ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N28
ქალურ ანთებათა შესახებ

სტატისტიკის თანახმად, ქალთა კონსულტაციაში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გინეკოლოგიური ჩივილებით მისულ ქალთა 70%-ს სასქესო  ორგანოების ანთებითი დაავადების დიაგნოზს უსვამენ. “დიდი არაფერი, ეტყობა, საკვერცხეების ანთება მაქვს”, – ფიქრობს ბევრი ქალბატონი, რომელიც, იგრძნობს თუ არა ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ორიოდე აბ ანტიბიოტიკს გადაყლაპავს და “მორჩება”. რეალურად კი ანთებით დაავადებებს, რომლებიც ქალებს ასე ხშირად სტუმრობენ, ჯეროვანი ყურადღება და უთუოდ სპეციალისტის მეთვალყურეობით მკურნალობა სჭირდება. სხვაგვარად ბანალური ანთება შეიძლება მრავალი მძიმე გართულების მიზეზად გვექცეს, რომელთა შორის, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია უნაყოფობა.
რა იწვევს პათოლოგიას, რომელსაც სპეციალისტები მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებებს უწოდებენ? ყოველთვის მოსდევს თუ არა ანთებით ცვლილებებს უნაყოფობა? რა პრინციპით ტარდება მკურნალობა?
 ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება გინეკოლოგი მაია დოხტურიშვილი.

– ქალის სასქესო ორგანოთა პათოლოგიებს შორის  ანთებითი დაავადებების ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია. მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება მრავალგვარია, “უწყინარი” ბაქტერიული ვაგინოზებიდან (საშოს ლორწოვანის ბაქტერიული დაზიანებიდან) დაწყებული, უმძიმესი ტუბოოვარიული აბსცესების (საშვილოსნოს დანამატების დაჩირქების) და პელვეოპერიტონიტის (მენჯის ღრუს პერიტონიტის) ჩათვლით.
. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები ბოლო დროს გახშირდა თუ გაიშვიათდა?
– მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა სწრაფად ვითარდება, იხვეწება და პრაქტიკაში ახალი მედიკამენტები ინერგება, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებანი მაინც პრობლემად რჩება. მეტიც – დღესდღეობით ქალთა უმრავლესობას ვაგინალური ფლორა დაბინძურებული აქვს, ყოველ მეორე ქალს კი რეპროდუქციული პრობლემები, მაგალითად, პირველადი ან მეორადი უნაყოფობა აწუხებს, აღენიშნება გართულებული ორსულობა და მშობიარობა. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე ქალს წელისა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი აწუხებს, რომელიც საკვერცხეებისა და ფალოპის (კვერცხსავალი) მილების მწვავე თუ ქრონიკული ანთებებით გახლავთ განპირობებული.
. რა იწვევს ანთებით ცვლილებებს?
– მთავარი მიზეზი მაინც სქესობრვი გზით გადამდები ინფექციებია (გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა და სხვა). ისინი უპირატესად აღმავალი გზით  ხვდებიან საშვილოსნოს დანამატებში – ინფექცია პათოლოგიური ბაქტერიებით დაბინძურებული საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან, საშვილოსნოდან ვრცელდება. ამდენად, ჰიგიენის დაცვა, საშოს ბაქტერიული ფლორის ხშირი კონტროლი, საჭიროებისას – კომპლექსური მკურნალობა სალპინგოოოფორიტის (საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ანთების) საუკეთესო პროფილაქტიკაა.
. შეიძლება თუ არა, ანთებითი ცვლილებები ხელოვნურმა აბორტმა გამოიწვოს?
– სავსებით შესაძლებელია, აბორტს ინფექციის შეჭრა და სალპინგოოფორიტის ჩამოყალიბება მოჰყვეს. გარდა ამისა, ის შეიძლება იქცეს ისეთ მძიმე გართულებათა მიზეზად, როგორიც არის ტუბოოვარიული აბსცესი, პელვეოპერიტონიტი, შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების ოკლუზია (დახშობა). ამგვარი გართულებები საკმაოდ ხშირია და ეს ყველა ქალს უნდა ახსოვდეს.
. რა ნიშნები ახასიათებს მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს?
– ანთებით დაავადებას მკვეთრად გამოხატული ნიშნები ყოველთვის არ სდევს თან. უმნიშვნელო სიმპტომებს ქალი უყურადღებოდ ტოვებს, ნებაზე მიშვებული პროცესი ღრმავდება და გართულებებიც ყალიბდება. საზოგადოდ კი, ყურადღებას იპყრობს:
. ძლიერი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
. ტკივილი საკვერცხეების მიდამოში;
. სხეულის ტემპერატურის მატება;
. გულისრევის შეგრძნება;
. საშოდან უხვი გამონადენი, რომელსაც ზოგჯერ სუნიც დაჰკრავს;
. გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
. მენსტრუაციული ციკლის დარღვევები.
- ზემოთ ანთებითი დაავადების  რამდენიმე გართულება ახსენეთ. კიდევ რას შეიძლება დაუდოს სათავე ამ პათოლოგიამ?
– შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს ყველაზე ხშირად ყალიბდება ფალოპის მილების გაუვალობა. კვერცხსავალი მილების გაუვალობაში ასიდან 95 შემთხვევაში ანთებითი პროცესებია დამნაშავე. ყველაზე ხშირად ამგვარ გართულებას (მილების ორმხრივ გაუვალობასა და პირველად და მეორეულ უნაყოფობას) გონოკოკური ინფექცია განაპირობებს.
. შესაძლებელია თუ არა ფალოპის მილების გამავლობის აღდგენა?
– ეს იმაზეა დამოკიდებული, მათ რომელ ნაწილშია განვითარებული შეხორცებითი პროცესი. თუკი ფალოპის მილი ამპულურ ნაწილშია დაკეტილი, პროგნოზი უკეთესია და ადეკვატური მკურნალობის (მილის სარეაბილიტაციო-კონსერვატული თერაპიის ან ლაპაროსკოპიული პლასტიკის) შედეგად ასიდან 80 შემთხვევაში ქალი იკურნება.
თუკი ფალოპის მილები ისთმურ და ინტერსტიციურ ნაწილებშია დაკეტილი, გამავლობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია და ქალს ინ ვიტრო განაყოფიერებას ვურჩევთ.
. რა პრინციპით ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობა?
– მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა სახის კვლევაა მოწოდებული. მათ შორის ყველაზე ხშირად მიმართავენ ნაცხის, სისხლისა და შარდის ანალიზს, ულტრაბგერით კვლევას. საჭიროებისას ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰისტეროსკოპიული, კოლპოსკოპიული კვლევის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება. რაც შეეხება მკურნალობას, უმთავრესად ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება, ოღონდ უთუოდ ექიმის მიერ შერჩეული დოზირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ქალს, მდგომარეობის კვალობაზე, ვურჩევთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ასევე – იმუნომოდულატორების, ვიტამინების მიღებას. ხშირად საჭირო ხდება ადგილობრივი მკურნალობის ჩატარებაც.

როგორ მოვიქცეთ
ქალურ ანთებით დაავადებებს ხელიდან რომ დავუსხლტეთ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ნამდვილად არ გვაწყენდა.
. დაიცავით პირადი ჰიგიენა. განსაკუთრებული ყურადღება მენსტრუაციის დროს გამოიჩინეთ: ხშირად იცვალეთ საფენი, ერიდეთ ტამპონს, განსაკუთრებით – ღამით.
. თეთრეული ბამბისა ამჯობინეთ. ხელოვნური მასალის და მეტისმეტად მოჭერილი  საცვლები საშოში მავნე ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს.
. უპირატესობა ინტიმურ საპონს მიანიჭეთ. ჩვეულებრივი საპონი საშოში ბაქტერიული ფლორის დარღვევას და ინფექციის იოლად გავრცელებას უწყობს ხელს.
. ეცადეთ, არ გაცივდეთ. არამც და არამც არ დაჯდეთ ცივ ქვაზე. სიცივეში დაითბილეთ ფეხები.
. უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი საეჭვო ნიშანი. დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, ჩაიტარეთ გამოკვლევა და კვალიფიციური მკურნალობა.

რა ჰქვია “ანთებას”
იმისდა მიხედვით, სად არის დაბუდებული ათებითი პროცესი, პათოლოგიის სახელწოდებაც სხვადასხვაგვარია. კერძოდ:
. კოლპიტი – საშოს ანთებაა;
. ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის ანთება;
. ენდოცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის შიგნითა გარსის ანთება;
. ენდომეტრიტი – საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება;
. სალპინგიტი – კვერცხსავალი (ფალოპის) მილების ანთება;
. ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება;
. სალპინგოოოფორიტი (ადნექსიტი) – ფალოპის მილებისა და საკვერცხეების, ანუ საშვილოსნოს დანამატების ანთება;
. მიომეტრიტი – საშვილოსნოს კედლის ანთება;
. პელვიოპერიტონიტი – მენჯის ღრუს მუცლის ფარის ანთება.

 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად