როგორ მოვიცილოთ არასასურველი თმა

  არასასურველი თმის მოსაცილებლად დღეს უამრავი საშუალება არსებობს – ეპილაცია თუ დეპილაცია, მოძველებული თუ უახლესი მეთოდები. ეს პრობლემა ძველთაგანვე აწუხებთ ქალებს. მაგალითად, ცნობილია რომ კლეოპატრა ზედმეტი თმის მოსაცილებლად წყლის, შაქრისა და ლიმონის ნახარშს იყენებდა. ეს მეთოდი დღესაც აქტუალურია, მხოლოდ სახელწოდება შეუცვალეს – “შუგარინგი” უფრო მოდურად ჟღერს.
რა მეთოდს მიმართავთ, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ არასასურველი თმისგან საბოლოოდ გსურთ გათავისუფლება, დეპილაცია არ გამოგადგებათ. ეს მეთოდი თმას მხოლოდ კანის ზედაპირიდან აცილებს, ჭარბთმიანობისგან განსაკურნებლად კი თმის ფოლიკულის დისფუნქციაა საჭირო. არცთუ დიდი ხნის წინ ყველაზე პოპულარულ და ეფექტიან მეთოდად ელექტროეპილაცია მიიჩნეოდა, მაგრამ ვისაც ერთხელ მაინც უცდია ამ გზით თმის მოცილება, დამეთანხმება, რომ მეორედ მისი ნემსის დანახვაც კი ჟრუანტელს მოგგვრით. თმის მოცილების ეს მტკივნეული და არაკომფორტული ხერხი უახლეს მეთოდებთან შედარებით ბარბაროსულიც კია. ლაზერული ეპილაცია შედარებით უმტკივნეულოა და, ამასთან, ეფექტურიც.
“ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში ლაზერული ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ჭარბთმიანობას ოქროს სტანდარტად მიჩნეული ალექსანდრიტის ლაზერით კურნავენ.
რა მომსახურებას გვთავაზობს ეს კაბინეტი, ამის შესახებ ფილიალის მენეჯერს, ქალბატონ მარინა ოსეფაიშვილს ვესაუბრეთ:
– ეპილაციის კაბინეტი აღჭურვილია ამერიკული წარმოების Candela-ს ფირმის ალექსანდრიტის ლაზერით. ის სხვა მეთოდებთან შედარებით უმტკივნეულო და სწრაფია, სხივი აღწევს თმის ფოლიკულამდე და ანადგურებს მას. ამასთან, აპარატი მუშაობის პროცესში დინამიკურად აგრილებს კანს, არ წვავს მას და არ აღიზიანებს. ლაზერული ეპილაციის შედეგად კანი გლუვი, ბაცი, ელასტიკური ხდება და ახალგაზრდულ იერს იძენს. თმა იშვიათდება და დიდხანს აღარ ამოდის.
”ავერსის კლინიკა” გთავაზობთ კომფორტულ გარემოს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას. ესენი არიან დერმატოლოგი მაია კიკნაძე, ალერგოლოგი მაია ხეჩოშვილი და ფიზიოთერაპევტი მარინა გაჩეჩილაძე. ჩვენ ასევე გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასებს სხეულის უბნების მიხედვით იმპულსების დაუთვლელად. ყოველ მომდევნო პროცედურაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ყოველი მეშვიდე ვიზიტი მიიღოთ საჩუქრად.
უფრო დეტალურად ამ მეთოდის თავისებურებების, უკუჩვენებების, ლაზერის მოქმედების პრინციპისა და პროცედურის შემდეგ კანის მოვლის შესახებ განყოფილების ექიმებს ვესაუბრეთ.
– ლაზერული ეპილაცია სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რადგან ემყარება სელექტიური ფოტოთერმოლიზის პრინციპებს. მკითხველისთვის უფრო გასაგებად აგიხსნით: პროცედურის დროს გარკვეული სიგრძის სინათლის ტალღას შთანთქავს კანში შემავალი ნივთიერება – მელანინი. სწორედ ის გახლავთ პასუხისმგებელი კანისა და თმის ფერზე. მელანინის გარეშე ამ სხივს ადამიანის ორგანიზმი ვერ აღიქვამს, ასე რომ, კანის სხვა სტრუქტურებსა და ღეროვან უჯრედებს სხივი საერთოდ არ აზიანებს. სითბურ ენერგიად გარდაქმნილი სინათლის სხივი აღწევს თმის ფოლიკულამდე და ანადგურებს მას. სამწუხაროდ, ლაზერული ეპილაცია ვერ აცილებს უფერულ და გაჭაღარავებულ თმის ღერებს და ბუსუსებს, რადგან ისინი მელანინს არ შეიცავენ.
ლაზერულ ეპილაციას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – პროცედურა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რადგან იმპულსი დასამუშავებელი ზედაპირის საკმაოდ დიდ ფართობს – 18 მმ-ს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოქმედების დიამეტრი დიდია და ერთდროულად ნადგურდება თმის რამდენიმე ღერი. არც კანის ჰიდროგელით დაფარვისთვის იკარგება დრო, რადგან Candela-ს ფირმის ალექსანდრიტის ლაზერით მკურნალობისას აპარატი კანზე პერიოდულად კრიოგენის მცირე დოზას აფრქვევს. აზოტი კანს ოპტიმალურ ტემპერატურამდე აგრილებს, რასაც არასასიამოვნო წვის შეგრძნება მინიმუმამდე დაჰყავს. ასე რომ, სუსტი ხმაურისა და სიგრილის გარდა ვერავითარ დისკომფორტს ვერ იგრძნობთ, – აღნიშნა დერმატოლოგმა მაია კიკნაძემ.
– რამდენად შედეგიანია ეს მეთოდი? აქვს თუ არა მნიშვნელობა, სხეულის რა უბანზე გავიკეთებთ ეპილაციას? რატომ არის ეს პროცედურა უფრო ეფექტიანი იღლიის არეში, ვიდრე სახეზე?
– ამ მეთოდით ჭარბი თმის მოცილება სხეულის ნებისმიერ უბანზეა შესაძლებელი და, რა თქმა უნდა, შედეგიანიც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თმის მოცილება უფრო მარტივია ფიზიოლოგიური ზრდის არეში, მაგალითად, იღლიის ფოსოში და საზარდულთან. ამასთან, ლაზერული ეპილაცია უფრო ეფექტურია, როდესაც ხელუხლებელ თმაზე ვახდენთ ზემოქმედებას. რაც უფრო მსხვილია ღერო და მაღალია მასში მელანინის შემცველობა, მით უფრო შედეგიანია პროცედურა. კიდევ ერთი რამ: ეპილაცია, საზოგადოდ, უფრო ეფექტურია თმის აქტიური ზრდის პროცესში. თმის ზრდას სამი სტადია აქვს – სიმშვიდისა, ფიზიოლოგიური სიკვდილისა და აქტიური ზრდის. ვინაიდან ყველა თმის ღერი, რომელზეც ლაზერით ზემოქმედება ხდება, ერთსა და იმავე, ეპილაციისთვის სასურველ ფაზაში ვერ იქნება, საჭიროა პროცედურების გამეორება. ახალი თმის ამოსასვლელად საჭიროა თვე-ნახევარი, ორი თვე, მანამდე კი, პროცედურის შემდეგ, კანიდან ამოიწვერება მკვდარი თმა, რომელიც ბუნებრივად ცვივა, თუმცა ზოგიერთი პაციენტი მას პინცეტით იშორებს. ეს ნორმალური პროცესია და გართულებებს არ იწვევს. განმეორებითი პროცედურების შედეგად თმის ბოლქვი და ფოლიკული სუსტდება, შედეგად ბოლოს კი მისი სრული დისფუნქცია ხდება.
– საშუალოდ რამდენი პროცედურაა საჭირო თმის საბოლოოდ მოსაცილებლად?
– თუ ორგანიზმში ძლიერი ჰორმონული დარღვევა არ არის, არ შეინიშნება ანდროგენების სიჭარბე ან ჰიპერტრიქოზი, საბოლოო შედეგისთვის საკმარისია 6-10 პროცედურა.
– ბევრი დღესაც ამტკიცებს, რომ ძველი მეთოდი, ნემსით ელექტროეპილაცია უფრო შედეგიანია, ლაზერულ ეპილაციას კი ხშირად პარსვის ეფექტი აქვს. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?
– წლების განმავლობაში დერმატოლოგია-კოსმეტოლოგიის კაბინეტი მქონდა და ელექტროეპილაციაზეც ვმუშაობდი, ასე რომ, ამ მეთოდსაც საფუძვლიანად ვიცნობ. საქმე ის არის, რომ ელექტროეპილაციის დროს თითოეულ ფოლიკულში შედიხარ და მასზე უშუალოდ ზემოქმედებ ახდენ დენით. ეს ფორებს აფართოებს და კანის ელასტიკურობას ამცირებს. ზოგჯერ, თუ კანი გენეტიკურად არის მიდრეკილი ამისკენ, ფორებიც რჩება. ამასთან, ნემსით მუშაობისას არავინ არის დაზღვეული კანში მიკრობის ან ბაქტერიის მოხვედრისგან. მით უმეტეს, ხშირად ნემსს არც სტერილიზაცია უკეთდება და არც ერთჯერადი გამოყენების წესია დაცული. რაც შეეხება პარსვის ეფექტს, ზემოქმედება ლაზერული ეპილაციის შემთხვევაშიც თმის ფოლიკულზე ხდება, თუმცა სხივით და არა ნემსით, რის გამოც ინფექციის, მაგალითად, ჰეპატიტის, შიდსის, გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
– აქვს თუ არა ამ მეთოდს უკუჩვენება? ორსულებისთვის თუა უსაფრთხო?
– ლაზერული ეპილაციისგან თავის შეკავება რეკომენდებულია სიმსივნური პათოლოგიის დროს, ორსულებისთვის და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – უკანასკნელი შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ ასაკობრივი ჭარბთმიანობა ხშირად თავადვე იკურნება და ჩარევა არ არის საჭირო. რაც შეეხება ორსულებს, ეპილაცია ფიზიოლოგიურად მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხივს მელანინი აღიქვამს და ორგანიზმში არ ხვდება არც ქიმიური ნივთიერება, არც რაიმე სახის დასხივება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ორსულებს ლაზერული ეპილაციის ჩატარებას ვერ ვურჩევ.
როგორ უნდა მოვამზადოთ კანი ლაზერული ეპილაციისთვის და როგორ მოვუაროთ მას ამ პროცედურის შემდეგ, ამ კითხვებზე ალერგოლოგმა მაია ხეჩოშვილმა გვიპასუხა:
– ამ პროცედურისთვის სპეციალური მომზადება არ გახლავთ საჭირო, ოღონდ კანი გაწმენდილი უნდა იყოს მაკიაჟისგან – ტონალური კრემისგან, მკვებავი საცხისგან. პროცედურის დაწყებამდე სათანადო უბანს აუცილებლად ვასუფთავებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ლაზერის გამოყენებას. ამასთან, გაითვალისწინეთ: საუკეთესო შედეგი რომ მიიღოთ, უკვე გაპარსული უბნის ჭარბი თმისგან გასათავისუფლებლად გაპარსვიდან 2-3 დღის შემდეგ მოგვმართეთ, მაშინ როდესაც კანზე 1-2 მმ სიგრძის ღერები თმა იქნება წამოსული.
ეპილაციის შემდეგ კანის მოსავლელად ბევრი ძველებურ მეთოდებს მიმართავს – ტალკსა და სპირტს, მაგრამ ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში არც ერთია საჭირო და არც მეორე. აპარატი, რომელიც “ავერსის კლინიკაში” გახლავთ დამონტაჟებული, კანს დამწვრობისგან ზედმიწევნით იცავს. ამასთან, გირჩევთ: თუ პროცედურის შემდეგ მზის აქტიურ პერიოდში შინიდან გასვლა მოგიხდათ, გამოიყენეთ დღის დამცავი საცხი ულტრაიისფერი ფილტრით, თუნდაც ერთი-ორი კვირის განმავლობაში.
ამასთან, ლაზერულ ეპილაციას სხვა მეთოდებთან შედარებით კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – მაკიაჟის გამოყენება თამამად შეგიძლიათ, მაშინ როცა თუნდაც ნემსით ეპილაციის შემდეგ მაკიაჟმა შესაძლოა პიგმენტური ლაქებიც კი გამოიწვიოს.
– რატომ არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება ეპილაციის შემდეგ?
– ლაზერული ეპილაციის პროცედურა არ არის მიზანშეწონილი რუჯის მიღებიდან ანგარუჯვამდე 2-3 კვირის განმავლობაში, რადგან გარუჯულ კანში მელანინის შემცველობა უფრო მაღალია და გაგრილების დინამიკური სისტემის მიუხედავად, კანი შესაძლოა დაზიანდეს და დამწვრობა მიიღოს. ეპილაციის შემდეგ კი, კანი სითბური ზემოქმედების შედეგად უფრო მგრძნობიარე ხდება მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ და ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, კანის დაზიანება – დამწვრობა მიიღოთ.
– რამდენად ხშირად მოგმართავენ მამაკაცები და უმთავრესად რა პრობლემით?
– ჩვენი კაბინეტი ახალი გახსნილია, თუმცა საზოგადოდ, საქართველოში მამაკაცების მხრივ ლაზერულ ეპილაციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. უმეტესად სპორტსმენები მიმართავენ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს. არიან ისეთებიც, ვისაც გადაბმული წარბების კორექცია სურთ. ცხვირისა და ყურის არეშიც არასასურველი თმის მოცილება სულ უფრო მოდური ხდება.
ასევე ლაზერულ ეპილაციას იკეთებენ ღაწვებზე, სადაც სახეს არ იპარსავენ.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, უთქმავთ, მაგრამ თუ ჭარბთმიანობისგან განსაკურნებლად ლაზერულ მეთოდს მიმართავთ, მსხვერპლის გაღება და აუტანელი ტკივილის გმირულად გაძლება აღარ მოგიწევთ. ეს მეთოდი ერთნაირად მისაღებია როგორც ქალებისთვის, ასევე, მამაკაცებისთვის.

 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად