გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.11.2017
"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა...

  1. სამედიცინო თემები >
  2. სხვადასხვა
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google ლელი შევჩენკო: “სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს”
ლელი შევჩენკო: “სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს”

ლელი შევჩენკო: “სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს”

 

– როცა ადამიანს სურს, სხვებისგან განსხვავებულად, ორიგინალურად გამოიყურებოდეს, ტანსაცმლის დიზაინერს მიმართავს და თავის სტილს მასთან ერთად ქმნის. სივრცეზეც იგივე შეიძლება ითქვას – ის პროფესიონალის დახმარებით ტანსაცმელივით უნდა მოირგო, – ამბობს ჩემი რესპონდენტი, არქიტექტორ-დიზაინერი ლელი შევჩენკო.

ლელის ერთ-ერთ ობიექტზე ვხვდები. “ობიექტს” თავად უწოდებს. ჩემთვის ეს, უბრალოდ, შენობის ჩონჩხია – შიშველი კედლები, კარ-ფანჯრის შიშველი ღიობები და აქა-იქ – სამშენებლო მასალის გროვები. თუმცა... ერთ კარსაც გავივლით და ჩემ თვალწინ საოცარი გალერეა გადაიშლება. ტევრში მიმალული ირმები, ღრუბლებში მოცურავე საჰაერო ბურთები, საიდანაც სპილუკებს ცნობისმოყვარე ხორთუმები გადმოუყვიათ. ერთი ონავარი მხეცუნა ჭრელ ბურთზე შემდგარა და ბაგირზე გავლას ცდილობს... მალე აქ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის ცენტრის პედიატრიული განყოფილება დაიდებს ბინას.

ლელის სადა, მოხერხებული სამოსი აცვია, ისეთი, რომ მუშაობაში ხელი არ შეუშალოს – არც ერთი მკვეთრი შტრიხი, არც ერთი ექსტრავაგანტული დეტალი... რომ არ მცოდნოდა, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ დიზაინერია (ჩემი სტერეოტიპები რეალობას ეჯახება და იმსხვრევა). თავადაც სისადავეს და სიმშვიდეს ასხივებს. და თავდაჯერებას. მშვიდ თავდაჯერებას. შემიმჩნევია – ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ადგილი იპოვეს. ლელიც ასეთია. ერთი შეხედვით, მოკრძალებული, თითქოს გაუბედავიც კი, მაგრამ პირველ კითხვას ვუსვამ თუ არა, ერთბაშად პოულობს მტკიცე ნიადაგს და ვხვდები, რომ ის, რასაც აკეთებს, ნამდვილად უყვარს. არა მხოლოდ უყვარს, არამედ იცის კიდეც. ლელი ერთი იმათგანია, ვისაც პროფესიონალებს ვუწოდებთ.

– დიზაინერობა რაღაცით ფსიქოლოგობასა და მსახიობობასაც ჰგავს. დამკვეთს ხვდები, ეცნობი, ფსიქოლოგივით სწავლობ მის შინაგან სამყაროს, მერე კი მსახიობივით ძვრები მის ტყავში და ცდილობ, მისი განწყობა გაითავისო, რათა მისთვისვე კომფორტული გარემო შექმნა.

ბავშვებთან მუშაობა ყველაფერს მირჩევნია. მათგან უზარმაზარ ენერგიას ვიღებ. პატარებს ხომ უსაზღვრო ფანტაზია აქვთ. წარმოსახვითი სამყარო მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილე, ამიტომ ზედმიწევნით ვფრთხილობ, ზედმეტად არ ვერევი პატარების წარმოსახვაში, უბრალოდ, ოცნებების სინამდვილედ ქცევაში ვეხმარები...

 

ლელის ნამუშევრები სტილებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით თამამ, დაუმორჩილებელ პოპ-არტს, მკაცრ და დახვეწილ მინიმალიზმს, სადა, ნათელ სკანდინავიურ სტილს, თითქოსდა სიზმრის სამყაროდან გადმოსულ მოდერნს, დეკადენტურ წარსულს რომ აცოცხლებს, თვალისმომჭრელ ლაქშერის...

– ხშირად მეკითხებიან, რომელი სტილია მოდური ან პირადად მე რომელს ვამჯობინებ. ვპასუხობ: ჩემთვის ყოველგვარი სტილი მისაღებია. ერთადერთი, რასაც ვერაფრით ვეგუები, ორი ურთიერთშეუთავსებელი სტილის ერთმანეთში აღრევაა. ეკლექტიკას ძალზე იშვიათად და ზომიერად ვიყენებ. ის უკიდურეს სიფაქიზეს მოითხოვს, რადგან გემოვნებიდან უგემოვნობამდე ერთი ნაბიჯია.

არქიტექტორები და დიზაინერები ორი ტიპისანი არიან. ერთნი მიიჩნევენ, რომ მათი ფანტაზიის ნაყოფი დამკვეთმა უპირობოდ უნდა მიღოს, მეორენი კი დამკვეთთან ერთად ძერწავენ სივრცეს. მე მეორე მიდგომის მომხრე ვარ. სტილის შერჩევისას ამოსავალი ჩემთვის დამკვეთის პიროვნებაა, რომელსაც პატივს ვცემ და რომლისგანაც, თამამად შემიძლია ვთქვა, ვსწავლობ.

არ მიყვარს ისეთი ნამუშევრები, სადაც დიზაინერის ხელწერას შეხედვისთანავე ამოიცნობ. სივრცე ადამიანს ჰგავს. ყველა ადამიანი ინდივიდია. ის, რაც უხდება ერთს, მეორეს შესაძლოა საერთოდ არ მიესადაგოს. სივრცეც ასევეა. დიზაინერმა ის საკუთარ თავს კი არ უნდა დაამსგავსოს, არამედ მისი სული ამოიცნოს და სხვისთვისაც საცნაური გახადოს.

 

ლელიმ 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურა. ათ წელიწადზე მეტია, სივრცის არქიტექტურასა და დიზაინზე მუშაობს და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ძველი თბილისის კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობათა რეაბილიტაცია, კულტურის პალატის ოფისის დიზაინი, გარდაბნის სამონადირეო კომპლექსი, საოჯახო სასტუმროების კომპლექსი ბორჯომის ხეობაში – ეს მისი კურიკულუმ ვიტეს მხოლოდ ნაწილია.

ბოლო ხანს ლელი მედიის ხშირი სტუმარია და მკითხველსა თუ მაყურებელს პროფესიულ რჩევებს აძლევს იმის შესახებ, როგორ გარდაქმნან საცხოვრებელი სივრცე, გააახლონ ძველი ნივთები, შექმნან დეკორატიული აქსესუარები. მართავს ვორქშოფებსა და  მასტერკლასებს. მუშაობს ფერწერასა და არტთერაპიაშიც.

რამდენიმე თვის წინ კომპანია “ავერსმა” ლელის “ავერსის კლინიკის” ისნის ფილიალის შიდა სივრცის კონსტრუირება და დიზაინი შესთავაზა. ეს მისთვის კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც, სირთულეების მიუხედავად, წარმატებით გაართვა თავი.

საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი თაობები ერთი და იმავე ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს ვართ მიჩვეულნი: გრძელ დერეფნებს და მათ ორივე მხარეს ჩამწკრივებულ პალატებს, თეთრ კედლებს, უსახურ ავეჯს... ცხადია, ასეთი გარემო სიცოცხლის ხალისს მაინცდამაინც ვერ დაგიბრუნებს, ვერც ავადმყოფობასთან ბრძოლის სურვილს აღგიძრავს.

დასავლეთში მიდგომა დიდი ხანია შეიცვალა. კლინიკების მფლობელები ცდილობენ, პაციენტებს ზედმიწევნით მყუდრო ატმოსფერო შეუქმნან. სხვადასხვა დიზაინერი სხვადასხვა სტილსა და გადაწყვეტას ამჯობინებს, მაგრამ მიზანი ყველას ერთი აქვს: პაციენტმა თავი ისე იგრძნოს, როგორც შინ.

ბოლო ხანს ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. ერთ-ერთი პირველი, ვინც მას ფეხი აუწყო, “ავერსის კლინიკაა”. კომპანიის მიზანი თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდეა, ამიტომ, ბუნებრივია, კლინიკის ფილიალების ინტერიერიც უწინარესად პაციენტების კომფორტზეა გათვლილი...

– სამედიცინო დაწესებულების არქიტექტურასა და დიზაინზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია, მაგრამ როცა “ავერსის კლინიკის” წინადადება მივიღე, უარი არ მითქვამს – მიყვარს დაბრკოლებები, გამოცდილებას და გამბედაობას მმატებს.

გეგმარებისას აქცენტი იმაზე დავსვი, რომ სივრცე რაც შეიძლება მეგობრული და გახსნილი ყოფილიყო. პირველი სირთულე, რომელსაც შევეჯახე, გახლდათ დერეფნული სისტემა, რომელიც სივრცეს ავიწროებდა და აბნელებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ დერეფნები რამდენიმე ადგილას გადავტიხრე და ერთგვარი მოსაცდელები გავაკეთე, რომლებიც ფუნქციურადაც მოხერხებულია, თვალსაც ასვენებს და სიბნელისა და სივიწროვის დამთრგუნველ შთაბეჭდილებასაც ამსუბუქებს.

მეორე სირთულე სავენტილაციო სისტემის გაყვანა აღმოჩნდა. კარგი ვენტილაცია სამედიცინო დაწესებულებისთვის ისედაც აუცილებელია, მაგრამ ჩვენთან დამატებითი ფაქტორიც იყო – სამუშაო ოთახები მზიან მხარესაა და განიავების გარეშე იქ მუდმივად იდგებოდა ზედმეტი ტემპერატურის პრობლემა, ამიტომ სავენტილაციო სისტემას ზედმიწევნით კარგად უნდა ემუშავა. დაგვჭირდა მისი გადაგეგმვა, ახალ გეგმარებაზე მორგება, აქა-იქ – ოთახების მიწევ-მოწევაც, რაც ადვილი არ იყო, რადგან კლინიკას ფართობის განსაზღვრული ნორმატივები აქვს... თუმცა სპეციალისტის დახმარებით საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა.

ფოიეში თავდაპირველად ჩვეულებრივი ჭერის გაკეთება იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმარებას რომ გადავხედე, მივხვდი – თუ სივრცეს გავტიხრავდით და ანტრესოლს გავაკეთებდით, გაორმაგებულ ფართობს მივიღებდით, თანაც მცირე და დიდი სივრცეების მონაცვლეობა შენობას საინტერესო შტრიხს შემატებდა.

ოთახების განაწილებისას აქცენტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებზე დავსვით. ვეცადეთ, ყველა იმ სპეციალისტის კაბინეტი, რომლებთან სტუმრობაც ყველაზე ხშირად მოუწევდათ, პირველ სართულზე მოგვეთავსებინა. მეორეზე, სადაც ანტრესოლის წყალობით დამატებითი ფართობი გაჩნდა, ფუნქციურად უფრო ნაკლებად დატვირთული ოთახები მოვათავსეთ: ესთეტიკის, სავარჯიშო, მენეჯერის კაბინეტები, – თუმცა ალტერნატივა აქაც გავითვალისწინეთ – გავაკეთეთ მეორე, სარეზერვო კიბე, რომელსაც განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე პირებისთვის პლინტუსი დავაყოლეთ.

გახსნილი სივრცის შესანარჩუნებლად მეორე სართულზე ორი ფრთა გადახურული დერეფნების ნაცვლად ერთმანეთთან ხიდებით დავაკავშირეთ.

ძალიან დამეხმარა ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას სიახლეებისა არ ეშინოდა. ერთი შეხედვით პროვოკაციულ და სათუო იდეებსაც კი იღებდნენ, თუ არგუმენტებით დავუმტკიცებდი ჩემი პოზიციის მართებულობას.

ესთეტიკური თვალსაზრისით სივრცე მინიმალისტურ სტილში გადავწყვიტე. მინიმალისტური დიზაინი ზედმიწევით ფუნქციურია – აქ მხოლოდ ის არის, რაც აუცილებელია, რასაც განსაზღვრული დანიშნულება აქვს. მასალებიდან გამოვიყენე მინისა და ხის, ლითონისა და ხის კომბინაციები, ფერებიდან კი აქცენტი კრემისფერზე დავსვი.

შემიმჩნევია, რომ რაც უფრო გაწონასწორებული და თავის თავში ჩაღრმავებულია პიროვნება, მით უფრო ხალისიანი ფერებისკენ ისწრაფვის, აქტიური ადამიანები კი, პირიქით, მშვიდ და წყნარ ფერებს ამჯობინებენ. საცხოვრებელი სახლების მოწყობისას სწორედ ამ მიდგომას ვეყრდნობი. მაგრამ კლინიკა საზოგადოებრივი სივრცეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველანაირი ადამიანი მოხვდება: ექსტრავერტიც და ინტროვერტიც, კომუნიკაბელურიც და ჩაკეტილიც, გაწონასწორებულიც, გაღიზიანებულიც, დეპრესიულიც... ყველას რომ მოერგოს, ფერი ზედმიწევნით ნეიტრალური, თანაც სასიამოვნო უნდა იყოს. სწორედ ასეთია კრემისფერი.

პირველ ხანებში ბევრს უკვირდა, კლინიკაა, სასტუმრო ხომ არ არის, რა საჭიროა კომფორტზე ამდენი ფიქრიო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კომფორტულობა, უწინარეს ყოვლისა, სწორედ სამედიცინო დაწესებულებას მოეთხოვება – აქ ის ხალხი დადის, ვისაც არ ულხინს; თბილი, მყუდრო, ნდობის მომგვრელი ატმოსფერო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დრომ და პაციენტების რეაქციამ დაადასტურა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო.

“ავერსის კლინიკის” შემდეგ სეფსისის ცენტრის პედიატრიული განყოფილების დიზაინზე სამუშაოდ მიმიწვიეს. ტექნიკური სირთულეები აქ მაინცდამაინც არ დამხვედრია; მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ აქაც საბჭოთა  პერიოდის დროინდელი გეგმარება იყო შემორჩენილი – გრძელი ვიწრო კორიდორი, რომელიც დეპრესიულ განწყობას იწვევდა. ამ განწყობის შესამსუბუქებლად აქაც დერეფნის რამდენიმე ადგილას გაწყვეტა მომიხდა.

მომდევნო ამოცანა იყო ფერადოვანი, ხალისიანი გარემოს შექმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მომავალში აქ მკურნალობა მოუწევთ.

ნახატებისთვის აბსტრაქტული პერსონაჟები შევარჩიე. მულტიპლიკაციური ფილმების პოპულარულ გმირებზე იმთავითვე ვთქვი უარი. უწინარესად იმიტომ, რომ ფილმის პერსონაჟი დღეს მოდურია, ხვალ კი აღარ; მეორე – ზოგ ბავშვს თუ უყვარს ტელევიზორში ნანახი ცხოველები, ზოგს ეშინია მათი, ექიმთან მისულ პატარებს კი დამატებითი სტრესი არ სჭირდებათ.

კედლების მოსახატავად ერთი მხატვრის მოწვევა არ მინდოდა – მერჩივნა, რამდენიმე ადამიანს ემუშავა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ხელწერა, სტილი და ხედვა ექნებოდა, რათა ნახატები ერთფეროვანი არ გამოსულიყო და ყოველგვარი გემოვნების ბავშვებს მოსწონებოდათ.

გამოგიტყდებით, როდესაც ესკიზებს ვქმნიდი, უკვე ვიცოდი, ვინ დახატავდა მათ. ყოველი ნახატი თავის ავტორს ჰგავს. ვერაფრით წარმომედგინა, ამ ესკიზების კედლებზე გადატანა ისეთი ხალხისთვის მიმენდო, ვისაც არ ვიცნობდი – გარისკვა არ მინდოდა, რადგან არ ვიცოდი, რა აურას შექმნიდა მათი ნამუშევრები.

საბოლოოდ მხატვრების თერთმეტკაციანი ჯგუფი შევკრიბე: სოფო ბეიტრიშვილი, ნატალი ზურაბიშვილი, სოფია ბექიშვილი, ნინი მამალაძე, რატი ჟვანია, ანა თოფურიძე, მარი ბიჩინაშვილი, გიორგი გამთენაძე, სალი ზაზუნიშვილი, ირაკლი გოცირიძე, მიმო მონდალი. ისინი ერთი კრიტერიუმით ავირჩიე: მხატვრობა მათი მეორე პროფესიაა; ყველა მათგანის ძირითადი საქმიანობა რაღაცით ბავშვებთანაა დაკავშირებული: ზოგს საბავშვო ბაღი აქვს, ზოგს – ლიდერთა ჯგუფი, ზოგს – სათამაშოების მაღაზია... მათი მიზანია, ბავშვებისთვის რაღაც კარგი და სასარგებლო აკეთონ. ეს დამოკიდებულება ნახატებშიც ჩანს.

დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი  “ავერსის” წარმომადგენელი ქეთი ლომია და ცენტრის ხელმძღვანელობა – დავით გადელია, კახა ბუბაშვილი, მალვინა ჯავახაძე. ქალბატონ მალვინასთან ურთიერთობისას მეგონა, მისი პირით ბავშვები მელაპარაკებოდნენ, რადგან ყოველ დეტალს მათი გადმოსახედიდან უყურებდა... რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობაც სივრცის განაწილების, ნახატების განლაგების, ფერების თაობაზე, მაგრამ პოზიციათა შეჯერება მოხერხდა, რადგან ყოველი ჩვენგანის მთავარი საზრუნავი ბავშვები, მათი განწყობა, მათი კომფორტი გახლდათ.

 

...საუბარს გვაწყვეტინებენ – ლელის სხვა ობიექტზე ელოდებიან, მანამდე კი შესათანხმებელია, რა ტიპის ლაქი შეუკვეთონ ნახატების დასაფარავად, შეერთდეს კედელს გაყოლებული დამცავი რელსის ბოლოები თუ ღია დარჩეს... არადა, კიდევ ათასი რამ მაქვს საკითხავი, მათ შორის – ბუნების ესთეტიკაზე, ლანდშაფტისა და არქიტექტურის ურთიერთმიმართებაზე... ვთანხმდებით, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით, მანამდე კი ლელი ტაიმ-აუტის აღებას – პრაქტიკული დიზაინისგან დასვენებას და ვენეციის ბიენალესთვის მომზადებას აპირებს, სადაც რამდენიმე კონცეპტუალური პროექტის წარდგენა სურს. წარმატებას ვუსურვებ და ვემშვიდობები. მე შინისკენ ვიღებ გეზს, ლელის სამუშაო დღე კი გრძელდება. არ ვიცი, სად არის ის “ობიექტი”, რომლისკენაც, დაღლილობის მიუხედავად, ისე მიისწრაფვის, როგორც დედა – დიდი ხნის უნახავი შვილისკენ; ვიცი მხოლოდ ის, რომ მალე თბილისს კიდევ ერთი დახვეწილი შენობა შეემატება და ქალაქის სულს კიდევ ერთი ნათელი შტრიხით გაამდიდრებს.

ქეთი ნიკოლეიშვილი


Print Page Digg Twitter Google ლელი შევჩენკო: “სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს”




ზემოთ