მუხლების გასაჭირი
 
  მუხლების ტკივილმა ასაკი არ იცის – დიდიც შეიძლება შეაწუხოს და პატარაც. მათი მწყობრიდან გამოსვლა მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ზღუდავს არა მარტო სპორტულ, არამედ ყოველდღიურ აქტივობასაც, მათ შორის – ყველაზე მარტივ და მნიშვნელოვან ფუნქციას, სიარულს. მუხლის სახსრის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება წვივისა და ბარძაყის ძვლები. სახსრის კომპონენტები: სასახსრე ჩანთა, მყესები, იოგები, სინოვიური გარსი, სინოვიური სითხე – მის თავისუფალ მოძრაობასა და მოქნილობას უზრუნველყოფს. პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ძვლების ან ხრტილის, ისე კუნთების, იოგებისა თუ მყესების დაზიანებამ.
მუხლების დამზიანებელი ფაქტორები შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად დავყოთ: სახსართა დაავადებებად და ტრავმებად.
სახსრების ანთებითი და არაანთებითი დაავადებების შესახებ “ავერსის კლინიკის” რევმატოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთევან ონიანი გვესაუბრება.
– არ არსებობს სახსრის ანთებითი თუ არაანთებითი დაავადება, ამა თუ იმ ხარისხით რომ არ აზიანებდეს მუხლის სახსარს. ზოგიერთი დაავადება კი უმთავრესად სწორედ მუხლებს უტევს. მაგალითად, ტუბერკულოზი (ტუბერკულოზური გონიტი) და რევმატული ართრიტი.
მუხლის სახსარს ხშირად აზიანებს ართროზი, რომელიც სახსრის არაანთებითი დაავადებაა და განსხვავდება ართრიტისგან – სახსრის ანთებითი დაავადებისგან. უცხოურ ლიტერატურაში ოსტეოართროზს ოსტეოართრიტადაც მოიხსენებენ, თუმცა ართროზსა და ართრიტს სრულიად სხვადასხვა ეტიოპათოგენეზი, ანუ წარმოშობისა და განვითარების მექანიზმი აქვს. ართრიტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია გამონაჟონის, სინოვიური სითხის არსებობა, ართროზის დროს კი სინოვიტი შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს ან სახსრის მეორეული დაზიანების გამო წარმოიშვას კიდურა ოსტეოფიტების ან კალციფიკატების გადაადგილებისას.
– რა იწვევს ართროზს?
– ართროზს სხვადასხვა მიზეზი აქვს. არსებობს მისი პირველადი და მეორეული ფორმები. პირველადი ართროზი ჯანსაღი ხრტილის შემთხვევაში ვითარდება. ამაში განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი – გრძელი იოგოვანი აპარატი, ასევე – ჭარბი წონა, ასაკი და სხვა. პირველადი ართროზი უმეტესად 50 წელს გადაცილებულ პირებში გვხვდება. ქალები და მამაკაცები თანაბრად ავადდებიან.
მეორეული ოსტეოართროზი თავს იჩენს ტრავმის, ამა თუ იმ ენდოკრინული ან ნეიროგენული პათოლოგიის შემდეგ. ხდება ისეც, რომ ხანდაზმულ ართრიტს ერწყმის ართროზი და მეორეულ გონართროზს ანუ მუხლის ართროზს ვიღებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჯერ ვითარდება ართრიტი, რომელიც ხრტილში ანთებით ცვლილებებს იწვევს, მერე ხრტილის დეგენერაციული ცვლილებები იწყება და მეორეული ართროზი ყალიბდება.
– სახელდობრ, რომელი დაავადების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს მეორეული გონართროზი?
– ნებისმიერი რევმატული დაავადებისა. ეს შეიძლება იყოს რევმატოიდული პოლიართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, იგივე ბეხტერეევის დაავადება, რეაქტიული ართრიტის რომელიმე ფორმა, მათ შორის – რეიტერის დაავადება, რომელიმე ინფექციური ართრიტი, მათ შორის – ტუბერკულოზურიც.
– რა ნიშნები ახასიათებს ართრიტს?
– ართრიტის დროს შესაძლოა თავი იჩინოს ანთების ხუთივე ნიშანმა: ტკივილმა, სახსრის შეშუპებამ, სიწითლემ, ფუნქციის მოშლამ და სახსრის ზედაპირზე ადგილობრივი ტემპერატურის მომატებამ. ზოგიერთი პათოლოგიის დროს რომელიმე ნიშანი არ შეინიშნება ან შედარებით სუსტადაა გამოხატული. მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტს თითქმის არ ახასიათებს მუხლის სახსრის მფარავი კანის შეწითლება. იგივე შეიძლება ითქვას რეიტერის დაავადებაზეც. ფსორიაზული ართრიტის დროს კანმა შეიძლება მოლურჯო-მოწითალო ელფერი მიიღოს. პოდაგრული ართრიტის დროს, წესისამებრ, ხუთივე ნიშანია გამოხატული.
– რა ცვლილებებს იწვევს ართროზი?
– ართროზის დროს სახსრის ყველა ელემენტი ზიანდება. პათოლოგიური პროცესი მოიცავს უმთავრესად მაგისტრალურ (მენჯ-ბარძაყის, მუხლის) სახსრებს. გამონაკლისია კვანძოვანი ფორმა (ჰებერდენისა და ბუშარის კვანძები), რომელიც ხშირად ერწყმის სხვა პერიფერიული სახსრების ართროზს. ცვლილებები კარგად ჩანს რენტოლოგიურად: ვიწროვდება სასახსრე ნაპრალი, დეგენერაციას განიცდის ხრტილი, სასახსრე ზედაპირებზე წარმოიქმნება კიდურა ოსტეოფიტები. თუ სახსრის ღრუში ხრტილოვანი თავისუფალი ნაწილაკები – ქონდრომა ან კალციფიკატი – ე.წ სახსრის თაგვები გაჩნდა, ზედმეტმა ან უხერხულმა მოძრაობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სახსრის ღრუში სინოვიტის, ანთებითი გამონაჟონის, წარმოქმნას. ხშირად აღნიშნული ნაწილაკები სასახსრე ნაპრალში იჭედება და მთლიანად იზღუდება სახსრის მოძაობა. ამას “სახსრის ბლოკს” უწოდებენ.
ართროზი ყველაზე ხშირად ჰიპერმობილური იოგოვანი აპარატის მქონე ადამიანებს ემართებათ. ასეთი სახსრების მოძრაობას ზოგჯერ ტკაცუნი და ხრაშუნი ახლავს თან.
– რას წარმოადგენს ჰიპერმობილობის სინდრომი?
– ჰიპერმობილობის სინდრომის დროს ადამიანს აქვს გრძელი იოგოვანი აპარატი. ეს არ არის პათოლოგია – იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი თავისებურებაა, რომელიც ადრეულ ასაკში თითქმის არ გვაწუხებს, მაგრამ მერე და მერე, ცხოვრების დუნე წესის, წონის მატებისა და სხვა ფაქტორების გამო გრძელი იოგები კარგად ვეღარ აფიქსირებს სახსარში შემავალ ძვლებს, სახსარს ზედმეტი მოძრაობების შესრულება უწევს და იოგოვანი აპარატის მიმაგრების ადგილები ზიანდება. ამ დაზიანებებს ენტენზოპათიებს ვუწოდებთ. იმის მიხედვით, რომელი იოგებია პროცესში ჩართული, გრძელმა იოგოვანმა აპარატმა მუხლის სახსარში შესაძლოა გამოიწვიოს ვალგუსური დეფორმაცია, ანუ X-ისებრი მუხლი, ვარუსული დეფორმაცია – O-ისებრი მუხლი და უკან გაზნექილი – რეკურვირებული სახსარი.
ართროზი შესაძლოა მოკლე იოგოვანი აპარატის მქონე ადამიანსაც დაემართოს, მაგრამ ასეთი თვალსაჩინო იოგოვანი დეფორმაციების მქონე პირებს აუცილებლად განუვითარდებათ გონართროზი.
– როგორ იკვლევთ პაციენტს, რომელიც მუხლების პრობლემებს უჩივის?
– პირველ რიგში, ვათვალიერებთ, ვსინჯავთ, განვსაზღვრავთ მუხლის გარშემოწერილობას, ვარკვევთ, ხომ არ არის შესივებული, როგორია მისი მოხრისა და გაშლის ამპლიტუდა, შეუძლია თუ არა ნაწილობრივი როტაცია (ბრუნვა სახსრის გარშემო), ხომ არ შეინიშნება ხელით გასინჯვისას კვირისტავის ტივტივის სინდრომი, რაც სინოვიტს ახასიათებს. ვამოწმებთ სხვა სახსრებსაც (შესივებას და სხვა ცვლილებებს), ვადგენთ ტკივივლის ხასიათს – ის შეიძლება იყოს ანთებითი ხასაითისა, მექანიკური, მოსვენების თანმხლები, ჰქონდეს ბიოლოგიური რიტმი (ღამის ტკივილი, დღის ტკივილი და ა.შ). ამგვარად მიღებული ინფორმაცია ექიმს საშუალებას აძლევს, ესა თუ ის დაავადება ივარაუდოს. თუ ეჭვი გაჩნდა ანთების არსებობაზე, ვატარებთ სისხლის ტესტებს, რევმატულ სინჯებს და სხვა სპეციფიკურ გამოკვლევებს.
სახსრის გამოკვლევისას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს რენტგენოგრაფიასა და ექოსკოპიას. ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ავსებს. რენტგენით შევისწავლით ძვლის სტრუქტურას, ხოლო სახსრების ულტრაბგერითი კვლევით სინოვიტს, რბილი ქსოვილის, მყესების, იოგების, სასახსრე ჩანთის სხვადასხვა სახის დაზიანებას ვადგენთ.
– როგორი მკურნალობენ მუხლის დაზიანებებს?
– მკურნალობა კომპლექსურია. პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ ტკივილის მოხსნას, რაც სახსართა დაავადებების ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია. მივმართავთ ანტიანთებით თერაპიას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (დიკლოფენაკი, მელოქსიკამი და სხვა) ტკივილის სრულ ლიკვიდაციამდე. ამის პარალელურად ვატარებთ სიმპტომურ თერაპიას, რაც მოიცავს მიორელაქსაციას – კუნთების მოდუნებას, რადგან მტკივანი სახსარი დაჭიმულია და ამის გამო მისი ფუნქციაც შეზღუდულია. სინოვიტის შედეგად განვითარებული ძლიერი ტკივილების დროს ნეიროლეპტიკებსაც ვხმარობთ.
როგორც ბაზისურ პრეპარატს, ვიყენებთ ხრტილის აღმდგენ ანუ მკვებავ საშუალებებს – ქონდროპროტექტორებს. თუ მუხლში მდგრადი სინოვიტია, საუკეთესო გზაა სითხის ადგილობრივი ევაკუაცია (გამოდევნა) და სტეროიდული პრეპარატების ლოკალურად შეეყვანა სახსარშიდა ანუ ინტრაარტიკულარული ინექციით.
– რა უპირატესობა აქვს სტეროიდების სახსარშიდა ინექციას?
– ამ გზით სახსარზე ლოკალური ზემოქმედება ხდება. ართრიტის დროს იმუნოდეპრესია უშუალოდ ხრტილზე ხორციელდება, ხოლო სტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს თავიდან ვიცილებთ. პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია. მკურნალობა პროცესის აქტივობის სრულ ჩაქრობამდე გრძელდება.
მუხლის დაზიანებისას წარმატებით ვიყენებთ ფიზიოთერაპიას, მალამოების კომბინაციას. კომპლექსური თერაპია მიმართულია ტკივილის ჩახშობისკენ,  რათა შემდგომ ჩავატაროთ რეაბილიტაცია და აღვადგინოთ სახსრის დინამიკა. როდესაც პროცესი ლიკვიდირებულია და ავადმყოფს ტკივილი აღარ აწუხებს, ვიწყებთ ვარჯიშს სტადიის შესაბამისი აქტიურობით. თუ პროცესი ძალიან შორსაა წასული და პაციენტს მოძრაობა მკვეთრად აქვს შეზღუდული, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.
– რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში სახსრის დაზიანებისას?
– ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიმართულია იმ კუნთოვან-იოგოვანი აპარატის გამაგრებისკენ, რომელიც სახსრის სწორ ფუნქციობას უზრუნველყოფს. ადამიანი ზოგავს მტკივნეულ სახსარს, ეს, თავის მხრივ, იწვევს მყესოვან-იოგოვანი აპრატის გაზარმაცებას, განლევას, რაც უფრო მეტად ზღუდავს მოძრაობას. იკვრება მანკიერი წრე. ცხადია, სუსტი და უსუსური იოგოვანი აპარატის შემთხვევაში მიკროტრავმები გახშირდება საბოლოოდ სახსარი ფუნქციობას ვეღარ შეძლებს.
რეკომენდებულია ცურვა, მწოლარე ვარჯიში და ვარჯიში ველოტრენაჟორზე. თუ პაციენტმა არ იცის, როგორ ივარჯიშოს, მიმართოს სპეციალურ ფიზიოთერაპიულ კაბინეტს (ძალიან კარგი კაბინეტი აქვს “ავერსის კლინიკასაც”), მეთოდისტის დახმარებით ისწავლოს ვარჯიში და შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელოს. საზოგადოდ, სახსრის პრობლემების მქონე ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა ივარჯიშოს. არ დაიზაროთ ეს, მით უმეტეს, საუბარია სულ რაღაც 15-20 წუთზე, დიდი-დიდი – ნახევარ საათზე.  
მარი აშუღაშვილი
მუხლის დაზიანებაში დიდი როლს ასრულებს ბრტყელტერფიანობა. ნორმალურ ტერფს აქვს ორი თაღი – სიგრძივი და განივი, რომლებიც სხეულის ერთგვარი ამორტიზატორებია. როდესაც ეს თაღები ფორმას კარგავს, ვითარდება ბრტყელტერფიანობა. ამის შედეგად დეფორმირდება მთელი სხეულის ღერძი, რასაც შეიძლება ნებისმიერი სახსრის დაზიანება მოჰყვეს: მუხლისა, მენჯ-ბარძაყისა, ხერხემლისა. ხშირად ეს დაზიანებები ერთმანეთთან არის შერწყმული. ამიტომ ბრტყელტერფიანობის დროს სასურველია სუპინატორის ხმარება, რათა სხეულს შევუქმნათ სწორი თაღის ილუზია. იგივე მიზეზით არ არის სასურველი არც ძლიერ მაღალქუსლიანი და არც სულ მთლად უძირო ფეხსაცმლის ტარება. ქუსლის სიმაღლე 3-5 სმ უნდა იყოს.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად