დიეტური საფრთხე

გააზიარე:

გამოთვლილია, რომ სადღეისოდ 28000-ზე მეტი დიეტა არსებობს. წესრიგის მოყვარულმა ამერიკელებმა ისიც დაადგინეს, რომ მათ თანამემამულეთა 65 პროცენტი წელიწადში ერთხელ მაინც მოსინჯავს ხოლმე ახალ დიეტას.
იქნებ პოპულარობის საიდუმლო მათსავე ეფექტურობაში იმალება? რა მოგახსენოთ. სტატისტიკური მონაცემებით, დიეტაზე მყოფთა 98% მისი შეწყვეტის 
შემდეგ მხოლოდ დაკლებულ წონას კი არ აღიდგენს, ზედმეტსაც მიაყოლებს ხოლმე.
ისეთი ხალხიც არსებობს (უმთავრესად მანდილოსნები), რომელთაც ჯადოსნური დიეტის მიგნება და მისი დაცვა ცხოვრების წესადაც გაიხადეს. იმდენად ჯიუტად იბრძვიან საკუთარ წონას, რომ ასეთივე მონდომება რომ მოგვცა მთებს გადავდგამდით... და ხშირად არც კი ფიქრობენ, რამდენად შეესაბამება იდეა-ფიქსად ქცეული 49 თუ 53 კილოგრამი მათ სიმაღლეს ასაკს და რაც მთავარია მემკვიდრეობით-კონსტიტუციურ ტიპს. დიახ, ყველა ადამიანს თავისი იდეალური წონა აქვს და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ჰოლივულის ტანკენარი ვარსკვლავებისა თუ პოდიუმის გაძვალტყავებული  დედოფლების პარამეტრებს. საერთო წონასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის რაოდენობას (სპეციალური ფორმულებითა თუ ხელსაწყოებით ამის გამოთვლაც შეიძლება). ცნობილია ცხიმის შემცველობა ქალებში 20-22% უნდა იყოს, მამაკაცებში 12-15%. მეტი სასურველი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ნაკლებია დიდი შეღავათი. ამას მოსდევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, კანის ნაადრევი დაბერება, თმის გაძლიერებული ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება...
ასე რომ, სანამ ორგანიზმს საშინელ გამოცდას მოუწყობთ, გაარკვიეთ საერთოდ გჭირდებათ თუ არა წონის კორექცია. 
ჭარბი წონის დაკლება რაღა თქმა უნდა აუცილებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში მეთოდს და მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ზოგიერთი თვლის, რომ მკაცრი დიეტა განსაკუთრებით ეფექტურია. ეს წმინდა წყლის მითია. ასეთი დიეტები, ნახშირწყლების გამორიცხვის ხარჯზე წყალს გვაკარგინებენ. მოდიეტეც სწრაფად იკლებს წონაში და ბედნიერია, ჰგონია, საზიზღარი ცხიმისგან განთავისუფლდა. ცხიმი კი ძალიან ნელა იწვება, დიეტის შემდეგ კი ძალიან სწრაფად გროვდება. წონაც ცხადია მეტი ხდება, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყო. მიზეზი უბრალოა: შიმშილობით გათანგული ორგანიზმი მძიმე დროის დადგომას გრძნობს და ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმზე გადადის. ნივთიერებათა ცვლა 10-30%-ით ნელდება, ე.ი კალორიებიც ნელა იწვება. გავა გარკვეული დრო და ძველ ჩვეულებებს დაუბრუნდებით, ორგანიზმს კი ასეთი სწრაფი გადაწყობა არ შეუძლია, კალორიებს კვლავ ძალიან ნელა წვავს და ახალი წარღვნისთვის (მორიგი დიეტისთვის) მარაგს წინასწარ ამზადებს.
ვინც წონის დასაკლებად არაერთხელ სცადა დიეტის დაცვა, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ წონის დაკლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულია. ორგანიზმი დიეტას როგორც ექსტრემალურ შემთხვევას ისე იმახსოვრებს და სულ უფრო და უფრო მეტად ეწინააღმდეგება.
ეს კიდევ არაფერი, ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ცხიმი, რომელიც დიეტისთვის თავის დანებების შემდეგ გროვდება, ბევრად უფრო საშიშია ვიდრე პირვანდელი. წონის თანმიმდევრობით კლება და მომატება ცხიმის განლაგებას ცვლის. ახლად დაგროვილი ფენა კვლავ თეძოებსა და ბარძაყებს კი არ მიაკითხავს, არამედ მუცლის ღრუში, შინაგან ორგანოებთან ახლოს დისლოცირდება. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგანაც ღვიძლსა და სისხლის ნაკადში შეუძლია გაჟონოს, ქოლესტარინის დონე ძალიან მოიმატოს, ეს კი ინსულტების განვითარების საშიშროებას ზრდის, ქოლესტერინის ნაწილი შეიძლება ნაღვლის ბუშტში დაკრისტალდეს და ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

ვიქცევით სწორად
არ გეგონოთ რომ ზოგადად დიეტების აკრძალვას გირჩევთ. ეს აუცილებელი და ძალიან სასარგებლო საშუალებაა. ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მასში ხანმოკლე  მკაცრ ეგზეკუციას კი არა, საერთოდ ცხოვრების წესის შეცვლას ვიგულისხმებთ.
გახსოვდეთ ჭარბი წონა ცხოვრების ხანმოკლე ეპიზოდი როდია, რომელიც გახდომის შემდეგ უკვალოდ გაქრება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ შესაბამისი ზომები არმიიღეთ წონა დაბრუნდება და უწინდელსაც კი გადააჭარბებს. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადება პროგრესირების ტენდენციით და “განკურნების“ შემდეგ ხშირი რეციდივებით. თუ წონის ნორმალიზაციის მეთოდიკა არ ითვალისწინებს მრავალწლიან შემანარჩუნებელ პროგრამას იგი დროებითი დადებითი შედეგისა (ესეც თუ გაგიმართლათ) და ხანგრძლივი მარცხისთვისაა განწირული.
 ასე რომ ზღვა არჩევანიდან თავად შეიმუშავეთ თქვენეული გეგმა. სხვადასხვანაირ დიეტებს ჩვენ თითქმის ყოველ ნომერში გთავაზობთ. ნელ-ნელა შეიცვალეთ კვებითი და გემოვნებითი ჩვევები, მოიწესრიგეთ კვების რეჟიმი, დრო გამონახეთ ფიზკულტურისა და აქტიური დასვენებისთვის... და, რაც მთავარია, ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. რადიკალურ ცვლილებებსა და ყოველგვარ სტრეს-თერაპიას აჯობებს, თანდათანობით გაატაროთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ექიმების რჩევით ყველაზე უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდიკები კვირაში მხოლოდ 700-1000 გრამის დაკლებას გულისხმობს
თუმცა ზოგჯერ დამოუკიდებელმა მოქმედებამ სიფრთხილის ზომების დაცვის მიუხედავად შეიძლება მაინც გავნოთ. ამიტომაც სჯობს ექიმს მიაკითხოთ, თუ:
- წონა ნორმას 10 კგ-ით და მეტით აჭარბებს;
- გაწუხებთ მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის რომელიმე დაავადება;
- წარსულში გქონდათ წონაში მატების გამოხატული და სწრაფი ეპიზოდები. (მაგალითად, სამ თვეში 20 კგ-ზე მეტი მოიმატეთ, ანდა  თვეში _ 7 კგ მაინც);
- გამოხატულია ცვლილებები მეორეული სასქესო ნიშნების მხრივ _ ჭარბთმიანობა ქალებში, ანდა სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
- დარღვეულია მენსტრუაციული ციკლი;
- გაცხიმოვნებას ასიმეტრიული ხასიათი აქვს. მაგალითად, სხეული და სახე გასუქებულია, კიდურები კი წვრილი, ანდა თეძოებსა და დუნდულებზე ცხიმი მნიშვნელოვნადაა დაგროვილი, ხელები და მხრები კი შედარებით თხელია. 

გააზიარე: