ცოფი კლავს!

გააზიარე:

ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყოველთვის ლეტალურად სრულდება. სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა იმუნიზაციაა.
როგორ გადავურჩეთ ამ მომაკვდინებელ დაავადებას ან როგორ მოვიქცეთ დასნებოვნების შემთხვევაში? ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგეს მარინა ენდელაძეს ვესტუმრეთ.
– ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. ადამიანში ამ დაავადების კლინიკური სურათი პირველ საუკუნეში აღწერა ცელსიუსმა და მას ჰიდროფობია – წყლის შიში – უწოდა.
ცოფი ადამიანს ცხოველებისგან გადაედება. მას ვირუსი იწვევს. ამ ვირუსის ორი ტიპია ცნობილი: ქუჩისა (ველური), რომლის მატარებლებიც ცხოველები არიან და ფიქსირებული, რომელსაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ. გარემოში მოხვედრისას ცოფის ვირუსი სწრაფად იღუპება.

– სახელდობრ, რომელი ცხოველია ცოფის წყარო?

– უმთავრესად – ძაღლი და კატა, ასევე – მელა, მგელი, კურდღელი, მღრღნელები, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღამურები და სხვა. უნდა ითქვას, რომ ღამურების ცოფი სხვებზე გამძლეა.

– როგორ ინფიცირდება ადამიანი?

– ადამიანი ინფიცირდება, თუ ავადმყოფმა ცხოველმა დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა. თეორიულად არის შანსი, ცოფი არ განვითარდეს, თუმცა პრაქტიკულად ის ყოველთვის ვითარდება. ვირუსმატარებელი ცხოველის ნერწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ფერმენტ ჰიალურონიდაზას, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის არჩევითად ნერვულ ქსოვილში შეჭრას. ჭრილობაში ნერწყვთან ერთად მოხვედრილი ვირუსი ნერვული ბოჭკოების საშუალებით ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიემართება და თავისა და ზურგის ტვინს აზიანებს. ადამიანი ავადდება, თუ სამედიცინო დახმარებას გვიან მიმართა, აცრები არ ჩაიტარა, დაარღვია ვაქცინაციის რეჟიმი ანდა ბოლომდე არ მიიყვანა კურსი. დაავადება უმეტესად სოფლებში გვხვდება, განსაკუთრებით – გაზაფხულზე და ზაფხულში.

– კბენიდან რამდენი ხნის შემდეგ ვითარდება დაავადება?

– ცოფის საინკუბაციო პერიოდი ათი დღიდან ერთ წლამდე მერყეობს. მისი განვითარება დამოკიდებულია როგორც ვირუსის რაოდენობაზე, ასევე კბენის ადგილზე, ჭრილობის დაზიანების ხარიახზე, ნაწილობრივ – დაზარალებულის ასაკზეც. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავზე, სახეზე, ყელსა და ხელის თითებზე. ბავშვებს დაავადება მოზრდილებთან შედარებით მალე გამოაჩნდებათ, რადგან ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე უფრო მალე აღწევს. 

– რა სიმპტომები ახასიათებს ცოფს?

– დაავადების მიმდინარეობაში სამ პერიოდს გამოყოფენ. პირველი პერიოდი ნაკბენის ქავილით, წვითა და ტკივილით იწყება. ამ პერიოდში სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას: შეინიშნება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ცხელება, ინტოქსიკაციური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, მძაფრდება მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები. კლინიკური სურათის სრული გაშლის პერიოდში თავს იჩენს ჰიდროფობია – წყლის შიში, აეროფობია – ჰაერის შიში, სინათლის შიში, ძლიერდება ნერწყვდენა. შემდგომ იწყება აღგზნების პერიოდი. ამ სტადიაში ცხელება ყოველთვის არ არის გამოხატული. პაციენტი აჟიტირებულია, გარბის, წყლის არათუ დანახვის, ხსენების დროსაც კი შიში იპყრობს, უმძაფრდება შიში ჰაერისა და ხმაურის მიმართაც. დაავადების ამ პერიოდში ავადმყოფი შესაძლოა გულის ან სუნთქვის გაჩერებით დაიღუპოს. თუ ამ პერიოდს გადაურჩა, დაავადება დამბლის სტადიაში გადავა. ამ სტადიას ავისმომასწავებელი სიმშვიდის პერიოდად იხსენიებენ. პაციენტი მშვიდდება, იწყებს წყლისა და საკვების მიღებას და... მალე გულისა და სუნთქვის ცენტრის დამბლით კვდება.

– როგორ ხდება ცოფის დიაგნოსტიკა?

– წესისამებრ, კლინიკური სურათის მიხედვით. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ავადმყოფის სიცოცხლეში რთულია, თუმცა შესაძლებელია ვირუსის გამოყოფა თავ-ზურგტვინის სითხიდან, ნერწყვიდან და ცრემლიდან.

– გადამდებია თუ არა ცოფით დაავადებული ადამიანი?

– დაავადებული ადამიანი პრაქტიკულად არ არის საშიში, თუმცა გასული საუკუნის ბოლოს აღირიცხა ცოფის შემთხვევა, რომელიც ცოფით გარდაცვლილის რქოვანას გადანერგვით იყო გამოწვეული. 
დაავადებული ადამიანის ნერწყვში ცოფის ვირუსი გვხვდება, თუმცა მისი კონცენტრაცია დაბალია და საფრთხეს პრაქტიკულად არ წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ცოფით დაავადებულ ადამიანთან ურთიერთობისას აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. თუ ასეთმა ადამიანმა სხვა დაკბინა ან დანერწყვა, სასურველია, დაზარალებულმა პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაიტაროს.

– რა უნდა გაკეთდეს პირველი დახმარებისთვის, თუ ცხოველმა დაგვკბინა?

– პირველ რიგში, ჭრილობა საპნიანი წყლით უნდა ჩამოიბანოს და სპირტით ან იოდით დამუშავდეს, მერე კი დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს, რათა ქირურგმა დაათვალიეროს ჭრილობა და დროულად ჩაატაროს საჭირო ღონისძიებები.
ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შესახებ შპს “იმუნიზაციის ცენტრის” დირექტორი ქეთევან ქასაშვილი გვესაუბრება.

– რა შემთხვევაში ტარდება ანტირაბიული იმუნიზაცია?

–  ანტირაბიული ვაქცინოპროფილაქტიკა ანუ ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაცია აუცილებელია დაავადებული ან საეჭვო ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში კანის საფარის დარღვევის დროს, დაავადებული ან საეჭვო ცხოველის ნერწყვით ან ტვინით დაბინძურებული საგნით კანის დაზიანების შემთხვევაში, მღრღნელის მიერ დაკბენის შემთხვევაში.
იმუნიზაცია ორგვარია: აქტიური და პასიური. პირველი მათგანი ვაქცინაციას გულისხმობს, მეორე კი ორგანიზმში იმუნოგლობულინის (მზა ანტისხეულების) შეყვანას. ამ სახის იმუნიზაცია აუცილებელია მაღალი რისკის შემთხვევაში, სახელდობრ, მაშინ, როდესაც დაზიანებულია თავის, სახის, კისრის ან თითების არე, ანდა ჭრილობები მრავლობითი და ღრმაა, რათა ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მალევე ჩამოყალიბდეს. იმუნოგლობულინის ნაწილი ჭრილობის ირგვლივ კეთდება, დარჩენილი დოზა კი კუნთებში. აცრების სქემა და დოზირება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ერთნაირია.
სასურველია, იმუნიზაცია რაც შეიძლება მალე ჩატარდეს, თუმცა კბენიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგაც რომ მიმართოს დაკბენილმა ექიმს, აცრა მაინც აუცილებელია.

– როგორი ინტერვალებით კეთდება აცრა?

– განასხვავებენ ვაქცინაციის სრულ და პირობით კურსებს. პირველი მათგანი ხუთ ინექციას მოიცავს, მეორე – სამს. აცრა კეთდება ნულოვან (ანუ კბენის), მე-3, მე-7, მე-14 და 28-ე ან 30-ე დღეს. თუ ნაკბენი ძაღლისა ან კატისაა, ცხოველს ათი დღის განმავლობაში ვაკვირდებით; თუ გადარჩა, ვაქცინაციას ვწყვეტთ (ანუ ტარდება პირობითი კურსი), ხოლო თუ მოკვდა, ანდა მასზე დაკვირვება შეუძლებელია (მაგალითად, მაწანწალაა, ანდა ვერ მივაგენით), ტარდება ვაქცინაციის სრული კურსი.
არსებობს ცოფის საწინააღმდეგო პრევენციული ვაქცინაციაც, ანუ აცრა ცხოველთან კონტაქტამდე. ამ შემთხვევაში სქემა განსხვავებულია. პრევენციული ვაქცინაცია უტარდებათ პირებს, რომლებსაც ხშირად უწევთ კონტაქტი ცოფზე საეჭვო ცხოველებთან (ვეტერინარებს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, მეცხვარეებს, მეცხოველეებს და სხვა).

იმუნიტეტის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. თუ იმუნიზაციიდან ერთი წლის განმავლობაში ცხოველმა ხელახლა დაგკბინათ, უმჯობესია, აცრები ხელახლა ჩაიტაროთ. თუმცა ამას მაინც ექიმი წყვეტს დაზიანების ხარისხისა და წარსულში ჩატარებული ვაქცინაციის (სრული იყო თუ პირობითი) გათვალისწინებით. ყველაზე მისაღები გზაა ადამიანის გამოკვლევა ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, რათა გაირკვეს, საჭიროა თუ არა ვაქციანციის განმეორებითი კურსი.

– შეიძლება თუ არა ორსულის იმუნიზაცია, ანდა აცრების პერიოდში დაორსულება?

– ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ტერატოგენული არ არის, ნაყოფზე არ მოქმედებს, სიმახინჯეებს არ იწვევს, ამიტომ იმუნიზაციის პერიოდში დაორსულება არ იკრძალება. რაც შეეხება ორსულის ვაქცინაციას, ცოფი იმდენად საშიში დაავადებაა, რომ აცრის პოტენციური სარგებელი ბევრად აღემატება მოსალოდნელ რისკს. აცრაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დანამდვილებით ვიცით, რომ ცხოველი შინაურია, მოვლილი და სათანადოდ ვაქცინირებული, ანუ გამორიცხულია, ვირუსმატარებელი იყოს.

– რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ცოფის ვაქცინას?

– გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა. ინექციის ადგილას შესაძლოა აღმოცენდეს სუსტი ტკივილი, შეშუპება და შეწითლება; გამორიცხული არ არის სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე. იშვიათად ეს სიმპტომატიკა უფრო ძლიერია.
გვერდითი მოვლენები უმეტესად პასიური იმუნიზაციის შემდეგ აღინიშნება. იმუნოგლობულინი ზოგჯერ მოგვიანებით (მეშვიდე-მეათე დღეს) ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამიტომ არის, რომ ალერგიული საკვები და ალკოჰოლი გარკვეული ხნით იზღუდება.
იმუნიზაციის დროს აუცილებელია:

  • გამოცხადდეთ აცრაზე ზუსტად ექიმის მიერ დანიშნულ დროს;
  • ექიმის ნებართვის გარეშე არ შეწყვიტოთ აცრების კურსი;
  • ალერგიული რეაქციის რისკის შესამცირებლად ერიდოთ ალერგიულ საკვებს. 
  • იმუნიზაციის შემდეგ ექიმი ალკოჰოლის შეზღუდვას გირჩევთ (შეზღუდვის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაა). 
  • არ გაიკეთოთ აცრა უზმოზე.
  • არ გადაიღალოთ, არ გადახურდეთ, არ იბანაოთ ღია წყალსაცავში, არ მიიღოთ მზის აბაზანა.
  • თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს ან მის შემდეგ სხვა აცრის გაკეთება დაგჭირდათ, საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.
  • ასევე არ არის სასურველი ამ პერიოდში კორტიკოსტეროიდებისა და იმუნოდეპრესანტების გამოყენება – ეს პრეპარატები ვაქცინაზე იმუნურ პასუხს თრგუნავს.
  • – სად ტარდება ანტირაბიული ვაქცინაცია?

– თბილისში არის რამდენიმე ასეთი ცენტრი. რაიონებში უნდა მიმართოთ ქირურგიულ განყოფილებებს.

– რას გულისხმობს ცოფის პროფილაქტიკა?

– ცოფის პროფილაქტიკაში განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ვეტერინარიულ სამსახურს, რომელსაც ცხოველებში ცოფის ლიკვიდაცია აკისრია. ეს მოითხოვს შინაური ცხოველების მასობრივ იმუნიზაციას, მაწანწალა ძაღლებისა და კატების რაოდენობის რეგულაციას. მნიშვნელოვანია გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულაციაც.
გახსოვდეთ: ცოფი შეიძლება თავიდან აიცილოთ, მაგრამ მისგან განკურნება შეუძლებელია. ყოველი დაკარგული დღე ზრდის ლეტალური დასასრულის რისკს.

გააზიარე: