უსაფრთხოა თუ არა სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ?

გააზიარე:

ნაცნობი მარშრუტით ნაცნობ ქუჩას მიუყვები და უეცრად უცნობ მრავალსართულიან შენობას ამჩნევ. როდის მოასწრესო, ჩაილაპარაკებ გაკვირვებული... დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში მშენებლობის ტემპს თქვენც არაერთხელ გაუოცებიხართ. ტელევიზორში, ინტერნეტში თუ ბილბორდებზე ყოველ წუთს დეველოპერული კომპანიების რეკლამას ვაწყდებით. რას მივაწეროთ სამშენებლო ბიზნესის ამგვარი აყვავება? ეს ქვეყნის აღმშენებლობაზე მეტყველებს თუ?.. ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ ახალ-ახალი, ფერად-ფერადი კორპუსების მომრავლება სულაც არ არის სასიხარულო, პირიქით, შესაძლოა ამ შენობებმა დიდ უბედურებას დაუდოს სათავე.

რამდენად უსაფრთხოა სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ? კონტროლდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის უსაფრთხოება და რას გვიქადის ნორმების დაუცველად აშენებული კორპუსები? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოს მშენებელთა ლიგის თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ანზორ საკანდელიძეს ვესტუმრეთ.

  • – რა ვითარებაა საქართველოში მშენებლობის უსაფრთხოების კუთხით?

– არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ უმძიმესი. თუ უახლოეს მომავალში გონივრული ნაბიჯები არ გადაიდგა, დიდ პრობლემებს შევეჯახებით. ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში არ არსებობს მშენებლობის მაკონტროლებელი არავითარი სახელმწიფო სტრუქტურა. შედეგად სამშენებლო სამუშაოები უკონტროლოდ, ყოველგვარი წესისა და სტანდარტის დარღვევით მიმდინარეობს. სანამ ქვეყანაში შესაბამისი უწყება არ ამოქმედდება, ამ დარგს არაფერი ეშველება.

  • – წესით, ვის უნდა ევალებოდეს სამშენებლო სფეროზე ზედამხედველობა?

– ამგვარი სტრუქტურა ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მშენებლობის სამინისტროა, რომელიც ჩვენთან 2004 წელს სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გაუქმდა. ჩემი აზრით, ეს იყო ეროვნული დანაშაული. ფაქტობრივად ვერ ნახავთ ქვეყანას, მათ შორის – ვერც ევროკავშირში, მშენებლობის სამინისტრო რომ არ არსებობდეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ და უკრაინამ გააუქმეს ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანო, მაგრამ ამის შემდეგ უკრაინაში მშენებლობის სისტემა ისე ჩამოიშალა, რომ ერთ წელიწადში სამინისტრო კვლავ აღადგინეს. ჩვენ მეცამეტე წელია ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და საშველი არ ჩანს.

  • – რითია ასე მნიშვნელოვანი აღნიშნული უწყება, რა ფუნქცია აკისრია მას?

– მშენებლობის სამინისტრო ქვეყანაში სეისმოუსაფრთხოების, სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობათა ენერგოეფექტურობის დაცვის მთავარი გარანტია. სწორედ მან უნდა აკონტროლოს, სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა და დარღვევების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართოს. დღეს მშენებლობის კონტროლი თავად სამშენებლო კომპანიებს ევალებათ, მაშასადამე, ვინც აშენებს, მანვე უნდა დადოს დასკვნა, ხარისხიანია თუ არა მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა. ეს ხომ აბსურდია! გარდა ამისა, საქართველოში გაუქმებულია ფაქტობრივად ყოველგვარი რეგულაცია. ამის გამო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც შენდება, ფაქტობრივად ყველაფერი დასანგრევია. არც ერთი შენობა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ახლოსაც არ არის სტანდარტებთან. იმას, რაც ჩვენთან ხდება, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ეს პირდაპირი გზაა გენოციდისკენ – ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ მიწისძვრის შედეგად მოსალოდნელი მსხვერპლი.

  • სეისმური ალყა

– რამდენად მოსალოდნელია თავად მიწისძვრა?
– სავსებით მოსალოდნელია, თანაც არაერთი მიზეზის გამო. დავიწყებ იმით, რომ საქართველოში საპროექტო ნიშნულად 7 ბალი იყო მიჩნეული, შენობები სწორედ ამ სიმძლავრის მიწისძვრაზე იყო გათვლილი. სპიტაკის ტრაგედიის შემდეგ ის 8 ბალამდე გაიზარდა. ეს არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ – მაშინვე 9-ბალიან მშენებლობაზე უნდა გადავსულიყავით. ამაზე ლაპარაკობდა ცნობილი გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე. სწორედ მის ანალიზს გაგაცნობთ.
ცნობილია, რომ სამხრეთი კავკასია განსაკუთრებით საშიშ სეისმურ ზონაშია მოქცეული. საფრთხე გვემუქრება სამხრეთიდან – დაძრულია არაბეთის ფილაქანი, რომელიც წელიწადში 15 სმ სიჩქარით მოცოცავს ჩრდილოეთისკენ. არაბეთის ფილაქანი მიეჯახება ევრაზიის ფილაქანს, რის გამოც მოსალოდნელია 9-ბალიანი მიწისძვრები. საფრთხე გვემუქრება ჩრდილოეთიდანაც – კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების მასიური, ინტენსიური დაშლა და ამის გამო იქიდანაც 9-ბალიანი მიწისძვრების საშიშროება გველის. აი, ასეთ სეისმურ ალყაში ვართ მოქცეული, ამიტომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, – პრევენციულ ღონისძიებებზე არიან გადასული: ამოწმებენ შენობებს, განსაკუთრებით – მრავალსართულიან კორპუსებს, ამაგრებენ მათ, ხოლო მათ, რომელთა გამაგრებაც შეუძლებელია, ანგრევენ. ჩვენთან კი ეს სფერო არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. თანამედროვე კორპუსები არათუ 9, 8-ბალიან მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს.

  • რომელი შენობებია საშიში?

– თბილისის შენობების დიდი ნაწილი ძველია – საუკუნის, საუკუნე-ნახევრის წინ აშენებული. მაშინ სეისმომედეგობის განსაზღვრა არ ხდებოდა და მშენებლობაც უმთავრესად კუსტარულად მიმდინარეობდა. ზოგ ძველ შენობას საძირკველი არ აქვს, ზოგს – სარტყელი და სეისმური უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარება შეუძლებელია. თანაც მათ უკვე გაუვიდათ ექსპლუატაციის ვადა – აგურის შენობების ნორმატიული ხანგამძლეობა 50-70 წელია, ფაქტობრივად ყველა ასეთი შენობა ამორტიზებულია, ამიტომ ორი აზრი არ არსებობს – მოხდება 8-ბალიანი მიწისძვრა და ისინი მიწასთან გასწორდება.
მეორე ტიპის შენობები გახლავთ საბჭოთა პერიოდის ნაგებობები. 40-იანი წლებიდან დაიწყო სეისმომედეგობის განსაზღვრა და, როგორც მოგახსენეთ, იმდროინდელი შენობები 7 ბალზეა გათვლილი, მაგრამ რკინა-ბეტონის ნორმატიული ხანგამძლეობა 100 წელია, მაშასადამე, ამ შენობათა უმეტესობა 50-70%-ით ამორტიზირებულია და შესაძლოა, 7 ბალსაც კი ვეღარ გაუძლოს, არათუ მეტს. სერიოზული მიწისძვრის შემთხვევაში ისინიც, ერთმნიშვნელოვნად, დაინგრევა.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგებულ შენობებს, სეისმომედეგობაზე არც ერთი მათგანი არ შემოწმებულა. ადრეულ 90-იანებში სამინისტროც კი ვერ აკეთებდა ამას. როდესაც ქვეყანა მეტ-ნაკლებად დალაგდა, ნორმატივები მიიღეს და უნდა დაწყებულიყო მუშაობა, გაუქმდა კიდეც სამინისტრო. ასე რომ, დღეს ფაქტობრივად არც ერთი შენობა (გამონაკლისების გარდა) არ არის მზად მიწისძვრებისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, თბილისი მიწასთან გასწორდება. მოსალოდნელია მასობრივი მსხვერპლი.

  • – კორპუსის უსაფრთხოება სართულთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა. ჩვენი ზეწოლით ამოქმედდა ნორმა, რომ რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობები (როგორიც არის დღევანდელი შენობების უდიდესი ნაწილი) 12 სართულზე მაღალი არ უნდა იყოს. უფრო მაღალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად საჭიროა ისეთი ოთხი ანტისეისმური ღონისძიების გატარება, რომელთა შესაბამისი არც დანადგარები გვაქვს, არც მოწყობილობები, არც სპეციალისტები გვყავს, საზღვარგარეთიდან მათი მოწვევა კი კოლოსალურ თანხებს მოითხოვს. ამას, ცხადია, არავინ აკეთებს. კანონი არსებობს, მაგრამ მას არავინ იცავს და არავინ აკონტროლებს. კანონის დარღვევა მასობრივად და მასშტაბურად ხდება. 20-, 30-სართულიან შენობებესაც კი აშენებენ, რაც დასაშვებ ნორმას სამმაგად აღემატება.

  • ვინ უნდა აშენებდეს შენობებს?

– დიდი პრობლემაა, რომ გაუქმებულია ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობა. ფაქტობრივად მთელ თბილისს “ელიავას მუშები” აშენებენ. ვეღარ ნახავთ პროფესიონალ მუშას, ინჟინერს. სამშენებლო დარგის სამეცნიერო კვლევითი-ინსტიტუტები განადგურებულია. მასობრივი არაპროფესიონალიზმი კი, თავადაც ხვდებით, სადამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ამ დარგის სპეციალისტები და დავაარსეთ საქართველოს მშენებელთა ლიგა. თუ რამე მატერიალური ან ადამიანური რესურსი შემორჩა, გვინდა, ყველაფერს თავი მოვუყაროთ და ვითარების შეცვლა ვცადოთ.
– არსებობს რაიმე, თუნდაც არასამთავრობო სტრუქტურა, რომელიც უკანონო მშენებლობებს შეამოწმებს? ან თავად თუ ამოწმებთ მათ?
– არა, ვინაიდან კანონი არ გვაძლევს ობიექტზე შესვლის უფლებას. ეს უფლება ერთადერთხელ მოვიპოვეთ 2004 წელს და 40 ობიექტი შევამოწმეთ. ზოგი მათგანი უკვე დასრულებული იყო, ზოგში ხალხიც კი ცხოვრობდა. რაც შეიძლება მეტი ბევრი ობიექტის ნახვა რომ მოგვესწრო, ზედა სართულებზე არც კი ავდიოდით, მხოლოდ ქვედას ვამოწმებდით. ჩვენი ეჭვები გამართლდა – თითქმის ყველგან დარღვევა გამოვლინდა. მაგალითად, თუ ბეტონის სიმტკიცე უნდა ყოფილიყო 300 მარკა, შემოწმებამ 150-170 მარკა აჩვენა, ზოგან – 80-იც კი. ეს გაუგონარი ამბავია! ასეთი შენობა ვერავითარ მიწისძვრას ვერ გაუძლებს. რა თქმა უნდა, მათი დანგრევა მოვითხოვეთ, მაგრამ ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით ამავე პერიოდში ბაქოში თურქების მიერ აშენებული 4 კორპუსი დაანგრიეს.

  • ვის სჭირდება დაცვა ყველაზე მეტად?

– განსაკუთრებული ყურადღება საავადმყოფოებს უნდა მიექცეს. ვინაიდან მძიმე ავადმყოფების ევაკუაცია მიწისძვრის დროს ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ასეთ ობიექტებს ყველგან განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან. ამის თაობაზე მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მათაც მზადყოფნა გამოთქვეს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა შედგება და უახლოეს მომავალში სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას დავიწყებთ. გარდა ამისა, გვინდა შევამოწმოთ საბავშვო ბაღები და სკოლები და ამ წინადადებით მალე მივმართავთ თბილისის მერიას.

  • რა უნდა გაკეთდეს?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღდგეს მშენებლობის სამინისტრო, შემდეგ დაიწყოს შენობების მასობრივი შემოწმება და იმის მიხედვით, რა ტიპის დარღვევა გამოვლინდება, დაისახოს სამოქმედო გეგმა – განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა შენობა გასამაგრებელ სამუშაოებს დაექვემდებაროს, უხარისხო ნაგებობები კი უნდა დაინგრეს. უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებებიც. მაგალითად, სომხეთში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც სამინისტრო, არც კვლევითი ინსტიტუტები არ გაუუქმებიათ, მდგომარეობის შემოწმების შემდეგ 2010 წელს დამატებით შექმნეს ცალკე სახელმწიფო სტრუქტურა – სეისმური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო. მან ააშენა უახლესი სტანდარტების შესატყვისი ათი ქარხანა, რომლებიც სეისმოამორტიზატორებს აწარმოებს. ეს მოწყობილობები მიწისძვრის დროს დარტყმის ტალღების ამორტიზებას ახდენს და მიწისძვრის სიმძლავრეს 2 ბალამდე ამცირებს. ამგვარი პრევენციული ღინისძიების წყალობით მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ დავუკავშირდით ამ სამმართველოს, შეგვპირდნენ, რომ ერთი ქარხნის აშენებაში ჩვენც დაგვეხმარებიან. ასე რომ, რესურსი არის, საჭიროა ნება.

  • ევრორემონტი თუ...?

– სამშენებლო ეკოლოგია სამშენებლო სფეროს მეორე უდიდესი პრობლემაა. ძველად ეს საკითხი აქტუალური არ ყოფილა, ამიტომ შენობები ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე არც მოწმდებოდა, დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კი მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სფეროც მივიწყებულია. სამშენებლო მასალების შემოწმება არც საბაჟოზე ხდება, არც კონკრეტულ ობიექტზე. არადა, ისინი მშენებლობის ყოველ ეტაპზე მკაცრ კონტროლს უნდა გადიოდეს. შესაძლოა, მასალას შესაბამისი სერტიფიკატი ჰქონდეს, მაგრამ მთელ მსოფლიოში მძვინვარებს ფალსიფიკაცია და თუ თავადაც არ შეამოწმეთ, ადვილი შესაძლებელია, უხარისხო, მავნე პროდუქცია შეგრჩეთ ხელში. მაგალითად, რუსეთში რამდენიმე წლის წინ ოთხი მაღალსართულიანი კორპუსი დაანგრიეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშენებლო ეკოლოგიის ნორმები არ იყო დაცული, თუმცა სხვა მხრივ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მათ შორის – სეისმოგამძლეობასაც.
განსაკუთრებით დაუცველია უბრალო მომხმარებელი. ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალები ორგანულ შემკვრელებზე მზადდება, ისინი კი ხშირად ტოქსიკურია და ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას ახდენს.

  • რადიაციული შენობები

– სამშენებლო ეკოლოგიაში განსაკუთრებით მწვავედ დგას რადიაციის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჩერნობილი კატასტროფის შემდეგ მკვდარ ქალაქად გამოცხადდა. იქ დარჩა არაერთი ქარხანა. არსებობს ეჭვი, რომ ეს ქარხნები დაანგრიეს და ლითონის ჯართი სამშენებლო ლითონად გადაადნეს. სად გზავნიან ასეთ რადიაციულ მასალებს? ცხადია, იქ, სადაც კონტროლი არ ხორციელდება. ისიც შესაძლოა, ოთახი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, სწორედ ჩერნობილგამოვლილი ლითონის მასალით იყოს აშენებული. რა მოუვა ამ შემთხვევაში ჩვენს ჯანმრთელობას, თავადაც მიხვდებით. მერე გვიკვირს, რატომ გახშირდა დაავადებები, რატომ გაახალგაზრდავდა კიბო... რადიაცია და ტოქსიკური აირები უცბად არ კლავს, ნელ-ნელა წამლავს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გამოვლენას – ინტოქსიკაციის მომენტიდან კლინიკურ გამომჟღავნებამდე შესაძლოა წლები გავიდეს.

  • ფრთხილად, რადონი!

– რადონი რადიაქტიური აირია. დიდხანს მას რადიაციასთან აიგივებდნენ. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი ნივთიერება ყოფილა. დღეს დადასტურებულია, რომ რადიაციით გარდაცვლილთა 70% რადონის ზემოქმედებას შეეწირა, ამიტომ ის ცალკე გამოყვეს. რადონი უფერო, უსუნო აირია, მიწის ქერქში წარმოიქმნება და ზემოთ მოემართება. იქ, სადაც რადონის კონცენტრაცია მაღალია, მშენებლობის წარმოება არ შეიძლება – მომწამვლელი აირი საძირკვლიდან შეაღწევს სარდაფში, იქიდან – დაბალ სართულებზე და უცილობლად გამოიწვევს ინტოქსიკაციას, ამიტომ ცივილიზებულ ქვეყნებში მიწის სამუშაოების საინჟინრო-გეოლოგიურ ეტაპებს რადონის მრავალჯერადი გაზომვაც დაუმატეს. ჩვენთან ასეთი შემოწმება არ ტარდება.
რადონი შესაძლოა სხვა გზითაც მოხვდეს შენობაში – ის, როგორც გითხარით, მიწის ქერქში წარმოიქმნება, მიწის ქერქში მდებარე ქვის ქანებისგან კი მზადდება ყველა სამშენებლო მასალა – ცემენტი, ქვიშა ღორღი, ბეტონი, ბლოკი, აგური, არმატურა. რადონი ერთ-ერთი მთავარი კანცეროგენია.

  • ვენტილაციისა და ინსოლაციის დარღვევა

– დიდ პრობლემას წარმოშობს კორპუსების სიახლოვე. ისინი ერთმანეთისგან ისეთი მანძილით უნდა იყვნენ დაშორებულნი, რომ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდეს. ეს ხელს შეუწყობს შენობის მავნე აირებისგან გაწმენდას. თანამედროვე სახლებში ამის შესაძლებლობა ნაკლებადაა. გარდა ამისა, ნაგებობათა სიახლოვე ხელს უშლის ინსოლაციას – მზე განსაზღვრული კუთხით უნდა შედიოდეს სახლში, რათა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ მავნე მიკრობები გაანადგუროს. ახლა ორივე პრინციპი უგულებელყოფილია. გამოდის, რომ ვცხოვრობთ საშიში მასალებით ნაშენ არავენტილირებად შენობებში, ვსუნთქავთ მოწამლულ ჰაერს და ვიზიანებთ ჯანმრთელობას.

  • გამოსავალი

– გამოდის, რომ მომხმარებელს არავითარი საშუალება არ გააჩნია, შეამოწმოს, ხარიხსიანად წარმოებს თუ არა მშენებლობა, უსაფრთხოა თუ არა კონკრეტულ შენობაში ცხოვრება?
– სამწუხაროს, არა. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ის არის, რომ მკაცრად მოსთხოვოთ სამშენებლო კომპანიას, ხელშეკრულებით იკისროს პასუხისმგებლობა შენობის სეისმომედეგობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
– სად ხედავთ გამოსავალს?
– სურვილი იყოს და გამოსავალი მოიძებნება. შესაძლებელია, კორპუსები გადაკეთდეს და გაიმართოს ვენტილაცია, თუ მომწამვლელი აირები კედლებში აღწევს, ისინი სპეციალური აირგაუმტარი დუღაბით დაიფაროს. განსაზღვრულ შემთხვევებში გარდაუვალი იქნება დანგრევაც, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უფრო ძვირფასია.
მივმართავ ყველა სამშენებლო კომპანიას. მოგვცენ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შემოწმების უფლება. შევამოწმებთ, გავცემთ რეკომენდაციებს და თუ საჭირო გახდა, შესაბამის სამუშაოებსაც ჩვენვე ჩავატარებთ. თუ აღმოჩნდა, რომ შენობები სეისმომედეგი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა, ამასაც ხმამაღლა ვიტყვით.

-------------------------
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით:
* რადონი შინაგანად ასხივებს ადამიანის ორგანიზმს. ამ დასხივებას ადამიანი იღებს ცუდი ვენტილაციის მქონე შენობებში და არა გარეთ, ატმოსფერული ჰაერიდან.
* რადონი და მისი დაშლის პროდუქტები გროვდება ჰიპოფიზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, გულში, ღვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში.
* სისხლისა და ლიმფის მეშვეობით რადონი და მისი დაშლის პროდუქტები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში და ორგანიზმის მასიურ შინაგან დასხივებას იწვევს.
* განსაკუთრებით საშიშია რადონისა და თამბაქოს ერთდროული მოქმედება. რადონი მოწევის შემდგომ მეორე ფაქტორია, რომელიც წარმოშობს და ზრდის უპირატესად ბრონქოგენური ტიპის ფილტვების კიბოს განვითარების რისკს.
* რადონის ზემოქმედება მეექვსე ადგილს იკავებს კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზთა სტრუქტურაში.
* არაერთი ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევათა 5-40% შესაძლოა შენობის შიგნით რადონის დაშლის პროდუქტების ორგანიზმზე ზემოქმედებით იყოს გამოწვეული.
* საცხოვრებელში რადონის მოხვედრის ძირითადი წყაროა შენობის ქვეშ არსებული გრუნტი.
* შენობებში რადონის მთელი რაოდენობის 90% ქვედა სართულებზე იყრის თავს. მრავალსართულიან შენობებში რადონის ყველაზე მაღალი შემცველობა სარდაფებში და პირველი სართულის სათავსებში აღინიშნება.
* დათბობის მიზნით შენობის ჰერმეტიზაცია ზრდის რადონის კონცენტრაციას. ამ პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ბინების დათბობის ძირითად გზად მათი საგულდაგულო ჰერმეტიზაცია იქცა. ამან, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საგრძნობლად გაზარდა რადონის კონცენტრაცია შენობების ჰაერში.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: