გიორგი ოვაშვილი: “კინო სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს”

გააზიარე:

მოქმედება რეჟისორ გიორგი ოვაშვილის დევიზია. როგორც თავად ამბობს, შეჩერებისთანავე ყველა პრობლემა ერთბაშად ატყდება თავს. გარდა ამისა, როცა მუშაობს, ცუდზე ფიქრისთვის ვეღარ იცლის.

მიაჩნია, რომ ყოველი ხელოვანი თავისი შემოქმედებით საკუთარ თავს წარმოაჩენს და რომ მისი ყველა ფილმი წარსულის ასოციაციებიდან იღებს სათავეს.

გიორგი ოვაშვილი საკუთარ შემოქმედებასა და კადრებად ქცეულ მოგონებებზე თავად მოგვითხრობს:

– პირველად ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. მიზეზი საკმაოდ პრაგმატული გახლდათ – სტუდენტები საბჭოთა ჯარში არ მიჰყავდათ და სასწრაფოდ უნდა მომეპოვებინა გადამრჩენელი სტატუსი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვისწავლიდი, მთავარია, სტუდბილეთი მდებოდა ჯიბეში. მშობლები მათემატიკოსები იყვნენ და ტექნიკური უნივერსიტეტი მირჩიეს, თუმცა ცამეტი-თოთხმეტი წლიდან უკვე გააზრებულად და მიზანმიმართულად მივდიოდი იმ გზისკენ, რომელსაც ახლა ვადგავარ. მჯერა, რომ ადამიანმა არაცნობიერად ყოველთვის იცის, რა საქმეს უნდა ემსახუროს და მისკენ ისწრაფვის. მეც ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ფილმების გადაღება იყო. დღეს სწორედ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მაქვს.

– რა პროექტზე მუშაობთ ამჟამად?

– თითქმის დავასრულე მუშაობა ახალ ფილმზე სახელწოდებით “ხიბულა”. სიუჟეტი ეფუძნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს, თუმცა თემა განზოგადებულია და ლიდერის აღზევებისა და დაცემის ზოგად ისტორიას გვიამბობს. ეს იქნება ჩემ მიერ გადაღებული ტრილოგიის მესამე ფილმი, რომელიც, ისევე როგორც წინა ორი, 90-იანი წლების პრობლემატიკას ასახავს.

– რა იყო ამ ტრილოგიაში თქვენი მთავარი სათქმელი?

– ომი რომ დაიწყო, მეც შემეძლო, თანატოლებივით იარაღი ამეღო და წავსულიყავი. ინსტიტუტში იყვნენ ბიჭები, რომლებიც, აი, ასე, ემოციურად ადგნენ, წავიდნენ და ვეღარ დაბრუნდნენ. მაგრამ მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ომი არ იყო. ასეთი გახლდათ სინამდვილე და, ვფიქრობ, შევძელი კიდეც ამის თქმა ჩემი ფილმით. ვქმნი იმავე პრინციპით: კინო სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.

ჩემთვის საინტერესოა ომის შვილების თემა – ბავშვებისა, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს სახლის, მშობლების, სამშობლოს, იმედის გარეშე დარჩნენ, აღმოჩნდნენ ახალ სამყაროში, სრულიად უმწეონი, და მსხვერპლად იქცნენ. ვითარების მთელი ტრაგიზმი ის იყო, რომ ომს ბავშვებად შეხვდნენ და უფროსებს, რომლებმაც ეს კონფლიქტი წამოვიწყეთ, არ გვიფიქრია, როგორ ვუნგრევდით მათ სამყაროს. “გაღმა ნაპირის” პრემიერა 2009 წლის თებერვალში ბერლინში გაიმართა და ფილმმა ცხოვრება დაიწყო.

ჩემი ფილმი პროპაგანდისტული არ ყოფილა და ვერ დავიწყებდი იმის მტკიცებას, რომ ჩვენ, ქართველებს, არავინ დაგვიხოცავს, არავინ გაგვიძარცვავს, არავისთვის დაგვინგრევია სახლი. მე მინდოდა მეთქვა: “ასე არ შეიძლება, ასე არ უნდა მოვიქცეთ”.

საზოგადოდ, კონფლიქტი ჩემთვის არასოდეს ყოფილა კინოში განსახილველი თემა. წარმოშობით ქსნის ხეობიდან, ახალგორიდან ვარ. ეს სოფელი ახლა ოკუპირებულია და ვეღარ მივდივართ. ჩემი ნათესავებიც წამოვიდნენ იქიდან – ლტოლვილებად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ფიზიკური ტკივილი ვერც კი გაუტოლდება. გარდა ამისა, კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ბევრი რამის ცივი გონებით განსჯა რთულია, განყენებული პოზიციიდან ამ კადრების დანახვა მიჭირს.

– მიაღწია თუ არა “სიმინდის კუნძულმა” იმ წარმატებას, რასაც ელოდით?

– წარმატებაზე წინასწარ ნამდვილად არ მქონია გათვლა. როცა ფილმს ვიღებ, ამაზე არ ვფიქრობ. “სიმინდის კუნძულის” წარმატება დაიწყო კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც მან მთავარი ჯილდო – “ბროლის გლობუსი” მოიპოვა. დაჯილდოების წინა დღეს ჩეხეთიდან წამოსვლასაც კი ვაპირებდი, მაგრამ დარჩენა მთხოვეს. მივხვდი, რომ რაღაც პრიზი გვერგებოდა, მაგრამ მთავარ ჯილდოზე თუ იყო საუბარი, არ დაგიმალავთ, არ ველოდი. ამის შემდეგ დაიწყო ფილმის აქტიური საფესტივალო ცხოვრება, რამაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო მოგვიტანა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა არა წინასწარ დაგეგმილი ან რაიმე მოლოდინზე დაფუძნებული.

– რა პრობლემების პირისპირ დგას დღეს ქართული კინო და მათი მოგვარების რა გზებს ხედავთ?

– ყველაზე დიდი პრობლემა უსახსრობაა. სახელმწიფო კინოს მინიმალური თანხით აფინანსებს, რაც ამ სფეროს განსავითარებლად ოდნავაც არ არის საკმარისი. რეჟისორებს თავიანთი პროექტებისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად წლობით უწევთ ლოდინი, უარეს შემთხვევაში კი წლების შემდეგაც ვერ ახერხებენ ფინანსების მოპოვებას. სამწუხაროდ, კინოში ფულის დაბანდებით არც კერძო სტრუქტურები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, შესაბამისმა სამთავრობო სამსახურებმა უნდა შეიმუშაონ გარკვეული გეგმა, სტრატეგია, რათა, ერთი მხრივ, გაზარდონ სახელმწიფო დაფინანსება, მეორე მხრივ კი პოტენციური ინვესტორები მოიზიდონ.

– განტვირთვის რა საშუალებებს მიმართავთ? ჰობი თუ გაქვთ, სპორტს თუ მისდევთ?

– ძალიან დატვირთული და არეული გრაფიკი მაქვს, საქართველოში იშვიათად ვარ, გამუდმებით ვმოგზაურობ და მოგზაურობის დროსაც ბევრს ვმუშაობ, განტვირთვისთვის დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა იშვიათად მაინც ვახერხებ. ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული, თუ საშუალება მომეცა, ხელიდან არ ვუშვებ. მიყვარს ფეხბურთის თამაშიც. საქართველოში ყოფნის დროს ბევრს დავდივარ მთაში. ბუნების წიაღში დასვენება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

– როგორი ბავშვობა გქონდათ?

– ბავშვობა ძეგვში გავატარე. ჩემს მეხსიერებას ლამაზ მოგონებებად შემორჩა ძველი სახლი, სახლის წინ – ფერადი ყვავილებით მოჩითული მინდორი, მინდვრის ბოლოს – რკინიგზა. ასეთი იყო ჩემი ბავშვური სამყარო, აქ იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. ორი-სამი წლიდან ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მატარებლის ხმის გაგონება იყო. ვოცნებობდი, ღამით ფანჯრიდან გადავპარულიყავი და მატარებელს უსასრულობისკენ გავყოლოდი. აქედან მოდის ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც ბავშვი ურიკას მიჰყვება და როცა დღის ბოლოს ამ ურიკას რელსებიდან გადადგამენ, მაშინღა აღმოაჩენს, რომ ის ჩვეულებრივი ნივთია, სახლი კი შორს დარჩა...

ბავშვობიდან კიდევ ერთი მოგონება შემომრჩა: თამარ მეფის საფლავის პოვნა ავიკვიატე, ავიყოლიე რამდენიმე თანატოლი და გაკვეთილების შემდეგ, ბარებითა და ნიჩბებით შეიარაღებულები, ტყესა და ღრეში დავეხეტებოდით, მშივრები და ქანცგაწყვეტილები ვბრუნდებოდით შინ. არავინ იცოდა, სად დავდიოდით. საფლავი, რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვეთ, მაგრამ უამრავი სასიამოვნო ემოცია დაგვრჩა. აზრი, მიზანი გვქონდა ცხოვრების...

– სამომავლოდ თუ გაქვთ გეგმები, რომელთა შესახებაც გსურთ ესაუბროთ ჩვენს მკითხველს?

– დიახ, მაქვს ახალი პროექტი, რომელზეც ბატონ გურამ ოდიშარიასთან ერთად ვმუშაობ. მისი “დევნილთა უღელტეხილის” მიხედვით ვგეგმავ ფილმის გადაღებას. სცენარი უკვე მზადაა, წინ ყველაზე რთული ეტაპი – ფინანსების მოპოვება გველის.

თამარ ციბალაშვილი

 

 

გააზიარე: