შესაძლოა, წარმოდგენაც არ გქონდეთ, სად არის გული, ღვიძლი ან ელენთა, მისი უდიდებულესობა კუჭი კი მრავალ ჩვენგანს ბავშვობაშივე აცნობს თავს. ნაახალწლევს, ჩვენებური სუფრის თავისებურებათა წყალობით, ეს ნაცნობობა ერთიორად უფრო აქტუალური ხდება. ქართულ სამედიცინო ჟურნალებსაც ერთგვარ ტრადიციად მოგვყვება საახალწლო გასაჭირის თავიდან აცილებისა და მასთან გამკლავების გზების განხილვა. თუმცა ამჯერად არ ვაპირებთ, დრო ნაცნობ ჭეშმარიტებათა კიდევ ერთხელ შესაგონებლად დაგაკარგვინოთ; მოდი, ერთად შევაჯამოთ, როგორ და რატომ გვახსენებს კუჭი თავს, როდის არ შეიძლება თუნდაც წუთის დაკარგვა და რა არსენალი მოეპოვება თანამედროვე მედიცინას კუჭის პათოლოგიებთან გასამკლავებლად. მით უმეტეს, რომ ეს საკითხები მხოლოდ ნაახალწლევს კი არა, წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია.

კუჭის ენა
საყოველთაო ცოდნის მიზეზი რა უნდა იყოს, თუ არა ორგანიზმის უნივერსალური განგაშის სიგნალი. თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ კუჭის ადგილმდებარეობა ასე თუ ისე ყველამ ვიცით, შეგრძნებები და რეალობა ამ შემთხვევაშიც შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს – კუჭის  დაავადება უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს, ხოლო მარცხენა ფერდქვეშა არეში ან ჭიპის ზემოთ ტკივილი სულ სხვა ორგანოს პათოლოგიის, მაგალითად, ფილტვების ანთების ან მიოკარდიუმის ინფარქტის ბრალი იყოს.
როცა ტკივილი ყრუა, თან გულისრევა და დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერვა და ბოყინი ახლავს, ჩვეულებრივ, მაშინაც – კუჭი მაწუხებსო, ვიტყვით ხოლმე. მედიცინაში ამ სიმპტომებს დისპეპსია (ქართულად – მოუნელებლობა) ჰქვია, ჩვენი წინაპრები კი მუცლის გვრემას ეძახდნენ.
ბუნებრივია, ისიც ყველამ ვიცით, რომ კუჭთან არის დაკავშირებული ნაბახუსევის (და არამარტო მისი) თანამდევი გულძმარვაც – წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, კისრის ან ბეჭის არეში რომ გადაეცემა.

დამნაშავის ძიებაში
ზოგჯერ ეს უკანასკნელი იმდენად აშკარაა, რომ ძებნაც არ სჭირდება. მაგალითად, ლუარსაბ თათქარიძე ნახევარმა ლიტრმა კალმახმა იმსხვერპლა... უხარისხო საკვებს, ან თუნდაც ხარისხიანს, მაგრამ უზომოდ ბევრს რკინის კუჭიც კი ვერ გაუძლებს. ზოგჯერ პროტესტი იმდენად მძაფრია, რომ მსხვერპლი საავადმყოფოში ხვდება, ზოგჯერ კი საქმე რამდენიმესაათიანი ან რამდენიმედღიანი უსიამოვნებით სრულდება. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა და ამჯერად არ შევეხებით.
ზოგჯერ მიზეზი გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) ან პეპტიკურ-წყლულოვანი დაავადებაა. საუზმესა თუ სადილს, ორგანიზმმა რომ შეითვისოს, მონელება სჭირდება, ამისთვის კი ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საკმაოდ ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს. ბუნებამ ისიც გაითვალისწინა, რომ კუჭისა და ნაწლავის კედლებიც ცილისგან შედგება და საჭმლის მომნელებელი წვენები ნებაზე რომ მიუშვა, კერძებთან ერთად მათაც სიამოვნებით აითვისებენ, ამიტომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებს მონელებისგან ფაქტორთა მთელი წყება იცავს. თუმცა უნაკლო რა არის ამ ცისქვეშეთში, და დაცვასაც გამოუჩნდება ხოლმე სუსტი წერტილი. ანთების დროს  ლორწოვანის უჯრედები, მჟავას, ფერმენტებისა და ლორწოს წარმოქმნა რომ ევალებათ, თავიანთ საქმეს ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ. წყლული ანუ ლორწოვანი გარსის დეფექტი ყველაზე ხშირად თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება. კუჭის წყლული 3-4-ჯერ უფრო იშვიათია.
გასტრიტისა და წყლულის მიზეზებს კი მედიცინა კარგა ხანია ეძებს. სულ ორიოდე ათეული წლის წინ ექიმები თეორიას თეორიაზე ქმნიდნენ. ერთხანს მთავარი დამნაშავე უწესრიგო და უხარისხო კვება, მჟავე-ცხარეთი გატაცება ეგონათ. შემდეგ აქცენტი ზედა სართულისკენ გადაიტანეს – ივარაუდეს, რომ  ყველაფრის თავიდათავი ნერვები, სტრესი იყო. დღეს  საკამათოდ მიიჩნევა პეპტიკური წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბებასთან მემკვიდრეობითი განწყობის კავშირიც. რაც შეეხება პროდუქტებს, თანამედროვე ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ყავისა და მუქი ჩაის ხშირი სმა ოდნავაც არ ზრდის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს.
ტრადიციულად, მიაჩნდათ, რომ I ჯგუფის სისხლის მატარებლებს პწდ-ის განვითარების უფრო დიდი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მატარებლებს. ეს თეორია მტკიცებულებათა სიმწირის გამო სამედიცინო წრეებში აღარც კი განიხილება.
ისეთი ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად წყლულს არ აჩენს, მაგრამ დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს და შესაძლოა, შეხორცებაც გაართულოს და გაახანგრძლივოს. მედიკოსებმა ასეთი აგრესორების ნუსხაში შეიტანეს თამბაქო, ჭარბი ალკოჰოლი და სტრესი (როგორც ფსიქოგენური, ისე ფიზიკური, ვთქვათ, დამწვრობა ან ტრავმა).
დღეს გასტრიტისა და წყლულის მიზეზის დადგენა და ეფექტური მკურნალობა უკლებლივ ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ, წინა ნომრებში დაბეჭდილი პუბლიკაციებისგან განსხვავებით, ამჯერად იმ გავლენაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ჰელიკობაქტერიულ ინფექცია და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები კუჭ-ნაწლავის ლორწოვანზე ახდენს. აუცილებლად განვიხილავთ მათ მიერ გამოწვეული დაავადებების შესაძლო გართულებებსაც, რის შემდეგაც მიხვდებით, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების ნებაზე მიშვება ძალიან საშიშია.
კიდევ ერთი დაავადება, რომლის კონტროლიც მედიცინას შეუძლია, მაგრამ უკონტროლობის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას, გასტროეზოფაგური (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსია. ამ დროს კუჭის მჟავე წვენი უკან, საყლაპავში ბრუნდება და მის გაღიზიანებას იწვევს. ქვემოთ ამ პათოლოგიის შესახებაც ვისაუბრებთ.
კიდევ ერთი პათოლოგია, – საბედნიეროდ, გაცილებით იშვიათი, – ამ უწყინარი სიმპტომების მიღმა რომ იმალება, კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეა. აი კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ არც ერთი გახანგრძლივებული თუ შემაწუხებელი სიმპტომის წაყრუება არ შეიძლება.
საბედნიეროდ, საკმაოდ ხშირად ყველა დაავადება გამოირიცხება. მაშინ ექიმები კუჭის არაწყლულოვან ტკივილზე – ფუნქციურ დისპეპსიაზე საუბრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილის მიზეზი მედიცინას ჯერ არ დაუდგენია. მიუხედავად ამისა, ექიმს ამ შემთხვევაშიც შეუძლია, ტკივილის ეფექტური მართვა გვასწავლოს ცხოვრების წესის მოდიფიცირებით და, თუ საჭიროა, მედიკამენტების დახმარებით.

მოძრაობის საპირისპიროდ
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გაკვალული გზაა, სადაც მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა ნებადართული: საკვებს მხოლოდ წინ გადაადგილების უფლება აქვს. თუმცა წესი, რა თქმა უნდა, გამონაკლისსაც გულისხმობს. უხარისხო ან ზედმეტ საკვებს კუჭი ზოგჯერ უკითხავად აბრუნებს უკან. ეს სავსებით  ნორმალური მოვლენა მიზნად ისახავს, ორგანიზმში შხამის მოხვედრა თავიდან აგვაცილოს. კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლაც, თუმცა კი ნაკლები რაოდენობით და ნაკლებად თვალსაჩინო, არ არის იშვიათი (სწორედ ამ მოვლენას ვუწოდებთ კუჭ-საყლავის (გასტროეზოფაგურ) რეფლუქსს) და, ჩვეულებრივ, ნაკლებად საშიშია. სხვა საქმეა, როცა ასეთი რამ ათასში ერთხელ კი არა, საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ექიმები გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე (გერდ-ზე) საუბრობენ.
გერდ-ის ყველაზე გავრცელებული გამოვლინება ხშირი გულძმარვაა. გავრცელებული, თუმცა არა ერთადერთი. 12 წლამდე ასაკის პაციენტთა უმრავლესობას და ზოგიერთ მოზრდილსაც გულძმარვა არ აწუხებს, სამაგიეროდ, მშრალ ხველას, ასთმის სიმპტომებს და ყლაპვის გაძნელებას უჩივის.

რა იწვევს
დაავადების მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. საქმე ის არის, რომ გერდ-ის დროს საყლაპავის სხვა ნაწილების შეკუმშვისას საყლაპავის ქვედა სფინქტერი, რომლის დანიშნულებაც საკვების უკუსვლის შეკავებაა, შეკუმშვის ნაცვლად დუნდება.
დაავადების ჩამოყალიბებაში წვლილი ანატომიურ ანომალიებსაც – მაგალითად, დიაფრაგმის თიაქარს – შეაქვს. დიაფრაგმა გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი კუნთოვანი ძგიდეა, რომელსაც უკანა ნაწილში ხერხემალთან საყლაპავისთვის ხვრელი აქვს დატანებული. ჩვეულებრივ, დიაფრაგმა საყლაპავის ქვედა სფინქტერს მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. ხვრელის ირგვლივ კუნთების სისუსტისას კი კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში გადადის. ეს პათოლოგია არც ისე იშვიათია, მაგრამ თიაქრის შემთხვევათა უმრავლესობა არავითარი სიმპტომით არ ვლინდება.  თუ თიაქარი დიდია, საკვები და კუჭის წვენი შეიძლება უკან, საყლაპავში დაბრუნდეს, რაც გულძმარვასა და გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს.
გერდ-ის ჩამოყალიბებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს:
- სიმსუქნემ;
- ორსულობამ;
- მოწევამ.

უკონტროლობის საზღაური
ქრონიკული გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადება თუ ნებაზე მივუშვით, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს: კუჭის წვენით საყლაპავის მუდმივმა გაღიზიანებამ შესაძლოა მის დაწყლულებამდე და სისხლდენამდე მიგვიყვანოს; შეხორცებისას წარმოქმნილმა ნაწიბურებმა შესაძლოა საყლაპავის გამავლობა დაარღვიოს; ზოგჯერ ბარეტის ეზოფაგიტი ვითარდება – საყლაპავის ეპითელიუმის უჯრედები ანომალიურ ფორმასა და ფერს იღებს. დროთა განმავლობაში ეს უჯრედები შეიძლება საყლაპავის კიბოდ იქცეს.
გამოკვლევები ადასტურებს, რომ გერდ-მა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ფილტვის ფიბროზი.

საზეპირო
- მოზრდილებში ხშირი გულძმარვა გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. თუ გულძმარვა კვირაში ორჯერ ან უფრო  ხშირად გაწუხებთ, შეიძლება გერდ-ი გქონდეთ.
- გერდ-ით მაშინაც შეიძლება იყოთ დაავადებული, თუ გულძმარვა არ გაწუხებთ. მშრალი ხველა, ასთმის სიმპტომები (მსტვენი სუნთქვა გაძნელებული ამოსუნთქვით), ყლაპვის გაძნელება შესაძლოა სწორედ ამ დაავადების გამოვლინება იყოს.
- თუ ანტაციდების მიღება ორ კვირაზე მეტი ხანია გიხდებათ, უკვე დროა ექიმს მიმართოთ.
- ცხოვრების წესის მოდიფიკაციითა და მედიკამენტებით გერდ-ის კონტროლი, ჩვეულებრივ, ხერხდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ოპერაციაც გახდეს საჭირო.
- უკონტროლოდ მიშვებულმა გერდ-მა შეიძლება სერიოზული (ფატალურიც კი) გართულებები გამოიწვიოს.

რას მალავს წყლული
როგორც უკვე ვთქვით, გართულებებით გერდ-ს არც პეპტიკურწყლულოვანი დაავადება ჩამოუვარდება. შეგახსენებთ: ტკივილი გამაფრთხილებელი სიგნალია – მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმში რაღაც ვერ არის რიგზე, ასე რომ, ამ შემთხვევაში უყურადღებობაც და გმირული სტოიციზმიც ერთნაირად გაუმართლებელია. ნებაზე მიშვებულმა წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს:
- სისხლდენა. ის წყლულოვანი დაავადების ყველაზე ხშირი გართულებაა (ასიდან 15-20 შემთხვევაში გვხვდება). ჩვეულებრივ, დაავადების გამწვავებისას იჩენს ხოლმე თავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რემისიის (დაავადების დროებითი ჩაცხრობის) დროს გამოვლინდეს. იშვიათად სისხლდენა წყლულოვანი დაავადების პირველი ნიშანია. ასე ხდება ე.წ. მუნჯი წყლულის დროს, როდესაც დაავადება უმნიშვნელო სიმპტომებით ანდა სრულიად არ ამჟღავნებს თავის არსებობას.
სისხლდენა ორგვარად შეიძლება გამოვლინდეს: კუპრივით შავი განავლით და ღებინებით, რომელსაც სისხლი ან ყავის ნალექის მსგავსი მასა მოჰყვება. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ ორგანიზმს დასაკარგავი სისხლი არ აქვს, ამიტომაც ეს სიმპტომები სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
- პერფორაცია – ორგანოს კედლის გახვრეტა და შიგთავსის მუცლის ღრუში ჩაღვრა, რაც, თავის მხრივ, პერიტონიტს (მუცლის ფარის ანთებას) იწვევს. ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო. პერფორაციის პირველი ნიშნები ხანჯლის დაკვრის მსგავსი, უეცარი ტკივილი და ფიცარივით გამაგრებული მუცლის წინა კედელი გახლავთ.
- პენეტრაცია. ამ დროს წყლული მეზობელ ორგანოში (პანკრეასში, ღვიძლში, სანაღვლე გზებში...) ჩაიზრდება. ტკივილი მუდმივი და ყრუა.
- პილორუსის სტენოზი. წყლულმა და შეხორცებითმა პროცესებმა შესაძლოა  კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავთან შეერთების ადგილას სანათურის შევიწროება გამოიწვიოს და საკვების ნაწლავებში გადასვლა შეაფერხოს. ამ დროს ადამიანი, მიუხედავად ჩვეულებრივი მადისა, წონას იკლებს, აწუხებს ბოყინი, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი. ეს ყველაფერი – იმის გამო, რომ საკვები კუჭიდან ნაწლავებში დროულად ვერ გადადის და ლპობას იწყებს.
- კიბოდ გადაგვარება (მალიგნიზაცია). ეს გართულება არც ისე ხშირია, როგორც ეგონათ. ამგვარ არასასურველ ცვლილებებს, როგორც წესი, კუჭის წყლული განიცდის, ისიც – ხანგრძლივად მიმდინარე, ნებაზე მიშვებული პროცესის შემთხვევაში. სამედიცინო სტატისტიკით, კუჭის წყლულების 5% სიმსივნური გადაგვარების პოტენციალს ატარებს. აი კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ ექიმთან სიარული და დროული მკურნალობა აუცილებელია.

სასწრაფოდ ექიმთან
მიზეზის დადგენა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მოგეთხოვებათ, თუ:
- 50 წელს გადააბიჯეთ;
- ბოლო ხანს წონა ისე დაიკელით, რომ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ;
- გიჭირთ ყლაპვა;
- გაქვთ ძლიერი ღებინება;
- განავალი კუპრისებრი გახდა;
- კუჭის არეში სიმსივნური მასა ისინჯება.

 
 
სიახლეები
ავერსის ცენტრალური კლინიკა ექვსი წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად