რატომ უდიდდებათ ბავშვებს ლიმფური კვანძები?

გააზიარე:

ლიმფადენოპათია, ლიმფური კვანძების გადიდება, მშობლებს აშინებთ, თუმცა ხშირად უსაფუძვლოდ – ზრდასრულებთან თუ ის უმეტესად ინფექციურ ან სიმსივნურ პროცესზე მიანიშნებს, ბავშვებთან ყოველთვის არ არის პათოლოგიის მანიშნებელი.

ლიმფური სისტემა და მისი როლი
ლიმფური კვანძები ლიმფური სისტემის ნაწილი და იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმის გასაგებად, როდის და რატომ დიდდება ისინი, უნდა ვიცოდეთ, რა არის ლიმფური სისტემა, რისგან შედგება და რა როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში.
ლიმფური სისტემა სისხლის მიმოქცევის სისტემის ნაწილია. ლიმფურ კვანძებთან ერთად მისი მნიშვნელოვანი კომპონენტებია ლიმფური წნულები, ლიმფური ძარღვები და ლიმფოიდური ორგანოები, რომლებშიც ლიმფოციტები წარმოიქმნება. ლიმფური ძარღვები მთელ სიგრძეზე მიუყვება სისხლძარღვებს და მთელ ორგანიზმს მოიცავს. მათი მთავარი დანიშნულება სხეულში ლიმფის მიმოტანაა. ლიმფა გამჭვირვალე სითხეა, რომელიც ძალიან ჰგავს სისხლის პლაზმას. ის შედგება კაპილარებიდან გამოჟონილი სისხლისგან, უჯრედშორის სივრცეში არსებული ჭარბი სითხისა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებისგან, რომლებიც უჯრედშორისი სივრციდან იქვე მდებარე ლიმფურ კაპილარებში შედის. ლიმფის მთავარი ფუნქციაა ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტის გამოტანა, კაპილარებიდან გადმოსული პლაზმის ცილების სისხლის მიმოქცევის სისტემაში დაბრუნება, ორგანიზმში წყლის გადანაწილება და ბაქტერიებისა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების ლიმფურ კვანძებამდე მიტანა, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება.
ლიმფური კვანძები ერთმანეთს ლიმფური ძარღვებით უკავშირდება. ამ ძარღვების მეშვეობით, როგორც ვთქვით, ლიმფა შედის ლიმფურ კვანძებში, სადაც ის იფილტრება, პათოგენური ორგანიზმებისგან იწმინდება და ლიმფური ძარღვების მეშვეობით კვლავ სისხლის მიმოქცევის წრეში ბრუნდება.

რატომ დიდდება
ლიმფური კვანძები ლობიოს ფორმის ლიმფოიდურქსოვილოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც, როგორც ვთქვით, მთელ სხეულშია განლაგებული, ზოგი – ზედაპირულად, კანთან ახლოს, ზოგი კი ღრმად. ხელით მოსინჯვისას ნორმალურ კვანძებს ვერ შევიგრძნობთ, მაგრამ როდესაც ლიმფური ძარღვებით მათში შესული ლიმფა პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვირუსებს, ბაქტერიებსა თუ სიმსივნურ უჯრედებს შეიცავს, მათ უვნებელსაყოფად გამოთავისუფლდება ლიმფოციტები – იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმისთვის უცხო, პათოგენურ აგენტებს ებრძვის. სწორედ იმუნური უჯრედების გამოთავისუფლება და აქტიურობა იწვევს კვანძების გადიდებას, ამიტომ ლიმფადენოპათია თითქმის ყოველთვის ორგანიზმში მიმდინარე ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციასთან ან სიმსივნურ პროცესთან ასოცირდება. როდესაც პათოლოგიური პროცესი უკან იხევს, ლიმფური კვანძებიც თავდაპირველ ზომას უბრუნდება, თუმცა შესაძლოა, დაავადების უკუგანვითარების შემდეგაც დიდხანს დარჩეს შეშუპებული ან გამკვრივებული, ან დაუბრუნდეს თავდაპირველ ზომას, მაგრამ სიმკვრივე შეინარჩუნოს და ხელით გასინჯვისას იგრძნობოდეს.

სად ისინჯება
გადიდებისას ხელით ისინჯება მხოლოდ ზედაპირული ლიმფური კვანძები, რომლებიც საზარდულის, იღლიის, ლავიწზედა არეში, კისერზე, ყბის ქვეშ, ნიკაპქვეშ, ყურების უკან, კეფაზე მდებარეობს.

ნორმა თუ პათოლოგია
ლიმფური კვანძების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ასაკს, რადგან კვანძების ნორმალური ზომა ასაკთან ერთად იცვლება. სქესობრივ მომწიფებამდე ლიმფური ქსოვილი დროდადრო იზრდება, ამიტომ ოთხიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გადიდებული ლიმფური კვანძები ხშირად ნორმაა. გადიდებულად მიიჩნევა ერთ სანტიმეტრზე დიდი ზომის კვანძი. ყველაზე ხშირად დიდდება კისრის, ნიკაპქვეშა, ყბისქვეშა, იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფური კვანძები. კვანძების დიდი ჯგუფია განლაგებული გულმკერდსა და მუცელშიც. მათი დანახვა შესაძლებელია რენტგენის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით.

ადგილმდებარეობა განსაზღვრავს მიზეზს
გადიდების მიზეზის დადგენაში ხშირად ლიმფური კვანძის ადგილმდებარეობა გვეხმარება. მაგალითად, კეფის კვანძების გადიდება უმეტესად თავის კანის ადგილობრივ ინფექციაზე მიუთითებს, კისრის კვანძები შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის, სტრეპტოკოკული ფარინგიტის, ინფექციური მონონუკლეოზის, მწვავე ბაქტერიული ლიმფადენიტის, წითელას, წითურას, ტოქსოპლაზმოზის ან ტუბერკულოზის დროს გადიდდეს, ყბისქვეშა ლიმფური კვანძები, წესისამებრ, კბილებსა და პირის ღრუში არსებული ინფექციური პროცესის დროს დიდდება, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება უმეტესად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის, ადგილობრივი ინფექციის, იმუნიზაციის შემდგომი რეაქციის, ჰიდრადენიტის, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ნიშანია, ლავიწზედა ლიმფური კვანძების გადიდება კი ავთვისებიანი პროცესის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს.
მწვავე ვირუსული რესპირაციული ინფექციის დროს ზოგჯერ რამდენიმე ჯგუფის ლიმფური კვანძები დიდდება, ვითარდება გენერალიზებული ლიმფადენოპათია, რაც ორგანიზმში ვირუსის შეჭრის შედეგად განვითარებული ჭარბი იმუნური პასუხის შედეგია.

რა იწვევს
ლიმფადენოპათია შესაძლოა შეგვხვდეს ისეთი პათოლოგიური პროცესების დროს, როგორებიცაა:
* ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
* საკუთრივ ლიმფური კვანძების ინფექცია (ლიმფადენიტი);
* კიბო (თანდართული სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით);
* რეაქცია მედიკამენტებზე – ზოგიერთ ანტიბიოტიკზე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებზე;
* იუვენილური (16 წლამდე ასაკის მოზარდთა) ართრიტი და სახსართა სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.

როგორ ვლინდება
როგორც ვთქვით, ნორმალურია, როცა ბავშვებთან პალპაციის დროს ზოგიერთ ლიმფურ კვანძს კანქვეშ შევიგრძნობთ როგორც მცირე ზომის მოძრავ წარმონაქმნს, მაგრამ თუ კვანძები ჩვეულებრივზე დიდია, ეს შესაძლოა პათოლოგიის ნიშანი იყოს. კლინიკური სურათი სხვადასხვანაირია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
* ლიმფური კვანძების გადიდება ან შეშუპება კისრის, ყბისქვეშა, იღლიის, საზარდულის და სხვა არეებში;
* ტკივილი და სიწითლე კვანძების საპროექციო არეში.
სპეციფიკური სიმპტომები მიზეზზეა დამოკიდებული და მოიცავს:
* ცხელებას;
* რესპირატორულ სიმპტომებს – ყელის ტკივილს, ხველას;
* უმადობას;
* სახსრების ტკივილს;
* თავის ტკივილს.

როდის მივმართოთ სპეციალისტს
თუ შეამჩნიეთ ყბისქვეშა, კისრის, კეფის, იღლიისქვეშა ან საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება და, ამასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მიმართეთ პედიატრს.

დიაგნოსტიკა
ექიმი დაგისვამთ კითხვებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად. მას დააინტერესებს ის გარემოებები და ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს, მაგალითად: ჰქონდა თუ არა ბავშვს კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან, ხომ არ გყავთ კატა ან სხვაგან ხომ არ ჰქონდა ბავშვს კონტაქტი კატასთან – საქმე ის არის, რომ კატის ნაკაწრმა ბავშვებში შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდება გამოიწვიოს (ეს კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელსაც კატის ნაკაწრის დაავადება ეწოდება). ამის შემდეგ ხელით გასინჯავს ლიმფური კვანძების საპროექციო ადგილებს, შეამოწმებს კვანძების ზომასა და მდებარეობას, იკითხავს, რამდენი ხანია, გადიდებულია და არის თუ არა მტკივნეული.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა:
* სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი;
* გულმკერდის რენტგენოგრაფია;
* ლიმფური კვანძების ბიოფსია (თუ კვანძები 3-4 კვირაზე მეტია გადიდებულია, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს ბიოფსია და ლიმფოიდური ქსოვილის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ).
სიმპტომების განვითარების შესაბამისად, ბავშვს შესაძლოა ჰემატოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაც დასჭირდეს.

მკურნალობა
ლიმფური კვანძების გადიდება ყოველთვის არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. საჭიროების შემთხვევაში, მიზეზის შესაბამისად, შესაძლოა დაინიშნოს:
* ანტიბიოტიკოთერაპია (როდესაც გამომწვევია ბაქტერიული დაავადება – ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია, ყურის ან კანის ინფექციები);
* ანტიბიოტიკოთერაპია ლიმფური კვანძების დრენირებით (საკუთრივ კვანძების ინფექციის დროს);
* ქირურგიული ჩარევა.
შესაძლოა მოგიხდეთ განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ.

გართულებები
ამრიგად, ლიმფადენოპათია ორგანიზმის ნორმალური პასუხია ინფექციასა თუ სხვა დაავადებაზე. გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს, თუ დაგვიანდა მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის – ინფექციისა თუ ავთვისებიანი დაავადების – მკურნალობა. ასე რომ, ყურადღებით იყავით, რათა მოსალოდნელი გართულებები თავიდან აიცილოთ.


მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: