გაუფრთხილდით ბავშვის სმენას

  გარე სამყაროს აღსაქმელად ადამიანს ხუთი ძირითადი გრძნობა აქვს მიცემული. მათგან სმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, სოციალური ურთიერთობებისთვის. სამწუხაროდ, ბავშვთა ასაკში ხშირია დაავადებები, რომლებიც სმენის დაქვეითებას იწვევს. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სრულმა პორფესორმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ აღნიშნა საუბრისას, სმენის დაქვეითების უმთავრეს მიზეზად საქართველოში ჯერ კიდევ შუა ყურის ჩირქოვანი ანთება მიიჩნევა, მიზეზი კი არასანირებული ცხვირ-ხახა და მისი აერაციის დარღვევაა. საკმაოდ ხშირია ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებაც. მეტად მნიშვნელოვანია ამგვარი პრობლემების დროული აღმოჩენა, რაც უპირველესად მშობლის, მერე კი პედიატრისა თუ ოჯახის ექიმის მოვალეობაა.
– ბატონო შოთა, რა იწვევს სმენის დაქვეითებას?
– არსებობს სმენის დაქვეითების ორი ტიპი: გამტარებლობითი და აღქმითი (ნეიროსენსორული). გამტარებლობითი დაქვეითების დროს პათოლოგია შესაძლოა იყოს გარეთა სასმენ მილში, დაფის აპკში, დაფის ღრუში ან სასმენ ძვლებში. ამ დროს შეფერხებულია ბგერის გატარება შიგნითა ყურის სტრუქტურებამდე, სადაც მექანიკური რხევა ელექტროსტიმულად გადაიქცევა. ეს გარდაქმნა ხორციელდება სულ 1 სმ სიგრძისა და 2 მმ დიამეტრის მქონე ნაზ სტრუქტურაში – ლოკოკინაში, რომელშიც 24 000 ნეიროეპითელიუმია მოთავსებული. შიგნითა ყურისა და აღმავალი სმენის ნერვის პათოლოგია უკვე აღქმითი პათოლოგიაა. ბგერა გაივლის, მაგრამ არ აღიქმება. ეს გაცილებით რთული პათოლოგიაა, ვიდრე გამტარებლობითი დაქვეითება.
სმენის გამტარებლობითი დაქვეითება ყოველთვის შეძენილია. მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა, ანთება, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები. ბავშვებში სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ყველაზე ხშირად გამოწვეულია ექსუდაციური ოტიტით (შუა ყურის ანთება) ანუ დაფის ღრუში მიმდინარე ექსუდაციური ანთებით, რომელსაც, თავის მხრივ, ხშირად იწვევს ევსტაქის მილის (შუა ყურის ცხვირის ღრუსთან დამაკვშირებელი არხის) თანდაყოლილი დისფუნქცია და ცხვირ-ხახის ადენოიდები. ადენოიდები ცხვირ-ხახის აერაციას არღვევს, ცნობილია, რომ დღე-ღამეში შუა ყურს ევსტაქის მილით 1000 ჰაერის ულუფა უნდა მიეწოდებოდეს. როდესაც ეს ვერ ხერხდება, ვითარდება ექსუდაციური ოტიტი, რომელიც გადაიზრდება შუა ყურის ქრონიკულ ჩირქოვან ანთებაში. მას მოჰყვება დაფის აპკის პერფორაცია (დარღვევა) და სასმენი ძვლების დაზიანება. გამორიცხული არ არის, განვითარდეს მასტოიდიტი (საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ანთება), რასაც ქალასშიდა სასიცოცხლო გართულებები მოყვება.
ხშირად დაფის აპკის დაზიანება მშობლების მიერ არასწორად ჩატარებული ტუალეტის ბრალია. გარეთა სასმენი მილი არ არის სწორი ლულის ფორმის, რელიეფურია, ამიტომ არასწორი წმენდა ხშირად აზიანებს. რაც მთავარია, აზიანებს დაფის აპკს და იწვევს ანთებით ცვლილებებს, სოკოვან დაავადებებს. წმენდისას დაზიანებული დაფის აპკი შესაძლოა არც კი შეხორცდეს და შემდეგში რთული ოპერაციული ჩარევა მოითხოვოს.
საზოგადოდ, არ არის საჭირო ყურების ყოველდღე წმენდა – კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელაც საკმარისია. გარეთა სასმენი მილის ეპიდერმისი თვითონ ახდენს მიგრაციას – გამოაქვს გოგირდი სასმენი მილის გარეთა ნაწილში, ამიტომ ყურისა მხოლოდ შესასვლელი უნდა გაიწმინდოს და არა სიღრმე, როგორც ამას მშობელთა უმრავლესობა აკეთებს.
– რა მიზეზით ვითარდება აღქმითი სმენის დაქვეითება?
– სმენის ნეიროსენსორული ანუ აღქმითი დაქვეითება თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. უკანასკნელ შემთხვევაში როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთან დიდ როლს ასრულებს აკუსტიკური ტრავმა. ბავშვთა და ასაკოვან (60 წელს გადაცილებულ) ადამიანთა ლოკოკინას ნეიროეპითელიუმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ძლიერი ბგერების მიმართ, ამიტომ უნდა  ვერიდოთ ზედმეტ ხმაურს. საქართველოში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა – როგორც ქალაქის ქუჩებში (სიგნალები, მანქანების ხმაური და სხვა), ისე რესტორნებში. დეციბელები სრულიად არ კონტროლდება. ზეზღურბლოვანმა მუსიკამ თუ ფეიერვერკმა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება სრულ სიყრუემდე დაუქვეითოს სმენა. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება სრული სიყრუე დინამიკისკენ მიშვერილ ყურში.
– როგორ მოქმედებს სმენაზე ყურსასმენები?
– თუ უკვე დაისვა სმენის ნაწილობრივი ნეიროსენსორული დაქვეითების დიაგნოზი, ვთქვათ, მაღალ სიხშირეებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, რადგან როგორც ყველა ადამიანის კუნთები არ არის ერთნაირად ძლიერი, ასევე არც ნეიროეპითელიუმია თანაბრად მგრძნობიარე ბგერების მიმართ.
სმენის ნეიროსენსორულ დაქვეითების მიზეზად შესაძლოა იქცეს აგრეთვე გენეტიკა, ორსულობის დროს გადატანილი ინფექციები, საზოგადოდ, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, რომელსაც კი შეუძლია, ლაბირინთის ძლიერი ანთება და ნეიროსენსორული აპარატის სრული ან ნაწილობრივი კვდომა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ბავშვებთან არ არსებობს სმენის დაქვეითების ხელშემწყობი ისეთი ძლიერი ფაქტორი, როგორიცაა ნიკოტინი.
– როგორ სვამენ სმენის დაქვეითების დიაგნოზს?
– დავიწყებ იმით, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალურ და დროულ დიაგნოსტიკას. შეიძლება ითქვას, რომ სმენის პრობლემების დიაგნოსტიკა (ისევე როგორც მისი რეაბილიტაცია) საქართველოში საბჭოთა ეპოქაშიც მაღალ დონეზე იდგა და დღესაც ასეა. უცხოეთში დიდი ხანია წარმოებს ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილი სმენადაქვეითების დასადგენად. ჩვენთანაც რამდენიმე წელია დანერგა საავადმყოფოებში ეს მეთოდი აუდიოლოგიის ცენტრმა, ასე რომ, დღეს ბავშვებს დაბადებისთანავე იკვლევენ. რამდენიმე წუთში შეიძლება იმის განსაზღვრა, რა მდგომარეობაშია ლოკოკინას ნეიროეპითელიუმი, თუმცა ეს არ არის სრულფასოვანი დიაგნოზი. სრული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ობიექტური აუდიომეტრიის ჩატარება დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ბავშვს აძინებენ და სმენის დაქვეითების ხარისხის დასადგენად მისი ტვინის ქერქულ პოტენციალებს იკვლევენ. თანდაყოლილი სმენადაქვეითების რეაბილიტაცია შესაძლებელია სმენის აპარატებით ან, თუ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს, კოხლეარული იმპლანტაციით. ბავშვებში, საზოგადოდ, სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ძნელი შესამჩნევია, მის დასადგენად აუდიომეტრიული და ტიმპანომეტრიული გამოკვლევებია საჭირო, მაგრამ მათზე მნიშვნელოვანი ოტოსკოპიაა. მშობლემა პირდაპირ სმენის გამოსაკვლევად არ უნდა წაიყვანოს ბავშვი – ჯერ ისეთმა ოტოლარინგოლოგმა უნდა გასინჯოს, რომელსაც საოპერაციო გადიდების მიკროსკოპი აქვს, რათა განსაზღვროს, არის თუ არა დაზიანება, დაფის აპკის პერფორაცია და სხვა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტიმპანომეტრიული და აუდიოლოგიური გამოკვლევები.
– რა შემთხვევაშია შედეგიანი კონსერვატიული მკურნალობა?
– ანთებადი დაავადებების – ექსუდატის, გარეთა სასმენი მილის ანთების, შუა ყურის მწვავე ანთების დროს. ამ უკანასკნელმა დიდი რაოდენობით დაგროვილი ჩირქოვანი ექსუდატის გამო საშინელი ტკივილები იცის. ზოგჯერ მას ფაღარათიც ერთვის. ამ დროს აუცილებელია ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ მოგვიწოდა, სადაც ჩირქია, აუცილებლად გამოუშვითო, ამიტომ ექსუდატის დაგროვებისას მივმართავთ პარაცენტეზს – გავკვეთთ დაფის აპკს, რათა ჩირქს გზა მივცეთ და მან დაფის აპკის გახეთქვა (პერფორაცია) არ გამოიწვიოს. პარაცენტეზის შემდეგ გაცილებით მეტი შანსია, დაფის აპკი შეხორცდეს, პერფორაციისას კი უმეტესად აღარ ხორცდება, პროცესი ქრონიკული ხდება და საკმაოდ რთული ოპერაციაა საჭირო მის აღსადგენად.
ქრონიკული ექსუდაციური ოტიტის მიზეზი უმეტესად ევსტაქის მილის გამავლობის დაქვეითებაა – ამ დროს შუა ყურს ჰაერი არ მიეწოდება და მასში მუდამ უარყოფითი წნევაა, რაც იწვევს კაპილარების ოსმოსური წნევის ცვლილებას და მათგან ტრანსუდატისა და ექსუდატის გამოყოფას. დაფის ღრუ სითხით, ლორწოთია გადავსებული. ამ დროს მკურნალობის კონსერვატიული გზაა ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების ჩაწვეთება, ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ათხიერებს ლორწოს და მის ევაკუაციას უწყობს ხელს, ლაზეროთერაპია. რა თქმა უნდა, აუცილებელია ადენოიდების ამოკვეთაც, თუ ისინი არსებობს. თუ ლორწო არ დაიშალა და მდგომარეობა არც ადენოიდების ამოკვეთის შემდეგ გამოსწორდა, აუცილებელია გარეთა სასმენი მილიდან დაფის ღრუს გახსნა და მასში რამდენიმე თვით დროებითი შუნტის ჩადგმა. სხვაგვარად განვითარდება შეხორცებითი დაავადებები, დაფის აპკი მიეხორცება მედიალურ კედელს და მისი აღდგენა ძალიან გაჭირდება. პაციენტს ამისთვის რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ბაღის ასაკის ბავშვების 10% ამ შუნტებით დადის, ქართველები კი რატომღაც ძალიან ძნელად თანხმდებიან ამ ოპერაციას.
– რა ბედი ეწევა შემდეგ შუნტს?
– შუნტი რამდენიმე თვეში თავისთავად ამოვარდება დაფის აპკი კი ასიდან 99 შემთხვევაში ხორცდება.
– რას ითვალისწინებს სმენის აღდგენის ქირურგიული მეთოდები?
– სმენის გამტარებლობითი დაქვეითებისას, რომელიც, მაგალითად, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევით ან სასმენი ძვლების დაზიანებით არის გამოწვეული, მკურნალობა ქირურგიულია. ასევე ხშირია (ქალებში – მამაკაცებზე ორჯერ მეტად) ოტოსკლეროზი, ყველაზე მცირე ზომის, მესამე სასმენი ძვლის, უზანგის, მოძრაობის შეზღუდვა, რის შედეგადაც ის აღარ გადასცემს რხევებს შიგნითა ყურის სტრუქტურებს. ეს პრობლემა გვარდება ე.წ. სტაპედოტომიის ოპერაციის მეშვეობით. რაც შეეხება სმენის დაქვეითების ნეიროსენსორულ ტიპს, მეორე და მესამე ხარისხის დაქვეითებისას სმენის რეაბილიტაციისთვის ნეიროსენსორული აპარატების გამოყენებაა საჭირო. IV ხარისხის დაქვეითებისას, რაც თითქმის სრულ სიყრუეს ნიშნავს, აპარატები აღარ შველის, საჭიროა ოპერაცია ძალიან დახვეწილი ტექნოლოგიების მეშვეობით – კოხლეარული იმპლანტაცია. ამ ოპერაციას საქართველოში 1999 წლიდან ვაკეთებთ, ჯერ – სამედიცინო უნივერსიტეტში, მერე კი აქ, ეროვნულ ცენტრში. პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს ერთი წლით ადრე. ამჟამად უკვე 300-მდე ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, ფაქტობრივად, კავკასიაში ამ საქმის ლიდერები ვართ. კოხლეარული იმპლანტაციისთვის ჩვენთან ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან...
კოხლეარული იმპლანტაცია საკმაოდ რთული ოპერაციაა, მის გარეშე ბავშვი ყრუ-მუნჯი რჩება. ამის ასაცილებლად ოპერაცია დროულად, 3 წლამდე უნდა ჩატარდეს.
– ხომ არ არსებობს რაიმე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხაზინა ამ ოპერაციას დააფინანსებს?
– კოხლეარული იმპლანტაცია ძალიან ძვირად ღირებული ოპერაცია, რადგან იმპლანტია ძვირი – დაახლოებით 19 000 დოლარი ღირს. ოპერაციას ჩვენი კლინიკა მიზერულ ფასად აკეთებს, ცხვირის პლასტიკაზე უფრო დაბალი განფასებით. პირველ ხანებში, როდესაც იმპლანტს მშობელი ყიდულობდა, ოპერაცის უფასოდაც ვაკეთებდით, 2003 წლიდან კი  იმპლანტები პროგრამულად ფინანსდება, სახელმწიფო წელიწადში 50 იმპლანტს ყიდულობს, თუმცა პაციენტი მაინც ბევრია.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად