – ეს სუნთქვას გაგიადვილებთ.

 

როგორ შეიძლება პნევმონიის პროფილაქტიკა?

* იმუნიზაციით. ყოველწლიურად ჩაიტარეთ გრიპისა და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

* ჰიგიენით. ხშირად იბანეთ ხელები. გამოუვალ შემთხვევებში გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი.

* მოწევაზე უარის თქმით. თამბაქო მეტ–ნაკლებად ყველა ორგანოს აზიანებს, მაგრამ სასუნთქი სისტემისთვის მართლაც წარმოუდგენელი ზიანი მოაქვს.

* ცხოვრების ჯანსაღი წესით. ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი ძილი ინფექციასთან ბრძოლას აადვილებს.

 

 

ბრონქისმიერი სულხუთვა

სუნთქვის პრობლემებზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ბრონქული ასთმა.

სიტყვა “ასთმა” ბერძნულად სუნთქვის გაძნელებას, სულის ხუთვას ნიშნავს. მართლაც, ეს დაავადება რესპირატორული ჩივილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. აქვე შეგახსენებთ, რომ არსებობს კარდიული ასთმაც. ამ დროს სუნთქვის პრობლემებს გულის პათოლოგია იწვევს. მის შესახებ მომდევნო გვერდებზე გესაუბრებით, ახლა კი სულხუთვის ბრონქისმიერი მიზეზი – ბრონქული ასთმა გავიხსენოთ.

 

გლობალური პრობლემა

ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ქოშინის, სულხუთვის, მსტვენი სუნთქვის, ხველისა და გულმკერდის შებოჭილობის პერიოდული შეტევები ახასიათებს. ასთმა გლობალური პრობლემაა – ჯანმოს შეფასებით, მთელ მსოფლიოში ის 235 მლნ ადამიანს აქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასთმით გამოწვეული სიკვდილიანობა იმატებს. იცვლება ქვეყნებს შორის გავრცელების თანაფარდობა – დღეს ასთმა ყველა ქვეყანაში გვხვდება, განურჩევლად მათი განვითარებისა, თუმცა ლეტალური შედეგი უმეტესად დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ავადობის მატების შედეგია მაღალი სიკვდილიანობაც.

 

ქრონიკული ანთების შედეგები

მთავარი ფაქტორი, რომელიც ასთმის სიმპტომების განვითარებას იწვევს, ანთებაა. მართალია, შეტევები ეპიზოდური ხასითისაა, მაგრამ ანთება ქრონიკულია. ის სასუნთქი გზების შეშუპებას და მგრძნობელობის მატებას უწყობს ხელს – სუნთქვის ორგანოები ჩასუნთქულ ნივთიერებაზე ჰიპერაქტიურად რეაგირებს, მაშინ როდესაც ნორმალურ მდგომარეობაში მათზე რეაქცია არ ექნებოდა. ამგვარი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად იკუმშება სასუნთქი კუნთები, ვიწროვდება სასუნთქი გზები და ფილტვებამდე ნაკლები ჰაერი აღწევს. უჯრედები დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც უფრო მეტად ავიწროებს სასუნთქ გზებს. ჯაჭვური რეაქციის შედეგად ასთმის სიმპტომები ვითარდება. ზოგჯერ ისინი მსუბუქია და თავისთავად გაივლის ან მინიმალურ მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ არცთუ იშვიათად პროცესი პროგრესირებს და სიმპტომებიც უფრო და უფრო მეტად მძიმდება.

 

რა იწვევს?

ამაზე საუბრისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ასთმის ჩამოყალიბებას და მაპროვოცირებელი ფაქტორები. პირველი ჯგუფი ინდივიდულურ მახასიათებლებს მოიაზრებს. მათ შორის უმთავრესი გენეტიკაა. ასთმას მემკვიდრეობითი განწყობა ახასიათებს. დადგენილია, რომ მის პათოგენეზში მრავალი გენი მონაწილეობს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან – სხვადასხვა. ესენი გახლავთ გენები, რომლებიც ატოპიას – ალერგიის განვითარების თანდაყოლილ ტენდენციას – ან სასუნთქი გზების ჰიპერაქტიურობას განაპირობებს. საინტერესო ფაქტი: გარდა იმისა, რომ გენები ასთმის განვითარებას უწყობენ ხელს, ზოგიერთი მათგანი მკურნალობის შედეგზეც ახდენს გავლენას.

გენეტიკასთან ერთად ინდივიდუალურ ფაქტორებს შორის უნდა ვახსენოთ სიმსუქნეც. ზედმეტი კილოგრამები, არაერთ სხვა პრობლემასთან ერთად, ბრონქული ასთმის რისკფაქტორიცაა. ასთმის ხელშემწყობი ინდივიდუალური ფაქტორია სქესიც – ასთმა ყველა ასაკის ადამიანებს ერჩის, მაგრამ ბავშვობაში ბიჭუნებთან უფრო ხშირია, ზრდასრულ ასაკში – ქალებთან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აკისრიათ თუ არა რაიმე როლი ასთმის განვითარებაში სასქესო ჰორმონებს.

მაპროვოცირებელ ფაქტორთაგან კი, უპირველეს ყოვლისა, ალერგენები უნდა გამოვყოთ – ოთახის მტვრის ტკიპები, ცხოველების ბეწვი და ქერტლი, მწერების ალერგენები, ობისა და საფუარის სოკოები, ყვავილის მტვერი...

ბავშვობაში გადატანილი ზოგიერთი ინფექცია მომავალში ასთმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით – რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და პარაგრიპის ვირუსი. ეს ვირუსები ბავშვთა ასაკში ბრონქიოლიტს იწვევს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბრონქიოლიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვედრილი ბავშვების 40%-ს მოგვიანებით უგრძელდება ხიხინი ან უვითარდება ასთმა. ამავე დროს, არსებობს მტკიცებულებები, რომ ადრეულ ასაკში გადატანილი ზოგიერთი ინფექცია, პირიქით, იცავს ასთმის განვითარებისგან. აქ უნდა ვახსენოთ ცნობილი “ჰიგიენური ჰიპოთეზა”: მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დასავლური ცხოვრების წესმა, ჰიგიენასა და სანიტარიაზე აქცენტმა, ჩვენს სასიცოცხლო პროცესებზეც მოახდინა გავლენა და ბავშვთა ასაკში განსაზღვრული ინფექციებით ავადობა შეამცირა – ბავშვების უმეტესობა განსხვავებულ გარემოში ცხოვრობს და აღარც იმ ინფექციებს “იცნობს”, რომლებიც წინათ ხვდებოდათ პატარები. თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში გადატანილი ინფექციები იმუნური სისტემის “არაალერგიული” გზით განვითარებას უწყობს ხელს და პირიქით. მასშტაბურ კვლევებთან ერთად არგუმენტად ასეთი მაგალითიც მოჰყავთ: მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები, ასევე – ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, ინფექციებით ხშირად ავადმყოფობენ, მაგრამ მომავალში ასთმა და, საზოგადად, ალერგიული დაავადებები იშვიათად უვითარდებათ. ამ თეორიის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ასთმა ერთ დროს განვითარებული სამყაროს პრობლემად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო ხანს ამ კუთხით ქვეყნებს შორის განსხვავების შემცირება შეინიშნება, განსაკუთრებით – 13-14 წლის ასაკის მოზარდებთან. სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ავადობამ იკლო, გავნითარებად სამყაროში კი იმატა. სავარაუდო მიზეზი ეკოლოგიური მდგომარეობის გლობალური გაუარესებაა.

თამბაქოს წევა – სიგარეტი ამ შემთხვევაშიც წამყვან რისკფაქტორთა ჩამონათვალშია. თამბაქოს კვამლი აქვეითებს ფილტვის ფუნქციას, ამწვავებს დაავადების სიმპტომებს, ამცირებს მკურნალობის ეფექტიანობას და ართულებს დაავადების კონტროლს. საზოგადოდ, ბავშვებს, რომელთა დედებიც ეწევიან სიცოცხლის პირველ წელს ხიხინით მიმდინარე დაავადებები ოთხჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე არამწეველთა შვილებს.

კვება – სარწმუნო კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე არიან, ხიხინით მიმდინარე დაავადებებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ. ატოპიური დაავადებების განვითარებას უკავშირებენ ე.წ. დასავლური ტიპის საკვებსაც – რაფინირებულ, ტრანსცხიმებით გაჯერებულ და მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტებისა (ხილი და ბოსტნეული) თუ უჯერი ცხიმების შემცველ დიეტას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დაავადება გენეტიკური და გარემო ფაქტორების თანხვედრის შედეგია. პირობითად, თუ თქვენი ოჯახის წევრს ასთმა ან ატოპია აქვს, გამაღიზიანებელი ფაქტორის, მაგალითად, თამბაქოს კვამლის ზემოქმედება საკმარისი იქნება, რომ ეს დაავადება თქვენც განგივითარდეთ. თუმცა ასთმის უშუალო მიზეზი დღემდე უცნობია.

 

ტრიგერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

ერთია, რა იწვევს ასთმას, და მეორე – რა იწვევს შეტევებს. შეტევის გამომწვევ ფაქტორებს ტრიგერები ეწოდება. ასთმის ტრიგერად შეიძლება იქცეს ცივი ჰაერი, ექსტრემალური ემოციური აღგზნება (შიში, მრისხანება), ფიზიკური დატვირთვა და ნებისმიერი ალერგენი. ასთმის მართვისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ტრიგერის გამოვლენა და, შეძლებისდაგვარად, მისთვის თავის არიდებაა. ერთადერთი ტრიგერი, რომელთან დისტანცირებასაც არ გვირჩევენ, ფიზიკური აქტიურობაა. პირიქით, ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ ისეთი წამალი, რომელიც ვარჯიშში და, საზოგადოდ, ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ. ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს დატვირთვის სახეობა და ოდენობაც. თუ გავითვალისიწინებთ, რომ ასთმით დაავადებულთა შორის არათუ უბრალო სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონებიც კი არიან, ეს სავსებით შესაძლებელია.

ასთმის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება:

* ხველა – უმეტესად გვიან ღამით ან დილაადრიან იწყება. იწვევს ძილის პრობლემებსაც. არის შეტევითი ხასიათის, მშრალი;

* მსტვენი სუნთქვა – მაღალი ტემბრის სტვენანარევი ხმიანობა, რომელიც ამოსუნთქვის დროს ისმის;

* სულხუთვა – სუნთქვის გაძნელება. ასთმით დაავადებული ზოგჯერ ამბობს, რომ არ შეუძლია ფილტვებიდან ჰაერის გამოშვება;

* გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება.

რაც მთავარია, სიმპტომები ქრონიკული და მორეციდივეა. დროთა განმავლობაში იცვლება მათი სიხშირე და სიმწვავე. ზოგჯერ ისინი უბრალოდ შემაწუხებელია, მაგრამ ხდება ისეც, რომ შრომის უნარის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს და ჰოსპიტალიზაციის მიზეზად იქცევა. ასთმის მძიმე შეტევები შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულდეს.

საყურადღებოა, რომ ეს სიმპტომები ასთმით დაავადებულ ყველა პაციენტთან არ გვხვდება და არც მხოლოდ ასთმას ახასიათებს. ასე რომ, მათი არარსებობა ასთმას არ გამორიცხავს და პირიქით. ამიტომ დიაგნოზის დასასმელად, ანამნეზის შეკრებასა და გასინჯვასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეფასდეს სპირომეტრიის მონაცემებიც. საჭიროებისამებრ, შეიძლება გაკეთდეს ალერგიული სინჯები, ჩატარდეს რენტგენოლოგიური კვლევა, განისაზღვროს სისხლში სხვადასხვა ანტისხეული.

 

მთავარი სტრატეგია

სამწუხაროდ, ასთმა არ იკურნება. მაშინაც კი, როდესაც თავს კარგად გრძნობთ, დაავადება გაქვთ და მისი გამწვავება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. თუმცა დღეს უკვე შესაძლებელია ასთმის მართვა, ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ასთმით დაავადებული აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, სძინავს მთელი ღამე შეტევების გარეშე, არ გაურბის ფიზიკურ დატვირთვას და ა.შ. ოღონდ ერთი პირობით: როცა მართვის ყველა პრინციპი დაცულია. ეს პრინციპებია:

* ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობა;

* რისკფაქტორების იდენტიფიკაცია და კონტროლი;

* მედიკამენტური მკურნალობა;

* გამწვავებათა მართვა.

ვინაიდან ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მას მუდმივი მართვა და მონიტორინგი სჭირდება. ექიმი ყოველთვის პაციენტის გვერდით ვერ იქნება, ამიტომ დაავადებული ზედმიწევნით უნდა იცნობდეს და ასრულებდეს რეკომენდაციებს. სხვაგვარად ასთმის ეფექტურ მართვაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ასთმის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები ორ ჯგუფად იყოფა. ერთია მაკონტროლებელი საშუალებები, რომლებსაც პაციენტი უმეტესად ყოველდღე იღებს, მეორე – შემამსუბუქებელი საშუალებები, რომლებიც მწვავე სიმპტომების მოსახსნელად ინიშნება.

მკურნალობა ხუთ საფეხურს მოიცავს. სიმძიმის მიხედვით, ყოველ მათგანს კონკრეტული მკურნალობა შეესაბამება. წარმატებული მკურნალობის ფონზე პაციენტი უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოდის და პირიქით – თუ რეკომენდაციები არ შეასრულა ან პირველი შედეგის დანახვისთანავე თვითნებურად შეწყვიტა თერაპია, შემდგომში უფრო მაღალი საფეხურის მკურნალობა დასჭირდება. ამიტომ არ შეწყვიტოთ მკურნალობა – ასთმა მთელი სიცოცხლე კონტროლზე უნდა გყავდეთ.

თუ ტრიგერი ცნობილია, ბუნებრივია, ყველაზე ადვილი მისი ელიმინაციაა ანუ ჩვენი საცხოვრებელი გარემოდან აღმოფხვრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამიტომაც ენიჭება დიდი როლი მაკონტროლებელი მედიკამენტების სტაბილურ მიღებას – როცა ასთმას ლაგამი აქვს ამოდებული, ტრიგერების მიმართ მგრძნობელობაც იკლებს.

გახსოვდეთ: თუ პაციენტი, მისი ოჯახი და ექიმი გაერთიანდებიან, ასთმა ვერაფერს დააკლებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

 

 

სხვაგვარი ასთმა

ქოშინი, სულის ხუთვა, ხველა – პირველი, რაც ამ სიმპტომების აღწერისას გაგვახსენდება, ბრონქული ასთმაა. მაგრამ იგივე კლინიკური სურათი შესაძლოა კარდიული ასთმის დროსაც განვითარდეს. ეს ბრონქული ასთმის ერთ-ერთი ფორმა არ გეგონოთ. კარდიული ასთმა საერთოდ არ არის სასუნთქი სისტემის დაავადება – გულის მარცხენამხრივი უკმარისობის გამოვლინებაა.

 

როცა გული “არ გვყოფნის”

გულის უკმარისობა – თავად ტერმინიც გვეუბნება, რომ ამ დროს გული თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. თუ გავიხსენებთ, რაოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ამ ორგანოს, ადვილად მივხვდებით, რამდენად სერიოზული პათოლოგიაა გულის უკმარისობა. იმის მიხედვით, გულის რომელი მხარეა ჩართული პათოლოგიურ პროცესში, გამოყოფენ მარჯვენამხრივ და მარცხენამხრივ უკმარისობას. კარდიული ასთმა, როგორც ითქვა, გულის მარცხენამხრივი უკმარისობისას იჩენს თავს. ამ დროს სასუნთქ გზებში, მათ გარშემო და ფილტვებში სითხე გროვდება. სწორედ შეშუპება იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და ქმნის ასთმის იმიტაციას.

ფილტვების შეშუპება გულის მარცხენამხრივი უკმარისობის უკიდურესი ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია საშიში გართულებები და მაღალი სიკვდილიანობა. აქვე გეტყვით, რომ ფილტვის შეშუპება ასევე შეიძლება განვითარდეს პნევმონიის, ტოქსინების ზემოქმედების, ტრავმის, დიდ სიმაღლეზე ვარჯიშის დროს. ჩვენ გულისმიერ, ე.წ. კარდიოგენულ შეშუპებაზე გესაუბრებით.

 

როგორ ვითარდება

შეგახსენებთ, რომ გული ოთხ საკნად იყოფა – მარჯვენა და მარცხენა წინაგულებად და მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებად. სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებისკენ მოძრაობს და არამც და არამც – პირიქით. ამ პროცესს სარქველები არეგულირებს, რომლებიც საკნებს შორის არის განლაგებული და მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება.

ორგანოებიდან სისხლი ჯერ მარჯვენა წინაგულში ხვდება, შემდეგ – ფილტვებში, სადაც ჟანგბადით მდიდრდება და მარცხენა წინაგულისკენ მიედინება. მარცხენა წინაგულისა და პარკუჭის გავლის შემდეგ აორტაში გადადის, იქიდან კი მთელ სხეულში ნაწილდება. ამ გზის ნებისმიერ ადგილას განვითარებული პრობლემა შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს.

წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ სისხლს სადმე დაბრკოლება შეხვდა: ნაკადი შეგუბდება, მოიმატებს წნევა, გაიზრდება სისხლძარღვის კედლის გამავლობა და იქიდან გამოჟონილი სითხე ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ჩადგება. ფილტვების კარდიოგენული შეშუპებაც სწორედ ამ პროცესის შედეგია: როცა მარცხენა პარკუჭი რაიმე მიზეზით სისხლისგან ვერ იცლება, ფილტვებიდან მისკენ წასულ სისხლს დაბრკოლება ხვდება, გუბდება, სისხლძარღვის კედლებს აწვება და გარეთ ჟონავს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მარცხენა პარკუჭის ასეთი პათოლოგია?

* გულის იშემიურმა დაავადებამ. გულის მკვებავი არტერიების შევიწროება გულის კუნთის დაზიანებას და ზოგჯერ ინფარქტს იწვევს. დანაკლისის შევსებას გულის ჯანმრთელი ნაწილი ცდილობს, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდის. როცა გულის მტუმბავი ფუნქცია სუსტდება, სისხლი ფილტვებში გროვდება და ვითარდება შეშუპება.

* სარქველების პრობლემებმა. გულის მარცხენა მხარეს ორი სარქველია: მიტრალური, რომელის გავლითაც სისხლი წინაგულიდან პარკუჭში ჩაედინება და აორტული, რომლის საშუალებითაც სისხლი პარკუჭიდან აორტაში გადადის. სარქველთა პათოლოგიები ორ ძირითად ჯგუფად ერთიანდება. ერთია სტენოზი ანუ შევიწროება, მეორე – უკმარისობა, სარქვლის ბოლომდე დახურვის შეუძლებლობა. პირველ შემთხვევაში საკანი სისხლისგან ვერ იცლება, მეორეში – სისხლი უკუმიმართულებით იწყებს დენას. სხვადასხვა მექანიზმით ორივე პათოლოგია წნევის მატებას და ფილტვებში სითხის შეგუბებას უწყობს ხელს.

* მაღალმა არტერიულმა წნევამ – ჰიპერტენზია გულის კუნთის დაზიანებას და კორონარული არტერიების დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს, ეს კი თავის მხრივ, გულის დაზიანების სერიოზული რისკფაქტორია.

* კარდიომიოპათიამ. ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის კუნთი ზიანდება. როდესაც კარდიომიოპათიის ფონზე (დაავადების ტიპიდან გამომდინარე) სუსტდება, ვიწროვდება ან იხშობა მარცხენა პარკუჭი, ფილტვის შეშუპება ვითარდება.

 

ბორბალი უკუღმა დატრიალებულა

გულის უკმარისობა თავადაც საშიში მდგომარეობაა და მრავალ საშიშ გართულებასაც იწვევს. ზემოთ გულისა და ფილტვის მუშაობა გავიხსენეთ. სისხლის მიმართულება ასეთი უნდა იყოს: მარჯვენა გული – ფილტვის არტერია – ფილტვები – ფილტვის ვენა – მარცხენა გული – ორგანოები. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ბორბალი უკუღმა დატრიალდა – მარცხენა გულში სისხლის შეგუბება პრობლემებს ფილტვებში გამოიწვევს. თავის მხრივ, ფილტვების შეშუპება წნევას მის უკანა სადგურში – ფილტვის არტერიაში გაზრდის, ასე თანმიმდევრობით, უფრო სწორად, უკუმიმდევრობით პროცესში ჩაერთვება მარჯვენა პარკუჭი, მარჯვენა წინაგული და საბოლოოდ – ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიც. განვითარდება ქვედა კიდურებისა და მუცლის ღრუს, ღვიძლის შეშუპება, და ა.შ. ეს უკვე გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის ნიშნებია. ე.ი. შესაძლოა გულის მარცხენამხრივ უკმარისობას მარჯვენამხრივიც დაერთოს.

 

 

საშიში შეშუპება

ფილტვების შეშუპება სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. სამწუხაროდ, შესაძლოა სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. ნებაზე მიშვებული პროცესის დროს ლეტალური შედეგი გარდაუვალია, მაგრამ პროგნოზი ყოველთვის არც მკურნალობის ფონზეა კეთილსაიმედო. თუ დიაგნოზი დროზე დისვა და მკურნალობაც დროულად დაიწყო, ამის ალბათობა მცირდება, ამიტომ უნდა იცნობდეთ ფილტვის შეშუპების ნიშნებს და მათი აღმოცენებისთანავე მიმართოთ ექიმს:

ფილტვის მწვავე შეშუპების ნიშნებია:

* ძლიერი ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, რომელიც ძლიერდება წოლის დროს;

* სულხუთვის, მოხრჩობის შეგრძნება;

* შფოთვა და შიშის გრძნობა;

* ხველა სისხლიანი ქაფიანი ნახველით;

* გულის ტკივილი (ზოგიერთ შემთხვევაში);

* გულის რიტმის დარღვევა, გულის აჩქარება

 

ფილტვების ქრონიკული შეშუპების ნიშნებია:

* ფიზიკური დატვირთვის არაადეკვატური ქოშინი;

* სუნთქვის გაძნელება დატვირთვის, წოლის დროს;

* შეშუპებები;

* იძულებით ჯდომა;

* დაღლილობა, სისუსტე;

* წონის სწრაფი მატება (რისი მიზეზიც სითხის დაგროვებაა).

 

დიაგნოსტიკა

ვიანიდან ფილტვების შეშუპება სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, პირველად დიაგნოზს ფიზიკური მდგომარეობის, ჩივილების, დათვალიერების, ელექტროკარდიოგრაფიისა და გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფიის მონაცემების საფუძველზე სვამენ. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დასტაბილურდება, დეტალურ გამოკვლევას ატარებენ. ის მოიცავს პულსოქსიმეტრიას, სისხლის სხვადასხვა ანალიზს, ექოკარდიოგრაფიას, ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიას, ფილტვის არტერიის კათეტერიზაციას, გულის კათეტერიზაციას.

 

მკურნალობა

პირველი ნაბიჯი ჟანგბადის მიწოდებაა. ოქსიგენაცია სიმპტომებს შეამსუბუქებს. პარალელურად დააკვირდებიან მონაცემებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაც. ინიშნება წამლები ტკივილის გაყუჩების, შეშუპების მოხსნის, სისხლძარღვთა გაფართოების, წნევის დარეგულირების და სხვა ჩივილების მოხსნის მიზნით, თუმცა მთავარი მაინც გამომწვევი მიზეზის მკურნალობაა. თუ საწყისი პათოლოგია არ აღმოიფხვრა, მკურნალობის ეფექტიანობა ეჭვქვეშ დადგება.

 

 

პროფილაქტიკა

გულის უკმარისობა, წესისამებრ, მას შემდეგ ვითარდება, რაც გულს სხვა დაავადებები დაასუსტებს. არც ის არის გამორიცხული, თავიდანვე უკმარისობა ჩამოყალიბდეს, თუმცა ასეთი რამ მაინც იშვიათია, ამიტომ კარდიული ასთმის პროფილაქტიკის მთავარი გზა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაა. თუ უკვე გაქვთ რომელიმე კარდიოლოგიური დაავადება, მისი მართვა უნდა გაამკაცროთ, რომ პროგრესი არ განიცადოს და გართულებებმა არ იჩინოს თავი. როგორ? ალბათ, ყველამ იცის, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და ჩვენც გავიმეოროთ ეს ჯადოსნური წესები:

* იკვებეთ ჯანსაღად. მოერიდეთ ნაჯერი ცხიმების შემცველ საკვებს. აქცენტი ხილსა და ბოსტნეულზე დასვით. შეამცირეთ შაქრისა და მარილის მოხმარება. მარცხენა პარკუჭის სერიოზული დაზიანების დროს მარილის სიჭარბე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ფილტვის შეგუბებითი უკმარისობის განვითარებისთვის. ზომიერად მიიღეთ ალკოჰოლი.

* არ მოწიოთ. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, რომ სიგარეტი გულსა და ფილტვებზე დამანგრევლად მოქმედებს. ასევე მოერიდეთ პასიურ მოწევას.

* რეგულარულად ივარჯიშეთ. გულის ჯანმრთელობისთვის ვარჯიში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ივარჯიშეთ დღეში 30 წუთი. დაიწყეთ მცირედით და ნელ-ნელა მოუმატეთ.

*           აკონტროლეთ წონა. მისი ოდნავი სიჭარბეც კი ზრდის გულის დაავადებების რისკს, მაშინ როდესაც მცირედი კლებაც კი საგრძნობლად ამცირებს ამ დაავადებათა განვითარების ალბათობას.

* გაუმკლავდით სტრესს. ის მავნებელია გულისთვის. რა თქმა უნდა, ისე ვერ იცხოვრებთ, რომ სტრესი საერთოდ არ განიცადოთ, მაგრამ ისწავლეთ მისი მართვა.

* აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე – შაქრიანი დიაბეტი გულის დაავადებების ერთერთი მთავარი რისკფაქტორია.

* აკონტროლეთ არტერიული წნევაც – ეს თავიდან აგაცილებთ ინსულტს, ინფარქტს, თირკმლის უკმარისობას. ჰიპერტენზიის პროფილაქტიკა და მართვა შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვითა და ექიმის რეკომენდაციების შესრულებით.

* აკონტროლეთ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა – ამ ნივთიერების სიჭარბე ათეროსკლეროზის განვითარებისა და კორონარული დაავადების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ცხოვრების წესის შეცვლა ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

 

 

ხვრინვა და ღამის აპნოე

ხვრინვა უხეში და უსიამოვნო ხმაა, რომელიც მაშინ გაისმის, როცა მძინარე ჰაერს პირით ჩაისუნთქავს. ამის მიზეზია ხახის მოდუნებული რბილი ქსოვილების ვიბრაცია ჰაერის ტალღებთან ერთად.

ხვრინავს საკმაოდ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით – მამაკაცები და ჭარბწონიანები. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა შესაძლოა ქრონიკულ პრობლემად იქცეს, რომელიც ასაკთან ერთად ნელ-ნელა მძიმდება.

თუ ხვრინვა იშვიათია, შესაძლოა, მღელვარების საფუძველი არც არსებობდეს, მაგრამ თუ ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ხვრინვა ძალზე შემაწუხებელია გარშემო მყოფებისთვის, ვინაიდან მათი ძილის ხარისხსაც საგრძნობლად აუარესებს.

 

სიმპტომები

ხვრინვა ხშირად ასოცირებულია ძილის დარღვევის ერთ-ერთ სახეობასთან, რომელსაც ღამის ობსტრუქციული აპნოე ეწოდება. მართალია, ყველას, ვინც ხვრინავს, ღამის ობსტრუქციული აპნოე არ აქვს, მაგრამ თუ ხვრინვას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც ახლავს თან, შესაძლოა, ამ პათოლოგიის განვითარების წინაპირობასთან გვქონდეს საქმე:

* ძილის დროს სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები;

* ძლიერი ძილიანობა დღის საათებში;

* კონცენტრირების გართულება;

* დილის თავის ტკივილი;

* ყელის სიმშრალე და ტკივილი გაღვიძებისას;

* მძიმე სუნთქვა ძილის დროს;

* მაღალი არტერიული წნევა;

* გულმკერდის ტკივილი ღამღამობით;

* იმდენად ხმამაღალი ხვრინვა, რომ ძილს უფრთხობს ოჯახის წევრებს;

* ბავშვებში – ყურადღების დეფიციტი და ცუდი აკადემიური მოსწრება.

ღამის ობსტრუქციულ აპნოეზე მეტყველებს ხმამაღალი ხვრინვა, რომელსაც მოსდევს სუნთქვის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებით განპირობებული სიჩუმის მომენტები. სიჩუმეს მოჰყვება ხმამაღალი ქშენა, რომელიც ხშირად გვაღვიძებს. ძილის ასეთი ხშირი გაწყვეტის გამო ღრმად ჩაძინებას და სათანადოდ დასვენებას ვერ ვახერხებთ.

ღამის ობსტრუქციული აპნოეს მქონე ადამიანებს სუნთქვის შეჩერების ასეთი ეპიზოდები საათში, სულ მცირე, ხუთჯერ აღენიშნებათ.

 

მიზეზები

ხვრინვას სხვადასხვა მიზეზი აქვს: პირის ღრუს, ცხვირისა და დანამატი წიაღების ანატომიური თავისებურებები, ალკოჰოლის მოხმარება, ალერგიული რეაქცია, სიცივე, სხეულის ჭარბი წონა და სხვა.

ღამით, როდესაც ჩვენი სხეული მსუბუქიდან ღრმა ძილის ფაზაში გადადის, რბილი სასის ქსოვილები, ენა, ხახა და ხორხი დუნდება. ქსოვილების ასეთი მოდუნება სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ზედა სასუნთქი გზები ნაწილობრივ დაახშოს და მათში ჰაერის მოძრაობა გაართულოს. ამასთან, მოდუნებული ქსოვილები ყოველი ჩასუნთქვისას განიცდის ვიბრაციას და გამოსცემს ხვრინვისთვის დამახასიათებელ ხმაურს.

რაც უფრო მეტადაა შევიწროებული სასუნთქი გზები, მით უფრო ძლიერია ჰაერის ნაკადი. ჰაერის ნაკადთან ერთად იმატებს ვიბრაციის ინტენსივობაც და ხვრინვის დროს გამოცემული ხმის სიმაღლეც.

მოდი, გავეცნოთ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასუნთქ გზებზე და შესაძლოა ხვრინვა გამოიწვიოს:

* პირის ღრუს ანატომიური თავისებურებები. როდესაც რბილი სასა შედარებით გრძელი და სქელია, მან შესაძლოა ნაწილობრივ შეავიწროოს სასუნთქი გზები. თუ შედარებით გრძელი და სქელია ნაქიც, ჰაერის მოძრაობაც უფრო მეტადაა გაძნელებული და ვიბრაციის ხარისხიც მომატებული.

* ალკოჰოლის მოხმარება. ხვრინვის მიზეზი შესაძლოა ძილის წინ სპირტიანი სასმლის დიდი რაოდენობით მიღებაც გახდეს. ალკოჰოლი იწვევს ყელის კუნთების მოდუნებას და ამით ზრდის სასუნთქი გზების ობსტრუქციის ალბათობას.

* ცხვირის პრობლემები. ადამიანების გარკვეული ნაწილი ხვრინავს მხოლოდ ალერგიულ  სეზონზე (ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული შეშუპების გამო) ან ცხვირის დანამატი წიაღების ანთების დროს. სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამომწვევი საკმაოდ გავრცელებული ფაქტორებია ცხვირის ძგიდის დეფორმაცია და ნაზალური პოლიპებიც.

* ჭარბი ქსოვილი. ყელის არეში ჭარბი ქსოვილის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი ჭარბი წონაა, რაც საგრძნობლად ავიწროებს სასუნთქ გზებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნუშურა ჯირკვლების შედარებით დიდი ზომა და ადენოიდების არსებობა ყელის არეში.

* პოზა ძილის დროს. ხვრინვა ყველაზე ხშირი და ხმამაღალია ზურგზე წოლისას. ასეთი პოზა ბუნებრივად იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას.

 

გართულებები

როდესაც ხვრინვა ქრონიკულ ხასიათს იღებს, ის უკვე არა უბრალოდ შემაწუხებელი ჩვევაა, რომელიც ოჯახის წევრებს მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს, არამედ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამის ობსტრუქციული აპნოეც ახლავს თან. აპნოე კი ზრდის ისეთი საფრთხეების რისკს, როგორიცაა:

* სუნთქვის შეჩერება ძილის დროს (შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე), რომელიც სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული ბლოკირებითაა გამოწვეული;

* გულის პრობლემები. გახანგრძლივებულმა ღამის აპნოემ შესაძლოა არტერიული წნევის საგრძნობ მატებამდე და შედეგად მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარებამდეც კი მიგვიყვანოს;

* ხშირად გაღვიძება და არასრულყოფილი ღამის ძილი, შედეგად კი მუდმივი მოთენთილობა და ძილიანობა დღის საათებში, რასაც შრომისუნარიანობის დაქვეითებამდე, კონცენტრირების უუნარობამდე და ავტოავარიების რისკის ზრდამდეც კი მივყავართ;

* ხშირი უგუნებობა და გაღიზიანებადობა;

* ყოფაქცევის პრობლემები ბავშვებში, მათ შორის – აგრესიულობა და სწავლის გაძნელება.

 

დიაგნოსტიკა

მდგომარეობის შესაფასებლად საჭიროა თითოეული სიმპტომის დეტალური შეფასება და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ასევე შესაძლოა საჭირო  გახდეს იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისთან ერთადაც გძინავთ – რა დროს, რა სიხშირით და როგორ ხვრინავთ. თუ ხვრინვის პრობლემა ბავშვს აქვს, შესაბამისი კითხვები უნდა დაუსვან მშობლებს.

სასუნთქი გზების აგებულების თავისებურებებისა და პრობლემების გასარკვევად შესაძლოა ჩატარდეს რენტგენოგრაფიული, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსულ-ტომოგრაფიული კვლევა.

ხვრინვისა და ღამის ობსტრუქციული აპნოეს თავისებურებებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს ძილის შესწავლა და ანალიზი. ეს სახლის პირობებშიც შესაძლებელია, მაგრამ პრობლემის სირთულისა და სიღრმის შესაბამისად ზოგჯერ აუცილებელია პაციენტის მოთავსება სპეციალურ ძილის ცენტრში. ასეთი ცენტრები აღჭურვილია აპარატურით, რომელიც ძილისა და სუნთქვის თავისებურებებზე მთელი ღამის განმავლობაში დაკვირვების და მათი უფრო ღრმად შესწავლის საშუალებას იძლევა. ასეთ კვლევას პოლისომნოგრაფია ჰქვია.

პოლისომნოგრაფიის დროს პაციენტი შეერთებულია ერთდროულად რამდენიმე სენსორზე. ეს სენსორები აღიქვამენ და იწერენ, როგორია:

* ტვინის ტალღების თავისებურებები;

* სისხლში ჟანგბადის დონე;

* გულისცემის სიხშირე;

* სუნთქვის სიხშირე;

* ძილის ფაზები;

* თვალებისა და კიდურების მოძრაობები.

მერე კი თითოეული ამ მონაცემის დეტალური ანალიზისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე ისმება დიაგნოზი.

 

პროფილაქტიკა და მკურნალობა

როცა ხვრინვის ხარისხი არცთუ ისე მძიმეა, ზოგჯერ ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია მის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, ხვრინვის თავიდან ასაცილებლად ან მის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე ხერხი:

* თუ ჭარბი წონა გაქვთ, ეცადეთ, დაიკლოთ წონა.

* დაწექით გვერდზე. ზურგზე წოლის დროს ენის უკანა ზედაპირი ხახისკენაა გადახრილი და სასუნთქი გზების ნაწილობრივ შევიწროებასა და ობსტრუქციას იწვევს.

* აამაღლეთ სასთუმალი. დაახლოებით 10 სმ-ით უფრო მაღალ სასთუმალზე დაძინებამ, ვიდრე ჩვეულებრივ გძინავთ, შესაძლოა ხვრინვა შეამსუბუქოს.

* სცადეთ ცხვირის სპეციალური პლასტირი ან გამაფართოებელი. ადამიანთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ ცხვირზე დასაკრავი ხვრინვის საწინააღმდეგო პლასტირი საკმაოდ ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. ის ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას, თუმცა ღამის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში მისი გამოყენება სრულიად უშედეგოა.

* თუ ალერგიული ხართ, ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა. ალერგიული რეაქციის დროს ხშირია ცხვირის ნიჟარების ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფია, რაც სასუნთქი გზების შევიწროებას ან დახშობას იწვევს.

* ცხვირის ლორწოვანის ქრონიკული შეგუბების დროს შესაძლოა სტეროიდის შემცველი სპეციალური სპრეის გამოყენებაც დაგჭირდეთ.

* თუ ცხვირის ძგიდე გაქვთ გამრუდებული, შესაძლოა მანაც დააბრკოლოს ჰაერის მოძრაობა და გაართულოს სუნთქვა. ამ დროს ხშირად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

* ერიდეთ ალკოჰოლისა და სედაციური საშუალებების მიღებას დაძინებამდე, სულ მცირე, ორი საათის განმავლობაში.

* თუ რაიმე სხვა პრობლემის გამო ექიმმა საძილე ან დამამშვიდებელი საშუალება გამოგიწერათ, აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ ხვრინვის პრობლემა გაქვთ. მედიკამეტების ეს ჯგუფი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების მოდუნებას, ყელის არეში არსებული კუნთების მოდუნებამ კი შესაძლოა სასუნთქი გზების დახშობა გამოიწვიოს.

* თუ ეწევით, ეცადეთ, თავი დაანებოთ. მწეველობა, ჯანმრთელობის უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, სუნთქვის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.

 

 

პანიკური შეტევა

 პანიკური შეტევა შიშისა და შფოთვის უეცარი და სწრაფი მოზღვავებაა. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ძილშიც კი. პანიკურ შეტევას ხშირად თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – გულმკერდის ტკივილიც. ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს მის თავს რაღაც საშინელება ხდება. შიში, რომელსაც ის ამ დროს განიცდის, სრულიად არ შეესაბამება რეალობას.

 

როგორ ამოვიცნოთ

პანიკური შეტევა ერთბაშად ვითარდება და დაახლოებით 10 წუთში აღწევს პიკს. ის უმეტესად 20-30 წუთი გრძელდება. იშვიათად შესაძლოა ერთ საათს და უფრო მეტსაც გასტანოს.

პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელია:

* აჩქარებული და მძიმე სუნთქვა, ქოშინი;

* გულმკერდის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება;

* კანკალი;

* არარეალურობის, გარემოსგან გამოყოფის შეგრძნება;

* ოფლიანობა;

* გულისრევა;

* თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;

* ყურების შუილი;

* ცივი ან ცხელი ტალღის გადავლის შეგრძნება;

* სიკვდილის შიში და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება.

 

 

პანიკა თუ გულის შეტევა?

პანიკური შეტევის დროს სიმპტომები იმდენად მძაფრია, შესაძლოა გვეგონოს, რომ გულის შეტევა მოგვდის. მართლაც, ადამიანთა უმეტესობა ამ დროს გადაუდებელი დახმარების ცენტრში ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ზოგიერთი სიმპტომის – მაგალითად, გულმკერდის ტკივილის, ტაქიკარდიის, ჰიპერვენტილაციის – სხვა მიზეზები, ხშირად ისინი მხოლოდ პანიკის შედეგია.

 პანიკური აშლილობა

პანიკურ შეტევებს გართულება უმეტესად არ ახასიათებს, მაგრამ ხდება ისეც, რომ შეტევა გადაიზრდება მდგომარეობაში, რომელსაც პანიკური აშლილობა ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია:

* პანიკის უეცარი შეტევები, რომლებიც სპეციფიკურ სიტუაციებთან არ არის დაკავშირებული;

* გადაჭარბებული შფოთვა მომავალი შეტევის მოლოდინში;

* ქცევის შეცვლა, მაგალითად, იმ ადგილებისთვის თავის არიდება, სადაც წინა შეტევა (ან შეტევები) მოხდა.

 

მართალია, პანიკური შეტევა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ მრავალჯერადი განმეორების შემთხევაში მისთვის დამახასიათებელმა შეგრძნებებმა შესაძლოა უფრო მეტხანს გასტანოს. იმ ძლიერი, ყოვლისმომცველი შიშის გახსენება, რომელსაც შეტევის დროს განიცდიან, ძლიერ ნეგატიურად აისახება ადამიანის თავდაჯერებაზე, ემოციურ ფონსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

მიზეზები

პანიკური შეტევისა და პანიკური აშლილობის მიზეზი დანამდვილებით არ არის ცნობილი, მაგრამ შემჩნეულია, რომ ამ ფენომენს ხშირად გენეტიკური ხასიათი აქვს. აშკარაა მისი კავშირი სტრესულ სიტუაციებთან – საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან, განქორწინებასთან, სამსახურის დაკარგვასთან, ასევე – ცხოვრებაში მომხდარ გარდამტეხ ცვლილებებთან, მაგალითად, უნივერსიტეტში ჩაბარებასთან, სამსახურის პოვნასთან, დაქორწინებასთან, შვილის შეძენასთან.

პანიკური შეტევა შესაძლოა სამედიცინო ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად:

* გულის მიტრალური სარქვლის უკმარისობით (როდესაც სარქველი არასაკმარისად იხურება);

* ჰიპერთირეოიდიზმით;

* ჰიპოგლიკემიით;

* სტიმულატორების (ამფეტამინების, კოკაინის, კოფეინის) მოხმარებით.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

პანიკური შეტევისა და აშლილობის დროს ადეკვატურ თერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდებიც, რომელთა მეშვეობითაც თვითონვე შეგვიძლია მისი თავიდან აცილება.

ისუნთქეთ ღრმად. სუნთქვის კონტროლს დიდი როლის შესრულება შეუძლია პანიკური შეტევის თავიდან აცილებასა თუ შემსუბუქებაში.

თავი არიდეთ თამბაქოს, ალკოჰოლსა და კოფეინს. თუ ადამიანს ისედაც ახასიათებს პანიკური შეტევებისკენ მიდრეკილება, ამ ნივთიერებებმა შესაძლოა შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან, რომლებიც მასტიმულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.

მოსინჯეთ სარელაქსაციო აქტივობები. თუ იოგას მისდევთ, ბუნების წიაღში რეგულარულად სეირნობთ ან რელაქსაციის სხვა საშუალებებს მიმართავთ, იცოდეთ, რომ ერთიორად ამცირებთ პანიკური შეტევის განვითარების ალბათობას.

რეგულარულად ივარჯიშეთ. დღეში, სულ მცირე, ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა – აერობიკა, ცურვა, სირბილი, ცეკვა – საუკეთესო საშუალებაა პანიკისა და შფოთვის თავიდან ასაცილებლად.

საკმარისად იძინეთ. ღამის ძილის უკმარისობა საგრძნობლად ამძიმებს შფოთვით მდგომარეობებს, ასე რომ, ეცადეთ, 7-9-საათიანი ძილი თქვენი ყოველღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციოთ.

 

 

დიაგნოსტიკის პრინციპები

სასუნთქი სისტემის დაავადებათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პრობლემის მიგნების გზაც მრავალგვარია, კვლევის მეთოდების ამ ფართო სპექტრიდან კი ყველაზე ინფორმაციულისა და კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერისის არჩევას არსებითი და ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

კლინიკური ისტორია

სასუნთქი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა კლინიკური ანამნეზის დეტალური შეკრებითა და თითოეული სიმპტომის საგულდაგულო გაანალიზებით იწყება. ექიმი გამოგკითხავთ, რას უჩივით და აღნუსხავს სპეციფიკურ ჩივილებს – სუნთქვის გაძნელებას, უცნაურ ხმიანობას (სტვენა, ხრიალი, ხრინწს) სუნთქვის დროს, ხველას, სისხლიან ნახველს, ხვრინვას, ტკივილს გულმკერდის არეში და სხვა. თითოეული ეს სიმპტომი შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული, იზოლირებული, ერთმანეთთან ან ზოგად ჩივილებთან, მაგალითად, წონის კლებასთან, შეშუპებასთან, ღამის ოფლიანობასთან, დღის საათებში ძილიანობასთან  კომბინირებული.

ხშირად სწორედ კლინიკური ისტორია იძლევა იმის გასაღებს, რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს კვლევა. მისი საშუალებით წინასწარი დიაგნოზიც შეიძლება დაისვას.

 

გასინჯვა

ისტორიის გამოკითხვის შემდეგ ექიმი გასინჯვაზე გადავა, რომელიც მოცავს:

1. ინსპექციას (ვიზუალურ დათვალიერებას);

2. პალპაციას (პათოლოგიური უბნის ხელით გასინჯვას);

3. პერკუსიას (კაკუნით გამოწვეული ბიძგების მოსმენას);

4. აუსკულტაციას (ფონენდოსკოპით ან სტეთოსკოპით მოსმენას).

ინსპექციის დროს შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ნიშნების აღმოჩენა, როგორებიცაა, მაგალითად, ციანოზი (სილურჯე), გულმკერდის დეფორმაცია, შეშუპება. პალპაციით აღმოაჩენენ ლიმფური კვანძების გადიდებას, კანქვეშა სიმკვრივეს. პერკუსიით გულმკერდის განსაზღვრული უბნების მოყრუებაზე ან, პირიქით, მომატებულ რეზონანსზე იძლევა ინფორმაციას, აუსკულტაციის დროს კი ისმენენ სუნთქვის თანმხლებ პათოლოგიურ ხმებს – სტვენას, ხიხინს, ბრონქულ სუნთქვას და ა.შ.

გასინჯვის დროს მიღებულ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომი დიაგნოსტიკური პროცედურების ჯაჭვში.

 

ლაბორატორიული კვლევები

ლაბორატორიული კვლევების საშუალებით შეიძლება დადასტურდეს ან გამოირიცხოს ესა თუ ის პათოლოგია. მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზს, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში კეთდება, შეუძლია ინფორმაციის მოწოდება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესისა და ინფექციის შესახებ. იმის მიხედვით, რომელ დაავადებას ეჭვობს, ექიმმა შესაძლოა სხვა კვლევებიც მიიჩნიოს საჭიროდ. მაგალითად, თუ ალერგიულ ასთმას ვარაუდობს – იმუნოგლობულინ E-ს განსაზღვრა, თუ ტუბერკულოზს – ტუბერკულინის კანის სინჯი, თუ პულმონური ემბოლიაა სავარაუდო, აუცილებელია სისხლის შედედების ფაქტორების შეფასება, ავთვისებიან პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში კი – შესაბამისი სიმსივნური მარკერების განსაზღვრა.

 

ფილტვის ფუნქციის შეფასება

ფუნქციური სინჯების საშუალებით ირკვევა, რამდენად კარგად მოძრაობს ჰაერი ფილტვებში ჩასუნთქვისა თუ ამოსუნთქვისას და როგორია ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების ხარისხი. ყველაზე გავრცელებულ და ხშირად გამოყენებად ფუნქციურ სინჯებს მიეკუთვნება:

* სპირომეტრია. მისი საშუალებით განისაზღვრება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა, რაც ექიმს ეხმარება ფილტვების ობსტრუქციული და რესტრიქციული პათოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნაში, ობსტრუქციის ხარისხის დადგენაში, ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების ეფექტურობის შეფასებაში. ამ ტესტის ჩატარებისას პაციენტი ღრმად ჩაისუნთქავს და მთელი ძალით სწრაფად ჩაბერავს სპეციალურ მილში, რომელიც შეერთებულია შესაბამისი ინფორმაციის აღმრიცხველ ხელსაწყოსთან – სპირომეტრთან.

* პლეტიზმოგრაფია. მისი საშუალებით ირკვევა, რა მოცულობის ჰაერი ეტევა პაციენტის ფილტვებში მაქსიმალურად ღრმად ჩასუნთქვის დროს და რა მოცულობის ჰაერი რჩება მათში ამოსუნთქვის შემდეგ.

* სისხლში აირთა ცვლის განსაზღვრა. არტერიული სისხლის აირთა ცვლის განსაზღვრა ფილტვის ფუნქციის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული და მნიშვნელოვანი მეთოდია. ის აჩვენებს, როგორია ფილტვის მიერ სისხლის ჟანგბადით მომარაგებისა და ნახშირორჟანგის გამოდევნის უნარი და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობა (PH). მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა შესაძლოა სუნთქვით, მეტაბოლურ ან თირკმლის პათოლოგიაზე მიუთითებდეს. მისი საშუალებით ასევე შეიძლება შეფასდეს ჟანგბადის თერაპიის ეფექტურობა.

 

ვიზუალიზაციის საშუალებები

გულმკერდის რენტგენოგრაფია (X-Ray). რენტგენოგრაფია/რენტგენოსკოპია სასუნთქი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და უაღრესად მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია პნევმონიის დიაგნოზის დადასტურება. გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა ასევე ინფორმაციულია ფილტვის კიბოს, ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, ფიბროზისა და მრავალი სხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკის დროს.

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT). სასუნთქი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის მეორე ყველაზე ფართოდ გამოყენებადი რადიოლოგიური მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი საშუალებით შესაძლებელია გულმკერდის ღრუს ორგანოების კიდევ უფრო დეტალური ვიზუალიზაცია. ფილტვის კიბოს ადრეული ფორმებისა და მეტასტაზების დიაგნოსტირებაში ის შეუცვლელ როლს ასრულებს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). გულმკერდის ღრუს ორგანოთა დიაგნოსტიკაში MRI-ს მაგისტრალური სისხლძარღვებისა და გულის ვიზუალიზაციისთვის იყენებენ. ასევე დიდია მისი როლი შუასაყრისა და გულმკერდის კედლის სიმსივნური ინვაზიების დიაგნოსტიკაში.

 

ინვაზიური მეთოდები

როდესაც შედარებით მარტივი მეთოდები საკმარის ინფორმაციას არ იძლევა, ინვაზიური მეთოდების გამოყენებაზე გადადიან. მათგან ყველაზე გავრცელებულია ბრონქოსკოპია: სპეციალურ მილზე მიმაგრებული კამერით ქვედა სასუნთქ გზებში შედიან და უშუალოდ ათვალიერებენ, საჭიროების შემთხვევაში კი საეჭვო უბნიდან იღებენ ბიოფსიურ მასალას, რომელსაც შემდგომ ჰისტომორფოლოგიურად შეისწავლიან.

გვანცა გოგოლაძე

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: