როგორ მოვამზადოთ უფროსი შვილი ახალშობილის დასახვედრად?

გააზიარე:

ბავშვის დაბადებას როგორც მშობლების, ისე უფროსი და-ძმების ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეაქვს. უფროსი შვილი ხედავს, რომ დედ-მამა მთელ ძალისხმევას ახალშობილის დასახვედრად მზადებას ახარჯავს და სახლში მოყვანის შემდეგაც პატარაა მათი ყურადღების ცენტრში.

ბავშვებს უჭირთ ამ ცვლილებათა მიზეზის გაზრება. თუ არ დაეხმარეთ, შესაძლოა იეჭვიანონ და უკმაყოფილება ცუდი საქციელით გამოხატონ.

ამ ყველაფერს თავიდან აიცილებთ, თუ ბავშვს სწორად მოამზადებთ პატარას დასახვედრად.

ორსულობის შესახებ საუბარი, ამ პროცესის მისთვის გასაგებ ენაზე ახსნა, ახალშობილის მოვლაში ჩართვა ძალიან გაუადვილებს ბავშვს შეგუების პროცესს.

 

მოლოდინის თვეები

უმცროსი და-ძმის დაბადებას ყველაზე მეტად სკოლამდელი ასაკის ბავშვები განიცდიან. მარტივი ენით მოუყევით მოსალოდნელი ამბის შესახებ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დროის აღქმა ჯერ კიდევ ცუდად აქვთ განვითარებული, ამიტომ ვერაფერს გაიგებენ, თუ ეტყვით, რომ პატარა ორ თვეში გაჩნდება. უმჯობესია უთხრათ, რომ უმცროსი დაიკო ან ძამიკო თქვენს ოჯახში ზამთარში შემოვა, მაშინ, როდესაც გარეთ ძალიან აცივდება.

რა დოზით შეიძლება ინფორმაციის მიწოდება, ამას ბავშვი თვითონ მიგახვედრებთ. ენდეთ მის ცნობისმოყვარეობას და იხელმძღვანელეთ მისივე კითხვებით. დიალოგისთვის კარგად მოემზადეთ, რადგან სწორედ თქვენს პასუხებზეა დამოკიდებული, როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება უფროს შვილს მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ.

ოთხი წლის პატარამ შესაძლოა გკითხოთ: “საიდან ჩნდებიან ბავშვები?” ეს კითხვა ნუ შეგაშინებთ – ამ ასაკში ბავშვი იმას კი არ გეკითხებათ, რა გზით ჩნდება ადამიანი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით – საიდან. პასუხი მარტივია: დედიკოს მუცლიდან. მარტივად მიუდექით საკითხს და ეცადეთ, რეალობა ბავშვის თვალით დაინახოთ.

თუ ბავშვმა განსაკუთრებული ინტერესი გამოამჟღავნა მომავალი დაიკოს ან ძამიკოს მიმართ, მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სხვადასხვა სახალისო ხერხით შეიძლება:

•              დაათვალიერებინეთ თავისი ჩვილობის დროინდელი ფოტოები, მოუყევით, როგორი იყო ამ ასაკში.

•              წაუკითხეთ წიგნები ბავშვის დაბადებაზე (თუ ისინი მის ასაკს შეესაბამება).

•              სტუმრად წაიყვანეთ ნაცნობებთან, რომლებსაც ჩვილი ჰყავთ და მიეცით საშუალება, მასთან ერთად გაატაროს დრო.

•              ერთად მოიფიქრეთ პატარას სახელი.

•              ექიმთან ვიზიტზე წაიყოლეთ შვილიც და პატარას გულისცემა მოასმენინეთ.

ზოგიერთ სამშობიარო სახლს აქვს კურსები, სადაც ბავშვებს ახალშობილი და-ძმის დასახვედრად ამზადებენ. ასწავლიან ჩვილის დაჭერას, გასაგები ენით უხსნიან, საიდან და რა გზით მოდიან მათ ოჯახში პატარები, საშუალებას აძლევენ, გაესაუბრონ ფსიქოლოგებს და მათთან ერთად განიხილონ თავიანთი განცდები მოსალოდნელი ცვლილების გამო.

 

მზადება დიდი დღისთვის

მშობიარობის მოახლოებისას ბავშვთან ერთად დაგეგმეთ, რას გააკეთებს ის, სანამ თქვენ საავადმყოფოში იქნებით. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ელის პატარას დაბადების პირველ დღეებში, როდესაც მის გვერდით ყოფნას ვერ შეძლებთ.

მიეცით თქვენი მონახულების უფლება, როგორც კი ექიმი ნებას დაგრთავთ. ეცადეთ, მისი სტუმრობის დროს ოთახში მხოლოდ ოჯახის წევრები იყოთ. ეს მას დაანახებს, რომ ცვლილება მასაც ისევე ეხება, როგორც თქვენ და რომ პატარას დაბადება თქვენი ოჯახისთვის პირადი მომენტია.

ახალშობილის სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ ეცადეთ, უფროსი შვილის ცხოვრების წესი რაც შეიძლება ნაკლებად შეიცვალოს. ნუ დაურღვევთ ძილის, კვების, სეირნობის რეჟიმს. სასურველია, პატარას შინ მიყვანამდე შეიძინოთ ყველა აუცილებელი ნივთი და მოაწყოთ სახლი, რათა შინ დაბრუნებისას მთელი თქვენი ყურადღება ბავშვებისკენ იყოს მიპყრობილი.

თუ პატარას დაბადება უფროსი შვილისთვის ფსიქოლოგიურად რთულ მომენტს დაემთხვა, მაგალითად, თუ ამ პერიოდში იგი სწავლობს ქოთანზე ჯდომას ან საკუთარ საწოლში დაძინებას ეჩვევა, ოჯახში უმცროსი ბავშვის შემოსვლა მისთვის ორმაგი სტრესი იქნება, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი ან პატარას დაბადებამდე მოაგვაროთ, ან ერთი-ორი თვით გადადოთ.

 

ახალშობილის სახლში მოყვანის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ახალშობილს სახლში მოიყვანთ, ყველანაირად ეცადეთ, მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში უფროსი შვილიც ჩართოთ. დაიხმარეთ პატარას მოვლაში, მისთვის საჭმლის მომზადებაში, ერთად ისეირნეთ, ხშირად შეახსენეთ, რომ მისი სახით ძლიერი დამხმარე გყავთ. ასე ბავშვი თავს მიტოვებულად აღარ იგრძნობს, პირიქით, მიხვდება, რომ გჭირდებათ, რომ მის გარეშე გაგიჭირდებოდათ. რაც უფრო მეტ ხანს გაატარებს უფროსი ბავშვი უმცროსთან, მით უფრო მალე დამყარდება მათ შორის კავშირი და გაღვივდება სიყვარულის გრძნობა.

თუ უფროსი შვილი არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებს ახალშობილის მიმართ, ნუ შეშინდებით – ზოგ ბავშვს ადაპტაციისთვის სხვებზე მეტი დრო სჭირდება.

პატარას ძუძუთი კვებისას უფროსი შვილის დახმარება, ბუნებრივია, არ დაგჭირდებათ, მაგრამ ნურც ამ დროს მიატოვებთ – თქვენს ახლოს გაუშალეთ სათამაშოები და შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ მის თამაშში. ბავშვისთვის ესეც საკმარისი იქნება რომ თავი გარიყულად არ იგრძნოს.

ეცადეთ, დღეში თუნდაც რამდენიმე წუთი მხოლოდ უფროს შვილს დაუთმოთ. გამოიყენეთ ამისთვის პატარას ძილის დრო. თუ გადაუდებელი საქმე გაქვთ, მასთან ერთად გააკეთეთ. თუ სადილს ამზადებთ, მოისვით გვერდით ან სურსათის გადარჩევასა და გარეცხვაში დაიხმარეთ, თან მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა და გრძნობებზე ესაუბრეთ. იმის ცოდნა, რომ არსებობს დღის განმავლობაში საგანგებოდ მისთვის და დედასთვის განკუთვნილი დრო, ბავშვს დაამშვიდებს და ის აღარ იდარდებს, რომ ადრინდელივით ბევრ დროს ვეღარ უთმობთ.

გააფრთხილეთ ახლობლები, სტუმრობისას უფროსი შვილის თანდასწრებით მხოლოდ პატარაზე არ ისაუბრონ – მასაც დაუსვან პირადი კითხვები, გაიზიარონ მისი ინტერესები, ეთამაშონ. ბავშვი დაინახავს, რომ ის ისევ ისე უყვართ, როგორც პატარას დაბადებამდე.

აუცილებლად განაგრძეთ უფროსი შვილის ბაღში ტარება (თუ მანამდე დაგყავდათ). ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ თქვენ სახლში ხართ, ბავშვი კი ბაღში მიგყავთ. გახსოვდეთ, ჩვეული რუტინის შენარჩუნება დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. შინ დაბრუნებულს გამოჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ, ყურადღებით მოუსმინეთ, თავადაც გაუზიარეთ შთაბეჭდილებები და მოუყევით, რას აკეთებდით, სანამ ის ბაღში იყო.

 

დაეხმარეთ გრძნობებთან გამკლავებაში

ბავშვები მოზღვავებულ გრძნობებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. თუ პატარა მეტისმეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა, გაუძნელდეს გრძნობებთან გამკლავება და ეს გაურკვევლობა უსაქციელობით გამოხატოს. ნუ დატუქსავთ და დასჯით. ესაუბრეთ, სთხოვეთ მოგიყვეთ, რა აწუხებს და რა არ მოსწონს, ეცადეთ გააგებინოთ, რომ მართალია, მისი გრძნობები და სურვილები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა მან, ისევე როგორც თქვენ, კიდევ ერთი ადამიანის სურვილები უნდა გაითვალისწინოთ, აუხსენით, რომ ორი შვილის სიყვარული ერთმანეთს არ გამორიცხავს და ურთიერთთანხმობით ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნოა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: