რა იწვევს და რა ახასიათებს ჭინჭრის ციებას და ანგიოედემას?

გააზიარე:

ახლახან მეგობრის დაბადების დღეზე იყავით. მიირთვით ათასგვარი გემრიელი კერძი, უამრავი სასუსნავი, მოეფერეთ მის ფუმფულა ცუგას, რომელიც დაჟინებით ყეფდა და თქვენს ყურადღებას ითხოვდა. ცოტა ხნის შემდეგ ქავილმა შეგაწუხათ, მაგრამ გართობას ვერ მოსწყდით... მალე ქავილმა იმატა. სასწრაფოდ მიაშურეთ საპირფარეშოს და რას ხედავთ – კანი ერთიანად წითელი ბუშტუკებით დაგფარვიათ და მთელი სხეული უკვე გაუსაძლისად გექავებათ.

ასეთ დროს უსარგებლო პანიკის თავიდან ასაცილებლად და ვითარების სწორად შესაფასებლად ცოტა რამ უნდა იცოდეთ ორ გავრცელებულ სინდრომზე – ჭინჭრის ციებასა და ანგიოედემაზე.

ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენით გამოიხატება, ანგიოედემა კი კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, წესისამებრ – თვალებისა და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა მეტწილად უვნებელია და თავისთავად გაივლის. სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა სასუნთქი გზები დაიხშოს.

ჭინჭრის ციება და ანგიოედემა ცალ-ცალკეც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც. მათ ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ.

 

რა იწვევს:

  • საკვები. ზოგიერთ საკვებს შეუძლია, მათდამი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხშირია ალერგია მოლუსკებზე, თევზზე, მიწის თხილზე, თხილზე, კვერცხსა და რძეზე;
  • მედიკამენტები. ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის გამოწვევა თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია, თუმცა უმეტესად ბრალი მიუძღვის პენიცილინს, ასპირინს, იბუპროფენსა და წნევის წამლებს;
  • გარემოში არსებული ალერგენები, მათ შორის – მცენარის მტვერი, ცხოველის ქერტლი, ლატექსი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში;
  • გარეგანი ფაქტორები: სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, კანზე ზეწოლა, ემოციური სტრესი და ვარჯიშიც კი;
  • სხვა დაავადებები. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შესაძლოა განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომის), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის (ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) საპასუხოდ;
  • გენეტიკა. თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი ფორმაა. ის იმუნური სისტემის მაკონტროლებელი სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციობასთანაა დაკავშირებული.

 

რა ახასიათებს

ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ძირითადი გამოხატულება დამახასიათებელი შესახედაობის გამონაყარია.

კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება იყოს: წითელი ან კანისფერი; ოვალური ან მატლის ფორმისა; რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა; მქავანა.

ჭინჭრის ციება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს.

ანგიოედემისთვის დამახასიათებელია:

  • დიდი, სქელი, მკვრივი ბუშტუკები;
  • შეშუპება და სიწითლე;
  • ტკივილი და სიმხურვალე დაზიანებულ მიდამოში.

 

როდის მივმართოთ ექიმს

ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების მკურნალობა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია, მაგრამ თუ სიმპტომები რამდენიმე დღე გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ შეგაწუხათ მოხრჩობის შეგრძნებამ, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

ვის ემუქრება

ანგიოედემისა და ურტიკარიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, თუ:

  • ერთხელ მაინც გადაგიტანიათ ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება;
  • ერთხელ მაინც გქონიათ ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია;
  • გაქვთ დაავადება, რომელიც ანგიოედემასა და ურტიკარიასთან არის ასოცირებული (სისტემური წითელი მგლურა, ლიმფომა ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია);
  • ოჯახის რომელიმე წევრს ერთხელ მაინც ჰქონია ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება.

 

როგორ სვამენ დიაგნოზს

ექიმი დაგითვალიერებთ კანს, შეკრებს ანამნეზს და სავარაუდო მიზეზის დადგენას შეეცდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამონაყარი ზოგჯერ ექიმთან მისვლამდე ქრება, რაც, რა თქმა უნდა, დიაგნოზის დასმას ართულებს.

 

მკურნალობა

თუ სიმპტომები მსუბუქია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ გემუქრებათ და არც მკურნალობაა აუცილებელი, თუმცა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომის, ქავილის, შესუსტება.

სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

  • ქავილის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანგიოედემისა და ურტიკარიის სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას, რომლებიც ქავილს, შეშუპებას და ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნებს ამცირებს;
  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანგიოედემისა და ურტიკარიის რთული ფორმის დროს შეშუპების, სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად ინიშნება ორალური კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონი;
  • იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები (იმუნოსუპრესორები). ანტიჰისტამინებისა და კორტიკოსტეროიდების უეფექტობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს იმუნოსუპრესორების დანიშვნა ზედმეტად გააქტიურებული იმუნური სისტემის დასათრგუნავად;
  • ტკივილისა და შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ქრონიკულად მიმდინარე ანგიოედემისა და ურტიკარიის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით – ე.წ. ლეიკოტრიენების ანტაგონისტებით არის შესაძლებელი;
  • სისხლში ცილების მაკონტროლებლები. მათ, ვისაც მემკვიდრეობითი ანგიოედემა აქვს, უნიშნავენ მედიკამენტებს, რომელთა საშუალებითაც სისხლში გარკვეული ცილების რაოდენობის რეგულირებაა შესაძლებელი. ეს საგრძნობლად ამცირებს სიმპტომებს.

 

სასწრაფო დახმარება

ურტიკარიის ან ანგიოედემის მწვავე შეტევის დროს ზოგჯერ აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექცია. თუ თქვენმა ორგანიზმმა ერთხელ მაინც გამოხატა ასეთი რეაქცია, რეციდივი ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, ამიტომ მიმართეთ ექიმს და მასთან შეთანხმებით შეიძინეთ სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც გადაუდებელ შემთხვევაში თვითონვე გაიკეთებთ ინექციას.

ოჯახის ექიმმა შესაძლოა კონსულტაციისთვის დერმატოლოგთან ან ალერგოლოგთან გაგგზავნოთ.

 

როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის

  • ჩამოწერეთ სიმპტომები და ნიშნები, მათი განვითარების დრო და ხანგრძლივობა.
  • ჩამოწერეთ ყველა მედიკამენტი, რომელსაც ამჟამად იღებთ, ვიტამინებისა და საკვები დანამატების ჩათვლით. სასურველია, მიუთითოთ დოზებიც.
  • ჩამოწერეთ კითხვები, რომლებიც გინდათ დაუსვათ ექიმს.

 

რა შეგიძლიათ იღონოთ

  • თავი აარიდეთ ალერგენებს: მცენარის მტვერს, ლატექსს, საკვებს. მეტადრე მათ, რომლებთანაც ალერგიული რეაქციის კავშირი მეტ-ნაკლებად აშკარაა.
  • გამოიყენეთ ანტიჰისტამინები: ლორატადინი (კლარიტინი), ცეტირიზინი ან დიფენჰიდრამინი (დიმედროლი). ისინი ეფექტურად აცხრობენ განვითარებულ სიმპტომებს.
  • დაზიანებულ არეზე დაიდეთ ცივი საფენები. საფენები კანს დაარბილებს და შეასუსტებს შეშუპებას და დაჭიმულობას.
  • მიიღეთ გრილი აბაზანა. ქავილის შესასუსტებლად აბაზანაში ჩაყარეთ ჩვეულებრივი საჭმელი სოდა ან წვრილად დაფქული შვრია (არსებობს შვრიისგან დამზადებული სხეულის მოვლის საშუალებებიც, მაგალითად, ავეენო).
  • ჩაიცვით ბამბის რბილი ქსოვილის თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. ერიდეთ მოჭერილ, მოუხერხებელ და შალის ქსოვილისგან შეკერილ სამოსს – ამით კანის ზედმეტ გაღიზიანებას თავიდან აიცილებთ.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგიის დროს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და არც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა საჭირო. თამამად შეგიძლიათ, ჩვენი რჩევების დახმარებით თვითონვე მართოთ საკუთარი ჩივილები. რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაცია ყოველთვის სასურველია, მაგრამ სიმპტომების ხანგრძლივი არსებობის, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელების თუ ჯანმრთელობის გაუარესების სხვა ნიშნების შემთხვევაში ეს აუცილებელი გახლავთ!

თამთა ხელიძე

 

 

 

 

გააზიარე: