დიეტა ნაოჭების წინააღმდეგ

გააზიარე:


სახის კანი ერთგვარი სარკეა იმისა, რამდენად მშვიდ ან მღელვარე ცხოვრებას ეწევი, რამდენად სუფთა ჰაერით სუნთქავ და რაც მთავარია, რამდენად ჯანსაღად იკვებები.
     უფლებას ვიტოვებთ, მხოლოდ უკანასკნელი პუნქტის გამოსწორებაში დაგეხმაროთ.
     ექიმები (უმთავრესად – დერმატოლოგები და დიეტოლოგები) მიიჩნევენ, რომ ნაოჭების პირველი მტერი ის საკვებია, რომლებიც ანტიოქსიდანტებით (C, E და A ვიტამინებით, სელენითა და ომეგა-3-ით) არის მდიდარი. ამჯერად თქვენ და თქვენს მშვენიერ კანს სწორედ სამდღიან ანტიოქსიდანტურ დიეტას გთავაზობთ.
     გაითვალისწინეთ: დიეტა ბრიტანულია და, შესაბამისად, ბრიტანელების გასტრონომიულ მოთხოვნილებათა მიხედვით არის შედგენილი: ჯერ – საუზმე, შემდეგ – ლანჩი, ნაშუადღევს – წახემსება და ბოლოს (დაახლოებით 7 საათისთვის) – სადილი.

პირველი დღე
საუზმე
იოგურტი ნუშითა და კენკრით: ერთ ჭიქა (დაახლოებით 120 გ) იოგურტს შეურიეთ იმავე მოცულობის კენკრა, დაამატეთ 1-2 სადილის კოვზი გატარებული ნუში ან ნიგოზი და ბოლოს – 2 სადილის კოვზი ხორბლის ღივი (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ).
ენერგეტიკული ღირებულება – 360 კალორია.
ლანჩი
ინდაურის ხორცის ბურგერი ქამა სოკოთი და ყვავილოვანი კომბოსტოთი (500 კალორია): მოამზადეთ ჩვეულებრივი ზომის ბურგერი, სასურველია, ინდაურის ხორცისა, თუმცა შეგიძლიათ, მჭლე ჰამბურგერიც მიირთვათ. დაამატეთ თხლად დაჭრილი პომიდორი, მოშუშული სოკო და ერთი სადილის კოვზი კეტჩუპი. სასურველია, ბურგერს მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო მიატანოთ.
ნაშუადღევს
ნახევარი მანგო ან ერთი ნაჭერი ნესვი ნახევარ ჭიქა უცხიმო ხაჭოსთან ერთად (180 კალორია)
სადილი
ორთქლზე შემწვარი ორაგული (ფაქტობრივად, ჩვენებური მწვადი) სატაცურითა და კარტოფილით. თქვენი ულუფაა ორაგულის საშუალო ზომის ფილე ნახევრად შემწვარ კარტოფილსა და სატაცურთან ერთად. ამ უკანასკნელის მაგ

ივრობას ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტოც გაგიწევთ (560 კალორია).

მეორე დღე
საუზმე

ომლეტი და გახუხული პური (350 კალორია): ზეითუნის ზეთში ერთად მოშუშეთ ნახევარი ჭიქა თხლად დაჭრილი ნიორი და ბულგარული წიწაკა, დაამატეთ კვერცხი და წვით, ვიდრე გვერდები არ დაებრაწება.
ლანჩი
თინუსი (500 კალორია): საშუალო ზომის თევზს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი მაიონეზი, დანაყილი ნიორი და ახალდაფქული შავი პილპილი. ეს ყოველივე პურის ორ ფენაში შეახვიეთ და ერთად გახუხეთ. შემდეგ ზედა ფენა ააცალეთ, თევზზე დააწყვეთ პომიდვრის რამდენიმე თხელი ნაჭერი და უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი ყველი და შედგით ღუმელში, ვიდრე ყველი დნობას არ დაიწყებს. თინუსის მაგივრად შეგიძლიათ ორაგული გამოიყენოთ.
ნაშუადღევს
ერთი ვაშლი, მსხალი ან კივი. შეიძლება გარგარის ჩირიც (200 კალორია).
სადილი
შემწვარი წიწილი კარტოფილსა და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად (580 კალორია): შეწვით წიწილის თეთრი ხორცი (გულის ჩანათალი) ორ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში, დაჭყლეტილ ნიორსა და სუნელებში (ისინი თავად შეარჩიეთ), მოუწყვეთ შემწვარი კარტოფილი და მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო.

მესამე დღე
საუზმე
ხაჭო გარგარითა და თხილით (350 კალორია): ერთი ჭიქა ხაჭო თეფშზე გადმოიღეთ, ზემოდან დააწყვეთ ორი (შეგიძლიათ ოთხიც) ცალი უკურკო გარგარი და მოაყარეთ ორი სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი თხილი. გარგრის მაგივრობას ნახევარი ჭიქა ნებისმიერი კენკრა ან ნახევარი მანგო გაგიწევთ, თხილის ნაცვლად კი შეგიძლიათ ნიგოზი ან ნუში გამოიყენოთ.
ლანჩი
სალათა  შემწვარ წიწილსა და კრევეტებთან ერთად (450 კალორია): სალათის ფურცლებზე დაალაგეთ ქათმის დაჭრილი ხორცი (ან კრევეტები) და მოაყარეთ 4-5 სადილის კოვზი დაფხვნილი ყველი.
ნაშუადღევს
ერთი ჭიქა კენკრა და 20 ცალი ნუში (220 კალორია)
სადილი
საქონლის ხორცი ბრინჯით (590 კალორია): ხორცი  დაჭერით, მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი და მარილი (გემოვნებით). გარნირად ნახევარი ჭიქა ბრინჯი და ისპანახი შემოუწყვეთ.

გააზიარე: