ოქროპირ გოგიბერიძე – ქართველი კარლ ნორდენი

გააზიარე:

ჩვენს პატარა ქვეყანაში არაერთი ბრწყინვალე ექიმი მოღვაწეობდა, რომლებიც თამამად დაუმშვენებდნენ გვერდს მსოფლიოში სახელგანთქმულ მედიკოსებს. პროფესიონალიზმი, განსწავლულობა, მრავალმხრივობა, ჰუმანურობა – ოქროპირ გოგიბერიძის პიროვნებაში ყველა ეს თვისება იყო თავმოყრილი. “მედიცინაში იშვიათია ადამიანი, ერთნაირად რომ იყოს დახელოვნებული რამდენიმე მიმართულებით. ოქროპირ გოგიბერიძე სწორედ ასეთი ექიმების რიცხვს ეკუთვნოდა. ის ერთსა და იმავე დროს გახლდათ დიდი თერაპევტი, დიდი გასტროენტეროლოგი და დიდი ენდოკრინოლოგი. ასეთ მრავლმხრივობის გამო პროფესორი კონსტანტინე ვირსალაძე მას გერმანელი კოლეგის კარლ ნორდენის მეტსახელით იხსენიებდა, რომელიც სწორედ ამ სამი მიმართულების ცნობილი წარმომადგენელი იყო”, – იხსენებს გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია.


– წელს ოქროპირ გოგიბერიძის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. ის 1927 წლის 3 სექტემბერს დაიბადა დაბა ხაშურში. საბავშვო ბაღიდან სიკვდილამდე მეგობრობდა პათფიზიოლოგ ავთანდილ გელაშვილსა და პედიატრ ნოდარ ხერხეულიძესთან, მედიცინის მასავით თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. ხაშურში და მერეც მათ “სამ მუშკეტერს” ეძახდნენ. სკოლა სამივემ ოქროს მედალზე დაამთავრა. 1945 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზეც ერთად ჩააბარეს. აქ ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა – ადგილების სიმცირის გამო ახალგაზრდა ოქროპირი პედიატრიულ ფაკულტეტზე ჩარიცხეს, მაგრამ გამოცდებს ესწრებოდა რექტორი – კონსტანტინე (კოწია) ერისთავი. მას ისე მოეწონა ახალგაზდა სტუდენტი, რომელმაც ოთხივე მისაღებ საგანში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რომ გამონაკლისი დაუშვა და საკუთარი პასუხისმგებლობით სამკურნალო ფაკულტეტზე გადაიყვანა.
სამი მუშკეტერი სამედიცინო ინსტიტუტშიც გამორჩეოდა სწავლის სიყვარულით. 1951 წელს, ინსტიტუტის წითელი დიპლომით დამთავრების შემდეგ, ოქროპირი მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო ექიმად გაანაწილეს. ის მოსკოვის გარეუბანში – რომენსკოიეში მოხვდა, ჯერ პოლკის უმცროსი ექიმი იყო, შემდეგ – უფროსი ექიმი.

მოსკოვური ამბები
– მოსკოვში ყოფნის ხუთი წელი ოქროპირ გოგიბერიძემ ზედმიწევნოთ გამოიყენა პროფესიული თუ პიროვნული განვითარებისთვის. ცნობილ ექიმებს თავს აცნობდა და სთხოვდა, უფლება მიეცათ, პაციენტებთან მათ შემოვლას დასწრებოდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კოლეგას უარს არავინ ეუბნებოდა. ასე გაიცნო საუკეთესო ექიმები: პროფესორი იოსიფ კასირსკი – დიდი ჰემატოლოგი და თერაპევტი, აკადემიკოსი ვლადიმერ ვასილენკო – გასტროენტეროლოგი, ასევე დიდი თერაპევტი, და ალექსანდრ მიასნიკოვი – დიდი თერაპევტი და კარდიოლოგი.
თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ბიბლიოთეკაში ატარებდა, კულტურულ ღონისძიებებშიც აქტიურად იყო ჩართული. საინტერესო სპექტაკლი თუ ოპერის პრემიერა არ გამორჩებოდა. საინტერესო წიგნებს ყიდულობდა და თბილისში აგზავნიდა...
ერთხელ ევგენი ტარეევის კლინიკაში მისი პოლკის უფროსი დააწვინეს. გოგიბერიძის დანახვაზე გააფთრდა: სამხედრო ექიმი აქ რას აკეთებსო, – და ტრიბუნალზე გადაცემით დაემუქრა.
ეს ამბავი როგორღაც ჩაწყნარდა, მაგრამ ოქროპირი დანებებას არ აპირებდა. კოლეგებს შეუთანხმდა – კვირაობით და სხვა უქმეებზე მათ ნაცვლად მორიგეობდა, სამუშაო დღეებში კი ისინი ენაცვლებოდნენ. ასე ახერხებდა დიდ ექიმებთან ურთიერთობას. კოლეგების მოთაფვლაში კი მამის გაგზავნილი არაყი ეხმარებოდა, რეგულარულად ესწრებოდა თერაპიული საზოგადოების სხდომებს, კონფერენციებს, ყრილობებს.
1956 წელს მოიხადა სამხედრო ექიმის ვალდებულება. სამხედრო და სამედიცინო წრეებში უკვე ისეთი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა, ბურდენკოს სახელობის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში მისი დატოვება მოითხოვეს, მაგრამ ოქროპირმა უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა.

კარიერული წინსვლა
– თბილისში დაბრუნებულმა, პლეხანოვზე (ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე) მდებარე მიხეილის საავამდყოფოში, ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე, პროფესორ კონსტანტინე ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა და იქვე დატოვეს, ჯერ – ასისტენტად, მერე – დოცენტად.
1961 წელს თბილისის რესპუბლიკური ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში საქართველოში პირველი გასტროენტეროლოგიური განყოფილება გახსნა, რომელსაც ოთხი წელი თვითონვე ხელმძღვანელობდა. მალევე, 1965 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “პანკრეასის ფუნქციური მდგომარეობა წყლულოვანი დაავადების დროს”. შემდგომშიც ლიდერი გახლდათ პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მან დაადგინა გასტროენტეროლოგიური და ენდოკრინული დაავადებების ურთიერთკავშირი და ამ საკითხის შესახებ მრავალი სამეცინიერო სტატია გამოაქვეყნა.
დაუღალავი ექიმი სტუდენტებთანაც აქტიურად მუშაობდა – 1965-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ – დოცენტი, 1976-1985 წლებში პარალელურად – ინტერნატურისა და სასწავლო პრაქტიკების დეკანი, ხოლო 1980 წლიდან ახალდაარსებულ ენდოკრინოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა.
არც თვითგანვითარებაზე ზრუნვა შეუწყვეტია – დადიოდა მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, იყო სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, საქართველოს თერაპიულ სამეცნიერო საზოგადოებაში სწავლული მდივანის თანამდებობაც ეკავა. ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს 1991 წელს პროფესორის წოდება მიანიჭეს.

მრავალმხრივი ნიჭიერება
– ოქროპირ გოგიბერიძე დიდი კულტურის კაცი გახლდათ. ცოდნით ვერ ძღებაო, მასზე იტყოდით. ზეპირად იცოდა ბევრი რამ ხალხური პოეზიიდან თუ ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებიდან. უნივერსიტეტში ესწრებოდა შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, კოტე ბაქრაძის ლექციებს, აინტერესებდა ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კარგად იცოდა გერმანული ენა. კონფერენციებზე ადვილად ექცეოდა უცხოელი სტუმრების ყურადღების ცენტრში. ისეთი კარგი მოსაუბრე იყო, მის მოსმენას არაფერი სჯობდა.
1996 წელს თბილისში საფრანგეთის ექიმთა ელიტა ჩამოვიდა: პარიზიდან – ცნობილი კარდიოლოგი, მარსელიდან – ენდოკრინოლოგი. შიჰენის სინდრომი რომ წარვადგინეთ, გაოცებულები დარჩნენ, ეს სად მოვხვდითო. საფრანგეთში მაშინ უკვე აქტიურად იყენებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და სხვა თანამედროვე კვლევებს. ჩვენი ექიმები ისე არიან დამოკიდებული ტექნიკაზე, დენი რომ გაითიშოს, დიაგნოზს ვერ დასვამენ, თქვენ შიშველი ხელებით როგორ სვამთ ასეთ დიაგნოზებს, თქვენს ამბავს როგორც სენსაციას ისე მოვყვებითო, აღფრთოვანებულმა თქვა საფრანგეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
დრომ მედიცინაში ვიწრო სპეციალიზაცია მოიტანა. ოქროპირ გოგიბერიძე ამ მხრივ უნივერსალური გახლდათ... ის ერთდროულად ფართო სპექტრის თერაპევტი და ვიწრო სპეციალისტიც იყო.

საუკეთესო პედაგოგი
– ამ საოცრად გულისხმიერ პიროვნებას ახალგაზრდებზე განსაკუთღებით შესტკიოდა გული. თვეში ერთხელ რესპუბლიკის თერაპევტთა გამგეობის სხდომების ჩატარება უწევდა. ნიჭიერ სტუდენტს უყურადღებოდ არ დატოვებდა – ჩაიწერდა მის მისამართს, მერე მისწერდა, დაიბარებდა, მოხსენებით გამოსვლას შესთავაზებდა და ასე უკაფავდა გზას სამედიცინო საზოგადოებაში. თავადაც საუკეთესო პედაგოგი გახლდათ და შესანიშნავი სკოლაც დატოვა. ერთ რამედ ღირდა მის შემოვლებზე დასწრება, მისი ლექციების მოსმენა. მას საუკეთესო კლინიცისტად მიიჩნევდნენ.
საოცრად გულუხვი, სტუდენტებს ხშირად შინ, სადილზე ეპატიჟებოდა, მათთან უშუალო და მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა.
ოქროპირ გოგიბერიძეს კოლეგები და მოწაფეები სიცოცხლეშივე დიდად აფასებდნენ. 75 წლის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე თსსუ ენდოკრინოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ღვაწლმოსილი ექიმი თბილი სიტყვებით შეამკეს.
დავით ვირსალაძე, პროფესორი, კათედრის გამგე:
– ბატონი ოქროპირის პიროვნულ ღირსებებზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას: არის შესანიშანვი ადამიანი – ერთგული, უღალატო... გვერდით უდგას თითოეულ ჩვენგანს, ყველა ავადმყოფს, გულისხმიერი ექიმი და სამაგალითო კლინიცისტია, რომელიც ღირსეულად აგრძელებს თავისი მასწავლებლების გზას. უნდა აღინიშნოს მისი არაჩვეულებრივი ლექციები და სტუდენტებთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება. მის შემოვლებს მუდამ დიდი ინტერესით და სიამოვნებით ესწრებიან ახალგაზრდა კოლეგებიც და სტუდენტებიც...
მანანა კოპლატაძე, ექიმი, კათედრის დოცენტი:
– იშვიათია ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, განსწავლული, კლასიკური განათლებისა და ერუდიციის მქონე, ასე სწორად აღზრდილი ადამიანი... ვნატრობ, რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა და ახალგაზრდა ექიმმა მოუსმინოს, უყუროს მას, მის საქმიანობას, რათა არა დაიკარგოს ხიდი მედიცინის წარსულ და მომავალ მიღწევებს შორის. მიმაჩნია, რომ ეს კავშირი ბევრად არის დამოკიდებული ამ პიროვნებაზე. ის მართლაც კეთილსინდისიერებისა და მაღალზნეობრიობის მაგალითია.

ნინო ჩარკვიანი, ექიმი, კათედრის დოცენტი:
– ბატონ ოქროპირთან მუშაობა დიდი სკოლაა, რომლის გავლაც აუცილებელია ყველა ექიმისთვის, ვისაც სურს, კლინიცისტად ჩამოყალიბდეს... გამორჩევით უნდა ვახსენო მისი საოცრად პატიოსანი, კეთილსინდისიერი დამოკიდებულება პედაგოგიური პროცესის მიმართ: რაც არ უნდა დაღლილი იყოს, როგორც არ უნდა ეჩქარებოდეს, გამორიცხულია, ლექცისთვის ან პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრულ დროს თუნდაც ხუთი წუთი მოაკლოს... ყოველთვის ბოლომდე იხარჯება სტუდენტებისთვის, კოლეგებისთვის, ავადმყოფებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის...
ლალი ჯავაშვილი, ექიმი, კათედრის დოცენტი:
– ბატონ ოქროპირს აქვს უზარმაზარ ცოდნა მედიცინის სფეროში. ბუნებრივია, გვიზიარებდა ჩვენც, ვინც მისი მზრუნველობითა და დახმარებით ჩამოვყალიბდით ექიმებად. ჩვენთვის მუდამ მისაბაძი იყო მისი პროფესიონალიზმი, მაღალი ერუდიცია... უდიდესი ბედნიერებაა ასეთ საინტერესო ადამიანთან მუშაობა.
ოქროპირ გოგიბერიძე, სამი მუშკეტერიდან უკანასკნელი, 78 წლისა გარდაიცვალა. მისი სახელი, რომელსაც მუდამ მადლიერებით გაიხსენებენ მისი მოწაფები, ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული მედიცინის ისტორიაში.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: