სებორეა – კანის ტიპი თუ დაავადება?
 
  ცნობილია, რომ ზაფხულობით კანთან დაკავშირებული  წვრილმანი უსიამოვნებებიც კი უსაშველოდ გვაწუხებს და მოუგვარებელი გვეჩვენება. კანის ტიპი და მისი პრობლემები რომ ამოუწურავი თემაა, ამის თაობაზე ყველა ვთანხმდებით. მშრალი კანი გვაქვს – არ მოგვწონს, ზედმეტად უხეშიაო; ბუნებამ ცხიმიანი კანი გვარგუნა? – ამითაც უკმაყოფილო ვართ. ცხადია, ნორმალური ტიპის კანი ყველას სჯობს, მაგრამ რაკი არჩევანი არა ჩვენს, არამედ გენეტიკის ხელთაა, უმჯობესია, რაც გვაქვს, იმას დავყაბულდეთ და მისი სწორად მოვლა ვისწავლოთ. ასე თუ ავიცილებთ თავიდან უსიამოვნო გამონაყარს. კანის მოვლის შესახებ იმდენი დაწერილა, ტყუილ-მართალის გარჩევა გაგიჭირდებათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, სებორეისა და მისი ყველაზე ხშირი გართულების, სებორეული დერმატიტის, შესახებ პროფესიული რჩევები ექიმ დერმატოლოგ ირმა ბუჩუკურისგან მიგვეღო.
– ქალბატონო ირმა, რა არის სებორეა და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მან ადამიანს?
– სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბი პროდუქციაა. კლინიკურად ის კანისა და თავის თმოვანი საფარველის ჭარბი ცხიმიანობით გამოვლინდება.
მოგეხსენებათ, ცხიმოვანი ჯირკვლები უხვადაა განლაგებული მთელ კანზე, გარდა ხელისგულებისა და ფეხისგულებისა. ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 120-მდე ჯირკვალია. ცხიმოვანი ჯირკვლებით განსაკუთრებით მდიდარია თავის თმიანი არე, წარბები, ცხვირი, ყურის უკანა მიდამო, მკერდის ძვალი, საზარდული და იღლიები. ცხიმი ანუ სებუმი, რომელსაც ცხიმოვანი ჯირკვალი გამოიმუშავებს მონოესთერაზების, ტრიგლიცერიდების, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და სკვალენისგან შედგება. წყალში უხსნად ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც სებუმი შეიცავს, ანტიმიკრობული თვისებები აქვს. კანი მათი მეშვეობით ახორციელებს ბარიერულ ანუ დამცველობით ფუნქციას. ცხიმოვანი ჯირკვლები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს აქტიურ მუშაობას. ნაყოფი ცხიმის სქელი ფენითაა დაფარული, რომ სანაყოფე წყლებმა კანი არ დაუზიანოს. მაღალი აქტიურობით გამოირჩევა ახალშობილებისა და წლამდე ასაკის ბავშვთა ცხიმოვანი ჯირკვლები. 2-4 წლისთვის მათი აქტიურობა მცირდება, მერე კი, პუბერტატულ ასაკში, კვლავ იმატებს. ცხიმის გამოყოფას ჰორმონი დეჰიდროტესტოსტერონი ასტიმულირებს. თმისა და კანის ჭარბი ცხიმიანობა დაავადება არ გახლავთ. ის არ ვნებს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანწილად გენეტიკურად არის განპირობებული და მხოლოდ თავისებურ მოვლას, დასაბანი საშუალებებისა და დაბანის რეჟიმის სწორ შერჩევას მოითხოვს. ხშირად სებორეას დაავადებად მიიჩნევენ – სებორეულ დერმატიტში ერევათ. სინამდვილეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, კანის ზედაპირზე ცხიმოვანი ჯირკვლების განლაგება, მათი ანატომიური თავისებურებები, ზომები და ცხიმის წარმოქმნის ინტენსივობა გენეტიკურად არის განსაზღვრული.
– რა იწვევს სებორეას და როგორ მოვუაროთ ამ დროს კანს?
– ცხიმის გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა, გარემო ფაქტორები, კვების თავისებურებანი, სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტი, ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დაავადებები.
არსებობს სპეციალური შამპუნები, გამწმენდი საშუალებები, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემები, რომლებიც ამცირებს ჭარბ ცხიმიანობას და პრობლემას ასე თუ ისე აგვარებს. ექიმ დერმატოლოგს ადამიანი მაშინ მიმართავს, თუ ჭარბმა ცხიმიანობამ, კანის სათანადო მოვლის მიუხედავად, პრობლემები წარმოშვა და ცხოვრების ხარისხი დააქვეითა. როცა თავის თმიანი არე და კანი ცხიმიანია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაბანი საშუალებების შერჩევა, არამედ დაბანის სიხშირეც. არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი ბანა თმას ვნებს. ეს შეცდომაა. პირიქით, როცა თმა ჭარბად ცხიმიანია, მისი ხშირი ბანა მიზანშეწონილიც კია. არსებობს შამპუნები, რომლებიც ყოველდღიური ბანისთვისაა განკუთვნილი. სამკურნალო შამპუნებს კი გამოყენების სპეციფიკური რეჟიმი აქვს, მათ შედარებით იშვიათად იყენებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, ჭარბცხიმიანობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება, გამოიყენება სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც სებოსტატიკური მოქმედება აქვს (სპირონოლაქტონი, იზოტრეტინოინი). სამწუხაროდ, ამ პრეპარატებს საკმაოდ მძიმე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. 2009 წელს გაჩნდა ინფორმაცია პრეპარატზე (სავარაუდოდ, ოქსიბუტინინის ქლორიდზე), რომელმაც გაიარა კვლევის I და II ფაზები, აღმოჩნდა საოცრად ეფექტური (70-90%-ით ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის პროდუქციას), აქვს უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები და ვარაუდობენ, რომ იგი ჩვეულებრივი ფერიმჭამელას მკურნალობაში ახალ ეპოქას შექმნის.
– სებორეულ დერმატიტზე რას გვეტყვით, რამ შეიძლება ის გამოიწვიოს?
– სებორეული დერმატიტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლისთვისაც უმთავრესად თავის თმიანი არისა და სახის დაზიანებაა დამახასიათებელი. შესაძლოა დაზიანდეს აგრეთვე გულმკერდი, ზურგი და სხეულის სხვა, ცხიმოვანი ჯირკვლებით განსაკუთრებით მდიდარი ნაწილებიც. სებორეული დერმატიტი ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას არ ვნებს, არ არის გადამდები, თუმცა ზოგჯერ უკიდურესად შემაწუხებელია. მისი ძირითადი სიმპტომებია სიწითლე და აქერცვლა თავის თმიან არესა და სადა კანზე, ზოგჯერ – უხეში ქერქების წარმოქმნა, ქავილი და წვის შეგრძნება.
დაავადების მიზეზები უცნობია, თუმცა ბოლო დროს მას სულ უფრო ხშირად მიაწერენ ნევროგენულ ეტიოლოგიას, კერძოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანებას. ამ თეორიის ავტორები თავიანთ კონცეფციას რამდენიმე საინტერესო ფაქტით ასაბუთებენ. მაგალითად, ცნობილია და სტატისტიკურადაც დასაბუთებული, რომ სებორეული დერმატიტით დაავადებულებში პარკინსონიზმი ორჯერ ხშირია, ვიდრე საერთო პოპულაციაში. ოკლენდის უნივერსიტეტში 2006-2010 წლებში ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ სებორეული დერმატიტი, ისევე როგორც ვეგეტატიური ნერვული სისტემის სხვა მოშლილობები და ჰიპოსმია (ყნოსვის დაქვეითება), შეიძლება პარკინსონიზმის ნაადრევ სიმპტომად ჩავთვალოთ.
სებორეული დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს სებორეული დერმატიტის გამწვავება?
– სებორეული დერმატიტის გამწვავებას ხელს უწყობს სტრესი, დაღლილობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, კანის ჭარბი ცხიმიანობა (როგორც ხედავთ, ის ერთ-ერთი ფაქტორია და არა უმთავრესი და, მით უმეტეს, ერთადერთი), კანის არასწორი მოვლა, კერძოდ, იშვიათი ბანა ან სპირტიანი ლოსიონების გამოყენება, ასევე – კანის დაავადებები (მაგალითად, ფსორიაზი), სიმსუქნე, სამკურნალო პრეპარატები (ნეიროლეპტიკები, ფსიქოტროპული პრეპარატები, იმუნოსუპრესანტები). საინტერესოა, რომ პრეპარატებს, რომლებიც პარკინსონიზმის გამწვავებას იწვევს, სებორეული დერმატიტის გამწვავებაც ახასიათებს.
სებორეული დერმატიტი ხშირად რთულდება მეორეული სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არ არის ნამკურნალევი ან სწორად მოვლილი. ძალიან ხშირია ჭარბცხიმიანობის ფონზე აკნეს ტიპის გამონაყარი, ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელა.
– როგორ მკურნალობთ სებორეულ დერმატიტს?
– საფუძვლიან მედიკამენტურ მკურნალობას არც სებორეული დერმატიტი მოითხოვს, – ცხადია, მაშინ, როცა გართულებული არ არის. ხშირად მოსავლელ საშუალებებსაც ვჯერდებით. ეს უკანასკნელი ორ ხაზად იყოფა: თავის თმიანი საფარველისთვის განკუთვნილი და სადა კანისთვის განკუთვნილი. თავის თმიანი არის დაზიანებისას უმთავრესად იყენებენ შამპუნებს, რომლებიც შეიცავს სელენს, თუთიის პირითიონატს, კუპრს, სალიცილის მჟავას, რეზორცინს, კეტოკონაზოლს.
სადა კანის მოსავლელად, როგორც უკვე ვთქვით, სპირტიანი ლოსიონები არ გამოგვადგება. ამ დროს რბილი დასაბანი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული. კარგია უსაპნო გელ-ქაფები. სასურველია დღეში ორჯერ დაბანა და ნეიტრალური დამატენიანებლის წასმა. უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი ანტიმიკრობული საშუალებები ხშირად თვითონვე იწვევს სებორეული დერმატიტის გამწვავებას.
დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების რეჟიმს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკმარისი ოდენობის სითხის მიღება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ტკბილი წვენები. თქვენ წარმოიდგინეთ, არც მინერალური წყლებია ამ დროს რეკომენდებული. ყველაფერს სჯობია, დღის განმავლობაში მივიღოთ 6-8 ჭიქა წყალი. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ფიბრინული ბოჭკოების შემცველი საკვებით (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული), რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის მოწესრიგებას.
რთულ შემთხვევაში სტეროიდული მალამოების გამოყენებაც გვიწევს. სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ მითითებულია მხოლოდ VII კლასის, ანუ სუსტი სტეროიდული მალამოები და კრემები, რა თქმა უნდა, მათთვის დამახასიათებელი ყველა გვერდითი მოვლენის გათვალისწინებით (პერიორალური დერმატიტი, სტეროიდული ატროფია, კონტაქტური დერმატიტი, ტახიფილაქსია და სხვ.). სტეროიდული მალამოების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ექიმი დერმატოლოგის დანიშნულებით. თუ სებორეული დერმატიტი სოკოვანი ან ბაქტერიული ფლორით გართულდა, ჯერ ამ ინფექციების მკურნალობაა საჭირო.

 
 
სიახლეები
ავერსმა ადიგენის რაიონში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩაატარა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მაისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად