ზურაბ ტაბიძე – ექიმი და მამულიშვილი

გააზიარე:

ამბობენ, კარგი ექიმისა სიტყვაც კურნავსო. ასეთი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის მთავარი გასტროენტეროლოგი ზურაბ ტაბიძე – პაციენტების იმედი, მათი ტკივილის გამთავისებელი, განკურნების რწმენის მიმცემი. მისი საქმიანობა გასტროენტეროლოგიით არ შემოფარგლულა – ის მედიცინის სხვა დარგებშიც მოღვაწეობდა. მრავალმხრივ ნიჭიერი, კარგი მეგობარი, მზრუნველი მასწავლებელი უდროოდ, 54 წლისა გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ქართული შინაგანი მედიცინის ისტორიაში ღრმა კვალის დატოვება მოასწრო.

ზურაბ ტაბიძის შესახებ მისი მეგობარი და კოლეგა ხუტა პაჭკორია მოგვითხრობს:

 

– ზურაბ ტაბიძე 1949 წლის 15 ივნისს დაიბადა ხონში. მისი მშობლები რეპრესირებულთა ოჯახებიდან იყვნენ. მამამისი, შოთა ტაბიძე, მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ფრონტის ერთ-ერთი სამედიცინო-სანიტარიული ბატალიონის უფროსი გახლდათ. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ფთიზიატრიის კათედრასა და ტუბდისპანსერში მუშაობდა. მოგვიანებით თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტისა და სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი გახდა.

შოთა იყო შვილი ნეოლინა ბოცვაძისა – ქალთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი მოძრაობის აქტიური წევრისა – და არტემ ტაბიძისა – ცნობილი ეკონომისტისა, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ამავე რეპრესიებს შეეწირა ზურას მეორე ბაბუაც – ცნობილი ექიმი სპირიდონ ჯალაღანია და ზურას დედა, ნაზი, უმამოდ გაზარდა დედამისმა, ვერა ბახტაძემ. მოგვიანებით ნაზი თბილისის სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგედ მუშობდა.

ასეთ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა ზურა. წარჩინებით, ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ინსტიტუტიც წითელი დიპლომით დაამთავრა 1972 წელს და მაშინვე გაანაწილეს ექიმად ბორჯომში. იქ რამდენიმე წელი მუშაობდა: საავადმყოფოში, პოლიკლინიკაში, სანატორიუმ “ლიკანში”. პარალელურად ასპირანტურაში სწავლობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე. მერე რამდენიმე წელი ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად მუშაობდა.

1987 წელს ზურაბი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად დანიშნეს. სიცოცხლის ბოლომდე ამ კათედრაზე მუშაობდა, ჯერ  – დოცენტად, 1995 წლიდან კი კათედრის  პროფესორად და სპეციალიზებული საბჭოს სწავლულ მდივნად. იყო გამოჩენილი თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, კოაგულოლოგი, ჰემატოლოგი.

 

სამეცნიერო მოღვაწეობა

– ზურაბს განსაკუთრებით აინტერესებდა სისხლის შედედების საკითხები. ფაქტობრივად, მან დანერგა პროფესორ მარიამ მაჩაბელთან ერთად საქართველოში ახალი დარგი – კოაგულოლოგია. მისი დისერტაციებიც ამ სფეროს ეხებოდა: საკანდიდატო (1978 წელი) – ჰემოკოაგულაციას ბრონქული ასთმითა და ასთმური სინდრომით მიმდინარე ქრონიკული პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან, და სადოქტორო (1991 წელი) – ჰემოკოაგულაციის მოშლას და გასტროდუოდენურ წყლულოვან დაზიანებას ბრონქული ასთმითა და ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებთან.

ზურაბმა გამოაქვეყნა სამი მონოგრაფია და ასზე მეტი ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილიც კლინიკურ კოაგულოლოგიას ეხება. საქართველოში პირველმა დაიწყო შინაგანი ორგანოების (კუჭის, თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის) ქსოვილოვანი ჰემოკოაგულაციური და ფიბრინოლიზური ფერმენტების შესწავლა.  შეისწავლა ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლები სხვადასხვა დაავადების დროს. გამოაქვეყნა მეთოდური მითითებები და სახელმძღვანელოები. საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა კოლაგენის გენეტიკური დაავადება – ელეს-დანლოს სინდრომი, რომელსაც მონოგრაფია მიუძღვნა.

1976-1988 და 1988-1996 წლებში ზურაბ ტაბიძემ შეისწავლა საქართველოს ჯანმრთელი მოსახლეობის სისხლის შედედების მდგომარეობა და შემაშფოთებელი ტენდენცია აღმოაჩინა – ბოლო ათწლეულში სისხლის შედედების და, შესაბამისად, თრომბოზის შემთხვევათა მატება. ეს ფაქტი ზურაბმა ქვეყნის თავს დატეხილ კატაკლიზმებს დაუკავშირა.

ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა ამერიკასა და ევროპაში. მის გამო აირჩიეს ზურაბ ტაბიძე ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად და დიდი ბრიტანეთის ჩარლზ დარვინის სამეცნიერო საზოგადოების უცხოელ წევრად (სხვათა შორის, ის და ვახტანგ ბოჭორიშვილი ერთდროულად გახდნენ ამ ორი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების წევრები).

გარდა ამისა, ზურაბ ტაბიძე იყო აშშ ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, საქართველოს არაერთი სამედიცინო ასოციაციის წევრი.

 

შტრიხები პორტრეტისთვის

– ზურა შესანიშნავი ექიმი გახლდათ, ჭეშმარიტად უვერცხლო მკურნალი, საოცარი თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული და ღრმად მორწმუნე. ავადმყოფის ტკივილი საკუთარივით სტკიოდა და მაინც ახერხებდა იმედის მიცემას. სჯეროდა სიტყვის ძალის. ამიტომაც იდგა მის კაბინეტთან მუდამ პაციენტების რიგი. ვის აღარ ნახავდით მათ შორის... ზურაბ ტაბიძის დამსახურებაა, რომ მერაბ კოსტავას დედამ, ქალბატონმა ოლღამ, 87 წლამდე იცოცხლა.

იყო შესანიშნავი პედაგოგი, აღმზრდელი, დამრიგებელი. ექიმთა არაერთი თაობა აღზარდა და შეაყვარა თერაპია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია, კოაგულოლოგია.

სტუდენტებთან ძალიან კორექტული იყო და, იმავდროულად, მოსიყვარულეც. თავადაც ყველას უყვარდა. სტუდენტებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ვერ ეგუებოდა უსამართლობას. დაჟინებით, მაგრამ ტაქტიანად ცდილობდა სიმართლის გატანას. ამ ღირსეულ პიროვნებას არაკეთილმოსურნეებიც კი დიდ პატივს სცემდნენ.

ჰყავდა უამრავი მეგობარი. მისი მეგობრები იყვნენ ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი ამირან გამყრელიძე, შიდსის ეროვნული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმები ირაკლი მჭედლიშვილი, ნიკო გონგაძე, რომან ლაბაძე, ბიძინა მაჭავარიანი, ალეკო მაჭავარიანი, თემურ აბაშიძე და მრავალი სხვა.

იყო ძალიან ნაკითხი. საოჯახო ბიბლიოთეკაში წიგნები აღარ ეტეოდა. დიდად აფასებდა აკაკი წერეთლის მკურნალ ექიმს სამსონ თოფურიას, რომელმაც 1900-იან წლებში ქუთაისში უფასო საავადმყოფო გახსნა, სადაც ჩვენი დიდი მგოსანიც მკურნალობდა.

ზურას ძალიან მოსწონდა აკაკის მიერ სამსონ თოფურიასადმი მიძღვნილი ლექსი – ამბობდა, ასეთი სტრიქონები არც ერთი ექიმისთვის არავის მიუძღვნიაო.

ჭირსა და ლხინში ერთნაირად ედგა მხარში მეგობრებს. რაც უფრო ღარიბი და გაჭირვებული იყო ადამიანი, მით უფრო გულმოდგინე ჭირისუფალი ხდებოდა.

ბრწყინვალე იუმორის გრძნობა ჰქონდა. ადვილად შეეძლო ადამიანის შთაგონება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეროვნულ საკითხებს შეეხებოდა. ეროვნულ სულისკვეთებას სტუდენტებსაც უძლიერებდა.

 

ეროვნული მოძრაობა

– ზურაბი, თავგადაკლული მამულიშვილი, ყველაფერში ქართულ ძირებს ეძებდა, ამაყობდა ქართული გენით და სწამდა ქართველების ნიჭიერების მედიცინაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, სპორტში... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეროვნული სულისკვეთება ჩემში მან გააღვიძა.

მისი ოჯახიც ამ სულისკვეთებით იყო აღსავსე. რეპრესიებმა ისინი ტოტალიტარულ რეჟიმთან მებრძოლებად აქცია. ამის გამო ზურაბს ბევრი უსიამოვნებაც შეხვედრია – ხელს უშლიდენ დაწინაურებაში და სხვა.

მისი და, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე, ჰელსინკის ჯგუფისა და “მრგვალი მაგიდის” აქტიური წევრი იყო, ზურაბი კი ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ნოდარ ტაბიძესთან, გალაკტიონის ძმისშვილთან.

1989 წლის 9 აპრილის საღამოს, მიტინგის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, მერაბ კოსტავას გამოსვლამდე, ხალხს ზურაბმა მიმართა. იმ გამოსვლას მეც ვესწრებოდი. კარგად მახსოვს, რომ მაშინდელი მდგომარეობა შეაფასა რუსეთის იმპერიის უკანასკნელ გაბრძოლებად – იმპერიისა, რომელსაც კბილები უკვე მოცვეთილი ჰქონდა.

ზურაბი კარგი ორატორი გახლდათ. იმ დღეს მისი გამოსვლა ორატორული თვალსაზრისითაც და შინაარსითაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო მერაბ კოსტავას შემდეგ.

სხვათა შორის, ზურაბს გარეგნობითაც და ქცევითაც ხშირად ადარებდნენ მგზნებარე მამულიშვილს მიხაკო წერეთელს. მისი სიტყვაც ცეცხლს ჰგავდა, რომლის სიმხურვალეც დიდხანს მიჰყვებოდა მსმენელს.

ზურაბმა ძალიან მძიმედ გადაიტანა მიტინგის დარბევა და შემდგომი მოვლენები. დარბევის მეორე დღეს, 10 აპრილს, მან გრანდიოზული მიტინგი გამართა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საბჭოთა ხელისუფლების აგენტურა მის თითოეულ სიტყვას იწერდა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

 

სიკვდილის პირისპირ

– ალბათ, დარდმაც შეურყია ჯანმრთელობა და საბოლოოდ ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. თოთხმეტი წელი ებრძოდა საშინელ ტკივილს, მაგრამ სულით არ დაცემულა, იქით ამხნევებდა მეგობრებს. სიკვდილსაც უდრტვინველად, ვაჟკაცურად შეეგება. ის 2003 წელს გარდაიცვალა. ოჯახი არ დარჩენია. მისი ხსოვნა დის ოჯახმა შემოინახა.

თოთხმეტი წელი გავიდა ზურაბის გარდაცვალებიდან, მაგრამ მის არყოფნას დღემდე ვერ შევეგუე, მისი დანაკლისი ვერაფრით შევივსე. მე და ჩემს მეგობრებს განზრახული გვაქვს, გამოვცეთ წიგნი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ექიმ მოღვაწეებზე, რომელშიც ზურაბი საკადრის ადგილს დაიკავებს ლატავრა ფოჩიანის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, მერაბ საყვარელიძის, და-ძმა მანანა და კობა კოპლატაძის და სხვათა გვერდით.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: