ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >> ჟურნალი "ავერსი" N64
რა იწვევს უნაყოფობას

უნაყოფობა დღეს ბევრს აწუხებს. ზუსტი სტატისტიკური მონაცემებით განთქმულ ამერიკაში წყვილთა10-15% უნაყოფოა.
თითქოს ადვილი მისახვედრია, რას უნდა გულისხმობდეს ტერმინი “უნაყოფობა” – დაორსულების უნარის უქონლობას. მიუხედავად მარტივი დეფინიციისა, ექიმები ამ დიაგნოზის დასმას არ ჩქარობენ. თურმე წყვილი უნაყოფოდ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ დაორსულება ერთწლიანი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგაც ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ წყვილების უმრავლესობა მოსალოდნელი დედობისა და მამობის შესახებ დაქორწინებიდან (ან უბრალოდ რეგულარული სქესობრივი  ცხოვრების დაწყებიდან) 6 თვის განმავლობაში იგებს, 85% – ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 50%-ს ამ სასიხარულო ამბავს შეუღლებიდან სამი წლის განმავლობაში აცნობებენ.
მიუხედავად ასეთი სტანდარტისა, შეუღლებულ წყვილთა უმრავლესობა რამდენიმეთვიანი უნაყოფო თანაცხოვრების შემდეგ საგონებელში ვარდება, ვაითუ შვილი არ გვეყოლოსო. იწყება კვალიფიციური გინეკოლოგის ძებნა, ვიზიტის დანიშვნა...
სინამდვილეში კი სანერვიულო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ერთი წლის მანძილზე მაინც. მეტ-ნაკლები ყურადღება (რაც ნერვიულობას და წამდაუწუმ ექიმთან სირბილს არამც და არამც არ ნიშნავს!) მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ ქალმა 30 წელს გადააბიჯა და ბოლო ხანს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა (მაგალითად, ამენორეა – მენსტრუაციის გაქრობა) აღენიშნება, ასევე – თუ ქალს წლობით ტანჯავდა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, მენჯის ტკივილის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ან სულაც რამდენჯერმე გადაიტანა სპონტანური აბორტი (მუცელი მოეშალა). ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ მაშინაც, თუ მამაკაცს ჰიპოსპერმია ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობის სიმცირე აღმოაჩნდა, ასევე მაშინ, თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, სათესლეების ან წინამდებარე ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია აქვს გადატანილი.
წლების, ათწლეულების და ლამის საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ უშვილობა მხოლოდ ქალის ბრალი იყო. არავინ იცის, ქალთა ემანსიპაციამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი თუ სამედიცინო ტექნოლოგიები დაიხვეწა, მაგრამ დღეს მიიჩნევა, რომ უნაყოფობაში მამრსა და მდედრს ბრალი თითქმის თანაბრად მიუძღვით. უფრო ზუსტად, ათიდან 2 შემთხვევაში უნაყოფოა მამაკაცი, 4-5 შემთხვევაში – ქალი, ხოლო 3-4 შემთხვევაში – ორივე.

რატომ, რატომ?..
რატომ არ უჩნდება ქალს შვილი? ამის მიზეზი მრავლად შეიძლება მოიძებნოს. მათ შორის აღსანიშნავია:
. კვერცხსავალი მილების დაზიანება-დახშობა. ამგვარ არასასურველ ცვლილებებს ფალოპის (კვერცხსავალი) მილების ანთებითი დაზიანება იწვევს: ვითარდება შეხორცებები, რაც სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედისკენ მიმავალ გზას უღობავს. ანთებას და მილების ამომფენი ლორწოვანის დაზიანებას კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევს.
თუ სპერმატოზოიდმა იყოჩაღა, დაბრკოლებათა მიუხედავად კვერცხუჯრედამდე მიაღწია და გაანაყოფიერა, შესაძლოა საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდეს. ამის მიზეზიც მილში არსებული დაბრკოლებებია, რომელთა გადალახვა და საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უჭირს.
. ენდომეტრიოზი. ამ დაავადების დროს საშვილოსნოს ამომფენი გარსის ნაფლეთი უადგილო ადგილას გადაიტყორცნება ხოლმე: შესაძლოა, საკვერცხემდე მიაღწიოს ან სულაც ფალოპის მილში გაძვრეს და მუცლის ღრუში აღმოჩნდეს. სადაც არ უნდა ამოყოს თავი ენდომეტრიუმის ნაწილმა, ის ისევე იმოქმედებს, როგორც ჰორმონებმა “დააპროგრამეს”: თვეში ერთხელ აშრევებასა და სისხლდენას იწყებს. ამ არასასურველი ცვლილებების შედეგად ვითარდება იმ ორგანოს ანთება, რომელშიც გზააბნეული ქსოვილი იბუდებს. ენდომეტრიოზის ძირითადი ნიშანი მენჯის არეში აღმოცენებული ტკივილია, რაც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.
. ოვულაციის დარღვევა. კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ყოველთვე ამოიტყორცნება. ამ პროცესს თავის ტვინში სინთეზირებული (ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუთეინიზებელი) ჰორმონები აკონტროლებენ. თუ მათი ბალანსი დაირღვა, ვეღარც ოვულაცია განხორციელდება ჯეროვნად. პრობლემის თავიდათავი, თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის (სწორედ აქ წარმოიქმნება ზემოხსენებული ჰორმონები) ფუნქციის მოშლის მიზეზი, შესაძლოა იყოს ტრავმა, სიმსივნე, მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვა, შიმშილობა ან უმკაცრესი დიეტა. რიგი მონაცემის თანახმად, ოვულაციის დარღვევა შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც გამოიწვიოს.
. ჰიპერპროლაქტინემია. ეს იმ ჰორმონის სიჭარბეა, რომელიც ლაქტაციას – რძის წარმოქმნას – ასტიმულირებს. ორსულობისა და ძუძუს წოვებისას პროლაქტინის დონის მატება ნორმალურია, სხვა შემთხვევაში კი ოვულაციის პროცესის დარღვევას იწვევს.
ჰიპერპროლაქტინემიას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის – ჰიპოფიზის სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. საზოგადოდ, ძუძუდან რძის ჟონვა (რაღა თქმა უნდა, არა ორსულობისა და მით უმეტეს ლაქტაციის პერიოდში) პროლაქტინის დონის მომატების მაჩვენებელია.
. საკვერცხეების პოლიკისტოზი. ამ შემთხვევაში დამნაშავეა სხვა ჰორმონი – ანდროგენი. ამ დროსაც ოვულაციის პროცესი ირღვევა. საზოგადოდ, საკვერცხეების პოლიკისტოზი სიმსუქნესა და დიაბეტთან არის დაკავშირებული.
. ადრეული მენოპაუზა, რაც მენსტრუაციის 40 წლამდე გაქრობას ნიშნავს. როგორც კვლევებმა აჩვენა, გარდა გენეტიკური განწყობისა, ციკლის ადრეულ გაქრობას იწვევს იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადება, რადიაცია, ქიმიოთერაპია, სიგარეტის წევა.
. საშვილოსნოს ფიბრომა. ამ დროს საშვილოსნოს კედელში კეთილთვისებიანი სიმსივნე ჩნდება. ის სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ზომისაა. შესაძლოა, კვერცხსავალი მილის სანათურს ფარავდეს, არც სპერმატოზოიდებს უშვებდეს დანიშნულების ადგილას და არც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს – საშვილოსნომდე. ამ პათოლოგიის შესახებ ვრცლად ჩვენი ჟურნალის 63-ე ნომერში მოგიყევით.
. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, თირეოიდული ჰორმონის გამოყოფის სიჭარბე (ჰიპერთირეოზი) იქნება ეს თუ მისი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი) – მენსტრუაციული ციკლი ორივე შემთხვევაში ირღვევა, რაც, თავის მხრივ, უნაყოფობას იწვევს.
. ზოგიერთი მედიკამენტი. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, თავისთავად, იმისთვის არის შექმნილი, რომ ქალი არასასურველი ორსულობისგან დაიცვას, მაგრამ არსებობს სხვა ჯგუფის წამლები, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საკმარისია, ქალმა მათი მიღება შეწყვიტოს, რომ შვილოსნობის უნარი აღუდგება.
. სიმსივნე და მისი თერაპია. როცა კიბო ქალის რეპროდუქციული სისტემის რომელიმე ორგანოზეა, უნაყოფობის პრობლემა ხშირად იჩენს თავს. ნაყოფიერებაზე რადიაციული და ქიმიური თერაპიაც ძლიერ გავლენას ახდენს.
სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კუშინგის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თირკმელების ზოგიერთი დაავადება, ზოგჯერ დიაბეტიც.

რას ვრისკავთ
არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უნაყოფობის ჩამოყალიბებას. ესენია:
. ასაკი. 32 წლის შემდეგ მხოლოდ ნაყოფიერების მაჩვენებელი კი არ იკლებს, არამედ იზრდება პირველმშობიარებში ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების ჩამოყალიბების ალბათობაც. სპონტანური აბორტის რისკიც იმატებს. აი, მამაკაცებში კი სხვაგვარადაა: მათი ნაყოფიერების მაჩვენებელი მხოლოდ 40 წლის შემდეგ იკლებს.
. სიგარეტის წევა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ნაყოფიერებაზე. მუცელიც უფრო ხშირად იმ ქალებს ეშლებათ, ვინც მრავალი წელია ეწევა.
. ალკოჰოლის მიღება. თუ მამაკაცი ზომიერად სვამს, ეს მის ფერტილობაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ქალებისთვის ჯერ ვერ დაუდგენიათ ალკოჰოლური სასმლის ნორმა, რომელიც მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენას არ მოახდენდა.
. ჭარბი წონა. გამოთვალეს, რომ იმ ამერიკელ ქალებს შორის, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ ან ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან (ფიზიკურად არ იტვირთავენ თავს), უშვილობის შემთხვევები უფრო ხშირია. ჭარბი წონა თურმე მამაკაცთა ნაყოფიერებაზეც მოქმედებს.
. წონის დეფიციტი. თუ ქალს ნერვული ანორექსია აწუხებს ან დიდხანს იცავს მკაცრ დიეტას, ადვილი შესაძლებელია, უნაყოფობის პრობლემა გაუჩნდეს. ხშირია უნაყოფობა იმ ვეგეტარიანელებს შორისაც, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევენ (ალბათ გაგიგონიათ, რომ ვეგეტარიანელებს შორისაც არის განსხვავება – ზოგიერთი მათგანი კვერცხსაც მიირთმევს და რძესაც). ამის მიზეზი ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას, თუთიისა და რკინის დეფიციტი ყოფილა.
. ჭარბი ფიზიკური დატვირთვა. თუკი კვირაში 7 საათზე მეტხანს ვარჯიშობთ, შესაძლოა უნაყოფობის პრობლემამ იჩინოს თავი. ასე რომ, ნურც გაზარმაცდებით და ნურც მეტისმეტად გაირჯებით. ოქროს შუალედი აქაც საჭიროა.
. კოფეინის ჭარბი მიღება. უნაყოფობასთან კოფეინის კავშირს ყველა მეცნიერი არ აღიარებს, მაგრა მათ, ვინც ამ ურთიერთკავშირზე ლაპარაკობს, მიაჩნიათ, რომ  რისკი ნამდვილად იზრდება. ისინი ჭარბ კოფეინს სპონტანური აბორტის განვითარებაშიც სდებენ ბრალს.

ვამხელთ დამნაშავეს
უნაყოფობის დიაგნოზის დასმა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით ძნელი არ არის, მიზეზის დადგენა კი მართებული მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ხშირად სულ მცირე პრობლემის მოგვარებაც საკმარისია, რომ წყვილმა შვილის ყოლა შეძლოს.
ალბათ ხვდებით, რომ უნაყოფობის მიზეზის დასადგენად ქალიც და კაციც უნდა გამოიკვლიონ.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ქალურ” შეკითხვას დაუსვამს (მენსტრუაციის დაწყების თარიღის, ციკლის თავისებურებების შესახებ), გინეკოლოგი ქალს გამოკვლევებს ურჩევს. მათ შორის – ტესტს ჰორმონებზე, ლაპაროსკოპიულ, მენჯის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევას, ჰისტეროსალპინგოგრაფიას...
რაც შეეხება მკურნალობას, ის დიაგნოზზეა დამოკიდებული. ექიმი წყვეტს, ნაყოფიერების აღსადგენად მედიკამენტებია საჭირო, ქირურგიული ჩარევა თუ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერებაა.
დაორსულების მსურველ ქალს ხშირად ოვულაციის მასტიმულირებელი მედიკამენტის მიღება უწევს, რასაც რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოტყორცნა მოჰყვება. თუ ყველა მათგანი განაყოფიერდა, ვითარდება მრავალნაყოფიანი ორსულობა. თუ წყვილს ტყუპის ყოლა პრინციპულად არ სურს (როგორც ჩანს, ამგვარი შემთხვევებიც არსებობს), შეუძლია, ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით აკონტროლოს მომწიფებული ფოლიკულების რაოდენობა და ჩასახვა მაშინ სცადოს, როდესაც გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი იქნება მზად.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად