რა გვეშლება მშობლებს?

გააზიარე:

შეცდომები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველა ვცდებით, მაგრამ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს საკუთარი ქმედებების მიმართ, რადგან აღზრდისას დაშვებულმა ერთი შეხედვით უწყინარმა შეცდომამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი შვილის ჩამოყალიბებაზე.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი: დილაა, ადექით, ჩაიცვით, საუზმე მოამზადეთ, ბავშვი გააღვიძეთ, რათა ჩააცვათ, ასაუზმოთ და ბაღში წაიყვანოთ, მერე კი სამსახურში გაიქცეთ. ყველაფერი წამებში გაქვთ გათვლილი, მაგრამ პატარა ტირის და ბაღში წასვლაზე უარს ამბობს. ასეთ დროს რას არ იზამთ, რომ ბავშვმა ტირილი შეწყვიტოს და წამოგყვეთ. თუ ხვეწნამ არ გაჭრა, ბევრი მშობელი მუქარას მიმართავს: “შეწყვიტე ტირილი, თორემ წავალ და სახლში მარტო დარჩები!” ამ დროს არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ მოიქცევა, თუ ბავშვმა ბაღში წასვლას მართლაც შინ დარჩენა ამჯობინა. რასაკვირველია, ეს შეუძლებელია და საბოლოოდ მაინც მოგიწევთ მისი ბაღში წაყვანა, პატარა კი დაიმახსოვრებს, რომ დედიკო ყოველთვის არ ასრულებს მუქარას, რაც თქვენს “მკაცრ” რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.
სტატიაში მსგავს პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომელთაგან ბევრი შესაძლოა თქვენთვის ნაცნობი აღმოჩნდეს და ვეცდებით, ფსიქოთერაპევტ ბონი მასლინის რჩევებით დაგეხმაროთ მათ გადაჭრაში.

ნუ დააშინებთ
როდესაც ბავშვი არ გემორჩილებათ, თითქოსდა უწყინარი დაშინება მართლაც ეფექტური მეთოდია. ბონი მასლინი იხსენებს შემთხვევას, როდესაც პატარა გოგონას მომვლელთან ერთად შინ დარჩენა არ უნდოდა. გაბრაზებულმა დედამ შვილს მეზობელ სახლზე მიუთითა და უთხრა, რომ თუ წუწუნს არ შეწყვეტდა, იმ სახლში დატოვებდა. იქ კი ბოროტი ტყის კაცის საბავშვო ბაღი იყო, სადაც ბავშვებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ.
რასაკვირველია, პატარა გოგონაზე ამან გაჭრა და იმ დღის შემდეგ აღარ უწუწუნია, მაგრამ როდესაც მართლა დადგა მისი საბავშვო ბაღში მიყვანის დრო, ბავშვი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ყველა საბავშვო ბაღს ბოროტი ტყის კაცი მართავდა, მშობლებს მისი ფსიქოთერაპევტთან მიყვანა მოუხდათ შიშის გასაქრობად.
ბონი მასლინი მიიჩნევს, რომ ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ დიალოგს და დათმობას. შეშინება მიუღებელია. ესაუბრეთ მას არა მარტო მსგავს, არამედ მშვიდ სიტუაციაშიც, როდესაც თამაშობთ ან უბრალოდ ერთად სეირნობთ ეზოში. ასე იგი უკეთ გაიაზრებს, რატომ არის მისი ქცევა მიუღებელი. შეგიძლიათ გულახდილად უთხრათ, რომ, მისი არ იყოს, არც თქვენ გეხალისებათ ყოველ დილით ადრე ადგომა და სამსახურში წასვლა, მაგრამ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ყველას გვიწევს რაღაცის კეთება, არა იმიტომ, რომ ასე გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო და ეს არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც ეხება.

ნუ დაიხევთ უკან
უკან დახევა და ფუჭი მუქარა ბავშვის დაუმორჩილებლობის გარანტიაა. თუ თქვენი შვილი მეგობარს სათამაშოებს ხელიდან სტაცებს, თქვენ კი მხოლოდ მუქარით: “ახლავე დაუბრუნე სათამაშო, თორემ წაგართმევ!” – შემოიფარგლებით, იცოდეთ, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. ბავშვი მხოლოდ იმ დასკვნას გამოიტანს, რომ შეუძლია, თამამად გააგრძელოს სუსტის ჩაგვრა, თქვენს მუქარას კი ყურადღება არ მიაქციოს.
ბავშვისთვის გაუთავებლად იმის ძახილი, რომ სხვა ბავშვს არ ჩაარტყას, თორემ სახლში წაიყვანთ, არაფერს მოგცემთ. ასჯერ თქმას სჯობია, ერთხელ იმოქმედოთ. თუ გააფრთხილეთ, რომ ერთი ჩარტყმაც და სახლში წაიყვანდით, ასეც უნდა მოიქცეთ. ბავშვი დაიმახსოვრებს, რომ არ ხუმრობთ და თქვენს სიტყვებს შესაბამისი მოქმედება მოჰყვება.

ნუ აპატიებთ ბავშვს მეუღლისგან მალულად
თუ მამა ბავშვს ცუდი საქციელისთვის გაუბრაზდა და საღამოს სახლში დატოვებით დასაჯა ან კომპიუტერის გამოყენება აუკრძალა, თქვენ კი სასჯელი მეტისმეტად მკაცრად მიიჩნიეთ და მეუღლისგან მალულად ოთახში ლეპტოპი შეუტანეთ, არ გეგონოთ, რომ ეს მას სიკეთეს მოუტანს. ამით ბავშვის თვალში მამას რეპუტაციას შეულახავთ და შვილს მისდამი უარყოფით დამოკიდებულებას გაუჩენთ.
თუ ადეკვატური სასჯელის თაობაზე თქვენ და თქვენს მეუღლეს სხვადასხვა აზრი გაქვთ, დასხედით და ერთად შეიმუშავეთ ორივესთვის მისაღები წესები, რომლებსაც ერთმანეთისგან მალულად არც ერთი არ დაარღვევთ.

ნუ მოქრთამავთ
ზოგჯერ კარგი საქციელის წახალისება გამართლებულია, მაგრამ შოკოლადით და სხვა ნუგბარით ბავშვის მუდმივად მოთაფვლა კარგ შედეგს არ გამოიღებს. ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ ბავშვი იმისთვისაც “ქრთამს” მოგთხოვთ, რასაც აქამდე ძალდაუტანებლად აკეთებდა.
ნუ გეგონებათ, რომ ბავშვისთვის ქება არაფერს ნიშნავს. თქვენს სიტყვებს, რომ მისით ამაყობთ, რომ ბედნიერი ხართ, რადგან ასეთი კარგი შვილი გყავთ, ვერავითარი ნუგბარი ვერ შეედრება. იგივე ითქმის საყვედურზეც. მშობლისგან იმის მოსმენა, რომ იმედი გაუცრუეთ და გული ატკინეთ, ნებისმიერ ასაკში მოქმედებს. შესაძლოა, შვილისთვის ამის თქმა გაგიჭირდეთ, მაგრამ ეს ბავშვს ნამდვილად დააფიქრებს თავის შეცდომაზე და მომავალში ეცდება, იგივე აღარ გაიმეოროს.

ნუ დაარღვევთ საკუთარ წესებს
მასლინი აღწერს შემთხვევას, როდესაც ბავშვს ცუდი საქციელისთვის მშობლები ხელებში მსუბუქად ურტყამდნენ. ბავშვზე ეს მეთოდი ჭრიდა, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ბაღის აღმზრდელმა შესჩივლა, რომ მათი შვილი სხვა ბავშვებს ხელებში ურტყამდა, მიხვდნენ, რომ მათი საქციელი არასწორი იყო და, იმავდროულად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – შვილს ვეღარ ეტყოდნენ, რომ ხელებში ჩარტყმა ცუდი საქციელია, რადგან პატარამ ეს საქციელი სწორედ მათგან გადაიღო.
მასლინი ამ დროსაც დიალოგს გვთავაზობს. ნუ შეგეშინდებათ ბავშვთან იმის აღიარების, რომ შეცდით. დაელაპარაკეთ, აუხსენით, რომ ეს არასწორი საქციელია და შესთავაზეთ, ერთად მოიფიქროთ მისი ალტერნატივა.

ნუ დაკარგავთ წონასწორობას
პატარები მშობლების წყობიდან გამოყვანის ნამდვილი ოსტატები არიან. შესაძლოა, თავი ვერ შეიკავოთ და უყვიროთ, შეანჯღრიოთ, იტიროთ კიდეც მათ წინაშე. მასლინი მიიჩნევს, რომ ეს დაუშვებელია.
როგორც კი შეატყობთ, რომ ნერვები აღარ გემორჩილებათ და ცოტაც და აფეთქდებით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ათამდე დაითვალეთ. ეს აპრობირებული მეთოდია და დამშვიდებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ნუ დაიცდით მეტისმეტად დიდხანს
თუ ბავშვი საუზმეს პირს არ აკარებს, თქვენ კი ემუქრებით, რომ თუ ახლავე არ შეჭამს, ღამით ზღაპარს არ წაუკითხავთ, ჩათვალეთ, რომ თქვენს მუქარას ბავშვი ცალი ყურიდან შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს. პატარებს დროის შეგრძნება ნაკლებად აქვთ განვითარებული, ამიტომ ძილის წინ ის ვერც კი გაიხსენებს, რატომ ეუბნებით უარს ზღაპრის წაკითხვაზე. მეტიც – დიდი შანსია, თქვენც გადაგიაროთ გაბრაზებამ და დანაპირები აღარ შეასრულოთ.
მასლინი გვეუბნება, რომ საუკეთესო გზა მოქმედებაა. თუ ქვიშაში თამაშის დროს თქვენი შვილი სხვა ბავშვს ქვიშას აყრის, ნუ დაემუქრებით, რომ ხვალ მეგობართან სტუმრად აღარ გაუშვებთ, უბრალოდ ნიჩაბი გამოართვით.
მასლინი გვარწმუნებს, რომ მოთმინებითა და ნებისყოფით ბავშვის აღზრდა გაცილებით ადვილია. შესაძლოა, მუქარით ან ხმის აწევით უფრო სწრაფი შედეგი მიგეღოთ, მაგრამ ბავშვის სწორად ჩამოყალიბებისთვის ჯობს, მსხვერპლი გაიღოთ. იყავით მომთმენი, ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და აღზარდეთ შვილი მშვიდად და გაწონასწორებულად.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: