ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N63
საშვილოსნოს ფიბრომა

არსებობს დაავადებები, რომლებიც მხოლოდ ქალებს ემართებათ. ეს ბუნებრივიც არის – წარმოუდგენელია, მამაკაცს საშვილოსნოს რომელიმე პათოლოგია დაემართოს. ამ ღრუ ორგანოს, რომელიც ქალს დედობრივ ბედნიერებას აზიარებს, უამრავი პრობლემა აწუხებს. მათ შორის – ფიბროზული კვანძებიც,  რომლებსაც საუბარში საშვილოსნოს ფიბრომად იხსენიებენ. ლეიომიომა ან უბრალოდ მიომა – ეს ამ პათოლოგიის კიდევ ორი სახელწოდება გახლავთ.
საშვილოსნოს ფიბრომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც თითქმის არასდროს განიცდის ავთვისებიან გადაგვარებას. მას სხვადასხვა აქვს ზომა, ფორმა, რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ასე რომ, ერთ პატარა ღრუ ორგანოში თავისუფლად შეიძლება წამოყოს თავი როგორც ათეულობით წვრილ-წვრილმა, ბროწეულის მარცვლისოდენა წარმონაქმნმა, ისე ერთმა ან რამდენიმე ფორთოხლისხელა სიმსივნემ. და, წარმოიდგინეთ, მთელ ამ სიმსივნური ქსოვილის გროვას საშვილოსნოს ღრუ იტევს!
უფრო მძიმე მდგომარეობაც არსებობს: ფიბროზული ქსოვილი მხოლოდ საშვილოსნოს ღრუში კი არა, მის გარეთა ზედაპირზეც იზრდება. სოკოებივით წამოზრდილი ქსოვილის გროვები, განსაკუთრებით – არცთუ სავსებით მოკრძალებული ზომისა, ირგვლივ მდებარე ორგანოებს აწვება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც უზარმაზარი ფიბროზული კვანძი საშარდე ბუშტზე დაწოლას დაიწყებს!

სად უდევთ ბინა
ფიბროიდები შესაძლოა “დაბინავდნენ”:
. სუბმუკოზურად. ამ დროს სიმსივნური კვანძები საშვილოსნოს შიგნითა კედლიდან ამოყოფენ თავს და ღრუში იზრდებიან. სწორედ მათი ბრალია უხვი სისხლდენა, პრობლემები ორსულობის დროს.
. ინტრამურალურად ანუ უშუალოდ საშვილოსნოს კედელში, მის კუნთოვან შრეში. აქ ყველაზე უწყინარი კვანძები “ცხოვრობენ”.
. სუბსეროზულად ანუ საშვილოსნოს გარეთ. სწორედ ასეთი ფიბროიდებია, გარშემო მდებარე ორგანოებს რომ ავიწროებენ. სწორ ნაწლავზე ზეწოლისას ქალს შეკრულობა აწუხებს, ზურგის ტვინზე ზეწოლისას – ზურგის ტკივილი. ხშირად იჩაგრება შარდის ბუშტი – ასეთ დროს შარდვის გახშირება იჩენს თავს. ხდება ისეც, რომ სუბსეროზული კვანძი (ან კვანძები) მეტისმეტად დიდი ზომისაა და მუცლის წინა კედლისკენ არის მიმართული. ასეთ დროს ქალი ორსულს ემსგავსება.

ფიბროსტატისტიკა
ციფრებს თუ დავუჯერებთ, საშვილოსნოს ფიბროიდული კვანძები ლამის ყოველ მეორე ქალს აქვს, თუმცა უმრავლესობას არ აწუხებს და, შესაბამისად, არც კი იცის, რომ მისი საშვილოსნო სიმსივნური კვანძებით არის ამოვსებული.
სტატისტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქალების 20-80%-ს ფიბროიდული კვანძები 50 წლამდე უჩნდება, ნაწილი კი ირწმუნება, საშვილოსნოს ფიბროზული გადაგვარება 4-დან 3 ქალს აღენიშნებაო. ექიმთა ნაწილი ფიქრობს, რომ  ეს პათოლოგია უმთავრესად 30-40 წლის ქალებისთვის არის დამახასიათებელი, ნაწილი კი სხვა რიცხვებს ასახელებს – 40-50 წელს. ერთადერთი, რაზეც არავინ დავობს, ის არის, რომ საშვილოსნოს ფიბრომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს.

რა იწვევს
საშვილოსნოს ფიბროზული გადაგვარების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა გამოიკვეთა რიგი ფაქტორი, რომლებიც ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მათ შორის:
. გენეტიკა და მემკვიდრეობა. როგორც ჩანს, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გენებს, რომლებიც საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ფიბროზული ქსოვილის ჩალაგებას უწყობს ხელს. თუკი რომელიმე ნათესავს (დედას, დას...) ეს დაავადება აქვს, საფრთხე სამჯერ მეტი ყოფილა.
. ასაკი – ეს ის ფაქტორია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. დამატებით გეტყვით, რომ მენოპაუზის დაწყებისთანავე ფიბროზული კვანძები შეჭმუხვნას იწყებს და საშიში და შემაწუხებელი აღარ არის.
. კანის ფერი. ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლებოდა მიგვეჩნია ეროვნებაც, მაგრამ კანის შეფერილობას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონია. შავკანიან ქალებს საშვილოსნოს ფიბროიდები უფრო ხშირად უჩნდებათ. ამასთანავე, ეს დაავადება აფროამერიკელებში გაცილებით ადრეულ ასაკში იჩენს თავს. კვანძებიც უფრო დიდია.
. ჰორმონები. თავისთავად ცხადია, ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა, მაგრამ მათი დონის ცვლილებამ შესაძლოა ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მაგალითად, ქალური ჰორმონები, ესტროგენი და პროგესტერონი, უშუალო გავლენას ახდენენ ზოგიერთი ქსოვილის ზრდაზე და ზოგჯერ შეცდომით ფიბროზული ქსოვილის ზრდის სტიმულირებასაც ახერხებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონების სიჭარბე ფიბროიდების გაჩენასთან ასოცირდება, დამტკიცებულია, რომ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას ფიბრომის ჩამოყალიბების რისკი იკლებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველა ასაკში... კოკ-ები ფიბრომისგან ვერც იმ ქალებს დაიცავს, რომელთაც მათი სმა 13-დან 16 წლამდე ასაკში დაიწყეს.
. ჭარბი წონა. რისკის ამ ფაქტორს მკვლევართა მხოლოდ ნაწილი აღიარებს. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო მეტია (დაახლოებით 2-3-ჯერ!) საშვილოსნოს ფიბრომის ჩამოყალიბების ალბათობა, თუმცა ზოგიერთი გამოკვლევა ამ მოსაზრებას სავსებით აბათილებს.
. განსაზღვრული საკვები. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დიდი რაოდენობით ხორცის ჭამა, განსაკუთრებით კი ლორისა, საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ფიბროზულ გადაგვარებას უწყობს ხელს. სამაგიეროდ, მწვანე ბოსტნეული ამ დაავადების პრევენციას ახდენს...

საშვილოსნოს ფიბრომის განვითარებაში ჰორმონების უდიდეს როლზე ისიც მეტყველებს, რომ ორსულობისას, ანუ მაშინ, როდესაც ჰორმონების დონე განსაზღვრული კანონზომიერებით იცვლება, ფიბროიდების წარმოქმნის ალბათობა იკლებს. საზოგადოდ, ორსულობა და მშობიარობა ამ დაავადების ერთგვარ პრევენციადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. 

როგორ ვლინდება
არ არსებობს სპეციფიკური ნიშანი, ამ პათოლოგიაზე რომ მიუთითებდეს. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც საშვილოსნოს ფიბრომას არაფერი გვაეჭვებინებს. ზოგადი ნიშნები კი უმეტესად ასეთი გახლავთ:
. მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები, მათ შორის – ხანგრძლივი მენსტრუაცია უხვი გამონადენით, ციკლის შემოკლება (ანუ მენსტრუაციის გახშირება), ტკივილი მენსტრუაციის დროს, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის. ძლიერი სისხლდენა, როგორც წესი, ანემიას იწვევს.
. ტკივილი, უმეტესად – მუცლის ქვედა ნაწილში. ტკივილი ყრუც შეიძლება იყოს და ძლიერიც, მეტისმეტად მწვავეც.
ზოგიერთ ქალს ტკივილი არა, მაგრამ მუცლის ქვედა არეში ქაჩვის შეგრძნება აწუხებს.
ფიბრომაზე მეტყველებს სქესობრივი კავშირის დროს აღმოცენებული ტკივილიც.
. კუჭ-ნაწლავის პრობლემები: შეკრულობა, ნაწლავის დაცლის გართულება, ტკივილი სწორი ნაწლავის არეში.
. შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები: გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება.
. ღიპის გაჩენა, რასაც დიდი ზომის ფიბროზული კვანძების გამო საშვილოსნოს ზრდა იწვევს.
. უნაყოფობა ან მუცლის მოშლა.

ცხრათვიანი სტრატეგია
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ საშვილოსნოში ფიბროზულ კვანძთან ერთად პაწია არსებამაც დაიდო ბინა? ექიმთა უმრავლესობა გვარწმუნებს, რომ ასეთი ორსულობა უმეტესად მშვიდობიანად ჩაივლის.
საზოგადოდ, დაორსულდება თუ არა ქალი და როგორ დასრულდება ორსულობა, სიმსივნური წარმონაქმნის ზომაზე, მდებარეობასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული.
შესაძლოა, ფიბროზული კვანძი ისეთ ადგილას იყოს ამოზრდილი, რომ ფალოპის (კვერცხსავალი) მილის შესასვლელს ფარავდეს. ამ შემთხვევაში სპერმატოზოიდებს ძალიან გაუჭირდებათ კვერცხუჯრედთან შეხვედრა (“პაემანი” ხომ სწორედ კვერცხსავალ მილშია დანიშნული!). თუ მამაკაცის სასქესო უჯრედმა ივაჟკაცა და განაყოფიერება მაინც მოხდა, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნომდე მისაღწევად დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. მაგრამ ვინაიდან ფალოპის მილი წყვილია, ერთის დახშობის შემთხვევაში მეორის შესასვლელი განაყოფიერებისთვის ღია რჩება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის  საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვას შესაძლოა ხელი სუბმუკოზურმა კვანძებმა შეუშალოს. არც ის არის გამორიცხული, ასეთმა წარმონაქმნებმა სპონტანური აბორტი, პლაცენტის აშრევება ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ზოგჯერ ნაყოფის არასწორ (მენჯით წინ) მდებარეობასაც ფიბრომას აბრალებენ.
სიმსივნური ქსოვილი, მიუხედავად კეთილთვისებიანი ბუნებისა, ორსულობისას ზოგჯერ იზრდება. ამას საშვილოსნოში სისხლის ჭარბი მოდენა იწვევს. ექიმები გვანუგეშებენ, რომ ასეთი ცვლილება ყოველთვის არ ხდება, მაგრამ თუ კვანძი მაინც გაიზარდა, მშობიარობის შემდეგ ისევ ადრინდელ ზომას დაიბრუნებს.
ორსულს, როგორც გითხარით, სანერვიულო არაფერი აქვს – სათანადო მონიტორინგის (ექიმის მეთვალყურეობის) შემთხვევაში ფეხმძიმობა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლის. ერთადერთი, რაც ქალს აწუხებს, ტკივილია, რომელიც უმეტესად პირველი ტრიმესტრის დასასრულს და მეორის დასაწყისში იჩენს თავს. ტკივილის მოსახსნელად ექიმი ქალს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს შეურჩევს.
იშვიათად სიმსივნური ქსოვილი სანაყოფე არხის გამოსასვლელს ფარავს და მშობიარობას ართულებს. ასეთ დროს (ვითარების შეფასება კი თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების წყალობით სულაც არ არის ძნელი) ბუნებრივი გზით მშობიარობა სარისკოა და ექიმი ორსულს საკეისრო კვეთას ურჩევს.
თუ ფიბრომის გამო ქალს მუცელი მოეშალა, შესაძლოა, სპეციალისტმა ოპერაციის გაკეთება (სიმსივნური კვანძის ამოკვეთა) აუცილებლად მიიჩნიოს.

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ
ფიბროზულ კვანძს ქალი დამოუკიდებლად ვერაფრით აღმოაჩენს (ეს ხომ კანზე წამოსკუპებული ხალი არ არის!). ზოგჯერ ექიმსაც უჭირს საშვილოსნოს ფიბრომაზე ეჭვის აღება, მაგრამ შესაძლოა, მენჯის ორგანოების გამოკვლევისას შემთხვევით მოჰკრას თვალი. დიაგნოზის დასაზუსტებლად ქალს ურჩევენ:
. ულტრაბგერით გამოკვლევას (ექო), რომელიც შეიძლება ჩატარდეს როგორც მუცლის კედლის ზემოდან, ასევე საშოდან. ამ უკანასკნელს ტრანსვაგინალურ ექისკოპიას უწოდებენ. ის უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა.
თუ ექოსკოპია ნაკლებად ინფორმაციული აღმოჩნდა, ექიმმა შესაძლოა სხვა გამოკვლევები გირჩიოთ, მათ შორის – ჰისტეროსონოგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია (მართალია, რთული სახელები აქვთ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საშვილოსნოსა და მისი დანამატების რენტგენს იღებთ), ჰისტეროსკოპია (სპეციალისტი ტელესკოპის მსგავსი პაწია ხელსაწყოთი საშვილოსნოს კედლებს დაათვალიერებს). ასევე ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

საშვილოსნოს ფიბრომა კეთილთვისებიანი დაავადებაა და თითქმის არასოდეს განიცდის ავთვისებიან გარდაქმნას. ათასიდან ერთ ქალს თუ აღმოაჩნდება ავთვისებიანი ფიბროზული კვანძი. ასეთ კვანძებს ლეიომიოსარკომას უწოდებენ. სპეციალისტთა აზრით, ეს კვანძები დამოუკიდებლად წარმოიშვა, მათი წინაპარი კეთილზნიანი ქსოვილი არ ყოფილა. ისიც დამტკიცებულია, რომ საშვილოსნოში არსებული კეთილთვისებიანი ფიბროიდები ოდნავაც არ ზრდის ავთვისებიანი ფორმების წარმოშობის ალბათობას.

რა მოვუხერხოთ ფიბრომას
თუ ქალს ფიბროზული კვანძები აქვს და ძლიერი ტკივილი და სისხლდენა აწუხებს, მდგომარეობის შემსუბუქება აუცილებელია.
თუ ექიმმა საშვილოსნოს ფიბრომა შემთხვევით აღმოაჩინა და წარმონაქმნი არაფრით ამჟღავნებს საკუთარ არსებობას, არ იწვევს სისხლდენას, უნაყოფობას, შესაძლოა ქალს მკურნალობა არც კი დასჭირდეს. ერთადერთი, რასაც სპეციალისტი გირჩევთ, კვანძების პერიოდული კონტროლია იმის გასარკვევად, ხომ არ გაიზარდა ან გამრავლდა.
მკურნალობა ვითარების გათვალისწინებით ინიშნება (იმისა, რამდენად საშიშია კვანძი). ტკივილის შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტის მიღებაა მიზანშეწონილი. უმეტესად კი ექიმი ჰორმონულ პრეპარატებზე აჩერებს არჩევანს. მათ შორის აღსანიშნავია მედიკამენტი, რომელსაც მედიცინის ენაზე გონადოტროპინის გამომათავისუფლებელი ჰორმონის აგონისტი ეწოდება. ჰორმონული ბალანსის აღსადგენად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა ან პროგესტერონის ინექციის გაკეთებაც შეიძლება. აპრობირებული საშუალებაა სპირალიც, რომელიც ჰორმონს შეიცავს. ანემიის შემთხვევაში ექიმი რკინის პრეპარატების მიღებას გირჩევთ.
თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგო აღმოჩნდა, პრობლემა ოპერაციის საშუალებით უნდა მოგვარდეს.
ქირურგიული ჩარევის ყველაზე არასასურველი ფორმაა ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა. შედარებით დამზოგველი გზაა მიომექტომია, რომლის დროსაც მხოლოდ ზედმეტ (ამ შემთხვევაში – ფიბროზულ) ქსოვილს ამოკვეთენ. ეს ოპერაცია რამდენიმენაირად ტარდება: ლაპაროტომიულად, ლაპაროსკოპიულად და ჰისტეროსკოპიულად. მეთოდის შერჩევა კვანძის მდგომარეობის, რაოდენობისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით ხდება.
საშვილოსნოს ფიბრომასთან გამკლავების სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია: მიოლიზი (მოწვა, მოყინვა), ენდომეტრიული აბლაცია (სისხლდენის შესაჩერებლად საშვილოსნოს ამომფენი გარსის დესტრუქცია), საშვილოსნოს მკვებავი არტერიის ემბოლიზაცია (სისხლძარღვი იბლოკება და ფიბროზული კვანძების სისხლით მომარაგება წყდება, რაც მათ შეჭმუხვნას იწვევს).

 
 
სიახლეები
„ავერსის კლინიკა“–ში ჩატარდა კონკურსის შედეგების განხილვა ახალი მრავალპროფილური კლინიკის  დაპროექტებაზე...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მაისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად