მზე, ზღვა და... ინფექცია
 
  ნაწლავური ინფექციების გახშირებას წელიწადის ცხელ სეზონზე დიდი ხანია მივეჩვიეთ. თითქოს ასეც უნდა იყოს: მოიმატა ტემპერატურამ – იმატებს დიარეული დაავადების რისკიც. ერთი მხრივ, უჩვეულო არაფერია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ინფექცია იოლად ვრცელდება, მეორე მხრივ კი უცნაური ისაა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზაფხულობით დიარეის შემთხვევებმა იკლო, აი, საქართველოში კი ნამდვილი ბუმია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა აჭარაში – რეგიონში, სადაც ზაფხულობით ტურისტები იყრიან თავს.
საიდან მოდის ბაქტერია
ნაწლავური ინფექციის გამომწვევი უმთავრესად ალიმენტური გზით გადაეცემა. გადაცემის ფაქტორებია წყალი, საკვები, მიკროორგანიზმებით დაბინძურებული ნივთები და ხელები. ინფექციის გადაცემის ამგვარ მექანიზმს ფეკალურ-ორალური ეწოდება.
ინფექციის წყაროა ინფექციის მწვავე ან ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანი, ასევე – გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი და ბაქტერიამატარებელი. ეპიდემიოლოგიურად ანუ გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიში მსუბუქი ფორმით დაავადებული ადამიანია, რომელიც ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და ავრცელებს ინფექციას. რისკის ჯგუფს მიეკუთვნება სამედიცინო პერსონალიც, რომელსაც პაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვს.
ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: ფაღარათი (მრავალჯერადი, თხიერი მასებით), ტემპერატურული რეაქცია, ტოქსიკოზი, რომელსაც შესაძლოა დაერთოს მუცლის ტკივილი (უპირატესად – მოვლითი ხასიათისა), მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა.
ფაღარათი ანუ დიარეა ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას დღე-ღამეში 3-4-ჯერ და მეტად, შედარებით თხიერი კონსისტენციის მოუნელებელი მასებით. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ დიარეის ინფექციურ და არაინფექციურ ფორმებს, მიმდინარეობის მიხედვით კი მწვავესა და ქრონიკულს. მწვავედ ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, უმეტესად 1 კვირამდე. 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული დიარეა გახანგრძლივებულად მიიჩნევა, ხოლო თუ 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდა – ქრონიკულად. უკანასკნელი ფორმა უფრო მოზრდილებშია გავრცელებული.
საზოგადოდ, ნაწლავური ინფექციების კლინიკური სურათი გამომწვევზეა დამოკიდებული. ვირუსული ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელია მოკლე, დაახლოებით 24-48-საათიანი საინკუბაციო პერიოდი, შედარებით მსუბუქი ცხელება, დაავადების დაწყება ღებინებით, რომელიც წყლისებური დიარეით გრძელდება და ერთიდან ოთხ დღემდე გასტანს. იშვიათია მუცლის ტკივილი. ეს ფორმა ხშირად თავისთავად გაივლის. რაც შეეხება ბაქტერიულ ინფექციას, მისი საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანფრძლივია – 6-დან 72 საათამდე, ზოგჯერ უფრო მეტხანს, 7 დღემდეც კი გრძელდება. ტემპერატურა ხშირად აღწევს 38-40 გრადუსს, თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ – ტენეზმები, ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევებით.
უფრო დაწვრილებით, ნაწლავურ ინფექციას ახასიათებს:
* ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები, რომლებიც ადვილი ამოსაცნობია: კანის სიმშრალე, პირის სიმშრალე, წყურვილის მუდმივი შეგრძნება, შარდის შემცირება და გამუქება, ზოგად ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული სიმპტომები – სისუსტე, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა;
* საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანების ნიშნები: გულისრევა-ღებინება, უმადობა, მუცლის მჭრელი, მოვლითი ტკივილი, მუცლის შებერვა;
* მალაბსორბციის სინდრომი ანუ ორგანიზმისთვის საჭირო საკვები პროდუქტების, მიკროელემენტებისა და მინერალური ნივთიერებების შეწოვის უუნარობა, რაც გამოიხატება წონის კლებით, ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტის ნიშნებით და სხვა.
ორგანიზმში წყლის ნაკლებობა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის – მათი სხეულის უდიდესი ნაწილი წყალია (უჯრედშორისი სითხე, უჯრედის მასა) და, ამდენად, მისი კარგვა მეტად არასასურველია. დასუსტებული სარეგულაციო მექანიზმებისა და თანმხლები დაავადებების ფონზე გაუწყლოების მიმართ ასევე მგრძნობიარეა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმიც.
ყურადღება, ყურადღება!
დიარეის უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. მას მოჰყვება ძალზე საყურადღებო მდგომარეობა – გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია. ის ვლინდება წყურვილის შეგრძნებით, ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით, შარდვის შემცირებით, არტერიული წნევის დაცემით. გაუწყლოება განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ 1 წლამდე ასაკისა და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ბავშვთა ასაკში გაუწყლოების ნიშნები ასეთია: თავდაპირველად – მოუსვენრობა, შემდეგ – სისუსტე და ძილად მივარდნა, ხმის შეცვლა, ჩახლეჩა, თვალების ჩაცვენა, წყურვილის გაძლიერება, უცრემლო ტირილი.
ასევე ძალზე საყურადღებო სიმპტომებია ფეკალურ მასებში სისხლიანი მინარევისა და ლორწოს არსებობა, ძლიერი მუცლის ტკივილი, დიარეის გახანგრძლივება, მაღალი ტემპერატურა. სწორედ ამ სიმპტომების საწინააღმდეგო მკურნალობაა აუცილებელი ნაწლავური ინფექციების დროს. მკურნალობის მთავარი პრინციპი რეჰიდრატაციის დროულად დაწყება გახლავთ. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია, თუ ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით და:
* დიარეა სამ დღეზე მეტია გრძელდება;

* გაქვთ დეჰიდრატაცია, რასაც მოწმობს ძლიერი წყურვილი, პირისა და კანის სიმშრალე, შარდის შემცირება, გამუქება ან არარსებობა, ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა;
* გაწუხებთ მუცლის ან რექტალური მიდამოს ძლიერი ტკივილი;
* განავალი სისხლიანი, ჩირქოვანი ან შავია;
* მკვეთრად არის გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 38.5 °-ს.
ბავშვებში, განსაკუთრებით – ჩვილებში, დიარეამ შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ექიმს დაუკავშირდით, თუ 24 საათის განმავლობაში დიარეა არ იკლებს ან ჩვილს:
* სამი საათისა და მეტი ხნის განმავლობაში არ მოუშარდავს (არ დაუსველებია საფენი);
* ღებინების გამო ვერ იღებს სითხეს;
* აქვს 38.5 გრადუსზე მაღალი სიცხე;
* აქვს სისხლიანი ან შავი განავალი;
* გამომშრალი აქვს პირი ან ტირის უცრემლდ;
* ხელის მოკიდებისა და მოჩქმეტის შემდეგ კანი ძნელად უსწორდება;
* უჩვეულოდ მოდუნებულია, ეძინება, მივარდნილია, გაღიზიანებულია ან დაძახებაზე არ პასუხობს;
* განუვითარდა კრუნჩხვა.
ანტიდიარეული ტაქტიკა
დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია რეჰიდრატაციული ხსნარების, მაგალითად, აისოლის, პერორალური მიღება მცირე ულუფებით. რაც შეეხება კვებას, სასურველია, პირველი ოთხი საათის განმავლობაში არაფერი ვჭამოთ, მერე კი გადავიდეთ ე. წ. ინდიფერენტული პროდუქტების (კარტოფილის პიურე, ჩაი, ორცხობილა, ბრინჯის ფაფა, შემდეგ – ქათმის ან ხბოს მოხარშული ხორცი) მიღებაზე. თუ ახალშობილს ან ჩვილს ძუძუს ვაწოვებთ, ეს უთუოდ უნდა გავაგრძელოთ.
ბაქტერიებით გამოწვეულ დიარეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, თუმცა ანტიმიკრობული თერაპია ყოველთვის არ არის საჭირო, ამიტომ მისი შერჩევა და დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.
ფართოდ ხმარებული ტერმინი “კუჭის აშლილობა” არ არის სწორი და არ გამოხატავს დაავადების არც მექანიზმს და არც არსს. დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა. უფრო ზუსტი განმარტებით, ფაღარათად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა აღემატება 200 მლ-ს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-95%-ს.
მოგზაურთა დიარეა
ე.წ. მოგზაურთა დიარეა ვითარდება სხვადასხვა ქვეყანაში ან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილების დროს. მას უმთავრესად არაადეკვატური სანიტარიული პირობების გამო დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ინფექციური აგენტები იწვევს. თუმცა დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს წყლის ან საკვების უჩვეულო, არაინფექციური კომპონენტებიც (მაგალითად, ეგზოტიკური კერძების ესა თუ ის ინგრედიენტი). მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი კარგად არის განვითარებული, შესაბამისად, მოგზაურთა და სეზონური დიარეის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
დიარეის პრევენციის მიზნით მოგზაურებს ურჩევენ დიეტური საკვებისა და ნახშირწყლებით მდიდარი სასმლის მიღებას. უმჯობესია, თავი არიდონ ონკანის წყლის სმას, ასევე საკვების გასარეცხად მის გამოყენებას. სახიფათოა არაპასტერიზებული რძე, უმი ზღვის პროდუქტები და უმი ან არასრულად შემწვარი ხორცი, ქუჩაში ნაყიდი სწრაფი კვების ნაწარმი.
მოგზაურთა დიარეის პრევენციისთვის:
* შეამოწმეთ, რას ჭამთ; მიირთვით ცხელი (ახალმომზადებული), სათანადოდ დამუშავებული პროდუქტისგან მომზადებული კერძი; თუ თავად არ გაქვთ ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვის საშუალება, ერიდეთ მათ უმად შეჭმას; ასევე ერიდეთ უმ ან ცუდად შემწვარ ხორცსა და თერმულად დაუმუშავებელ რძის ნაწარმს.
* აკონტროლეთ სასმელიც: სვით ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყალი, მინერალური წყალი, ლუდი. ერიდეთ ონკანის წყალსა და ყინულს. უმჯობესია, კბილების გამოსახეხადაც სასმელი წყალი გამოიყენოთ, ხოლო შხაპის მიღებისას პირი არ გააღოთ. ანადუღარი წყალი ნაკლებსახიფათოა, ამიტომ ყავისა და ჩაის დალევა უფრო გაბედულად შეგიძლიათ. გახსოვდეთ, ალკოჰოლი და კოფეინი დიარეას ამძაფრებს.
ზაფხულის რისკების წინააღმდეგ
ვიდრე შვებულებისთვის ვემზადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის დაავადებები, რომელთა განვითარების რისკიც ზაფხულობით იმატებს. იმის შესახებ, რა გვემუქრება და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გვესაუბრება.
ნაწლავთა ინფექციები
– ზაფხულის ყველაზე მწვავე პრობლემა ნაწლავთა ინფექციებია, რომლებიც ადამიანს საკვების ან წყლით მეშვეობით გადაეცემა. ამის მთავარი მიზეზი პროდუქტების არასწორი შენახვაა. საკვებში არსებული თითო-ოროლა ბაქტერია ვერაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ეს საკვები სიცხეში შევინახეთ, ეს ბაქტერიები გამრავლდებიან და დაავადებას გამოიწვევენ. ბაქტერიების გამრავლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემოა ხორცი, მისი ნახარში (ბულიონი), რძის ნაწარმი, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია პროდუქტების შენახვის წესების დაცვა.
– როგორია ეს წესები?
– მაგალითად, სალათას რომ გავაკეთებთ, მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ უნდა შევკაზმოთ. იგივე ითქმის კრემიან ნამცხვრებზე.
უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი ერთსა და იმავე დაფაზე არ უნდა დავჭრათ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი დაფის სხვადასხვა მხარე გამოვიყენოთ – შესაძლოა, სურსათში იყოს ბაქტერია, რომელიც ჯერ დაფაზე მოხვდება, იქიდან კი დამუშავებულ პროდუქტში.
უნდა გავითვალისწინოთ წყლის ფაქტორიც. ზაფხულში ხშირად ვხვდებით ბუნების წიაღში. თუ დანამდვილებით არ ვიცით, რომ წყარო სუფთაა, აუდუღარად მისი წყალი არ უნდა დავლიოთ.
– სასმელი წყლის პრობლემა ალბათ ზღვისპირა რეგიონებშიც გასათვალისწინებელია...
– ამჟამად იქ ეს პრობლემა არ დგას, რადგან რეგიონთა უმრავლესობაში წყალსადენებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ნაწლავთა ინფექციის გავრცელება ზღვაზეც ჰიგიენური წესების დაუცველობას უკავშირდება. როდესაც ბავშვი პლაჟზე ქვებს ლოკავს, ინფექციას სხვა მიზეზს ვერ დავაბრალებთ, ამიტომ ბავშვებს ყურადღება უნდა მივაქციოთ და ჰიგიენის წესები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა ყოველი ჭამის წინ, მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ.
ჯილეხი
– ივნისში, როდესაც ჯილეხის სპორები მაღლა ამოაქვს ახალამოსულ ბალახს, და აგვისტო-სექტემბერში, როდესაც ბალახი გადახმება და საქონელი იძულებულია, დრუნჩი დაადოს მიწას, ჯილეხის შემთხვევები იმატებს. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს მთავარი წესი:
თუ საქონელს დაავადების ნიშნები გამოაჩნდა, არ შეიძლება შიშველი ხელით მისი შეხება – უნდა დააცადონ სიკვდილი და შემდეგ დაწვან და დამარხონ, ხოლო დაავადება რომ ააცილონ თავიდან, შესაბამისი აცრა უნდა ჩაუტარონ.
ცოფი
– ცოფის რისკი ზაფხულში მხოლოდ იმიტომ იმატებს, რომ ნაკლები ტანსაცმელი გვაცვია, ვიდრე სხვა დროს და კანის დაზიანებაც უფრო ადვილია. ცოფის საშიშროებას ქმნიან არა იმდენად მაწანწალა, რამდენადაც პატრონიანი, მაგრამ აუცრელი ცხოველები. ასაცრელ ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ასეთი ცხოველის მიერაა დაკბენილი. თუ ცოფია ქვეყანაში, გარკვეული რისკების გამო აცრილი ცხოველის მიერ დაკბენილი ადამიანიც იცრება, მაგრამ ცხოველების აცრა აუცილებელია, რადგან ეს ცოფის პრობლემას შეამცირებს.
ლეიშმანიოზი
– ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ლეიშმანიოზის სეზონია აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ქუთაისში. ამ დაავადების გადამტანი მწერი ფლებოტომუსი შებინდებისას აქტიურდება. ლეიშმანიოზით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გავრცელებული, უმთავრესად 4 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან, ამიტომ ისინი ზედმიწევნით უნდა დავიცვათ მწერებისგან: გამოვიყენოთ რეპელენტები – მწერების დამაფრთხობლები, ფანჯრებს ავაფაროთ ბადე, რომ სახლში არ შემოფრინდნენ და სხვა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად პატრონებმა ცხოველები კარგად უნდა გაასინჯონ ვეტერინარებს. ლეიშმანიოზისგან მორჩენილი ძაღლი არ არსებობს: მაწანწალა მალე კვდება, პატრონიანი კი კარგი მოვლის გამო დიდხანს ცოცხლობს და ინფექციის წყაროა.
მალარია
– ზაფხული მალარიის სეზონიცაა. საბედნიეროდ, ადგილობრივი მალარია აღარ აღინიშნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ის ვინმემ შემოიტანოს სხვა ქვეყნიდან, ამიტომ ნუ შევუწყობთ ხელს კოღოს გამრავლებას: წყლის რეზერვუარები თავდახურული უნდა იყოს, ქუჩის გასწვრივ მიმდინარე წყლები (პატარა ხევები) არ უნდა დაგუბდეს – მოძრავ წყალში კოღო ვერ გამრავლდება. ამისთვის ყველამ საკუთარი სახლის წინ უნდა გაწმინდოს ხოლმე სადინარი.
იშვიათი დაავადებები
– არსებობს ძალიან იშვიათი დავადებები, რომლებიც რწყილებს, ტკიპებს გადააქვთ, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება. მის თავიდან ასაცილებლად ტყეში კარვის გასაშლელად ისეთი ადგილი უნდა შევარჩიოთ, რომ ახლომახლო მღრღნელების ბუდეები არ იყოს. სადაც მღრღნელია, იქვე იქნება მათი პარაზიტებიც. ასეთი დაავადების რისკი მეტია თბილისის შემოგარენში – სამხრეთ საქართველოში, ასპინძაში, ახალქალაქში.
წითელა
– როგორია წითელას პროგნოზი ზაფხულისთვის?
– იმედი გვაქვს, წითელა ზაფხულში მოიკლებს და შემოდგომაზე აღარ შემოგვიბრუნდება. რაც შეეხება რეგიონებს, ადვილი შესაძლებელია, ეს ინფექცია ჩამსვლელებმა (უმთავრესად – მოზრდილებმა) ჩაიტანონ და დაავადება იქაც გავრცელდეს.
საყურადღებო რჩევა
– ყოველივე ამასთან ერთად, მინდა, თქვენს მკითხველს ვურჩიო: სანამ ბავშვებს დასასვენებლად წაიყვანთ, გადაამოწმეთ, ჩატარებული აქვს თუ არა ყველა აცრა, რაც ასაკობრივად ეკუთვნის.
როგორ გადავურჩეთ ნაწლავთა ინფექციებს
– გარშემო მყოფთა დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ან ბაქტერიამატარებლის რაც შეიძლება ადრე იზოლირება. ფაღა¬რათის დროს სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება, ვასვათ ბავშვებს აუდუღარი რძე და წყალი. ანა¬დუ¬ღარი წყალი თავდახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდეს.
ჭამის წინ ხილი და კენკრა საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს ცივი წყლით და დაიმდუღროს.
ბავშვისთვის საჭმლის მომზადებამდე და მის კვებამდე ხელები საპნით უნდა და¬ვი¬ბანოთ და ბავშვიც მივაჩვიოთ იმავეს.
ჭურჭელი უნდა გავრეცხოთ ცხელი წყლით, კარგად გავამშრალოთ და თავდა¬ხურული შევინახოთ. სათამაშოებიც დროდადრო ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს.
შენობა, რომელშიც ბავშვი იმყოფება, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ხშირად უნდა გაირეცხოს იატაკი, ყველა ნივთი ყოველდღიურად სველი ჩვრით უნდა გაიწმინდოს. ბავშვი ხშირად უნდა ვაბანაოთ. ფრჩხილები ყოველთვის მოკლედ უნდა ჰქონდეს დაჭრილი.
არ შეიძლება ბავშვის საწოვარას გაწმენდა ხელით ან ცხვირსახოცით, შეწმენდა ტანსაცმელზე, გამოვლება პირში (რა¬საც, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით). საწოვარა ბავშვს კი¬სერზე ზონრით უნდა ჰქონდეს ჩამოკიდებული, ხოლო სათადარიგო დამდუ¬ღ¬რული და სუფთა ნაჭერში გახვეული გვედოს. ყოველი ხმარების შემდეგ ბავ¬შ¬ვის საწოვარა და ჭურჭელი უნდა წამოვადუღოთ.
როგორც კი ბავშვს კუჭ-ნაწლავის აშლილობის ნიშნებს შევატყობთ, სასწრაფოდ უნდა გამოვუძახოთ ექიმს. მის მოსვლამდე თავი უნდა შევიკავოთ საკვებისა და წამლების მიცემისგან. აუცილებელია, ვასვათ ბავშვს ორა¬ლური სარეჰიდრატაციო საშუალებები (მაგ., რეჰიდრონი) ან ანადუღარი წყალი და ბაცი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისაგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს. ბავშვი უნდა დავაწვინოთ, არ მივუშვათ მასთან სხვა ბავ¬შ¬ვე¬ბი.
ინფექციის გადაცემის გზების ლიკვიდაციისთვის აუცილებელია დეზინ¬ფექცია სარეცხი, მაგალითად, ქლორშემცველი საშუალებებით.
კერძის სუფთად მომზადება და შენახვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საკვების უსაფრთხოებისთვის.
სურსათი უნდა შევინახოთ მაცივარში.
მოხარშული პროდუქტები უნდა ინახებოდეს დახურულ ჭურჭელში, ცალ¬კე უნდა იყოს გამოყოფილი უმის შესანახი ადგილი.
ნაყიდი პროდუქტები უნდა შევახვიოთ ან ჩავაწყოთ პლასტიკურ პა¬კე¬ტებში.
დიასახლისებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ხელების სისუფთავეს. ცნობილია, რომ ხელების ორჯერადი დაბანა საპნით მიკროორგანიზმების რაოდენობას 90%-ით ამცირებს.
სალათები უნდა შევკაზმოთ მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფ¬რა¬სთან მიტანის წინ.
ხელები უნდა დავიბანოთ კერძის მომზადებამდე, მოხარშული ან შე¬მ¬წვარი პროდუქტების დამუშავებამდე და აუცილებლად – საპირფარეშოს შემ¬დეგ.
სამზარეულოს მთელი მოწყობილობა და ჭურჭელი საჭმლის მომზადების შემდეგ გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს თბილი წყლით, მერე კი დაიმ¬დუ¬ღ¬როს და გამშრალდეს. ხორცსაკეპი მანქანა უნდა დაიმდუღროს ხმარებამდეც. უმი და მოხარშული პროდუქტებისთვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის) უნდა გვქონდეს სხვადასხვა დაფა ან გამოვიყენოთ ერთი და¬ფის სხვადასხვა მხარე.
დაფები და მაგიდა კერძის მომზადების შემდეგ უნდა გაი¬წმინდოს, გაირეცხოს თბილი წყლით, დაიმდუღროს და გამშრალდეს.
საჭმლის მოსამზადებლად უმჯობესია გამოვიყენოთ უჟანგავი ფოლადის, ალუმინის ან მომინანქრებული ჭურჭელი. ამასთანავე, ალუ¬მინის ჭურჭელში საჭმლის დიდხანს შენახვას თავი უნდა ვარიდოთ.
ამ მარტივი წესების დაცვა არ არის ძნელი, ეს კი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საწინდარია.
მკბენარების სეზონი
სითბო მწერებსაც ძალიან უყვართ. ამიტომაც არის, რომ გამოეფინებიან ხოლმე ზაფხულობით და თავს გვაბეზრებენ. არანაკლებ საშიში ხდებიან ძაღლები და ქვეწარმავლები…
ვუტევთ მწერებს
მწერის ნაკბენი ხშირად შუპდება, წითლდება და მქავანა ხდება, ქავილის დროს კი მოსალოდნელია, ნაკბენი ადგილი ფრჩხილით გაიკაწროს და ინფექცია შეიჭრას. მაგრამ ეს არ გახლავთ ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს; გამორიცხული არ არის, კბენის შემდეგ ადამიანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდეს. ამგვარი შოკის გამოწვევა თითქმის ყველა ალერგენს შეუძლია. ის უეცრად ვითარდება და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.
ანაფილაქსიური რეაქციის დროს აღინიშნება:
. სუნთქვის გაძნელება;
. შეშუპება, უმთავრესად – სახისა, ხახის ლორწოვანისა, ენისა;
. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა;
. გამონაყარი;
. გონების დაბინდვა.
ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ორგანიზმში ალერგენის მოხვედრიდან ორიოდე წუთში განვითარდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ორი საათის შემდეგ იჩინოს თავი. ასე უმეტესად საკვებისმიერი ანაფილაქსიის დროს ხდება.
ერთადერთი საშუალება ანაფილაქსიური შოკისგან თავის დასაცავად არის პრედნიზოლონის ამპულის თან ტარება და მისი მყისიერი ინექცია. საბედნიეროდ, ეს შოკის მომგვრელი რეაქცია ხშირი არ არის, ადგილობრივი რეაქციის დროს ნაკბენს ადგილობრივი საშუალებაც დაგიამებთ.
ასე იცის სიცხემ
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად გვაშინებენ მალარიითა და ლეიშმანიოზით. მოდი, ცოტა ახლოს გავიცნოთ ეს დაავადებები.
მალარიის პლაზმოდიუმი სისხლის წითელი უჯრედებით იკვებება, ციებ-ცხელებას, სისხლნაკლებობას, ღვიძლისა და ელენთის გადიდებას იწვევს. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, მაგრამ ვინაიდან გამომწვევები მხოლოდ სისხლშია, ყოფითი და თუნდაც სქესობრივი კონტაქტი სახიფათო არ არის. იშვიათად დაავადება სისხლის გადასხმის, ორგანოს გადანერგვისა და საზიარო შპრიცის გამოყენების დროსაც გადაედება. არც ის არის გამორიცხული, მუცლადყოფნის პერიოდში გადაედოს ნაყოფს დედისგან. უფრო ხშირად კი შუალედური რგოლი, დედალი კოღო ანოფელესი ერთვება საქმეში.
თუ ტროპიკულ ქვეყნებში აპირებთ გამგზავრებას, სადაც ყოველი მეორე მალარიის რეზისტენტული და მძიმე ფორმით არის ავად, პროფილაქტიკური მკურნალობა აუცილებელია.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ზაფხულის სიცხეში წყლის გამოყენებისას უნებლიეთ კოღოს ზრდა-გამრავლების ხელშემწყობი პირობები არ შევქმნათ: პატარა გუბურები დავაშროთ, წყლის რეზერვუარები თავდახურული გვქონდეს, სანიაღვრე არხების კედლები მცენარეებისა და ნაგვისგან გავწმინდოთ.
რაკი კოღო ადამიანს საღამო ხანს, მზის ჩასვლის შემდეგ ესხმის თავს, ამ დროს უმჯობესია ბაცი ფერის გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი ჩავიცვათ და შენობას შევეფაროთ. გამოვიყენოთ კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები – რეპელენტები.
შენობაში კოღოები რომ ვერ შემოფრინდნენ, კარ-ფანჯრებს ბადეები ავაფაროთ, ოთახებში შემოფრენილი კოღოები ინსექტიციდური აეროზოლებით და ელექტროფუმიგატორებით გავანადგუროთ.
მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს ჩამოვაფაროთ ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოვუგოთ ლეიბის ქვეშ.
ყველა საეჭვო შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ სისხლის ანალიზი მალარიაზე.
კიდევ ერთი
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც მწერებს გადააქვთ და შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს, ვისცერული ლეიშმანიოზია. ძაღლი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ცხოველი (მაგალითად, ტურა), მიკროსკოპული პარაზიტის, ლეიშმანიას, ბუნებრივი რეზერვუარია, ჩვენამდე კი ის პაწაწინა მოსკიტს – ფლებოტომუსს მოაქვს. ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა მკვეთრი რყევების გარეშე და ორგანული ნარჩენები, ასეთ გარემოს კი ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში პოულობენ. მოსკიტების ცხოველქმედების პიკი ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულზე გამოვლენილი ავადმყოფები წინა წელს არიან დაავადებულნი (ლეიშმანიოზს ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს – 20 დღიდან 1 წლამდე, საშუალოდ 3-5 თვე).
გასულ წლებში ინფექციის კერები ძირითადად მთისპირა და ტყისპირა რაიონებში – მთაწმინდაზე, ვაკესა და კრწანისში გახლდათ, სადღეისოდ კი უკვე მთელ თბილისშია გავრცელებული.
გარდა თბილისისა, ლეიშმანიოზის კერები მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრი წყაროს, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, დმანისის რაიონებში და რუსთავშიც გვხვდება. დაავადებულთა დიდი უმრავლესობა ოთხ წლამდე ასაკის ბავშვია.
ლეიშმანიოზის მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-40°C), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლის ცვლილებები. ავადმყოფობა 3-6 თვე გრძელდება. ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-38, იშვიათად 39,5 C-მდე იმატებს. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლოა 1,5-3 წელს გაგრძელდეს.
დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში ლეიშმანიების აღმოჩენას.
ვისცერულ ლეიშმანიოზთან ბრძოლა ნაგავსაყრელების ლიკვიდაციასა და მაწანწალა ძაღლების კონტროლს, ლეიშმანიოზით დაავადებულების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას გულისხმობს. ამავე დროს ყველამ, განსაკუთრებ
ით კი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა, დაავადების შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ და თავი დავიცვათ: ბავშვები შებინდებისას (მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე) არ გავიყვანოთ სასეირნოდ დაავადების კერებად მიჩნეულ ადგილებში, მოვარიდოთ მოსკიტებს. გარდა ამისა, საჭიროა ფანჯრებზე მწერსაწინააღმდეგო ბადეების გაკვრა, სხეულის ღია ადგილებზე რეპელენტების წასმა.
სისინა საფრთხე
ქვეწარმავლების აქტიურობა პიკს ცხელ დღეებში აღწევს.  შხამიანი გველები თბილისში ნაკლებად არის გავრცელებული. აი, რეგიონებზე კი იმავეს ვერ ვიტყვით. დედაქალაქში უმეტესად ანკარასებრთა ოჯახის გველები გვხვდება. რაც შეეხება რეგიონებს, აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საშიშია კაკვკასიური გიურზა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – კავკასიური და ველის გველგესლა.
შხამიან გველს აქვს ორი კბილი, რომლებშიც მოთავსებულია შხამი. კბენისას ის ორგანიზმში დაახლოებით ნახევარ მილილიტრ შხამს უშვებს. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით, რჩება ორი წერტილი ნამგლისებრი ჩანაჭდევებით, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – რამდენიმე, თუმცა ორი წერტილი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იყოს.
გაითვალისწინეთ,  რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფერმენტებს, პოლიპეპტიდებს, რომლებიც ართულებს სისხლის შედედებას, იწვევს ერითროციტების დაშლას და აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც, ბუნებრივია, ყველა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემაზე აისახება.
ნაკბენ არეში კბენისთანავე აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, წვა, მცირე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სილურჯე. შეშუპებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს სისხლძარღვებსა და, საზოგადოდ, ქსოვილებზე და გამოიწვიოს მათი კვდომა, რაც ინტოქსიკაციას უფრო მეტად გააძლიერებს. ზოგადი სიმპტომებიდან აღინიშნება აღგზნება, შიშის შეგრძნება, ძლიერი ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება, პულსის მომატება, წნევის ვარდნა, რასაც შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს. თუ მკურნალობა დაგვიანდა ან არასწორად ჩატარდა, დაკბენილი შესაძლოა რამდენიმე საათში მოკვდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით. 
გაითვალისწინეთ ესეც: რაც უფრო ახლოსაა, მაგალითად, გიურზას ნაკბენი წამყვან სასიცოცხლო ორგანოებთან, გულთან, მით უფრო სწრაფად ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. სახესა და სხეულზე კბენისას შეშუპება შესაძლოა უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე კიდურზე კბენის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილიდან შხამის გამოდევნა პირველი 10 წუთის განმავლობაში. თუ ნაკბენი კიდურზეა, დაკბენილს შეუძლია, თვითონვე ამოწოვოს შხამი (იმ პირობით, რომ პირის ღრუს ლორწოვანი დაზიანებული არ აქვს), ანდა ეს გააკეთოს იქ მყოფმა სხვა ადამიანმა, შემდეგ კი აუცილებლად გამოირეცხოს პირის ღრუ. ზოგიერთი ავტორი დამხმარე პერსონალის მოწამვლის შიშით ამ მეთოდს უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი შხამი საშიში არ არის. კარგი იქნება ნაკბენზე ცივი ტამპონის დადება – ეს სისხლძარღვთა სპაზმს გამოიწვევს და ხელს შეუშლის შხამის გავრცელებას. აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა, იმობილიზაცია მწოლარე მდგომარეობაში, შეძლებისდაგვარად, საპნიანი ან ჩვეულებრივი წყლით ჭრილობის მობანა და სპირტით დამუშავება, დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.
არაფრით არ შეიძლება ნაკბენი ადგილის დასერვა, მოწვა ან ლახტის დადება – ლახტის მოჭერის შემთხვევაში ქსოვილთა სისხლით მომარაგება უფრო მეტად ირღვევა და მათი ნეკროზი (კვდომა) უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ასევე დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება – ის შხამის მოქმედებას აძლიერებს. არსებობს შხამსაწინააღმდეგო შრატი, რომლის გამოყენებაც კბენის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება. მძიმე მდგომარეობისას ზოგჯერ ინექციის გზით შეჰყავთ ფიზიოლოგიურ სითხეში განზავებული შრატის რამდენიმე დოზა. გველის შხამთან ერთად ჭრილობაში ტეტანუსის ჩხირის მოხვედრის ალბათობაც არსებობს, ამიტომ თუ დაკბენილს ხუთ წელზე მეტია არ ჩაუტარებია ანტიტეტანური ვაქცინაცია, ეს აცრაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ცოტა რამ ცოფის შესახებაც
ცოფის ვირუსით თბილსისხლიანი ცხოველები ინფიცირდებიან. ამრიგად, ჰიდროფობიისთვის განწირულნი არიან: ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ცხენი, ბოცვერი, ზაზუნა, ღამურა, თახვი, მელა, მაიმუნი... ამერიკელების დაკვირვებით, მათ ქვეყანაში ცოფს ყველაზე ხშირად ღამურა, კოიოტი დ
ა სკუნსი ავრცელებენ. აი, ჩვენში კი ჰიდროფობიის მთავარი წყარო მაწანწალა ძაღლები და კატები არიან.
ცივსისხლიანი ცხოველები (მწერები, ქვეწარმავლები) ცოფით არ ავადდებიან.
ცოფს ვირუსმატარებელი ცხოველი კბენისას ან დაკაწვრისას გადმოგვდებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხეულზე ნერწყვის უბრალო მოხვედრითაც დასნებოვნდეთ – კანზე არსებული მიკროტრავმებიდან ვირუსი სისხლში მოხვდეს.
კბენის შემდეგ ინფიცირება ყველაზე სწრაფად ტუჩებისა და თვალის ლორწოვანის დანერწყვის შემდეგ ხდება.
ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე, ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც, გრძელდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როდესაც ადამიანს ძლიერ აქვს დაკბენილი სახე, თავი, ხელები. გარდა ამისა, დაავადება უფრო მალე იჩენს თავს ბავშვებში. ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი: ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება, ტანჯვისგან სახე ემანჭება, უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი, ხდება ძალზე აგრესიული, გარშემო ყველაფერს ამტვრევს, ბოდავს, უხვად გამოყოფს ნერწყვს. აღგზნებას დამბლა მოსდევს, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით მთავრდება, რაც სიკვდილს იწვევს.
გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, უთუოდ მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.
კბენისა და დაკაწვრის შემდეგ ცხოველს 10 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ (ცხადია, თუ შესაძლებელია, ანუ თუ ცხოველი არ დაიკარგა). ცოფიან ძაღლს შემდეგი ნიშნებით ამოიცნობთ: ეცვლება ქცევა, უმიზეზოდ ყეფს, იფხანს ნაკბენ ადგილს, არ ჭამს, არ სვამს, ღრღნის და ყლაპავს უჩვეულო საგნებს – ლურსმნებს, ქვებს, ჩვრებს... ჩვეულებრივზე მეტად ელაქუცება პატრონს, სიბნელეში იმალება ან, პირიქით, აღგზნებულია. თუ დაბმულია, ცდილობს, აიწყვიტოს და თუ ნებას მისცემთ, დიდ მანძილზე გაიქცევა. უმიზეზოდ ესხმის თავს და კბენს ცხოველებს, ფრინველებს, უცხო ადამიანებს და პატრონსაც კი.
რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლს გამოაჩნდება დამბლის ნიშნები, ყეფს ხრინწიანი ხმით, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით დადის, მიათრევს კიდურებს, უჭირს სუნთქვა, ბოლოს წაიქცევა და კვდება.
თუ ცხოველმა დაგკბინათ:
. ნაკბენი ჭრილობა საპნიანი წყლით დაიმუშავეთ და არა იოდითა და სპირტით.
. დროულად მიმართეთ ქირურგ-რაბიოლოგს, რომელიც ჭრილობას სათანადოდ დაამუშავებს და დროულად და კვალიფიციურად ჩაგიტარებთ ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) აცრებს. ამჟამად ვაქცინაცია 6-ჯერადია და 28 დღის განმავლობაში კეთდება.
. თუ ცხოველს ათდღიანი დაკვირვების შედეგად გაცოფების ვერავითარი ნიშანი ვერ შეატყვეთ, შესაძლოა, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება არც კი დაგჭირდეთ. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ:
. ექვსი თვის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლიანი სასმლის მიღება, ლუდისაც კი. სასმელი ასუსტებს ცოფის ვირუსისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
. ერიდეთ გადაღლას, გადაცივებას, ზედმეტ ჩაფუთვნას.
. ზედმიწევნით დაიცავით კანის ჰიგიენა.
. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 2 თვის განმავლობაში აკრძალულია ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრის ჩატარება, გარდა ანტიტეტანურისა.
გადახურება-გადაწვის საფრთხე
ზაფხულში ცხელა. ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. თუმცა, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, ბევრს ავიწყდება, რომ სიცხე მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმი კი არა, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაც არის. სწორედ ზაფხულობით იმატებს სითბური დაკვრისა და დამწვრობის საფრთხე. გარუჯვის ექსპერტებიც კი ფრთხილობენ, როდესაც თითქმის მთელი დღით მზეს ეფიცხებიან. მათ არც გადახურების მექანიზმი იციან და არც იმ პათოლოგიური პროცესების ბიოქიმია, რომლებიც კანში დამწვრობის დროს მიმდინარეობს, თუმცა აღიარებენ უბრალო ჭეშმარიტებას – მცხუნვარე მზესთან ხუმრობა არ ღირს.
გადახურების მიზეზი
სხეულის ზედაპირიდან სითბოს გაცემა გარემომცველი ჰაერის მოძრაობით, სითბური გამოსხივებითა და სითხის აორთქლებით ხორციელდება. სიცხეში სითბოს გაცემის პირველი ორი მექანიზმი თითქმის აღარ მუშაობს და მთელი დატვირთვა ოფლის აორთქლებაზე მოდის, ჰაერის მაღალი სინოტივის პირობებში კი სითბოს გაცემა ამ გზითაც მცირდება.
სითბოს გაცემის ცალკეული გზების მოქმედების შეზღუდვამ ან გამორიცხვამ შესაძლოა თერმორეგულაციის დარღვევამდე მიგვიყვანოს, შედეგად კი ჰიპერთერმია – ორგანიზმის გადახურება – განვითარდეს.
გადახურებას მოსდევს სხეულის ტემპერატურის მომატება, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ძლიერი ოფლდენა, მძიმე შემთხვევაში – მოძრაობის კოორდინაციის მოშლა და ადინამია – უკიდურესი სისუსტე. თავზე მზის სხივების უშუალო ზემოქმედება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას – მზის დაკვრას იწვევს. მას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ახასიათებს სახის სიწითლე, მოთენთილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა, მხედველობის მოშლა, ყურების შუილი, გულისრევა, ღებინება. მზის დაკვრა იოლად ემართებათ მათ, ვინც არ არის მიჩვეული მზეზე დიდხანს ყოფნას. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კუჭის გადავსება და სიმთვრალე. მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან: ორ წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებულები, გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულები, ავადმყოფები, რომლებიც იღებენ: ნეიროლეპტიკებს (მაგალითად, ჰალოპერიდოლს ან ქლორპრომაზინს), ანტიქოლინერგიულ საშუალებებს (ოფლიანობის შემცირების გამო), ტრანკვილიზატორებს (მაგალითაედ, ფენოთიაზინს).
ორგანიზმის გადახურება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა:
. შეძლებისამებრ, თავი ვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. თუ ეს შეუძლებელია, არ გავჩერდეთ მზეზე თავშიშველი.
. ინტენსიურად გავანიავოთ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე. საუკეთესო გამოსავალია კონდიციონერი. ვენტილატორი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 330ჩ-ს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა – 35%-ს. ვისაც სახლში კონდიციონერი არა აქვს, უნდა ეცადოს, გარკვეული ხანი მაინც გაატაროს კონდიცირებულ საზოგადოებრივ ადგილებში (ოფისი, მაღაზია და სხვა).
 . სვით ბევრი სითხე, უმთავრესად – მწვანე ჩაი ან 15-200C ტემპერატურის კალიუმისმარილებიანი მინერალიზებული და ვიტამინიზებული წყალი. შეზღუდეთ მარილი. ვისაც სითხის მიღება სამედიცინო ჩვენებით აქვს აკრძალული ან დიურეტიკებს იღებს, რეჟიმი ექიმის უნებართვოდ არ უნდა შეცვალოს.
. მუშაობისას ხშირად შეისვენეთ. თუ შესაძლებელია, შესვენება გრილ ადგილას გაატარეთ. უფრო უკეთესია ცივი (10,50-160C) აბაზანა ან შხაპი.
თუ ვინმეს სითბური დაკვრის ნიშნები გამოაჩნდა, მოიქეცით ასე:
. სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი;
 . პაციენტს გახადეთ ან მოუშილიფეთ ტანსაცმელი, წამოწვინეთ გრილ ოთახში, სადაც მუდმივად ცირკულირებს სუფთა ჰაერი, თავზე დაადეთ ცივი საფენი, მიეცით სითხე;
 . კარგია ცივი აბაზანა (ექიმის მეთვალყურეობით და ტემპერატურის მუდმივი კონტროლით). პაციენტი მანამდე უნდა დარჩეს წყალში, ვიდრე რექტალური ტემპერატურა 39.40 ჩ-მდე არ დაიწევს.
დამწვრის სუნი მცემს
კანის დამწვრობა თავს რამდენიმე საათში იჩენს, ამიტომ შუადღისას დამწვარი კანი, როგორც წესი, საღამოობით აალდება ხოლმე.
დამწვრობის რამდენიმე ხარისხს განასხვავებენ. მზის გულზე მონებივრე ადამიანი უმეტესად პირველი ან მეორე ხარისხის დამწვრობას იღებს ხდება.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს კანი შეწითლებულია, მტკივნეული და რამდენიმე დღის განმავლობაში იქერცლება. მის მოსაშუშებლად გრილ აბაზანას, ძლიერ დამატენიანებელ კრემს და ჰიდროკორტიზონის შემცველ მალამოს გირჩევთ. ეფექტურია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაც, მაგალითად, ასპირინი – ის ტკივილისა და დისკომფორტისგან გიხსნით.
მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კანზე ბუშტუკები ჩნდება. არამც და არამც არ გახეთქოთ ისინი, თორემ შესაძლოა, კანში ინფექცია შეიჭრას. თუ ბუშტუკი შემთხვევით გასკდა, უმჯობესია, მასზე სუფთა დოლბანდი დაიფაროთ. მეორე ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
იმისთვის, რომ კანის დამწვრობას გადაურჩეთ და მომხიბლავი რუჯით მოიწონოთ თავი, ასე მოიქეცით:
. გარუჯვისას მთელ ტანზე წაისვით მზისგან დამცავი საშუალება (sunscreen).
. შინიდან გასვლის წინ დაიხურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს სხეულს.
. ეცადეთ, მზის გულზე არ მოხვდეთ. მზის პირდაპირ სხივებს განსაკუთრებით დილის 10-დან 16 საათამდე მოერიდეთ.
. მზეს მოარიდეთ ბავშვიც. მის ნაზ კანს მზის აგრესიული სხივები იოლად დაწვავს. ასე რომ არ მოხდეს, წაუსვით პატარას საგანგებოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი საშუალება, დაახურეთ ქუდი და ჩააცვით ტანსაცმელი, რომელიც სხეულს მაქსიმალურად დაუფარავს.
. მიიღეთ D ვიტამინით მდიდარი საკვები.
. ხშირად შეითვალიერეთ კანი, რათა საეჭვო წარმონაქმნი არ გამოგეპაროთ.
მზეს თუ ვერ დაემალე
ამ შემთხვევაში ვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს. მათი არჩევანი კი საკმაოდ დიდია: კრემი, გელი, მუსი, ლოსიონი, სპრეი, ცვილის სტიკი… აირჩიეთ გემოვნებისამებრ, მაგრამ გაითვალისწინეთ:
. კრემის წასმა მშრალ კანზეა სასურველი;
. გელის წასმას თმიან ადგილებზე (თმის ძირებში, მამაკაცებს – მკერდზე) გირჩევთ;

. სტიკის წასმა თვალის გარშემოა მიზანშეწონილი;
. კრემი გაცილებით თხელ ფენად უნდა წაისვათ, ვიდრე ლოსიონი. ლოსიონის სახეზე გადასმისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.
აქვე გაგაცნობთ იმ ინგრედიენტების ნუსხას, რომლებსაც მზისგან დამცავი საშუალება უნდა შეიცავდეს (ჩამონათვალს ლათინურად გთავაზობთ, ვინაიდან კოლოფებზე სწორედ ასეა მითითებული): oxybenzone, octyl methoxycinnamate, cinoxate, sulisobenzone, octyl salicylatye menthyl anthranilate, titanium dioxide, zinacoxide, avobenzone, ecamsule.

ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა ერთი წლის წინ შეძენილი კრემის გამოყენება და ექნება თუ არა მას ეფექტი. საზოგადოდ, თუ მზისგან დამცავ კრემს სათანადო ოდენობით ისვამდით, მომავალი წლისთვის არც უნდა დარჩეს, მაგრამ თუ მაინც შემოგრჩათ, შეგიძლიათ, გულდამშვიდებით გამოიყენოთ – სანსქრინის შენახვის ვადა საშუალოდ 3 წელია.
იმის თაობაზე, რომელი გამოსხივება უფრო მავნებელია, UVA თუ UVB, დღესაც კამათობენ (არ თქმა უნდა, იცით, რომ UV ულტრაიისფერი სხივების აბრევიატურაა). კამათობენ პლაჟზე გასარუჯად წამოწოლილი, ნეტარებას მიცემული ქალბატონები, თორემ დერმატოლოგებმა ამ აგრესიული სხივების თვისებები დიდი ხნის წინ გაშიფრეს.

UVA სხივები ყველაზე დაუმორჩილებლები არიან. მათ მინა ვერ აკავებს, ღრმად აღწევენ კანის შრეებში და მის სტრუქტურას აზიანებენ. სწორედ A ტიპის ულტრაიისფერი სხივების დამსახურებაა დანაოჭებული კანი.
UVB-ს სათვალის მინა იოლად აკავებს, ხოლო კანზე ზემოქმედებისას ეს სხივები დამწვრობას იწვევს. UVA-ს ჭარბი ზემოქმედება კანს ნაადრევად აბერებს, ხოლო UVB-სი – წვავს. რაც შეეხება კანის კიბოს, ამ ავბედითი სენის ჩამოყალიბებაში ორივე სპექტრი მონაწილეობს. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, სასურველია, მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენოთ ფართო სპექტრის (როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან დამცავი) საშუალება, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი), სულ მცირე, 15-ის ტოლია. გაითვალისწინეთ: თუ გსურთ, თქვენი კანი ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, გირჩევთ, სანსქრინი ნებისმიერ ამინდში წაისვათ სხეულის ღია უბნებზე (უპირატესად – სახესა და ხელებზე).
დაიხსომეთ: მზის სხივები ჩვენამდე ღრუბლიან ამინდშიც აღწევს – ღრუბელი სხივების 80%-ს ატარებს. ქვიშა მზის სხივების 25%-ს აირეკლავს, ხოლო წყლისა და თოვლის ზედაპირი – 80%-ს. ასე რომ, მზის აგრესიულ სხივებს ვერსად დავემალებით. თავდაცვის ერთადერთი გზა, მით უფრო – პაპანაქება ზაფხულში, მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა. გირჩევთ, მზისგან დამცავი საშუალება მაკიაჟის ქვეშ გადაისვათ. არსებობს სანსქრინი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეფექტურად დაგიცავთ მზის აგრესიული გამოსხივებისგან. გაითვალისწინეთ: მზისგან დამცავი საშუალება შინიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე უნდა გადაისვათ.  თუ გსურთ, სანსქრინისგან ჯეროვანი ეფექტი მიიღოთ, წაისვით დაახლოებით 30 გრამი (ნაკლული არყის ჭიქა). დაკვირვებამ ცხადყო, რომ ადამიანთა უმრავლესობა თითო ჯერზე მზისგან დამცავი საშუალების საჭირო ოდენობის მხოლოდ 15-50%-ს ისვამს.
სახეზე სანსქრინის წასმის შემდეგ ტუჩებზე ბალზამი გადაისვით, რომლის SPF, ასევე, მინიმუმ 15-ს უდრის. ზაფხულში მზისგან დამცავი კრემის წასმა დღეში რამდენიმეჯერ მოგიხდებათ, განსაკუთრებით – ცურვისა და ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში. თუნდაც სანსქრინის ეტიკეტზე მითითებული იყოს, წყალგამძლეაო (water-resistant), ცურვის შემდეგ მზისგან დამცავი საფარის განახლებას მაინც გირჩევთ. იგივე ითქმის დამატენიანებელ კოსმეტიკურ საშუალებებზეც: თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი მზისგან დამცავ ფაქტორს შეიცავს, მათი ჩამობანის შემთხვევაში უმჯობესია ხელმეორედ წაისვათ.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად