ხევი – საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე

გააზიარე:

დადგა გაზაფხული და რუბრიკის “დალაშქრე შენი ქვეყანა” დაბრუნების დროც მოვიდა. მოგზაურობის მოყვარულებს ალბათ ერთი სული აქვთ, ზურგჩანთა ჩაალაგონ და უცნობი თუ ნაცნობი ადგილების დასალაშქრავად გასწიონ. ჩვენი რუბრიკა სიამოვნებით გაუწევს მათ მეგზურობას.

ამჯერად გეზს ხევისკენ ავიღებთ – საქართველოს იმ კუთხისკენ, რომელიც მთების ვერც ერთ მოყვარულს ვერ დატოვებს გულგრილს.

წინ ულამაზესი პეიზაჟებით ცნობილი 150-კილომეტრიანი გზაა. დროს არ დავკარგავთ და ამ მშვენიერი მხარის შესახებ მოგიყვებით.

 

  • ოთხი ხეობის თავშესაყარი

ხევი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, თერგის აუზში მდებარეობს და თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლისა და დარიალის ხეობებს მოიცავს. აღმოსავლეთით მას ხევსურეთი ესაზღვრება, სამხრეთით – მთიულეთი, ჩრდილოეთით – ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლის მთიანეთი.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ხევის ტერიტორია უხსოვარი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. აქ აღმოჩენილი სიძველეები სამეცნიერო ლიტერატურაში “ყაზბეგის განძის” სახელწოდებითაა ცნობილი და ძვ. წ. X-VI საუკუნეებსა და ახ. წ. IV-VI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიული წყაროების თანახმად, ძველად ხევს წანარეთი რქმევია. სწორედ ასე მოიხსენებს მას“მოქცევაჲ ქართლისაჲს” ავტორი (IX საუკუნე). ხევის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა სტეფანწმინდაა, რომლის ირგვლივაც თავმოყრილია ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რომელთა მონახულებასაც ვაპირებთ.

დარიალის ხეობაზე ძველთაგანვე გადიოდა გზა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (დღეს უკვე რუსეთთან) აკავშირებდა. სწორედ სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა ხევში ციხესიმაგრეთა სისტემების არსებობაც და ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს მხარე პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა და აქ ბატონყმობა არასოდეს ყოფილა. ხევს ხევისბერი მართავდა, რომელიც საბჭეოსთან (სათათბიროსთან) ერთად წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

ისტორიული მნიშვნელობის, უნიკალური ლანდშაფტის, გამორჩეული მინერალური წყლებისა და იშვიათი მცენარეების გამო ხევის თითქმის მთელ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი საერთო ფართობი 9,030 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უკავია. ეს ტერიტორია მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ეროვნული პარკია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს.

აი, ყაზბეგსაც მივადექით. სანამ ბილიკებს შევუყვებოდეთ ხევის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად, ურიგო არ იქნება, ეროვნული პარკის ადმინისტრაციას მივმართოთ. მართალია, ყაზბეგის ეროვნულ პარკს კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი არ გააჩნია, მაგრამ ადმინისტრაცია ფუნქციობს და ვიზიტორს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია. თუ ტურის ორგანიზებაში დახმარება დასჭირდა, არც ამაზე ეტყვიან უარს.

 

  • ლაშქრობა იწყება

ხევში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების არაერთი უნიკალური ძეგლი: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი... მაგრამ მოდი, ჯერ დარიალის ხეობა დავათვალიეროთ.

დარიალის ხეობას საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის 11 კილომეტრზეა გადაჭიმული, მდინარე ჩხერის შესართავთან, დაბა სტეფანწმინდაში იწყება და ზემო ლარსთან მთავრდება. დარიალის ხეობის ყველაზე ვიწრო და კლდოვანი ადგილები მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარეობს.

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე წამომართულ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობები მიუდგომელია, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს დარიალის ციხე. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე იბერიის მეფეს მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი) აუშენებია. V საუკუნეში ძველი ნაგებობა ვახტანგ გორგასალს აღუდგენია. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. მისი მეშვეობით საქართველო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ამყარებდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. სწორედ დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120 წ.წ.) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა. მანვე განაახლა დარიალის ციხე. დარიალის გზით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ კი მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

გაითვალისწინეთ, დარიალის ციხისკენ მიმავალ გზაზე ამჟამად საბაჟოა და საშვის გარეშე იქ მოხვედრა შეუძლებელია.

აქვე, ლარსის საზღვართან, მდებარეობს ხდის ხეობა. მისი ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. ხდის ხეობისკენ მიმავალი გზაც დარიალის ხეობაზე გაივლის. აქვე, ახალაშენებული დარიალის სამონასტრო კომპლექსის მხარეს, მდინარე ბროლისწყლის კალაპოტს მიუყვება საფეხმავლო ბილიკი. რომელსაც ხდის ხეობაში შევყავართ. თუ საკუთარ ფიზიკურ ფორმას არ ენდობით, ამ გზას ნუ დაადგებით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძეა დაახლოებით 17 კილომეტრია.

დარიალის ხეობას თუ გამოუყვებით, სოფელ გველეთთან ულამაზესი ჩანჩქერი შეგხვდებათ. ჩანჩქერისკენ 700-მეტრიანი ვიწრო ბილიკი მიემართება. მართალია, ამ გზის გასავლელად სპორტული ფეხსაცმელი და საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებთ, მაგრამ პეიზაჟი იმდენად მშვენიერია, რომ ნამდვილად არ ინანებთ.

დარიალის ხეობას დევდორაკის ხეობა ენაცვლება. აქ, მდინარე დევდორაკის შესართავთან, სამხედრო გზის პარალელურად, ძველი საურმე გზის ნაშთები შეგხვდებათ. თუ არ დაიზარებთ და ზემოთ აიხედავთ, დევდორაკის მყინვარსაც დაინახავთ. მყინვარისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკი არყის ტყეზე გადის, რომელიც ალპური ტიპის მცენარეების მრავლფეროვნებით იწონებს თავს. მყინვარზე ასვლა არცთუ ადვილია და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას მოითხოვს. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ.

თუ ჯერ კიდევ არ დაღლილხართ, დროა, გეზი სოფელ გერგეთისაკენ აიღოთ და ხევის მთავარ ღირსშესანიშნაობას – მყინვარწვერის ძირას, სოფელ გერგეთში, XIV საუკუნის დასაწყისში აშენებულ წმინდა სამების ეკლესიას ეწვიოთ. ეკლესია ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეთის სამებას ხევში მართლმადიდებლობის დაცვასთან ერთად საუკუნეების განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციაც ჰქონდა. მტრის შემოსევისას ის განძთსაცავის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ სამებაში იყო დაცული წმინდა ნინოს ჯვარი (რომელიც ამჟამად თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება).

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან უმშვენიერესი პანორამა იშლება და მთელი ყაზბეგი ხელისგულივით მოჩანს. მართალია, სამებისკენ სამანქანო გზაც მიდის, მაგრამ გირჩევთ, არ დაიზაროთ და ეკლესიამდე ფეხით ახვიდეთ. გზად მშვენიერი ხედებით დატკბობას და იშვიათი ალპური ყვავილების დაკრეფასაც შეძლებთ.

გერგეთის სამების შემდეგ ბეთლემის სამონასტრო კომპლექსის მონახულების დრო დგება. ბეთლემის გამოქვაბულის სახელით ცნობილი ეს მონასტერი ზღვის დონიდან 3982 მეტრზე გამოუკვეთიათ ჩვენს წინაპრებს. გადმოცემით, ის წმინდა გიორგის საბრძანებელი იყო. როცა ჩვენს ქვეყანას უჭირდა, თეთრონზე ამხედრებული წმინდანი მთიდან ჩამოდიოდა და ქართველობას ბრძოლის ველზე წინ მიუძღოდა.

ძნელად მისადგომი მღვიმე ძველთაგანვე სიწმინდეთა საცავი იყო. აქ შემორჩენილ ნივთთაგან აღსანიშნავია დაახლოებით XIII საუკუნის ჭედური ხატი (დროშა). ეს ხატი და სხვა ნივთები, აგრეთვე – მღვიმის კარი და 5,5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლითაც გამოქვაბულში ადიოდნენ მლოცველნი, ამჟამად ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ბეთლემის გამოქვაბულის შემდეგ მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სოფელ სიონში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებას გირჩევთ, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. ორსართულიანი სამნავიანი ბაზილიკის ქვედა სართული ლოდებით არის ამოყვანილი. კარის მარჯვენა მხარეს გამართული ქვის სავარძლების საზურგეებზე ჯვრებია ამოკვეთილი. ამ სკამებზე ხევის უხუცესები ისხდნენ და თემის საქმეებზე ბჭობდნენ.

ოდესღაც სიონის შემოგარენში მდგარა თლილი ქვით ნაგები გარბანის წმინდა გიორგის ეკლესიაც. გარბანის წმინდა გიორგის ხატობას აღდგომის მესამე კვირას ზეიმობენ. ამ დღეს სიონის ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე წმინდა გიორგის ვერცხლის ხატს.

ახლა თრუსოს ხეობის, ართხმოს ხეობისა და სოფელ ჯუთას მონახულების ჯერია. თრუსოს ხეობა მდინარე თერგის ხეობაში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის მდებარეობს. ხეობაში ნახავთ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს (ზაქაგორის ციხესიმაგრეს, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესიას), ნასოფლარებს (კეტრისს, აბანოს), ფერად ტრავერტინებს, ჰიდროკარბონატული მინერალური წყლის ტბას, არყის ტყეებს.

ართხმოს ხეობა სოფელ ახალციხიდან იწყება და მდინარე ართხმოსწყლის კალაპოტს მიუყვება.

ჯუთა, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.

 

ჩვენი ლაშქრობა დასასრულს უახლოვდება. შესაძლოა ბევრი რამ გამოგვრჩა, მაგრამ წინ ნახევარი გაზაფხული და მთელი ზაფხულია, ასე რომ, გული არ გაიტეხოთ, ხევთან დამშვიდობებამდე კი გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ მოხევური ხაბიზგინები, როგორსაც მხოლოდ ხევში ამზადებენ.

ნინო ბაზერაშვილი

 

გააზიარე: