რა საფრთხეს გვიქადის ხმაური და როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება?

გააზიარე:

გარემოდან ყოველდღე გვესმის ათასგვარი ხმაური – ტელევიზორისა, რადიოსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ ტრანსპორტისა. ამ ხმებს დიდი ხანია მივეჩვიეთ და უწყინარი გვგონია. სინამდვილეში ხმაური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი მტერია, ცხოვრების თანამედროვე წესი კი მას უფრო და უფრო უხსნის ხელ-ფეხს და, ფაქტობრივად, უბრძოლველად უთმობს ყველაზე ძვირფასს – ადამიანის ჯანმრთელობას.

მაინც რა საფრთხეს გვიქადის ხმაური და როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება?

რა არის ხმაური

სამედიცინო ლიტერატურაში ვკითხულობთ: “ხმაური არის ყოველგვარი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის ბგერათა უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე”. ფიზიკაში ხმაური ეწოდება დრეკადი გარემოს – აირის, სითხის – ან მყარი სხეულის ნაწილაკების უწესრიგო რხევებს, რომლებიც განსაზღვრული ძალის ზემოქმედებით წარმოიშობა და რომელთა აღქმაც ადამიანის სმენის ანალიზატორს ძალუძს. ეს რხევები სხვადასხვა დონისა და სიხშირისაა, ხელს უშლის სასარგებლო ბგერითი სიგნალების (საუბრის, მუსიკის) აღქმას და ადამიანის ორგანიზმზე არასასურველ ზემოქმედებას ახდენს.

ხმაური დეციბელებში იზომება. აშშ-ის შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIOSH) რეკომენდაციით, ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს 85 დბ-ს 8 სააათის განმავლობაში. 75 დბ-ზე ნაკლები ხმაური ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაშიც არ იწვევს პრობლემებს, 85 დბ-ზე მეტი კი საშიშია.

ბგერის ძალა და ხანგრძლივობა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული – რაც უფრო მაღალია ხმა, მით უფრო ხანმოკლე ზემოქმედებაა საკმარისი პათოლოგიის განვითარებისთვის. მაგალითად, 85 დეციბელის ყოველდღიური 8 საათზე ხანგრძლივი ზემოქმედება დროთა განმავლობაში სმენის დაქვეითებას გამოიწვევს, ხოლო ელექტროხელსაწყოების (100 დბ), როკკონცერტზე ერთდროულად მჟღერი ინსტრუმენტების (120 დბ) ან გასროლის (140-170 დბ) ხმამ შესაძლოა რამდენიმე ეპიზოდის შემდეგაც კი წარმოშვას სმენის პრობლემები. ხმაურის დონის ყოველი 3 დბ-ით მომატება ზემოქმედების ძალას აორმაგებს, ექსპოზიციის რეკომენდებულ დროს კი ანახევრებს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპისთვის დამახასიათებელია საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, ახალ-ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების დანერგვა. ეს ყველაფერი ზრდის აკუსტიკური რხევების ინტენსივობას და ხმაურის წარმოშობას უწყობს ხელს. დასახლებულ პუნქტებში დასაშვებად მიიჩნევა ხმაურის ის დონე, რომელიც ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზემოქმედებას არ ხდენს, არ აქვეითებს მის შრომის უნარს, არ ვნებს თვითშეგრძნებასა და განწყობას, არ იწვევს ხმაურის მიმართ მგრძნობიარე სისტემების ფუნქციური ტიპის არსებით ცვლილებებს.

საიდან მოდის ხმაური

ხმაურის წყაროები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. საცხოვრებლის შიდა წყაროებს მიეკუთვნება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო მოწყობილობები. გარეთა წყაროებია სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოები და ტრანსპორტი. თუ წინათ ამ წყაროებიდან მომდინარე ხმაურის მავნე ზემოქმედებას უმთავრესად ამავე საწარმოთა თანამშრომლები განიცდიდნენ, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხმაურს თითოეული სახლის კარი გაუღო. ჩვენს სახლებში ფაქტობრივად ყველაფერი ხმაურს გამოსცემს, შინიდან გასულები კი ხმაურის კიდევ ერთ წყაროს – ტრანსპორტს ვაწყდებით.

შედეგიც აშკარაა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასავლეთი ევროპის ქვეყნებში გარემოს ხმაურით განპირობებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგული წლების რაოდენობა გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში 61 000 წელს შეადგენს, ბავშვთა შემეცნებითი უნარების დაზიანების შემთხვევაში – 45 000, ძილის დარღვევის შემთხვევაში – 903 000, გაღიზიანებადობის განვითარების შემთხვევაში კი – 587 000 წელს. გარემოში არსებული ხმაურის ტვირთი უმთავრესად საგზაო ხმაურთან დაკავშირებული ძილის დარღვევისა და გაღიზიანებადობის წილად მოდის. თუ ამ მონაცემებს შევკრებთ, გამოვა, რომ ყოველწლიურად ტრანსპორტთან დაკავშირებული ხმაურის გამო დასავლეთ ევროპაში, სულ მცირე, 1 მილიონი ჯანმრთელი წელი იკარგება.

გაითვალისწინეთ: ხმაური მხოლოდ სმენის დაქვეითებას არ იწვევს – ის შესაძლოა ბევრი სხვა პრობლემის მიზეზადაც იქცეს. ხმაურის შედეგად ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე არასპეციფიკური დარღვევები. სპეციფიკურთა შორის წამყვანი ადგილი, რაღა თქმა უნდა, სმენის დაქვეითებას უკავია. სმენის დაქვეითება ამ დროს კოხლეარული ნევრიტის მსგავსი პროგრესირებადი პათოლოგიითაა გამოწვეული. ეს ნელი, ხანგრძლივი პროცესია. დაავადების მთავარი სიმპტომი სმენის დაქვეითება და ყურების შუილია. ზოგჯერ ამას ერთვის თავბრუხვევა, გულისრევა, კოორდინაციის დარღვევა. რაც უფრო ძლიერია ხმაური ან რაც უფრო ჭარბობს მაღალი სიხშირის ბგერები, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს პათოფიზიოლოგიური ცვლილებები. დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს ხმაურისადმი ორგანიზმის ინდივიდუალური მგრძნობელობაც.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როდია. ხმაური საერთო ბიოლოგიური გამღიზიანებელია ის მთელ ორგანიზმზე ზემოქმედებს. შეამჩნევდით – თუ ძლიერ ხმაურიან გარემოში მოგიწიათ ყოფნამ, უმალვე თავი გტკივდებათ და, დაღლილი, ღამით უშედეგოდ ცდილობთ დაძინებას. ხმაურის მავნე გავლენა ყველაზე ადრე ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლით იჩენს თავს – თავის ტკივილით, პერიოდული თავბრუხვევით, მეხსიერების დაქვეითებით, ემოციური ლაბილურობით, ძილის დარღვევით.

ხმაური მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც და კარდიალური და ჰიპერტენზიული ტიპის ნეიროცირკულატორული დისტონიის სინდრომს იწვევს. მას ნევროზის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს: დაღლილობა, სისუსტე, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეთება. კარდიალური ტიპის დისტონიის დროს თავს იჩენს გულის ტკივილი, გულისცემის გახშირება, არითმია, ჰიპერტენზიული ტიპის დისტონიის დროს კი ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს წნევის გარდამავალი მატება ერთვის.

ხმაური არც იმუნურ სისტემას ტოვებს უყურადღებოდ. მაღალი სიხშირის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა იმუნური აქტივობის, ორგანიზმის საერთო რეზისტენტულობის დაქვეითებას იწვევს, რასაც საბოლოოდ ავადობის მატებამდე მივყავართ.

ხმაურის ხანგრძლივ და ინტენსიურ ზემოქმედებას ჯერ ნერვული სისტემისა და სმენის პრობლემები მოჰყვება, მერე კი – სტრესულ სიგნალებზე ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის დარღვევა.

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობაზე საყოფაცხოვრებო და ქალაქის ხმაურის გავლენის შეფასება საკმაოდ ძნელია, ასე რომ, ნუსხა შესაძლოა გაცილებით დიდი და მრავლისმომცველიც იყოს.

რამდენად საშიშია გარემო

ხმაურის მიმართ მგრძნობელობა ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს. ალბათ, თავადაც შეგიმჩნევიათ – რაც თქვენს ყურს ზომიერი ეჩვენება, სხვისთვის მეტისმეტად ხმამაღალია და პირიქით. ხმის აღქმის ინდივიდუალური თავისებურებები საუკეთესოდ წარმოჩნდება ტელევიზორთან, როდესაც დროის დიდ ნაწილს ხმის ყველასათვის მისაღები ნიშნულის საპოვნელად ვხარჯავთ. მოსახლეობის 30%-ს ხმაურისადმი მგრძნობელობა მომატებული აქვს, 60%-ს – ნორმალური, 10%-ს კი – დაქვეითებული. მაშ, როგორ მივხვდეთ, მართლა ხმაურიან გარემოში ვართ თუ არა? გთავაზობთ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვარ წითელ ხაზად, გამაფრთხილებელ ნიშნებად უნდა მიიღოთ. თუ ერთ მათგანს მაინც დაეთანხმეთ, ფრთხილად იყავით – თქვენ გარშემო ძლიერი ხმაურია:

  • ყვირილი გიწევთ, რათა თანამოსაუბრეს თქვენი ხმა გააგონოთ.
  • არ გესმით თქვენგან ორიოდე ნაბიჯით დაშორებული ადამიანის ხმა.
  • თქვენი ყურსასმენიდან ხმა გვერდით მდგომსაც ესმის.

უკანასკნელი კრიტერიუმით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდების უმეტესობა ძლიერი ხმაურის ზემოქმედებას განიცდის. ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია საქალაქო ტრანსპორტით. პირველი ორი პუნქტი კი ღამის კლუბებისა და დისკოთეკების მოყვარულებს შეგახსნებთ, რომ ამ უწყინარმა გართობამ მომავალში შესაძლოა მუსიკის მოსმენა აუხდენელ ოცნებად გიქციოთ. არ გეგონოთ, თითქოს კონცერტებზე სიარულს გიკრძალავთ ვინმე; უბრალოდ, თუ ჯანმრთელობა რამედ გიღირთ, მეტისმეტად ხმაურიანი აქტივობები თქვენს ცხოვრებაში იშვიათი უნდა იყოს.

რა ხმას გამოსცემს გარემო

ხმაური, რომელსაც ყოველდღიურად ვეჯახებით, ასეთი სიმძლავრისაა:

  • ჩვეულებრივი საუბარი – 60 დბ
  • მაცივრის ხმა – 45 დბ
  • დიდი ქალაქის ტრანსპორტის ხმაური – 85 დბ
  • მოტოციკლეტის ძრავის ხმა– 95 დბ
  • მპ3 პლეიერი მაქსიმალურ ხმაზე – 105 დბ
  • სირენა – 120 დბ
  • ფეიერვერკი, ცეცხლსასროლი იარაღი – 150 დბ

რა თქმა უნდა, იმასაც გააჩნია, რა მანძილით ხართ დაშორებული ხმაურის წყაროს. თავდაცვის მთავარი წესი ასეთია: გავერიდოთ ხმაურს, რომელიც მეტისმეტად ძლიერია, მეტისმეტად ახლოსაა ან მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება.

სმენის დაქვეითება – ხმაურის ყველაზე გავრცელებული შედეგი

როგორც ვთქვით, სმენის დაქვეითება ხმაურის ყველაზე ხშირი და სპეციფიკური შედეგია. ოფიციალური მონაცემებით, ამერიაკში 4 მილიონი კაცი ყოველდღე საზიანო ხმაურის ფონზე მუშაობს, 10 მილიონს ხმაურთან ასოცირებული სმენის დაქვეითება აღენიშნება, 22 მილიონი კი პოტენციურად მავნე ზემოქმედებას განიცდის. მხოლოდ 2007 წელს პროფესიული ხასიათის სმენის დაქვეითების 23000 ათასი შემთხვევა აღირიცხა. 26 მილიონ ამერიკელს, მათ შორის – 20-დან 69 წლამდე ასაკის პირთა 15%-ს, სმენა წართმეული აქვს, მოზარდების 16% კი სმენის ამა თუ იმ სახის დაქვეითებას უჩივის.

ხმაურის გამო სმენა სწრაფადაც შეიძლება დაგვიქვეითდეს და ნელაც, როგორც დროებით, ისე სამუდამოდ, როგორც ცალ, ისე ორივე ყურში. მავნე ზემოქმედება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, შესაბამისად, სმენის დაქვეითებამაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.

გავიხსენოთ ანატომია

იმის გასაგებად, რატომ აღარ გვესმის, უნდა ვიცოდეთ, როგორ ფუნქციობს ადამიანის ყური.

სმენა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი სასმენი აპარატი ბგერით ტალღებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმის, სმენის ნერვს კი ეს იმპულსები თავის ტვინამდე მიაქვს.

ადამიანის სასმენი აპარატი სამ ნაწილად იყოფა – გარეთა ყურად, შუა ყურად და შიგნითა ყურად. ეს უკანაკნელი თავის ქალაში მდებარეობს და ყურის ყველაზე რთული ნაწილია. გარეთა და შუა ყური სიგნალის გადამტანები არიან, ნერვულ იმპულსად მისი გარდაქმნა კი შიგნითა ყურს ევალება. აღსანიშნავია, რომ სმენაზე პასუხისმგებელ უჯრედებს აღდგენის უნარი არ შესწევთ, დაზიანების შემთხვევაში ისინი სამუდამოდ იხოცებიან.

სმენის დაქვეითებას, გარდა ხმაურისა, იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, ასაკობრივი ცვლილებები, თავის ტრავმა. რაც შეეხება ხმაურს, სასმენი აპარატის დისფუნქცია ვითარდება როგორც ძალზე ძლიერი, ისე საშუალო დონის ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.

რატომ არ გვესმის, რომ არ გვესმის?

ადამიანი საფრთხეს ვერ ამჩნევს, რადგან თავად სიმპტომები შეუმჩნეველია. სმენის დაქვეითება იშვიათად არის მტკივნეული და პირველ ხანებში არც შემაწუხებელი ეთქმის, ამიტომ მანამდე არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, სანამ უფრო დიდ მასშტაბს არ მიაღწევს. თავდაპირველად გრძნობთ ყურებში წნევის მოწოლას, სისავსეს, შუილს. მერე და მერე ამჩნევთ, რომ თანამოსაუბრის ხმა შორიდან გესმით, ტელევიზორს ჩვეულებრივზე მეტად უწევთ ხმას... ხმაურთან ასოცირებული სმენის დაქვეითების პირველი სიმპტომია მაღალი სიხშირის ბგერების გაგონების შეუძლებლობა, როდესაც ირგვლივ ბევრი ფონური ხმაა. მერე და მერე უფრო დაბალი ინტენსივობის ბგერების აღქმაც გიჭირთ... ზოგჯერ ეს სიმპტომები ხმაურის ზემოქმედების შემდეგ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შუალედში უკუვითარდება. გგონიათ, რაკი სიმპტომები გაქრა, ყურმა გამოცდას გაუძლოო და მომავალში სასმენ აპარატს უფრო დიდ გამოცდას უწყობთ. სინამდვილეში შიგნითა ყურში განსაზღვრული რაოდენობის უჯრედი უკვე განადგურებულია. ჯანსაღი უჯრედების წყალობით ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებით, მაგრამ მომდევნო ეპიზოდი მათ რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს და ასე გაგრძელდება, სანამ მკვდარი უჯრედი ცოცხალზე მეტი არ აღმოჩნდება. ასეთ დროს სიმპტომები აშკარა გახდება, მაგრამ ჩარევა შესაძლოა დაგვინებული იყოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან

  • ხმაურთან ასოცირებული სმენის დაქვეითება სმენის დაქვეითების ერთადერთი ფორმაა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.
  • ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, ხმაურს ზემოქმედების შემცირებაა საჭირო. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხმაურიან ადგილას მუშაობს ან დღის განმავლობაში ასეთ ადგილებში მიმოსვლა უწევს. არსებობს სპეციალური ყურსასმენები, რომლებიც ხმაურის მავნე ზემოქმედებისაგან დაგიცავთ. უქმეებზე კი განსატვირთავად ბარში ან კლუბში ნუ წახვალთ – წყნარ ადგილს მიაშურეთ.
  • სასურველია თავად საწარმოებში ხმაურის შემცირებაც. საამისოდ მისი პარამეტრების ჰიგიენური ნორმირებაა აუცილებელი. ხმაურის შემცირების ყველაზე ეფექტურ ტექნიკურ საშუალებად მიიჩნევა ხმაურიანი ტექნოლოგიური პროცესების ნაკლებხმაურიანით შეცვლა.
  • მოსთხოვეთ ხელმძღვანელობას, დაამონტაჟოს დანადგარებზე დამატებითი ბგერის შთამნთქმელები, ხოლო კედლები ხმის ჩამხშობი მასალით დაფაროს – ეს ხმაურს 10-12 დეციბელით შეამცირებს.
  • თუ იცით, რომ ხმაურიან ადგილას დიდხანს ყოფნა მოგიწევთ, ყურში ხმის ჩამხშობი გაიკეთეთ – ის ხმაურს 25 დეციბელით ახშობს (ზოგჯერ სწორედ ამდენით განსხვავდება ნორმალური ხმაური საშიშისგან). გამოიყენეთ ეს მარტივი მოწყობილობა მოტოციკლით მგზავრობის, ელექტროხელსაწყოთი მუშაობის, დიდი მოტორიზებული ტრანსპორტით გადაადგილების დროს.
  • ხმის ჩამხშობი საშუალებები შინაც გამოიყენეთ. მაგალითად, შეიძლება, პრინტერს ქვეშ სპეციალური რეზინის საფენი დაუფინოთ. ხმაურს ამცირებს ხალიჩა და სქელი ფარდებიც. გარედან შემომავალი ხმაურისგან კი საიზოლაციო სისტემა და ორმაგი კარ-ფანჯარა დაგიცავთ.
  • რამდენიმე ხმაურიან მოწყობილობას ერთდროულად ნუ გამოიყენებთ.
  • ტელევიზორს და სტერეოსისტემებს დაბალ ხმაზე უსმინეთ.
  • თუ ხმაურის შემცირება ან მისგან თავის დაცვა არ შეგიძლიათ, გაერიდეთ.
  • გაუფრთხილდით ჩვილის ყურთასმენას, ნუ ასეირნებთ ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში და თავადაც ერიდეთ პიკის საათში გარეთ გასვლას.
  • ნუ ეცდებით ხმაურის ალტერნატიული ხმაურით ჩახშობას. მაგალითად, ნუ აუწევთ მანქანაში მაგნიტოფონს ტრანსპორტის ხმაურის შესამცირებლად, ნურც ტელევიზორს მტვერსასრუტით სახლის დასუფთავების დროს.
  • თუ ხმაურიან გარემოში ცხოვრობთ ან მუშაობთ, წელიწადში ერთხელ მიმართეთ ექიმს სმენის შესამოწმებლად.
  • გააგებინეთ ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სხვა ნაცნობებს ხმაურის მავნე გავლენის შესახებ – ცოდნა ყოველგვარ ბრძოლაში მთავარი იარაღია!
  •  

 გვანცა გოგოლაძე

 

 

გააზიარე: